ბათუმის საკრებულოში შექმნილი სამუშაო ჯგუფი, რომელიც ბათუმსა და ხელვაჩაურს შორის საზღვრების შეცვლის შესახებ შუამდგომლობის მომზადებაზე მუშაობს, უფლებამოსილების ვადის ერთი თვით გაგრძელებას მესამედ ითხოვს.
სამუშაო ჯგუფს, რომელმაც მუშაობა მიმდინარე წლის აგვისტოში დაიწყო, საკრებულომ ეს ვადა ორჯერ უკვე გაუგრძელა. სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ივანე მაისურაძეა.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი ბათუმისგან 145,4 ჰექტარი [1,45 მილიონი კვადრატული მეტრი] ტერიტორიის უკან დაბრუნებას ითხოვს. ადმინისტრაციული საზღვრების ცვლილებას ხელვაჩაურისა და ბათუმის საკრებულოებში შექმნილი სამუშაო ჯგუფები განიხილავენ. საკრებულოში შექმნილი ჯგუფის მიერ მომზადებული შუამდგომლობა შემდეგ პარლამენტში გადაიგზავნება.

მარცხნივ: ტერიტორია, რომლის დაბრუნებასაც ხელვაჩაური ითხოვს; მარჯვნივ: იგივე ტერიტორია ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში [წითლად]. მწვანე ხაზით აღნიშნულია ბათუმის ადმინისტრაციული საზღვარი.
განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ სამუშაო ჯგუფი საკრებულოს 2026 წლის 30 ივნისის განკარგულებით 3 თვის ვადით შეიქმნა.
„დროებითი სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილების ვადა ორჯერ გაგრძელდა, თითოეული ერთი თვით. ამ დროის განმავლობაში შესწავლილი დოკუმენტაციისა და მოპოვებული მონაცემების მოცულობის გათვალისწინებით, დამატებითი დრო საჭიროა მონაცემების საბოლოო შეჯერებისთვის, ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის საჭიროების დასაბუთების დასასრულებლად და სამუშაო ჯგუფის შემაჯამებელი პოზიციის ჩამოსაყალიბებლად.
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ დროებითი სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილების ვადა შეიძლება გაგრძელდეს თითო თვით, ხოლო უფლებამოსილების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, პროექტით გათვალისწინებულია დროებითი სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილების ვადის მესამედ, ერთი თვით გაგრძელება.“ – აღნიშნულია განმარტებით ბარათში.
დროებითი სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილების ვადის მესამედ, ერთი თვით გაგრძელების შემთხვევაში, სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილების საერთო ვადა იქნება 6 თვე და ამ ვადის გაგრძელება კანონით ვეღარ მოხდება. შესაბამისად, ჯგუფმა მუშაობა 2027 წლის იანვრამდე უნდა დაასრულოს.
ამ თემაზე:
სად გაივლის საზღვარი ბათუმსა და ხელვაჩაურს შორის? – გენგეგმის პროექტი და საკრებულოების ვერსია






