მთავარი,სიახლეები

სამი სახლი ძველ ბათუმში, რომელიც არ იყიდება

25.02.2019 • 4823
სამი სახლი ძველ ბათუმში, რომელიც არ იყიდება

ყაზბეგის ქუჩა, სახლი №8

პატარა ქუჩაზე მდებარე კერძო სახლი მაღალსართულიანი კორპუსების ალყაშია მოქცეული, თეთრი ქვებით მოპირკეთებულ, გამწვანებულ ეზოს, ირგვლივ აშენებული კორპუსების აივნები გადმოჰყურებს. სახლის მეპატრონეს მიაჩნია, რომ სივრცე შეიძლება შეიცვალოს, შეიცვალოს ყველაფერი ქალაქში, მაგრამ ეს სახლი, სადაც მისი წინაპრებისა და მამის ბავშვობამ გაიარა – სულ დარჩება. როგორც ნინო გაბუნია ყვება, სახლის შენარჩუნება მარტივი არ ყოფილა.

„სახურავს იმდენი ნახვრეტი ჰქონდა, რამდენი ვარსკვლავიც კი არ ჩანს ალბათ ობსერვატორიიდან. ყველა ოთახში წყალი ჩამოდიოდა, ყოველი გაწვიმებისას გული მისკდებოდა და მეორე სართულზე ჯამ-ჭურჭლით ავრბოდი. ჩაინგრა იატაკიც, ორ ბავშვთან ერთად აქ ცხოვრება გაუსაძლისი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ჭერიდან წლობით წვიმდა, მაინც არ დაინგრა. ვფიქრობდი, თუ სახლმა გაძლო ამდენხანს კაპიტალური რეაბილიტაციის გარეშე, ალბათ მეც შევძლებ მას დავეხმარო-მეთქი“, – გვიყვება სახლის მეპატრონე.

ნინო არჩევანის წინაშე დადგა, აერჩია მარტივი გზა: მიეყიდა სახლი ინვესტორებისთვის და სწრაფად მოეგვარებინა პრობლემები, ან რთულ გზას დადგომოდა – შეენარჩუნებინა სახლი და მოეძიებინა რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხები, აეღო დიდი სესხი, რომელსაც მერე არ იცოდა რით გადაიხდიდა.

800 კვ.მ ფართობზე განთავსებული სახლითა და ეზოთი ინვესტორები არაერთხელ დაინტერესდნენ, თუმცა სახლი პატრონმა არ დათმო, სესხი აიღო, შენობა გაამაგრა და კაფე მოაწყო, მერე გააფართოვა და რესტორნად აქცია. თავად ჩაუტარა რესტავრაცია ძველ ნივთებს, იდგა ხარაჩოებზე, ასე გადარჩა კერძო სახლი ყაზბეგის 8 ნომერში, ეზოში უძველესი ჭით და თეთრი კამელიებით, რომელიც ნინოს მამამ ზუსტად იმ დღეს დარგო, როცა ქალიშვილი შეეძინა. ახლა აქ რესტორანი „დელირიაა“ სამედიცინო ენაზე დელირია სიგიჟეს და ბოდვას ნიშნავს – თანდართული ჰალუცინაციებით.

„ეს ჩემი საგვარეულო სახლია, ყველა ჩემი ნათესავი აქ გაიზარდა. წარსული უფრო დიდი ღირებულებაა ჩემთვის, ვიდრე  ინვესტორისგან მიღებული უზარმაზარი თანხა და ფინანსური მოგება. მამაც აქ გაიზარდა, მისმა ბავშვობამ ამ ეზოში გაიარა. სახლის გაყიდვა მისი წარსულის წაშლას ნიშნავდა“, – ყვება ნინო. ის და მისი მეუღლე ყველაფერს აკეთებენ, რომ სახლი ისე შეინახონ, როგორ მდგომარეობაშიც ახლაა, არ შელესონ და, უბრალოდ, გაამაგრონ.

სახლი 150-ზე მეტი წლისაა. როგორც ნინო ყვება, წარსულში მეპატრონეებს სახლი წაართვეს კიდეც, მაგრამ გაბუნიებმა საკუთრება დაიბრუნეს.

„აქ მოსულს სახლი უკან არავის უშვებს, აუცილებლად მოგინდებათ უკან დაბრუნდეთ და  ეს კაფის სტუმრებსაც ხშირად უთქვამთ. ალბათ ყველა ძველ სახლს აქვს განსაკუთრებული ენერგია, მარტო საუკუნოვანი ამბები და ისტორიები რად ღირს, რასაც ამ კედლებში ჩაუვლია.

ბმა ალბათ სახლსა და მეპატრონეს შორის დადებით ენერგიას ქმნის. ჩემი არსებობა ამ სახლის გარეშე ვერ წარმომიდგენია, სახლმა თავისი სიყვარულით მიმიბა, რასაც აქ  ვაკეთებთ, ყველაფერს სიყვარულით“, – ამბობს ნინო.

სახლსა და შიგ განთავსებულ კაფეზე ზრუნვა ნინო გაბუნიას ძვირად უღირს. თბილისში მარტო დარჩენილი ასაკოვანი მშობლების ნახვას იშვიათად ახერხებს და ამბობს, რომ სახლის გადარჩენისა და მოვლის სანაცვლოდ, ვერ ახერხებს იყოს მშობლებთან მაშინ, როცა მათ ყველაზე ძალიან სჭირდებათ. სხვა მხრივ თბილისის დატოვებას ნინო არ ნანობს. უკვე 18 წელია ბათუმში ცხოვრობს. სურს ქალაქი ამაყობდეს იმით, რომ საუკუნოვან სახლში განთავსებულ „დელირიაში“ მოსული სტუმარი ბათუმით უკმაყოფილო არასდროს წავა.

სახლის ერთ ნახევარში მეპატრონეები ცხოვრობენ. მეორე ნახევარში რესტორანია.

ფარნავაზ მეფის ქუჩა, სახლი №47

ბელეტაჟის ტიპის სახლი ეზოს სიღრმეში დგას. ხის კარი ძველია და მეპატრონეებს არ შეუცვლიათ. სახლი 1908 წელს ანანიკიანებმა ააშენეს, 1918 წელს კი კოსტა თოფურიძეს მიჰყიდეს. აქ ახლა მისი შთამომავლები ცხოვრობენ. სახლი ზუსტად ერთი საუკუნეა, რაც ამ ოჯახის საკუთრებაშია.

ზოია თოფურიძე მამამთილის მონათხრობს იხსენებს, თუ როგორ გაყიდა მისმა დიდმა ბაბუამ უამრავი ნივთი, რომ ეს სახლი ეყიდა ახლანდელი ფარნავაზ მეფის ქუჩაზე.

ეთერ თოფურიძე მეუღლესთან და ვაჟთან ერთად

„ინვესტორებისთვის მომხიბვლელი უბანია და უამრავი შემოთავაზება მიგვიღია, მაგრამ არ არსებობს საფასური, რაზეც წარსულს, ისტორიას, მოგონებებს გავცვლიდით. აქ დაიბადნენ და გაიზარდნენ ჩემი შვილები, მეუღლე, მამამთილი და მისი მამაც. ჩვენი ოჯახის მეხუთე თაობა ცხოვრობს სახლში. ჩემს შვილებს უამრავი რამ აკავშირებთ აქაურობასთან.

ეს სახლი თავისი წარსულით ჩვენთვის ფასეულობაა, რამდენად დიდი ეს უკვე ადამიანზეა დამოკიდებული, როგორ ხედავს, რა უფრო მნიშვნელოვანია მისთვის“, – ამბობს ზოია თოფურიძე.

 

ზოია თოფურიძე

 

დემეტრე თავდადებულის ქუჩა, სახლი №35

2012 წელს გამოცემულ ბათუმის არქიტექტურულ ძეგლთა ნუსხაში წერია, რომ დემეტრე თავდადებულის №35-ში მდებარე სახლი ხე-ტყით მოვაჭრე ჯანგოზიანმა XIX საუკუნის ბოლოს ააშენა. ვაჭარი ოჯახთან ერთად სახლის პირველ სართულზე ცხოვრობდა, მეორეზე კი ოფისი ჰქონდა მოწყობილი. 1921 წლის 18 მარტს ჯანგოზიანების ოჯახი ნოე ჟორდანიას მთავრობას ოჯახთან ერთად საფრანგეთში გაჰყვა. მას შემდეგ ისინი ბათუმში აღარ დაბრუნებულან. 1922 წელს კი ნაციონალიზაციის შედეგად სახლში რამდენიმე ოჯახი ერთად შეასახლეს.

ბათუმი.დემეტრე თავდადებულის #35. ფოტო არქივიდან

ამ სახლის პირველ სართულზე ახლა მანანა ბოლქვაძე ცხოვრობს დასთან ერთად. როგორც გვეუბნება, ჯანგოზიანების შემდეგ მისი წინაპრების სამი თაობის ცხოვრებამ გაიარა ამ კედლებში. სახლში მათ გარდა კიდევ ორი ოჯახი ცხოვრობს.

„სიძველეებიდან მხოლოდ ძველი ბუხარი, კიბეები და ჭერის ნაწილია დარჩენილი. სახურავიდან შენობაში წყალიც ჩამოდის. სახლის რეაბილიტაციის საკითხზე იმდენჯერ ვიყავი მერიაში, უკვე გადაკოცნით მხვდებიან ახლობელივით. შენობა ასზე მეტი წლისაა. ბათუმის ყოფილი მერები: რობერტ ჩხაიძე, გიორგი ერმაკოვი, მოვიდოდნენ, დაათვალიერებდნენ განადგურების პირას მყოფ ძეგლს, თავს გადააქნევ-გადმოაქნევდნენ და ამით მთავრდებოდა ყველაფერი“, – ამბობს მანანა ბოლქვაძე.

სახლი დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე №35

სახლს ერთ მხარეს სადარბაზო კარი, მეორე მხარეს კი თაღოვანი შესასვლელი აქვს, საიდანაც შიდა ეზოში მოხვდებით. ეზოში მდგარი ჭადარი, როგორც მანანა ბოლქვაძე გვეუბნება, სახლის მსგავსად ასწლოვანია. როგორც აქ მცხოვრებლები ამბობენ, თუ ადრე ოთახებში მზის სხივები მთელი დღის განმავლობაში შედიოდა, ახლა შუქი სახლში საერთოდ ვეღარ აღწევს, რადგან სახლს მთლიანად ჩრდილავს იქვე მშენებარე მაღალსართულიანი სახლი.

ასწლოვანი ჭადარი დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე

დემეტრე თავდადებულის №35-ში მდებარე ძეგლის სტატუსის მქონე სახლს რეაბილიტაცია წელს ჩაუტარდება და პირვანდელ სახეს დაიბრუნებს. ჯერჯერობით კი სადარბაზოს ძველი ხის კარი აჭედილი და ჩარაზულია, შენობის ფასადის დეკორატიული ელემენტები კი ჩამოცვენილი და დაზიანებული.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: