მთავარი,სიახლეები

სოხუმიდან ბერლინამდე

09.05.2015 • 2899
სოხუმიდან ბერლინამდე

სერგო ტაბაღუა ომში 1942 წლის დეკემბერში გაიწვიეს. “სამხედრო ტანსაცმელიც კი არ მეცვა, ისე წამიყვანეს. ფეხსაცმელზე კალოშები მქონდა ამოცმული, ასე მაშინ შეძლებული ადამიანები იცვამდნენ, ბევრი ჯარისკაცი კი ქალამნებით იყო წამოსული”, – იხსენებს ის.

90 წლის ყოფილი ეფრეიტორი გვიყვება, რომ გერმანელები იმ დროს მამისონის უღელტეხილზე იყვნენ. “თოფის მსროლელი აღარ იყო დარჩენილი, ამიტომ გამოიძახეს დამატებითი ძალები. სოხუმიდან ლაზარევსკში ფეხით წაგვიყვანეს, 150 კილომეტრის გავლა მოგვიხდა თოვლსა და ყინვაში. ფეხსაცმელები დამეხა, ფეხზე ძვლივს ვიდექი. 10-20 ათასამდე ვირით და ჯორით ეზიდებოდნენ ქვემეხებს. განუწყვეტელ სროლაში ვიყავით. ერთი ბომბი ისე ახლოს დაეცა, ყურის აპკები დამისკდა და სისხლი წამომივიდა. ამ ბრძოლების დროს ჩვენი 200-კაციანი პოლკიდან ნახევარზე მეტი დაიღუპა”.

მამისონის უღელტეხილის გათავისუფლების შემდეგ სამხედრო ნაწილებმა კრასნოდარის მხარეს გადაინაცვლეს: „ირგვლივ, ყველგან მოცელილი ხეები და დაღუპულთა ცხედრები ეყარა. უმძიმესი ბრძოლები გადავიტანეთ ქერჩშიც 1944 წელს. საბრძოლო გამოცდილება ნაკლებად მქონდა, მაგრამ ინტელექტი მეხმარებოდა საბრძოლო დავალებების შესრულებაში. ამის გამო პატივს მცემდნენ. არც ერთი დავალება არ ჩამიგდია” – ამბობს სერგო ტაბაღუა.

ვოიკოვის ქარხანასთან, რომელიც გერმანელებს ეკავათ, შეტაკებები გაიმართა. ყველაზე მეტი ქართველი სწორედ ამ ბრძოლების დროს დაიღუპა. სერგო ტაბაღუა ამბობს, რომ მაშინ გენერლებმა სერიოზული ტაქტიკური შეცდომა დაუშვეს.

“ქვის სამტეხლოებში ასობით ადამიანი ჩახოცეს. აღარ გვქონდა საჭმელ-სასმელი. ღამეები არ გვეძინა. ერთ საღამოს “სილიოტკა” ვჭამეთ და წყალი მოგვწყურდა. ერთი ჭა იყო ჩვენსა და გერმანელებს შორის და ღამით ჩუმად ვიპარებოდით ამ ჭასთან. ერთ საღამოს გერმანელებმა ჩვენი კაცი მოკლეს და ჭაში ჩააგდეს. მეორე რომ გავგზავნეთ, მან მოიტანა წყალი, თუმცა ღამე იყო და ვერ დავინახეთ, რომ წყალი სისხლით იყო სავსე. დილით აღმონაჩინეთ, რომ სისხლიანი წყალი დაგვილევია”.

სამკვირიანი შეტევის შემდეგ გერმანელებმა ქერჩიდან დაიხიეს. “შევვარდით მათ გამთბარ მიწურებში, მაგიდებზე დაყრილი იყო სასმელ-საჭმელი და დავესიეთ ნაშიმშილევი ჯარისკაცები. კამანდირი ყვიროდა – “ხელი არ ახლოთ”, “არ ჭამოთ”, მაგრამ ვინ უსმენდა…”

სერგო ტაბაღუა დაზვერვის ერთ-ერთ ამბავსაც იხსენებს: “ლატვიაში, მდინარე დაუგავაზე უნდა გადავსულიყავით, მეორე მხარე უნდა დაგვეზვერა. მდინარე გაყინული იყო და ზედ მივხოხავდით. როცა ჩამობნელდა, ვეღარაფერი დავინახე, ქათმის სიბრმავე დამემართა. სულ სამი ვიყავით, ერთ-ერთი იყო ლაპანსკოე, შუახნის კაცი, რომელიც მამასავით მყავდა და ძალიან შეწუხდა ამ ამბით. მეორემ უთხრა ჩემზე, მოვკლათ და ჩვენ გავაგრძელოთ გზაო. გაგიჟდა ლაპანსკოე, ფეხზე “პარტიანკები” შემოიხსნა, შუაზე გაჭრა და ხელზე მიმიბა. ასე გადამიყვანა მეორე მხარეს.

შემდეგ იყო პოზნანი. პოლონეთის ერთ-ერთი უძველესი ქალაქი, რომელიც ბრძოლის შედეგად მიწასთან იყო გასწორებული”. “იქ აღარც კი გავჩერებულვართ. ყველგან ნანგრევები იყო” – იხსნებს სერგო ტაბაღუა.

„მე არტილერიის ცალკეულ პოლკში ვიბრძოდი. ეს პოლკი პირდაპირ სტალინს ემორჩილებოდა და კრიტიკული სიტუაციების დროს იყო დამხმარე ძალა. ბოლო შეტევის დროს ჟუკოვის არმიაში მოვხვდი, სწორედ მან გამოიყენა 200 პროჟექტორი ფრონტის ხაზზე, რომელიც მოწინააღმდეგეს თვალს სჭრიდა, ჩვენ კი წინ მივიწევდით. 16-17-18 მაისს ყველაზე მასშტაბური შეტევა იყო. გინახავთ ყვავ-ყორნების ომი როდისმე?” – გვეკითხება ვეტერანი და საუბარს აგრძელებს –  „მე მინახავს. ნისკარტებით კლავენ მოწინააღმდეგეს. სწორედ ყვავ-ყორნების ომს ჰგავდა თვითმფრინავების მაშინდელი შეტევა. თვითმფრინავები მე უნდა ამომეღო მიზანში და შემდეგ ნიშანი მიმეცა. წარმოიდგინეთ რა განცდა მექნებოდა, მფრინავების დაჭიმულ სახეებს სულ ახლოდან ვხედავდი და მათი სიცოცხლე დამოკიდებული იყო ჩემს სიტყვებზე,- “არის მიზანი”.

1945 წლის სამი მაისი იყო, როცა სერგო ტაბაღუა ბერლინში შევიდა. “რვაში რაიხსტაგზე ჩემი გვარი დავაწერე. იმდენი წარწერა გაკეთდა ამ კედელზე, წლების შემდეგ რომ ვნახე, ჩემი გვარიდან მარტო “გ” იყო დარჩენილი.

ერთი წელი გერმანიაში დავრჩი. ქარხნებს დემონტაჟს ვუკეთებდით და საბჭოთა კავშირში ვაგზავნიდით. პიანინოებით და ათასგვარი ნივთებით დატვირთული ასობით ეშელონი იგზავნებოდა საბჭოთა კავშირში.

ერთხელ ორი გერმანელი ოფიცერი და ერთი ჯარისკაცი დავატყვევე. ის ოფიცერი ომის შემდეგ, ორი ათას ევროს იღებდა პენსიას, ჩვენ კი რასაც ვიღებთ, ყველასთვის ცნობილია. იმ გერმანელმა ოფიცერმა მომძებნა გერმანიაში ყოფნის დროს და წლების განმავლობაში გვქონდა მიმოწერაც. ბოდიშს იხდიდა, ამბობდა, ჰიტლერს არ უნდა ავყოლოდითო”.

ვეტერანი ამბობს, რომ ომის მიუხედავად, აოცებდა გერმანიის განვითარება და სილამაზე: “ვნატრობდი, როდის მივა ჩვენი ქვეყანა აქამდე-მეთქი. ყველა ქუჩა მოასფალტებული იყო, ყველა სოფელში ბუნებრივი გაზი იყო შეყვანილი. ბავშვის ეტლი პირველად იქ დავინახე… არ ვიცი, რატომ ვერ შევძელით ჩვენ დღემდე განვითარება. ალბათ იმის ბრალია, რომ სულ სხვაზე ვიყავით დამოკიდებული და ჩვენი ცხოვრება არ გვქონია”.

ოთხწლიანი ომის მიუხედავად, სერგო ტაბაღუას სამწლიანი სამხედრო სამსახური მაინც მოახდევინეს. „სამხედრო სამედიცინო სასწავლებელში უნდოდათ რომ წავსულიყავი, ჩამრიცხეს კიდეც, მაგრამ მე უარი ვთქვი. არ მინდოდა მთელი ცხოვრება შინელში გამეტარებინა. ამის გამო 12 დღით ნაუბახტშიც ჩამსვეს. ომში წასვლამდე საინჟინროზე მქონდა ჩაბარებული, თუმცა საბოლოოდ ისტორიკოსი გამოვედი და მთელი ჩემი ცხოვრება ომის ამბებზე ვწერდი. დისერტაციაც ომის თემაზე დავიცავი.

საშინელებაა ომი, კაცმა როგორ უნდა მოკლა კაცი, მაგრამ ომში ამას ვერ აანალიზებ. შენ თუ არა, ის მოგკლავს, ეს ომის კანონია. წლები ისე გავიდა, ძილში სულ “агоонь” ვიძახდი და ისე მეღვიძებოდა. მგონია, რომ ასეთი ომი აღარ იქნება”.

90 წლის ვეტერანი განაწყენებულია, რადგან როგორც ამბობს, აჭარის მთავრობამ წიგნის გამოცემაზე უარი უთხრა: “ფინანსები არ გვაქვსო, მითხრეს. ომის შემდეგ 70 წელი ვიცოცხლე. ვალდებული ვარ, იმ ადამიანების ხსოვნაზე ვიზრუნო, ვისი საფლავიც კი არავინ იცის, სადაა”.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: