იაპონიაში ქართული ღვინის გამოფენა გაიმართება

იაპონიაში, ქალაქ ტოკიოში ქართული ღვინის გამოფენა გაიმართება პროექტის „საქართველო-ღვინის სამშობლო“ ფარგლებში.

განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, გამოფენა მსოფლიოში უმსხვილესი კომპანიის Sony music communication-ისა და კომპანია TOPPAN-ის პარტნიორობით ეწყობა.

„ტოკიოში საქართველო მეორედ წარსდგება იაპონური საზოგადოების წინაშე. იაპონელი პარტნიორების მნიშვნელოვანი კონტრიბუცია პროექტში უახლესი

ტექნოლოგიის, „Warpqsuare“-ის გამოყენებით, უძველესი ქართული კულტურისა და ღვინის ისტორიის გაცოცხლებაა, რომელსაც დამთვალიერებელი საგამოფენო ცენტრში „Terrada Warehouse“ იხილავს“, – აღნიშნავენ განათლების სამინისტროში.

ოფიციალური ინფორმაციით, ექსპოზიცია აერთიანებს უნიკალურ არქეოლოგიურ ექსპონატებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს, რომელიც დაფუძნებულია ქართული ღვინის კულტურის უნიკალურობის წარმოჩენაზე.

„გამოფენის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ ინტერაქციის დახმარებით იმოგზაურონ უძველესი ღვინის სამშობლოში, რის საშუალებასაც სწორედ „Warpqsuare“ ტექნოლოგია იძლევა.“

ქართული ღვინის ისტორიისადმი მიძღვნილი ექსპოზიცია 15 მარტს დაიწყება და 7 მაისამდე გაგრძელდება. გამოფენის გახსნაში მონაწილეობს ანსამბლი „ბასიანი“, რომელიც ქართულ ხალხულ სიმღერებს შეასრულებს.

 

20 აპრილს ბათუმში ღამის მარათონი ჩატარდება

2019 წლის 20 აპრილს ბათუმში გაიმართება მარათონი გარბენში. მარათონში მონაწილეობა უფასოა მხოლოდ 13 წლამდე ბავშვებისთვის.

ზრდასრულთათვის გარბენში მონაწილეობა (14 წლიდან) 10 კმ გარბენზე 25 ლარი, 16 წელს გადაცილებულთათვის 21,1 კმ ნახევარმარათონში მონაწილეობა 50 ლარი ღირს.

ზრდასრულების მარათონი 19:30 საათზე დაიწყება, არასრულწლოვნების კი – 18:40 საათზე. მარათონი ტარდება the Great Night Race-ს ორგანიზებით. ამავე წყაროს ცნობით, გამარჯვებულები ფულადი პრიზებით დასაჩუქრდებიან.

პრიზების შესახებ ინფორმაცია და მარათონში მონაწილეობის დეტალები შეგიძლიათ იხილოთ აქ.

შეკითხვა ბათუმის მერს – სად გავიაროთ?

„აქ როგორ შეიძლება გაიარო?“ – ეს შეკითხვა მოქალაქეს ბათუმის მერთან, ლაშა კომახიძესთან აქვს. მან იმ ტროტუარების რამდენიმე ფოტო გამოგვიგზავნა, სადაც ფეხით გადაადგილება პარკირების წესების დარღვევის გამო შეუძლებელია. შესაბამისი სამსახურების უმოქმედობის გამო, მოქალაქეები იძულებული ხდებიან ტროტუარიდან ქუჩაში გადავიდნენ და იქ იარონ ფეხით, მათ შორის არიან ქალებიც, რომლებიც საბავშვო ეტლით ატარებენ შვილებს.

ბათუმის ქუჩებში, 10-15 მეტრიან მონაკვეთში, ზოგჯერ 5-7 მანქანაც კი დგას ტროტუარზე ერთდროულად.

მზია აფაქიძის ფოტო
მზია აფაქიძის ფოტო
მზია აფაქიძის ფოტო
მზია აფაქიძის ფოტო

 

მზია აფაქიძის ფოტო

 

გურამ მურვანიძის ფოტო
გურამ მურვანიძის ფოტო

მთავარი ფოტო: ჩაკეტილი ტროტუარი ბათუმში, მზია აფაქიძის ფოტო

 

რატომ მოდის მღვრიე წყალი ონკანში – „ბათუმის წყლის“ განმარტება

ბათუმის ზოგიერთ უბანში ონკანში მღვრიე წყალი მოდის. წყალს დაჰყვება სპეციფიკური გემოც. „ბათუმელები“ მიზეზების დასადგენად „ბათუმის წყალს“ დაუკავშირდა.

„ბათუმის წყლის“ პრესსამსახურის განმარტებით, წყლის ამღვრევა  წყალმომარაგების ერთ-ერთ მილზე გაწმენდითი სამუშაოების ჩატარებამ გამოიწვია.

„წყალმომარაგების მილზე მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები ღამის საათებში. ე.წ. ჭაობის დასახლებაში იყო ეს სამუშაოები და მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.

სასმელი წყალი ონკანიდან. ფოტო: „ბათუმელები“

ამის შემდეგ მილები გაირეცხა, გაიწმინდა, თუმცა, ამის მიუხედავად, წყალმომარაგების სისტემაში წყალი აიმღვრა მოსახლეობაზე მიწოდების დროს. ონკანის რამდენიმეწუთიანი გაღება საკმარისია იმისთვის, რომ წყალმომარაგების სისტემიდან ამღვრეული წყალი გამოვიდეს,“- გვითხრეს „ბათუმის წყლის“ პრესსამსახურში.

პრესსამსახურის განმარტებით, მოსახლეობას შეუძლია დარეკოს, ლაბორატორიის წარმომადგენლები მივლენ ადგილზე და აიღებენ წყლის სინჯებს.

ნალექი სასმელ წყალში. ფოტო: „ბათუმელები“.

„ბათუმის წყალში“ გვითხეს, რომ ტექნიკური სამუშაოები უკვე დასრულდა, თუმცა სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით კომპანიას მოსახლეობა არ გაუფრთხილებია.

„ბათუმის წყალთან“ დაკავშირება დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ აღნიშნულ ნომერზე: 0422 24 22 22

„ჯეოსელს“ ტექნიკური პრობლემა აქვს – უცნობია, როდის გამოსწორდება ხარვეზი

კომპანია „ჯეოსელის“ აბონენტების უმრავლესობას საკომუნიკაციო ქსელით სარგებლობა შეზღუდული აქვთ. აბონენტები ვერც ამ ქსელის ინტერნეტით სარგებლობენ.

კომპანია „ჯეოსელის“ ცხელ ხაზზე „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ტექნიკური ხასიათის პრობლემა დილის 8 საათიდან შეიქმნა.

„ინტენსიურად მუშაობს ტექნიკური ჯგუფი, ხარვეზის გამომწვევი მიზეზი უცნობია. ჯერ არ ვიცით, როდისთვის გამოსწორდება ხარვეზი,“ – გვითხრა „ჯეოსელის“ ცხელი ხაზის ოპერატორმა.

განახლება: ამ დროისთვის 11:50 „ჯეოსელის“ ქსელის მუშაობა აღდგენილია.

როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 13  მარტის  21 საათიდან  14  მარტის  21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, უმეტეს რაიონში წვიმა, მაღალ მთაში ზოგან მოთოვს.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 10 – 15 გრადუსი
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 2-7 გრადუსი 
  • ღამით: 0-3 გრადუსი ყინვა

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს, 15-16 მარტს, მოსალოდნელია  დროგამოშვებით ზოგან წვიმა.

_____________

მთავარი ფოტო: „ბათუმელები“, თამარ ნერგაძე

სოცმუშაკები გაფიცვას თვის ბოლოს აპირებენ

სოციალური მუშაკები გაფიცვას თვის ბოლოს აპირებენ. მათი თქმით, „სისტემური ცვლილებებისთვის“ ერთი თვის წინ დაყენებული მოთხოვნებიდან ხელისუფლებამ არც ერთი შეასრულა და თვის ბოლოს გაფიცვის უფლებით ისარგებლებენ. გაფიცვის კონკრეტული პირობები ამ დროისთვის უცნობია.

„არანირი ნაბიჯი არ გადაუდგამს ხელისუფლებას სიტუაციის შეცვლისთვის. პირიქით, მდგომარეობა დამძიმდა, რადგან მიმდინარე ამბების ფონზე 12-მა სოცმუშაკმა თავისი სურვილით დატოვა სამსახური. მიიღეს ახალი, გამოუცდელი კადრები… არის ქაოსი და გაუგებრობა.

ჩვენ ვაძლევთ კიდევ ერთ კვირას სამინისტროს, თუმცა სკეპტიკურად ვუყურებთ ამ ერთ კვირასაც. გაფიცვას, სავარაუდოდ, 25 მარტიდან ვაპირებთ. ზუსტ თარიღს უახლოეს დღეებში დავაანონსებთ,“ – გვითხრა ქეთი ხუციშვილმა, სოციალური მუშაკების საინიციატივო ჯგუფის წევრმა. იგი ყოფილი სოციალური მუშაკია.

ქეთი ხუციშვილისა და ასევე სხვა სოცმუშაკების თქმით, მოთხოვნები უცვლელი რჩება და იგი, ძირითადად, სოცმუშაკების სამუშაო გარემოს გაუმჯობესებას, ასევე, აუცილებელი სერვისების შექმნას უკავშირდება. სოცმუშაკები ამბობენ, რომ მათ ცარიელი ხელებით უწევთ მუშაობა მოსახლეობის ყველაზე დაუცველ ჯგუფებთან.

სოცმუშაკების გაფიცვას აღარ ელიან საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში.

„შექმნილია სპეციალური საბჭო, რომელშიც ჩართული არიან სოცმუშაკები და მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ყველა იმ საკითხზე, რაზეც იყო მოთხოვნა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში,“ – გვითხრეს ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში, სადაც ჩვენ ასევე ვიკითხეთ, სოცმუშაკების მოთხოვნებიდან კონკრეტულად რომელი შესრულდა. სამინისტროს პრესცენტრში განმარტებას დაგვპირდნენ, რაც ამ დრომდე არ მიგვიღია.

სოცმუშაკებმა თავდაპირველად წერილი დავით სერგეენკოს 9 თებერვალს გაუგზავნეს. „სისტემურ დონეზე არსებული ხარვეზები სერვისცენტრებში, არსებული მძიმე სამუშაო გარემო და ეფექტური მენეჯმენტის არარსებობა აუცილებლად მიგვიყვანს ახალ ტრაგედიებამდე,“ – აღნიშნავდნენ მაშინ სოციალური მუშაკები სერგეენკოსთვის გაგზავნილ წერილში.

17 თებერვალს სოციალურმა მუშაკებმა ინტერნეტპეტიცია გაავრცელეს და ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. პეტიციის ხელმომწერები ადასტურებდნენ, რომ სოცმუშაკების რაოდენობა უნდა გაიზარდოს და მათი სამუშაო გარემოც გაუმჯობესდეს. 18 თებერვლიდან მედიატორი ჩაერთო ამ პროცესში.

5 მარტს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტში სოციალური მუშაკების კითხვებს უპასუხა. „წელს მომხდარმა ტრაგიკულმა შემთხვევამ დამანახა იმის საჭიროება, რომ ბევრი რამ, რაც ჩვენზე იყო დამოკიდებული, მნიშვნელოვნად სწრაფად უნდა განხორციელდეს”, – აღნიშნა დავით სერგეენკომ პარლამენტში გამოსვლის დროს.

 

ბათუმის პირველი ქართული გაზეთი

ავტორი: თამარ ორაგველიძე, აჭარის მუზეუმის დირექტორი, მასობრივი კომუნიკაციის დოქტორი 

მიუხედავად პრესის ორგანოების სიმრავლისა, XX საუკუნის პირველ ათწლეულში აჭარის მოსახლეობას არ ჰქონდა ქართულენოვანი გაზეთი, თუმცა მოთხოვნა დიდი იყო. ამ მხრივ დიდ ყურადღებას იჩენდნენ საქართველოს სხვა ქალაქებში გამომავალი გაზეთების რედაქტორები და აჭარაში თავიანთ გაზეთებს უფასოდ აგზავნიდნენ.

სხვა ქალაქებიდან გამოგზავნილი გაზეთები, ცხადია, არ იყო საკმარისი. აჭარის საზოგადოება და მასთან ერთად მთელი საქარ­თველო, ბათუმში ქართული გაზეთის გამოსვლას ელოდა.

და, აი, 1911 წლის 15 ივლისიდან ბათუმში გამოსვლას იწყებს ყოველ­დღიური პოლიტიკურ-საზოგადოებრივი და ლიტერატურული გაზეთი „ბათუმის გაზეთი“. მისი გამომცემელ-რედაქტორი იყო ნ. ე. ხომერიკი. გაზეთი იბეჭდებოდა მახარაძის სტამბაში, ერისთავის ქ.N10, ვაგანიანცის სახლში. ხელმომწერთათვის გაზეთის გამოწერის ფასები ასეთი იყო:

[checklist]

  • ერთი წლით – 4 მანეთი
  • ნახევარი წლით – 2 მან.50 კაპ.
  • სამი თვით – 1 მან. 50 კაპ.
  • ერთი თვით – 60 კაპ.[/checklist]

განცხადების ფასი პირველ გვერდზე იყო 20 კაპ.; უკანა გვერდზე – 10 კაპ.; სამგლოვიარო განცხადების თითოჯერ დაბეჭდვა – 3 მან.

„ბათუმის გაზეთის“ გამოსვლამ დიდი სიხარული გამოიწვია. გაზეთის მეორე ნომერში გამოქვეყნებულია მისალოცი წერილები. ვინმე კ. ნიგოეთელი წერს: „დაარსდა „ბათუმის გაზეთი“. დაიწყო ადგილობრივი ინტელიგენტთათვის მეტად პასუხის საგები საქმე“. აღნიშნული წერილი გვაუწყებს, რომ გაზეთის გამოცემა საზოგადოებრივი მოთხოვნიდან გამომდინარეობს. ბათუმში გამომავალი სხვა გაზეთები გამოიცემა ან პირადული ინტერესებიდან გამომდინარე, ან საკუთარი ბოროტი ქმედებების დასაფარავადო – წერს ავტორი. ეს გაზეთები („ბანკის გაზეთი“, „უპრავის ფურცელი“, „მარშალის ორგანო“ და სხვები) ერთმანეთის ლანძღვა-გინებითა და ქიშპობით არიან დაკავებულნი. ასეთი პრესა არ წარმოადგენს საზოგადოებრივ აუცილებლობას. „პრესა, იმის მაგიერ, რომ იყოს მოსარჩლე სიმართლისა, მებაირახტრე საუკეთესო საკაცობრიო იდეალებისა, საოჯახო და სავაჭრო საგნათ გადაქცეულაო“.

ამავე (№2) გამოშვების სხვა მილოცვებში ახალ გაზეთს მაღალი შე­ფასება ეძლევა, რადგან „ბათუმის გაზეთის“ მიზანია „პროვინციალური მკითხ­ველის ფართო სამსახური, საზოგადოებრივ მოვლენათა მიუდგომელი დაფასება, კაცობრიობის წინმსვლელობის თვალთახედვის ისრით და წმინდა იდეური სამსახური ყოველგვარ საზოგადო დაწესებულებათა“. გა­­ზე­­თი იმ­თა­ვითვე ეხმაურებოდა საზოგადო-საქვეყნო საქმეებს. მისი რედაქცია მი­იჩნევდა, რომ ჩაბარებული საქმის პირნათლად გაძღოლა ძალიან მნიშვნე­ლო­ვანია საქვეყნო საქმისათვის: ,,სამწუხაროდ, ყველა მიძინებულია – წერს ავტორი, სძინავს საზოგადოებრივ აზრსაც და არავინაა პასუხის მომთხოვნი“.

„ბათუმის გაზეთის“ ყველა ნომერი ცხადყოფს, რომ გაზეთი თავიდან ბოლომდე საზოგადოებრივი ინტერესების გამომხატველი და დამცველია. ამის დასადასტურებლად გამოვიკვლიეთ გაზეთის კორესპონდენციები და ის ძირითადი მიმართუ­ლებები, რითაც „ბათუმის გაზეთი“ ეხმაურებოდა საზოგადოებისათვის საჭირბოროტო საკითხებს.

წერილში „ქართული გაზეთები“ ავტორი ი. რ. გამოთქვამს წუხილს ქართული პრესის სავალალო მდგომარეობის შესახებ, რაც, მისი აზრით, გამოიხატება პრესის სიმცირესა და გამოცემების სირთულეებში. როგორც წერილიდან ირკვევა, იმ პერიოდში კავკასიის ვერც ერთ რკინიგზის სადგურში მკითხველი ვერ შეიძენდა ქართულ გაზეთს და თუ დასვამდა შეკითხვას, რატომ არ იყიდება ქართული გაზეთიო, უპასუხებდნენ: იმიტომ, რომ ქართულს მარტო ქართველი კითხულობს, რუსულს კი – ყველაო.

აღნიშნულ წერილში საუბარია იმაზეც, რომ მიუხედავად გამომ­ცემელ­თა მიერ ქართული ჟურნალ-გაზეთების გამოშვების მცდელობისა, საქმე ადგილიდან არ იძვრის. ირკვევა, რომ ქართული გაზეთები კონკურენციას ვერ უწევენ რუსულს იმდენად, რამდენადაც რუსულ გაზეთებში განცხა­დების გამოქვეყნებაში სტრიქონზე აბაზს იხდიან, მაშინ როცა, ქართულ გაზეთში განცხადების დასაბეჭდად შაურსაც არ იმეტებენო – წერს ავტორი.

ამ და მსგავსი სახის წერილებიდან აშკარად იხატება ქართული პრესის უსახსრობით გამოწვეული სავალალო მდგომარეობა. იმდროინდელი გამო­ცე­მები ხარჯსაც ვერ ფარავდნენ, რის გამოც არ ჰყავდათ ჰონორარიანი თანამ­შრომლები, კორესპონდენტები უსასყიდლოდ მუშაობდნენ, რაც დიდ ხანს ვერ გასტანდა.

„ბათუმის გაზეთს“ დიდ სატკივრად მიაჩნია იმდროისათვის აქტუა­ლური თემა – აჭარაში ქართული ენის სწავლების საკითხი. გაზეთში იბეჭ­დება კრიტიკული წერილები იმ მშობელთა მისამართით, ვინაც არ ცდი­ლობს შეასწავლოს შვილებს მშობლიური ენა. ზოგ წერილში გამოთქმულია უკმაყო­ფილება იმის თაობაზე, რომ რიგ საშუალო სასწავლებელში ნაკლები ყურად­ღება ექცევა ქართული ენის სწავლებას. „ამ მხრივ სხვაგვარადაა საქმე დაწყებით სკოლებში, რადგან თვით საზოგადოება თვალყურს ადევნებს, რომ დაწყებით კლასებში არ გამეფდეს უცხო ენა“ – წერია ერთ-ერთ ხელმოუწე­რელ წერილში. ავტორს მიაჩნია, რომ ქართულ ენას ღირსეული ადგილი უნდა ეჭიროს მსოფლიო კულტურულ ენათა შორის.

,,ბათუმის გაზეთის“ 1911 წლის 26 ივლისის (№12) გამოშვებაში დაბეჭდილია წერილი სახალხო უნივერსიტეტის საქმიანობის შეწყვეტის შესახებ. წერილი ხელმოწერის გარეშეა, როგორც ჩანს, ეს რედაქციის პოზიციის გამოხატულებაა. რედაქცია გამოთქვამს წუ­ხილს, რომ ხალხი გაურბის საზოგადო საქმეს, რომ მიუხედავად სახალხო უნივერსიტეტის გამგეობის მცდელობისა, მუშები ნაკლებად ესწრებიან ლექციებს და გაურბიან სახალხო უნივერსიტეტში სწავლას. ამის მიზეზად ავტორი ინტელიგენციის უგერგილობასაც ასახელებს.

საინტერესოა ,,ბათუმის გაზეთის“ 1911 წლის 26 ივლისის (№ 12) გამოშვებაში დაბეჭდილი პუბლიკაცია ქალაქ ბათუმის თვითმმართველობის საქმიანობის შესახებ. ეს წერილი მნიშვნელოვან მასალას იძლევა ბათუმის ისტორიის შესასწავლად. კერძოდ:

1911 წლის მონაცემებით ბათუმში 30 000 მცხოვრებია, ხმოსანთა არჩევნებზე მხოლოდ 300 ამომრჩეველი მისულა ანუ ყოველი 100 მცხოვრებიდან არჩევნებში მონაწილეობდა მხოლოდ ერთი, ეს კი ადასტურებს, რომ თვითმმარ­თველობის არჩევნებში მეტად მცირე ნაწილი იღებდა მონაწილეობას. აქედან გამომდინარე, არჩეული საბჭო ვერ იქნება „მთელი ქალაქისა და მისი ცხოვ­რების მრავალმხრიობის წარმომადგენელი და დამაკმაყოფილებელი, თანა­მედროვე საზოგადოებრივი ცხოვრების მრავალმხრივი მოთხოვნი­ლე­ბების ჯეროვანი პასუხის გამცემი“. ავტორი ახალარჩეული გამგეო­ბისაგან მოსახლეობისადმი მეტი ყურადღების გამოჩენას, მხნეობას, შრომისა და საქმის სიყვარულს მოითხოვს.

„ბათუმის გაზეთი“ კრიტიკულია ქალაქის თვითმმართველობის საქმიანობის მიმართაც. მაგალითად, იმავე, №13 გამოშვებაში ვკითხულობთ, რომ ხალხის ნდობით აღჭურვილი თვითმმართველობა ვალდებულია პასუხი გასცეს საზოგადოების მიერ დასმულ ყველა კითხვას. იბეჭდებოდა კრიტიკული წერილები ქალაქის განათებაზე გაწეული ხარჯების გადაჭარ­ბების შესახებ. როგორც ამ წერილებიდან ირკვევა, თურმე არც ერთი სხვა ქალაქი არ ხარჯავდა შემოსავლების იმდენ პროცენტს განათების საქმეზე, როგორც ბათუმი. ძალიან გაზრდილა ეს ხარჯები 1911 წელს. ავტორი (რომ­ლის სახელი და გვარი მითითებული არ არის) წერს: „შესაძლოა ხარჯის ასეთი ზრდა რამოდენიმეთ გავამართლოთ მაზუთის ფასებით, მაშინების გაცვე­თით და სხვა ზარალით; მეორე მხრივ კი ამ გასავალს ნავთით განათების ხარჯი რომ გამოვაკლოთ, რომელიც წლიდან წლამდე თითქმის უცვლელი რჩება, იმ შემთხვევაში მოყვანილი შედარებითი ციფრების განსხვავება უფრო გადიდდება“. ავტორი კითხვას უსვამს ქალაქის თვითმმართველობას, რით აიხსნება „ელექტრონის სადგურის“ ხარჯების ასეთი ზრდა და აღნიშნულ საკითხზე მკაცრ კონტროლს ითხოვს.

„ბათუმის გაზეთი“ გარდა თვითმმართველობის კრიტიკისა, შენიშ­ვნებსა და რჩევებსაც აძლევს მას, არკვევს ქალაქის ბიუჯეტის სწორი ხარჯვის საკითხებს, არ ივიწყებს მისი საქმიანობის აღწერასაც. ამ კატეგორიის მცირე ზომის პუბლიკაციებით ვგებულობთ, რომ გამგეობასთან არსებობდა სანიტარული ჯგუფი, რომელსაც ევალებოდა ქალაქსა და მის შემოგარენში სისუფთავეზე ზრუნვა, ხოლო უწესრიგობა-უსუფთაობის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამის ჯარიმებს აკისრებდა სისუფთავის დამრღვევ პირებს.

სტატიები ააშკარავებენ იმ ფაქტს, რომ თვითმმათველობას თავისი აგენტებიც ჰყავდა. მაგალითად, ქალაქის აგენტს ი.სიხარულიძეს უცნობებია გამგეობისათვის, რომ რამდენიმე პირს ნებართვის გარეშე გაუხ­სნია ყავახანა, საჩაიე, სასადილო და მეპატრონეებს არ შეუტანიათ ქალაქის სასარ­გებ­ლოდ „საშკალო აქციზის ხარჯი“. იქვე, ასეთივე აგენტი აცნობებს, რომ აქციზის მოხელეები ქალაქის საავადმყოფოს მახლობლად წვავენ კონტრაბანდისტებისათვის ჩამორთმეულ თუთუნს. ნამწვავის სუნით შეწუხებული ავადმყოფები ფანჯრებს ვერ აღებდნენ. აგენტი მიმართავს გამგე­ობას, შესაბამისი რეაგირება მოახდინოს ამ ფაქტზე.

,,ბათუმის გაზეთის“ 29 ივლისის (№15) ნომერში დაიბეჭდა წერილი სათაურით – „ქალაქ ბათუმის საჭიროებანი“, რომელშიც გამოთქმულია წუხილი იმის გამო, რომ შეფერხდა „იაშიკის ზავოდების“ წარმოება, რითაც ქალაქის ეკონომიკას უკუსვლა დაეტყო. ავტორი საუბრობს ბათუმის შემოგარენზეც, რომელიც მიჩნეულია ძვირფასი მცენარეების გასამრავლებელ ადგილად და მისი ამ კუთხით ათვისებაც შექმნის ეკონომიკური წინსვლის შესაძლებლობას. და ბოლოს, ქალაქის ეკონომიკის ზრდისათვის უმნიშვნელოვანეს პირობად წერილის ავტორი მიიჩნევს ბათუმის ნავსადგურს. იგი წერს: „იშვიათია იმისთანა პორტი, რომლის მნიშვნელობა დამოკიდებულია იმავე ქალაქის წარმოებაზე და იქვე დამზადებული საქონლის გადაზიდვაზე. საჭიროა ისევ ქალაქის თვითმმართველობა ჩაუდგეს საქმეს სათავეში“.

გარდა პოლიტიკურ-ეკონომიკური საკითხებისა, ,,ბათუმის გაზეთში“ შუქდებოდა საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროს საკითხები. მაგალითად, 26 ივლისის №12 გამოშვებით ვგებულობთ, რომ ბათუმში ძალიან აქტიურად საქმიანობდა სამთო კლუბი, რომელიც თავისი წევრებისა და სტუმრებისათვის ხშირად აწყობდა ექსკურსიებს სოხუმში, ათონის მონასტერში, გუდაუთაში, ადლერში, სოჭში.

საგაზეთო მასალების შესწავლით ირკვევა, რომ იმ პერიოდში ბათუმში ჯანსაღი ცხოვრების წესზეც ზრუნავდნენ და სხვა სპორტულ სახეობებთან ერთად გახსნილა „ტანთ მოვარჯიშე“ გოგონათა კლუბი.

„ბათუმის გაზეთი“

‘ბათუმის გაზეთის’ ყველა გვერდი გაყოფილია სვეტებად. თითოეულ მათგანში განსაზღვრული ადგილი უკავია ინფორმაციებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, რაიონსა და სოფელში მიმდინარე მოვლენების შესახებ. ცალკე სვეტი ეთმობა საზღვარგარეთის ამბებს, კერძოდ, რომში, პარიზში, ლონდონში, ვენაში, თავრიზში, ბერლინში, ბუენოს-აირესსა და სხვა ქალაქებში მომხდარ მნიშვნელოვან ყოველდღიურ ამბებს. გაზეთის მეორე გვერდი ეთმობა კორესპონდენტების მიერ პეტერბურგიდან, ნოვოროსიის­კიდან, არხანგელსკიდან, კიევიდან, მოსკოვიდან, ალექსანდროვსკიდან, ოდესიდან და რუსეთის სხვა ქალაქებიდან მიღებულ ტელეგრამებს.

იკვეთება ბათუმელი ჟურნალისტების დიდი ინტერესი აჭარის მეზობელ კუთხეში – გურიაში მიმდინარე მოვლენების მიმართაც. მათში შემაშფოთებელი ამბებია აღწერილი ქურდ-ბაცაცებით, სხვადასხვა კუთხიდან თავმოყრილი ნაძირალებითა და ყაჩაღებით აწიოკებული ხალხის უნუგეშო მდგომარეობის შესახებ. ირკვევა, რომ თავდაცვის მიზნით გურიის სოფლებში შემოუღიათ 10-10 კაციანი „ყარაულობა“; რომ მოსახლეობა უკიდურეს სირღარიბესა და გაჭირვებაშია. სიღარიბის გამო ბევრ სოფელში სკოლებსაც ვერ ინახავენ და ბავშვები სწავლა-განათლების გარეშე რჩებიან. თუმცა ზოგან სკოლის გადასარჩენად გამოჩენილან ქველმოქმედი ადამიანები. მაგალითად, სოფელ ქვაბღაში ადგილობრიმა მღვდელმა ლ. მამალაძემ ითავა და დაწყებითი სკოლის გახსნა. მისი მოწადინების წყალობით მთავრობას ხელფასიც დაუნიშნავს მასწავლებლისათვის. სოფლის მცხოვ­რებ­ლები გაზეთის ფურცლებიდან უხდიან მადლობას მამა ლ. მამალაძეს.

„ბათუმის გაზეთში“ იბეჭდებოდა კრიტიკული ხასიათის ფელეტო­ნებიც. 28 ივლისის №14 გამოშვებაში დაბეჭდილ უსათაურო ფელეტონში აღწერილია ქუთაისში გამართული „სამკვდრო-სასიცოცხლო, სასტიკი და ულმობელი საზოგადოებრივი ხასიათის ჭიდაობა“ და გაკრიტიკებულია „რუსულად მოტიკტიკე ქართული გვარის მატარებელი“ ფუქსავატი ქალები, „გულით ფიცხი და აზრით მჩატე“ ვაჟები. ავტორი წუხს, რომ აღარ გვყვანან ქეთევანები, თამარები, ნინოები, ქართველნი დედანი. ამ ფუქსავატ ქალთა შემყურე მამაკაცებსაც დავიწყებიათ მამულიშვილობა. ისინი აღარც კი კადრულობენ ქართულად ლაპარაკს და თავი მოსწონთ ასეთი ფრაზით: „მე კარტული არ ვიცი!“.

ფელეტონებში ჟურნალისტთა ერთმანეთისადმი ქიშპობაც არის მხი­ლებული: „ამ ჯურის ხალხმა ერთმანეთის დანდობა არ იციან, აუხირდებიან ერთმანეთს და საწყალ გაზეთის ფურცლებზე გააქვთ და გამოაქვთ ერთ­მანეთი, დასცხებენ ერთი მეორეს, მარა ამას სჩადიან, როგორც მოგახსენეთ, ქაღალდის, მელნისა და კალმის საშუალებით“.

,,ბათუმის გაზეთი“ იმასაც ცხადყოფდა, რომ მაშინდელ პერიოდულ პრესაში მოღვაწე ყველა ჟურნალისტი როდი იცავდა ჟურნალისტურ ეთიკას. 1911 წლის 17 აგვისტოს (№ 34) გამოშვებაში დაბეჭდილი „მცირე ფელეტონის“ ავტორი (ფსევდო­ნიმით „ცუგუნია“) აკრიტიკებს თბილისელ ვინმე ამირეჯიბს, რუსული ანბანით აჭრელებული ქართული ნაციონალისტური გაზეთის ჟურნალისტს, რომელიც თურმე თავის მოწინააღმდეგე ჟურნალისტს მუშტი-კრივით დაპირისპირებია. სწორედ ეს გახდა მისი საქციელის დაგმობისა და სააშკარაოზე გამოტანის მიზეზი.

„ცუგუნია“ წერს: მკლავის ძალა იმიტომ გა­მო­იყენა ამირეჯიბმა, კალამი არ უჭრის და ბასრი კალმით ვერ გასცემდა პასუხს მოწინააღმდეგესო. ფელეტონის ავტორი ჟურნალისტისაგან მიუღებ­ლად მიიჩნევს ასეთ საქციელს, გმობს ასევე ჟურნალისტის მიერ მეორე ჟურნალისტის ლანძღვა-გინებას და „პრესის ფურცლებზე დაუნდობლად ერთმანეთის თრევას“.

ფელეტონები, საერთოდ, სატირულ-მამხილებელი და კრიტიკული ხასიათის წერილებს წარმოადგენდა. ავტორი (ფსევდონიმით „ივლიტელი“) ბედისწერის საკითხებს ეხება და განმარტავს, რომ ქართველი კაცისთვის სიტყვა „ბედია“ ყველგან და ყველაფერში გადამწყვეტი, კარგსაც და ცუდსაც ბედს მიაწერს, სიტყვა ,,ბედნიერებაც“ აქედანაა წარმომდგარი. ავტორი შეახსენებს მკითხველს, რომ ბედს ჩვენ თვითონ ვქმნით ჩვენი მოქმედებით, თუ რამ კარგი გვჭირს – ჩვენი ნიჭის და მონდომების წყალობით, თუკი არ გვიმართლებს – ისიც ჩვენივე ბრალია. არ არსებობს ისეთი დაბრკოლება, რასაც კაცი შრომით და სწავლით ვერ გადალახავს და ბედს ტყუილად ნურაფერს დავაბრალებთო.

„ყოველი ბედნიერება ნიჭიერებისა და შრომის ნაყოფია და არა ბედის, ხოლო ნამდვილი ბედნიერება მაშინ მოდის, როცა ის განზოგადოებულია, სხვასაც აბედნიერებსო“ – აღნიშნავს ,,ივლიტელი“.

გაზეთის ბოლო, მეოთხე გვერდი დათმობილი აქვს სარეკლამო განცხადებებს, უწყებებს. ამავე გვერდზე ცალკე სვეტი ეთმობა დეპეშებს, რომლებიც მკითხველს აწვდიან უცხოეთის ახალ-ახალ ამბებს.

ამგვარი დეპეშებით ბათუმელი მკითხველი მსოფლიოს ყველა კუთხეში მიმდინარე ყოველდღიური ამბების საქმის კურსში იმყოფებოდა, თუმცა „ბათუმის გაზეთის“ ღირსება ამით არ ამოიწურება.

„ბათუმის გაზეთი“

გაზეთში განთავსებული ტექსტები გამოირჩევა ლაკონურობით, აზრის სიცხადით. თვალშისაცემია ფაქტისა და კომენტარის გაუმიჯნაობა. გვხვდება ენობრივი და შინაარსობრივი შეცდომები. ასეთი ენობრივი სასაუბრო სტილი დამკვიდრებული იყო იმ ეპოქის მეტყველებაში, გაზეთი კი ამ მხრივ გამორ­ჩეული უნდა ყოფილიყო და საკუთარი წვლილი შეეტანა სალიტერატურო ენის ნორმების დაცვასა და გავრცელებაში.

ამრიგად, აჭარის სახელმწიფო მუზეუმის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში დაცული „ბათუმის გაზეთის“ 1911 წლის ნომრების შესწავლით ვეცნობით ინ­დუს­ტრიული, საპორტო ქალაქ ბათუმის ყოფას, მისი მოსახლეობის ცხოვ­რების დონეს, მისწრაფებებს, იდეალებს, განწყობას და როგორც ადგი­ლობრივი, ისე გლობალური საერთაშორისო მოვლენებისადმი დამოკი­დებულებას, რაც „ბათუმის გაზეთს“ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ქართული პუბლიცისტიკის, ბათუმის საქალაქო ცხოვრების, აჭარის რეგიონის ისტორიის შესწავლისთვის.

_____________

ქვეყნდება შემოკლებით. 

როგორ დავეხმაროთ ბავშვს მშობლის გარდაცვალებისას

ოჯახის წევრის გარდაცვალება ყოველთვის შოკისმომგვრელი და სტრესულია, თუმცა განსაკუთრებით საყურადღებო ამ დროს ბავშვების ფსიქოლოგიური ჯანმრთელობაა. ფსიქოლოგი ირმა ფეიქრიშვილი ამბობს, რომ თუ ბავშვს ამ ფაქტს სწორად არ მივაწოდებთ, სტრესი შეიძლება ბავშვს მთელი ცხოვრების განმავლობაში გაჰყვეს და შემდგომში მისი კორექცია გაჭირდეს. როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ დროს? – „ბათუმელების“ შეკითხვებს ფსიქოლოგი ირმა ფეიქრიშვილი პასუხობს.

  • რა ხდება, როცა ბავშვი კარგავს მშობელს?

რა თქმა უნდა, ეს ბავშვისთვის არის უდიდესი ტრავმა, სტრესი, რომელიც შეიძლება მთელი ცხოვრების განმავლობაში გაჰყვეს, თუ სწორად არ მივაწოდებთ ამ რეალობას. დავიწყოთ იმით, რომ ქართველები ყველა ემოციას ძალიან ექსპრესიულად, ხმამაღლა გამოვხატავთ, განსაკუთრებით გლოვას. უმეტესად ხდება კივილით, ტირილით და ნებისმიერ შემთხვევაში ეს იქნება მშობლის დაკარგვა თუ რაიმე სხვა ტკივილი, ამის მიწოდება ბავშვისთვის ამ ფორმით არის ძალიან დამთრგუნველი. როცა ეს პრობლემა დგება, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ მივაწოდებთ ბავშვს ამას.

  • რამდენად სწორია, როცა ბავშვს შერბილებული ფორმით უხსნიან მშობლის გაუჩინარებას?
ირმა ფეიქრიშვილი, ფსიქოლოგი

ბავშვს უნდა ვუთხრათ სიმართლე, ის არ უნდა მოვატყუოთ. მქონია პრაქტიკაში შემთხვევა, როცა  მომიყვანს პატარა ბიჭი, რომელსაც უთხრეს, რომ დედა წავიდა საზღვარგარეთ სამკურნალოდ, შემდეგ უთხრეს, რომ მუშაობს, რათა ბავშვს არ ენერვიულა მკურნალობაზე. ახლა ნახეთ როგორი რამ ხდება, ბავშვი ფიქრობს, რომ დედამ ის მიატოვა, თავისი ნებით დატოვა და წავიდა. ეს ბევრად უფრო რთულია აღსაქმელად ბავშვისთვის, უფრო ღრმა სტრესია, ვიდრე ის, რომ ავუხსნათ, დედა იყო ავად და ის ამის გამო არ არის მის გვერდით და თუნდაც ის, რომ გარდაიცვალა. ბავშვებისთვის “გარდაიცვალა” ისეთი აღსაქმელი იქნება, როგორც მივაწოდებთ. მაგალითად, თუ ვტირით დღე და ღამე, ვამბობთ, რომ საშინელება მოხდა, დედა/მამა გარდაიცვალა, ბავშვი ამას ძალიან მტკივნეულად აღიქვამს და ხვდება, რომ ეს არის დასასრული მათი ურთიერთობის. ბავშვი იწყებს გლოვას, ვერ ინელებს ამ ყველაფერს.

  • სხვა რა საფრთხეები არსებობს ასეთ დროს ბავშვთან მიმართებაში?

ამ დროს ყველაფერს ემატება ისიც, რომ ბავშვი ყველას ეცოდება, ბოლოს კი საკუთარი თავის შეცოდების მომენტიც დგება. აქ ცხოვრებისეული სცენარი შესაძლოა ორი მიმართულებით განვითარდეს: ბავშვი ჩაიკეტოს და დაითრგუნოს – “ყველა ტირის,  დედა/მამა აღარ მყავს, საწყალი ვარ”. ან მივიღოთ მეორე სცენარი, რომელიც უფრო ხშირია – “ვაიმე ბავშვს მშობელი გარდაეცვალა და რაიმე არ ეწყინოს, გული არ ეტკინოს”. შედეგად ვიღებთ დარღვეულ ქცევას, ბავშვი იწყებს მანიპულირებას ამით და იმდენად ერღვევა ქცევა, რომ შესაძლოა სოციუმშიც კი გაუჭირდეს საკუთარი თავის დამკვიდრება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ზომიერება და ინფორმაციის სწორი ფორმით მიწოდება. სიმშვიდეში, როცა არ იქნება ბევრი ხალხი, ვაჩვენოთ მიცვალებული, უნდა ვუთხრათ, რომ გარდაცვლილი მშობელი იმიტომ ვეღარ მოვა, რომ სხვა სამყაროში უნდა გადავიდეს. მივიყვანოთ სასაფლაოზე, დაემშვიდობოს, მივიდეს და ესაუბროს, როცა მას ექნება ამის სურვილი – ასე, უფრო მარტივად მოხდება ამ დანაკარგის აღქმა და მონელება.

არავითარ შემთხვევაში ბავშვს არ უნდა ვუთხრათ მიცვალებულზე, რომ მას სძინავს და ვეღარ გაიღვიძებს – შეიძლება ბავშვში განვითარდეს შიში იმისა, რომ დაიძინებს და ვეღარ გაიღვიძებს.

  • აუცილებელია სპეციალისტთან კონსულტაცია?

ძალიან კარგია თუ არის საშუალება, რომ ჩაერიოს სპეციალისტი, მაგრამ უმჯობესია კონსულტაცია გაიარონ ბავშვის ოჯახის წევრებმა იმის შესახებ, თუ როგორ მოიქცნენ და რა გააკეთონ ბავშვთან, რადგანაც უცხო ადამიანისგან ბავშვისთვის მიწოდებული ინფორმაცია ამ დროს შესაძლოა არ იყოს ადვილად აღსაქმელი. აქ ბავშვის ასაკს დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ ის არის 5-6 წლამდე ასაკის, უმჯობესია, ზღაპრების სახით მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ მშობელი წავიდა და ის ვეღარ დაბრუნდება, რომ ეს არის გარდაცვალება, სხვა სამყაროშია და შენთან ვეღარ მოვა.

  • როგორ ვიქცევით, როცა ბავშვს ენატრება გარდაცვლილი მშობელი?

მონატრება გარდაუვალია. როცა მშობელი გარდაიცვლება, ბავშვს პირადი სივრცე ერღვევა, ბავშვი კარგავს სიახლოვეს, ამ შემთხვევაში საჭიროა მასთან საუბარი გამომშვიდობების შესახებ, საამისოდ გამოდგება ფოტოალბომი, ბავშვის სასაფლაოზე წაყვანა, თუმცა ყევლაზე კარგი საშუალება მისი ყურადღების გადართვაა სხვადასხვა აქტივობაზე. გავასეირნოთ, ვეთამაშოთ, ყურადღების გადატანის საშუალებით შევძლოთ მისი ტკივილის გაქარწყლება. არ ვაჩვენოთ ჩვენი გლოვა, რომ მისთვის ეს მტკივნეული და მძიმე არ იყოს.

ხშირია, როცა ბებია (შვილის დამკარგავი მშობელი) მტკივნეულად განიცდის მომხდარს და, რა თქმა უნდა, ეს მისთვის დიდი სტრესია. სტრესის დროს ადამიანები გავდივართ ეტაპებს, პირველია უარყოფა – “ეს მე არ მჭირს, არ დამმართნია”. აი ამ პერიოდში ცოტა უფრო შეუძლიათ ემოციის მართვა, მაგრამ ხშირად არაადეკვატურად. შემდეგ იწყება ამ ყველაფრის გააზრება და ბოლო ეტაპია მიმღებლობა, როცა უნდა მივიღოთ ეს სტრესი და დასრულდეს გლოვა. მაგრამ ხშირად მშობელი, რომელიც შვილს კარგავს, დიდხანს არის ერთ ეტაპზე, მიმღებლობის ეტაპზე ვერ გადადის, ვერ იღებს ამ რეალობას და გლოვა გრძელდება უსასრულოდ. ამ ყველაფერს აკეთებენ ბავშვთან, ბავშვს უყვებიან – ნახე, როგორი კარგი მშობელი გყავდა, ტირიან მასთან და ა.შ. რა თქმა უნდა, ბავშვს მშობელი არ უნდა დაავიწყო, უნდა იცოდეს, რომ მას ის ყავდა და მასთან ერთად იყო, ამასთან უნდა ავუხსნათ, რომ ხდება ასეც – ეს გარდაუვალი იყო, მაგრამ ცხოვრება გრძელდება და ვაჩვენოთ პირადი მაგალითი.

ასევე, ბავშვებს ძალიან თრგუნავს შავი ფერი და მუდმივი გლოვა. ერთჯერადი ძლიერი სტრესი უმეტესად არ არის მომაკვდინებელი, მაგრამ ყოველდღიური მცირე სტრესები აბსოლუტურად ანგრევს ფსიქიკას და ეს უფრო სახიფათოა. უფროსებმა უნდა შექმნან გარემო, რომ ბავშვმა ეს ყველაფერი მარტივად მიიღოს. ეს ძალიან ძნელია, მაგრამ როცა ოჯახში არის ბავშვი, ყველას უნდა ახსოვდეს, რომ პრიორიტეტი არის მისი ფსიქიკური ჯანმრთელობა.

  • უკეთესია თუ არა იმავე გამოცდილების მქონდე ბავშვთან მეგობრობა?

არანაირად, ტკივილის და პრობლემის განზოგადება პრობლემას არ აკნინებს და მას ბავშვისთვის უფრო მარტივად მისაღებს არ ხდის. პირიქით, შეიძლება ტკივილმა გააერთიანოს ისინი და ბევრი იფიქრონ ამ ტკივილზე, რაც საერთოდ არაა საჭირო. პირიქით, თანატოლებმა სიხარულით უნდა შეუვსონ სიცარიელე. ეს დანაკლისი ყოველთვის იქნება მისთვის მტკივნეული და როცა რაღაც წინააღმდეგობა შეხვდება, შეიძლება ამას ყველაფერს ახსნა ჰქონდეს მის ცნობიერებაში, რომ ეს იმიტომ შეემთხვა, რომ მას მშობელი არ ჰყავს. ეს რომ არ მოხდეს, მას მაქსიმალურად უნდა მივცეთ საკუთარი თავის რეალიზების საშუალება, ჩავრთოთ რაიმე აქტივობაში, დავაკავოთ, რომ ნაკლები იდარდოს. შეიძლება ეს იყოს ხატვა, ძერწვა, სპორტი, რაშიც ბავშვი სიამოვნებას მიიღებს. ეს მას დაეხმარება სტრესის დაძლევაში.

რელიგიის ფაქტორი შეიძლება გამოვიყენოთ იმისთვის, რომ თუ ბავშვი იზრდება რელიგიურ ოჯახში, რომლის წევრებიც ტაძარში დადიან, სანთელს ანთებენ და ა.შ. ეს შეიძლება იყოს დანამატი, მაგრამ ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ როგორც ფაქტი, რომ, ზოგადად, ყველა გარდაიცვლება. ასევე, როცა ვთამაშობთ ბავშვთან, რომელსაც გარდაცვლილი ჰყავს მშობელი, არ არის საჭირო თამაშში ამ სიტყვების [გარდაიცვალა, მოკვდა] გამოყენება, ამას მისთვის სხვა მნიშვნელობა აქვს. უმჯობესია სხვა სიტყვები გამოვიყენოთ, თამაშიდან გავვარდი, მაგალითად.

  • რა ხდება, როცა მშობლის გარდაცვალებიდან წელიწადზე მეტი გავიდა, ბავშვი კი კვლავ სენსიტიურია ტერმინებისადმი? 

ბავშვი ნელ-ნელა გადავა მიმღებლობის ფაზაში, რა დროსაც სტრესი იმდენად მტკივნეული არ არის, რის შემდეგაც ამ ტერმინებს არაფრად ჩააგდებს. მიიჩნევა, რომ გლოვა მაქსიმუმ ერთი წელი გრძელდება დიდისთვისაც და ბავშვისთვისაც. ერთი წელი ადამიანს სჭირდება ამ ეტაპების გასავლელად, ბავშვებს უფრო ნაკლები, გააჩნია, როგორ მივაწოდებთ. თუ უფროსებთან გლოვა ერთ წელზე მეტ ხანს გრძელდება, მათ დახმარება სჭირდებათ, რომ ეს ყველაფერი უკვე ბავშვებზე არ აისახოს.

როგორი იქნება უმაღლესი განათლების დაფინანსების მოდელი 2019 წელს

საქართველოს განათლების მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, უმაღლესი განათლების დაფინანსების მოდელი წელს იგივე დარჩება, თუმცა მომავალ წელს მიდგომა შეიცვლება და სახელმწიფო მხოლოდ იმ მიმართულებებს დააფინანსებს, რაც ქვეყნისთვის პრიორიტეტულია.

„სამინისტრო აქტიურად მუშაობს, რათა გადასვლა მოხდეს ისეთ მოდელზე, რომელიც უფრო მეტად იქნება მასტიმულირებელი უმაღლესი სასწავლებლებისთვის“, – განაცხადა მინისტრმა.

უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალ მოდელზე მიხეილ ბატიაშვილმა ჯერ კიდევ წლის დასაწყისში განაცხადა. ის ამბობდა, რომ „სისტემა აწარმოებს დაუსაქმებელ ადამიანებს, რომლებსაც უჭირთ შრომით ბაზარზე ადგილის დამკვიდრება“ და საჭიროა ამ დაფინანსების მოდელის ცვლილება.

მინისტრის თქმით, ახალ მოდელზე მსოფლიო ბანკთან ერთად მუშაობენ.

2 წლის საბას სახიფათო “მოგზაურობა” სამედიცინო ლაბირინთში

საბა ორი წლისაა. 2017 წლის მარტში დაიბადა. დაბადებიდან სამ თვეში, 2017 წლის 29 ივნისს, მას თანდაყოლილი გულის მანკის დიაგნოზი დაუსვეს. ასე დაიწყო საბას და მისი მშობლების სახიფათო “მოგზაურობა” ქართული ჯანდაცვის ლაბირინთებში.

საბას მამა, დათო რ. იხსენებს, რომ ბავშვი პირველად საქართველოში ცნობილ გულის კლინიკაში “ჯო ენში” მიიყვანეს. საბას გულის მანკის დიაგნოზიც სწორედ აქ დაუსვეს. ექიმებმა საბას მშობლებს უთხრეს, რომ პატარა პაციენტს დინამიკაში დააკვირდებოდნენ, გეგმიური ექოკარდიოსკოპიული გამოკვლევა და კარდიოლოგის კონსულტაცია კი 6 თვეში დასჭირდებოდა.

მშობლებმა გადაწყვიტეს დიაგნოზის გადამოწმება, რადგან ბავშვს სუნთქვა უჭირდა და პერიოდულად მაღალი ტემპერატურა ჰქონდა.

პირველი დიაგნოზის დასმიდან რვა თვის მანძილზე საბას მშობლები ცდილობდნენ მეტი გაეგოთ მათი პატარას დაავადების შესახებ. იპოვეს სხვა კლინიკა, სადაც ბავშვს ოპერაცია უნდა გაეკეთებინა. 2018 წლის ივლისში საბას მდგომარეობა დამძიმდა. გულის თანდაყოლილ კომბინირებულ მანკთან ერთად, წლის და 4 თვის ბიჭს სხვა დიაგნოზი დაუდგინდა. მშობლის თქმით, 2018 წლის ივნისიდან დღემდე საბა ნევროპათოლოგის დანიშნულებით ინსულტის სამკურნალო პრეპარატებით მკურნალობს.

საბას მამა, დათო რ: „ბავშვი მივიყვანე ერთ-ერთ პროფილურ კლინიკაში. დაიგეგმა ოპერაცია, უცხოეთიდან ჩამოდიოდნენ ექიმები და მზად ვიყავი მისთვის ოპერაციის გასაკეთებლად. მეუბნებოდნენ, რომ მალე უნდა გაკეთებულიყო ოპერაცია. მივმართე ჯანდაცვის სამინისტროს, რომელმაც ეს ოპერაცია 19 555 ლარით დააფინანსა. ოპერაციამდე რამდენიმე დღით ადრე ბავშვს სიცხე მისცა, იაშვილში წავიყვანეთ, სადაც ფილტვების ანთების დიაგნოზი დაუსვეს. დაგეგმილი ოპერაცია ჩაიშალა და  ვერ გავუკეთეთ“.

დაგეგმილი ოპერაციის ჩაშლის შემდეგ, 2018 წლის  სექტემბერში, საბა მშობლებმა ისევ „ჯო ენის“ კლინიკაში მიიყვანეს. საბას მამა იხსენებს, რომ წელიწად-ნახევრის განმავლობაში კლინიკიდან კლინიკაში სიარულში და ანალიზების გადამოწმებაში დრო გავიდა. „ჯო ენის“ კლინიკის მიერ საბასთვის 2018 წლის სექტემბერში დასმული დიაგნოზი მცირედით განსხვავდებოდა 2017 წლის ივნისში დასმული დიაგნოზისგან.

ექიმებმა ისევ გასცეს რეკომენდაცია დინამიკაში დაკვირვებაზე, გეგმიური ექოკარდიოსკოპიური კვლევისა და კარდიოლოგის კონსულტაციისათვის კი 6-თვიანი პერიოდი გაწერეს.

საბას მამა ამბობს, რომ ბიჭის მდგომარეობა ყოველდღე მძიმდებოდა. ბავშვს უჭირდა სუნთქვა, სიარული, მშობლები ხედავდნენ, რომ ბიჭი განვითარებით აშკარად ჩამორჩებოდა მის ტყუპისცალს. ამიტომ კიდევ ერთი სამედიცინო გამოკვლევის ჩატარება გადაწყვიტეს, ამჯერად სამედიცინო კლინიკა სეუ-ში. საბას გულის მანკთან ერთად თავის ტვინის დაზიანება აღმოაჩნდა. საბას მშობლებმა საქართველოში ჩატარებული ყველა ანალიზის პასუხი შეკრიბეს და საზღვარგარეთ გაგზავნეს. მშობლებმა გადაწყვიტეს ოპერაცია საზღვარგარეთ, მრავალპროფილურ კლინიკაში გაუკეთონ. თუმცა აქ იწყება მორიგი, ფინანსური სირთულე, რომელიც საბას მშობლებისთვის დღემდე დაუძლეველ ბარიერად იქცა.

რისი ეშინია საბას მამას

საბას მამა ამბობს, რომ თურქეთის საუნივერსიტეტო კლინიკიდან მიღებული პასუხების მიხედვით, საბას, დიაგნოზიდან გამომდინარე, სასწრაფოდ ესაჭიროება ოპერაცია გულზე. გარდა ამისა, განმეორებით ესაჭიროება თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია და  24-საათიანი ენცეფალოგრამა.

დათო რ: „საბას პირველ დიაგნოზს დაემატა სხვა გართულებები. ბავშვს ოპერაციამდე სჭირდება სრულყოფილი გამოკვლევა, დიაგნოსტირება. საქართველოში ამას ვერ მიკეთებენ. არც მაძლევენ საშუალებას, სხვაგან წავიყვანო“.

საქმე იმაშია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საზღვარგარეთ მხოლოდ იმ ოპერაციებს აფინანსებს, რაც საქართველოში არ ტარდება. ოპერაცია, რომელიც საბას სჭირდება, ძვირადღირებულია. ოჯახს დამოუკიდებლად ამ თანხის გადახდა არ შეუძლია.

დათო რ. ამბობს, რომ „ჯო ენის კლინიკაში“, სადაც გულის მანკზე ოპერაცია კეთდება, იმ ტიპის პაციენტისთვის, როგორიც საბაა, არ არსებობს ზუსტი დიაგნოსტირების საშუალება.

დათო რ: „იცით, რატომ მინდა ბავშვი საზღვარგარეთ წავიყვანო და იქ გავუკეთო ოპერაცია? ბავშვი იყო სამი თვის, დაწერეს სამი მანკი აქვსო. ყველა ექიმი მეუბნებოდა სასწრაფოდ სჭირდება ოპერაციის გაკეთებაო. გახდა ორი წლის, გადაბერებული აქვს გული უკვე, გამოსულია მთელი ორგანიზმი მწყობრიდან და ისევ მეუბნებიან დაკვირვებას საჭიროებს დინამიკაშიო. მატყუებენ. თურქეთის საუნივერსიტეტო კლინიკიდან მომივიდა პასუხი, რომ ბავშვს სჭირდება 24-საათიანი ენცეფალოგრამა, სჭირდება მაგნიტურ რეზონანსული კვლევა და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ჩატარდეს ოპერაცია. საქართველოში კი მეუბნებიან, რომ ეს ყველაფერი არ უნდა და ისე გააკეთებენ ოპერაციას. მე ამაზე თანახმა არ ვარ.

ბავშვს სჭირდება გამოკვლევა, დეტალურად შემოწმება ყველაფრის და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება გაკეთდეს ოპერაცია. შეხედეთ, ერთი კლინიკა მიწერს, რომ ბავშვს პრობლემები აქვს თავის ტვინში. მე არ ვარ ექიმი, უბრალოდ, საბას ავადმყოფობამ ამ ორი წლის მანძილზე მაიძულა, რომ დეტალურად გამომეკვლია ჩემი შვილის დიაგნოზი. ვესაუბრე სხვადასხვა ექიმს, მათგან ვიცი, ოპერაციის დროს, ბავშვის გაჭრა რომ დაიწყება, რადგან დაზიანება აქვს ტვინში, შეიძლება ინსულტი დაემართოს ან კომაში ჩავარდეს. წინასწარ უნდა იყოს ყველა რისკი გათვლილი, დეტალურად გაწერილი, რა შემთხვევაში რას გააკეთებენ და ამასთან ეს ყველაფერი ექიმმა უნდა ამიხსნას. ამას არ აკეთებენ. მეუბნებიან, რომ გავაკეთებთ ოპერაციას და ვნახოთ. რა ვნახოთ? ასე როგორ შეიძლება?

სტატისტიკა გამოვითხოვე, ერთი წელში 70-ზე მეტი ბავშვია გარდაცვლილი კლინიკებში გულის მანკით. მე არ მინდა, რომ ჩემი შვილი სტატისტიკის ნაწილი გახდეს. სწორედ ამიტომ ვთხოვე კლინიკას, მოეცათ მიმართვა, რომ იმ ოპერაციას, რაც სჭირს საბას, ვერ აკეთებენ საქართველოში, წავიყვან ბავშვს აქედან და გადავარჩენ-მეთქი. ამას არ აკეთებენ.

სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მივმართე „ჯო ენის კლინიკის“ წინააღმდეგ. ამ მიმართვიდან მალევე, კლინიკის ხელმძღვანელმა, ავთანდილ ცინცაძემ მითხრა, რომ ჩავსულიყავი თბილისში. გამიხარდა, ეტყობა გულისხმიერი ადამიანია და ჩემი ტკივილი გულთან მიიტანა-მეთქი. ჩავედით.

ვკითხე, იძლევით გარანტიას, რომ „ჯო ენში“ ყველა აუცილებელი კვლევა და მომსახურება ჩაუტარდება ბავშვს, რომელიც მისი სიცოცხლისთვის აუცილებელია? დაიწყო ისევ იმის მტკიცება, რომ ბავშვს ოპერაციას გაუკეთებენ. როდესაც დეტალებში შევედი და ბევრი კითხვა დავსვი, გაბრაზდა. „ბავშვს უნდა გავუკეთო ოპერაცია და მორჩაო“.

ერთადერთ რამეს ვითხოვ, დადონ ექსპერტული დასკვნა, რომ იმ ოპერაციას, რომელიც საბას სჭირდება და ითხოვს რამდენიმე პროფილის ექიმის ჩართვას, საქართველოში აკეთებენ. თუ საიმედო პროგნოზს ვერ აკეთებენ, მომცენ მიმართვა, რომ ვერ აკეთებენ და მე მივმართავ ჯანდაცვის სამინისტროს ოპერაციის დასაფინანსებლად. ამას არ აკეთებენ.

ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ბავშვს მიწირავენ, ოღონდ თვითონ არ დაკარგონ შემოსავალი“ .

რას ამბობს „ჯო ენის“ კლინიკის ხელმძღვანელი

„ბათუმელები“ კომენტარისთვის დაუკავშირდა „ჯო  ენის“ კლინიკის ხელმძღვანელს. ავთანდილ ცინცაძემ სატელეფონო ინტერვიუზე უარი თქვა. ჩვენ მას შევთავაზეთ კითხვების წერილობით გაგზავნა. ავთანდილ ცინცაძემ ამ ფორმით ინტერვიუზეც უარი განაცხადა.

„მაგ პაციენტის თაობაზე სრული ინფორმაცია აქვს სამინისტროს. მათ შორის ჩემი დასკვნაც. სჯობს მიმართოთ სამინისტროს უფრო სრული ინფორმაციისათვის“, –  მოგვწერა მან სმს შეტყობინებით.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს. რეგულირების სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, პაციენტის მამამ განცხადება დაწერა არა მკურნალობის ხარისხზე, არამედ ითხოვდა ექსპერტების დასკვნას. იმის გამო, რომ შესაბამისი ექსპერტები რეგულირების სააგენტოში არ არის, პაციენტის მამის განცხადება გადაეგზავნა ჯანდაცვის სამინისტროს დეპარტამენტს გამოსაკვლევად.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში “ბათუმელებს” სამდღიანი ლოდინის შემდეგ განუცხადეს რომ, “ის დამატებითი პრობლემები, გულის გარდა, რაც აქვს ბავშვს, კარდიოქირურგიულ ოპერაციას, ხელს არ უშლის”. სამინისტროს ამ დრომდე არ მიუწოდებია პაციენტის მშობლისათვის ექსპერტთა დასკვნა, რომელსაც დათო რ. ითხოვდა.

გულის მანკით გარდაცვლილ ბავშვთა რაოდენობა ციფრებში

„ბათუმელებმა“ საქსტატისგან გამოითხოვა 2015-2018 წლებში საქართველოს საავადმყოფოებში 0-4 წლის ასაკში გულის მანკით გარდაცვლილ ბავშვთა რიცხოვნობა.

საქსტატისგან მიღებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, 2015 წელს ქვეყნის მასშტაბით საავადმყოფოებში 0-4 წლის ასაკის 66 ბავშვი გარდაიცვალა გულის მანკით. 2016 წელს – 40 ბავშვი, 2017 წელს კი – 74 ბავშვი. ჯამში სულ  -184 ბავშვი. ჯერჯერობით არ არის დათვლილი 2018 წელს გარდაცვლილ ბავშვთა რაოდენობა. საქსტატის მიერ მოწოდებული ინფორმაცია სამედიცინო დაწესებულებების მიერ შევსებული გარდაცვალების სამედიცინო ცნობაში მითითებულ სიკვდილის მიზეზს ეყრდნობა.

საქსტატს არ მოუწოდებია ინფორმაცია კლინიკების მიხედვით. „ბათუმელები“ საქსტატისგან ასევე ითხოვდა წარმატებით ჩატარებული ოპერაციების შესახებ ინფორმაციასაც. უწყებაში განგვიმარტეს, რომ ამ ტიპის აღრიცხვა არ წარმოებს.

ბათუმის მერიამ ლუკა ასათიანის სტიპენდიაზე კონკურსი გამოაცხადა

ბათუმის მერიაში ლუკა ასათიანის სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად კონკურსი დაიწყო. კონკურსში მონაწილეობა ბათუმში რეგისტრირებულ წარმატებულ სტუდენტებს შეუძლიათ.

საკონკურსო პირობების მიხედვით, პირველ სემესტრში საუკეთესო შედეგის მქონე 50 სტუდენტი 800-ლარიან სტიპენდიას მიიღებს. პროგრამისთვის მერიის ბიუჯეტიდან წლის განმავლობაში 100 000 ლარია გამოყოფილი.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საბუთები 29 მარტამდე უნდა წარადგინონ. გამარჯვებულები კი აპრილში გამოვლინდებიან.

მუზეუმი ღია ცის ქვეშ გმირთა ხეივანში – ბათუმის მერია კონცეფციაზე მუშაობს

ბათუმის მერის ლაშა კომახიძის ინფორმაციით, მერია გმირთა ხეივნის განვითარების ახალი კონცეფციის შემუშავებაზე დაიწყებს მუშაობას. მისივე თქმით, კონცეფციის შემუშავების შემდეგ ამავე ტერიტორიაზე მოაწყობენ მუზეუმს ღია ცის ქვეშ. ლაშა კომახიძე ამბობს, რომ გადაწყვეტილება ჯერჯერობით არაოფიციალურია და მერია დეტალებზე ჯერ კიდევ მუშაობს.

„გვინდა, გმირთა ხეივანი გავხადოთ არა მხოლოდ ცალკეული მემორიალების განთავსების ადგილად, არამედ პარკად, რომელიც ამავე დროს იქნება საქართველოს დიდების მუზეუმი ღია ცის ქვეშ. “

ბათუმელებისთვის ცნობილია, ასევე, რომ გმირთა ხეივნის დასაწყისში იუსტიციის სახლთან, შესაძლოა  დავით აღმაშენებლის ძეგლი განათავსონ.  დღეს, 12 მარტს, გამართულ ბრიფინგზე მერმა  განმარტა, თუ რატომ მიიღეს მერიაში დავით აღმაშენებლის ძეგლისთვის გათვალისწინებული ადგილის ცვლილების გადაწყვეტილება. მერის თქმით, „გადაწყვეტილება ქალაქის ინტელიგენციისგან მიღებულმა წერილმა განაპირობა. სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ  ძეგლის აღმაშენებლის ქუჩის წრიულზე განთავსების შემთხვევაში, სხვა და სხვა დღესასწაულების დროს შეუძლებელი იქნებოდა ძეგლთან მიახლოება. რადგან იქ ინტენსიური მოძრაობაა.“

ბათუმის მერიამ აღმაშენებლისა და ტბელ აბუსერიძის ქუჩების გადაკვეთაზე არსებულ წრიულში მემორიალური ქვა წარწერით – „აქ დაიდგმება დავით აღმაშენებლის ძეგლი“ 2018 წლის აგვისტოს დასაწყისში განათავსა. ბათუმის მერიაში მაშინ განაცხადეს, რომ დავით აღმაშენებლის ძეგლის ესკიზის შესარჩევად მერია კონკურსს გამოაცხადებდა. კონკურსი ჯერ გამოცხადებული არ არის.

ბათუმში დავით აღმაშენებლის ძეგლის დადგმის საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც „ქართულმა მარშმა“ ფეისბუქზე დეზინფორმაციული კამპანია დაიწყო. „მარში“ წერდა, რომ ადგილობრივი მთავრობა ბათუმში ძეგლის დადგმას მეზობელი სახელმწიფოების მოთხოვნით ვერ ბედავდა.

ბათუმში დავით აღმაშენებლის ძეგლი შესაძლოა იუსტიციის სახლთან დადგან

გმირთა ხეივანში განთავსდება 9 აპრილის მემორიალიც:

ბათუმის მერიას ძველ ბულვარში 9 აპრილის მემორიალის დადგმის უფლება არ მისცეს

ბათუმში კარბამიდის ტერმინალის მშენებლობაზე ნებართვის გაცემა გააპროტესტეს

საინიციატივო ჯგუფმა – „ქიმიური შეტევა ბათუმზე“, ახლახანს ბათუმის მერის გადაწყვეტილება გააპროტესტა. ლაშა კომახიძემ დღეს, 12 მარტს, საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ მერია, კარბამიდის ტერმინალის მშენებლობაზე ნებართვას გასცემს. საინიციატივო ჯგუფი მერის ამ გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა.

“ამ გადაწყვეტილებით ქიმიური ტვირთები დაიმკვიდრებს თავს ქალაქ ბათუმში, რაც პირდაპირი დარტყმა იქნება როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით, არამარტო ბათუმის ტურისტულ ეკონომიკაზე, არამედ მთელი საქართველოს ტურისტულ ეკონომიკაზე.  საკმაოდ დრო გვქონდა, რომ საერთაშორისო სპეციალისტებთან ერთად განგვეხილა ეს საკითხი. დრო მიცემული გვქონდა სამთავრობო წარმომადგენლებისთვის, რადგან იმათაც შეესწავლათ კარგად ეს, რადგან შევატყეთ, რომ არ ჰქონდათ კარგად შესწავლილი ეს საკითხი. ახლა წითელი ხაზები გადაკვეთილია. ჩვენ, ვინც ვაპროტესტებთ ამ გადაწყვეტილებას, ვამბობთ, რომ ეს არის დანაშაული საქართველოს წინაშე, დააყენო ამდენი ადამიანი საფრთხის ქვეშ,” – ამბობს აქტივისტი ალექსანდრე თევზაძე.

[red_box]ტერმინალის შესახებ[/red_box]

ბათუმის პორტში ახალი ტერმინალის ასაშენებლად ბათუმის საზღვაო ნავსადგურმა კერძო კომპანიას 15 128 კვ/მ ფართობი აღნაგობის უფლებით  გადასცა. ტერმინალის მშენებლობის საინვესტიციო ხელშეკრულებას ხელი 2018 წლის 22 მარტს მოეწერა. ახალი ტერმინალი ცენტრალური აზიიდან მინერალური სასუქების ტრანზიტისთვის იქნება განკუთვნილი.

პროექტის პარტნიორია ტრეიდერული კომპანია – Trammo AG . პროექტი „ბათუმის საზღვაო ნავსადგურის“, საქართველოს რკინიგზისა და საქართველოს მთავრობის მონაწილეობით ხორციელდება.

ამავე თემაზე:

ლაშა კომახიძე: მერია კარბამიდის ტერმინალის მშენებლობაზე ნებართვას გასცემს

მოკლული პოლიციელის ოჯახმა ჩაქვის გვირაბი გადაკეტა – “ვითხოვთ შს მინისტრთან შეხვედრას”

ქობულეთში მოკლული პოლიციელის ოჯახის წევრებმა ახლახან მახინჯაურში გვირაბთან  მისასვლელი გზა გადაკეტეს. ისინი მსჯავრდებულისთვის 20-წლიანი პატიმრობის ნაცვლად უვადო პატიმრობის შეფარდებას ითხოვენ. აქციაზე შეკრებილები ასევე ითხოვენ შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრას.

ქობულეთში მოკლული პოლიციელის, ბუტა ანთაძის მკვლელობის საქმის განხილვა დღეს, 12 მარტს, დასრულდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში. მკვლელობაში ბრალდებულს 20 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

ადგილზე იმყოფებიან პოლიციელებიც. ამ დროისთვის ავტომანქანები შემოვლითი გზით სარგებლობენ.

მოკლული პოლიციელის ოჯახის წევრებს უშუალოდ ესაუბრება აჭარის პოლიციის უფროსი, კონსტანტინე ანანიაშვილი, თუმცა ოჯახის წევრები დაშლას არ აპირებენ.

“როგორ წავიდე სახლში, რა ვუთხრა შვილებს? ისინი დღემდე მეკითხებიან, სადაა მამაო?” – მიმართა კონსტანტინე ანანიაშვილს მოკლული პოლიციელის ცოლმა.

შენიშვნა: ამ დროისთვის [14:24 საათი] ჩაქვის გვირაბში მოძრაობა აღდგა. გვირაბი დაახლოებით ნახევარი საათით იყო გადაკეტილი.

აჭარის პოლიციის უფროსმა, კონსტანტინე ანანიაშვილმა ვერ დაარწმუნა მოკლული პოლიციელის ოჯახი გვირაბი არ გადაეკეტათ
მოკლული პოლიციელის ოჯახმა ჩაქვში გვირაბი გადაკეტა

ამავე თემაზე:

 

ბრალდებულის ბოლო სიტყვა პოლიციელ ბუტა ანთაძის მკვლელობის საქმეზე

 

მერის პასუხი ბულვართან 18-სათულიანი კორპუსის მშენებლობის მსურველებს და მხარდამჭერებს

„ძალიან საინტერესოა, როდესაც ერთი მხრიდან ვიღებთ მოთხოვნებს ძველი ბათუმის არქიტექტურული და კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე და იგივე ადამიანები ხშირად მეორე ხელით ბრალს გვდებენ, თუ რატომ ვაკეთებთ ამას, რატომ ვიცავთ თავგამოდებით ჩვენს ქალაქს. ამავე დროს, თითქოს ქალაქისათვის ცუდ გადაწყვეტილებებს ვიღებთ“, – ეს ბათუმის მერის ლაშა კომახიძის სიტყვებია. ასე უპასუხა მერმა კითხვას იმის თაობაზე, რომ მას „ბაბილონ თაუერის“ მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილი პროექტის „დაბლოკვაში სდებენ ბრალს“.

მერმა ამ თემაზე საუბრისას აქცენტი გააკეთა იმ სამშენებლო პროექტებზეც, რომლებიც მას თანამდებობაზე არჩევის შემდეგ უკვე შეთანხმებული დახვდა.

„სამწუხაროდ, ჩემი მერობის პერიოდში ვარ გადაწყვეტილებების მემკვიდრე არქიტექტურული პროექტების შეთანხმების კუთხით, რომლებსაც არ ვეთანხმები, ვინაიდან ვფიქრობ, რომ ძალიან ცუდ ადგილზეა ჩვენი ქალაქისათვის. ეს არ არის მხოლოდ ჩემი მოსაზრება, ეს არის, ზოგადად, სახელისუფლებო მოსაზრება ამ ქალაქთან დაკავშირებით“, – განაცხადა ლაშა კომახიძემ ბრიფინგზე.

რაც შეეხება კონკრეტულად „ბაბილონ თაუერის“ მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილ პროექტს, რომელზეც ამბობენ, რომ „მერი ბლოკავს“ – ლაშა კომახიძემ განმარტა, რომ ცალკეული პროექტები მნიშვნელოვნად ზემოქმედებს იქ არსებულ სხვა ტიპის საკითხებზე, ამიტომაც მერია მშენებლობის მსურველ კომპანიასთან აწარმოებს მოლაპარაკებებს, ორი მხარისთვის მისაღები შედეგის მისაღწევად.

„ჩვენ გვაქვს ასეთი რამდენიმე შემთხვევა, სადაც მერი, ბათუმის მერია, აჭარის მთავრობა კი არ აზარალებს, კი არ ბლოკავს ბიზნესმენებს, არამედ იმყოფება მათთან დიალოგის რეჟიმში“, – თქვა მერმა.

ამ განმარტების შემდეგ მერი ისევ ბულვარისა და ქალაქის კულტურული მემკვიდრეობის დამცველებს დაუბრუნდა და თქვა, რომ ისინი უნდა ჩამოყალიბდნენ, რა სურთ:

„მინდა ვუთხრა ცალკეულ ადამიანს, ჩამოყალიბდნენ, ისინი არიან ქალაქის გულშემატკივრები, ქალაქის დამცველები, უნდათ ჩვენთან ერთად მოიფიქრონ და მიიღონ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც ქალაქის სასიკეთო იქნება [და აქვე დავძენ, რომ ამავე დროს არ დააზარალებს ბიზნესს],  თუ მათ უნდათ ცალი ხელით ტალახი გვესროლონ – თითქოს ჩვენ ქალაქს ვანგრევთ და ქალაქს ვაზიანებთ“.

კითხვაზე, ვის გულისხმობთ კონკრეტულად? მერმა გვიპასუხა, რომ ჩვენთვის, ჟურნალისტებისთვის,  ეს გაცილებით უკეთ შესამჩნევი და შესაფასებელია:

„მე, უბრალოდ, ამ ადამიანების მიდგომა გამკვირვებია. აქვე მინდა ვთქვა, თუ რატომ ვართ ჩვენ ყველა ამ ტიპის პროექტის განსჯის რეჟიმში – ერთადერთი მიზეზი არის ის, რომ ისინი განსაკუთრებულად მტკივნეულ  ადგილზე არიან ჩვენი ქალაქისთვის. დიახ, ის არის საკმაოდ რთული ამ თვალსაზრისით, ვინაიდან არის ბულვარის პირდაპირ წინა ხაზზე. აქვე არ შემიძლია არ გავიხსენო ბულვარის დამცველები – ძალიან აქტიური ყურადღება ბულვარის და მის ირგვლივ მიმდებარე ტერიტორიებზე ნებისმიერი ტიპის მშენებლობასთან მიმართებაში, საინტერესოა რომელ მხარეს დგანან ახლა ამ პოზიციების ადამიანები“, – განმარტა მერმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

„დექსტერ დეველოპმენტის“ ხელმძღვანელის ლევან კანთელაძის განცხადება.

კომპანიას ბულვართან 18-სართულიანი კორპუსის აშენება სურს – მერია ამის უფლებას არ აძლევს

 

კომპანიას ბულვართან 18-სართულიანი კორპუსის აშენება სურს – მერია ამის უფლებას არ აძლევს

სამშენებლო კომპანია „დექსტერ დეველოპმენტის“ ხელმძღვანელმა ლევან კანთელაძემ დღეს, 12 მარტს, ბათუმში „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ხელისუფლება მის ბიზნესს ავიწროებს. ამ ბიზნესმენს 18 სართულის სიმაღლის კორპუსის აშენება სურს „ბაბილონ თაუერის“ მოპირდაპირე მხარეს – მელიქიშვილისა და ნინოშვილის ქუჩების გადაკვეთის სიახლოვეს. ამ ზონაში მაღლივი კორპუსების მშენებლობას მუდმივ რეჟიმში აპროტესტებენ ბულვარის დამცველები.

„ბარაკების ადგილზე, ბაბილონ თაუერის წინ, უნდა აგვეშენებინა ეს სახლი. ვაპირებდით სანაოსნოს შენობაზე მიშენებული ლოჯების ჩამოშლას, მოსახლეობის დაკმაყოფილებას და ჭაბუა ამირეჯიბის სახლის მოწესრიგებასაც, გვყავდა ესპანელი ინვესტორი და „საქართველოს ბანკიდან“ გამოვიტანეთ სესხიც ამ პროექტის განხორციელებისთვის, გავიარეთ ყველა ინსტანცია და 2016 წელს მოგვანიჭეს კოეფიციენტი.

პროექტი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში ცხრა თვის შემდეგ შევიდა, სააგენტომ თანხმობა მოგვცა, თუმცა შემდეგ მერიამ განაცხადა უარი პროექტის განხორციელებაზე“, – განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე ლევან კანთელაძემ.

ლევან კანთელაძე ამბობს, რომ ხელისუფლების მიერ შექმნილი პრობლემების გამო უცხოელი პარტნიორი წავიდა საქართველოდან, აღებულ სესხზე კი პროცენტს ახლაც იხდის.

„ლაშა კომახიძესაც შევხვდი. მან მითხრა, რომ ეს სახლი არ უნდა აშენდეს. როცა მიზეზი ვკითხე, არგუმენტირებული პასუხი ვერ გამცა. არ უნდა აშენდესო და მორჩა…

შემდეგ ვთხოვეთ ადგილმონაცვლეობა და შემოგვთავაზეს მიწა ბაგრატიონის ქუჩაზე. ჩვენ ამაზეც თანახმა ვიყავით, თუმცა შემდეგ ამაზეც უარი გვითხრა კომახიძემ“.

ბიზნესმენის თქმით, ლაშა კომახიძემ მას განუცხადა, რომ ეს საკითხი აჭარის მთავრობის თავმჯდომარისთვის, თორნიკე რიჟვაძესთვის უნდა შეეთანხმებინა.

„არავითარი ჩანაცვლება არ მოხდება, რადგან მაგ მიწაზე (ბაგრატიონის ქუჩა) თორნიკე რიჟვაძეს ჰყავს სხვა ინვესტორი, რომელიც უფრო მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ვიდრე თქვენო.

შემდეგ მითხრეს, რომ შევხვედროდი რიჟვაძეს, მაგრამ არ შევხვდი. რატომ უნდა შევხვდე მუნიციპალიტეტის ქონებასთან დაკავშირებით თორნიკე რიჟვაძეს? ხვალ სხვამ რომ დამიბაროს, იმასაც უნდა შევხვდე?“ – ამბობს კანთელაძე.

ლევან კანთელაძის განცხადების შესახებ „ბათუმელებმა“ ჰკითხა ლაშა კომახიძესაც. ბათუმის მერმა ასე უპასუხა მის მიმართ გაჟღერებულ პრეტენზიებს: „ძალიან საინტერესოა, როდესაც  ერთი მხრიდან ვიღებთ მოთხოვნებს  ძველი ბათუმის არქიტექტურული და კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე და იგივე ადამიანები ხშირად მეორე ხელით ბრალს გვდებენ, თუ რატომ ვაკეთებთ ამას, რატომ ვიცავთ თავგამოდებით ჩვენს ქალაქს. ამავე დროს, თითქოს ქალაქისათვის ცუდ  გადაწყვეტილებებს ვიღებთ“, – ეს ბათუმის მერის, ლაშა კომახიძის სიტყვებია. ასე უპასუხა მერმა კითხვას იმის თაობაზე, რომ მას ჯერ კიდევ მშენებარე „ბაბილონ თაუერის“ მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილი პროექტის „დაბლოკვაში სდებენ ბრალს“.

ვრცლად ლაშა კომახიძის პასუხი:

კომპანიას ბულვართან 18-სართულიანი კორპუსის აშენება სურს – მერია ამის უფლებას არ აძლევს

 

კომპანია „დექსტერ დეველოპმენტის“ პროექტი, რომელიც მისი ხელმძღვანელის თქმით, ნინოშვილის ქუჩაზე უნდა განხორციელებულიყო.

 

 

 

 

 

 

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები აჭარაში 2018 წელს, წინა წელთან შედარებით, 5,5-ჯერ შემცირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები აჭარაში 2018 წელს, წინა წელთან შედარებით, 5,5-ჯერ, 158 მილიონ 723 ათას 600 აშშ დოლარითაა შემცირებული. შესაბამისად, 2017 წელს აჭარის რეგიონში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები იყო 193 მილიონი აშშ დოლარი, 2018 წელს კი [წინასწარი მონაცემებით] მხოლოდ 35 მილიონი აშშ დოლარი.

ია ფრანგიშვილის ინფოგრაფიკა / წყარო: საქსტატი

რა ოდენობის უცხოური, ასევე ადგილობრივი კერძო სექტორის ინვესტიციები განხორციელდა აჭარაში 2017 და 2018 წელს – ამ ინფორმაციის მისაღებად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წერილობით 2019 წლის იანვარშიც მივმართეთ. სამინისტროდან მაშინ, ასევე წერილობით, გვიპასუხეს, რომ ასეთ ინფორმაციას არ ფლობენ.

აღნიშნულ ინფორმაციებს სამინისტროსგან ვითხოვდით წლების შესაბამისად – ეკონომიკის სექტორების, ქვეყნებისა და თვითმმართველი ერთეულების მიხედვით.

„თქვენი განცხადების პასუხად გაცნობებთ, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, მეთოდოლოგიის დახვეწის აუცილებლობის გამო, 2017 წლიდან აღარ აღრიცხავს კერძო სექტორის მიერ აჭარის ტერიტორიაზე განხორციელებული ინვესტიციების მაჩვენებელს და ეკონომიკური ანალიზის მიზნით იყენებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) მაჩვენებელს“ – მოგვწერეს სამინისტროდან.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ 2018 წლის წინასწარი მონაცემები საქსტატმა გუშინ, 11 მარტს გამოაქვეყნა. დაზუსტებულ მონაცემებს კი 2019 წლის 15 აგვისტოს გამოაქვეყნებს, „რამაც შესაძლოა გამოიწვიოს წინა პერიოდების მონაცემების ცვლილება“.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის [საქსტატის] ინფორმაციით, თითქმის 35%-ით არის შემცირებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მთელი ქვეყნის მასშტაბითაც. წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2018 წელს 1 მილიარდ 232 მილიონ 400 ათასი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 34,9 პროცენტით ნაკლებია 2017 წლის შესაბამის მაჩვენებელზე.

შემცირების გამომწვევ ძირითად მიზეზებს შორის საქსტატი მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის დასრულებას, რამდენიმე საწარმოს გადასვლას საქართველოს რეზიდენტების საკუთრებაში, ასევე, არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორის მიმართ ვალდებულებების შემცირებას [სასესხო დავალიანების დაფარვას] ასახელებს.

წყარო: საქსტატი

სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილმა მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში, 2018 წლის წინასწარი მონაცემებით, 49.6 პროცენტი შეადგინა. პირველ ადგილზე აზერბაიჯანი იმყოფება 19,5 პროცენტით, მეორეზე – გაერთიანებული სამეფო 16,5 პროცენტით, ხოლო მესამეზე – ნიდერლანდი, 13,6 პროცენტით.

სამი უმსხვილესი სექტორის წილმა [განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით] კი 2018 წელს 52,3 პროცენტი შეადგინა. ყველაზე დიდი მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და 277,9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 22,5 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება ტრანსპორტის სექტორი 209,9 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე – ენერგეტიკის სექტორი, 157,2 მლნ. აშშ დოლარით.

ამ თემაზე:

აჭარის ეკონომიკის სამინისტრო: რეგიონში კერძო ინვესტიციებზე ინფორმაციას არ ვფლობთ

 

მოკლული პოლიციელის ოჯახი ბათუმის შემოსასვლელ ქუჩას გადაკეტავს

მუხაესტატეში მოკლული პოლიციელის ოჯახი ამ წუთებში [12:30] ფეხით მიემართება ბათუმის შემოსასვლელისკენ. ბუტა ანთაძის ოჯახი აპირებს გადაკეტოს გოგებაშვილის ქუჩა და ასე გააპროტესტოს ბათუმის სასამართლოს მიერ დღეს გამოტანილი განაჩენი – 20-წლიანი პატიმრობა განსასჯელ ბესიკ ტაკიძისთვის. სწორედ მას მიუსაჯა დღეს 20-წლიანი პატიმრობა მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა ერთი წლის წინ მოკლული პოლიციელის საქმეზე.

პროკურატურა ამ საქმეზე ბრალდებულის გასამართლებას პოლიციელის განზრახ მკვლელობის მუხლით ითხოვდა და უვადო პატიმრობის შეფარდება სთხოვდა მოსამართლეს. მოკლული პოლიციელის ოჯახი მიიჩნევს, რომ განსასჯელისთვის უვადო პატიმრობა უნდა მიესაჯა სასამართლოს.

მოკლული პოლიციელის და და აჭარის პოლიციის უფროსი კონსტანტინე ანანიაშვილი

აქციის მონაწილეებთან იმყოფება აჭარის პოლიციის უფროსი, კონსტანტინე ანანიაშვილი და ცდილობს დაარწმუნოს ისინი, რომ ქუჩა არ გადაკეტონ.

ბრალდებულის ბოლო სიტყვა პოლიციელ ბუტა ანთაძის მკვლელობის საქმეზე

20 წელი პოლიციელის მკვლელობისთვის – მოკლულის ახლობლებმა ჭავჭავაძის ქუჩა გადაკეტეს

“პოლიციელის მკვლელობის საქმეზე” მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა 20 წლით პატიმრობა მიუსაჯა ბესიკ ტაკიძეს. გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა.

გადაწყვეტილების გამოცხადებამდე მოსამართლემ განმარტა, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება “სჭირდებოდა დაფიქრება” და ამიტომ ვერ გამოაცხადა გადაწყვეტილება გუშინ. გადაწყვეტილების გამოცხადებამდე მოსამართლემ განმარტა, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება “სჭირდებოდა დაფიქრება” და ამიტომ ვერ გამოაცხადა გადაწყვეტილება გუშინ.

მოსამართლემ ხაზი გაუსვა იმას, რომ ამ საქმეზე ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები მოისმინა, მათ შორის, მოქმედი თანამდებობის პირების მხრიდან.

პროკურატურა ამ საქმეზე ბრალდებულის გასამართლებას პოლიციელის განზრახ მკვლელობის მუხლით ითხოვდა და უვადო პატიმრობის შეფარდება სთხოვა მოსამართლეს. დაცვის მხარე კი ამტკიცებდა, რომ მკვლელობას წინასწარი განზრახვა არ ჰქონია და იგი მხოლოდ მკვლელობის მუხლით 7-დან 15 წლამდე პატიმრობით უნდა დაესაჯათ.

ამ განმარტების შემდეგ გამოაცხადა მოსამართლემ განაჩენი, რასაც დარბაზში ხმაურიანი შეძახილები მოჰყვა. მოკლული პოლიციელის ახლობლებმა სასამართლოს გადაწყვეტილება გააპროტესტეს და დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს. მოსამართლე ამ დროს ფეხზე იდგა და დარბაზში ისევ სიჩუმის ჩამოვარდნას ელოდა იმისთვის, რომ დამატებით განემარტა განაჩენის შესახებ.

განაჩენის გამოცხადებას არც ბრალდებული დასწრებია და არც მისი ახლობლები. მოსამართლის განაჩენი მხოლოდ ადვოკატმა დალი ინაშვილმა მოისმინა.

აჭარის პოლიციის უფროსი კონსტანტინე ანანიაშვილი და გარდაცვლილი პოლიციელის დედა

ხმაური ამ დრომდე გრძელდება ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან. მოკლული პოლიციელის დედამ აჭარის პოლიციის უფროსს კონსტანტინე ანანიაშვილს მიმართა: “ეს არის თქვენი სამართალი? რას შეეწირა ჩემი შვილი, ივანიშვილის ხის გადატანას? მოვიდეს ახლა ეს ივანიშვილი და გამცეს პასუხი,”- მიმართა მოკლული პოლიციელის დედამ პოლიციელს. მას პასუხი კითხვაზე არ გაუცია.

ამ თემაზე:

ბრალდებულის ბოლო სიტყვა პოლიციელ ბუტა ანთაძის მკვლელობის საქმეზე

ყველაფერი წითელას შესახებ მოკლედ

წითელა მწვავე ვირუსული დაავადებაა. ვრცელდება სწრაფად. გადადის ჰაეროვანი გზით და/ან დაავადებულთან უშუალო კონტაქტით.

წითელა ბავშვთა დაავადებად მიიჩნევა, მაგრამ შეიძლება დაემართოს ნებისმიერი ასაკის ადამიანს, თუ მას აცრის შემდგომი ან ადრე გადატანილი წითელას ინფექციით განპირობებული იმუნიტეტი არ აქვს.

რა სიმპტომები ახასიათებს წითელას?

[checklist]

  • ცხელება
  • გამონაყარი
  • ხველება
  • რინიტი ან კონიუნქტივიტი

[/checklist]

წითელას ტიპური შემთხვევა იწყება მწვავედ – ტემპერატურის მომატებით, რომელსაც თან ახლავს: ხველა, რინიტი, კონიუნქტივიტი. სიმპტომების დაწყებიდან დაახლოებით 2-3 დღის შემდეგ პირის ღრუში შეიძლება გაჩნდეს წვრილი, თეთრი გამონაყარი;  5-6 დღის შემდეგ კი ავადმყოფის სხეულზე ჩნდება ვარდისფერი გამონაყარი, თავდაპირველად სახეზე (შუბლზე), შემდეგ ვრცელდება მთელ სხეულზე, ზემოდან ქვევით (კისერი, ტანი, ხელები, ფეხები, ტერფები). რამდენიმე დღეში ტემპერატურა იწევს ქვემოთ, იწყება გამონაყრის პიგმენტაცია, რომელიც თანდათან ქრება.

რამდენად საშიშია წითელა?

სტატისტიკური მონაცემებით, წითელას შემთხვევათა 30% რთულდება. განვითარებულ ქვეყნებში სიკვდილით მთავრდება წითელას 1000 შემთხვევიდან 1, განვითარებად ქვეყნებში – 3%-6%.

როგორ ავადდებიან წითელათი?t

წითელა ადვილად შეიძლება გადაგედოთ. ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც წითელას ვირუსით ინფიცირებულთან კონტაქტი ჰქონდა და არ აქვს იმუნიტეტი – არ გადაუტანია დაავადება ან არ არის აცრილი, 90% ალბათობით დაავადდება.

როდის არის გადამდები წითელა?

ინფიცირებულები გადამდებად მიიჩნევიან გამონაყრის დაწყებამდე 4 დღის და გამონაყრის დაწყებიდან 4 დღის განმავლობაში – სულ 8 დღე.

როგორ დავიცვათ თავი წითელათი დაავადებისაგან?

ვაქცინაცია წითელას პრევენციის ერთადერთი ეფექტური საშუალებაა. პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის მიხედვით, წითელას საწინააღმდეგო აცრები ტარდება 1 წლის და 5 წლის ასაკში, ან არაგეგმიურად, ნებისმიერ სხვა დროს. გადაამოწმეთ თქვენი ვაქცინაციის სტატუსი, თუ არ ხართ დარწმუნებული, ან არ ხართ აცრილი წითელას საწინააღმდეგო ვაქცინით – მიმართეთ თქვენი ოჯახის ექიმს და ჩაიტარეთ აცრა წითელა-წითურა-ყბაყურის (MMR) საწინააღმდეგო ვაქცინით.

რამდენად უსაფრთხოა წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია?

წითელა-წითურა-ყბაყურას საწინააღმდეგო ვაქცინა უსაფრთხოა. დღეისათვის ვაქცინა გამოიყენება მსოფლიოს 150-ზე მეტ ქვეყანაში.

საქართველოში როგორც გეგმიურ (ბავშვთა ასაკის), ისე 41 წლამდე ასაკის მოქალაქეთა უფასო ვაქცინაციას უზრუნველყოფს სახელმწიფო.

ასევე, უფასოა 41 წელს გადაცილებული მოსახლეობისათვის, თუ ისინი იყვნენ კონტაქტში წითელათი დაავადებულთან.

როდის არ შეიძლება აცრის ჩატარება?

[checklist]

  • თუ ხართ ორსული, აცრა კატეგორიულად აკრძალულია. აცრა უნდა ჩატარდეს მინიმუმ 1 თვით ადრე ორსულობამდე;
  • თუ გქონდათ მძიმე ალერგიული რეაქცია ვაქცინის წინა დოზაზე ან ვაქცინის კომპონენტზე;
  • თუ გაქვთ იმუნოდეფიციტი;
  • თუ გაქვთ არაგანკურნებადი აქტიური ტუბერკულოზი.

[/checklist]

ვინ არის დაცული წითელასაგან?

[highlight color=”red”]წითელათი დაავადების საშიშროებისგან დაცული ხართ, თუ:[/highlight]

[checklist]

  • აცრილი ხართ MMR ვაქცინის 2 დოზით – პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის მიხედვით 1 წლის და 5 წლის ასაკში;
  • თუ აცრილი ხართ MMR ვაქცინის მხოლოდ ერთი დოზით, და იმყოფებით სკოლამდელ ასაკში;
  • თუ გადატანილი გაქვთ წითელა, რომელიც დადასტურდა ლაბორატორიულად;
  • თუ ლაბორატორიულად დადასტურებულია, რომ გაქვთ შესაბამისი იმუნიტეტი.

[/checklist]

მთავარი ფოტო: მაია ხუხუნაიშვილი, პედიატრი


ექიმთან ვიზიტის დაგეგმვის ან დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ნომერზე: 0422 22 71 71 
ან დაჯავშნეთ ვიზიტი ვებგვერდის საშუალებით www.khozrevanidze.ge.

სიახლეების მისაღებად მოგვყევით ფეისბუქგვერდზე:ხოზრევანიძის კლინიკა • Khozrevanidze’s Clinic

მისამართი: ბათუმი, გ.ბრწყინვალეს 81

„სილქ როუდ ჯგუფი“ 6 კოშკს სავარაუდოდ ვერ ააშენებს – ტერიტორია ისტორიულ ზონაში რჩება

„სილქ როუდ ჯგუფი“ ბათუმში ე.წ. ჭაჭის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე ექვსი თაუერის მშენებლობის ნებართვას სავარაუდოდ ვერ მიიღებს. მერია გეგმავს ბათუმის ისტორიული ზონის საზღვრები იმ შენიშვნების გათვალისწინებით წარადგინოს დასამტკიცებლად, რომელიც ცოტა ხნის წინ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოდან მიიღო. ამ შენიშვნების თანახმად ე.წ. ჭაჭის კოშკის მიმდებარე ტერიტორია, სადაც კომპანია მშენებლობას გეგმავდა, ისტორიული დაცვის ზონაში დარჩება. დაცვის ზონაში კი დაუშვებელია იმ შენობებზე მასშტაბური მშენებლობები, რომელთა იქ არსებობაც ისტორიულად დადასტურებულია.

ბათუმის მერის, ლაშა კომახიძის ინფორმაციით, მერია აქტიურად თანამშრომლობს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოსთან, იმ შენიშვნებთან მიმართებაში, რაც სააგენტომ მერიას ისტორიული ზონის საზღვრებთან დაკავშირებით გამოუგზავნა.

მერმა სააგენტო გარკვეულწილად პროცესის გაჭიანურებაშიც დაადანაშაულა და განმარტა, რომ ამ პროცესს არ მოჰყვებოდა დიდი ვნებათაღელვა საზოგადოების მხრიდან, სააგენტოს თავისი რეკომენდაციები დროულად რომ გამოეგზავნა.

„სამწუხაროდ, ამ პროცესს არ სჭირდებოდა ათი თვე, შარშან აპრილის თვეში გადავაგზავნეთ ეს დოკუმენტაცია და ვითხოვეთ რეკომენდაცია სამუშაო რეჟიმში. სამწუხაროდ, ეს მოხდა მხოლოდ ათი თვის შემდეგ, გაფართოებული სხდომით და ძალიან დიდი ვნებათაღელვით. შესაძლებელი იყო ერთ ან ორ თვეში იმავე რეკომენდაციის გამოგზავნა და ამ პროცესების დაჩქარება“, – თქვა დღეს გამართულ ბრიფინგზე ლაშა კომახიძემ, ბათუმის მერმა.

მერის ინფორმაციით, ამ დროისთვის ქალაქის მერია სააგენტოსთან ერთად რამდენიმე საკითხის დაზუსტების პროცესშია. მისივე განმარტებით, ამ პერიოდის განმავლობაში ისტორიული დაცვის ზონის საზღვრებში მშენებლობის არც ერთი ნებართვა არ გაცემულა, გარდა იმისა, როცა მერიას პროექტის შეთანხმება სასამართლომ დაავალდებულა.

„მე შემიძლია დავამშვიდო ის ხალხი, ვინც ამაზე ღელავს – ჩვენ მსგავს პოლიტიკას გავაგრძელებთ“, – განაცხადა დღეს ლაშა კომახიძემ.

რა ბედი ელის „სილქ როუდ ჯგუფის“ პროექტს თუ კომპანია „სილქ როუდ ჯგუფის“ საკუთრებაში არსებული ტერიტორია ისტორიული ზონის საზღვრებში დარჩება? – მერმა ამ კითხვაზე პასუხის დროს ისევ ხაზი იმას გაუსვა, რომ  მერიაში გადაწყვეტილების მიღებისას კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს შენიშვნებს გაითვალისწინებენ.

კომპანია „სილქ როუდ ჯგუფი“ ბათუმში, ჭაჭის კოშკის მიმდებარე ტერიტორიასთან 6 ჰექტარ მიწის ნაკვეთს ფლობს, სადაც 6 თაუერის მშენებლობას აპირებდა. ეს პროექტის  ფინანსური მხარდამჭერი იყო „თანაინვესტირების ფონდი“, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილია.

ამ პროექტს ბათუმის საზოგადოება ეწინააღმდეგებოდა და საპროტესტო აქციებს მართავდა.

„სილქ როუდ ჯგუფმა“ ამ პროექტის გრგ მოამზადა და პირველ მარტს წარუდგინა ბათუმის მერიას.

პროექტი „ბათუმი რივიერა“ დაახლოებით ცხრა ჰექტრამდე ტერიტორიას მოიცავს. საჯარო რეესტრის მონაცემებით, აქედან  59 042 კვ/მ ტერიტორია უშუალოდ „სილქ როუდის“ საკუთრებაშია, 923 კვ/მ ნავსაყუდელის ნაგებობა და იქვე არსებული 8 533 კვ/მ მიწის ნაკვეთი 20-წლიანი იჯარით აქვს აღებული კომპანიას, 10 226 კვ/მ ტერიტორია აჭარის საკუთრებაშია, ხოლო 8 631 კვ/მ ბათუმის მუნიციპალიტეტის [ჭაჭის თაუერი] საკუთრებაა.

ამავე თემაზე:

„ტრამპ თაუერი“ 44 სართული, „სილქ თაუერი“ – 42? -„რივიერას“ ტერიტორიაზე გეოლოგიური კვლევა დაიწყო

 

ლაშა კომახიძე: მერია კარბამიდის ტერმინალის მშენებლობაზე ნებართვას გასცემს

ბათუმის მერია კარბამიდის ტერმინალის მშენებლობაზე ნებართვას გასცემს – ამის შესახებ ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ დღეს, 12 მარტს, ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, „ახალი ტერმინალი უსაფრთხოების მაღალ სტანდარტზე აიყვანს ბათუმის პორტს“.

ბათუმის პორტში ახალი ტერმინალის ასაშენებლად ბათუმის საზღვაო ნავსადგურმა კერძო კომპანიას 15 128 კვ/მ ფართობი აღნაგობის უფლებით  გადასცა. ტერმინალის მშენებლობის საინვესტიციო ხელშეკრულებას ხელი 2018 წლის 22 მარტს მოეწერა. ახალი ტერმინალი ცენტრალური აზიიდან მინერალური სასუქების ტრანზიტისთვის იქნება განკუთვნილი.

გასული წლის მარტში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ რელიზში აღნიშნული იყო, რომ პროექტის პარტნიორია ტრეიდერული კომპანია – Trammo AG და პროექტი „ბათუმის საზღვაო ნავსადგურის“, საქართველოს რკინიგზისა და საქართველოს მთავრობის მონაწილეობით ხორციელდება.

ბათუმის მერიას ტერმინალის მშენებლობის ნებართვა ჯერ არ გაუცია.

„ბათუმელებმა“ კი, დოკუმენტებზე დაყრდნობით გაარკვია, რომ ამ პროექტს ახორციელებენ გიორგი ზარიძე, დიმიტრი აბდუშელიშვილი და ასევე უზბეკეთის მოქალაქე ალიშერ იკრამოვი. ისინი სხვა კომპანიაში „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელ მამუკა ხაზარაძის პარტნიორები არიან ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტში. კიდევ ერთი საყურადღებო გარემოება – მაშინ, როცა ბათუმში ტერმინალის მშენებლობას აქციებით აპროტესტებდნენ, თიბისი ბანკის საქმეზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

ამ საკითხთან დაკავშირებით ბათუმში მყოფმა ამერიკის ელჩმა განაცხადა, რომ თიბისის საქმეს ყურადღებით აკვირდებიან, რადგან ამ ბანკში ამერიკელი მფლობელიც არის.

2018 წლის დეკემბერში, „სილქ როუდ ჯგუფის“ დამფუძნებელმა, გიორგი რამიშვილმა ბათუმის პორტის არსებული სახით შენარჩუნებისა და ნავსადგურის ტერიტორიაზე კიდევ ერთი ტერმინალის მშენებლობის წინააღმდეგ გააკეთა განცხადება. მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალბიუჯეტიანი კომპანიის ერთ-ერთი მფლობელი, რომლის პარტნიორიც ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული „თანაინვესტირების ფონდია“, ღიად ამბობს, რომ ამის თაობაზე „ყველა მაღალ დონეზე“ ისაუბრა.

ბათუმის პორტში კარბამიდის გადასატვირთი ტერმინალი გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ] გარეშე აშენდება. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით, ბათუმის პორტის ექსპლუატაციის პირობების ცვლილება გზშ-ს არ ექვემდებარება. ეს ცვლილება, ძირითადად, მე-7 ნავმისადგომის ტერიტორიაზე ნაყარი ტვირთების [გრანულირებული კარბამიდი] გადასატვირთი ტერმინალის მოწყობას და ექსპლუატაციას გულისხმობს. მაგრამ, იქნება თუ არა უსაფრთხო კარბამიდის ტერმინალი ბათუმში?

ბათუმის მერი ახალი ტერმინალის მშენებლობაზე განცხადებას გააკეთებს

ბათუმის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს, 12 მარტს, 11:00 საათზე, ბათუმის მერი ლაშა კომახიძე ბათუმის პორტში ახალი ტერმინალის მშენებლობასთან დაკავშირებულ განცხადებას გააკეთებს.

ბათუმის პორტში ახალი ტერმინალის ასაშენებლად, ბათუმის საზღვაო ნავსადგურმა კერძო კომპანიას 15 128 კვ/მ ფართობი აღნაგობის უფლებით  გადასცა. ტერმინალის მშენებლობის საინვესტიციო ხელშეკრულებას ხელი 2018 წლის 22 მარტს მოეწერა. ახალი ტერმინალი ცენტრალური აზიიდან მინერალური სასუქების ტრანზიტისთვის იქნება განკუთვნილი.

გასული წლის მარტში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ რელიზში აღნიშნული იყო, რომ პროექტის პარტნიორია ტრეიდერული კომპანია – Trammo AG და პროექტი „ბათუმის საზღვაო ნავსადგურის“, საქართველოს რკინიგზისა და საქართველოს მთავრობის მონაწილეობით ხორციელდება.

ბათუმის მერიას ტერმინალის მშენებლობის ნებართვა ჯერ არ გაუცია.

„ბათუმელებმა“ კი, დოკუმენტებზე დაყრდნობით გაარკვია, რომ ამ პროექტს ახორციელებენ გიორგი ზარიძე, დიმიტრი აბდუშელიშვილი და ასევე უზბეკეთის მოქალაქე ალიშერ იკრამოვი. ისინი სხვა კომპანიაში „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელ მამუკა ხაზარაძის პარტნიორები არიან ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტში. კიდევ ერთი საყურადღებო გარემოება – მაშინ, როცა ბათუმში ტერმინალის მშენებლობას აქციებით აპროტესტებდნენ, „თიბისი ბანკის“ საქმეზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

ამ საკითხთან დაკავშირებით ბათუმში მყოფმა ამერიკის ელჩმა განაცხადა, რომ „თიბისის“ საქმეს ყურადღებით აკვირდებიან, რადგან ამ ბანკში ამერიკელი მფლობელიც არის.

2018 წლის დეკემბერში, „სილქ როუდ ჯგუფის“ დამფუძნებელმა, გიორგი რამიშვილმა ბათუმის პორტის არსებული სახით შენარჩუნებისა და ნავსადგურის ტერიტორიაზე კიდევ ერთი ტერმინალის მშენებლობის წინააღმდეგ გააკეთა განცხადება. მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალბიუჯეტიანი კომპანიის ერთ-ერთი მფლობელი, რომლის პარტნიორიც ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული „თანაინვესტირების ფონდია“, ღიად ამბობს, რომ ამის თაობაზე „ყველა მაღალ დონეზე“ ისაუბრა.

ბათუმის პორტში კარბამიდის გადასატვირთი ტერმინალი გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ] გარეშე აშენდება. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით, ბათუმის პორტის ექსპლუატაციის პირობების ცვლილება გზშ-ს არ ექვემდებარება. ეს ცვლილება, ძირითადად, მე-7 ნავმისადგომის ტერიტორიაზე ნაყარი ტვირთების [გრანულირებული კარბამიდი] გადასატვირთი ტერმინალის მოწყობას და ექსპლუატაციას გულისხმობს. მაგრამ, იქნება თუ არა უსაფრთხო კარბამიდის ტერმინალი ბათუმში?

 რამდენად სახიფათოა ბათუმისთვის კარბამიდის ტერმინალის აშენება გზშ-ს გარეშე 

სუს-ის სპეცოპერაცია ქობულეთში – დაკავებულია ორი პირი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე ორი პირი დააკავეს. სპეცოპერაცია ქობულეთში 11 მარტს, გვინა ღამით ჩატარდა. რუსთავი ორის ინფორმაციით, დაკავებულებს ჩხრეკისას რადიაქტიური ნივთიერება აღმოაჩნდათ.

“ორი პირის დაკავებას გიდასტურებთ, დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით გავავრცელებთ,” – უთხრეს “ბათუმელებს” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

რას სთავაზობს მთავრობა კვადროციკლების მესაკუთრეებს, რომლებიც ბულვარში ვეღარ იმუშავებენ

„სამინისტრო მზადაა წარმოდგენილი წინადადება ან პროექტი განიხილოს,“ – გვითხრეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში, სადაც ვიკითხეთ, რას უპირებს მთავრობა ათეულობით ადამიანს, რომლებიც მაისიდან ბათუმის ბულვარში ვეღარ იმუშავებენ.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ამ ეტაპზე არაფერს სთავაზობს ელექტრომობილების გამქირავებლებს, არც პროექტია წარდგენილი.

„ბულვართან დაკავშირებით ბათუმის საკრებულომ უკვე მიიღო გადაწყვეტილება და ისინი ვერ გააგრძელებენ იქ საქმიანობას. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო მზად არის, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში განიხილოს კონკრეტული წინადადება ან პროექტი,“ – აღნიშნავენ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პრესცენტრში.

ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით, პირველი მაისიდან ბათუმის ბულვარში კვადროციკლებით, მოტოციკლებითა და ელექტრომობილებით სეირნობა აიკრძალება.

ეს გადაწყვეტილება საკრებულომ 2019 წლის 5 მარტს მიიღო. კვადროციკლის გამქირავებლებმა მაშინ „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ისინი საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან, რადგან ბულვარში 1000-მდე ელექტრომობილი მუშაობს ზაფხულის სეზონზე, მათ შესაძენად ბანკიდან სესხი აიღეს და საკრებულოს ამ გადაწყვეტილებით უმუშევარი რჩებიან.

 

სტუდენტთა დახმარების პროგრამა გრძელდება

აჭარის განათლების სამინისტრო „სტუდენტთა დახმარების“ პროგრამის ფარგლებში,  პირველ საფეხურზე – ბაკალავრიატზე და მეორე საფეხურზე – მაგისტრატურაში ჩარიცხულ სტუდენტთა დაფინანსებას აგრძელებს.

პროგრამა ითვალისწინებს შემდეგი კატეგორიის სტუდენტების დაფინანსებას:

  • სტუდენტები მაღალმთიანი აჭარიდან
  • მრავალშვილიანი ოჯახის წევრი: ოთხი ან მეტი შვილი
  • დედით ან მამით ობოლი, უდედმამო
  • სოციალურად დაუცველი: 100 000 ქულა ან ნაკლები

სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ  ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის პირველი კურსის სტუდენტებს. განაცხადების მიღება გრძელდება 2019 წლის 15 მარტის ჩათვლით.

ხანძარი სოფელ ოჩხამურში

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ხანძარი იყო ქობულეთში, სოფელ ოჩხამურში. დაიწვა ხმელი ბალახი და ეკალ-ბარდი – სულ 2500 კვ. მეტრი.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მუშაობდა სამი სახანძრო – სამაშველო ჯგუფი.

ამ დროისათვის ხანძარი ლიკვიდირებულია.

ფოტო: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

მუნიციპალური შპს-ების დირექტორები აჭარაში, რომლებმაც დეკლარაცია არასრულად შეავსეს

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ განცხადებით აჭარაში მუნიციპალური იურიდიული პირების ხელმძღვანელთა ნაწილს ქონებრივი დეკლარაცია არასრულად აქვს შევსებული.

ორგანიზაციამ აჭარის რეგიონის 6 მუნიციპალიტეტის მიერ სხვადასხვა დროს დაფუძნებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებების (შპს) ხელმძღვანელი პირების 21 დეკლარაცია შეისწავლა. ორგანიზაციის ცნობით, კვლევის  შედეგად დეკლარაციის არასრულად შევსების 8 ფაქტი გამოვლინდა, რომელთაგან 2 ეხება საკუთარი და ოჯახის წევრების მფლობელობაში არსებული წილების მიუთითებლობას, 3 შემთხვევაში თანამდებობის პირებს საკუთარი წილის მართვის უფლება სხვა პირებისთვის მინდობით არ გადაუციათ, 3 შემთხვევაში კი დეკლარაციაში არ აქვთ შეტანილი ოჯახის წევრების მფლობელობაში არსებული ქონება. სამივე გარემოება არღვევს საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მოთხოვნებს.

შპს-ების  დირექტორები, რომელთაც არასრულად აქვთ შევსებული დეკლარაციები:

ბადრი ფარტენაძე, შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ დირექტორი – „ბათუმის ავტოტრანსპორტი” 2004 წლიდან ფუნქციონირებს, ბადრი ფარტენაძე დირექტორის თანამდებობას 2017 წლის 25 ივნისიდან იკავებს. მას 2018 წლის 12 სექტემბერს შევსებულ დეკლარაციაში მითითებული აქვს, რომ 33.3% წილს ფლობს შპს Marine Safety Net-ში, 30% – შპს „ოქროს თავთავი 2010-ში” და 5% წილს – შპს Dolphin Salvage Co-ში. ბადრი ფარტენაძეს, საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა კონფლიქტისა და კორუფციის შესახებ კანონის მე-13 მუხლის თანახმად, აღნიშნული წილები მინდობით სხვა პირისთვის უნდა გადაეცა.

დავით დუმბაძე, შპს „სანდასუფთავების” დირექტორი – დავით დუმბაძემ, რომელიც შპს „სანდასუფთავებას” 2018 წლის 29 მარტიდან ხელმძღვანელობს, 22 მაისს
შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა მეუღლის, ლეილა გოგიაშვილის სამეწარმეო საქმიანობა – ლეილა გოგიაშვილი შპს PREMIUM.B.-XXI-ის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელია.

არჩილ ბოლქვაძე, შპს „დინამო ბათუმის“ დირექტორი – არჩილ ბოლქვაძე შპს „ბათუმის დინამოს” 2017 წლის 29 დეკემბრიდან ხელმძღვანელობს. მას 2018 წლის
19 სექტემბერს შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს მითითებული მეუღლის, ცირა მამუკაშვილის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება: ცირა მამუკაშვილი რუსთავში – 33.62 კვ.მ, ხოლო მწვანე კონცხზე 180 კვ.მ ფართობების მფლობელია.

ნიკო თავდგირიძე, შპს ფრენბურთის კლუბი „ბათუმის“ ხელმძღვანელი – ნიკო თავდგირიძე ფრენბურთის კლუბის, შპს „ბათუმის” დირექტორია შექმნიდან დღემდე. 2018 წლის 31 მაისს შევსებულ დეკლარაციაში მას არ აქვს მითითებული საკუთრებაში არსებული ქონება – ის ბათუმში, ინასარიძის ქუჩაზე 75.92კვ.მ ბინის მფლობელია.

ზვიად კონცელიძე, შპს „ბათუმის გემთსაშენი ქარხნის“ ხელმძღვანელი – ზვიად კონცელიძე შპს „ბათუმის გემთსაშენი ქარხნის” დირექტორია 2011 წლის 26 ოქტომბრიდან. მას 2018 წლის 26 მარტს შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს მითითებული დედის, ფატი კონცელიძის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება: ფატი კონცელიძე ბათუმში, ნიკო მუსხელიშვილის ქუჩაზე 54.62 კვ.მ. ბინას ფლობს.

თეიმურაზ ბედინაძე, სს „აჭარის წყლის ალიანსის” დირექტორი – სს „აჭარის წყლის ალიანსის” დირექტორს თეიმურაზ ბედინაძეს 2018 წლის 5 ივნისს შევსებულ დეკლარაციაში მითითებული აქვს თავისი სამეწარმეო საქმიანობა. ის შპს „ბედინას” 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორია, თუმცა აღნიშნული წილი მინდობით სხვა პირზე არ გადაუცია.

ჯემალ მეგრელიძე, შპს „ქობულეთის წყლის“ დირექტორი – ჯემალ მეგრელიძე შპს „ქობულეთის წყლის” დირექტორის თანამდებობას 2018 წლის 13 აპრილიდან იკავებს. მას 2018 წლის 1-ელ მაისს შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს მითითებული საკუთარი და მეუღლის, ნანა წივწივაძის სამეწარმეო საქმიანობა. ჯემალ მეგრელიძე შპს „ალფა ტრანსის” 50% წილის მფლობელი და დირექტორია, ნანა წივწივაძე კი შპს „ლირის” 50%-იანი წილის მფლობელია.

მალხაზ სურმანიძე, შპს „ქედის კომუნალურსერვისის“ დირექტორი – მალხაზ სურმანიძე შპს „ქედის კომუნალურსერვისს” 2010 წლიდან ხელმძღვანელობს. მას 2018 წლის 20 მარტს შევსებულ დეკლარაციაში მითითებული აქვს, რომ შპს „დიდვაკე-მ.ა-ს” დირექტორია, თუმცა ამავე კომპანიის 50% წილის ფლობის შესახებ არ მიუთითებია.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ მიმართავს საჯარო სამსახურის ბიუროს, შეისწავლოს კვლევაში აღნიშნული პირების ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.

პოლიციელის მკვლელობის საქმეზე განაჩენი მოსამართლემ ისევ არ გამოაცხადა

მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა “პოლიციელის მკვლელობის საქმეზე” განაჩენი არც დღეს გამოაცხადა. მან ბრალდებულის ბოლო სიტყვას მოუსმინა და სათათბირო ოთახში გავიდა გადაწყვეტილების მისაღებად. სასამართლოსთან პოლიციაა მობილიზებული.

ხმაური სასამართლო დარბაზში მას შემდეგ დაიწყო, როცა რამდენიმე სკამი ბრალდებულის მეზობლებმა დაიკავეს.

“როგორ გაბედეთ აქ მოსვლა,” – წამოიძახეს მოკლული პოლიციელის ოჯახის წევრებმა. სიტყვიერი შეურაცხყოფის მიუხედავად, ბრალდებულის ახლობლებს ხმა არ ამოუღიათ. რამდენიმე წუთის შემდეგ მანდატურის სამსახურმა მათ დარბაზის დატოვება მოსთხოვა, შემდეგ კი ყველას, რადგან მოსამართლე დარბაზში აღარ დაბრუნდა.

მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა დასკვნითი სიტყვები ამ საქმეზე პირველ მარტს მოისმინა. მან განაჩენი არ გამოაცხადა და იგი 9 მარტს დააანონსა. 9 მარტს სხდომა არ ჩატარებულა. მხარეები მოსამართლის განაჩენის მოსმენას დღეისთვის ელოდნენ.

საბოლოოდ, მანდატურმა მხარეებს აცნობა, რომ სასამართლო განაჩენს ხვალ, 12 მარტს, 12 საათზე გამოაცხადებს.

პოლიციელის მკვლელობის საქმე ბათუმის საქალაქო სასამართლოში

ქობულეთში, მუხაესტატეს პოლიციის უფროსი მურად [ბუტა] ანთაძე ქობულეთი-მუხაესტატეს საავტომობილო გზაზე გასული წლის 15 ივნისს მოკლეს. ამ დროს ივანიშვილის დენდროლოგიური პარკისთვის მორიგი ხე გადაჰქონდათ და პროკურატურის მტკიცებით, მკვლელობაში ბრალდებულმა სამზარეულოს დანა ზურგიდან ჩაარტყა პოლიციელს. ბუტა ანთაძე ქობულეთის საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

საბრალდებო დასკვნის მიხედვით, ბესო ტაკიძეს წლების განმავლობაში უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდა პოლიციის უფროსის, ბუტა ანთაძის მიმართ. 2014 და 2015 წლებში ბესო ტაკიძე მუხაესტატეს პოლიციის განყოფილების თანამშრომლებს სამჯერ დაუკავებიათ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო. სასამართლომ ბესო ტაკიძე ხულიგნობის ჩადენაში – ორჯერ, ხოლო პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ერთხელ მიიჩნია სამართალდამრღვევად.

ამ თემაზე:

ბრალდებულის ბოლო სიტყვა პოლიციელ ბუტა ანთაძის მკვლელობის საქმეზე

2019 წლის გამოცდებისათვის რეგისტრაცია 12 მარტიდან დაიწყება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, რეგისტრაცია ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩასაბარებლად და სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად 2019 წლის 12 მარტის 10:00 საათიდან დაიწყება და 3 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება.

მონაწილეობის მიღების მსურველებმა რეგისტრაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდებზე (www.naec.ge და online.naec.ge) ელექტრონულად უნდა გაიარონ.

„აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად ჩატარდება: პირველ, ძირითად ეტაპზე აბიტურიენტებს შეეძლებათ პირადი მონაცემების შეტანა, საგამოცდო ქალაქისა და ჩასაბარებელი საგნების არჩევა.

3 აპრილის შემდეგ აბიტურიენტი ვეღარ შეცვლის საგამოცდო ქალაქს, თუმცა 7 მაისის 18:00 საათამდე შეეძლება გამოცდის დამატება ან საგნის შეცვლა.

რაც შეეხება საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალს, სარეგისტრაციო განაცხადში საგანმანათლებლო პროგრამების მითითებისა და შეცვლის საშუალება აბიტურიენტს აპელაციების შედეგების გამოქვეყნების შემდეგი დღის ჩათვლით ექნება.

პროგრამებზე განაცხადების რაოდენობის შესახებ ინფორმაციის გაცნობა აბიტურიენტებს სპეციალური სისტემის მეშვეობით შეეძლებათ – რეგისტრაციის დაწყებიდან ამოქმედდება გვერდი, რომელზეც განთავსდება განახლებული ინფორმაცია კონკრეტულ პროგრამებზე განაცხადების რაოდენობის შესახებ,“ – აღნიშნულია ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცენტრის ვებგვერდზე (www.naec.ge) განთავსდება საინფორმაციო ცნობარი, რომლითაც აბიტურიენტმა არჩევანის გაკეთებისას უნდა იხელმძღვანელოს. ცნობარში მოცემულია რეგისტრაციის ინსტრუქცია, ხშირად დასმული კითხვები, საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი და ა. შ. ასევე გამოიცემა ცნობარის ბეჭდური ვერსიაც („ცნობარი აბიტურიენტისათვის“).

მნიშვნელოვანი სიახლე: ორი ან მეტი არჩევითი საგნის გამოცდის მონიშვნის შემთხვევაში და რომელიმე მათგანში ჩაჭრის (მინიმალური კომპეტენციის ზღვრის ვერგადალახვის) ან რომელიმე არჩევითი საგნის გამოცდაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაშიც აბიტურიენტი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღების შესაძლებლობას შეინარჩუნებს.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით 2019 წელს ცვლილება ოთხ გამოცდას (ქართულ ენასა და ლიტერატურას, ლიტერატურას, გეოგრაფიასა და უცხოურ ენებს) შეეხება.

„წინა წლების ტესტების ანალიზმა და პედაგოგებთან ერთად ამ გამოცდების შედეგების განხილვამ აჩვენა, რომ აბიტურიენტის ცოდნისა და უნარების უკეთ შესაფასებლად მიზანშეწონილია ამ საგამოცდო ტესტებში გარკვეული ცვლილებების შეტანა. მიუხედავად ამ ცვლილებებისა, არ შეიცვლება მინიმალური კომპეტენციის დადგენილი პროცენტული ზღვარი,“ – აცხადებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი.

საერთო სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია 3 აპრილის 18:00 საათამდე უნდა გაიარონ. სარეგისტრაციო ვადის ამოწურვის შემდეგ მაგისტრანტობის კანდიდატები ვეღარ დარეგისტრირდებიან. რეგისტრირებულ კანდიდატებს ტესტის ტიპის შეცვლა 7 მაისის 18:00 საათამდე შეეძლებათ.

სკოლის დირექტორი: დოგმებთან ბრძოლა არის განათლების სისტემის გამოწვევა

დღეს, 11 მარტს, მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ბერიკა შუკაკიძე ბათუმში, პირველ საჯარო სკოლაში „ახალი სკოლის მოდელთან“ დაკავშირებით იმყოფებოდა.

პროექტი საპილოტეა და აჭარიდან მხოლოდ ორი საჯარო სკოლაა ჩართული. პროექტის ფარგლებში გადამზადებული ტრენერი სკოლაში მარტის ბოლოდან დაიწყებს მუშაობას, რომელიც სკოლის დირექტორს სკოლის მართვის პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავებაში დაეხმარება.

სკოლას მუშაობაში სულ ოთხი სპეციალისტი უნდა დაეხმაროს – ციფრული ტექნოლოგიების, ინკლუზიური განათლების, კურიკულუმების ქოუჩი და სწავლების ლიდერი.

კითხვაზე, რისი მოლოდინი აქვთ და რა შეიცვლება ამ პროექტის დანერგვით რეალურად სკოლაში, პირველი სკოლის დირექტორი ნატალია მგელაძე ამბობს: „პირველ რიგში, იმის განცდა მაქვს, რომ ეს იქნება საჭიროებაზე დაფუძნებული და მორგებული მოდელი.

ჩვენ გვჭირდება ტექნოლოგიების დანერგვა, ეს უნდა იყოს სწავლა სწავლებისთვის და არა მხოლოდ დოკუმენტების ამობეჭდვა. პირველ ეტაპზე პროექტში მხოლოდ დაწყებითი საფეხურის კლასები ჩაერთვება და დავინახავთ, როგორ იმუშავებს ეს მოდელი“.

პედაგოგები დღევანდელი სკოლის ყველაზე დიდ პრობლემად კლასებში მოსწავლეების სიმრავლეს ასახელებენ. მათი აზრით, სწორედ ამიტომ არის რთული კონკრეტულ მოსწავლეზე ორიენტირება გაკვეთილის პროცესში და ინდივიდუალური მიდგომების განხორციელება. ამ მოცემულობაში რამდენად ეფექტური იქნება ახალი მოდელი? – ვკითხეთ დირექტორს.

ნატალია მგელაძის თქმით, მოსწავლეთა სიჭარბის მიუხედავად, სკოლამ ახალი მოდელის განხორციელება მაინც უნდა შეძლოს.  „თანამედროვე სკოლა აუცილებლად უნდა იყოს ბავშვზე ორიენტირებული, რადგან რა წერია წიგნში, მხოლოდ ეს აღარ არის აქტუალური მოსწავლეებისთვის.  ბავშვს აინტერესებს თვითონ როგორ გამოიყენებს ცოდნას და როგორ იქნება ამ პროცესში ჩართული“.

„ახალი სკოლის მოდელი“, როგორც განათლების მინისტრი აცხადებს, ითვალისწინებს სკოლებში კრიტიკული აზროვნების განვითარებას, რადგან, როგორც პრაქტიკა აჩვენებს, ქართული სკოლა ყველაზე ნაკლებადაა ორიენტირებული კრიტიკული აზროვნების განვითარებაზე.

„კრიტიკული აზროვნების განვითარება სკოლის მისიაა, მაგრამ ამაში ყველა საგანმა უნდა შეუწყოს ხელი მოსწავლეს. ხშირად ჩვენ კრიტიკული აზროვნება გვგონია ხმამაღლა ყვირილი და ჩხუბი, მაშინ როცა, მასწავლებელს უნდა ჰქონდეს უფრო მეტი მიმღებლობა განსხვავებული აზრის, ასევე, მოსწავლეც უნდა მივაჩვიოთ იმას, რომ თავისი მოსაზრება გამოხატოს ისეთი ფორმით, რომ სხვისთვის არ იყოს შეურაცხმყოფელი.

შეიძლება დღეს მასწავლებლებიც ვუშვებთ შეცდომებს, რადგან ვერ ვართ ისეთი მიმღებლები და ამ მიმართულებით უნდა დაიხვეწოს ჩვენი აზროვნება“.

ნატალია მგელაძის თქმით, ზოგადად, დღეს ქართული განათლების სისტემის გამოწვევაა, რომ დროს აუწყოს ფეხი. „დოგმებთან ბრძოლაა განათლების დიდი გამოწვევა და ეს არ იქნება მარტივი. განათლების ეროვნული მიზნების მიღწევაც არ არის მარტივი ამბავი, მაგრამ თუ არ გავაკეთეთ რადიკალური ცვლილებები, რომელიც კონკრეტულ სკოლაზე იქნება მორგებული, შეუძლებელია განვითარება“.

„ახალი სკოლის მოდელის“ საპილოტე პროექტში, პირველი საჯარო სკოლის გარდა, სალიბაურის პირველი საჯარო სკოლაც არის ჩართული.

 

ამავე თმაზე:

რა ევალებათ „სკოლის მხარდამჭერ ჯგუფებს“, რომლებსაც მასწავლებლის სახლი ქმნის

როგორ მოვიქცეთ, როცა ქუჩაში ძაღლი გვხვდება და გვეშინია – ვეტერინარის რჩევები

კინოფობია – ასე ეწოდება შიშს ძაღლების მიმართ. მართალია, ბევრი ადამიანი, ვისაც ძაღლების ეშინია, ცდილობს შიში არ შეიმჩნიოს, თუმცა სპეციალისტები ამბობენ, რომ შიშს, პირველ რიგში, ძაღლი ამჩნევს და მასზე რეაგირებს.

ქუჩაში მყოფი ძაღლებისგან საფრთხე იშვიათადაა მოსალოდნელი. თუ ხედავთ, რომ ძაღლს ყურზე უკეთია ე.წ. „ბირკა“, ეს ნიშნავს, რომ ძაღლი აცრილია ცოფსა და სხვა დაავადებებზე მუნიციპალურ თავშესაფარში და აგრესიული არ არის.

როგორ მივხვდეთ, რომ ძაღლი ქუჩაში კბენას აპირებს? როგორ უნდა დავიცვათ თავი? – „ბათუმელების“ ამ შეკითხვებს ცხოველთა თავშესაფრის მთავარმა ვეტერინარმა, ეკატერინე ბოგატოვამ უპასუხა. მან აღნიშნა, რომ ასეთი რეკომენდაციები ზოგადი ხასიათისაა და ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია. მისივე თქმით, არ არსებობს ზუსტი სტატისტიკა, უფრო ხშირად ე.წ. პატრონიანი ძაღლები კბენენ ადამიანს ქუჩაში თუ უსახლკარო ძაღლები, რადგან ბათუმში ბევრი ძაღლი, რომლებსაც ჰყავთ მეპატრონე, საბელის გარეშე, თვითგასეირნებაზეა.

  • არ აჩქარდეთ, აკონტროლეთ სიტუაცია და დააკვირდით ძაღლს

თუ გზაზე გხვდებათ ძაღლი, არ აჩქარდეთ, შეანელეთ სვლა. ყურადღება მიაქციეთ ძაღლის ქცევებს, სანამ ამ მონაკვეთს გაივლით და შეეცადეთ იფიქროთ რაიმე კარგზე, რადგან ძაღლი გრძნობს შიშს და ამაზე რეაგირებს.

  • როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ძაღლი აგრესიულადაა განწყობილი?

თუ ძაღლმა უკან გადასწია ყურები, ოდნავ ამოსწია ცხვირი წინ, დაბლა დასწია ან საერთოდ გაასწორა კუდი, გიყურებთ, იღრინება და მოდის თქვენკენ, ეს ნიშნავს, რომ ძაღლმა შეიძლება ან გიკბინოთ, დაგიყეფოთ ან მოგახტეთ.

ამ შემთხვევაში ჩერდებით, არ მოძრაობთ, აჩვენებთ ხელებს ძაღლს [დაინახოს, რომ ხელში არაფერი გაქვთ მისთვის სახიფათო] და ცდილობთ, ვინმეს სთხოვოთ დახმარება, ოღონდ მაქსიმალურად წყნარი ტონით.

შეიძლება შეგხვდეთ ჩუმი აგრესიის ძაღლებიც, რომლებმაც შეიძლება გაფრთხილების გარეშე გიკბინოთ. თუ გეშინიათ ძაღლების, ყველაზე კარგი ვარიანტია გადახვიდეთ გზის მეორე მხარეს, თან იაროთ გვერდულად, ისე, რომ მხედველობის არეალში გყავდეთ ძაღლი.

  • როცა ძაღლი ყეფს – ასეთ დროს ძაღლი გაფრთხილებთ

ყეფის დროს ნაკლებად მოსალოდნელია ძაღლმა გიკბინოთ. ის გაფრთხილებთ. თუ ძაღლი გიყეფთ, მშვიდად დატოვეთ ის პერიმეტრი, სადაც ძაღლი იმყოფება და დააკვირდით მის ქცევას. შეიძლება ძაღლმა უბრალოდ დაგიყეფოთ და მეტი არაფერი, მაგრამ თუ მან გადასწია ყურები, გაჩერდა, იღრინება და მოდის თქვენკენ, თქვენ ჩერდებით, ეძებთ გარშემომყოფებში დახმარებას და ხელები გქონდეთ ისე, რომ ჩანდეს, ხედავდეს ძაღლი, რომ ხელში მისთვის საშიში არაფერი გაქვთ.

მაქსიმალურად ეცადეთ დამშვიდდეთ, რადგან რაც უფრო მეტ შიშს გამჩნევთ ძაღლი, მით უფრო მეტად თამამდება.

  • თუ ხვდებით ძაღლების ხროვას

ძაღლების ხროვა ჩანს შორიდან, ამიტომ სჯობს შორიდანვე მოერიდოთ მათ პერიმეტრს, გადახვიდეთ ქუჩის მეორე მხარეს, რადგან ძაღლები ხშირად იცავენ თავიანთ პერიმეტრს. ეს დაახლოებით 100-200 მეტრი შეიძლება იყოს, პრაქტიკიდან გამომდინარე, უფრო დიდ პერიმეტრს ძაღლები არ საზღვრავენ.

თუ ხედავთ, რომ ძაღლების ხროვას ვერ უვლით გვერდს, სჯობს გაჩერდეთ მოშორებით და დაელოდოთ, სანამ ძაღლები სადმე გადაადგილდებიან. არ ღირს ხროვაში შეიჭრათ და შუაში გაიაროთ. ძაღლები ქანდაკებებივით გაშეშებული არ იქნებიან, მოითმინეთ, სჯობს დრო დაკარგოთ და უფრო მშვიდად იყოთ.

  • არ გაიქცეთ

გაქცევა არ არის გამოსავალი. თქვენ ვერ ირბენთ ისე, როგორც დარბის ცხოველი, კროსში მას ვერ მოუგებთ. ცხადია, რომ ეს იქნება წამგებიანი თქვენთვის.

გაქცევას აქვს აზრი მაშინ, თუ ძაღლი გამორბის თქვენკენ და გაქვთ თავის შეფარების საშუალება, ახლოსაა სადარბაზო ან მანქანა, რომელშიც სწრაფად ჩაჯდებით. თუ დიდი მანძილი გაქვთ გასარბენი, მაშინ გაქცევა არ არის მიზანშეწონილი.

  • არ ღირს ყვირილი

არ გირჩევთ ჯოხის მომარჯვებას და ყვირილს. როგორც წესი, ეს არ მუშაობს, თუმცა ყველანაირი სიტუაცია არსებობს: ყვირილს ექნება ეფექტი, თუ ხედავთ, რომ ძაღლს ეშინია, კუდი ამოძუებული აქვს და შეშინებული მოძრაობს. სხვა შემთხვევაში ემოციურად აღელდებით, რასაც უცებ გრძნობს ძაღლი.

 

 

პოლონური კინოს დღეები ბათუმში – აფიშა

16-17 მარტს ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის ორგანიზებითა და Polish Film Promotion-ის მხარდაჭერით,  ბათუმში გაიმართება პოლონური კინოს დღეები – „პოლონეთის დამოუკიდებლობის 100 წლისთავი – პოლონეთის ისტორია კინოშედევრებში“.

პროგრამის ფარგლებში ნაჩვენები იქნება 6 ფილმი, მათ შორის ცნობილი პოლონელი კინორეჟისორების – ანჟეი ვაიდას, რომან პოლანსკისა და იან კომასას ფილმები.

[red_box]16 მარტი[/red_box]

„მარმარილოს კაცი“, ანჟეი ვაიდა. დასაწყისი: 16 საათზე

„პიანისტი“, რომან პოლანსკი. დასაწყისი: 19 საათზე

„ფერფლი და ალმასი“, ანჟეი ვაიდა. დასაწყისი: 22 საათზე

[red_box]17 მარტი[/red_box]

„აღთქმული მიწა“, ანჟეი ვაიდა. დასაწყისი: 16 საათზე

„ვარშავა 44“, იან კომასა. დასაწყისი: 19:30 საათზე

„ვოლჰინია“, ვოსიეჟ სმარზოვსკი. დასაწყისი: 22 საათზე

კინოჩვენებები გაიმართება თეატრში – „ახალი სცენა“. მისამართი: ბათუმი, ა. მელაშვილის 32.

ფილმები ნაჩვენები იქნება ქართული სუბტიტრებით.

კინოჩვენებებზე დასწრება თავისუფალია.

____________

მთავარ ფოტოზე: კადრი რომან პოლანსკის ფილმიდან „პიანისტი“

 

 

როდის არ/ვერ შეცვლის ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ჩვენებას – მოსამართლის ხედვა

„მსხვერპლის დაკითხვა სასამართლოში ხდება დაახლოებით 2 თვის შემდეგ, რაც ძალიან დაგვიანებულია,“ – მიიჩნევს მოსამართლე დავით მამისეიშვილი. მისი აზრით, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი შემთხვევიდან 48 ან 72 საათში მაგისტრ მოსამართლესთან უნდა დაიკითხოს, რადგან ამ პერიოდში მასზე სავარაუდო მოძალადე ან ოჯახის წევრები ზეწოლას ვერ განახორციელებენ. დღევანდელი მოცემულობით, ძალადობის მსხვერპლი ქალები ხშირად პოლიციელებთან ადასტურებენ ძალადობის ფაქტს, შემდეგ კი სასამართლოში ჩვენებას ცვლიან, აღარ აძლევენ ჩვენებას მოსამართლეს და პირიქით, მოძალადის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებას ითხოვენ.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე დავით მამისეიშვილმა ამ ინიციატივის შესახებ ისაუბრა ბათუმში, 8 მარტს გამართულ კონფერენციაზე – „ქალთა მიმართ ძალადობის გააზრება“. „ბათუმელები“ დავით მამისეიშვილის მოხსენების შემოკლებულ ვერსიას გთავაზობთ:

„ქართული კანონმდებლობა სამ ეტაპს ითვალისწინებს სისხლის სამართლის წარმოებისას: პირველი წარდგენა, წინასასამართლო სხდომა და არსებითი განხილვა, როდესაც ხდება მტკიცებულებების გამოკვლევა. ეს ორი თვე ძალიან დიდი პერიოდია, ვიდრე დაზარალებული სასამართლოს მისცემს ჩვენებას. მსხვერპლს ავიწყდება ის შესაძლო ძალადობა, როცა, სავარაუდოდ, მოძალადე იზოლირებულია. შესაძლოა, ასევე, რომ მან პრაქტიკულად აპატია ის ქმედება, რაც ამ უკანასკნელმა მის მიმართ განახორციელა. შესაძლოა, რომ მსხვერპლი განიცდის ოჯახის სხვა წევრების მხრიდან ზეწოლას და ის ამის შესახებ არც ადვოკატს, არც პროკურორს არ ესაუბრება. ეს არის მისი შინაგანი, ბუნებრივი მდგომაროება, მას არ უნდა ეს ადამიანი მის გამო საპატიმრო დაწესებულებაში იყოს. შესაბამისად, ორი თვის შემდეგ ჩვენ ვხედავთ დაზარალებულს, რომელიც სასამართლოს უკვე ჩვენებას აღარ აძლევს.

მე მქონდა ერთი საქმე წარმოებაში: საკმაოდ ცნობილ ადვოკატზე მეუღლემ იძალადა.  ჩვენება სასამართლოს არც ამ ადვოკატმა მისცა. მან გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება ოჯახის წევრის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე… როდესაც უფლებადამცველი ამ უფლებას იყენებს, როცა მასზე ძალადობენ საზოგადოების თვალწინ, მაგრამ, სამწუხაროდ, არ თანამშრომლობ გამოძიებასთან, რიგით მოქალაქეს, რიგით მსხვერპლს რა უნდა მოვთხოვოთ, რომელიც ვეღარ ახდენს საკუთარი ინტერესების სრულად დაცვას? რა ქნას სახელმწიფო ბრალდებამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში?

ოჯახში ძალადობის შემთხვევების განხილვის დროს, ძირითადი პრობლემა არის დაზარალებულებისთვის ჩვენებების არმიცემა. პროკურორს სურვილიც რომ ჰქონდეს, ის ვერ დაკითხავს მსხვერპლს მაგისტრი მოსამართლის წინაშე. კანონი ადგენს ოთხ სავალდებულო კრიტერიუმს, მაგალითად, როცა მსხვერპლის სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე, ან ის საზღვარგარეთ მიდის. ოჯახში ძალადობის დროს ასეთი კრიტერიუმები არ გვაქვს და მსხვერპლს, შესაბამისად, ვერ დაკითხავს მაგისტრი მოსამართლე.

დამერწმუნეთ, ორი და სამი დღის წინ მომხდარ შემთხვევაზე მსხვერპლი მიაწვდის ინფორმაციას სასამართლოს. თუკი ეს საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდება, ეს იქნება ძალიან კარგი გამოსავალი: 48 საათი ან თუნდაც 72 საათი არ იქნება საკმარისი დრო სავარაუდო მოძალადისთვის, ან ოჯახის წევრებისთვის, რომ დაზარალებულზე მოახდინონ ზემოქმედება. გარდა ამისა, სასამართლო აღჭურვილია დისტანციური დაკითხვის საშუალებით, რომელსაც ჩვენ, მაგალითად, ხშირად ვიყენებთ გარყვნილი ქმედების საქმეებზე: როცა არასრუწლოვანი გვყავს, მას მეორე ოთახიდან ვრთავთ და მას სავარაუდო ბრალდებულთან კომუნიკაცია საერთოდ აღარ აქვს.

დაზარალებულმა თუ ჩვენება მისცა სასამართლოს, ყველა შემთხვევაში გამოდის გამამტყუნებელი განაჩენი. არც ერთ მოსამართლეს, როდესაც დაზარალებულის მხრიდან მიცემულია ჩვენება, გამამართლებელი განაჩენი არ გამოაქვს, ვინაიდან ჩვენ გვჯერა მსხვერპლების და მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის, თანაც, როცა ამას ემთხვევა სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები. შსს-ს აქვს უკვე მიდგომა, როცა მსხვერპლი მიჰყავთ სამედიცინო ექსპერტიზაზე და ექსპერტები მსხვერპლთან უშუალო გასაუბრების შემდეგ უთითებენ, საიდან წარმოიშვა ეს დაზიანებები, მაგალითად, ეს დაზიანება წარმოიშვა, რადგან ჩემმა მეუღლემ, პირობითად, 17 თებერვალს კისრის არეში მომაყენა დაზიანება.

იმ ადვოკატის შემთხვევაშიც, რომელმაც ჩვენება არ მოგვცა, მე გამამატყუნებელი განაჩენი გამოვიტანე სწორედ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე. ექსპერტი ამბობდა, რომ როდესაც ეს ქალი ჩემთან მოიყვანეს, თქვა, რომ ის სცემა მეუღლემ. ექსპერტიზის დასკვნაშიც მითითებული იყო მსუბუქი ხასიათის დაზიანება, რაც ნიშნავდა იმას, რომ ეს ქალი ფიზიკურ ტკივილს განიცდიდა,“ – აღნიშნა დავით მამისეიშვილმა.

მოსამართლის თქმით, თუკი კანონში ცვლილება შევა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლი შემთხვევიდან რამდენიმე საათში დაიკითხება [მაგისტრი მოსამართლის მიერ], არსებითი განხილვის ეტაპზე მსხვერპლს მხოლოდ ზიანთან დაკავშირებით პოზიციის გაგების კუთხით დაკითხავენ. „ეს, ბუნებრივია, არ გულისხმობს დანაშაულის ფაქტზე შეკითხვების კვლავ გამეორებას,“ – დასძინა დავით მამისეიშვილმა.

 

მარტის უნალექო დღეები ბათუმში – ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 11  მარტის  21 საათიდან  12 მარტის  21 საათამდე ბათუმში და მთელ აჭარაში, მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 13 – 18 გრადუსი
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 7-12 გრადუსი ყინვა 
  • ღამით: 0-5 გრადუსი ყინვა

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს, 13-14 მარტს, აჭარაში მოსალოდნელია უნალექო ამინდი.

_____________

მთავარი ფოტო: „ბათუმელები“, თამარ ნერგაძე

Exit mobile version