28 თებერვალს და 1 მარტს საგიტარიუსში კონსულტაციებსა და ოპერაციებს ჩაატარებს გელა ობერიუხტინი

28 თებერვალს და პირველ მარტს კლინიკა „საგიტარიუსში“ კონსულტაციებსა და ოპერაციებს ჩაატარებს საქართველოს წამყვანი სტრაბიზმოლოგი (სიელმის სპეციალისტი) გელა ობერიუხტინი.

გელა ობერიუხტინი არის ექიმი ოფთალმოლოგი 26-წლიანი გამოცდილებით, გახლავთ სტრაბიზმის (სიელმის) წამყვანი სპეციალისტი საქართველოს მასშტაბით. იგი კლინიკა „საგიტარიუსის“ მოწვეული სპეციალისტია და ჩვენს კლინიკასთან უკვე 4 წელია თანამშრომლობს. როგორც თავად ექიმი ერთ-ერთ სტატიაში აღნიშნავს, ჩვენთან მისი მუშაობა განაპირობა იმან, რომ ჩვენი კლინიკა „სრულად აღჭურვილია სათანადო აპარატურით და დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური კადრებით“. 

გელა ექიმმა, ასევე, შექმნა ბავშვთა მხედველობის ცენტრი თვალის მიკროქირურგიულ ცენტრ „ოფთალმიჯში“, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით ემსახურება მოსახლეობას.

ექიმი გელა ობერიუხტინი გახლავთ ევროპის სტრაბიზმოლოგთა ასოციაციის წევრი. ასოციაცია ძირითადად დაკავებულია სიელმის პრობლემებით. აღნიშნული ასოციაციის მნიშვნელობა იმაში გამოიხატება, რომ ყოველწლიურ შეკრებებზე ისინი განიხილავენ სიელმის მკურნალობის უახლეს მეთოდებს.

კონსულტაციასა და ოპერაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით: 0422 27 95 53; 577 77 9797.
ან მოგვწერეთ პირად შეტყობინებებში: Klinika Sagitariusi Batumi
მისამართი: ქ. ბათუმი, ზ. გორგილაძის ქ. #91 ;სამედიცინო ცენტრი „საგიტარიუსი“

გაეცანით ჩვენი კლინიკის ოფიციალურ გვერდს და მიიღეთ დამატებითი ინფორმაცია ჩვენთან მომუშავე ყველა სპეციალისტის შესახებ: sagitarius.ge

უკანონო ფარული ჩანაწერის ყურება დასჯადი არ შეიძლება იყოს – იურისტის განმარტება

„სისხლის სამართლის ის ნორმა, რომლითაც ამ ხალხს დევნიან, მინიმუმ ჩემთვის, გულისხმობს შემდეგ რამეს: ჩანაწერი უნდა იყოს უკანონო. ესე იგი, იმთავითვე არსებობს პრეზუმფცია, რომ შეიძლება არსებობდეს პირადი ცხოვრების ამსახველი კანონიერი ჩანაწერი…“ – წერს „ფეისბუქში“ იურისტი გიორგი ჩიტიძე. მას ვთხოვეთ განმარტება, რა შემთხვევაში უნდა ჩაითვალოს დანაშაულად ფარული კადრების ნახვა, შენახვა, ან გავრცელება.

„ვფიქრობ, რომ თუ ამგვარი ინფორმაცია უკვე ხელმისაწვდომია საჯარო (ინტერნეტ) სივრცეში, მით უფრო, ცნობილ პლატფორმებზე, როგორიცაა youtube ან სხვა მსგავსი საიტი, რთულია ადამიანმა განსაზღვროს, ჩანაწერი კანონიერია თუ არა. თუმცა, რომც იცოდეს, რომ უკანონოა, მისი ყურებისთვის არ უნდა ისჯებოდეს და მეგობრებისთვის გაგზავნისთვისაც ვერ დაისჯება, რადგან ინფორმაცია ვიღაცა სხვამ უკანონოდ უკვე განათავსა ინტერნეტსივრცეში.

განსხვავებული სიტუაციაა, თუ ვიდეო არ იძებნება საჯარო სივრცეში და მე ვტვირთავ იმ მიზნით, რომ კონკრეტულ პირს ზიანს აყენებს. მაგალითად, ამ წუთისთვის, ეკა ბესელიას ვიდეო თუ არ იძებნება არსად და მე თავიდან ვტვირთავ და ვავრცელებ, მე უნდა დავისაჯო, მაგრამ არა ის ადამიანები, ვისაც მიუვა ჩემ მიერ ატვირთული ვიდეო,“ – მიიჩნევს გიორგი ჩიტიძე.

კონკრეტული სამართლებრივი ნორმა ითვალისწინებს ფარული ჩანაწერების შენახვისთვის სასჯელის დაკისრებასაც. რატომ შეიძლება მივიჩნიოთ, რომ ფარული კადრების ყურება ან მისი შენახვა არ არის დანაშაული, თუკი სახელმწიფოს მიზანი არის ის, რომ თითოეული ჩვენგანის პირადი ცხოვრება დაიცვას? – იურისტი უკანონოდ ჩანაწერის მოპოვების გარდა აქცენტს აკეთებს განზრახვაზე, რაც ასევე უნდა დადასტურდეს.

„მეორე კრიტერიუმია განზრახვა, რომ ვიღაცას ზიანი მიაყენო და მესამე არის კონკრეტულად დამდგარი ზიანი. თუ ეს სამივე არ არსებობს და მხოლოდ ყურების ან/და არსებული ინფორმაციის გაგზავნის პირობებში ბოლო ორი კრიტერიუმი ვერ იარსებებს, ჭორაობისთვის დასჯა გამოვა. მაგალითად, მწერალმა დაწერა წიგნი, სადაც იდენტიფიცირებულად, სახელითა და გვარით, აღწერს კონკრეტული პირის ცხოვრების ინტიმურ დეტალებს. წიგნი არის ბესტსელერი. ისმის კითხვა: მწერალი უნდა დაისაჯოს? ბუნებრივია, სახელმწიფოს მიზანი ვერ იქნება ასეთი პირის დასჯა,“ –  გვითხრა გიორგი ჩიტიძემ.

როგორ უნდა გაიგოს მოქალაქემ ფარული ჩანაწერი, რასაც მას უგზავნიან, კანონიერად არის მოპოვებული თუ უკანონოდ? – „კანონიერად მოპოვებული ჩანაწერია, მაგალითად, ლეგალური პორნოგრაფია, რომელიც სახელშეკრულებო ურთიერთობით, ე.წ. სერვისკონტრაქტით სრულდება მსახიობსა და ფილმის გადამღებ კომპანიას შორის. ასევე, კანონიერია ის ჩანაწერი, რომლის ერთ-ერთი მხარეც მე ვარ, მაგალითად, თუ მიგზავნით ინფორმაციას ან მელაპარაკებით, იმთავითვე, არსებობს რისკი, რომ შეიძლება გავავრცელო. გავრცელება არის უბანში ბირჟაზე დგომა და ჭორაობა ან ინტერნეტში სტატუსად დაწერა და ა.შ. ბუნებრივია, ზეპირსიტყვიერი გადმოცემა და ვიზუალური მასალა ერთმანეთისგან განსხვავდება, თუმცა, სამართლებრივად, არსი ერთია. საჯარო პლატფორმაზე უკვე განთავსებული ინფორმაციის მიღების, შენახვის და გავრცელების შემთხვევაში კი არ უნდა დავისაჯო. სხვა შემთხვევაში, შეიძლება ვიღაც შემომიძვრეს კომპიუტერში, ჩამიგდოს ვიდეო ან/და ჩემი სახელით გაავრცელოს და ამტკიცე მერე რომ, არც იცოდი და არც გინახავს. ან ჩამიგდებენ ვირუსულ ლინკს, დავაჭერ, გამოვა ვიდეო და ესეც დასვამს დანაშაულის შემადგენლობას,“ – განმარტავს იურისტი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გავრცელების ფაქტზე გამოძიებას საქართველოს სსკ-ის 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით აწარმოებს. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სულ 18 პირია დაკავებული.

საქმე ეხება დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსხველი კადრების გავრცელებას. თავდაპირველად მომხმარებლები ამ ჩანაწერს ერთმანეთს სხვადასხვა ჩატებში უგზავნიდნენ, ხოლო შემდეგ უკვე საჯაროდაც აიტვირთა ერთ-ერთი მომხმარებლის გვერდზე. კადრების გავრცელების პირველწყარო ჯერჯერობით დაუდგენელია.

გუშინ, 25 თებერვალს, ბათუმში, სკოლის მოსწავლეების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაზეც დაიწყო გამოძიება.

ბათუმის აეროპორტში ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს

შემოსავლების სამსახურის ცნობით, ბათუმისა და ქუთაისის აეროპორტებში ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა უკრაინის, საქართველოსა და ისრაელის მოქალაქეების კუთვნილი ხელბარგების დათვალიერებისას, ფსიქოტროპული (138 კაფსულა და 23 აბი) და ნარკოტიკული (107 აბი და 2 ბოთლი) ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს.

შემოსავლების სამსახურის ცნობით, შემთხვევები 22-25 თებერვალს მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სსკ-ს 260-ე, 261-ე, 262-ე და 263-ე მუხლების პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვას და საქართველოში უკანონოდ შემოტანას გულისხმობს.

დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„ორი კვირით შემირიგდი და მერე გამშორდი“ – ქმარი ცოლს მოკვლით ემუქრება

ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებ ქალს ქმარი სიცოცხლის მოსპობით ემუქრება. გუშინ, 25 თებერვალს, ჩაქვის პოლიციის განყოფილებამ ამ ფაქტზე გამოძიება დაიწყო და ქმრის წინააღმდეგ შემაკავებელი ორდერი გამოსცა.

„ცოლ-ქმარი განქორწინებული არ არის, თუმცა ერთად აღარ ცხოვრობენ. ქმარი სასჯელს იხდიდა და  ციხიდან ახლახან გამოვიდა, რის შემდეგაც  მეუღლეს ემუქრება მოკვლით, თუ არ შეურიგდებოდა. ძირითადად sms-ებს უგზავნიდა, სადაც წერდა, რომ ორი კვირით მაინც შეურიგდეს და მერე შეუძლია გაშორდეს… მათ ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავთ. ბავშვები დედასთან არიან,“ – გვიყვება ანნა მდინარაძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი. ეს ორგანიზაცია ქალის ინტერესების იცავს, რომელიც ახლა უკვე მეუღლესთან განქორწინებასაც გეგმავს.

კაცი, რომელიც ცოლს მოკვლით ემუქრება, თბილისში ცხოვრობს. ის ამ დროისთვის დაკავებული არ არის. მსხვერპლის თქმით, მასზე მეუღლე ციხეში მოხვედრამდე ფიზიკურადაც ძალადობდა, თუმცა ქალს პოლიციისთვის არ მიუმართავს. კაცის დაპატიმრების შემდეგ ქალი მშობლების ოჯახში დაბრუნდა. კაცი ძარცვისთვის და იარაღის უკანონო ტარებისთვის იხდიდა სასჯელს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სატელეფონო შეტყობინების საფუძველზე დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლის შესაბამისად, რაც გულისხმობს მუქარას ოჯახში ძალადობის ნიადაგზე.

საზღვაო აკადემია დასაქმების ფორუმს მართავს

დღეს, 26 თებერვალს, ბათუმში “დამსაქმებელთა და საერთაშორისო განათლების ფორუმი” იმართება, რომლის ორგანიზატორი ბათუმის საზღვაო აკადემიაა. ფორუმზე წარმოდგენილია ყველა მსხივილი დამსაქმებელი, რომლებიც საზღვაო სფეროსთან არიან  დაკავშირებული საქართველოში.

“ამ ღონისძიებით ჩვენ ვცდილობთ წავშალოთ ბარიერები და საშუალება მივცეთ ყველას, მიაღწიონ დასახულ მიზანს,”- ნათქვამია საზღვაო აკადემიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ფორუმზე ისეთმა ორგანიზაციებმა მოაწყვეს პრეზენტაციები, როგორიცაა: Columbia Shipmanagment-ი და Fleetmon-ი. ფორუმზე ასევე წარმოდგენილნი იყვნენ საკრუინგო კომპანიები.

საგამოფენო სივრცეში საზღვაო სფეროსთან დაკავშირებული სხვადასხვა ორგანიზაციაა წარმოდგენილი. სტუდენტებს საშუალება აქვთ,  უშუალოდ შეხვდნენ პოტენციურ დამსაქმებლებს, დაუსვან მათთვის საინტერესო კითხვები და იპოვონ მათთვის საინტერესო ვაკანსიები.

კონკურსი აჭარაში ფილმების გადასაღებად

აჭარაში ფილმების გადასაღებად საგრანტო კონკურსი გამოცხადდა. კონკურსი მიმდინარეობს როგორც  სრულმეტრაჟიანი და მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმების, ისე დოკუმენტური კინოს გადასაღებად.

სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის გადასაღებად ერთ კინომწარმოებელზე  80 000 ლარი გაიცემა. დაფინანსების მოთხოვნა მხოლოდ ისეთი კინოპროექტისთვის არის შესაძლებელი,  რომელსაც უკვე მოპოვებული აქვს ალტერნატიული დაფინანსება – ფილმის სრული ბიუჯეტის  50 პროცენტი.

რაც შეეხება მოკლემეტრაჟიან მხატვრულ  და დოკუმენტურ ფილმებს, ერთ კინომწარმოებელზე 25 000-მდე ლარია გათვალისწინებული. დაფინანსების მოთხოვნა კი შესაძლებელია კინოპროექტისთვის, რომელსაც უკვე მოპოვებული აქვს ალტერნატიული დაფინანსება – ფილმის სრული ბიუჯეტის არანაკლებ 30%.

კონკურსში მონაწილეობისათვის განაცხადების მიღება მიმდინარე წლის 20 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.

საგრანტო დაფინანსებას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ქვეპროგრამის აჭარაში კინოხელოვნების განვითარების ხელშეწყობა’’– ფარგლებში გასცემს. კონკურსის მთავარი პირობაა, რომ სამინისტროსგან მოთხოვნილი თანხა 2019 წლის 15 დეკემბრამდე  სრულად უნდა  დაიხარჯოს აჭარის რეგიონში.

მთავარი ფოტო: კადრი დოკუმენტური ფილმის “ჯარას” გადასაღები მოედნიდან

როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს და ხვალ, 26 თებერვლის  21 საათიდან 27 თებერვლის  21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, დროგამოშვებით – წვიმა, მთაში მოთოვს.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 5 – 10 გრადუსი
  • ღამით: 2 – 7 გრადუსი

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს დროგამოშვებით იწვიმებს, მთაში კი თოვაა მოსალოდნელი.

______________________

არჩილ კახაძის ფოტო

ცოტა რამ გასტრიტის შესახებ – დააკვირდი საკუთარ თავს და მერე დაგეგმე ვიზიტი ექიმთან

დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნევდნენ, რომ გასტრიტის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების მიზეზი იყო მომატებული მჟავიანობა. აზრად არავის მოსვლია კუჭში მიკროორგანიზმები მოეძებნა, რადგანაც მჟავე გარემოში სიცოცხლისუნარიანობა არ არის. გამონაკლისს წარმოადგენს H. Pylori, რომელიც მშვენივრად ადაპტირებს ექსტრემალურ პირობებში.

ეს ბაქტერია აღმოაჩინეს 1982 წელს ავსტრიელმა მეცნიერმა V.W Arron და B. Marshall და უწოდეს H.pylori (პილორუსში მცხოვრები სპირალური ბაქტერია).

H.pylori როგორც კი მოხვდება ჩვენს ორგანიზმში, იბუდებს კუჭში – საყვარელ გარემოში. კუჭის წვენის მოქმედებით რომ არ დაიშალოს ბაქტერია, იცავს თავს – ფერმენტებისგან იკეთებს გარს და ეკედლება პარიეტალურ უჯრედსს. მას შეუძლია დაარღვიოს კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ამომფენი ეპითელიუმი და განავითაროს ანთებითი ცვლილებები:

[checklist]

  • გასტრიტი
  • ატროფიული გასტრიტი
  • ეროზია
  • კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული
  • დუოდენოგასტრალური რეფლუქსი
  • კუჭის კიბო
  • კუჭის ლიმფომა

[/checklist]

სიმპტომები, რომლებსაც უნდა დავაკვირდეთ:

[checklist]

  • გულძმარვა
  • ბოყინი
  • გულისრევის შეგრძნება
  • ღებინება
  • მუცლის შებერილობა
  • ტკივილი და დისკომფორტი ეპიგასტრიუმის არეში
  • ნაწლავის მოტორიკის დარღვევა
  • მადის ცვლილებები
  • ქრ. ობსტრუქციული ბრონქიტი
  • ბრონქული ასთმა და ა.შ.

[/checklist]

[highlight color=”red”]გავრცელება:[/highlight]

ჰელიკობაქტერ პილორი ადვილად ვრცელდება. ინფიცირების წყაროა საკვები, ფეკალურ-ორალური და საყოფაცხოვრებო გზები. თუ ერთი ოჯახის წევრი ინფიცირებულია ჰელიკობაქტერ პილორით, 95% შემთხვევაში არის ინფიცირებული ყველა დანარჩენი. დაავადება არ ვრცელდება ჰაერწვეთოვანი გზით.

[highlight color=”red”]დიაგნოსტიკა:[/highlight]

[checklist]

  • H.pylori-ზე სუნთქვითი ურეაზული ტესტი
  • სისხლში H.pylori-ს განსაზღვრა
  • ბიოფსიურ მასალაში მისი აღმოჩენა

[/checklist]

მსოფლიოს ზოგადი სტატისტიკით, წყლულოვანი დაავადება შემცირებულია, რაც, ძირითადად, ამ ბაქტერიის ლიკვიდაციის (ერადიკაციის) შედეგია.

მკურნალობა შესაძლებელია სწორი დიაგნოსტიკით, შესაბამისად, ექიმთან დროული ვიზიტით.

მირანდა გაბაიძე – გასტროენტეროლოგ-დიეტოლოგი


ექიმთან ვიზიტის დაგეგმვის ან დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ნომერზე: 0422 22 71 71 
ან დაჯავშნეთ ვიზიტი ვებგვერდის საშუალებით www.khozrevanidze.ge.

სიახლეების მისაღებად მოგვყევით ფეისბუქგვერდზე:ხოზრევანიძის კლინიკა • Khozrevanidze’s Clinic

მისამართი: ბათუმი, გ.ბრწყინვალეს 81

სამი სახლი ძველ ბათუმში, რომელიც არ იყიდება

ყაზბეგის ქუჩა, სახლი №8

პატარა ქუჩაზე მდებარე კერძო სახლი მაღალსართულიანი კორპუსების ალყაშია მოქცეული, თეთრი ქვებით მოპირკეთებულ, გამწვანებულ ეზოს, ირგვლივ აშენებული კორპუსების აივნები გადმოჰყურებს. სახლის მეპატრონეს მიაჩნია, რომ სივრცე შეიძლება შეიცვალოს, შეიცვალოს ყველაფერი ქალაქში, მაგრამ ეს სახლი, სადაც მისი წინაპრებისა და მამის ბავშვობამ გაიარა – სულ დარჩება. როგორც ნინო გაბუნია ყვება, სახლის შენარჩუნება მარტივი არ ყოფილა.

„სახურავს იმდენი ნახვრეტი ჰქონდა, რამდენი ვარსკვლავიც კი არ ჩანს ალბათ ობსერვატორიიდან. ყველა ოთახში წყალი ჩამოდიოდა, ყოველი გაწვიმებისას გული მისკდებოდა და მეორე სართულზე ჯამ-ჭურჭლით ავრბოდი. ჩაინგრა იატაკიც, ორ ბავშვთან ერთად აქ ცხოვრება გაუსაძლისი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ჭერიდან წლობით წვიმდა, მაინც არ დაინგრა. ვფიქრობდი, თუ სახლმა გაძლო ამდენხანს კაპიტალური რეაბილიტაციის გარეშე, ალბათ მეც შევძლებ მას დავეხმარო-მეთქი“, – გვიყვება სახლის მეპატრონე.

ნინო არჩევანის წინაშე დადგა, აერჩია მარტივი გზა: მიეყიდა სახლი ინვესტორებისთვის და სწრაფად მოეგვარებინა პრობლემები, ან რთულ გზას დადგომოდა – შეენარჩუნებინა სახლი და მოეძიებინა რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხები, აეღო დიდი სესხი, რომელსაც მერე არ იცოდა რით გადაიხდიდა.

800 კვ.მ ფართობზე განთავსებული სახლითა და ეზოთი ინვესტორები არაერთხელ დაინტერესდნენ, თუმცა სახლი პატრონმა არ დათმო, სესხი აიღო, შენობა გაამაგრა და კაფე მოაწყო, მერე გააფართოვა და რესტორნად აქცია. თავად ჩაუტარა რესტავრაცია ძველ ნივთებს, იდგა ხარაჩოებზე, ასე გადარჩა კერძო სახლი ყაზბეგის 8 ნომერში, ეზოში უძველესი ჭით და თეთრი კამელიებით, რომელიც ნინოს მამამ ზუსტად იმ დღეს დარგო, როცა ქალიშვილი შეეძინა. ახლა აქ რესტორანი „დელირიაა“ სამედიცინო ენაზე დელირია სიგიჟეს და ბოდვას ნიშნავს – თანდართული ჰალუცინაციებით.

„ეს ჩემი საგვარეულო სახლია, ყველა ჩემი ნათესავი აქ გაიზარდა. წარსული უფრო დიდი ღირებულებაა ჩემთვის, ვიდრე  ინვესტორისგან მიღებული უზარმაზარი თანხა და ფინანსური მოგება. მამაც აქ გაიზარდა, მისმა ბავშვობამ ამ ეზოში გაიარა. სახლის გაყიდვა მისი წარსულის წაშლას ნიშნავდა“, – ყვება ნინო. ის და მისი მეუღლე ყველაფერს აკეთებენ, რომ სახლი ისე შეინახონ, როგორ მდგომარეობაშიც ახლაა, არ შელესონ და, უბრალოდ, გაამაგრონ.

სახლი 150-ზე მეტი წლისაა. როგორც ნინო ყვება, წარსულში მეპატრონეებს სახლი წაართვეს კიდეც, მაგრამ გაბუნიებმა საკუთრება დაიბრუნეს.

„აქ მოსულს სახლი უკან არავის უშვებს, აუცილებლად მოგინდებათ უკან დაბრუნდეთ და  ეს კაფის სტუმრებსაც ხშირად უთქვამთ. ალბათ ყველა ძველ სახლს აქვს განსაკუთრებული ენერგია, მარტო საუკუნოვანი ამბები და ისტორიები რად ღირს, რასაც ამ კედლებში ჩაუვლია.

ბმა ალბათ სახლსა და მეპატრონეს შორის დადებით ენერგიას ქმნის. ჩემი არსებობა ამ სახლის გარეშე ვერ წარმომიდგენია, სახლმა თავისი სიყვარულით მიმიბა, რასაც აქ  ვაკეთებთ, ყველაფერს სიყვარულით“, – ამბობს ნინო.

სახლსა და შიგ განთავსებულ კაფეზე ზრუნვა ნინო გაბუნიას ძვირად უღირს. თბილისში მარტო დარჩენილი ასაკოვანი მშობლების ნახვას იშვიათად ახერხებს და ამბობს, რომ სახლის გადარჩენისა და მოვლის სანაცვლოდ, ვერ ახერხებს იყოს მშობლებთან მაშინ, როცა მათ ყველაზე ძალიან სჭირდებათ. სხვა მხრივ თბილისის დატოვებას ნინო არ ნანობს. უკვე 18 წელია ბათუმში ცხოვრობს. სურს ქალაქი ამაყობდეს იმით, რომ საუკუნოვან სახლში განთავსებულ „დელირიაში“ მოსული სტუმარი ბათუმით უკმაყოფილო არასდროს წავა.

სახლის ერთ ნახევარში მეპატრონეები ცხოვრობენ. მეორე ნახევარში რესტორანია.

ფარნავაზ მეფის ქუჩა, სახლი №47

ბელეტაჟის ტიპის სახლი ეზოს სიღრმეში დგას. ხის კარი ძველია და მეპატრონეებს არ შეუცვლიათ. სახლი 1908 წელს ანანიკიანებმა ააშენეს, 1918 წელს კი კოსტა თოფურიძეს მიჰყიდეს. აქ ახლა მისი შთამომავლები ცხოვრობენ. სახლი ზუსტად ერთი საუკუნეა, რაც ამ ოჯახის საკუთრებაშია.

ზოია თოფურიძე მამამთილის მონათხრობს იხსენებს, თუ როგორ გაყიდა მისმა დიდმა ბაბუამ უამრავი ნივთი, რომ ეს სახლი ეყიდა ახლანდელი ფარნავაზ მეფის ქუჩაზე.

ეთერ თოფურიძე მეუღლესთან და ვაჟთან ერთად

„ინვესტორებისთვის მომხიბვლელი უბანია და უამრავი შემოთავაზება მიგვიღია, მაგრამ არ არსებობს საფასური, რაზეც წარსულს, ისტორიას, მოგონებებს გავცვლიდით. აქ დაიბადნენ და გაიზარდნენ ჩემი შვილები, მეუღლე, მამამთილი და მისი მამაც. ჩვენი ოჯახის მეხუთე თაობა ცხოვრობს სახლში. ჩემს შვილებს უამრავი რამ აკავშირებთ აქაურობასთან.

ეს სახლი თავისი წარსულით ჩვენთვის ფასეულობაა, რამდენად დიდი ეს უკვე ადამიანზეა დამოკიდებული, როგორ ხედავს, რა უფრო მნიშვნელოვანია მისთვის“, – ამბობს ზოია თოფურიძე.

 

ზოია თოფურიძე

 

დემეტრე თავდადებულის ქუჩა, სახლი №35

2012 წელს გამოცემულ ბათუმის არქიტექტურულ ძეგლთა ნუსხაში წერია, რომ დემეტრე თავდადებულის №35-ში მდებარე სახლი ხე-ტყით მოვაჭრე ჯანგოზიანმა XIX საუკუნის ბოლოს ააშენა. ვაჭარი ოჯახთან ერთად სახლის პირველ სართულზე ცხოვრობდა, მეორეზე კი ოფისი ჰქონდა მოწყობილი. 1921 წლის 18 მარტს ჯანგოზიანების ოჯახი ნოე ჟორდანიას მთავრობას ოჯახთან ერთად საფრანგეთში გაჰყვა. მას შემდეგ ისინი ბათუმში აღარ დაბრუნებულან. 1922 წელს კი ნაციონალიზაციის შედეგად სახლში რამდენიმე ოჯახი ერთად შეასახლეს.

ბათუმი.დემეტრე თავდადებულის #35. ფოტო არქივიდან

ამ სახლის პირველ სართულზე ახლა მანანა ბოლქვაძე ცხოვრობს დასთან ერთად. როგორც გვეუბნება, ჯანგოზიანების შემდეგ მისი წინაპრების სამი თაობის ცხოვრებამ გაიარა ამ კედლებში. სახლში მათ გარდა კიდევ ორი ოჯახი ცხოვრობს.

„სიძველეებიდან მხოლოდ ძველი ბუხარი, კიბეები და ჭერის ნაწილია დარჩენილი. სახურავიდან შენობაში წყალიც ჩამოდის. სახლის რეაბილიტაციის საკითხზე იმდენჯერ ვიყავი მერიაში, უკვე გადაკოცნით მხვდებიან ახლობელივით. შენობა ასზე მეტი წლისაა. ბათუმის ყოფილი მერები: რობერტ ჩხაიძე, გიორგი ერმაკოვი, მოვიდოდნენ, დაათვალიერებდნენ განადგურების პირას მყოფ ძეგლს, თავს გადააქნევ-გადმოაქნევდნენ და ამით მთავრდებოდა ყველაფერი“, – ამბობს მანანა ბოლქვაძე.

სახლი დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე №35

სახლს ერთ მხარეს სადარბაზო კარი, მეორე მხარეს კი თაღოვანი შესასვლელი აქვს, საიდანაც შიდა ეზოში მოხვდებით. ეზოში მდგარი ჭადარი, როგორც მანანა ბოლქვაძე გვეუბნება, სახლის მსგავსად ასწლოვანია. როგორც აქ მცხოვრებლები ამბობენ, თუ ადრე ოთახებში მზის სხივები მთელი დღის განმავლობაში შედიოდა, ახლა შუქი სახლში საერთოდ ვეღარ აღწევს, რადგან სახლს მთლიანად ჩრდილავს იქვე მშენებარე მაღალსართულიანი სახლი.

ასწლოვანი ჭადარი დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე

დემეტრე თავდადებულის №35-ში მდებარე ძეგლის სტატუსის მქონე სახლს რეაბილიტაცია წელს ჩაუტარდება და პირვანდელ სახეს დაიბრუნებს. ჯერჯერობით კი სადარბაზოს ძველი ხის კარი აჭედილი და ჩარაზულია, შენობის ფასადის დეკორატიული ელემენტები კი ჩამოცვენილი და დაზიანებული.

შეგიძლია თუ არა სეზონური გრიპის დამარცხება? [ტესტი]

იცით თუ არა როგორ უნდა ებრძოლოთ სეზონურ გრიპსა და გაციებას? ეს ტექსტი დაგეხმარებათ ამის გარკვევაში.

როგორ მოვუაროთ ორქიდეას და რეკომენდებულია თუ არა მისი გადარგვა – ფლორისტის რჩევა

როგორ მოვუაროთ ბევრისთვის საყვარელ მცენარეს – ორქიდეას, რა სიხშირით მოვრწყოთ, სად მოვათავსოთ და სჭირდება თუ არა მას გადარგვა, ამის შესახებ გვირჩია ეთერ აბუსელიძემ, ფლორისტმა, მაღაზია „ჰოლანდიური ყვავილებიდან“.

ორქიდეა უდაბნოს მცენარეა და შესაბამისად უყვარს სითბო.  სიცივეში ვერ ხარობს. უნდა მოვათავსოთ ოთახში განათებულ ადგილას, სადაც იქნება საშუალო ტემპერატურა. ყვავილობის დროსაც და შემდეგაც უნდა იყოს განათებულ ადგილას.

ორქიდეას მოვლისას უშვებენ შეცდომას, როცა მას ხშირად რწყავენ ან უცვლიან ქოთანს. როცა შეიძენენ ორქიდეას, ცდილობენ, შეუცვალონ ქოთანი და გადაიტანონ უფრო მოზრდილში ან გამოუცვალონ ნიადაგი, რაც დაუშვებელია, მას არ სჭირდება არც ნიადაგის შეცვლა და არც ქოთნის გამოცვლა. ის, რაშიც არის მოთავსებული, მას ჰყოფნის არსებობის მანძილზე. თუკი მაინცა და მაინც გვინდა გადავიტანოთ სხვა ქოთანში, არაფრით არ შეიძლება ნიადაგად მიწის გამოყენება, არსებობს სპეციალური ქერქი, რომელიც იყიდება მაღაზიებში –  მხოლოდ  და მხოლოდ ის უნდა გამოვიყენოთ.

რაც შეეხება მორწყვას, უნდა მოვრწყოთ შემდეგი მეთოდით: ორქიდეა ქოთნით 20 წუთით მოვათავსოთ თასში, რომელშიც იქნება გაჩერებული წყალი. წყალი უნდა გაჩერდეს არანაკლებ 24 საათის განმავლობაში. უნდა მოვრწყოთ 15-20 დღეში ერთხელ, ბათუმის ნესტიანი კლიმატის პირობებში ამ სიხშირით მორწყვა სრულიად საკმარისია.

წლების შემდეგ, ჯანმრთელი მცენარის შემთხვევაში,  ქოთნიდან ამოდის ფესვები, დაუშვებელია მათი უკან ჩაბრუნება ან რაიმე სახით ზემოქმედება. არ არის საჭირო ზედმეტი შეხება მათზე. მცენარეს უნდა მივცეთ თავისუფლება. რაც უფრო მეტად ამოიყრის ფესვებს, მიანიშნებს, რომ მეტად ჯანმრთელია მცენარე.

ზოგადად, უმჯობესია მცენარემ იცხოვროს თავისით, ბუნებრივი ცხოვრებით. მინარევებით და სხვა საშუალებებით დახმარება, თუკი არ არის ამის საჭიროება, არ არის აუცილებელი.

4 მლნ ლარი ბათუმის 23-ე სკოლის ასაშენებლად – კომპანია აჭარის განათლების სამინისტროს უჩივის 

შპს „ანანა“ აჭარის განათლების სამინისტროს შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოში უჩივის. კომპანია, შესყიდვების კომისიას, სამინისტროს მიერ შედგენილი იმ ოქმის გაუქმებას სთხოვს, რომელიც კომპანიისთვის დისკვალიფიკაციის მინიჭებას ითვალისწინებს. შპს „ანანა“ მონაწილეობს სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც #23 [ მახვილაურის დასახლება] სკოლის მშენებლობას ითვალისწინებს.

მახვილაურის სკოლა ე.წ. ავტობანის მშენებლობის გამო ბუფერულ ზონაში მოხვდა, რის გამოც მისი დემონტაჟი იგეგმება. ახალი სკოლის არქიტექტურული პროექტი ბათუმის მერის ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურში უკვე განიხილეს, გაცემულია მშენებლობის ნებართვაც.

მახვილაურის საჯარო სკოლა, რომელიც ახალი სკოლის აშენების შემდეგ დაინგრევა
ფოტო: სკოლის ფეისბუკის გვერდიდან

#23-ე სკოლის მშენებლობის სამუშაოების შესყიდვაზე აჭარის განათლების სამინისტრომ ე.წ. NAT ტენდერი გამოაცხადა, რაც გულისხმობს შესყიდვას აუქციონის გარეშე, პრეტენდენტებს შორის ვაჭრობა არ მიმდინარეობს, ისინი მხოლოდ თავიანთ ფასს სთავაზობენ შემსყიდველს, რის შემდეგაც გამარჯვებული გამოვლინდება ყველაზე დაბალი ფასის მიხედვით.

ამ შემთხვევაში ტენდერში ორი კომპანია – შპს „ანანა“ და შპს „ვექტორი“ მონაწილეობდა. პრეტენდენტებმა სამუშაოს შესრულება შესმყიდველს 800 000 ლარით ნაკლებად შესთავაზეს [შპს ვექტორმა 3 098080, ხოლო შპს „ანანამ“ 3089777 ლარი დააფიქსირა ].

შეთავაზებული ფასების მიხედვით, გამარჯვება შპს „ანანას“ უნდა დარჩენოდა, თუმცა განათლების სამინისტრომ კომპანიას დისკვალიფიკაცია მისცა. ოქმის მიხედვით, კომპანიამ შესყიდვების კომისიას ზუსტი ხარჯთაღრიცხვა არ წარუდგინა:

შპს „ანანა“ შესყიდვების სააგენტოსთვის გაგზავნლი თავის საჩივარში ხარვეზს მექანიკურ შეცდომად აფასებს და განმარტავს, რომ ისეთი შეცდომის შემთხვევაში, როგორიცაა არასწორი ჯამის ან ნამრავლის მითითება, სიტყვიერი და ციფრობრივი გამოსახულების შეუსაბამობა, შესაძლებელია შესწორდეს დაზუსტების გარეშე, ერთეულის ფასის უპირატესობის პრინციპის გათვალისწინებით, მხოლოდ იმ პირობით თუ ეს არ აღემატება დაფიქსირებულ საბოლოო ფასს.

გარდა ამისა, შპს „ანანა“ საჩივარში განმარტავს, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანების მიხედვით, სატენდერო კომისია არ ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, თუ მისი ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეიცავს ისეთ უზუსტობას, რომლის დაზუსტებაც არ გამოიწვევს ტექნიკური დოკუმენტაციის არსებით ცვლილებას ან არ გაზრდის წინადადების ფასს.

კომპანიის საჩივარი ამ დროისთვის განხილვის ეტაპზეა. იმ შემთხვევაში, თუ შესყიდვების სააგენტო კომპანიას გაამართლებს, ეს არ გამორიცხავს, რომ საჩივრით სააგენტოს დავების საბჭოს მეორე პრეტენდენტმაც მიმართოს, რაც მშენებელი კომპანიის შერჩევის პროცესს კიდევ გააჭიანურებს. შესაბამისად, გაჭიანურდება სკოლის მშენებლობის დაწყებაც.

ბათუმის 23-ე სკოლის ახალი შენობისთვის 4 მილიონამდე ლარი დაიხარჯება – ტენდერი

 

გასაყიდი მიწები აჭარის სანაპიროზე, სადაც შესაძლოა სასტუმროები აშენდეს

აჭარაში შავის ზღვის სასაზღვრო ზოლზე მაღალი კლასის სასტუმროს მშენებლობის შესაძლებლობით ესპანური კომპანია „Iberostar Group“-ი დაინტერესდა. ეს ინფორმაცია სააგენტო „აწარმოე საქართველომ“ გაავრცელა. სააგენტოს ინფორმაციით, „ვინაიდან კომპანიის სასაქონლო ნიშანს წარმოადგენს „პირველი ხაზის“ სასტუმროები [„first line“ hotels], რაც გულისხმობს სანაპიროს პირველ ზოლზე სასტუმროების განთავსებას, სააგენტომ ჯგუფს გააცნო შავი ზღვის საინვესტიციო პოტენციალი… და შესთავაზა აჭარის რეგიონში ინვესტირება უძრავი ქონების და სასტუმროს ინდუსტრიის მიმართულებით“.

სააგენტოს წარმომადგენლები საზღვარგარეთ, „აწარმოე საქართველოში“ მიერ ორგანიზებული საინვესტიციო მისიის ფარგლებში იმყოფებოდნენ. „ბათუმელები“ დაუკავშირდა „აწარმოე საქართველოს“, დაეკონკრეტებინა რომელი ადგილი შესთავაზეს ესპანურ კომპანიას აჭარის სანაპირო ზოლში.

„ამ კომპანიას საქართველოში ჯერ არ განუხორციელებია ინვესტიცია, სერიოზული კომპანიაა, ძალიან მაღალი სტანდარტების სასტუმროები აქვს და მოთხოვნა აქვთ პირველ ზოლზე. ასე კონკრეტულად არ ყოფილა საუბარი, ვთქვათ, ქობულეთი, ბათუმი, გონიო თუ კვარიათი, მაგრამ ჩვენებმა აჭარის პოტენციური ადგილები შესთავაზეს, ანახეს და ისინი დაინტერესდნენ. ძირითადად, აჩვენეს უფრო ბათუმი-გონიო-კვარიათი“, – გვითხრეს „აწარმოე საქართველოში“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

ზღვის პირველ ზოლში ანუ პლაჟთან ახლოს ისეთი ადგილები, სადაც სასტუმრო ინდუსტრიის განვითარებაა შესაძლებელი, ზოგადად, მსოფლიოში ცოტაა. „ბათუმელები“ დაინტერესდა, რა პოტენციალი აქვს აჭარას ამ კუთხით და ზღვასთან [პლაჟთან] ახლოს რომელ ნაკვეთებს განიხილავს ხელისუფლება, სადაც შესაძლოა სასტუმროების აშენება. ასეთი, ჯერ კიდევ გაუსხვისებელი მიწის ნაკვეთების შესახებ ინფორმაცია გამოვითხოვეთ როგორც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან, ასევე,  ბათუმისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებიდან.

მიწის ნაკვეთები აჭარის სანაპიროზე, სადაც შესაძლოა სასტუმროები აშენდეს

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შავი ზღვის სანაპირო ზოლში არის ნაკვეთები, რომლებიც დღეს აჭარის საკუთრებაშია და რომლებიც „მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შესაძლებელია განიკარგოს, შესაბამისი საინვესტიციო წინადადებების ფარგლებში, მათ შორის სასტუმრო ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით“.

ასეთი ნაკვეთების საერთო ფართობი 384 422 კვ/მ-ია. აქედან 42 ათას კვ/მ-ზე მეტი ბათუმში, ხოლო დანარჩენი ქობულეთში.

ბათუმში ასეთი ნაკვეთებია თამარ მეფის გამზირზე, მდინარე ყოროლისწყლის შესართავთან [მდინარის მარჯვენა ნაპირზე], ასევე ზღვის პირას ჩაქვში – ყოფილი ტურბაზა „ჩაქვის“ ტერიტორია.

ქობულეთში კი მიწის ნაკვეთები განთავსებულია დავით აღმაშენებლის გამზირზე და აბაშიძის ქუჩაზე [საპატრიარქოს რეზიდენციის მიმდებარედ].

აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ორი ნაკვეთიდან ერთი ფიჭვნარია, გამწვანებული ტერიტორია [კიევის ყოფილი მერის ლეონიდ ჩერნოვეცკის საკუთრების მიმდებარედ], რომელსაც დამსვენებლები და ტურისტები ზღვის სეზონზე კემპინგისთვის იყენებენ. თუ ეს ნაკვეთებიც გასხვისდება, ფიჭვნარის სანაპიროზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული თავისუფალი ნაკვეთი აღარ იქნება.

ჩერნოვეცკის საკუთრებაში არსებული ნაკვეთიდან მდინარე ჩოლოქის მიმართულებით ზღვისპირა ზოლში 70 ათასი კვ/მ დღეს „საპარტნიორო ფონდის“ საკუთრებაშია.  ფონდის აქტივების პორტფელი, სტრატეგიული მნიშვნელობის სახელმწიფო კომპანიებისგან შედგება, თუმცა უცნობია რას აპირებს ფონდი ამ ზოლში.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში გვითხრეს, რომ „ქვეყანაში დღეს მიმდინარეობს პრივატიზების პროცესი და ნებისმიერი მიწის ნაკვეთი, რომელიც სახელმწიფოს ან აჭარის საკუთრებაშია, ყველას პრივატიზება უნდა მოხდეს [გაიყიდოს ან იჯარით გაიცეს]. მიწა, რომელიც არ არის კერძო საკუთრებაში, ან არავინ სარგებლობს, დაექვემდებარება პრივატიზებას, მაგაზე მთავრობა ზრუნავს“.

ქობულეთის სანაპიროზე 100 ათასი კვ/მ-ია, სადაც შესაძლოა სასტუმროები აშენდეს

არის თუ არა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ნაკვეთები ზღვის პირას, სადაც შესაძლოა სასტუმროების მშენებლობა განიხილებოდეს? – ქობულეთის მერის, მირიან ქათამაძის განცხადებით, მუნიციპალიტეტში ასეთი ხუთი ნაკვეთია, ძირითადად, აღმაშენებლის გამზირზე და საერთო ფართობი დაახლოებით 100 ათას კვადრატულ მეტრომდეა.

„აღრიცხული გვაქვს თითოეული მათგანი, გაკეთებული გვაქვს საინვესტიციო დანიშნულების მიწის ნაკვეთების და ობიექტების ბაზა და თითოეულზე საინვესტიციო პირობებიც მუშავდება. ეს ნაკვეთები დღეს არსებული მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის თანახმად მიეკუთვნება ლანდშაფტურ სარეკრეაციო ზონას და ეს სტატუსი არის შემაფერხებელი. ამ სტატუსის ზოლი, სადაც ეს ნაკვეთებია, ფაქტობრივად არ არის ისეთი ფასეული, რომ არ შეიძლებოდეს საინვესტიციოდ მისი ათვისება. ამიტომ ჩვენ, საზოგადოებასთან აქტიური კომუნიკაციის გზით [ამაზე საჯარო განხილვაც გვექნება], ვგეგმავთ ნაკვეთებისთვის ფუნქციური დანიშნულების შეცვლაზე ვისაუბროთ და გენგეგმაში ცვლილებები შევიტანოთ“, – აცხადებს მირიან ქათამაძე.

მისივე ინფორმაციით, ამ საკითხზე საუბარი იყო მრჩეველთა საბჭოსთან და საბჭომ ეს მიდგომა, ზოგადად, მოიწონა: „სწორად მინდა გაიგონ. ბუნებრივი ლანდშაფტის წინააღმდეგ კი არ მივდივართ პირველ ზოლში, არამედ ლანდშაფტური ზონა შესაძლებელია საკურორტო სარეკრეაციო ზონად შეიცვალოს, სადაც შესაძლებელი იქნება სასტუმროების და საკურორტო დანიშნულების სხვა ობიექტების განთავსება“.

ქობულეთის მერის ინფორმაციით, ზღვისპირა ზოლში არის კერძო საკუთრებაში არსებული ნაკვეთებიც, რომლებიც 2004-2007 წლებში გასხვისდა უპირობოდ, ყოველგვარი ვალდებულების გარეშე დაბალ ფასად და სადაც არაფერი განხორციელებულა. „მთავრობასთან შეთანხმებით უნდა ვიფიქროთ, რომ ასეთი ნაკვეთების მესაკუთრეები, ასე ვთქვათ, გავააქტიუროთ, თუმცა, მათ სახელშეკრულებო პირობები არ აქვთ“, – აცხადებს მირიან ქათამაძე.

მისივე თქმით: „ქობულეთის სანაპირო ზოლში ზოგიერთ ადგილს ლანდშაფტურის ნაცვლად უნდა ჰქონდეს საკურორტო-რეკრეაციული ზონის სტატუსი, რაც არ გამორიცხავს მრავალფუნქციური ობიექტების მშენებლობას. ეს ზოლი ამ კუთხით აუცილებლად უნდა განვითარდეს… ბევრს სკვერის სტატუსი მიენიჭა, ბევრს პარკის, მაგრამ არის ასათვისებელი მიწის ნაკვეთები და არ უნდა შევუშალოთ ხელი არც ჩვენ და არც ანაქრონიზმად დარჩენილმა სტატუსებმა, რომელიც შესაძლებელია შეიცვალოს. აქტიურად ვმუშაობთ ამ კუთხით“.

რა ხდება ბათუმის ზღვისპირა ზოლში 

არის თუ არა ზღვის სანაპირო ზოლში მიწის ნაკვეთები, რომლებიც ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია და სადაც შესაძლებელია აშენდეს სასტუმროები? – ბათუმის მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ქალაქის ზღვისპირა ზოლში ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არ არის დამოუკიდებელი საკადასტრო ერთეულის სახით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი რომელზეც განიხილება, ან შეიძლება განხილულ იქნას ინვესტიციების განხორციელების საკითხი სასტუმროების მშენებლობის კუთხით“.

ბათუმის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის ინფორმაციით კი:  „ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში შემავალი ზღვისპირა ტერიტორიის პირველი ზოლი არის ბათუმის მუნიციპალიტეტის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და კერძო პირთა საკუთრებაში.

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად აღნიშნულ ზოლში კანონის შესაბამისად გაიცემა მშენებლობის ნებართვა. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განიხილავს შემოსულ განცხადებას აღნიშნულ ტერიტორიებზე დაგეგმილი მშენებლობის შესახებ და სამშენებლო კანონმდებლობით დადგენილი წესებისა და რეგულაციების დაცვით გასცემს შესაბამის ნებართვას.

რაც შეეხება იმ გარემოებას, კონკრეტულად არის თუ არა განსაზღვრული საინვესტიციო ტერიტორია მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, გაცნობებთ, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ არ ხდება განსაზღვრა საინვესტიციო ტერიტორიის“.

გონიოს ყოფილი პოლიგონის და მიმდებარე ტერიტორიის განვითარება კვლავ „ღია თემაა“

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ მოწოდებულ სიაში არ იყო გონიოს ყოფილი პოლიგონისა და მიმდებარე ნაკვეთები ზღვის პირას, მიუხედავად იმისა, რომ ყოფილი პოლიგონის ტერიტორიის განვითარების კონცეფცია საქართველოს მთავრობას შემუშავებული აქვს.

ყოფილი პოლიგონი და მიმდებარე ტერიტორიები, ჯამში 3 084 407 კვ/მ [308 ჰექტარი] დღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაშია.

„ჩვენს სამინისტროს კონკრეტული გეგმა მაგ ტერიტორიასთან დაკავშირებით არ აქვს, მაგრამ ვმუშაობთ. დიდი ტერიტორიაა და მარტო სასტუმროსთვის ვერ განვიხილავთ, არათუ სასტუმრო კომპლექსი, არამედ ლამის ქალაქი შეიძლება გაშენდეს, ამიტომ ვიდრე კონკრეტულ კონცეფციაზე არ ჩამოვყალიბდებით, მანამდე ვერაფერს ვიტყვით. მარტო ჩვენი სამინისტრო კი არა, ყოფილი პოლიგონის ტერიტორია ისეთი სტრატეგიული ადგილია, შეიძლება ითქვას, სახელმწიფო მნიშვნელობის ობიექტია“, – გვითხრა ვახტანგ ჭეიშვილმა, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საინვესტიციო დეპარტამენტის უფროსმა.

უკვე არსებულ კონცეფციასთან დაკავშირებით ვახტანგ ჭეიშვილი ამბობს, რომ „ეს არის ერთი კერძო კომპანიის მოსაზრება და არა სახელმწიფო მიდგომა. ცენტრალურმა სამინისტრომ შეუკვეთა და კომპანიამ კვლევა დადო, რასაც ვიყენებთ. სამთავრობო დონეზე საბოლოო გადაწყვეტილება მაგ ნაკვეთთან დაკავშირებით მიღებული არ არის. ამასთან, რახან იყო კონცეფცია და შეიქმნა ახალი სააგენტო – „აწარმოე საქართველოში“, ეს კონცეფციაც ამ სააგენტოს ერგო წილად, მათ კომპეტენციაში შევიდა. კონკრეტულად ესპანურ კომპანიასთან დაკავშირებით კი ინფორმაცია არ გვაქვს“.

ვახტანგ ჭეიშვილის თქმით, ახლა იწყება ყოფილი პოლიგონის მიმდებარე ტერიტორიის შესწავლაც: „გარკვეული პრეზენტაციაც იყო, მაგრამ, ვიდრე პრივატიზაცია დაიწყება დეტალურად შევისწავლით და გვეცოდინება კონკრეტულად რა გვინდა, როგორ გვინდა, რასაც ალბათ დაანონსებს ხელმძღვანელობა. ყოფილ პოლიგონსა და მიმდებარე ტერიტორიასთან დაკავშირებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ღიაა ეს თემა. პირიქით, ველით სხვა მოსაზრებებს და წინადადებებს“.

შავი ზღვის ზვიგენის ფოტოები საზღვაო ექსპედიციიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტმა 2019 წლის პირველი საზღვაო ექსპედიცია დაასრულა. შედეგად შეგროვდა მასალა და ინფორმაცია საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს მიმდინარე პერიოდის თევზების ბიომრავალფეროვნებისა და მარაგების შესახებ.

თევზჭერა საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს სხვადასხვა უბანზე დაფიქსირდა, ყველა აქტიურ სიღრმით იარუსზე – თევზსაჭერი ტრალის გამოყენებით. ასევე, ექოსაუნდერის საშუალებით ჩატარდა რესურსების სკანირება. წარმოებდა დაკვირვებები ზღვის ძუძუმწოვრებზე. აღებული მასალა და სინჯების დამუშავება მარტის თვის ბოლომდე დასრულდება.

 

საზღვაო ექსპედიციისას მოპოვებული იქნა შავი ზღვის ზვიგენის მსხვილი ეგზემპლარი, რომელიც გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, არჩილ გუჩმანიძის ინფორმაციით, გარემოში იქნა დაბრუნებული. მისივე განმარტებით, ბოლო პერიოდში ასეთი ზომის ეგზემპლარი იშვიათია.

შსს ბათუმში მოსწავლეების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ინტერნეტში ატვირთვაზე

შს სამინისტრომ არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედების და არასრულწლოვნების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ინტერნეტსივრცეში შესაძლო ატვირთვის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით [გარყვნილი ქმედება – ძალადობის გარეშე სრულწლოვნის გარყვნილი ქმედება დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდ]  და 157-ე მუხლის პირველი ნაწილით [ირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ისჯება ჯარიმით ანდა გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე] დაიწყო გამოძიება.

შს სამინისტრო აღნიშნულთან დაკავშირებით შემდეგ განცხადებას ავრცელებს:

„ამ ეტაპზე მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ინტერნეტსივრცეში ატვირთვის ფაქტის და დანაშაულის შესაძლო ჩამდენი პირის დადგენის მიზნით. დგინდება დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებები.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მოქმედი კანონმდებლობით სისხლის სამართლის წესით ისჯება როგორც პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ინტერნეტსივრცეში ატვირთვა, ისე მისი შენახვა და ნებისმიერი ფორმით გავრცელება. კადრების შენახვა და გავრცელება ხელს უწყობს პირადი ცხოვრების ხელყოფის დანაშაულის მასშტაბების ზრდას. შესაბამისად, სრულიად მიუღებელია ბოლო პერიოდში გავრცელებული სპეკულაციები იმასთან დაკავშირებით, რომ დანაშაულია მხოლოდ კადრების შექმნა და ატვირთვა, ხოლო კადრების შენახვა და გავრცელება ნაკლებად მძიმე ფაქტია და სამართალდამცავები ასეთი ფაქტების მიმართ ლოიალურები უნდა იყვნენ. მითუმეტეს იმ პირობებში, როცა მოქმედი კანონმდებლობით ისჯება როგორც კადრების ატვირთვა, ისე შენახვა და გავრცელება. ცხადია, ასეთი სპეკულაციები მხოლოდ ახალისებს ახალი დანაშაულის ჩადენას, მათ შორის არასრულწლოვანთა შორის.

შესაბამისად, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საზოგადოებას, მსგავსი კადრების მიღების შემთხვევაში, არ შეინახოთ და არ გაავრცელოთ აღნიშნული მასალა, დაუყოვნებლივ წაშალეთ და აცნობეთ სამართალდამცავ ორგანოებს. ნუ გახდებით დანაშაულის თანამონაწილეები. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამართალდამცავი ორგანოები იძულებული იქნებიან დააყენონ როგორც ვიდეოს ამტვირთავის, ისე მისი შემნახავის და გამავრცელებლის პასუხისგებლობის საკითხი.“

ბათუმში სკოლის მოსწავლეების პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებაზე გამოძიება დაიწყო

შს სამინისტრომ  გამოძიება დაიწყო ბათუმში სკოლის მოსწავლეების პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელების საქმეზე.

ბათუმის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები მოსწავლეთა დახურულ ჯგუფში გავრცელდა გასული კვირის ბოლოს. „ბათუმელები“ ვიდეოს გავრცელების შესახებ ინფორმირებულ პირს ესაუბრა, რომლის თქმითაც, კადრები, სავარაუდოდ, გადაღებულია მშენებარე შენობაში. ის არ ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ კადრები ამავე სკოლის სპორტდარბაზშია გადაღებული:

„ბავშვებმა გადაიღეს ვიდეო, არასასკოლო დროს, არა სკოლის შენობაში და გაავრცელეს სოციალურ ქსელში. დირექციის გადმოცემით შეიძლება ვიდეო შეიცავდეს დანაშაულის ნიშნებს, ამიტომ სკოლამ სოციალური სააგენტო და პოლიცია ჩააყენა საქმის კურსში. რამდენადაც ვიცი, კადრები გავრცელდა დახურულ ჯგუფში, ხუთშაბათს ან პარასკევს“.

შს სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედება.

 

„მის გერმანია 2019“ პოლიციის ჩინოვნიკი გახდა

„მის გერმანია 2019“-ის ტიტული პოლიციის ჩინოვნიკმა, 28 წლის ნადინე ბერნაისმა მოიპოვა. „მის გერმანია“ 24 თებერვლის საღამოს გამოავლინეს.

„ჩემთვის ოცნებები სრულდება“, – უთხრა ახალმა „მის გერმანიამ“ მედიას.

გერმანული მედიის ცნობით, ბერნაისი პოლიციის რიგებს ერთი წლით ჩამოშორდება, „მის გერმანიის“ მოვალეობების შესრულებაზე რომ კონცენტრირდეს.

ბერნაისი ქალაქ შტუტგარტის  პოლიციის ცენტრალურ განყოფილებაში ინტერნეტდანაშაულზე მუშაობდა. იგი წელს „მის გერმანია 2019“-ის კონკურსანტებს შორის ასაკით ყველაზე უფროსი იყო.

შსს: ოჯახში ძალადობის ბრალდებით აჭარაში 6 პირი დააკავეს

 შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული კ.ტ. და 1966 წელს დაბადებული პ.გ. ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

„სამართალდამცველებმა კ.ტ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ მან მიმდინარე წლის 18 თებერვალს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეგობარ გოგონას – 1982 წელს დაბადებულ ნ.ჩ.-ს, რომელმაც შემდეგ თვითმკვლელობა სცადა. ნ. ჩ. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. მის ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება.

პოლიციამ ბათუმში მეუღლის დედის – 1944 წელს დაბადებული ლ.ბ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფისთვის დააკავა 1966 წელს დაბადებული პ.გ. დაშავებულს სამედიცინო დახმარება კლინიკაში გაეწია.

გარდა ამისა, სამართალდამცველებმა ოჯახში ძალადობის ბრალდებით კიდევ ოთხი პირი: 1974 წელს დაბადებული ბ.ჭ., 1985 წელს დაბადებული კ.ძ., 1997 წელს დაბადებული მ.გ. და 1981 წელს დაბადებული, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ა.ბ. დააკავეს.

გამოძიება ოჯახური ძალადობის და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 126-ე პრიმა და 115-ე მუხლებით მიმდინარეობს“ – აცხადებს შსს.

პეტრას ციხეზე გამოცხადებული ტენდერის გამო სააგენტოს დავების საბჭოში უჩივლეს

კერძო კომპანია შესყიდვების სააგენტოსგან ითხოვს დაავალოს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს „შეიტანოს ცვლილება და სატენდერო დოკუმენტაცია ჩამოაყალიბოს სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის პრინციპების შესაბამისად“. კომპანია აცხადებს, რომ სააგენტოს სატენდერო კომისიის მოთხოვნა, პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ, არის არაპროპორციული, კონკურენციის შემზღუდავი და დისკრიმინაციული.

დავის საგანია პეტრას ციხის ინფრასტრუქტურით მოწყობის სამუშაოებზე გამოცხადებული ტენდერი, სადაც სატენდერო თანხა 1,75 მილიონი ლარია.

ამ თემაზე: რა იგეგმება პეტრას ციხეზე – ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 1,7 მილიონი ლარი დაიხარჯება

სატენდერო დოკუმენტაციით, სხვა მოთხოვნებთან ერთად, პრეტენდენტს 2014 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 1 იანვრამდე პერიოდში უნდა გააჩნდეს დღგ-ის ჩათვლით არანაკლებ 5 მილიონი ლარის ჯამური ღირებულების სამშენებლო/სარეკონსტრუქციო/სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების გამოცდილება; ამასთანავე, დადგენილია რომ პრენენდენტს უნდა ჰყავდეს 5-წლიანი გამოცდილების მქონე რესტავრატორი.

შპს „ალგი აუდიტი“, რომელიც სააგენტოს ედავება, თავის საჩივარში მიუთითებს: „სატენდერო დოკუმენტაციით ასევე  განსაზღვრულია, რომ 2014 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 1 იანვრამდე პერიოდში პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს დღგ-ის ჩათვლით არანაკლებ 1 მილიონი ლარის ჯამური ღირებულების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სამშენებლო/სარეკონსტრუქციო/სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების გამოცდილება. აღნიშნული მოთხოვნა ეწინააღმდეგება კონკურენციის და პროპორციული მოთხოვნების განსაზღვრის პრინციპებს. იმის გათვალისწინებით, რომ შემსყიდველს სხვა მოთხოვნები შემუშავებული აქვს პრეტენდენტის ამჟამინდელი მდგომარეობის შესაფასებლად და სავალდებულოდ ითხოვს კონკრეტული პერსონალის არსებობას რათა უზრუნველყოფილი იქნას სამუშაოების შესრულება, გაუგებარია რა მიზანს ემსახურება 2014 წლიდან კონკრეტულად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სამშენებლო/სარეკონსტრუქციო/სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების გამოცდილების მოთხოვნა“.

„მიგვაჩნია რომ აღნიშნული მოთხოვნა ზღუდავს კონკურენციას რადგან 2014 წლიდან დღემდე შესაბამისი სტატუსის მქონე ობიექტზე ერთი მილიონი ლარის ღირებულების შესყიდვა ტენდერების მეშვეობით არც კი განხორციელებულა, რასაც მარტივად დაადგენდა შემსყიდველი მას რომ განეხორციელებინა ბაზრის კვლევა“ – აღნიშნულია „ალგი აუდიტის“ საჩივარში.

კომპანია თვლის, რომ „იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი დღეისათვის აკმაყოფილებს ხუთმილიონიანი გამოცდილების მოთხოვნას და მას ჰყავს სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული გამოცდილების მქონე პერსონალი, მაშინ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სამშენებლო/სარეკონსტრუქციო/სარეაბილიტაციო სამუშაოები მის მიერ განხორციელდა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, თუ ბოლო 15 წლის განმავლობაში. შესაბამისად [აღნიშნული] მოთხოვნა არის არაპროპორციული, კონკურენციის შემზღუდავი და დისკრიმინაციული“.

დავების საბჭოს ვებგვერდზე საჩივრის მიმდინარე სტატუსის ქვეშ მითითებულია, რომ „განხილვის პროცესშია“. შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე კი, სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ტენდერს მინიჭებული აქვს შესყიდვის სტატუსი – „წინადადებების მიღება დაწყებულია“. ანუ დავაც და ტენდერიც ამ ეტაპზე პარალელურად მიმდინარეობს.

კომპანიამ დავების საჭოს მიმდინარე წლის 17 თებერვალს მიმართა. ტენდერში წინადადებების მიღება კი დღეს, 24 თებერვალს დაიწყო და პირველ მარტს დამთავრდება.

ხულოში 220 კვ-იანი მშენებარე ხაზის მარშრუტი შეიცვალა

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ ახალციხე-ბათუმის 220 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობისა და ეპსლუატაციის პროექტში ცვლილებები შეიტანა.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ რაქვთას მონაკვეთზე, მდინარე სხალთას მარჯვენა ნაპირზე განლაგებული სოფლებისა და სასოფლო-სამეურნეო მიწების გვერდის ასაქცევად ელექტროგადამცემი ხაზის მარშრუტი გადატანილ იქნა მდინარის მარცხენა ნაპირზე და ახალი პროექტის შესაბამისად, მიუყვება ტყით დაფარული ქედის თხემს. ხსენებულ მონაკვეთზე შეცვლილი მარშრუტის სიგრძე შეადგენს დაახლოებით 30 კილომეტრს.

გადამცემი ხაზის მშენებლობას კი 65 მეტრი სიგანის დერეფანი სჭირდება.

სამინისტროს ინფორმაციით, სოფელ რაქვთადან [ხულო]- სოფელ უდემდე [ადიგენი] მონაკვეთზე მარშრუტში შეტანილია ასევე ლოკალური ცვლილებები [2 ცვლილება, 5 და 4 კმ სიგძის მონაკვეთები]; სოფელ კლდედან – სოფელ ზიკილიამდე [ახალციხე] მონაკვეთზე კი მარშრუტში ერთი ლოკალური ცვლილებაა [დაახლოებით 5 კმ სიგრძის მონაკვეთი].

ახალციხე-ბათუმის ორჯაჭვიანი ელექტროგადამცემი ხაზის მთლიანი სიგრძე შეადგენს 150კმ-ს. 220 კვ ელექტროგადამცემი ხაზი იწყება ახალციხის არსებული 500/400 კვ ქვესადგურიდან და უკავშირდება ბათუმის არსებულ 220 კვ ქვესადგურს.

აჭარის ტერიტორიაზე ამ ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის შესახებ ვრცლად შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე.

ახალციხე-ბათუმის ელექტროგადამცემი ხაზი მდინარე აჭარისწყლის ხეობაში

სახლები ბათუმში, რომელთა ფასადებზე მერია ლითონის ფურცლებს ააკრავს

ბათუმში მდებარე მრავალსართულიან/მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებზე ბათუმის მერია დაზიანებულ აზბესტისა და ლითონის ფურცლებს ლითონის ახალი პროფილური ფურცლებით შეცვლის.

18 სახლზე ლითონის ფურცლების ასაკრავად და ორი კორპუსის სადარბაზოს შესასვლელების გადახურვის მოსაწყობად ქალაქის ბიუჯეტში 300 ათას 394 ლარია გათვალისწინებული.

ტენდერი საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ უკვე გამოაცხადა.

აზბესტისა თუ ლითონის ფურცლები ამ ტენდერის ფარგლებში ბათუმში, შემდეგ მისამართებზე მდებარე სახლებზე შეიცვლება:

პრეტენდენტების წინადადებების მიღება 2019 წლის 10 მარტს დაიწყება და 15 მარტს შეწყდება. სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 დღეში უნდა შესრულდეს.

პირობის თანახმად, საგარანტიო ვადა შეადგენს 24 თვეს სამუშაოების დასრულებიდან. საგარანტიო პერიოდის განმავლობაში ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში კი მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის მიერ დადგენილ ვადაში მოახდინოს გამოვლენილი ხარვეზის აღმოფხვრა ისე, რომ შესრულებული სამუშაოები სრულ შესაბამისობაში იყოს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან.

ცალკე ტენდერია გამოცხადებული ბათუმში, ნონეშვილის N58-სა და ნონეშვილის N60-ში მდებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების მოსაწყობად. ამ ორი 9-სართულიანი კორპუსის სარეაბილიტაციოდ სატენდერო თანხა 604 ათას 160 ლარია. ტენდერში წინადადებების მიღება კი 6 მარტს დაიწყება და 11 მარტს დასრულდება.

გასულ წელს ბათუმის მერიამ რუსთაველისა და თამარ მეფის ქუჩებზე რამდენიმე კორპუსის ფასადის  შესაცვლელად ესკიზებისთვის 14 300 ლარი გამოყო. საცხოვრებელი ბინების ექსტერიერის საუკეთესო ესკიზის გამოსავლენად მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ კონკურსებიც კი გამოაცხადა, თუმცა არც ერთი არ შედგა.

ბათუმის მერია კორპუსების ფასადებს შეცვლის – კონკურსი დიზაინის შესარჩევად

ამ კონკურსებში მონაწილეობა არავინ მიიღო. ხელახალი კონკურსები კი კეთილმოწყობის სამმართველოს ამ დრომდე არ გამოუცხადებია.

საზღვარგარეთ მკურნალობის თანადაფინანსება გაიზარდა – აჭარის ჯანდაცვის პროგრამები

2019 წელს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ნაერთი ბიუჯეტი გასული წლის ბიუჯეტთან შეადრებით გაიზარდა და 17 მილიონ ლარზე მეტია. სამინისტრო წელს, საქვეუწყებო დაწესებულებებთან ერთად, 32 პროგრამას განახორციელებს. გაიზარდა „მოსახლეობის საზღვარგარეთ მკურნალობის თანადაფინანსების ქვეპროგრამით“ გათვალისწინებული ბენეფიციარების დაფინანსების ზღვრული ტარიფი [დაფინანსების არსებული პროპორციების დაცვით] და ნაცვლად 15 000 ლარისა არის 25 000 ლარი.

[red_box]მოსახლეობის საზღვარგარეთ მკურნალობის თანადაფინანსება[/red_box]

პროგრამა ითვალისწინებს, იმ პაციენტების საზღვარგარეთ მკურნალობის თანადაფინანსებას, რომლებიც ნაწილობრივ დაფინანსებულია საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროგრამით „მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების მიწოდება პრიორიტეტულ სფეროებში“.

პროგრამით მოსარგებლეები: სხვადასხვა დაავადებების მქონე პირები, რომელთა აუცილებელი სამედიცინო მომსახურება ვერ ხერხდება საქართველოს სამკურნალო დაწესებულებებში [სპეციალისტი/ექსპერტის დასკვნის შესაბამისად].

დაფინანსების ფორმა: ბენეფიციარებს პროგრამის  ფარგლებში დაუფინანსდებათ თანაგადახდა [წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურდან დარჩენილი თანხა] 70 %-ით, მაგრამ არაუმეტეს  25 000 ლარისა [ეროვნულ ვალუტაში დახმარების დღისათვის არსებული გაცვლითი კურსის მიხედვით].

აჭარის დანდაცვის სამინისტროს ზოგიერთი პროგრამის შესახებ:

[red_box]გულის ქირურგიის დამატებითი სამედიცინო მომსახურება[/red_box]

პროგრამა ითვალისწინებს, მოსახლეობის  დამატებით კარდიოქირურგიულ მომსახურებაზე ფინანსურ ხელმისაწვდომობას და საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით დაფინანსებული კარდიოქირურგიული ოპერაციების თანაგადახდას სრულად სახელმწიფო პროგრამით დამტკიცებული ტარიფის ფარგლებში.

მოსარგებლეები: საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის ტერიტორიაზე.

დაფინანსების ფორმა: პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება დაფინანსდება ფაქტიური ხარჯით, შესრულების წესით გათვალსიწინებული პროპორციების დაცვით, არაუმეტეს დაწესებულების მიერ წინასწარ გაცემულ ანგარიშ-ფაქტურაში და  სამედიცინო ვაუჩერში მითითებული თანხისა. დარჩენილ თანხას დაფარავს პაციენტი.

– მკურნალობის ღირებულება – 2000 ლარის ჩათვლით  დაფინანსდება -90%-ით;
– მკურნალობის ღირებულება – 2000 ლარზე მეტი -3000 ლარის ჩათვლით დაფინანსდება – 80%-ით;
– მკურნალობის ღირებულება – 3000 ლარზე მეტი -5000 ლარის ჩათვლით დაფინანსდება – 70%-ით;
– მკურნალობის ღირებულება -5000 ლარზე მეტი დაფინანსდება -60%-ით.

პაციენტებს სტატუსის გათვალისწინებით დაუფინანსდებათ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით დაფინანსებული გეგმიური და ურგენტული კარდიოქირურგიული სამედიცინო მომსახურების თანაგადახდა სრულად სახელმწიფო პროგრამით დამტკიცებული ტარიფის ფარგლებში, რომელიც მითითებული უნდა იყოს დაწესებულების მიერ წარმოდგენილ ანგარიშ – ფაქტურაში.

არ დაფინანსდება: საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული ტარიფის ლიმიტის ღირებულებაზე მეტად მოთხოვნილი თანხა, განსხვავებული [ძვირადღირებული, წამლით დაფარული სტენტი] სტენტის ღირებულება, ასევე პირები, რომელთა წლიური შემოსავალი არის 40 000 ლარი და მეტი. 

[red_box]სახსრების ენდოპროთეზირება[/red_box]

ეს პროგრამა ითვალისწინებს, სახსრების ენდოპროთეზირების დაფინანსებას.

მოსარგებლეები: საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჭარის ა.რ. ტერიტორიაზე.

დაფინანსების ფორმა: მკურნალობა დაფინანსდება შემდეგი პროპორციებით:

– 100 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე პაციენტებისათვის ფაქტიური ხარჯის – 90%-ით;

– დანარჩენი ბენეფიციარებისათვის (რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მინიჭებული აქვთ 100 000-დან 200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები, ომის ვეტერანები, ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში მონაწილეები, ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები (დედა, მამა, მეუღლე, შვილები), მრავალშვილიანი (18 წლამდე ასაკის 5 და მეტი შვილი) ოჯახის წევრები, ფაქტიური ხარჯის – 80%-ით;

– სხვა დანარჩენი მოქალაქეებისათვის ფაქტიური ხარჯის – 70%-ით.

დაფინანსების ზღვრული თანხა შეადგენს 5000 ლარს.

[red_box]ამბულატორიული მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევა[/red_box]

პროგრამა ითვალისწინებს, მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევების დაფინანსებას.

მოსარგებლეები:

– 200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე პირები;

– შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები, ომის ვეტერანები, ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში მონაწილეები, დაღუპულთა ოჯახის წევრები (დედა, მამა, მეუღლე, შვილები), მრავალშვილიანი (18 წლამდე ასაკის 5 და მეტი შვილი) ოჯახის წევრები,  პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებული პირები, უსახლკაროთა თავშესაფარის კონტინგენტი, უსახლკაროები, მარტოხელა მშობელი და მისი არასრულწლოვანი შვილები, ტრეფიკინგისა და ძალადობის მსხვერპლი პირები – 70%-ით.

დაფინანსების ფორმა: დაფინანსება განხორციელდება სამედიცინო დაწესებულებიდან წარმოდგენილი ანგარიშფაქტურის მიხედვით, არაუმეტეს პროგრამაში გათვალისწინებული მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევის ღირებულებისა, შემდეგი პროპორციებით:

– 70 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე მოზრდილი პაციენტები, 200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვები – 100 %-ით;
– 70 001 – დან 100 000 – ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე პაცინეტები – 90 %-ით;
– 100 001 – დან 200 000 – ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე პაციენტები – 80%-ით;
– სხვა დანარჩენი ბენეფიციარი – 70%-ით.

შენიშვნა:

  • იმ შემთხვევაში, როცა გამოკვლევების ღირებულება ნაკლებია პროგრამით გათვალისწინებულ თანხაზე, ზემოაღნიშნული პროპორციებით განსაზღვრული მაჩვენებლები გაითვლება წარმოდგენილი ღირებულებიდან.
  • თუ მომწოდებლის მომსახურების ტარიფი აღემატება პროგრამით გათვალისწინებულ ღირებულებას, განსხვავებას ღირებულებასა და სამინისტროს მიერ დასაფინანსებელ თანხას შორის დაფარავს პაციენტი.

[red_box]ზოგიერთი სოციალური კატეგორიის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება[/red_box]

პროგრამა ითვალისწინებს,  ზოგიერთი სოციალური კატეგორიის მოსახლეობისათვის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით  სამედიცინო მომსახურების თანაგადახდის სრულად დაფინანსებას სახელმწიფო პროგრამით დამტკიცებული ტარიფის ფარგლებში.

მოსარგებლეები:

– შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირები;
– მოქალაქეები რომლებიც რეგისტრირებულნი არიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ 100 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულით;
– ასაკით პენსიონერები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ 200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულით;
– 0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვები, რომელთა ოჯახები რეგისტრირებულნი არიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ 200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულით;
– უსახლკაროთა თავშესაფარის კონტინგენტი;
– უსახლკაროები.

დაფინანსების ფორმა: საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით გეგმიური სტაციონარული სამედიცინო მომსახურების თანაგადახდის სრულად დაფარვა სახელმწიფო პროგრამით დამტკიცებული ტარიფის ფარგლებში.

პროგრამის ფარგლებში ასევე დაფინანსდება: ძვირადღირებული [რომელთა ღირებულება სახელმწიფო პროგრამით დამტკიცებული ტარიფით აღემატება წლიურ ლიმიტს – 15000 ლარს] ქირურუგიული ოპერაციული [გეგმიური, გადაუდებელი] მკურნალობის თანაგადახდა სრულად სახელმწიფო პროგრამით დამტკიცებული ტარიფის ფარგლებში.

[red_box]მოზრდილი მოსახლეობის სამედიცინო რეაბილიტაცია[/red_box]

პროგრამა ითვალისწინებს, მოზრდილი მოსახლეობისათვის (18 წლის ზემოთ) ნებისმიერი ორგანული სისტემის დაავადებით ან დაზიანებით განპირობებული უუნარობის ფუნქციის აღდგენას და შესაბამისად ცხოვრების  ხარისხის ამაღლებას.

მოსარგებლეები:

– სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების წევრები, რომლებსაც მინიჭებული აქვთ 100 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა;
– შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები;
– ომის ვეტერანები;
– ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში მონაწილეები.

დაფინანსების ფორმა: სამედიცინო მომსახურება დაფინანსდება ფაქტიური ხარჯით შემდეგი პროპორციებით:

– სამედიცინო მომსახურების ღირებულება -1000 ლარის ჩათვლით – 100%-ით;
– სამედიცინო მომსახურების  ღირებულება – 1000 ლარზე მეტი – 90%-ით; მაგრამ არაუმეტეს 2000 ლარისა;

წლის განმავლობაში არაუმეტეს  4000 ლარისა.

  • აჭარის ჯანდაცვის პროგრამების მოსარგებლე 2019 წლის 1 იანვრის მდგომარეობით და ვაუჩერის გაცემის პერიოდისათვის უწყვეტად რეგისტრირებული უნდა იყოს აჭარის ა/რ ტერიტორიაზე.
  • პროგრამების მოსარგებლეს უფლება აქვსთავად აირჩიოს სამკურნალო დაწესებულება საქართველოს მასშტაბით.
  • არ დაფინანსდება სამედიცინო პროგრამებით გათვალისწინებული თანაგადახდა მოსარგებლის მხრიდან.
 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
მისამართი: ქ. ბათუმი, აკადემიკოს მამია კომახიძის ქ. N119
ტელეფონი: +995 (0422) 247972, +995 (0422) 24-79-64
ვებ-გვერდი: www.adjara.gov.ge

 

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან აჭარაში – უახლოესი დღეების პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით 24 თებერვლის 21 საათიდან 25 თებერვლის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, დროგამოშვებით წვიმა, მთაში თოვა;

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15მ/წმ, ზოგან 15-20მ/წმ-ში;

ჰაერის ტემპერატურა:
სანაპირო რაიონებში – ღამით 2-7, დღისით 7-12 გრადუსი სითბო,
მთიან რაიონებში – ღამით 2-7 გრადუსი ყინვა, დღისით 0-5 გრადუსი სითბო.

ზღვის პროგნოზს რაც შეეხება, მოსალოდნელია სამხრეთ-დასავლეთის ქარი 6-11მ/წმ, ზოგან 15-20მ/წმ-ში, დროგამოშვებით წვიმა; ხილვადობა 4-10კმ. ტალღის სიმაღლე 13-18დმ [4 ბალი]. ზღვის წყლის ტემპერატურა 8.5 გრადუსი. ატმოსფერული წნევა – 768 მმ ვწყ.სვ.

სინოპტიკოსების პროგნოზით 26 და 27 თებერვალს აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, მთაში – თოვა.

 

მთავარი ფოტო: კურორტი გოდერძი / 20.02.2019

„მეტრომ“ კუთვნილი ხელფასები არ მოგვცა – კაზინო „ინტურისტის“ ყოფილი თანამშრომელი

„მეტრო ჰოლდინგმა“ 21 თებერვალს გაავრცელა განცხადება, რომ კაზინო „ინტურისტის“ [„ლიბერთი კაზინოს“] ყოფილ თანამშრომლებს სახელფასო დავალიანებას 22 თებერვალს სრულად აუნაზღაურებდა. დღეს, 23 თებერვალს, „ბათუმელებს“ კაზინოს ერთ-ერთი ყოფილი თანამშრომელი დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ „მეტროს“ მათთვის კუთვნილი ხელფასები სრულად არ აუნაზღაურებია.

„ვინც მივედით გუშინ, ყველას დაგვირიგეს 1000-1000 ლარი, მიუხედავად იმისა, 500 ლარი გვქონდა ასაღები ყოფილ თანამშრომლებს თუ – 2500. ჩემი ერთი ყოფილი თანამშრომელი ვერ ჩამოვიდა ბათუმში, გამიკეთა ოფიციალური მინდობილობა, თუმცა მისი თანხა არ მომცეს და ის ამ 1000 ლარის გარეშეც დარჩა. თან ამას „მეტრომ“ კუთვნილი ხელფასის ანაზღაურება კი არა, რაღაც „საჩუქარი“ თუ „ჯილდო“ დაარქვა. მე, პირადად, 3 ათასამდე ლარი მაქვს მისაღები კაზინოდან“, – გვითხრა კაზინოს ყოფილმა თანამშრომელმა.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა კომპანია „მეტრო ჰოლდინგს“, სადაც განაცხადეს, რომ მათ მიერ კაზინოს ყოფილ თანამშრომლებზე 22 თებერვალს გაცემული თანხა [ჩვენი ინფორმაციით, დაახლოებით 280 ათასი ლარი] არ იყო ამ ადამიანების კუთვნილი ხელფასების დაფარვა.

„ეს ჰოლდინგის დამფუძნებლის და თავმჯდომარის გალიფ ოზთურქის კეთილი ნება, ასე ვთქვათ, საჩუქარია, ვინაიდან ამ ადამიანებმა ვერ აიღეს კუთვნილი ხელფასი და ეს პროცესი დროში გაიწელა. კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ჩვენს კომპანიას სასტუმრო „ინტურისტში“ კაზინოსთვის იჯარით ჰქონდა გაცემული მხოლოდ ფართობი კომპანია „ლიბერთი კაზინოზე“. კაზინოს ყოფილი თანამშრომლებისადმი სახელფასო დავალიანება უნდა დაფაროს კომპანია „ლიბერთი კაზინომ“. „მეტროს“ ამ მხრივ არანაირი ვალდებულება არ აქვს“, – გვითხრეს კომპანია „მეტროში“.

რაც შეეხება „მეტრო ჰოლდინგის“ მიერ ადრე გავრცელებულ განცხადებას, კომპანიაში დღეს გვითხრეს, რომ „ალბათ იყო ტექნიკური გაუმართაობა, ვინაიდან არ გვიგულისხმია, რომ „მეტრო“ კაზინოს სახელფასო დავალიანებას დაფარავდა. „სრულად დაიფარება“-ში ვგულისხმობდით იმას, რომ სრულად გაიცემოდა ის თანხა, რაც „მეტროს“ ჰქონდა ამ ადამიანებისთვის გამოყოფილი. ეს თანხა კი მართლაც გაიცა სრულად და თანაბარწილად იმ ადამიანებზე, ვინც გამოცხადდა“.

ამ თემაზე: კაზინო „ინტურისტის“ ყოფილ თანამშრომლებს დავალიანებას „მეტრო“ აუნაზღაურებს

ბათუმში კაზინო „ლიბერთი ინტურისტი“ 2019 წლის 5 იანვრიდან აღარ მუშაობს. შესაბამისად, უმუშევარი დარჩა იქ დასაქმებული 280-მდე ადამიანი. როგორც თავის დროზე „ბათუმელებს“ უთხრეს, მიზეზი ლიცენზიის ვადის გასვლა იყო, რომელსაც სს „ლიბერთი“ ფლობდა და ამუშავებდა კიდეც კაზინოს.

ბათუმში კაზინო „ინტურისტის“ თანამშრომლები თვე-ნახევრის სახელფასო დავალიანების გასტუმრებას ითხოვენ. მათ რამდენჯერმე აქციაც კი გამართეს.

თემაზე ვრცლად იხილეთ ამ ბმულზე.

 

მთავარი ფოტო: „ინტურისტი“, ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

22 ვაკანსია აჭარის პოლიციაში – განცხადების შეტანის ბოლო ვადა 24 თებერვალია

შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს განცხადებების მიღებას აჭარის პოლიციის დეპარტამენტში არსებულ ვაკანსიებზე. დეპარტამენტში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის 22 ვაკანსიაა სხვადასხვა განყოფილებებში.

ამ თანამდებობების დასაკავებლად მსურველებს განცხადებების წარდგენა 2019 წლის 24 თებერვლის ჩათვლით შეუძლიათ.

უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობრივი სარგო 1 200 ლარია.

ბათუმის საქალაქო სამმართველოში:

პოლიციის II განყოფილება – 2 ვაკანსია;
პოლიციის I განყოფილება – 1 ვაკანსია;
პოლიციის V განყოფილება – 2 ვაკანსია;
პოლიციის IV განყოფილება – 1 ვაკანსია;
პოლიციის III განყოფილება – 1 ვაკანსია.

ქობულეთის რაიონულ სამმართველოში:

უბნის ინსპექტორების განყოფილება – 2 ვაკანსია;
მუხაესტატეს პოლიციის განყოფილება – 4 ვაკანსია;
ხუცუბნის პოლიციის განყოფილება – 3 ვაკანსია;
ჩაქვის პოლიციის განყოფილება – 1 ვაკანსია.

ხელვაჩაურის რაიონულ სამმართველოში:

მახინჯაურის პოლიციის განყოფილება – 1 ვაკანსია;
ჩაისუბნის პოლიციის განყოფილება – 1 ვაკანსია;
გონიოს პოლიციის განყოფილება – 2 ვაკანსია;
ახალშენის პოლიციის განყოფილება – 1 ვაკანსია.

ამ ვაკანსიებზე განცხადებების შეტანა შესაძლებელია hr.police.ge-ზე. აქვე შეგიძლიათ გაეცნობით დეტალურ ინფორმაციას ვაკანტურ თანამდებობებთან დაკავშირებით.

განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორის ვაკანსიებია ასევე ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტში:

გამოძიების ხარისხის მონიტორინგის რეგიონულ სამმართველში – 10 ვაკანსია; გამოძიების ხარისხის ანალიზისა და შეფასების სამმართველოში – 4 ვაკანსია და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის თბილისის სამმართველოში – 10 ვაკანსია.

ამ ვაკანსიებზე განცხადების მიღების ბოლო ვადა 2019 წლის 28 თებერვალია.

შსს-მ განცხადებების მიღება დაიწყო ასევე მართლწესრიგის ოფიცრის 220 ვაკანსიაზე [თბილისში], სადაც განცხადების მიღების ბოლო ვადა 2019 წლის 3 მარტია.

რატომ დაუჭირა მხარი აჭარის დეპუტაციამ პატრიოტთა ალიანსის რეზოლუციას ენმ-ის რეჟიმად გამოცხადებაზე

„პატრიოტთა ალიანსის“ რეზოლუციას „სააკაშვილი-ბოკერიას დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადების შესახებ“ მხარი დაუჭირეს „ქართული ოცნების“ დეპუტატებმაც. თუმცა, საბოლოოდ, რეზოლუციამ საჭირო ხმების რაოდენობა ვერ მოაგროვა. 45 მომხრე, 16 – წინააღმდეგი. ეს შედეგი დაფიქსირდა 21 თებერვალს, რეზოლუციის პროექტის კენჭისყრის დროს.

რეზოლუციის ავტორებს მიაჩნიათ, რომ ნაცმოძრაობის მმართველობის პერიოდი უნდა შეფასდეს როგორც „სააკაშვილი-ბოკერიას ძალადობრივი რეჟიმი“.

რეზოლუციას პარლამენტის აჭარის დეპუტაციის ერთმა ნაწილმაც დაუჭირა მხარი. სამივე მათგანი მმართველი პარტიის – „ქართული ოცნების“ მაჟორიტარები არიან. მათ ვკითხეთ, რას ელიან „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდის რეჟიმად გამოცხადების შემთხვევაში და ამ რეზოლუციის მიღების შემდეგ ხომ არ მოითხოვდნენ დეპუტატები ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის აკრძალვას.

„საერთოდ, რეზოლუცია გულისხმობს იმას, რომ პარტია უნდა აიკრძალოს. „ნაციონალური მოძრაობა“ იყო დანაშაულებრივი რეჟიმის ავანგარდში,“ – მიიჩნევს ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში, პროფესიით ექიმი კობა ნაკაიძე. ასეთია დეპუტატის დამოკიდებულება იმის მიუხედავად, რომ ამ რეზოლუციის ავტორი არ არის „ქართული ოცნება“, რომელსაც თავად წარმოადგენს, ხოლო „პატრიოტთა ალიანსის“ რეზოლუციის პროექტი პარტიის საქმიანობის აკრძალვას არ ითვალისწინებდა.

კობა ნაკაიძე მიიჩნევს, რომ საკამათო იქნებოდა, დემოკრატიულია თუ არა ეს პროცესი, მაგრამ „ყველაფერს სახელი უნდა დაერქვას,“ – ამბობს ის.

„პატრიოტთა ალიანსის“ მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტი რეჟიმის შეფასების გარდა, კონკრეტული მოთხოვნის შესრულებასაც ითვალისწინებდა.

„6 თვის განმავლობაში პასუხისმგებლობა დაეკისროს სააკაშვილი-ბოკერიას დანაშაულებრივი რეჟიმის ყველა მთავარ ფიგურანტს, სათანადოდ დაისაჯონ ყველა რეზონანსული საქმის დამნაშავე პირები“, – აღნიშნულია რეზოლუციის კანონპროექტში.

ვინ არიან „ფიგურანტი პირები“? რატომ სჭირდება დამნაშავის დაკავებას პარლამენტში რეზოლუციის მიღება? რატომ უნდა დაუწესოს პარლამენტმა კონკრეტული ვადა პროკურატურას პოლიტიკური ოპონენტების პასუხისგებაში მისაცემად? – ამ კითხვებზე დეპუტატებს მკაფიო პასუხი არ აქვთ.

კობა ნაკაიძე, ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში: „კონკრეტულ პირებზეა საუბარი, ვინც სისტემურ დანაშაულს სჩადიოდა. ეს ალბათ გადავა სამართლებრივ სივრცეში და იქ განიხილება. ეს იყო „პატრიოტთა ალიანსის“ ინიციატივა და მათ უნდა ჰკითხოთ, რატომ არის საჭირო რეზოლუციის მიღება, თუკი ვინმემ დანაშაული ჩაიდინა და დასაჭერია. მე ამ რეზოლუციის შინაარსს დავუჭირე მხარი, რადგან მას ვეთანხმები.“

ფატი ხალვაში, ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში: „ვისაც დაუდასტურდება დანაშაულებრივი ქმედება, უნდა დაისაჯონ, აბა როგორ? უგულავა იხდიდა სასჯელს, ვანო მერაბიშვილი იხდის. კიდევ ბევრი ადამიანია, სხვადასხვა დანაშაულის მონაწილე… მაგალითად, სააკაშვილი, ადეიშვილი, კეზერაშვილი, რომელიც შავი ფულის შემგროვებლად იყო მოაზრებული. თუკი დაუდასტურდებათ დანაშაული, რაზეც ხალხი საუბრობს, უნდა ვაპატიოთ, პასუხი არ უნდა აგონ?“

განსხვავებულად ფიქრობს ნუკრი ბეჟანიძე,  ბათუმის კიდევ მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში. „მე მხარი დავუჭირე იმას, რომ გავაანალიზოთ ის წლები. ის პერიოდი აღარ უნდა განმეორდეს. მე არ ვემხრობი ვინმეს სამართლებრივ პასუხისმგებლობას, ან იმას, რომ პარტია უნდა აიკრძალოს,“ – ამბობს ის.

რას ცვლის „სააკაშვილი-ბოკერიას დანაშაულებრივ რეჟიმად“ გამოცხადება?

დეპუტატმა კობა ნაკაიძემ კითხვითვე გვიპასუხა: „მათ შექმნეს დანაშაულებრივი სისტემა. არ იყო მხოლოდ ის, რომ ვერ მართავდა. როგორ ფიქრობთ, ფაშისტური რეჟიმის აკრძალვა თავის დროზე გერმანიაში არ იყო დემოკრატიული პროცესი?“

ფატი ხალვაში კი მიიჩნევს, რომ ამგვარი შეფასების შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკური ველიდან გაქრებოდა.

„თუკი გამოიკვეთებოდა, რომ ეს ადამიანები დამნაშავეები არიან, როგორ შეიძლება ისინი იყვნენ პარლამენტში, ან სადმე საპასუხისმგებლო თანამდებობაზე? მაგრამ რეზოლუცია ვერ მივიღეთ. არ ვიცი, არ მივიღეთ, თუ ვერ მივიღეთ,“ – დასძინა ფატი ხალვაშმა.

რეზოლუციის სახელწოდებაში მოხსენიებული გიგა ბოკერია ამჟამად საქართველოს პარლამენტის წევრია. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისგან განსხვავებით, გიგა ბოკერიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა საქართველოს პროკურატურას არ უწარმოებია.

დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1975 წელს დაბადებული ფ.ხ. დააკავეს.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„სამართალდამცველებმა ერთ-ერთი სასტუმროს ნომრიდან, სადაც ბრალდებული დროებით ცხოვრობდა, ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 81 გრამი ჰეროინი და ნარკოტიკული საშუალების 9 აბი“ – აცხადებს შსს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო – დაკავებულია ერთი პირი / ფოტო: შსს

სათვალთვალო კამერები და WiFi ბათუმის ბოტანიკურ ბაღში

ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ვიდეოკემერები განთავსდება, ზოგიერთ ადგილებში კი ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ უსადენო ინტერნეტით. შესაბამისი მომსახურების შესასყიდად ბაღის ადმინისტრაციას 150 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული. ტენდერი უკვე გამოცხადებულია.

ტენდერში მონაწილე პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს „ბათუმის ბოტანიკური ბაღისათვის“ ვიდეო სამეთვალყურეო ქსელის მოსაწყობად შესაბამისი საქონლის მიწოდება თანმდევი მომსახურებით [მონტაჟით/ინსტალაცით].

ბაღის ადმინისტრაციაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ გარკვეულ ადგილებში ვიდეოკამერები დამონტაჟებულია, ამ პროექტით კი ბოტანიკური ბაღის მთლიანი ტერიტორიის ვიდეოკონტროლი იქნება შესაძლებელი.

ტენდერში წინადადებების მიღება 2019 წლის პირველ მარტს დაიწყება და 4 მარტს დასრულდება. მომსახურების გაწევა კი გამარჯვებულმა, ხელშეკრულების გაფორმებიდან, 45 სამუშაო დღეში უნდა უზრუნველყოს.

ბოტანიკური ბაღის სატენდერო კომისია ითხოვდა ტენდერში მონაწილეს შესაბამისი გამოცდილება ჰქონოდა 2019 წლის იანვრამდე პერიოდში. ამასთან დაკავშირებით შესყიდვების გვერდზე კომისიას რამდენიმე კითხვა დაუსვეს:

[checklist]

  • „რა საჭიროებების/ინტერესების დაკმაყოფილებას ემსახურება გამოცდილების პერიოდის შეზღუდვა 2019 წლის იანვრამდე და რატომ იზღუდება იმ პრეტენდენტის მონაწილეობა ტენდერში რომელსაც აქვს უახლესი გამოცდილება 2019 წლის იანვარში ან თებერვალში?
  • თქვენი აზრით არაპროპორციულად და უმიზეზოდ იზღუდება თუ არა კონკურენცია იმ პირობებში, როდესაც უახლესი ყველაზე თანამედროვე გამოცდილების მქონე კომპანიას რომელსაც ამ გამოცდილების დიდი ნაწილი დაგროვილი აქვს 2019 წლის იანვარში არ ეძლევა შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს ტენდერში და კონკურენცია გაუწიოს სხვა პრეტენდენტებს?
  • თქვენი აზრით იწვევს თუ არა სახელმწიფო ფულადი სახსრების არარაციონალურ ხარჯვას კონკრეტული ტენდერის ფარგლებში გაკეთებული ჩანაწერებით კონკურენციის უმიზეზოდ შემცირება?“

[/checklist]

შეკითხვების ავტორი იქვე განმარტავს, რომ მისთვის „გასაგებია, რომ 2015 წლამდე დაგროვილი გამოცდილება შესაძლოა იყოს მოძველებული და გჭირდებათ უფრო ახალი გამოცდილება, თუმცა ზედა ზღვართან დაკავშირებით, ვფიქრობთ, ზემოთ მოყვანილი კითხვების გაანალიზების შედეგად უნდა შეცვალოთ ფორმულირება და „2019 წლის იანვრამდე“-ს ნაცვლად უნდა მიუთითოთ „ტენდერის გამოცხადებამდე“. საკითხის სიმარტივიდან გამომდინარე იმედს ვიტოვებთ აღნიშნულთან დაკავშირებით საჭირო არ გახდება პირობების გასაჩივრება და ამით არ შეფერხდება ტენდერის ჩატარების პროცედურები“.

შესყიდვების გვერდზე ატვირთულია ბათუმის ბოტანიკური ბაღის პასუხიც: „სატენდერო კომისიამ იმსჯელა თქვენს მიერ დასმულ შეკითხვაზე და გადაწყვიტა: ამ კონკრეტული შემთხვევის მიმართ ტენდერის ჩანაწერი დაკორექტირდეს და განისაზღვროს შემდეგი ჩანაწერით: „ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს უკანასკნელი წლების განმავლობაში [2015 წლიდან, 2016, 2017, 2018, 2019 წლის 19 თებერვლამდე] შესრულებული უნდა ჰქონდეს ტენდერით გათვალისწინებული მსგავსი ხასიათის, სირთულისა და შინაარსის მომსახურებები…“

რაც შეეხება დისკრიმინაციულ მიდგომას, ბოტანიკური ბაღი აცხადებს, რომ „სატენდერო დოკუმენტაციის ჩანაწერი არ მიუთითებს დისკრიმინაციულ ან არაპროპორციულ მიდგომას, მაშინ როდესაც ძირითადად სახელმწიფო შესყიდვები მიმდინარეობს ერთი საანგარიშგებო წლის პერიოდში, შესაბამისად მცირეა იმის შესაძლებლობა, რომ ტენდერის გამოცხადებამდე რომელიმე პრეტენდენტს ჰქონოდა მისთვის აუცილებელი გამოცდილება [მსგავსი ხასიათის, სირთულისა და შინაარსის მომსახურებები], რომელიც დაუჯამდებოდა უკანასკნელი 4 წლის პერიოდში არსებულ გამოცდილებასთან ერთად, მაშინ, როდესაც მითითებული პერიოდი სავსებით საკმარისი უნდა იყოს არანაკლებ 300000 ლარის გამოცდილებისათის [გასათვალისწინებელია, რომ სატენდერო კომისია უფლებამოსილია თავის მსჯელობის საფუძველზე ჩამოაყალიბოს სატენდერო პირობები, სახელმწიფო შესყიდვების კანონის სრული დაცვით]“.

ხედი ბათუმის ბოტანიკური ბაღიდან / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

ბათუმის მერიის სოციალური სერვისით გარდაცვლილებიც „სარგებლობდნენ“

სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის მიხედვით, დოკუმენტების გადამოწმებით აღმოჩნდა, რომ ბათუმის მერიის „ბინაზე მოვლის“ ქვეპროგრამის ფარგლებში, მომსახურება გაწეულია ისეთ ბენეფიციარებზე, რომლებიც ამ მომსახურების გაწევის პერიოდისთვის უკვე გარდაცვლილები იყვნენ. საუბარია 2016-2017 წლებზე. ამ წლებში, ბათუმის მერიის „სოციალური უზრუნველყოფის“ პროგრამის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში, აუდიტის სამსახურმა გუშინ, 22 თებერვალს გამოაქვეყნა.

წყარო: აუდიტის ანგარიში

„მერიის პასუხისმგებელი პირის განმარტებით მიუხედავად ინტენსიური შერჩევითი შემოწმებისა, მსგავს ფაქტს ვერ გამორიცხავენ, რადგან არ აქვთ ინფორმაცია შესაბამისი უწყებიდან ბენეფიციართა გარდაცვალების შესახებ, რის გამოც დაშვებულ იქნა ხარვეზი მონიტორინგის განხორციელებაში. თუმცა, აღნიშნული განმარტება ვერ იქნება გათვალისწინებული, რადგან მუნიციპალიტეტს შეეძლო სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ზემოაღნიშნული შეუსაბამობების გამოვლენა და მასზე რეაგირება“ – აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.

ასეთი შემთხვევების გათვალისწინებით, რისკის შემცველია ქვეპროგრამით დაგეგმილი სოციალური სერვისების ბენეფიციარებისთვის ფაქტობრივად მიწოდება და შესაძლოა, საბიუჯეტო სახსრები არამიზნობრივად დაიხარჯოს, ამასთან, ეს ზრდის რისკებს ქვეპროგრამით გათვალისწინებული მიზნების მიღწევის რეალობაზე – აცხადებს აუდიტი.

ანგარიშის მიხედვით, 2016-2017 წლებში, ბათუმის მერიის „მზრუნველობას მოკლებულ ბენეფიციართა მოვლა-პატრონობა და მოვლის საჭიროების მქონე პირთა დახმარების“ ქვეპროგრამის ერთ-ერთ კომპონენტს წარმოადგენდა ბინაზე მოვლის საჭიროების მქონე პირთა დახმარება, რომლის დაგეგმილი ბიუჯეტი შეადგენდა ჯამში 135 044 ლარს, ხოლო საკასო შესრულებამ ჯამში შეადგინა 134 701 ლარი.

აუდიტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ მერიის შესაბამის სამსახურს არ გაუანალიზებია 2016-2017 წლებში განხორციელებული „სოციალური უზრუნველყოფის“ პროგრამის საბოლოო შედეგები და არ განუსაზღვრავს შემაფერხებელი გარემოებები. ამასთან, აღნიშნულ წლებში შესასყიდი საქონლის სავარაუდო ღირებულების დადგენის მიზნით არ ჩატარებულა ბაზრის კვლევა, რის შედეგადაც არასწორად ხდება ბიუჯეტის და შესყიდვების წლიური გეგმის შედგენა. სავარაუდო ღირებულების მაღალი თანხით განსაზღვრა კი, „წარმოშობს საბიუჯეტო თანხების არარაციონალური ხარჯვის რისკებს.“

წყარო: აუდიტის ანგარიში

როგორც ცხრილიდან ჩანს, აღნიშნულ წლებში ჯამში აუთვისებელი დარჩა 604 205 ლარი. აქედან, აუდიტის ანგარიშის მიხედვით:

მოწყვლადი სოციალური კატეგორიების მატერიალური დახმარებით უზრუნველყოფა – აუთვისებელი დარჩა 152 120 ლარი;
მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის სუბსიდირება – აუთვისებელი დარჩა 125 747 ლარი;
მუნიციპალური უფასო სასადილო – აუთვისებელი დარჩა 148 862 ლარი.

მერიის შესაბამისი პასუხისმგებელი პირების განმარტებით ეს გამოწვეულია შესაბამის ბენეფიციართა შედარებით დაბალი მიმართვიანობით, თუმცა, „აუდიტით გამოვლინდა, რომ მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ არ ხდება პროგრამის შუალედური და წლიური შედეგების შეფასება, შეუსრულებლობის გამომნწვევი მიზეზების ანალიზი და მათი აღმოფხვრის ღონისძიებების გატარაება. ამასთანავე არ ხდება პროგრამით დაგეგმილი აქტივობების პოტენციურ მოსარგებლეთა საკმარისი ინფორმირება.“- აღნიშნულია ანგარიშში.

გასულ 2018 წელს, ბათუმის ბიუჯეტში სოციალური უზრუნველყოფისთვის ჯამში 8 081 900 ლარი იყო გათვალისწინებული. 2019 წლის ბიუჯეტში კი 9 160 800 ლარია გამოყოფილი.

მართვის მოწმობების გაცემაზე დღეში 10 საათს მუშაობენ – რამდენს გადაუხდის შსს თანამშრომლებს

„მართვის მოწმობის C, D და E კატეგორიების შეცვლის მსურველთა დიდი რაოდენობის გამო, სააგენტოს ყველა სერვისცენტრი დამატებით იმუშავებს კვირას, 24 თებერვალს, 09:30 საათიდან 18:00 საათამდე,“ – ეს ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ დღეს, 22 თებერვალს გაავრცელა. მომსახურების სააგენტო მუშაობის სპეციალურ რეჟიმზე 8 თებერვლიდან გადავიდა.

8 თებერვლიდან პირველი მარტის ჩათვლით მომსახურების სააგენტო ყოველდღე მუშაობს დილის ათის ნახევრიდან საღამოს რვამდე. ამ რეჟიმით აღმოსავლეთის რეგიონალური ფილიალის, რუსთავის ცენტრალური ფილიალისა და დასავლეთის რეგიონალური ფილიალის მომსახურების ცენტრის მართვის მოწმობების განყოფილების თანამშრომლები მუშაობენ.

რა ანაზღაურებას უხდის შინაგან საქმეთა სამინისტრო საკუთარ თანამშრომლებს ზეგანაკვეთური შრომისთვის? – ამ კითხვით „ბათუმელებმა“ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. უწყებიდან მიღებულ წერილში აღნიშნულია:

„რაც შეეხება ზემოთ მითითებული თანამშრომლების მიერ სპეციალური რეჟიმის გამო ზეგანაკვეთური შრომისთვის ანაზღაურების საკითხს, აღნიშნულზე გადაწყვეტილება იქნება
მიღებული მითითებული პერიოდის დასრულების შემდგომ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად,“ – წერია შსს-დან მიღებულ წერილში.

ევროსასამართლოს ყოფილი მოსამართლე ქართულ სასამართლოში არსებულ კლანზე

რას აჩვენებს ევროსასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ შესული საქმეების კლება? – ეს ერთ-ერთი კითხვაა, რომელიც ნონა წოწორიას დავუსვით. იგი 2008 წლიდან 10 წლის განმავლობაში სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს მოსამართლე იყო. ამ პერიოდში რამდენიმე რეზონანსულ საქმეზე მიიღო გადაწყვეტილება ევროსასამართლომ. სტრასბურგის სასამართლოს მწვავე კრიტიკის მიუხედავად, ქართველი მოსამართლეები, რომლებმაც სადავო გადაწყვეტილებები მიიღეს, უვადოდ გაამწესეს და ახლა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობაც სურთ.

ევროსასამართლოს ყოფილი მოსამართლე, ნონა წოწორია ისევ სტრასბურგში მუშაობს, ამჯერად დამოუკიდებელ ექსპერტად. „ბათუმელებმა“ მასთან ინტერვიუ სოციალური ქსელით ჩაწერა.

  • ქალბატონო ნონა, თქვენ იყავით ევროსასამართლოს მოსამართლე 2018 წლამდე. ამ პერიოდში რამდენად შეიცვალა დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. როგორ ფასდებოდა სტრასბურგში საქართველოს მიერ ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების შესრულება?
  • ეს ათი წელი დაემთხვა ევროსასამართლოს ძალიან მძიმე პერიოდს. 2011 წელს საქმეების რაოდენობა აღწევდა 160 ათასს და სასამართლო იყო კოლაფსის წინაშე. ამბობდნენ კიდეც, რომ ევროსასამართლო გახდა საკუთარი წარმატების მსხვერპლი. ამ ფონზე, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, საქართველოს წინააღმდეგ საქმეების რაოდენობამ პიკს მიაღწია. ეს იყო 3 300 საქმე ჯამში. ეს იყო წლები, როდესაც საქართველო იმ ათი ქვეყნის რიგში ჩადგა, რომელსაც ყველაზე მეტი საქმეთა რაოდენობა ჰქონდა ევროსასამართლოში. ეს იყო სპეციფიკური ვითარება, რადგან ომი იყო წარმოუდგენელი მოვლენა და თავად ევროსასამართლოსთვის ამ კატეგორიის საქმეების განხილვა იყო სიახლე.

ამ წლებში იყო, ბუნებრივია, ე.წ. ჩვეულებრივი საქმეები. პიკი იყო 2010 წელს, როცა ჯამში 428 საქმე შემოვიდა სასამართლოში. ქვეყნის მოსახლეობასთან შეფარდებით, ეს მაინც არ ითვლებოდა, რომ იყო რაღაც განსაკუთრებული მოვლენა, თუმცა სასამართლოს შემადგენლობა, რომელიც მუშაობდა ქართულ საქმეებზე, არ იყო საკმარისი ამ „ჩვეულებრივი საქმეების“ გასაძღოლად. ამ მიზნით  სასამართლოს მუდმივად უხდებოდა ადაპტაცია, ისევე, როგორც სასამართლო პრაქტიკის განვითარება. იმ წლებში სასამართლომ ჩამოაყალიბა სპეციალური სტრატეგია საქართველოს საქმეებთან მიმართებაში, რამაც შესაძლებლობა მოგვცა, დაგროვებული საქმეების რაოდენობას გავმკლავებოდით. საქართველოს საქმეები, ძირითადად, უკავშირდებოდა ევროკონვენციის მესამე მუხლს, დომინირებდა ციხის პირობები, პატიმრების უფლებები და მათთვის სამედიცინო მომსახურების გაწევა. ასევე გამოძიების არაეფექტურობა სამართალდამცავების მხრიდან არასათანადო მოპყრობის შემთხვევაში. იქედან გამომდინარე, რომ ეს სასამართლოს პრიორიტეტებში შედიოდა, ჩვენ, პირველ რიგში, ამ კატეგორიის საქმეებს ვიხილავდით.

2011 წლისთვის გარდატეხა დაიწყო. ამ დროისთვის უკვე აშენდა ახალი ციხეები და საავადმყოფო, მიიღეს ახალი ციხის კოდექსი. მოგვიანებით გაჩნდა მორიგების ინსტიტუტის გამოყენების შესაძლებლობა, შემცირდა ციხეში პატიმრების რაოდენობა, გატარდა რეფორმები… შესაბამისად, საქართველოს წინააღმდეგ საქმეების რაოდენობა დასტაბილურდა და განაგრძო კლება.

რაც შეეხება გადაწყვეტილებების აღსრულებას, ამაზე ზედამხედველობას ახორციელებს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი. ეს რთული და ხანგრძლივი პროცესია. შეიძლება გადაწყვეტილება ითვალისწინებდეს მხოლოდ კომპენსაციის გადახდას, რაც არასდროს წარმოადგენს დიდ პრობლემას და, ფაქტობრივად, მისი აღსრულება ხდება დაუყონებლივ. ევროსასამართლოს ის გადაწყვეტილებები კი, რომლებიც უკავშირდება კანონმდებლობის ცვლილებას, სტრუქტურულ ცვლილებას, გამოძიების ჩატარებას და ასე შემდეგ,  შესაძლოა, დროში გაიწელოს. შემიძლია გითხრათ განზოგადებულად, რომ საქართველო არასდროს მიიჩნეოდა, როგორც ურჩი ქვეყანა, რომელიც გადაწყვეტილებებს არ ასრულებდა. ბუნებრივია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა გადაწყვეტილება იდეალურად შეიძლება აღსრულდეს. წარმოიდგინეთ გადაწყვეტილებები, რომლებიც ეხება გამოძიების ეფექტურობას: ქმედება, რომელიც პირობითად 10 წლის წინ განხორციელდა, შესაძლოა, ფიზიკურად საერთოდ ვეღარ გამოიძიო.

  • ევროსასამართლოში თქვენი მუშაობის პერიოდში რომელ საქმეს გამოყოფდით, სადაც გამოიკვეთა ქართული მართლმსაჯულების სისტემის აშკარა პრობლემა?

ყველაზე ცნობილი საქმე იყო „გირგვლიანი და ენუქიძე საქართველოს წინააღმდეგ“. მე მონაწილეობა არ მიმიღია ამ საქმის განხილვაში, თუმცა ეს საქმე იყო ცალსახა საზომი მართლმსაჯულების სისტემის ხარვეზების. კიდევ ორი ძალიან საინტერესო საქმე იყო, რომელიც რატომღაც არ გახდა რეზონანსული. ერთი არის 2016 წელს მიღებული გადაწყვეტილება საქმეზე – „ჭანკოტაძე საქართველოს წინააღმდეგ“. მოსარჩელე იყო სამოქალქო ავიაციის თავმჯდომარე და მან ხელშეკრულება დადო რამდენიმე ინდივიდუალურ კომპანიასთან. მას ბრალად ედებოდა ის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საწინააღმდეგო კონტრაქტები გააფორმა მომსახურების საფასურის გადახდაზე. სასამართლომ გაანალიზა საკონსტიტუციო სასამართლოს სადავო გადაწყვეტილება და მიიჩნია, რომ საერთოდ გაუგებარი იყო, რა დანაშაული ჰქონდა ჩადენილი ჭანკოტაძეს. ეს იყო კლასიკური ნიმუში დაუსაბუთებელი და თვითნებური განაჩენის. 

მეორე საქმე იყო „მინდაძე და ნემსიწვერაძე საქართველოს წინააღმდეგ“, რომელიც 2017 წლის ივნისში იქნა მიღებული. ეს ეხებოდა 2004 წელს პარლამენტის ერთ-ერთი დეპუტატის მკვლელობის მცდელობას. საქმე საინტერესოა იმ კუთხით, რომ პირველია საქართველოს წინააღმდეგ, სადაც ევროსასამართლომ მინდაძის მიმართ არასათანადო მოპყრობა პოლიციელთა მხრიდან წამებად შეაფასა. ევროსასამართლომ პირდაპირ თქვა, რომ ეს მტკიცებულებები, მართალია, ამოირიცხა სიიდან, მაგრამ ეს მაინც ვერ უზრუნველყოფდა მოსარჩელის სამართლიანი სასამართლოს უფლებას. 

  • ერთ-ერთი რეზონანსული საქმე იყო „ვანო მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“, სადაც თქვენ კიდევ ორ მოსამართლესთან ერთად დააფიქსირეთ პოზიცია, რომ ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ეპიზოდი და წინასწარი პატიმრობის დაუსაბუთებლად გაგრძელება „უმეტესწილად ემსახურებოდა ფარული პოლიტიკური მიზნის მიღწევას“. თქვენი პოზიცია ემყარებოდა საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებას ქართული მართლმსაჯულების სისტემასთან დაკავშირებით. რატომ არ გაიზიარეს თქვენი ეს დასაბუთება ევროსასამართლოს დანარჩენმა 8 მოსამართლემ?

„ვანო მერაბიშვილის საქმის“ ცენტრალური ნაწილი იყო კონვენციის მე-18 მუხლი, რომელიც ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი მთავარი მუხლია, რასაც კონვენცია ითვალისწინებს დემოკრატიის დასაცავად. ამ მუხლის ამოცანაა, რომ დაიცვას საზოგადოება, დემოკრატია არადემოკრატიული შემოტევებისგან.

ევროსასამართლოს არსებობის მანძილზე სულ 6 გადაწყვეტილებაა მიღებული “მერაბიშვილის საქმემდე” ამ მუხლთან მიმართებით. სასამართლოში მიმდინარეობდა დუღილი და იყო უკმაყოფილება მე-18 მუხლის არსებული  სტანდარტების მიმართ. „ვანო მერაბიშვილის საქმე“ იყო პირველი შემთხვევა, რომელიც ევროსასამართლოს დიდმა პალატამ განიხილა ამ თემაზე. ევროსასამართლო იდგა დიდი სამართლებრივი ამოცანის წინაშე. სასამართლოს ჰქონდა ზოგადი გამოწვევა:  რა მტკიცების ტვირთი უნდა გამოიყენებოდეს ასეთ შემთხვევაში? როგორ უნდა დავამტკიცოთ, რომ ხელისუფლებას ჰქონდა ფარული, ან არალეგიტიმური მიზნები? იყო მეორე სერიოზული პრობლემაც – ფაქტის დადგენა, ანუ ნამდვილად გაიყვანეს თუ არა მერაბიშვილი იმ ღამეს საკნიდან.

ორი სხვადასხვა გამოძიება ჩატარდა საქართველოში მანამდე და დადგინდა, რომ ციხიდან მერაბიშვილის გაყვანის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. ევროსასამართლო არ არის საგამოძიებო ორგანო, ის არც პირველი ინსტანციის სასამართლოა. იგი, როგორც წესი, ეყრდნობა შიდა სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს და შიდა გამოძიებას. მერაბიშვილის შემთხვევაში კი, ევროსასამართლო იძულებული გახდა თავად დაედგინა ფაქტები, როგორც გამონაკლისი შემთხვევა. საბოლოოდ, ევროსასამართლომ დაადგინა, რომ მერაბიშვილი ნამდვილად გაიყვანეს ციხიდან და მიზნად ისახავდა ინფორმაციის მოპოვებას ყოფილ პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ფაქტსა და ყოფილი პრეზიდენტის საბანკო ანგარიშებზე. ვინც ქართული კონტექსტი იცის, მისთვის ცხადია ისიც, რომ ეს ორი თემა განუყოფელი იყო პოლიტიკური პროცესისგან, თუმცა სასამართლომ  ჩათვალა, რომ მერაბიშვილის ციხიდან გაყვანა პოლიტიკურ მიზანს არ ემსახურებოდა. ეს არც იყო გასაკვირი ზოგადად მე-18 მუხლის საქმეების სირთულის და კონკრეტულად ამ შემთხვევაში სასამართლოს წინაშე მდგარი ზემოაღნიშნული ორი დიდი ამოცანის გათვალისწინებით.

რამდენიმე მოსამართლის კონცეფცია, რომ სასამართლოს უფრო აქტიური როლი უნდა შეესრულებინა უფლებების  პოლიტიკური მიზნით შეზღუდვის შემთხვევაშუ, რეალიზდა სხვა საქმეში 2018 წელს: ეს არის „სელაჰატინ დემირტაში თურქეთის წინააღმდეგ. ის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერია და მასთან დაკავშირებით ევროსასამართლომ ჩათვალა, რომ მისი დაპატიმრება ემსახურება პლურალიზმის და პოლიტიკური დებატების შეზღუდვას. ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ევროსასამართლომ თქვა, რომ ამა თუ იმ ადამიანის პატიმრობა შესაძლოა ემსახურებოდეს პოლიტიკურ მიზანს.

  • ვიდრე ევროსასამართლო „ვანო მერაბიშვილის საქმეს“ ჯერ 2016 წელს, შემდეგ 2017 წელს [საქართველოს მთავრობამ პირველი გადაწყვეტილება გაასაჩივრა] მიიღებდა, საქართველოში იყო დისკუსია, უნდა მიგეღოთ თუ არა თქვენ მონაწილეობა ამ საქმეში, როგორც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაახლოებულ პირს და ზურაბ ადეიშვილის ყოფილ მოადგილეს. გქონდათ უხერხულობა ამ შეფასებების გამო და თქვენი აზრით, რა უზრუნველყოფს ევროსასამართლოს მოსამართლის დამოუკიდებლობას?

მოსამართლის გათანაბრება იმ პარტიასთან, რომელიც ხელისუფლებაში იყო მისი მოსამართლედ გამწესების დროს, არამართებული მგონია. კონვენციის სისტემა ისეა მოწყობილი, რომ წარმოუდგენელია ერთმა მოსამართლემ მოახდინოს გავლენა გადაწყვეტილების შედეგზე, იმდენად ბევრი თვალი უყურებს ამას. ევროსასამართლოს მოსამართლის დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს პრინციპები და სტანდარტები, რომლითაც სასამართლო ფუნქციონირებს. შესაძლოა, ცალკეულმა მოსამართლემ შეთავაზება გააკეთოს და ამას გაიზიარებენ მსჯელობის შემდეგ, თუ დარწმუნდებიან მის სისწორეში. ყველა მოსამართლე თავდაპირველად ინდივიდუალურად მუშაობს და შემდეგ იკრიბებიან ისინი სათათბირო ოთახში. მოსამართლის შეფასება შესაძლებელია მხოლოდ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ანალიზით. მე ვსაუბრობდი 10 წლის განმავლობაში იმ გადაწყვეტილებების ენით, რა გადაწყვეტილებებიც მიიღებოდა ჩემი მონაწილეობით. ვერ ნახავთ ვერცერთ გადაწყვეტილებას, როდესაც ჩემი კოლეგა მოსამართლეები თვლიდნენ, რომ იყო დარღვევა და მე მქონდა განსხვავებული აზრი. ასევე ყველა საქმე, რომელშიც მიმიღია მონაწილეობა, ეხებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს მიღებულ გადაწყვეტილებებს.

მახსოვს ვანო მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებული დისკუსია, თუმცა მე რეალურად პროკურატურაში მივედი 2004 წელს და იქ, ძირითადად, ვასრულებდი ადმინისტრაციულ ფუნქციას. 2006 წელს გავემგზავრე ამერიკის შეერთებულ შტატებში სასწავლებლად, იქედან დავბრუნდი 2007 წლის დეკემბერში და 2008 წლის იანვრიდან დავიწყე სამოსამართლეო უფლებამოსილების განხორციელება… ამ საქმეზე ჩემი აცილების შუამდგომლობა არ დაუსვამს არც საქართველოს ხელისუფლებას. ეს დისკუსიები დასაბუთებული რომ ყოფილიყო, ისევე მოვიქცეოდი როგორც მაშინ, როცა გირგვლიანის საქმე ერთი საგაზეთო სტატიის გამო ავიცილე. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ არცერთი პოლიტიკური პარტიის, მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი არასდროს ვყოფილვარ. 

  • 2017 წლის მაისში ბათუმში თქვენი ძმის საცხოვრებელი სახლი გაჩხრიკეს და იარაღი ამოიღეს. მაშინ აღნიშნეთ, რომ ეს შესაძლოა თქვენს მოსამართლეობას უკავშირდებოდა, თუმცა გავლენას ვერ მოახდენდნენ. რა გაირკვა ამ დაკავების შემდეგ და რომელ საქმეზე სურდათ თქვენზე ზეწოლის მოხდენა?

გამოძიებამ დაასკვნა, რომ იარაღი, რომელიც აღმოაჩინეს, ეკუთვნოდა ჩემი ძმის გარდაცვლილ სიმამრს. ამ საფუძვლით საქმის გამოძიება შეწყდა. მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ.

  • ევროსასამართლოში თქვენი მოსამართლეობის პერიოდში შევიდა ასევე „გიორგი ოქროპირიძის საქმე.“ ის მკვლელობისთვისაა გასამართლებული. თქვენთვის რა არის ცნობილი ამ საქმეზე და გაქვთ თუ არა კითხვები სამართალდამცავ უწყებებთან, ან სასამართლოსთან?

ეს საკმაოდ საინტერესო საქმეა, რომელიც 2011 წელს შემოვიდა ევროსასამართლოში. საჩივარი ეხებოდა ციხის პირობებს და მისთვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხს. მოგვიანებით შემოვიდა კიდევ ერთი საჩივარი არაჰუმანური მოპყრობის და არაეფექტური გამოძიების კუთხით და 2012 წელს ამ საჩივრების კომუნიკაცია მოხდა [კითხვები გაეგზავნა მთავრობას].

2014 წლის 4 აპრილს ევროსასამართლომ მიიღო შემოთავაზება საქართველოს ხელისუფლებისგან მორიგებაზე, სადაც იყო აღნიშნული შემდეგი, რომ მოსარჩელემ დაგვიანებით დაიწყო სამართლებრივი დავა. მთავრობა ამბობდა, რომ გამოძიება ჩატარდა ობიექტურად და ადეკვატურად და რომ მოსარჩელეს ჰქონდა შესაძლებლობა, მიეღო მონაწილეობა გამოძიებაში. საქართველოს მთავრობამ აღიარა, რომ გარკვეულ გაჭიანურებას ადგილი ჰქონდა, მაგრამ დადგინდა, რომ ციხეში არასათანადო მოპყრობას ადგილი არ ჰქონია. მთავრობა ასევე ამბობდა, რომ აპრილის ბოლოსთვის გაათავისუფლებდა მოსარჩელეს პატიმრობისგან. მოსარჩელე მორიგების ამ პირობებს დაეთანხმა. მხარეებს შორის შედგა ურთიერთშეთანხმება და სასამართლოს მონაწილეობა ამ პროცესში არ მიუღია. 

ამის შემდეგ უკვე 2016 წელს შემოვიდა გიორგი ოქროპირიძის საქმე ხელახლა, რაც უკავშირდებოდა კონვენციის მე-5 მუხლს. 2018 წელს შეტანილი საჩივარი კი კონვენციის მე-6 მუხლს, ანუ სამართლიანი სასამართლოს სხვადასხვა ასპექტებს ეხება. ეს უკვე მომავლის საკითხია, რას იტყვის სასამართლო.

  • მოსამართლეების უვადოდ გამწესების პროცესებს თუ ადევნებთ თვალს? როგორ ფიქრობთ, იმსახურებენ თუ არა უვადოდ გამწესებას, ან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობას ის ადამიანები, ვის მიერ გამოტანილი განაჩენებიც ევროსასამართლოს მწვავე შეფასების საგანი გახდა?

დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო არის გარდაუვალი. ამის გარეშე დემოკრატიასა და კანონის უზენაესობაზე წარმოუდგენელია ვსაუბრობდეთ. უამისოდ მე, პირადად, ქვეყნის არსებობასაც ეჭვქვეშ ვაყენებ. ამას პროცესში მონაწილე ყველა პირი უნდა აცნობიერებდეს. 

ამასთან, დადგა დრო, რომ მოსამართლეთა დანიშვნის სისტემა იყოს ღია და მიუკერძოებელი. ამაში უნდა მონაწილეობდნენ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები, ფართო საზოგადოება. ეს პროცესი არ უნდა იყოს მხოლოდ გარკვეული წრეების მიერ გადასაწყვეტი, იქნება ეს საპარლამენტო უმრავლესობა, თუ თავად მოსამართლეები. ორივე შემთხვევაში შეიძლება მივიღოთ ჩაკეტილი წრე, რომელიც შესაძლოა არ მოქმედებდეს მართლმსაჯულების ინტერესების სასარგებლოდ. ეს ქმნის საფუძველს, რომ მოსახლეობას არ ჰქონდეს ნდობა სასამართლო სისტემის მიმართ. სამწუხაროდ, სასამართლო იქცა პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად, სხვა ორგანოებთან ერთად.

ზოგადად უნდა ითქვას, რომ სასამართლო შეცდომა არ არის გამორიცხული. ამიტომაც არსებობს გასაჩივრების მექანიზმი, მაგრამ ჩვენ ვხედავთ საქართველოში, რომ მოსამართლეთა მხრიდან ადგილი აქვს ხელისუფლების შეკვეთების შესრულებას. 

  • რომელი წლებიდან ხედავთ ამ პრობლემას?  

ეს არის მუდმივი პრობლემა საქართველოში და ეს უნდა დასრულდეს. შეუძლებელია წარსული შეცდომებს გამო აწმყოში შეცდომების დაშვება. საქმის გადაწყვეტის დროს შეცდომის დაშვება შესაძლებელია, მაგრამ, მეორეს მხრივ, მოსამართლე არ შეიძლება იყოს ადამიანი, რომელიც დისკრედიტებულია. ადამიანები, რომლებიც არ არიან მიუკერძოებლები საქმის გადაწყვეტის დროს, არ შეიძლება იყვნენ მოსამართლეები.

  • თქვენი აზრით, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ დამოუკიდებელი სასამართლო მივიღოთ?

ამისთვის საჭიროა კონკრეტული საკანონმდებლო ცვლილებები, რამაც უნდა უზრუნველყოს მოსამართლეთა არჩევის დროს ფართო გამჭვირვალობა, რომ მოხდეს მაქსიმალურად ამ ადამიანების კეთილსინდისიერების და კომპეტენტურობის შეფასება. ძალიან დეტალური პროცესი უნდა იყოს, რომ თითოეული კანდიდატი შეფასდეს სრულფასოვნად.

საკანონმდებლო ცვლილებები უნდა მოიცავდეს არა მხოლოდ მოსამართლეთა დანიშვნას, არამედ მოსამართლეთა დაწინაურების პროცესს. დაწინაურება უნდა მოხდეს არა კონკრეტული ჯგუფების მიმართ ერთგულების გამო, არამედ დამსახურების მიხედვით. ეს სისტემა უნდა ქმნიდეს ამგვარი წახალისების შესაძლებლობას.

უნდა არსებობდეს ასევე დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომ მოსამართლის მიმართ ზეწოლა იქნას გამოძიებული. გარდა ამისა, მოსამართლის დამოუკიდებლობა მხოლოდ გარედან დამოუკიდებლობით არ იზომება. მნიშვნელოვანია შიდა სტრუქტურული დამოუკიდებლობა, რაც გამორიცხავს ინდივიდუალურ მოსამართლეზე იერარქიულად მაღლა მდგომი მოსამართლის მხრიდან ჩარევას.

  • თქვენც ეთანხმებით მოსაზრებას, რომ კლანია სასამართლო სისტემაში?

შეუძლებელია, რომ ყველა საუბრობდეს ამაზე და მე ჩავთვალო, რომ ეს არ იყოს სიმართლე.

მინიმუმ უნდა არსებობდეს წინაპირობები იმისთვის, რომ ეს ბრალდება გაბათილდეს, რაც ჯერჯერობით არ მომისმენია. ასევე მინდოდა მეთქვა, რომ უნდა არსებობდეს ეფექტური სისტემა, რომელიც გამოიძიებს მოსამართლეების შესაძლო გადაცდომებს, ან კორუფციულ სამართალდარღვევებს. არც მე და არც ამ სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებს არ აქვთ ინფორმაცია, რომ რომელიმე საქმეზე ჩატარდა გამოძიება, როცა არსებობდა სერიოზული ეჭვი კორუფციულ სამართალდარღვევაზე. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მისამართითაც არსებობს კითხვები. უნდა შეიცვალოს მთლიანად სისტემა. შეუძლებელია, რომ ერთი ნაწილი გამოსწორდეს და მეორე – არა. ფაქტია, რომ სასამართლო ხელისუფლება არის სავალალო მდგომაროებაში.

  • სასამართლო ხელისუფლებაზე საუბრის დროს მმართველი პოლიტიკური გუნდი მიანიშნებს ევროსასამართლოზე, რომელსაც აღარ უწევს ისეთი რეზონანსული საქმეების განხილვა, როგორც ეს წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა – სანდრო გირგვლიანი, სულხან მოლაშვილი, გიორგი მიქიაშვილი…

მე ეს კითხვა წლების განმავლობაში მაწუხებს და ვფიქრობ, ამ თემაზე დისკუსიის დაწყება საინტერესო იქნება. 2012 წლიდან როცა საქმეების კლების ტენდენცია შეიმჩნეოდა, არ მიკვირდა, რადგან ახალი ხელისუფლება მოვიდა სამართლიანობის აღდგენის დაპირებით. მოსახლეობის ნაწილს ჰქონდა განცდა, რომ ეროვნულ დონეზე მიაღწევდა სამართლიანობას, თუმცა შემდეგ, წლების განმავლობაში, საჯარო წყაროებიდან ვეცნობოდი სხვადასხვა საქმეს და მიკვირდა, რატომ არ შემოდიოდა ეს საქმეები ევროსასამართლოში, რადგან არსებობდა ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა და ეჭვი. ძალიან მაინტერესებს, მაგალითად, „თათუხაშვილის საქმე“. საერთოდ გაუგებარია, რა მოხდა, რა დაემართა ამ ადამიანს. მაინტერესებდა ასევე ლაგვილავას საქმე, რომელიც სენაკში სპეცრაზმელი იყო და სამუშაო ოთახში ააფეთქეს. ბათუმელი გიგა ფარტენაძის საქმეშიც ბევრი ეჭვი არსებობდა. იგი ციხეში მოკლეს. არ ვიცი, შესაძლოა ვცდები, მაგრამ ვფიქრობ, რომ პრობლემური გახდა სამართლებრივი დახმარების მიღება ევროსასამართლოში დავის საწარმოებლად.

  • ხომ არ აპირებთ საქართველოში დაბრუნებას და თქვენი გამოცდილების აქ გამოყენებას? გქონდათ საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობა მას შემდეგ, რაც ევროსასამართლოში აღარ მუშაობთ?

არა, ხელისუფლებასთან არანაირი კონტაქტი არ მქონია. ჯერჯერობით ვაგრძელებთ ცხოვრებას სტრასბურგში. ჩემი ცხოვრების მიზანია, ზოგადად, საქართველოს ინტეგრაცია ნატოსა და ევროკავშირში, ასევე საქართველოს საბოლოო მოშორება რუსეთის ორბიტიდან. როცა ჩავთვლი, რომ შესაძლებელი იქნება ამ მიზნის მიღწევაში აქტიური მონაწილეობა მივიღო, მზად ვიქნები ამისთვის.

 

 

 

ბათუმში სახანძროს მხოლოდ 30 მეტრი სიგრძის კიბე აქვს, სახლების სიმაღლე კი 100 მეტრს აღწევს

ბათუმში მაღლივ საცხოვრებელ სახლებში, მეთხუთმეტე სართულიდან მეოცე და შემდეგ სართულებზე ხანძრის გაჩენის შემთხვევაში, მეხანძრეებს შემთხვევის ადგილზე მოსახვედრად ამ სახლის შიდა კიბეზე მოუწევთ ასვლა – სახლის ფასადის მხრიდან ამ სართულებს ვერ მისწვდება სახანძრო კიბე, რომლითაც ბათუმის სახანძრო-სამაშველო ჯგუფი სარგებლობს. ხანძრის დროს ლიფტით სარგებლობა დაუშვებელია, ბოლო ათი წლის განმავლობაში აშენებული სახლების უმეტესობას კი ბათუმში არც საევაკუაციო კიბე აქვს.

ბათუმში სახანძრო სამსახურს ამ დროისთვის მხოლოდ 30 მეტრი სიგრძის კიბე აქვს, რაც მეთხუთმეტე სართულის ზემოთ ვერ წვდება. გარდა ამისა, განსაკუთრებით ახალი კორპუსები ისეა აშენებული, რომ სახანძრო მანქანებისთვის ზოგჯერ ამ სახლებთან მისაახლოებლად ქუჩის გადაკეტვა ან პარკინგის ადგილის მანქანებისგან დაცლა ხდება საჭირო.

მაღლივი სახლების უმეტესობას ბათუმში ასევე არა აქვს ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები დამონტაჟებული, რის გამოც რთულია ხანძრის კერის აღმოჩენაც კი. სახნძრო უსაფრთხოების სამსახური კი ამ დროისთვის კეძო სახლების სახანძრო უსაფრთხოების მიმართულებით შემოწმებას არ ახორციელებს.

სამაშველო სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში ბათუმის სახანძრო ჯგუფს 64-მეტრიანი კიბე ექნება. მის შესაძენად ბიუჯეტიდან 3 მილიონ 500 000 ლარი დაიხარჯა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, საქართველოს მასშტაბით, სახანძრო უსაფრთხოების კუთხით კანონით განსაზღვრული შენობა-ნაგებობების შემოწმება 14 თებერვალს დაიწყო.

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შეტანილი ცვლილებების შემდეგ, სახანძრო უსაფრთხოების შემოწმებას დაექვემდებარა თითქმის ყველა შენობა-ნაგებობა და მნიშვნელოვნად გაიზარდა სანქციები. სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნის დარღვევა ან შეუსრულებლობა 500-დან 10 000-მდე ლარის ჯარიმას ითვალისწინებს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სპეციალისტები ობიექტებს სამ ეტაპად შეამოწმებენ. პირველ ეტაპზე, შენობა-ნაგებობის შემოწმებისას, გაიცემა რეკომენდაციები და ყველა მფლობელს მიეცემა გონივრული ვადა მათ შესასრულებლად. განმეორებითი შემოწმებისას სამსახური რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგს განახორციელებს. ხოლო მესამე, საკონტროლო შემოწმებისას, რეკომენდაციების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დამრღვევი დაჯარიმდება.

სამსახური უფლებამოსილია, კრიტიკულად შეუსაბამო პირობების შემთხვევაში, სასამართლოს მიმართოს და მოითხოვოს შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციის შეჩერება.

მთავარი ფოტო: მანანა ქველიაშვილი

მომსახურების სააგენტო: მართვის მოწმობის შეცვლა ამ შაბათ-კვირასაც იქნება შესაძლებელი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ცნობით, მართვის მოწმობის C, D და E კატეგორიების შეცვლის მსურველთა დიდი რაოდენობის გამო, სააგენტოს ყველა სერვისცენტრი დამატებით იმუშავებს კვირას, 24 თებერვალს, 09:30 საათიდან 18:00 საათამდე.

დამატებულ სამუშაო დღეს მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ მხოლოდ მართვის მოწმობის შეცვლა-აღდგენის მომსახურებით ისარგებლონ.

2019 წლის 1-ელი მარტიდან იურიდიულ ძალას კარგავს საქართველოში 2014 წლის 1-ელ მარტამდე გაცემული C, D და E კატეგორიის და ქვეკატეგორიის მართვის მოწმობები. ცვლილება არ ეხება B კატეგორიის, ანუ მსუბუქი ავტომობილის კატეგორიის მართვის მოწმობებს. ასევე, იმ მოქალაქეებს, რომლებსაც B კატეგორიასთან ერთად, დამატებით აქვთ C, D ან CD კატეგორიები და ამ ეტაპზე მხოლოდ B კატეგორიით სარგებლობენ. აღნიშნულ პირებს შეცვლის ვალდებულება არ აქვთ პირველ მარტამდე, მათ ვადის ამოწურვის შემდეგ, ნებისმიერ დროს შეუძლიათ მიმართონ მომსახურების სააგენტოს და ყოველგვარი დამატებითი პროცედურების, მათ შორის გამოცდის ჩაბარების გარეშე, შეცვალონ მართვის მოწმობა.

სააგენტო მიმდინარე წლის 8 თებერვლიდან სპეციალური რეჟიმით მუშაობს. მოქალაქეებს მართვის მოწმობის შეცვლა ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, ყოველ სამუშაო დღეს, 09:30 საათიდან 20:00 საათამდე, ხოლო შაბათს – 09:30 საათიდან 18:00 საათამდე შეუძლიათ.

მსოფლიოს ათი საუკეთესო მასწავლებელი

21 თებერვალს ცნობილი გახდა მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ათი ფინალისტის ვინაობის შესახებ. მათ შორისაა ქართველი მასწავლებელი, ლადო აფხაზავაც. მასწავლებელთა გლობალური ჯილდოს მფლობელის ვინაობა 23 მარტს გახდება ცნობილი. მანამდე გაეცანით, რა მიღწევებისთვის მოხვდა ათი მასწავლებელი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ფინალისტების სიაში.

ენდრიუ მოფატი, დიდი ბრიტანეთი, ბირმინგემი 

ენდრიუ ქალაქ ბირმინგემის ერთ-ერთ ღარიბ უბანთან ახლოს არსებულ პარკფილდის საზოგადოების სკოლაში ასწავლის. მისი მოსწავლეები სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფს მიეკუთვნებიან და მოსწავლეების უმრავლესობისთვის ინგლისური არა მშობლიური, არამედ მეორე ენაა.

ენდრიუ თავისი პროგრამით – No Outsiders – ასწავლის ინკლუზიასა და მრავალფეროვნებას. გაკვეთილების შემდეგ ენდრიუ სკოლის კლუბში მუშაობს, სახელწოდებით – „პარკფილდის ელჩები“, სადაც სკოლის მოსწავლეებს, რომელთა 99 პროცენტი მუსლიმია, ეძლევათ საშუალება, გაიცნონ ბირმინგემის გარშემო მცხოვრები სხვა რასების, რელიგიებისა და კულტურების წარმომადგენლები.
ენდრიუმ ეს მიდგომა მშობლებზეც გაავრცელა. მას დიდი ბრიტანეთის სამეფოს სხვა ქალაქების ბევრმა სკოლამაც მიბაძა.

ამ ეტაპისთვის ენდრიუ მიდგომას – „No Outsiders” რადიკალიზაციის პოტენციალის შემცირებისთვისაც იყენებს, რაც დროულია, რადგან სახელმწიფო სტატისტიკის მიხედვით, სიძულვილით მოტივირებული დანაშაული ბოლო წლებში საგრძნობლად გაიზარდა.

2017 წელს ენდრიუ მოფატის გადაეცა ინგლისის დედოფლის ჯილდო განათლების სისტემაში თანასწორობისა და მრავალფეროვნების დანერგვისთვის.

დეიზი მარტენსი, ჰოლანდია, ჰელმოდნი

დეიზი მუშაობს ღარიბ უბანში მდებარე სკოლაში, სადაც 30 სხვადასხვა ეროვნების მოსწავლე სწავლობს. მის მოსწავლეებს შორის არიან ბავშვები, რომელთაც პრობლემები აქვთ სწავლისას და ასევე, განსაკუთრებული ნიჭის მქონე ბავშვებიც.

დეიზის სწავლების პრინციპია მოსწავლეების თანაბარი მონაწილეობა მათივე სწავლის დაგეგმვაში, რაც მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, ჰქონდეთ ძლიერი მოტივაცია და მოკლე და გრძელვადიანი მიზნები. სხვა საკითხებთან ერთად ეს გულისხმობს მოსწავლეების მიერ საკუთარი, კვლევითი პროექტების შექმნას, მაგალითისთვის – მდგრადი გასართობი პარკის პროექტის. პროექტებმა კულტურისა და რელიგიის შესახებ ასევე დიდი გავლენა მოახდინა მოსწავლეების ცოდნის ზრდაზე.

დეიზიმ 2016 წელს ჰოლანდიის საუკეთესო მასწავლებლის წოდება მიიღო. ამის შემდეგ, იგი ქვეყნის მასშტაბით, მასწავლებელთა მოსამზადებელ კოლეჯებში მართავდა პრეზენტაციებს და კითხულობდა ლექციებს მასწავლებელთა ეროვნულ კონგრესში.

დებორა გაროფალო, ბრაზილია, სან პაულო

როცა დებორამ სან პაულოს გარეუბნის სკოლაში დაიწყო მუშაობა, მიხვდა, რომ მოსწავლეები ვერ იღებდნენ საჭირო ტექნოლოგიურ განათლებას, სკოლას არ გააჩნდა საჭირო რესურსები, გარემო კი, სადაც ბავშვები ცხოვრობდნენ, ღარიბი, ძალადობრივი და ანტისანიტარიული იყო.

დებორა ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდებდა მოეტანათ ნივთები, რომლებიც სხვა შემთხვევაში სანაგვეზე აღმოჩნდებოდა და დაიწყო მარტივი პროექტებით „შექმნის“ სწავლება. მან მოსწავლეებს თანდათან გააცნო ელექტრონიკის საფუძვლები და გადავიდა რთული რობოტებისა და მიკროსქემების შექნაზე. 2 ათასზე მეტი მოსწავლე ჩაერთო პროექტში და 700 კილოგრამი ნაგვისგან შეიქმნა სრულიად ახალი ნივთები, რობოტების, თვითმფრინავების, ნავების პროტოტიპები. პროექტის გავლენა მოსწავლეებზე დიდი იყო. მათი ცოდნა გაღრმავდა, შედეგები გამოცდებზე კი გაიზარდა, მინიმუმ 28 მოსწავლე გადაურჩა სკოლიდან გარიცხვას.

სკოლის პრობლემებს შორის მხოლოდ ძალადობა დარჩა მოუგვარებელი. დასახლებაში მძიმე კრიმინოგენური მდგომარეობაა და როგორც მოსწავლეები ამბობენ, გარემოში, სადაც ყველა ნაბიჯზე შეხვდებით ნარკოდილერებს, მოძალადეებს და დამნაშავეებს, რთულია გადარჩე, დებორამ კი მათ საკუთარი თავის რწმენა და ერთმანეთთან თანამშრომლობა ასწავლა, რაც მათ ფსიქოლოგიურად აძლიერებს და მომავლის იმედს ჰმატებს.

დებორას პროგრამა გამოიყენეს სან პაულოს სხვა სკოლებმაც. დებორა კურირებს სან პაულოს ტექნოლოგიურ კვირეულს, სადაც სხვა მასწავლებლებს ასწავლის ე.წ. „ჯანქ რობოტიკას“.

ჰიდეკაზუ შოტო, იაპონია, კიოტო

ჰიდეკაზუს ინოვაციური მეთოდი ინგლისური ენის საზღვარგარეთ წასვლის გარეშე სრულყოფილად შესწავლას ეხება. იგი სწავლებისას იყენებს Skype-სა და Minecraft-ს, რაც საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, ჰქონდეთ ურთიერთობა ინგლისურ ენაზე სხვა ქვეყნების მოსწავლეებთან. მისი მოსწავლეები იოლად უმეგობდებიან და თანამშრომლობენ სხვა ქვეყნის მოსწავლეებთან, პროგრამირების ან სხვა მიმართულებით, ინგლისურ ენაზე.

იაპონიაში, სადაც სწავლების ტრადიციული მეთოდის პირობებში მოსწავლეები ორიენტირებულნი არიან დამახსოვრებაზე გამოცდების ჩასაბარებლად, მოსწავლეების მხოლოდ 30 პროცენტი ამბობს, რომ მათ მოსწონთ ინგლისური ენა, ხოლო ჰიდეკაზუს კლასში ინგლისური მოსწავლეების 94 პროცენტისთვისაა საყვარელი საგანი.

ჰიდეკაზუს სწავლების მეთოდი Microsoft-მა „მაინკრფტის“ განათლების ჯილდოთი აღნიშნა. თუ კი მასწავლებლის გლობალურ ჯილდოს მოიპოვებს, ჰიდეკაზუ აპირებს შექმნას ორგანიზაცია, რომელიც დაეხმარება იაპონიაში მასწავლებლებსა და მოსწავლეებს გაცვალონ ინფორმაცია უცხოეთში და ასევე, შექმნას სისტემა, რომელიც ხელმისაწვდომს გახდის სკოლების ტექნიკურ აღჭურვას სოფლად.

მარტინ სალვეტი, არგენტინა, ბუენოს აირესი

მარტინ სალვეტის არჩევანი არ მასწავლებლობა არ ყოფილა, უნივერსიტეტის ხარჯების დასაფარად, დამატებით საქმიანობად რეპეტიტორობა დაიწყო და იმდენად მოეწონა, რომ მშობლიურ ქალაქში დაბრუნების შემდეგ, Materials Knowledge, Technical Drawing and Internal Combustion Engines-ის პროფესორი სკოლის მასწავლებელი გახდა.

თავდაპირველად, მარტინმა შექმნა საფეხბურთო კლუბი სკოლაში, სადაც მოსწავლეები და სკოლის პერსონალი იყო გაერთიანებული. იგი აკვირდებოდა, თუ როგორი ეფექტური იყო მოსწავლეების ჩართულობა ამ აქტივობაში, მიუხედავად მათი განსხვავებებისა. ეს იყო მნიშვნელოვანი გამოცდილება, რაც დაეხმარა მარტინს თავის შემდგომ საქმიანობაში. მარტინის სკოლამ მიიღო დაფინანსება რადიო და კინოპროექტისთვის, ასევე, ბენდის შესაქმნელად, 2007 წელს მარტინმა და მისმა მოსწავლეებმა გაიმარჯვეს ნაციონალურ კონკურსში და მიღებული თანხით, 2008 წლიდან, გამართეს სასკოლო რადიო და დაიწყეს ადგილობრივ მოსახლეობაში ტრანსლირება.

სკოლის რადიოსადგური ამჟამად ყოველ დღე, 24-საათიან რეჟიმში მუშაობს. რადიო აძლევს საშუალებას მოსწავლეებს ისწავლონ, ხოლო მსმენელებს აწვდის საინტერესო და გასართობ ინფორმაციას. რადიოსთვის თემებს თავად მოსწავლეები არჩევენ, საკითხები შეეხება მოძრაობის წესებს, სექსუალურ განათლებას, ბულინგს და ა.შ.

მარტინმა ასევე შექმნა პროექტი One car for one horse [ერთი მანქანა ერთი ცხენისთვის], რომლის ფარგლებშიც მოსწავლეები არემონტებენ მოტოციკლეტებსა და ძველ მანქანებს და ცვლიან მათ ცხენებზე, რომელთაც მძიმე შრომისთვის იყენებენ და სასტიკად ექცევიან.

მარტინის შრომის შედეგია იმ მოსწავლეების შთაგონება, რომლებიც მანამდე სკოლიდან გარიცხვის რისკის ქვეშ იყვნენ.

მელისა სალგუერო, აშშ, ნიუ იორკი 

მელისამ დაიწყო მუშაობა სკოლაში, სადაც არ იყო მუსიკალური ინსტრუმენტები და რესურსები. 48-ე საჯარო, ჯოზეფ რ. დრეიკის დაწყებითი სკოლა, რომელიც ნიუ-იორკში, ბავშვებისათვის ყველაზე მაღალი რისკის მქონე, სამხრეთ ბრონქსის დასახლებაში მდებარეობს. აქ მცხოვრები ბავშვების 59 პროცენტზე მეტი სიღარიბეში ცხოვრობს, ოჯახების 29%-ის წლიური შემოსავალი კი 15 000 დოლარზე ნაკლებია.

მელისა მონაწილეობდა კონკურსებში, წერდა განაცხადს გრანტებზე, ბოლოს და ბოლოს შეძლო საკმარისი თანხის შეგროვება და დაიწყო პროგრამა სკოლის ბენდისათვის, რასაც დიდი წარმატება მოჰყვა. მელისას მოსწავლეებს შორის დისციპლინისა და ყოფაქცევის პრობლემები შემცირდა და გაკვეთილებზე დასწრების მაჩვენებელი გაიზარდა.

2013 წელს მელისა სალგუერო დასახელდა საუკეთესო მასწავლებლად ნომინაციაში – Big Apple Awards & Lincoln Center Arts Teacher.

2014 წლის ზაფხულის არდადეგებზე მელისას პროგრამამ 30 000 დოლარი დაკარგა გაქურდვის გამო. მიუხედავად ამისა, მელისამ და მისმა მოსწავლეებმა ჩაწერეს მუსიკალური ვიდეო, რომელიც ვირუსული გახდა და ცნობილი ამერიკელი წამყვანის, ელენ დეჯერენესის ყურადღება მიიქცია, რომელმაც სკოლას 50 000 დოლარის ღირებულების ინსტრუმენტები აჩუქა.

2018 წელს მელისა სალგუერომ „გრემი“ – მუსიკალური განმანათლებლის ჯილდო მიიღო მუსიკალურ განათლებაში შეტანილი წვლილისათვის.

პიტერ ტაბიჩი, კენია, ნაკურუ

პიტერი ასწავლის სოფელ პვანის სკოლაში, კენიის ცენტრისგან მოშორებულ ღარიბ რეგიონში, სადაც გვალვა და შიმშილობა ჩვეული მოვლენაა. პიტერის მოსწავლეების 95 პროცენტი სიღარიბეში ცხოვრობს, თითქმის ყოველი მესამე მოსწავლე ობოლია, ან მხოლოდ ერთი მშობელი ჰყავს, ბევრ მათგანს კი სახლში საჭმელი არ აქვს. ნარკოტიკების მოხმარება, არასრულწლოვანთა ფეხმძიმობა და ქორწინება, სკოლის მიტოვება ადრეულ ასაკში და თვითმკვლელობები ამ რეგიონში ხშირად ხდება. პიტერი სკოლაში საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს ასწავლის და თავისი ყოველთვიური შემოსავლის 80 პროცენტს ღარიბების დასახმარებლად ხარჯავს.

შეცვალო სკოლა, სადაც მხოლოდ ერთი კომპიუტერია, ცუდი ინტერნეტი და 58 მოსწავლეზე მხოლოდ ერთი მასწავლებელი მოდის, იოლი ამოცანა არ არის, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მოსწავლეებმა, სკოლამდე რომ მიაღწიონ, 7 კილომეტრი უნდა გაიარონ ფეხით გზაზე, რომელიც წვიმის სეზონზე გაუვალი ხდება.

პიტერმა შექმნა ტალანტებისა და სამეცნიერო კლუბები სკოლაში, ეხმარებოდა მოსწავლეებს კვლევითი პროექტების შექმნაში. კენიის სამეცნიერო-ტექნიკურ ბაზრობაზე პიტერის მოსწავლეებმა წარადგინეს მათ მიერ შექმნილი მოწყობილობა, რომლის საშუალებითაც სმენა და მხედველობადაქვეითებულ ადამიანებს საშუალება ეძლევათ გაზომონ საგნები. პეტერის მოსწავლეებმა მიიღეს ჯილდო ქიმიკოსთა სამეფო საზოგადოებიდან, მას შემდეგ, რაც გამოიყენეს ადგილობრივი მცენარე ელექტროენერგიის მისაღებად. ამჟამად პიტერის სკოლის მათემატიკოსთა გუნდი ემზადება საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური გამოფენისთვის, რომელიც წელს, არიზონაში, აშშ-ში გაიმართება.

პიტერი და მისი კოლეგები დასვენების დღეებში ინდივიდუალურ გაკვეთილებს უტარებენ ბავშვებს ღარიბი ოჯახებიდან. სამი წლის განმავლობაში სკოლაში მოსწავლეების რაოდენობა გაორმაგდა, დისციპლინის დარღვევის შემთხვევები კვირაში 30-დან სამამდე შემცირდა.

სვარუპ რავალი, ინდოეთი, ლავადის, გუჯარათისა და სხვა სკოლები

სვარუპი იყენებს ეკლექტურ სწავლების პრაქტიკას, რაც საშუალებას აძლევს იმუშაოს ბავშვებთან, რომლებიც სხვადასხვა სოციალურ ფენას წარმოადგენენ და გააჩნიათ განსხვავებული გამოწვევები, მაგალითად: ბავშვები, რომლებიც მუშაობენ ან ცხოვრობენ ქუჩაში, სოფელში მცხოვრები ბავშვები, ბავშვები სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან, ბავშვები ელიტური სკოლებიდან. თითოეულ ჯგუფს, რომელიც იქმნება, აქვს გარკვეული გამოწვევა, რაზეც უნდა იმუშაონ, სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით და მისი გადაჭრის გზები გამონახონ. ამისთვის სვარუპი იყენებს ჯგუფურ განხილვას, დისკუსიებს, დებატებს, თამაშებს, ე.წ. „ბრეინშტორმინგს“, სიმღერასა და ხატვას. განხილვებისას წინა პლანზეა სამყაროსა და საკუთარი შესაძლებლობების გაანალიზება.

სვარუპის მიდგომას ჰქონდა კონკრეტული შედეგები მათთვის, ვისაც იგი ასწავლიდა. მაგალითისთვის, ინდოეთის ერთ-ერთ სოფელში სვარუპის სწავლების შემდეგ თანატოლებმა ადრეული ქორწინების შესაჩერებლად სოფლის კომიტეტთან ერთად მიიღეს ზომები; ხოლო სოფელ სოდვადარში მოსწავლეებმა ალმასის წარმოებაში ბავშვთა შრომის გამოყენების აღკვეთას შეუწყვეს ხელი, რის შედეგადაც ბავშვები სკოლაში დაბრუნდნენ.

სვარუპს ასევე შეტანილი აქვს წვლილი ინდოეთში სწავლების თანამედროვე მეთოდების განვითარებაში. იგი ტრენერი მასწავლებელია, წაკითხული აქვს 40-ზე მეტი მოხსენება ამ თემაზე საერთაშორისო და ნაციონალურ კონფერენციებზე, აქვეყნებს სტატიებს საერთაშორისო პრესაში.

ვლადიმერ აფხაზავა, საქართველო, ჩიბათი 

ვლადიმერ [ლადო] აფხაზავა საქართველოს ღარიბ რეგიონში, გურიაში მუშაობს. მისი მრავალი მოსწავლის მშობელი იძულებული გახდა სამუშაოდ უცხოეთში წასულიყო ოჯახის ფინანსური კეთილდღეობისთვის.

ლადომ დააფუძნა ბანაკი რთულ სოციალურ სიტუაციაში მყოფი ბავშვებისათვის, სადაც მოსწავლეები არაფორმალურ განათლებას იღებდნენ, ამავე დროს იგი არის მცირე საოჯახო სახლის მენეჯერი, სადაც რვა ბავშვი ცხოვრობს.

ლადოს ეკუთვნის პროექტი „დემოკრატიული რევოლუცია“, რომლის მიზანია სკოლის სისტემის მუშაობის გარდაქმნა. შედეგად კავშირი მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის გამყარდა და მოსწავლეები უფრო აქტიურად მონაწილეობდნენ სკოლის მართვის პროცესში. პროგრამა გაფართოვდა და 14 სკოლა მოიცვა. ლადო ახლა თავის კოლეგებს უზიარებს გამოცდილებას და უწევს კონსულტაციებს.

იასოდაი სელვაკუმარანი, ახალი სამხრეთ უელსი, ავსტრალია 

იასოდაი ავსტრალიაში, ეროვნულ დონეზე აღიარებული მასწავლებელი და ლიდერია. დღეისათვის იგი ასწავლის დასავლეთ სიდნეიში მდებარე, რუთი ჰილის უმაღლეს სკოლაში, მისი მოსწავლეებიც წარმოადგენენ სხვადასხვა კულტურულ და ლინგვისტურ ჯგუფებს და ცხოვრობენ ღარიბ დასახლებაში. იასოდაის აბორიგენი და ტორეს სრუტის მოსწავლეები ხშირად ეჯახებიან სტრეოტიპს იმის შესახებ, რომ ღარიბ მოსწავლეებს არ შეუძლიათ მიაღწიონ უფრო მეტს. ბევრი მოსწავლე ტრავმირებულია, რასთან ბრძოლაც შესაძლოა მთელი უმაღლეს სკოლაში სწავლის განმავლობაში მოუხდეთ.

მიუხედავად იმისა, რომ იასოდაი ზრუნავდა ქრონიკულად დაავადებულ ოჯახის წევრზე, მან შეძლო მიეღწია მაღალი შედეგებისთვის სკოლაში, რომელსაც საშუალოზე დაბალი მაჩვენებელი ჰქონდა.

კარიერის მხოლოდ რვა წლის განმავლობაში, მან პირდაპირი გავლენა მოახდინა 200-ზე მეტ მასწავლებელზე, როდესაც 2014 წელს ჯილდო მიიღო როგორც გამორჩეულმა ახალგაზრდა საგანმანათლებლო ლიდერმა, ხოლო 2018 წელს მიიღო ავსტრალიის სწავლების სტიპენდია. 2016-2017 წლებში, რუთი ჰილის სკოლა, ავსტრალიის 40 ყველაზე ინოვატორულ სკოლას შორის დასახელდა, ხოლო 2017 წელს, ჟურნალმა The Educator Australia იასოდაი ავსტრალიულ განათლებაში 35 წლამდე ასაკის 30 ამომავალ ვარსკვლავს შორის დაასახელა.

___________

მასწავლებლის გლობალური ჯილდო 2015 წლიდან გაიცემა.

პირველი ჯილდოს მფლობელი ნენსი ეტველი გახდა აშშ-ის შტატ მენიდან, ინგლისური ენის ნოვატორული სწავლებისათვის; 2016 წელს ჯილდო ჰანან ალ ჰრუბს გადაეცა, მასწავლებელს პალესტინიდან, რომელიც ბავშვობაში ძალადობის მსხვერპლი იყო და ახლა სწავლებისას მისი ლოზუნგია -„არა ძალადობას“; 2017 წელს ჯილდო კანადელ მასწავლებელს, მეგი მაკდონელს გადაეცა, 2018 წელს კი – ანდრია ზაფირაკუსს, მასწავლებელს დიდი ბრიტანეთიდან, რომელიც ბრენტის სკოლაში ასწავლის მოსწავლეებს სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფიდან.

მასწავლებლის გლობალური ჯილდოს დამაარსებელი Varkey-ს ფონდია. ჯილდოს მფლობელი ფონდისგან 1 მლნ დოლარს იღებს პრიზის სახით.

ფეხით მოსიარულეთათვის ტროტუარები გაფართოვდება – მერია ახალ რეგულაციაზე მუშაობს 

ძველ ბათუმში კაფე-ბარების მეპატრონეებს ბათუმის მერიამ სარეკლამო აბრები ჩამოახსნევინა, ტროტუარზე გამოტანილი სკამები და მაგიდები კი – აალაგებინა. ცვლილება, ძირითადად, შეეხო ზვიად გამსახურდიასა და ქუთაისის ქუჩაზე მდებარე რესტორნებს. რესტორნების მეპატრონეთა ნაწილი შერჩევით დამოკიდებულებაზე საუბრობს. მათ მიაჩნიათ, რომ ბათუმის მერია ყველა მეწარმეს თანაბარ მდგომარეობაში არ აყენებს. ამბობენ იმასაც, რომ თუკი მერია კაფეს გარეთ მაგიდების დადგმის ნებას არ დართავს, მათი კლიენტების რიცხვი განახევრდება, რაღაც პერიოდის შემდეგ კი საერთოდაც მოუწევთ თავიანთი ბიზნესი დახურონ, რადგან დახურულ სივრცეში მოწევა აკრძალულია და აღარ ექნებათ საშუალება, მწეველ კლიენტებს მოემსახურონ.

ძველ ბათუმში მდებარე კაფეების მეპატრონეებმა გაფრთხილება 20 თებერვალს მიიღეს. მუნიციპალური სერვისების სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფმა ორ ქუჩაზე განლაგებულ ყველა კაფეში ჩამოიარა და მეწარმეები გააფრთხილა.

„გამოვავლინეთ უკანონო გარევაჭრობის, გარე რეკლამის განთავსების სანებართვო პირობების დარღვევისა და საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის თვითნებური შეზღუდვის ფაქტები,“ – ასეთია სააგენტოს პოზიცია.

უდგება თუ არა მერია მეწარმეებს შერჩევით, გააფრთხილებენ თუ არა ყველა იმ კაფე-ბარის მეპატრონეს, რომლებსაც წესების დარღვევით აქვთ ტროტუარი ათვისებული – „ბათუმელები“ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელს, ჯუმბერ კობალაძეს ესაუბრა.

ბატონო ჯუმბერ, რა ტიპის მონიტორინგს ახორციელებს ამჟამად ქალაქში თქვენი სამსახური და ქალაქის რა ნაწილს მოიცავს ის?

მონიტორინგი ხორციელდება მთელს ქალაქში. იცით, რომ გარევაჭრობის ნებართვას ჰქონდა ვადები, ყველას ვადა ამოწურული და გაუქმებულია.

ჩვენ არქიტექტურის სამსახურთან და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან ერთად დავდივართ და ყველას ვაფრთხილებთ, რომ მივიდნენ შესაბამის ორგანიზაციებში და აიღონ სათანადო ნებართვები.

გარევაჭრობის ნებართვებზე უნდა მიაკითხონ ქონების მართვის სამმართველოსთან არსებულ ვაჭრობის განყოფილებას, სადაც განიხილავენ  გაუგრძელონ თუ არა ვადა, რომ ტროტუარზე იყოს მაგიდები. თუმცა, რამდენადაც მე ვიცი, მერია ტროტუარზე მაგიდებს არ დაადგმევინებს, თუ იქ სათანადო ფართობი არაა. ანუ თუ ტროტუარი არაა ფართო, არ მისცემს ნებართვას. ტროტუარზე ერთი მეტრი უნდა იყოს ქვეითად მოსიარულეთათვის დარჩენილი ადგილი. ამ შემთხვევაში შეიძლება მისი [ნებართვის] განხილვა.

დაიწყეთ ძველი ბათუმიდან, თუმცა ყველა ქუჩაზე მდებარე კაფეს არ მიუღია ეს გაფრთხილება.

გასაგებია, ყველამ ვერ მიიღო. ზოგიერთი კაფე დაკეტილი დაგვხვდა. მფლობელები არ იმყოფებოდნენ, რომ გადაგვეცა. ახლა შეეხო ძველი ბათუმის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე მდებარე კაფეებს, შემდეგ გაგრძელდება რუსთაველის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე, ხიმშიაშვილზე და ა.შ.  ყველა ერთ დღეში ვერ მოესწრება, მაგრამ ერთი თვის შუალედში მთელ ქალაქს მოვიცავთ.

კაფეების მეპატრონეთა ნაწილს გაუჩნდა განცდა, რომ შერჩევით აუკრძალეს მათ მაგიდების ტროტუარზე განთავსების უფლება.

არავითარ შემთხვევაში. აბსოლუტურად ყველას მოეთხოვება ნებართვის გაგრძელება და ნებართვის  აღება. ამას მერიის სამსახურები გადაწყვეტენ, არქიტექტორებთან ერთად. კულტურული მემკვიდრეობის ბევრი ძეგლია ძველ ბათუმში და ასევე ბევრია რუსთაველის ადმინისტრაციულში. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებში განთავსებულ ობიექტებზე რეკლამის, გარევაჭრობის განთავსების ნებართვებს იძლევა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო. ამიტომ ასეთი კაფეების მფლობელებს დასჭირდებათ ჯერ ნებართვა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოდან, შემდგომ კი არქიტექტურა და გარევაჭრობის განყოფილება გასცემს შესაბამის ნებართვას.

ქალაქის ცენტრში რამდენიმე კაფეა, მაგალითად, “BK” მემედ აბაშიძის ქუჩაზე, ხელოვნების მუზეუმის კაფე მარჯანიშვილის ქუჩაზე, რომლებსაც რკინის კონსტრუქციებით აქვთ ათვისებული ტროტუარი ისე, რომ ფეხით მოსიარულეთათვის მცირე ადგილია დარჩენილი. ასევე ვაჟა-ფშაველასა და რუსთაველის კვეთაში მდებარე კაფეს სრულად აქვს ათვისებული ტროტუარი და ამ ჩამონათვალის გაგრძელება შეიძლება. სწორედ მსგავსი მაგალითების გამო ფიქრობენ სხვა კაფეების მეპატრონეები, რომ მერიას შერჩევითი დამოკიდებულება აქვს ბიზნესთან მიმართებაში.

ჯერჯერობით მანდ ვერ მივედით. ახლა დავიწყეთ გოგებაშვილის ქუჩით, ქუთაისის ქუჩა გავაფრთხილეთ, გადმოვალთ გამსახურდიაზე და პარალელურ ქუჩებსაც მოვიცავთ. როცა გადმოვალთ გამსახურდიასა და ბარათაშვილზე, აი, ამ მონაკვეთში რა კაფეებიც იქნება, მაგათაც მივადგებით. ამ დღეებში, ალბათ ორ-სამ დღეში.

ერთი მეტრი უნდა იყოს ტროტუარზე თავისუფალი გასავლელი ადგილი, თუ გადაწყვეტს მერია, რომ შეუნარჩუნდეს ეს ნებართვა.

აქამდე 75 სმ იყო გათვალისწინებული, შეიცვალა რეგულაცია?

75 სმ ძალიან ვიწროა. ვფიქრობ, ამ მონაკვეთში მოქალაქეები ვერ აუვლიან გვერდს. ერთი მეტრი უკეთესია. თვითმმართველობამ გადაწყვიტა, რომ მინიმუმ 1 მეტრი იყოს თავისუფალი ადგილი. სწორედ ამიტომ, ახალ ნებართვებს ჯერ არ ვიძლევით. მალე იქნება საკრებულოს დადგენილება და ეს არის ჩვენი მონახაზი და გადაწყვეტილება, რომ ასე უნდა ვიმოქმედოთ შემდეგში. ჯერჯერობით სარეკლამო ნებართვებზეა საუბარი. რაც შეეხება მაგიდებს და განთავსებას, გარევაჭრობას – საკრებულოს დადგენილების შემდეგ ვიმოქმედებთ. ვთხოვთ საკრებულოს და ქვეითების სასარგებლოდ მივიღებთ გადაწყვეტილებას.

 

არაკეთილსინდისიერი განზრახვის მქონე პირები ხელს გვიშლიან – კომპანია მარადიდის დატბორვაზე

20 თებერვალს ხელვაჩაურში, სოფელ მარადიდში, გზის დატბორვას „კირნათი ჰესის“ მფლობელი კომპანია „აჭარ ენერჯი 2007“ მხოლოდ ორი დღის შემდეგ გამოეხმაურა. რა გახდა დატბორვის მიზეზი, როგორია კომუნიკაცია თურქეთში არსებულ და „კირნათი ჰესს“ შორის, თუ აანაზღაურებს კომპანია ზარალს? – „ბათუმელებს“ ამ და სხვა კითხვებზე სურდა კომპანიისგან პასუხის მიღება, თუმცა „აჭარ ენერჯი 2007“-მა მხოლოდ წერილობით გამოგზავნა მედიასთან პასუხი.

წერილში აღნიშნულია, რომ კირნათი ჰესის პროექტის განვითარების ფარგლებში, კომპანიას შესყიდული აქვს კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთთა 90 პროცენტი, თუმცა ვერ ასრულებს სოფელ მარადიდში შესასრულებელ სამშენებლო სამუშაოებს: გზები, ნაპირსამაგრი და ხიდების გამაგრება, სასაფლაოს გადატანა და ასე შემდეგ „ცალკეული არაკეთილსინდისიერი განზრახვის მქონე პიროვნებების უკანონო აქციებისა და წინააღმდეგობის გამო. შესაბამისად, კირნათი ჰესის ფუნქციონირება ხორციელდება მინიმალური წყლის ნიშნულით,“ – ვკითხულობთ წერილში.

კომპანიის მიერ მოწოდებულ წერილში დატბორვის მიზეზებზეც არის საუბარი, სადაც, კიდევ  ერთხელ, „არაკეთილსინდისიერი განზრახვის მქონე პირებია“ ნახსენები.

„წლის 20 თებერვალს კირნათი ჰესის დატბორვის ტერიტორიაზე წყლის დონის მატების შემთხვევის მიზეზს წარმოადგენდა მოულოდნელი წყლის შემოდინება. შემთხვევის კონტროლის ქვეშ აყვანა მოხდა უმოკლესი დროის პერიოდში. ზეგავლენის ქვეშ მოექცა მხოლოდ სოფელში არსებული გზის მოკლე მონაკვეთი. ასევე აღვნიშნავთ, რომ კომპანიამ გასული კვირის განმავლობაში 2-ჯერ ადგილობრივი ხელისუფლების დახმარებითა და ინფორმირებით სოფელ მარადიდში სცადა სამუშაოების წარმოება, მაგრამ ისევ არაკეთილსინდისიერი განზრახვის მქონე პირების მიერ ხელშეშლას და დაბრკოლებას ჰქონდა ადგილი“ – აღნიშნულია კომპანიის მიერ მოწოდებულ წერილში.

აქვე ვკითხულობთ, რომ გზების, ნაპირსამაგრი და ხიდების გამაგრების სამუშაოების, ასევე, სასაფლაოს გადატანის ნების დართვის შემთხვევაში „კომპანია სამუშაოებს განახორციელებს სწრაფად და ხარისხიანად, რაც ხელს შეუწყობს მსგავსი პრობლემების პრევენციასა და აღმოფხვრას“.

მარადიდის დატბორვის მიზეზად ხელვაჩაურის მერიაში და აჭარის მთავრობაში თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე ჰესიდან ჭარბი წყლის გამოშვებას ასახელებენ.

________

ფოტოზე: აქცია კირნათი ჰესთან, 20 თებერვალი, 2018 წ. ფოტო: „ბათუმელები“, მანანა ქველიაშვილი
Exit mobile version