მთავარი,სიახლეები

„ეს გამიზნულად გავაკეთე, სურვილი იყო ჩემი” – რა თქვა მკვლელობაში ბრალდებულმა სასამართლოში

10.06.2026
„ეს გამიზნულად გავაკეთე, სურვილი იყო ჩემი” – რა თქვა მკვლელობაში ბრალდებულმა სასამართლოში

მკვლელობაში ბრალდებული გენო შარაშიძე დააპატიმრეს. აღკვეთი ღონისძიების შეფარდების სხდომა დღეს, 10 ივნისს მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა გამართა.

საუბარია 2026 წლის 31 მაისს ბათუმში მომხდარ მკვლელობაზე – სევერიანე აჭარელის ქუჩაზე დღისით და ოჯახის წევრების თანდასწრებით, როლანდ დავითაძე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს.

„მე ვაღიარებ და შუამავალი რაღა საჭიროა?“ – ამ არგუმენტით ადვოკატის აცილება მოითხოვა სხდომის დასაწყისშივე ბრალდებულმა გენო შარაშიძემ.

ბრალდებულს სახელმწიფო იურიდიული დახმარების სამსახურის იურისტი, გელა სიორდია იცავს.

მოსამართლემ ბრალდებულს განუმარტა, რომ ის სავალდებულო დაცვას ექვემდებარება და ადვოკატის გარეშე ვერ იქნება.

დღევანდელ სხდომას პროკურორის, ადვოკატის და ბადრაგის რამდენიმე თანამშრომლის გარდა, სხვა არავინ დასწრებია.

ბრალდებულმა გისოსებით გამოყოფილი ადგილიდან მოსამართლეს მიმართა, რომ 45 წლისაა, 2 შვილი ჰყავს და წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა.

პროკურორმა ოლღა მერებაშვილმა დღევანდელ სხდომაზე ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდება მოითხოვა, ამის მიზეზად კი, უკვე მოპოვებული მტკიცებულებები დაასახელა და ის, რომ „ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 1 კვირის შემდეგ დადგინდა მისი ადგილსამყოფელი“.

პროკურორის თქმითვე, ბრალდებულს ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის უფლება ჰქონდა. ამჯერად, მას გამოძიება განზრახ მკვლელობასთან ერთად ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ ტარებას ედავება.

პროკურორმა ყურადღება გაამახვილა მტკიცებულებების განადგურების რისკზეც, რადგან ბრალდებული მოკლული კაცის მეზობელი იყო, თვითმხილველები და მოწმეებიც ამ საქმეში ერთი სამეზობლო და სამეგობროა.

მე ეს გამიზნულად გავაკეთე, ეს სურვილი იყო ჩემი, ვაღიარებ“, – მხოლოდ ეს თქვა ბრალდებულმა მას შემდეგ, როცა ადვოკატმა პოზიციის დაფიქსირებისგან თავი შეიკავა.

რადგან საქმე მკვლელობას ეხება, ბრალდებულს შეუძლია ნაფიცი მსაჯულები აირჩიოს. ამ ეტაპზე უცნობია, რა იქნება ბრალდებულის არჩევანი.

დღესვე ბრალდებულს ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაუნიშნეს.

რა იყო მკვლელობის მოტივი? – ვკითხეთ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ პროკურორს.

„მოტივი არის წარსულში არსებული უთანხმოება… კონკრეტული მოტივის და კონკრეტული მიზეზის დადგენის მიზნით გრძელდება გამოძიება“, – გვითხრა პროკურორმა ოლღა მერებაშვილმა.

ირკვევა, რომ ამ ეტაპზე დანაშაულის ჩადენის იარაღი ამოღებული არ არის. პროკურორის თქმით, დადგენილია, რომ მკვლელობის ადგილზე ამოღებული მასრები გასროლილია იმ იარაღიდან, რომელიც ბრალდებულის სახელზე იყო რეგისტრირებული.

„დადასტურებულია, რომ ბრალდებულმა მის სახელზე რეგისტრირებული იარაღიდან განახორციელა გასროლები“, – აღნიშნა პროკურორმა „ბათუმელებთან“.

კაცი საკუთარი შვილის თვალწინ მოკლეს? – პროკურორი ამბობს, რომ ამ ვერსიაზე დაზუსტებული პასუხი ჯერ არ აქვს, რადგან ბავშვი ჯერ არ გამოუკითხავთ.

პროკურორი არ გამორიცხავს, რომ საქმეს კვალიფიკაცია შეუცვალონ. „არ არის გამორიცხული დამძიმდეს“- ამბობს პროკურორი.

___

ბათუმში მკვლელობის საქმეზე ბრალდებული დააკავეს

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: