კვირის ამბები

„მე მივეცი სახელმწიფოს ოქრო, მან კი წამართვა მიწა“

18.09.2014 • 2000
„მე მივეცი სახელმწიფოს ოქრო, მან კი წამართვა მიწა“

 

მიხეილ ფარტენაძე
მიხეილ ფარტენაძე

ოქროს დიადემა დღემდე ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში ინახება. მას  ოვალური მოყვანილობა აქვს, რომლის ზედაპირი ორივე მხარეს სიცოცხლის ხის სქემატური გამოსახულებითაა დაფარული. ცენტრალურ ნაწილში გველების სქემატური გამოსახულებაა ორი ნახვრეტით. არქეოლოგიური შეფასებებით, ეს ნიშნულები სამყაროს სამ ძირითად განზომილებას _ ქვესკნელს, მიწას და ცას ასახავს. დიადემის გარდა გათხრების შედეგად მიხეილ ფარტენაძის მიწაზე სხვა ნივთებიც აღმოჩნდა: მინის ბალზამარი, გოფრირებულტანიანი მძივი, საკიდი და თიხის დოქი. ახალი აღმოჩენის შესახებ ვრცელი მასალა მაშინ გაზეთ „აჭარაშიც“ გამოქვეყნდა, სადაც არქეოლოგიური მუზეუმის დირექტორი ამირან კახიძე და არქეოლოგი შოთა მამულაძე აღმოჩენის მნიშვნელობაზე საუბრობენ. ამავდროულად ისინი მიმართავენ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მმართველობას, რომ მიხეილ ფარტენაძეს აღნიშნული მიწის სანაცვლოდ ახალი მიწა გამოუყონ, რადგან ამ მიწაზე  არქეოლოგიური გათხრები უნდა გაგრძელებულიყო. 

 

 

მიხეილ ფარტენაძემ არქეოლოგიური აღმოჩენები მუზეუმს გადასცა, მუზეუმმა კი  კომპენსაციის სახით 300 ლარი ნაწილ-ნაწილ გადაუხადა. აღნიშნული მიწის სანაცვლოდ მიხეილ ფარტენაძემ ხელვაჩაურში, ე.წ. კოოპერაციული მეურნეობის დაბლობში, 0,26 ჰა მიწა იჯარით სარგებლობაში მიიღო. მიხეილ ფარტენაძის მიწის მომიჯნავედ, ხელვაჩაურის გამგეობამ 0,29 ჰა მიწის ფართობი ხელვაჩაურში მცხოვრებ ზია ვარშალომიძესაც გადასცა. ვარშალომიძემ, როგორც მიხეილ ფარტენაძე ამბობს, მას კუთვნილ მიწაზე გადაადგილება მალევე შეუზღუდა: `ჩამიკეტა შესასვლელი, დააყენა დაცვა და მიწის დამუშავების საშუალებას აღარ მაძლევდა. იძულებული ვიყავი სასამართლოსთვის მიმემართა, რადგან ჩემი უფლებები დაირღვა~ _ ამბობს მიხეილ ფარტენაძე. ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ 2004 წელს მიხეილ ფარტენაძე სადავო მიწის კანონიერ მოიჯარედ ცნო, თუმცა ვარშალომიძეებმა მას მიწის სარგებლობის საშუალება მაინც არ მისცეს.    

 

 

სასამართლოში დავა ზია ვარშალომიძის მეუღლემ მარინა ვარშალომიძემ გააგრძელა. მომჩივანი ვარშალომიძე აცხადებდა, რომ სადავო მიწა ხელვაჩაურის გამგეობამ ფარტენაძეს კონკურსის გარეშე გადასცა. საქმე 2004 წელს აჭარის უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ განიხილა, რომელმაც დააკმაყოფილა მარინა ვარშალომიძის მოთხოვნა და გამგეობასა და მიხეილ ფარტენაძეს შორის 2000 წლის 20 სექტემბერს ათი წლის ვადით დადებული საიჯარო ხელშეკრულების გაუქმება მოითხოვა. მოდავე მხარეებს _ ფარტენაძესაც და ვარშალომიძესაც კონკურსის გამოცხადებამდე მიწით სარგებლობა აეკრძალა.

 

 

„მიმაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება უკანონო იყო, რადგან სოფელ ზანაქიძეებში მიწა  სწორედ სახელმწიფო ინტერესების სასარგებლოდ დავთმე. გარდა ამისა, სასამართლო გადაწყვეტილების დროს მე ვსარგებლობდი საიჯარო ხელშეკრულებით, რომელიც კანონიერად მქონდა გაფორმებული და ეს სასამართლომ არ გაითვალისწინა. მაშინ  ვარშალომიძეები აჭარის მაშინდელი მთავრობის თავმჯდომარის, ლევან ვარშალომიძის  მხარდაჭერით სარგებლობდნენ და მხოლოდ მათი ინტერესები იყო ყველგან დაცული“ – ამბობს მიხეილ ფარტენაძე.

 

 

სასამართლო გადაწყვეტილების მიუხედავად, როგორც მიხეილ ფარტენაძე ამბობს, ზია ვარშალომიძის ოჯახს სადავო მიწით სარგებლობა არ შეუწყვეტია. „ბუნებრივია არც კონკურსი გამოცხადებულა ამ მიწაზე“. 

 

 

2007 წელს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანების საფუძველზე სახელმწიფომ იმ მიწების საკუთრების აღიარების პროცესი დაიწყო, რომლებსაც მოქალაქეები წლების განმავლობაში პირადი სარგებლობის მიზნით იყენებდნენ. ზია ვარშალომიძემ მიწის საკუთრების აღიარების კომისიას იმ მიწის საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნითაც მიმართა, რომელიც მიხეილ ფარტენაძეს ჰქონდა სარგებლობაში მიღებული. აღიარების კომისიამ ფარტენაძის მიწა ზია ვარშალომიძის შვილს, დავით ვარშალომიძეს მიაკუთვნა.

 

 

„მე სახელმწიფოს დავუთმე მიწა, სახელმწიფომ კი ხუთი შვილის მამა უმიწოდ დამტოვა. რატომ მომექცა სახელმწიფო ასე?“ – კითხულობს მიხეილ ფარტენაძე.

 

  

დავით ვარშალომიძის მამა ზია ვარშალომიძე „ბათუმელებთან“ საუბარში აცხადებს, რომ ეს მიწები მათ ეკუთვნოდათ: „ბაბუაჩვენის იყო და მთელმა გვარმა დაინაწილა. ბიძაჩემი, ჯემალ ვარშალომიძე, მიხეილ ფარტენაძის ნათლია იყო და ამის ხათრით მისცა მაგ მიწის დამუშავების უფლება, როცა მიწები გავიფორმეთ, ფარტენაძემ დავა დაიწყო. ყველა გადაწყვეტილებით, მიწა მე მეკუთვნის“ – აცხადებს ვარშალომიძე.

 

 

იურისტ გიორგი ხიმშიაშვილის განმარტებით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში სრული პასუხისმგებლობა სახელმწიფომ უნდა აიღოს და  მიხეილ ფარტენაძემ აუცილებლად უნდა მიიღოს ფულადი ან მატერიალური კომპენსაცია. „ის, რაც ამ მოქალაქეს დავის კუთხით აქვს წარმოებული, ცალსახად აჩვენებს, რომ სახელმწიფომ სამეზობლო ურთიერთობებში კონფლიქტის პროვოცირება გამოიწვია, რაც ცალსახად დაუშვებელია, რადგან სახელმწიფო უნდა იყოს სამართლებრივი გარანტი სტაბილურობის და არა კონფლიქტების მაპროვოცირებელი“.

 

 

იურისტ ჟანა ჩიქოვანის შეფასებით, სახელმწიფოს შეუძლია გამოიჩინოს კეთილი ნება და მოქალაქე მიხეილ ფარტენაძეს მიწა სიმბოლურ ფასად გადასცეს საკუთრებაში ან იჯარით. „ეს სახელმწიფოს მხრიდან  იქნება კარგი ჟესტი. სახელმწიფოს პოლიტიკური ნებაა, რამდენად დააფასებს მოქალაქის საქციელს, რომ მან არქეოლოგიური სამუშაოების მოტივით დათმო თავის დროზე მიწა. სხვა სამართლებრივი ბერკეტი, რომ ფარტენაძემ დაიბრუნოს სადავო მიწა, სამწუხაროდ არ არსებობს“.  

გადაბეჭდვის წესი


ასევე: