მთავარი,სიახლეები

ISW: რუსეთის მიზანი უცვლელია – კვლავ სურს უკრაინის სრული კაპიტულაცია 

14.11.2024
ISW: რუსეთის მიზანი უცვლელია – კვლავ სურს უკრაინის სრული კაპიტულაცია 

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი – ISW, რუსეთ-უკრაინის ომის 13 ნოემბრის მიმოხილვაში წერს, რომ კრემლი ცდილობს, აშშ-ში ტრამპის ადმინისტრაციის მოსვლამდე დააყენოს მოთხოვნები უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებისთვის.

„ის, რომ კრემლი ცდილობს მოლაპარაკებების პირობების დადგენას, მიანიშნებს, რომ რუსეთის მიზნები უცვლელი რჩება და კვლავ უკრაინის სრულ კაპიტულაციას უტოლდება“, – წერს ISW-ი ბოლო მიმოხილვაში.

ISW-ს მკვლევრების აზრით, კრემლი, როგორც ჩანს, არ არის მზად ტრამპის ახალ გუნდთან უფრო დიდი დათმობებისათვის, ვიდრე ეს ბაიდენის ადმინისტრაციის შემთხვევაში იყო.

ანალიტიკოსები მიუთითებენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, მარია ზახაროვას 13 ნოემბრის განცხადებაზე იმის შესახებ, რომ თითქოს „დასავლელი ოფიციალური პირები იტყუებიან, რომ ისინი ინტერესდებიან უკრაინაში მშვიდობით. ზახაროვას თქმით, მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც დასავლეთი შეწყვეტს უკრაინის სამხედრო დახმარებას.

ISW-ს თანახმად, ზახაროვას განცხადება იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთი აგრძელებს მტკიცებას – დასავლეთმა უნდა შეწყვიტოს უკრაინის სამხედრო დახმარება, როგორც სამშვიდობო მოლაპარაკებების წინაპირობა.

ანგარიშში ასევე მოყვანილია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის 13 ნოემბრის განცხადება იმის შესახებ, რომ ტრამპის პრეზიდენტობა ძირეულად არ შეცვლის აშშ-ს პოზიციას უკრაინასთან დაკავშირებით და რომ ნებისმიერი წინადადება ფრონტის ხაზის გაყინვის შესახებ „კიდევ უარესია“, ვიდრე რუსეთისთვის ხელსაყრელი მინსკის შეთანხმება, რომელსაც მოჰყვა რუსეთის პირველი შეჭრა უკრაინაში 2014 წელს.

„ლავროვის უარყოფა ამჟამინდელი ფრონტის ხაზის გაყინვის პოტენციურ წინადადებაზე კიდევ უფრო მიუთითებს, რომ რუსეთი არ არის დაინტერესებული მოლაპარაკებებში მისი მიდგომისა და მოთხოვნების შერბილებით და ინარჩუნებს უკრაინის კაპიტულაციის მიზანს, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 2024 წლის ივნისში მკაფიოდ გამოაცხადა“, – ვკითხულობთ მიმოხილვაში.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: