კვირის ამბები,მთავარი

კომკავშირელი, რომელსაც გადასახლების ცნობა მიჰქონდა

11.09.2014 • 2640
კომკავშირელი, რომელსაც გადასახლების ცნობა მიჰქონდა

22 წლის კომკავშირელი სტუდენტი, რეპრესიების მსხვერპლ ოჯახებში საზოგადოების წარმომადგენლის სახელით შედიოდა.

„გადასასახლებელ ოჯახში შედიოდა ორი ჯარისკაცი, ორი პოლიციელი, ერთი ოფიცერი და ერთიც მოქალაქე, რომელიც აუცილებლად პარტიის წევრი უნდა ყოფილიყო. მე კომკავშირელი ვიყავი, სტუდენტი და დამიძახეს“, – გვეუბნება ის. საბჭოთა მთავრობის უწყება ვახტანგ მაკარაძემ პირველად ახალგაზრდა ცოლ-ქმრის ოჯახში მიიტანა, სადაც ორი მცირეწლოვანი ბავშვი ცხოვრობდა.

„ერთსართულიანი შენობა იყო, ახლანდელი მელიქიშვილის ქუჩაზე. ღამის ორი საათია,  დეკემბერია და საშინლად ცივა. სინათლე ანთებული იყო და ბარგი შეკრული. ბავშვებს ეძინათ. დაგვინახეს და ატირდნენ. პასპორტის მიხედვით, ირანის მოქალაქეები იყვნენ, თუმცა ქართულად საუბრობდნენ. მამაკაციც ტიროდა და ამბობდა, რამდენჯერ ვუთხარი დედაჩემს არ დამიჯერა, ადგეს ახლა საფლავიდან და წამომყვეს გადასახლებაშიო. ალბათ, დედის გამო ცხოვრობდა აქ“.

1951 წელს რეპრესიის მანქანა პუშკინის ქუჩაზე მცხოვრებ მოხუც ქალსაც მიადგა. კომკავშირელი სტუდენტი ამ დროსაც მოქალაქის სტატუსით წარსდგა ოჯახის წინაშე. ისევ დეკემბერი იდგა:

„ახლანდელი უნივერსიტეტის შენობაში 12 საათზე შეგვკრიბეს და გაგვაფრთხილეს, თუმცა ვის ასახლებდნენ, არ უთქვამთ. პუშკინის ქუჩაზე, სტალინის ყოფილი სახლ-მუზეუმის მოპირდაპირე მხარეს, ერთ სახლში მოგვიწია მისვლა. დავაკაკუნეთ რამდენჯერმე, მაგრამ კარი არავინ გაგვიღო. მეზობელი ქალი გამოვიდა და გვითხრა, სახლში ავადმყოფი მოხუცი ცხოვრობს, მხატვარი შვილი ახლახანს გარდაეცვალა, ერთი შვილი კი ურალშია სავაჭროდ წასულიო. სომეხი ქალი იყო, 60 წელს გადაცილებული, დაგვინახა და მორთო ტირილი, მაგრამ ვინ უსმენდა, ჩასვეს მანქანაში. დივანზე ლამაზი მუთაქა იდო, ხელი დავავლე და ძალიან მემძიმა, რომ მოვქაჩე, თასმა გაიხსნა და 100-იანების დასტა გადმოცვივდა. სინდისს გეფიცებით, 22 წლის ვიყავი, მაგრამ ხელი არ მომიკიდია. ფული უკან ჩავაწყვე და ქალს მანქანაში მივაწოდე. არ ვიცი, ის ქალი ცოცხალი ჩავიდა თუ არა ყაზახეთში, მაგრამ მე ჩემი გავაკეთე“.

ვახტანგ მაკარაძე ამბობს, რომ მოხუცი ქალის ქონება ფინანსთა სამინისტრომ აღწერა და წაიღო.

ვახტანგ მაკარაძემ კომკავშირული მისია მესამედ თავის სოფელში – ოლადაურში შეასრულა. „ჩემი სოფლიდან 14 ოჯახი გაასახლეს, ყველა მაკარაძე. ეს დღე ყველაზე საშინლად მახსენდება. მაშინ სოფელში სამანქანე გზა არ იყო და ხალხს ზურგით, მარხილით უწევდა ბარგისა და სანოვაგის ტარება. 25 კილომეტრი ამ ყოფაში ფეხით გაიარეს“.

რას ფიქრობდით იმ ადამიანებზე – ორსულებზე, ჩვილებზე, მოხუცებზე, ვინც ამ რეპრესიების მსხვერპლი გახდა? გქონდათ თანაგრძნობა მათ მიმართ? – ამ კითხვის პასუხად ამბობს, -„როგორ არა, ძალიან მეცოდებოდნენ“.  ვახტანგ მაკარაძე ამბობს, რომ უარის თქმა დავალებაზე, არ შეეძლო, რადგან „მე, როგორც პარტიის წევრსა და კომკავშირელს, ამ ნიშნით მეძახდნენ, თუ უარს ვიტყოდი, დამიჭერდნენ“.

ვახტანგ მაკარაძე ცდილობს ამ პროცესში მისი მონაწილეობის დადებითი მხარე გვაჩვენოს: „აი, იმ კაცს, პატარა ბავშვები რომ ჰყავდა, არაფერს ატანდნენ. მოხელე კაცი იყო და სამუშაო იარაღების წაღება უნდოდა. მე ავუხსენი ჯარისკაცებს, რომ ის ოსტატი იყო და მხოლოდ ამით შეეძლო არსებობა. დამიჯერეს და გაატანეს იარაღები. თქვენ არ იფიქროთ, მე ვამართლებდი ამ გასახლებას, ის ოჯახები ოლადაურიდან რომ გაასახლეს, 200 წლის წინ, ტაო-კლარჯეთიდან იყვნენ ჩამოსულები. ესეც ხომ საქართველოა?  მაშინდელმა გაუნათლებელმა უშიშროებამ და პოლიციამ კი ჩათვალა, რომ ისინი თურქეთიდან იყვნენ გადმოსულები, ხედავთ რამხელა შეცდომაა?“

შეცდომების აღიარების მიუხედავად, ვახტანგ მაკარაძე რეპრესიებში სტალინის როლის მინიმალურ წარმოჩენას ცდილობს: „ისინი სტალინს არ გაუსახლებია, რუსეთის მთავრობამ გაასახლა“. კითხვაზე, სტალინი არ იყო რუსეთის მთავრობა? – ასე პასუხობს: „იყო. პოლიტბიუროს 17 წევრიც მთავრობა იყო, რას წყვეტდა ორი ქართველი იქ“.

გქონიათ შესაძლებლობა, ან რომ გქონოდათ, გააფრთხილებდით ადამიანებს გადასახლებამდე, იქნებ თავი დაეღწიათ ამ ტრაგედიისთვის?  – ვახტანგ მაკარაძე პასუხობს: „წინასწარ არაფერი ვიცოდით. ვინმეს გაფრთხილების შემთხვევაში კი ათწლიანი ციხე გველოდა“ .

გადაბეჭდვის წესი


ასევე: