მთავარი,სიახლეები

როდის მიიღებს ძეგლის სტატუსს რვაფეხა

02.02.2015 • 2530
როდის მიიღებს ძეგლის სტატუსს რვაფეხა

 

ბათუმის ბულვარს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, თუმცა კონკრეტული საზღვრები ჯერ კიდევ არ არის დაზუსტებული. სწორედ ამ საზღვრების დადგენას ცდილობს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო, რომელმაც პროექტი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში გადაგზავნა დამტკიცების იმედით. თუმცა, თბილისში აცხადებენ, რომ აჭარიდან გაგზავნილი ინფორმაცია სრულყოფილი არ არის, ამიტომაც სააგენტო „რვაფეხასთვის“ ძეგლის სტატუსის მინიჭების საკითხს არ განიხილავს, რადგან, თუკი „რვაფეხა“ ბათუმის ბულვარის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ტერიტორიის საზღვრებში მოექცევა, იგი ავტომატურად მიიღებს ძეგლის სტატუსს.

„აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მიერ წარმოდგენილია ბათუმის ბულვარის ანუ ძეგლის საზღვრების დაზუსტების პროექტი, მაგრამ ეს პროექტი არ მოიცავს დასაბუთებას, რის საფუძველზე განისაზღვრა ამ კონკრეტულ ფარგლებში ობიექტისთვის ძეგლის ტერიტორია. ამას სჭირდება სახელოვნებათმცოდნეო კვლევა – რას მოიცავს ბათუმის ბულვარის ისტორიულად ჩამოყალიბებული გარემო, სად იწყება, სად მთავრდება, რა ტრანსფორმაცია განიცადა და რის გამო უნდა დაუდგინდეს ძეგლს ესა თუ ის საზღვარი. ამის თაობაზე მივმართეთ სააგენტოს აჭარაში და ვთხოვეთ წარმოედგინა დასაბუთება. თუ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ წარმოადგინა ძეგლის საზღვრები ისე, რომ „რვაფეხა“ მოექცევა ამ  ტერიტორიაზე, მაშინ მას დამატებით ძეგლის სტატუსის მინიჭება აღარ დასჭირდება. თუ იქნება ფარგლებს გარეთ, მაშინ სააგენტოს მიეცემა შესაძლებლობა,  იმსჯელოს ამ კონკრეტული ობიექტისთვის სტატუსის მინიჭებაზე“, – განმარტა „ბათუმელებთან“ თეა ონიანმა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს იურისტმა. მისივე თქმით, ისედაც ძეგლის [ბულვარის] ტერიტორიაზე მდებარე „რვაფეხას“ თუ მიანიჭებენ სტატუსს, მაშინ ბულვარში მდებარე ყველა ობიექტს ცალ-ცალკე უნდა მიანიჭონ სტატუსი, რაც არასწორია. თეა ონიანი ამბობს, რომ თბილისში დოკუმენტაციას ელოდებიან, თუმცა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში აცხადებენ, რომ მათ ყველა საჭირო დოკუმენტი უკვე გაგზავნეს თბილისში.

„ჩვენ რაც მოთხოვნილი იყო, გადავაგზავნეთ, მათ შორის ხელოვნებათმცოდნის კვლევა. ახალი გარემოებების შესახებ არ ვიცით“, – აღნიშნა „ბათუმელებთან“ მირზა ცეცხლაძემ, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს სპეციალისტმა. მისი თქმით, უახლოეს დღეებში ამ ინფორმაციას აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო დააზუსტებს.

ქართველი არქიტექტორები, ხელოვნებათმცოდნეები, საზოგადოება „ბათომი“ და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დამცველები ხელისუფლებას „რვაფეხას“, როგორც უნიკალური და ბათუმისათვის მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვა-შენარჩუნებას სთხოვენ. საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც „რვაფეხას“ წინ მდებარე სასტუმრო „ჰილტონის“ გეგმის – „რვაფეხას“ ადგილას ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის შესახებ გახდა ცნობილი. აქცია სახელწოდებით – „დაიცავი რვაფეხა“ ბათუმში 6 დეკემბერს გაიმართა. აქციას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის, ქალაქის მერი და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებიც ესწრებოდნენ.

ბათუმის ბულვარის საზღვრების და ამ საზღვრებში თუ მის გარეთ დარჩენილი „რვაფეხასთვის“ ძეგლის სტატუსის მინიჭების საკითხი თბილისში, კულტურული მემკვიდროების დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან არსებულმა, შვიდი კაცისგან დაკომპლექტებულმა საბჭომ უნდა განიხილოს, რომელიც ხელოვნებათმცოდნეებისა და არქიტექტორ-რესტავრატორებისგან შედგება. საბჭოს კახა ტრაპაიძე ხელმძღვანელობს. საბჭოს გადაწყვეტილებას ხელი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკა ანთიძემ უნდა მოაწეროს. მან „ბათუმელებთან“ აღნიშნა, რომ „რვაფეხას“ შემთხვევაში საბჭოს დასკვნას იგი დაეთანხმება. 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: