სიმპტომები – პარაზიტოლოგი ინგა საღლიანი ამბობს, რომ ჭიები გარემოში ჰელმინთის (ჭიის) კვერცხის ან ლარვის (მატლის) განვითარების თავისებურებების მიხედვით სხვადასხვა სახის არსებობს – კონტაქტური (ჭიები, რომლებიც გარემოში გამოჰყოფენ კვერცხს და უშუალოდ ამ კვერხით ხდება ადამიანის დასნებოვნება), გეოჰელმინთოზი (ჭიები, რომელთა განვითარება მასპინძლის შეცვლის გარეშე ხდება) და ბიოჰელმინთოზი (ჭიები, რომლებსაც საბოლოო განვითარებისთვის, რამდენიმე მასპინძლის გამოცვლა ესაჭიროებათ).
„ასეთი უამრავი ჭია არსებობს და ორგანიზმში ყოველი მათგანის არსებობას სხვადასხვა გამორჩეული სიმპტომი ახასიათებს“, – განმარტავს ექიმი. მისივე თქმით, სხვადასხვა პარაზიტებით დასნებოვნება შესაძლოა ამოვიცნოთ ზოგადი სიმპტომებით: ჭიებით დაავადებულ ბავშვს უმეტესად მუცლის ტკივილი, გულისრევის შეგრძნება, უმადობა, წონის კლება, სიფერმკრთალე, უმიზეზო დაღლილობა და საერთო სისუსტე აღენიშნება.
იმ შემთხვევაში, თუ ამ სიმპტომებს თან ერთვის სიყვითლე, ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშ, ალერგიული გამონაყარი, ტანის ქავილი და ცხელება, შესაძლოა პაციენტი დასავლეთ საქართველოში გავრცელებული პარაზიტით – ღვიძლის ორპირათი, იგივე ფასციოლათი, იყოს ინვაზირებული, რომელიც ღვიძლსა და სანაღვლე გზებს აზიანებს, რაც საბოლოოდ ღვიძლის ციროზსაც კი იწვევს.
დასნებოვნება – პარაზიტოლოგის თქმით, ღვიძლის ორპირათი დასნებოვნების მთავარი წყარო გაურეცხავი მწვანილი და ბოსტნეულია – „ფასციოლას ორი მასპინძელი ჰყავს – მსხვილფეხა პირუტყვი და ადამიანი, რომელთა განავლიდან იგი გარემოში ხვდება, შემდგომ კვერცხი მტკნარი წყლის წყალსატევში ვითარდება, იჭრება მოლუსკის ორგანიზმში და მას შემდეგ, რაც ადოლესკარიად ჩამოყალიბდება, მჭიდროდ ეკვრება მწვანილს, თუ ბოსტნეულის ფოთლებსა და ღეროებს. როცა ადამიანი გაურეცხავ ბოსტნეულს მიირთმევს, ადოლესკარია ორგანიზმში ხვდება და იქედან გამოჩეკილი პარაზიტი კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან ღვიძლისკენ გადაადგილდება“, – ამბობს ინგა საღლიანი.
ექიმ-პარაზიტოლოგის თქმით, ფასციოლოზის დროს განარჩევენ მიგრაციისა და ქრონიკულ ფაზებს, რომელთაგან პირველი განსაკუთრებულად რთულად მიმდინარეობს – „მიგრაციულ პერიოდში ფასციოლოზის სიმპტომატიკა მკვეთრად არის გამოხატული. პაციენტს აღენიშნება ტკივილი ეპიგასტრიუმის (მუცლის ზედა ნაწილის) არეში, დამახასიათებელია ღვიძლის გადიდება, ცვლილებებია სისხლშიც, მატულობს როე და ა.შ. ხოლო მას შემდეგ, რაც მიგრაციული ფაზა ჩაივლის, მწვავე მოვლენები ლაგდება და იწყება ქრონიკული ფაზა. ამ დროს პაციენტს ალერგიული რეაქციები აღარ აღენიშნება, მაგრამ ტკივილი მაინც გრძელდება, რადგან 3-4 თვის განმავლობაში ჭია ღვიძლში ვითარდება“.
ღვიძლის ჭიების გამრავლება ორგანიზმში შესაძლებელია მაშინ, თუ ორგანიზმში რამდენიმე კვერცხი მოხვდება და იქედან დედალ-მამალი ფასციოლა გამოიჩეკება.
დიაგნოზირება და მკურნალობა – ფასციოლოზის დიაგნოსტირებისთვის საჭიროა განავლის მიკროსკოპული ანალიზი, მკურნალობა კი ძირითადად მედიკამენტოზურია – „მედიკამენტი, რომელიც ღვიძლში პარაზიტის განადგურებაზეა მიმართული, პაციენტის წონის მიხედვით ინიშნება. გარდა ამისა, წამლის უარყოფითი ზეგავლენისგან ღვიძლის დასაცავად ინიშნება ღვიძლის პროტექტორი (დამცავი)“, – ამბობს ექიმი.
ფასციოლიზის მკურნალობა სტაციონაში ხდება და ის რამდენიმე დღეს გრძელდება, ინგა საღლიანის თქმით, მკურნალობა საკმაოდ ეფექტურია, მაგრამ კლინიკიდან გაწერის შემდეგ პაციენტი რამდენიმე თვე აღრიცხვაზე რჩება.
ხალხური მედიცინა – ხშირად ჭიებზე ეჭვის არსებობისას მშობლები ცდილობენ ბავშვებს ხალხური მეთოდებით უმკურნალონ, თუმცა ინგა საღლიანი ამბობს, რომ ასეთ დროს ყველაზე სწორი არჩევანი პარაზიტოლოგისთვის მიმართვაა. თუმცა მისივე თქმით, ზოგიერთი ხალხური საშუალება მართლაც უწყობს ხელს ჭიების გამოდევნას ორგანიზმიდან, მაგრამ ეს მხოლოდ ექიმის მიერ დანიშნული მკურნალობის კურსის შემდეგაა დასაშვები: „ხშირად მშობლები მეკითხებიან ნივრის ოყნის შესახებ, რაც საერთოდ არ არის რეკომენდებული, რადგან ის ნაწლავის ლორწოვან გარსს აღიზიანებს. მკურნალობის შემდეგ მშობელს შეუძლია დილაობით გატარებული გოგრის თესლი და თაფლი მისცეს ბავშვს, ან აჭამოს ერთი კბილი ნიორი, მაგრამ მხოლოდ ამით მკურნალობა გამოსავალი არ არის“.
პროფილაქტიკა – სამედიცინო პარაზიტოლოგიის ინსტიტუტის რეკომენდაციით, დაავადებებისგან დასაცავად მნიშვნელოვანია მარტივი პრევენციული საშუალებების გამოყენება:
- დაიბანეთ ხშირად ხელები საპნით (ყოველი კვების, ქუჩიდან შემოსვლის და საპირფარეშოში ყოფნის შემდეგ).
- მიაჩვიეთ ბავშვები პარადი ჰიგიენის დაცვას. საგულდაგულოდ გარეცხეთ მწვანილი და ბოსტნეული გამდინარე წყლით. არ მიირთვათ გაურეცხავი ხილი.
- საკვებად გამოიყენეთ თერმულად კარგად დამუშავებული ხორცი და თევზი.
- მოერიდეთ არაპასტერიზებული რძისა და რძის პროდუქტების გამოყენებას.
- ნუ დალევთ წყალს ღია წყალსატავებიდან. დაბინძურების ეჭვის არსებობისას მიიღეთ გადადუღებული წყალი.
- მკურნალობის პარალელურად აუცილებელია სისტემატურად გამოიხარშოს პარაზიტებით დასნებოვნებული ოჯახის წევრის თეთრეული და სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავდეს საპირფარეშო.