მთავარი,სიახლეები

რატომ არ უნდა დაუმალო ბავშვს, რომ ის ნაშვილებია

10.04.2015 • 4488
რატომ არ უნდა დაუმალო ბავშვს, რომ ის ნაშვილებია

ერთ-ერთ სკოლაში მასწავლებელმა ახალი მოსწავლის შესახებ ბავშვებს ასეთი ინფორმაცია მიაწოდა: „ბავშვებო, ის ნაშვილებია და ამის შესახებ არაფერი წამოგცდეთ“. მსგავსი „დარიგების“ თუ სხვადასხვა „კეთილმოსურნის“ დაუფიქრებლობის შედეგად, ადამიანი ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე მაინც იგებს სიმართლეს იმის შესახებ, რომ ის ბიოლოგიურ ოჯახში არ იზრდება. ასეთი ინფორმაცია ტრაგიკულ შედეგებს განსაკუთრებით მაშინ იღებს, როცა ადამიანი არასრულწლოვანია და მისი გონება ასეთი ინფორმაციის გასააზრებლად მოუმწიფებელია.

გასულ კვირას სწორედ თანატოლების მხრიდან შვილად აყვანის წამოძახება გახდა 11 წლის მოზარდის ტრაგედიის მიზეზი კახეთში, – მან თავი მოიკლა.
ფსიქოლოგი მაია ცირამუა მიიჩნევს, რომ მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად

სახელმწიფომ კანონის რეფორმა უნდა დაიწყოს: „რა ინფორმაციას იღებს ადამიანი, როცა შეიტყობს რომ აყვანილია? პირველ რიგში, მას უჩნდება განცდა, რომ ის ვიღაცამ უარყო, მიატოვა. ყველაზე მთავარი, რაც ადამიანს განვითარებაში, სიცოცხლის სიყვარულში ეხმარება, არის მშობლის, ოჯახის სიყვარული. გარდა ამისა, ეს ყველაფერი რაღაცნაირად უკავშირდება პიროვნების იდენტობასაც. ბავშვი იზრდება, უჩნდება წარმოდგენები საკუთარ იდენტობაზე, გარემოცვაზე, შემდეგ კი აღმოჩნდება, რომ ეს ყველაფერი ტყუილია. ყველაზე ღრმა კრიზისი ასეთ დროს არის იდენტობის კრიზისი. ამიტომ არის ეს ტრავმა მძიმე და მთავრდება ფატალური შედეგებით“.

ფსიქოლოგის აზრით, ადამიანები, რომლებიც მსგავს ინფორმაციას ავრცელებენ, ბავშვის ყურამდე მიაქვთ, უნდა დაფიქრდნენ, რის წინაშე აყენებენ მას.

„პერსონალური ინფორმაციის გამჟღავნება დანაშაულია და მისი დაცვა სკოლასაც მოეთხოვება, რასაც ხშირად არღვევენ მასწავლებლები. ის, რომ მასწავლებელმა „გააფრთხილა“ მოსწავლეები, ნიშნავს, რომ ბავშვი მანიპულაციის საფრთხის წინაშე პირდაპირ დააყენა. ეს ადამიანის უფლებების დარღვევაა“.

რის საფუძველზე გადაწყვიტა სახელმწიფომ, რომ შვილად აყვანის ფაქტი საიდუმლოდ დარჩეს? მაია ცირამუა ამბობს, რომ ამის თაობაზე ფსიქოლოგთა კვლევებს ან დასკვნებს არ იცნობს, რასაც შესაძლებელია სახელმწიფო ეყრდნობოდეს. „მაგრამ თუ ბავშვის უფლებებიდან ამოვალთ, აუცილებელია, რომ შვილად აყვანის შესახებ ბავშვს ინფორმაცია ჰქონდეს. ამის უფლება აქვს ყველას და თანაც ყველა დრამას თავიდან ავიცილებთ“, – ამბობს ის.

პრევენცია იმისა, რომ შვილად აყვანის შესახებ ინფორმაცია ტრაგედიის მიზეზი აღარ გახდეს, არის კანონის ცვლილება. „გარდა კანონისა, საზოგადოებამაც უნდა გადააფასოს ღირებულებები, რათა „აყვანილი“ ბავშვი აღარ გახდეს გულგრილობის სამიზნე. „ხშირად, როცა მემკვიდრეობაზე მიდგება საქმე, ამბობენ  – „ქონებას ვიღაც უცხოს აძლევს“. ეს არის პრობლემა. აყვანილი ბავშვი არ უნდა განიხილებოდეს საზოგადოების მხრიდან როგორც „უცხო“. კარგად უნდა დადგინდეს შვილად აყვანის მოტივიც, რადგან ხშირად ბავშვის აყვანის საფუძველი ისიც ხდება, რომ ადამიანებს სიბერეში მომვლელი სჭირდებათ. თუმცა, მინახავს მშობლები, ვისაც ისეთივე განცდები ჰქონია ბავშვის აყვანის დროს, როგორც ბიოლოგიურ მშობლებს“.

სპეციალისტები თანხმდებიან იმაზე, რომ დაუმალო ბავშვს მისი გაშვილების შესახებ ინფორმაცია, შეცდომაა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელის ანა აბაშიძის მოსაზრებით, აუცილებელია სახელმწიფომ შვილად აყვანის შესახებ კანონის რეფორმა დაიწყოს.

„პრობლემა არ არის მხოლოდ სკოლაში, ან კონკრეტულ მასწავლებელში, ან მეზობელში, მთავარი პრობლემა არის ის, რომ შვილად აყვანა ლამის სახელმწიფო საიდუმლოებაზე მაღლაც დადგეს. საკითხი არ უნდა გადაწყდეს მხოლოდ შვილად ამყვანის ნებით, რადგან თემა ეხება მინიმუმ სამ ადამიანს. არავინ ფიქრობს იმაზე, რა არის ბავშვის სურვილი. ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესი ვერ იქნება ის გადაწყვეტილება, რომელიც რეალურად მას აზიანებს შემდგომში“.

ანა აბაშიძის აზრით, შვილად აყვანის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნების შემთხვევაში, რაც ძალიან რეალისტურია, ზიანი ადგება მშობელსაც, თუმცა ყველაზე მეტად – ბავშვს. ამიტომ, სახელმწიფო, რომელიც ვალდებულია მაღალი სტანდარტით დაიცვას ბავშვის უფლება, კანონის სრულყოფა უნდა დაიწყოს.

„სახელმწიფო მალავს დოკუმენტაციას და შლის ბავშვის ბიოლოგიური ოჯახის კვალს, მაშინ როცა შვილად აყვანის ფაქტი ფაქტად რჩება და ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბევრი ადამიანისთვის. დამალვა, ეს არის უსუსური მცდელობა, რადგან არაგონივრულია იმის მალვა, რაც არ დაიმალება. გარდა ამისა, სახელმწიფოს ავიწყდება, რომ ბავშვს აქვს უფლება მიიღოს ინფორმაცია, ვინ არის მისი ბიოლოგიური მშობელი“.

„გაეროს ბავშვთა უფლებების დაცვის კონვენცია ინფორმაციის გასაიდუმლოებას მხოლოდ გამონაკლისი შემთხვევების დროს უშვებს, როცა სიმართლემ შესაძლებელია გაცილებით დიდი ზიანი მიაყენოს ბავშვს, ვიდრე მისმა დამალვამ. საქართველოში კანონი არ მოდის შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტებთან“, – აცხადებს ანა აბაშიძე.

ანა აბაშიძე, იურისტი

შვილად აყვანის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნება სსსკ-ით დასჯადი ქმედებაა, თუმცა ანას აზრით, „ეს მუხლიც უნდა გაქრეს, რადგან კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის ამ ინფორმაციის გამჟღავნებას. კონკრეტული მაგალითები ვიცი, როცა ფულის გამოძალვის მიზნით აშანტაჟებდნენ ადამიანებს შვილად აყვანის საიდუმლოს გამჟღავნებით… ბავშვის შვილად აყვანაში არაფერია სამარცხვინო, თუ არა საგმირო და ძალიან ჰუმანური რამ, ამიტომ, საზოგადოებამ, სახელმწიფომ უნდა შეცვალოს დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ. სიმართლე არ აზიანებს ბავშვს, ბავშვს აზიანებს ტყუილი“.

რომელ ასაკშია სასურველი ბავშვისთვის რეალური ინფორმაციის მიწოდება? როგორც მაია ცირამუა ამბობს, სასურველია ეს ინფორმაცია ბავშვმა ადრეული ასაკიდანვე, ეტაპობრივად მიიღოს.

„ყველა შემთხვევა არის უნიკალური, ამიტომ არ შეიძლება მშობელზე კონკრეტული რეცეპტის მიწოდება, რადგან ერთი კონკრეტული რჩევა შეიძლება ყველა სიტუაციას არ წაადგეს და პირიქით, ავნოს კიდეც. ამიტომ, თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურად არის შესასწავლი“.

როგორც ფსიქოლოგი ამბობს, ადრეულ ასაკში ბავშვისთვის ინფორმაციის წყარო ზღაპარიც შეიძლება იყოს: „შეგვიძლია მოვუყვეთ ბავშვს, რომ ერთ ქალს ძალიან უნდოდა ჰყოლოდა შვილი, მაგრამ რადგან მისი არ ჰყავდა, იპოვა ერთი ძალიან ლამაზი და საყვარელი გოგო ან ბიჭი და წამოიყვანა სახლში, რომელსაც ზრდის და ბედნიერია. ანუ ასეთი ისტორიებით მშობელი აჩვევს ბავშვს იმ აზრს, რომ შეიძლება გაგაჩინოს სხვამ, მაგრამ გაიზარდო სხვაგან და ამაში არ არის ტრაგედია, პირიქით, ეს ნორმალურია. დედა ხომ მარტო ის არ არის, ვინც გაგაჩინა, არამედ ისიც, ვინც შენზე ზრუნავს, უყვარხარ და გეფერება… თუკი ერთ მშვენიერ დღეს ბავშვი სიმართლეს გაიგებს, ეს მისთვის აღარ იქნება ტრავმა“.

სწორი ნაბიჯების გადასადგმელად, როგორც მაია ცირამუა ამბობს, მშობლებს აუცილებლად სჭირდებათ როგორც ფსიქოლოგის, ასევე იურისტის კონსულტაციები, სწორი პასუხი რომ გასცენ ყველა იმ კითხვას, რომელიც შვილისგან წამოვა.

„შვილად აყვანის დროს აუცილებელია არა მარტო მშობლების მატერიალური, არამედ ფსიქოლოგიური მდგომარეობის ცოდნაც – არიან თუ არა ისინი მზად გამოწვევებისთვის და რამდენად სწორად მოახდენენ რეაგირებას ამაზე“.

როგორია უცხოური პრაქტიკა და აქვს თუ არა მას დადებითი შედეგები? – მაია ცირამუას თქმით, განვითარებულ ქვეყნებში ამ პროცესს კანონი არეგულირებს:

„საქართველოში რადგან ეს თემა დახურულია, ამ მიმართულებით ფსიქოლოგებიც ნაკლებად მუშაობენ. მშობლები ფსიქოლოგს მხოლოდ მაშინ აკითხავენ, როცა ბავშვი სიმართლეს იგებს და პრობლემები იქმნება. ამიტომ, კანონი უნდა იყოს მორგებული ბავშვის უფლებებზე და მშობელს კარგად უნდა ჰქონდეს გააზრებული ის, რომ ოდესღაც დადგება ეს მომენტი და ბავშვი არ აცხოვროს ტყუილში. მშობელი კი ამ ყველაფრისთვის შვილის აყვანამდე უნდა მოემზადოს“.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: