კვირის ამბები,მთავარი

როგორ მოიხადეს ქალებმა ჩადრი აჭარაში

22.05.2015 • 19282
როგორ მოიხადეს ქალებმა ჩადრი აჭარაში

ქართულმა კინოდოკუმენტალისტიკამ შემოინახა კადრები, თუ როგორ წვავენ აჭარელი ქალები ჩადრს. „აჭარელ ქალთა ყრილობა“ – ასე არის დასათაურებული 1929 წელს რეჟისორ სიკო დოლიძის მიერ გადაღებული მუნჯი კინოქრონიკა. კადრებში ჩანს, რომ ბათუმის ძველ რკინიგზის სადგურში შემოდის მატარებელი, რომელსაც ხალხი ტრანსპარანტებით ეგებება. მატარებლიდან ფილიპე მახარაძე ჩამოდის და თანმხლებ პირებთან ერთად ბათუმის ქუჩებში დადის. მსვლელობაში მამაკაცებთან ერთად ქალებიც მონაწილეობენ, თითქმის ყველა მათგანს თავსაფარი ახურავს, ზოგს ჩადრიც უკეთია. მსვლელობის შემდეგ კადრში ჩანს სცენა, რომელიც ქუჩაშია მოწყობილი, სცენაზე დგას უჩადრო ქალი, კადრი გადადის კოცონზე, სადაც ჩადრები იწვის.

ქალებისთვის ჩადრის ახდა კომუნისტების უმთავრეს საზრუნავად იყო ქცეული, როგორც ისინი უწოდებდნენ, ეს იყო ერთგვარი ბრძოლა ძველი ცხოვრების წინააღმდეგ.

ქალები, რომლებმაც ერთ-ერთმა პირველებმა მოიხადეს ჩადრი აჭარაში

კომუნისტებამდე, ჯერ კიდევ 1917 წელს, გამოიცა კანონი ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის შესახებ. გაუქმდა ქორწინების ძველი წესი, თუმცა ამასაც ფორმალური ხასიათი ჰქონდა, ქალი ისევ მამაკაცზე დაქვემდებარებული რჩებოდა. 1921 წელს, მას შემდეგ, რაც საქართველოში კომუნისტური რეჟიმი დამყარდა, საბჭოთა ხელისუფლებამ ქვეყანაში არსებულ ყველა რელიგიურ წეს-ჩვეულებას ომი გამოუცხადა. საბჭოთა ხელისუფლების დროს ანგრევდნენ ეკლესიებს, მეჩეთებს, ხშირად ხდებოდა ისე, რომ სალოცავებს დანიშნულებას უცვლიდნენ და იქ საწყობებს ან სოფლის კლუბებს აწყობდნენ. ქალების მიერ ჩადრის ტარების წინააღმდეგ ბრძოლა აჭარაში ერთ-ერთი მთავარი ბრძოლა იყო გასაბჭოების პირველ წლებში.

„საარქივო დოკუმენტებში არაერთი მასალაა შემორჩენილი, 1925 წლიდან 1926 წლის ჩათვლით კვირაში რამდენჯერმე იმართებოდა თათბირი ჩადრის ახდის კამპანიასთან დაკავშირებით,“ – იხსენებს ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ოთარ გოგოლიშვილი.

მისივე თქმით, საბჭოთა ხელისუფლებას სურდა ქალებს მოეხადათ ჩადრი და დამდგარიყვნენ კომუნისტური წყობის რელსებზე.

„სხვათა შორის, 1922 წლიდან, როდესაც შეიქმნა ღარიბკომები, ე.წ. ფუხარა ხალხის დამხმარე კომიტეტები, უშუალო დავალება იყო მათი, რომ დაეწყოთ ბრძოლა ჩადრის წინააღმდეგ. 1922-1924 წლამდე ეს იყო ნებაყოფლობითი პროცესი. აგიტატორებს უნდა დაერწმუნებინათ ადგილობრივი ქალები, განსაკუთრებით ადგილობრივი მოსახლეობა, რომ მოეხსნათ ჩადრი. ამბობდნენ, რომ ახალ ცხოვრებას, ახალ სიტუაციას არ ეკადრებოდა ჩადრი, როგორც გადმონაშთი. უნდა გათავისუფლებულიყვნენ აჭარელი ქალები ამ ჩადრისაგან. 1926 წელს დაიწყო მასობრივი მოძრაობა ჩადრის ახდისათვის ქედაში, შუახევსა და ხულოში. დადიოდნენ აგიტატორები. ჯერ მამაკაცებთან მუშაობდნენ, რომ მათ ცოლებსა და ქალიშვილებს ჩადრი მოეხადათ.

ყველას, ვინც ქალაქში ბოლშევიკებთან მუშაობდა, ევალებოდა ასეთი აგიტაციის გაწევა. თუ ამას არ გააკეთებდნენ, ისინი მკაცრად ისჯებოდნენ _ რიცხავდნენ პარტიიდან ან რამე ადმინისტრაციულ სასჯელს აკისრებდნენ. 1927 წლიდან მასობრივად შეიცვალა სიტუაცია. მოსკოვიდან მიიღეს დადგენილება, რომ რაც შეიძლება მალე უნდა მოეხადათ ქალებს ჩადრი. დაევალა რეგიონებს და განსაკუთრებით მათ, სადაც რელიგია მძლავრი იყო, მასობრივად დაეწყოთ ჩადრის ახდისკენ მიმართული მოძრაობა, თუ საჭირო გახდებოდა ძალა დაეტანებინათ კიდეც. ის პიროვნება, ვინც არ დაემორჩილებოდა, განსაკუთრებით მკაცრად უნდა დასჯილიყო,“ – იხსენებს ოთარ გოგოლიშვილი.

გარდა ჩადრის ახდისა, კომუნისტური ხელისუფლების წარმომადგენლები ქალების გააქტიურებასაც ცდილობდნენ. სავალდებულო გახდა ქალების სოფლის კრებებზე სიარული, განათლება უნდა მიეღო ყველას, გოგოსაც და ბიჭსაც.
1929 წლის 24 იანვარს საქართველოს ცენტრალურმა კომიტეტმა მიიღო დადგენილება აჭარაში ქალთა პირველი ყრილობის მოწვევის თაობაზე. 1929 წლის 30 იანვარს აჭარის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის (აასსრ) ცენტრალურმა აღმასრულებელმა კომიტეტმა და სახალხო კომისართა საბჭომ ერთობლივად გამოსცეს დეკრეტი, სადაც ეწერა: „აჭარისტანის ტერიტორიაზე 1928-1929 სამოსწავლო წლის მეორე ნახევრიდან შემოღებული იქნას ქართულ სკოლებში საყოველთაო სავალდებულო სწავლება. სავალდებულო სწავლა დაწესებულია ორივე სქესის ბავშვებისათვის 8 წლიდან 14 წლამდე. ბავშვების სკოლაში სიარულისათვის თვალყურის დევნება ეკისრება ყველა მოქალაქეს, რომელთა კმაყოფაზეც იმყოფებიან ბავშვები“.

ჩადრის ახდის კამპანიას უფრო მეტი მოწინააღმდეგე ჰყავდა, ვიდრე მომხრე. ჩადრის ტარების მოწინააღმდეგე ქალები ძირითადად კომუნისტი მაღალჩინოსნების ოჯახის წევრები იყვნენ. ფემბე ხოზრევანიძე, რომელმაც სახალხოდ დაწვა ჩადრი ხულოში, ხულოს მაზრის აღმასკომის თავმჯდომარის რიზა ხოზრევანიძის დედა იყო. ჩადრის მოხდის მოწინააღმდეგეები, პირველ რიგში, სასულიერო პირები (მოლები) იყვნენ, რომლებიც კომუნისტების პარალელურად აგიტაციას ეწეოდნენ და ხალხს მოუწოდებდნენ კომუნისტებს არ დამორჩილებოდნენ.

შოთა ცეცხლაძის წიგნში „რას მოგვითხრობენ საარქივო ჩანაწერები“ 1929 წლის მოვლენების ქრონოლოგიაა მოთხრობილი. ჩანაწერების მიხედვით, 1929 წლის 6 იანვარს სოფელ ღურტაში ჯოხიანი ქალები შეჭრილან სკოლის შენობაში და დაურბევიათ. იმავე წლის 7 იანვარს სოფელ პაქსაძეების სკოლაში ორმოცამდე ჯოხით შეიარაღებული ქალი მისულა, დაულეწავთ და დაუწვავთ სასკოლო ინვენტარი და ნივთები.

„სოფელ დეკანაშვილებში კომუნისტ ბ. ბოლქვაძის მეუღლეს, რომელიც ჩადრახდილი მიდიოდა, სოფლის ქალები ჯოხებით გზაში დაუხვდნენ და უმოწყალოდ სცემეს. სოფელ ღურტაში ჩადრახდილმა ახალგაზრდა ქალმა აიშე ღორჯომელაძემ ახალგაზრდების გამართულ კრებაზე პრინციპულად მოითხოვა სოფლის თანატოლ ქალებს ჩადრი მოეხადათ, ქართულ სკოლაში მისულიყვნენ და სწავლა-განათლება მიეღოთ. კრების დასრულების შემდეგ, როცა იგი საცხოვრებელი სახლის ეზოში შევიდა, მისმა ახლობელმა ქალებმა ჯოხით სცემეს და მოკლეს,“ _ ვკითხულობთ წიგნში „რას მოგვითხრობენ საარქივო ჩანაწერები“.

1929 წლის 8 თებერვალს ბათუმის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში საქართველოს მაჰმადიან ქართველ ქალთა პირველი ყრილობა გაიმართა. ყრილობას 447 ქალი დელეგატი დაესწრო, აქედან 380 აჭარელი ქალი იყო. ქალები ყრილობაზე სიტყვით გამოდიოდნენ. ყრილობის ბოლოს ოცდაათამდე ქალი სცენაზე ასულა და ერთხმად დაუყვირია: „გაუმარჯოს ქალთა თავისუფლებას, ძირს ჩადრი“, – ამ სიტყვებზე ყველა მათგანს მოუხდია ჩადრი, სცენის იატაკზე დაუყრია და ცეცხლი წაუკიდებია. ჩადრის დაწვას დარბაზიდან მქუხარე აპლოდისმენტებით შეხვედრიან. როგორც საარქივო ჩანაწერებში ვკითხულობთ, დარბაზში გაკრული ყოფილა წარწერები: „გაუმარჯოს საყოველთაო დღესასწაულს“, „გავაძლიეროთ შეტევა ძველი ყოფა-ცხოვრების წინააღმდეგ“ და სხვა.

ჩადრის ახდის კამპანიის დროს თითოეული ქალის გადაწყვეტილება, რომელმაც ჩადრი მოიხადა, მნიშვნელოვანი და გაბედული იყო. მკაცრად დადგენილი წესების პირობებში რთული იყო ასეთი გადაწყვეტილების მიღება. თუმცა, ზოგადად, ამ გამოსვლებს მაინც ფორმალური ხასიათი ჰქონდა. მუსლიმანური წესის თანახმად ქალებს ეკრძალებოდათ სოფლად ჩატარებულ კრებებზე მამაკაცებთან ერთად დასწრება. მიუხედავად იმისა, რომ ჩადრის ახდის კამპანია აქტიურად მიმდინარეობდა, მეოცე საუკუნის 20-30-იან წლებში აჭარის სხვადასხვა მაზრაში, ქალებისა და კაცების კრებები მაინც ცალ-ცალკე იმართებოდა.

კომუნისტები სხვადასხვა მეთოდით ცდილობდნენ ბრძოლას ტრადიციებთან. კანონით ისჯებოდა მრავალცოლიანობა, ადრეულ ასაკში ქორწინება. 1929 წლიდან განსაკუთრებით აქტიურობდნენ კომუნისტები იმისათვის, რომ ქალებს ჩადრი მოეხადათ. საბოლოოდ ამან ზემო აჭარის – ჭვანის, ღორჯომის, სხალთის, რიყეთისა და ოლადაურის თემებში მცხოვრებთა მღელვარება გამოიწვია, რაც აჯანყებაში გადაიზარდა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: