ბათუმში მარკეტებს აკრძალული ცელოფნის პარკებისთვის მომავალი კვირიდან დააჯარიმებენ

ბათუმის მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ქალაქის მასშტაბით ყველა სავაჭრო ობიექტი გაფრთხილებულია იმის შესახებ, რომ პირველი აპრილიდან ცელოფნის პარკების რეალიზაციისთვის დაჯარიმდებიან. ობიექტი, რომელიც უკვე გაფრთხილებულია და ცელოფნის პარკი რეალიზაციაში მაინც ექნება, 500 ლარით დაჯარიმდება. განმეორების შემთხვევაში – 1000 ლარით. ორივე შემთხვევაში აკრძალულ პარკებს ჩამოართმევენ.

„როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, ზოგიერთი ობიექტის მეპატრონე ამბობს, რომ ისინი არ არიან გაფრთხილებულები. თუმცა ჩვენი სამსახურის თანამშრომლები 2018 წლის ოქტომბრიდან აფრთხილებენ სავაჭრო ობიექტებს და უტოვებდნენ საინფორმაციო ფურცელს, სადაც გარკვევით ეწერა, რომ 2019 წლის პირველი აპრილიდან ნებისმიერი სისქის პოლიეთილენის პარკის რეალიზაციისთვის ობიექტი დაჯარიმდება.

ჩვენს სააგენტოში 28 ადამიანია მონიტორინგის ჯგუფში და სავაჭრო ობიექტების გაკონტროლებას მომავალი კვირიდან [8 აპრილიდან – ავტ.] დავიწყებთ. ობიექტს, სადაც რეალიზაციაში იქნება ცელოფნის პარკები, დავაჯარიმებთ“, – გვითხრეს ბათუმის მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტოს პრესსამსახურში.

პირველი აპრილიდან საქართველოში პოლიეთილენის [ცელოფნის] პარკების გაყიდვა, ასევე, მომხმარებლისთვის შეთავაზება სავაჭრო ქსელში, აკრძალულია. ბათუმში აკრძალული ცელოფნის პარკების რეალიზაციაზე კონტროლი მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტოს ევალება.

საქართველოს კანონმდებლობით:

მაღაზიის მესაკუთრე ვალდებულია გაფრთხილებიდან 10 დღის განმავლობაში ამოიღოს ქსელიდან აკრძალული პარკები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის 500 ლარით დაჯარიმდება და მოხდება შესაბამისი პროდუქციის კონფისკაცია.

დარღვევის განმეორების შემთხვევაში, მეწარმე სუბიექტი დაჯარიმდება 1 000 ლარის ოდენობით და ასევე, მოხდება შესაბამისი პროდუქციის კონფისკაცია.

სავაჭრო ქსელში დასაშვებია მხოლოდ ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკი − ეს არის მთლიანად ან ნაწილობრივ ბიოლოგიური, განახლებადი ნედლეულის საფუძველზე წარმოებული, ბიოდეგრადაციასა და კომპოსტირებას დაქვემდებარებული პარკი, რომელიც აკმაყოფილებს შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს და აქვს შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

საქართველოს კანონმდებლობით, ბიოდეგრადირებად და კომპოსტირებად პარკებზე დატანილი უნდა იყოს შემდეგი სავალდებულო ინფორმაცია:

[checklist]

  • წარწერა − „ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკი“;
  • ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკის მწარმოებელი;
  • ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკის შემადგენლობა.

[/checklist]

წარწერა − „ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკი“ პარკზე შეიძლება გაკეთდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი შესაბამისობის შეფასება განხორციელებულია უფლებამოსილი შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს მიერ და პარკი შეესაბამება ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს.

ინფორმაცია პარკზე უნდა განთავსდეს გამოსაჩენ ადგილას, ხედვის ერთ არეალში. დაუშვებელია ინფორმაციის გადაფარვა სხვა წარწერით ან ნახატით.

პარკზე განთავსებული ინფორმაცია მომხმარებლისთვის უნდა იყოს ადვილად წასაკითხი და გასაგები. ნიშანდებამ და აღწერილობამ შეცდომაში არ უნდა შეიყვანოს მომხმარებელი.

პარკზე შეიძლება დატანილ იქნეს სხვა ინფორმაციაც, თუ იგი არ შეამცირებს სავალდებულოდ განსათავსებელი ინფორმაციის აღქმადობას.

საქართველოში აკრძალულია არა მარტო ცელოფნის პარკების რეალიზაცია, არამედ ადგილზე წარმოებაც და იმპორტიც.

პოლიეთილენის პარკების წარმოების აკრძალვის გამო საწარმოების უმეტესობა გაჩერდა, ნაწილი კი სატესტო რეჟიმში, ისიც მცირე დატვირთვით მუშაობს. შესაბამისად, უმუშევარი დარჩა ასობით ადამიანი, რომლებიც საწარმოებსა თუ დისტრიბუციაში იყვნენ დასაქმებულები.

მეწარმეები ამბობენ, რომ საწარმოების გადაიარაღებისთვის სახელმწიფომ მათ საკმაოდ მცირე დრო მისცა, მაშინ, როცა თავად სახელმწიფომ ამ დროში ვერ უზრუნველყო ისეთი ლაბორატორიის ამოქმედება, სადაც შემოწმდება პარკი არის თუ არა ნამდვილად ბიოდეგრადირებადი.

მათივე თქმით, სამინისტროდან იყო დაპირება, რომ პოლიეთილენის [პლასტიკის] პარკების წარმოება აპრილიდან სრულად არ აიკრძალებოდა და მათ დროს სექტემბრამდე მისცემდნენ გადაიარაღებისთვის. თუმცა, მეწარმეების თქმით, მარტის თვის ბოლოს, სამინისტროში მათ უთხრეს, რომ კანონის გადავადება აღარ ესწრებოდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ „2019 წლის პირველი აპრილიდან კანონი შევიდა ძალაში. იქნება გაფრთხილება და შემდეგ დაჯარიმება. წარმოება ყველა შემთხვევაში აკრძალულია და ასევე აკრძალულია პოლიეთილენის პარკების საზღვარგარეთიდან შემოტანა“.

რაც შეეხება კონტროლს, სამინისტროში გვითხრეს, რომ „შესაბამისი ლაბორატორია მართლაც არ აქვთ. „თუმცა გვაქვს მოლაპარაკებები გარკვეულ ქვეყნებთან, სადაც არის ასეთი ლაბორატორიები. იქ შესაძლებელია გადავაგზავნოთ ნიმუში და სამ დღეში გვექნება პასუხი. ასე რომ კონტროლის კუთხით დაბრკოლება ამ მხრივ არ იქნება. ჩვენი ლაბორატორიაც 2019 წლის ბოლომდე იქნება გამართული – შესაბამისი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს“.

კანონის მიხედვით, პარკების წარმოებას გარემოს დაცვის სამინისტრო აკონტროლებს, იმპორტს – ფინანსთა სამინისტრო, ხოლო რეალიზაციას – მერია.

თუმცა, მაგალითად, თბილისის მერიაში „ნეტგაზეთს“ უთხრეს, პარკების რეალიზაციის კონტროლის ბერკეტი არ აქვთ: „თბილისის მერიას აქვს სამთავრობო სტრუქტურებთან კონცეპტუალური შეთანხმება, რომ განხორციელდება ცვლილებები და ეს ფუნქცია მერიიდან სხვა უწყებას გადაეცემა, რამდენადაც მერიას არა აქვს ბერკეტი, გააკონტროლოს პოლიეთილენის პარკების რეალიზაცია.“

საქართველოში პოლიეთილენის შემცველობის პლასტიკის პარკების რეალიზაცია, წარმოება და იმპორტი 2019 წლის პირველი აპრილიდან აკრძალულია

სასტუმრო “მგზავრების” საუნაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

ბათუმში, სასტუმრო “მგზავრებში” გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. სახანძრო-სამაშველო სამსახურის ინფორმაციით ცეცხლი სასტუმროს საუნაში, პირველ სართულზე გაჩნდა.

“საუნაში იწვოდა საყოფაცხოვრებო ნივთები და თვითონ სააბაზანოს მოპირკეთება, დაახლოებით სამ კვადრადზე. ათ წუთში ჩავაქრეთ ცეცხლი,” – უთხრა ჟურნალისტებს აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმსართველოს უფროსის მოადგილემ ხუსეინ სირაბიძემ.

ხანძრის გაჩენიდან მალევე ევაკუაცია გამოცხადდა. ყველა სტუმარი  და მომსახურე პერსონალი შენობის გარეთ გამოვიდნენ. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

 

ხანძარი საუნაში გაჩნდა

 

ხანძარი სასტუმრო მგზავრებში

ამავე თემაზე:

დაკვამლიანება სასტუმროში – მემედ აბაშიძის გამზირზე სახანძრო მუშაობს

ბათუმში იყიდება საინვესტიციო უძრავი ქონება [მიწის ნაკვეთი, სახლი, ავტოფარეხები]

[gray_box]იყიდება შუამავლის (მაკლერის) გარეშე[/gray_box]

[highlight color=”green”]იყიდება გონიოში არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები:[/highlight]

[checklist]

[/checklist]

მის.: წმინდა ანდრია პირველწოდებულის ჩიხი III


[highlight color=”green”]იყიდება გონიოში კერძო სახლი და არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები:[/highlight]

[checklist]

  • 3514 კვ.მ. საკადასტრო კოდი: 05.36.23.107
  • 859 კვ.მ საკადასტრო კოდი: 22.29.06.273
  • 2333 კვ.მ: 22.29.06.043
  • სახლი 655 კვ.მ დამხმარე სათავსო 13.18 კვ.მ

[/checklist]

მის.: პეტრე იბერის ქუჩა #13

P.S. ნაკვეთები ცალ-ცალკე რეალიზაციას არ ექვემდებარება


[highlight color=”green”]იყიდება ადლიის დასახლებაში , 2186 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი:[/highlight]

[checklist]

  • საკადასტრო კოდი: 05.32.04.714
  • შეჩერებული მშნებელობა, გვაქვს პროექტიც.

[/checklist]

მის.: ადლიის დასახლება


[highlight color=”green”]იყიდება ბათუმში, ანგისას დასახლებაში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები:[/highlight]

[checklist]

  • 640 კვ.მ საკადასტრო კოდი: 05.32.12.193
  • 719 კვ.მ საკადასტრო კოდი: 05.32.12.194

[/checklist]

მის.: ანგისას დასახლება


[highlight color=”green”]იყიდება ბათუმის ისტორიულ უბანში მდებარე ავტოფარეხები და ბინა შიდა ეზოში:[/highlight]

[checklist]

[/checklist]

საერთო ფართი: 80 კვ/მ

მის: კოსტავას 10


დაგვიკავშირდით: 571 331 774

ელ. ფოსტა: dimitri.bliadze@yahoo.com

ორი 5-სართულიანი კორპუსი აშენდა, ორი კიდევ აშენდება – „იაფი სახლი“ ბათუმში

ხელმისაწვდომი საცხოვრისის, იგივე „იაფი სახლის“ პროგრამის ფარგლებში, ბათუმში, ჯავახიშვილის N78ა-ს მიმდებარედ, ორი ხუთსართულიანი სახლის მშენებლობა დასრულდა. კორპუსები, სადაც ყველა ბინა გარემონტებულია, ქალაქის მერია 15 აპრილამდე ჩაიბარებს. ორივე კორპუსში, ჯამში, ერთ-ორ-და სამოთახიანი 40 ბინაა. სახლები კომპანია „მტმ“-მ ააშენა, რომელთანაც ხელშეკრულება 2 349 999 ლარზე იყო გაფორმებული.

იმავე მისამართზე კიდევ ორ ხუთსართულიან საცხოვრებელ სახლს ამჯერად ტენდერში გამარჯვებული შპს „ქრიათივ იმფრეშენს კავკასუსი“ 2 317 747 ლარად ააშენებს. კომპანიასთან ხელშეკრულება 2019 წლის 22 მარტს გაფორმდა. ამ კორპუსების მშენებლობა 2020 წლის 23 მარტს უნდა დასრულდეს.

სახლების [„ა“ და „ბ“ კორპუსების] მშენებლობაზე ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი მიმდინარე წლის თებერვალში გამოაცხადა. სატენდერო თანხა 2 461 751 ლარი იყო.

ტენდერში „ქრიათივ იმფრეშენს კავკასუსი“ და „გ“ და „დ“ კორპუსების მშენებლობაზე წინა ტენდერში გამარჯვებული „მტმ“ მონაწილეობდა [„მტმ“-ის დასახელებული თანხა იყო 2 349 999 ლარი, ზუსტად იგივე, რაც ამ კომპანიამ წინა ტენდერში დაასახელა].

მეორე ტენდერში გამარჯვებული „ქრიათივ იმფრეშენს კავკასუსი“ ბათუმში რეგისტრირებული კომპანიაა, რომლის 100% წილის მფლობელი და დირექტორი სულხან გოგიბერიძეა.

რა გამოცდილება აქვს ამ კომპანიას? – ტენდერის გვერდზე ატვირთულია „ქრიათივ იმფრეშენს კავკასუს“-ის მიერ 2016-2018 წლებში შესრულებული ძირითადი სამუშაოების ნუსხა: მცხეთის სოფელ წილკანში, ლუდსახარში ქარხნის მშენებლობა; თბილისში, კიბერნეტიკის ინსტიტუტის შენობის სამშენებლო სამუშაოები; ლოპოტას ტბაზე სასტუმრო კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები; ივენთ ჰოლ „რესპუბლიკის“ და რესტორან „ანდროპოვის ყურების“ არქიტექტურული და მოწყობის სამუშაოები თბილისში.

„იაფი სახლის“ პროგრამის ფარგლებში, ბათუმის მერია კორპუსების მშენებლობასთან ერთად 1 644 341 ლარის ამოღებასაც ცდილობს, რაც ამ პროგრამის გამო ქალაქის ბიუჯეტმა იზარალა. მერია ამ თანხის ანაზღაურებას სასამართლოში „ბაზისბანკისგან“ ითხოვს.

საქმე იმაშია, რომ „იაფი სახლის“ მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია „კონვენტ ჯორჯია“ 2016 წელს, მას შემდეგ გაუჩინარდა, როცა მერიას მისთვის ავანსად 1 430 342 ლარი უკვე გადარიცხული ჰქონდა. შესაბამის ტენდერში წარდგენილი საბანკო გარანტია ფორმალურად ავიზირებული იყო სს „ბაზისბანკის“ მიერ. გარანტორი კი ბრიტანული კომპანია POINT BANK Ltd-ი იყო.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამზადებელი სხდომა 2019 წლის 2 აპრილსაა ჩანიშნული, თუმცა ამავე სხდომაზე ბათუმის მერიამ დამატებითი ვადის დაწესება უნდა მოითხოვოს შესაბამისი მტკიცებულებების წარსადგენად.

რატომ ედავება „ბაზისბანკს“ ბათუმის მერია და რა მტკიცებულებების მოძიებაზეა საუბარი, ამ საკითხზე დეტალურად ნახეთ ბმულზე: 1,6 მილიონი ლარის ზარალი ბიუჯეტს – ბათუმის მერია „ბაზისბანკს“ სასამართლოში უჩივის

ბათუმის მერიამ „იაფ სახლში“ ბინების გადასაცემად კრიტერიუმებიც შეიმუშავა, თუმცა მასში კვლავ ცვლილებები შეაქვს, რაც საკრებულომ უნდა დაამტკიცოს.

„იმის გათვალისწინებით, რომ კრიტერიუმების შემუშავების დროს პროგრამის ბენეფიციართა მიერ ყოველთვიურად გადასახდელი თანხები დაანგარიშებულია 2016 წლის მდგომარეობით, ამ დროისთვის მიმდინარეობს თანხების დღეის მდგომარეობით დაანგარიშება,“ – აღნიშნულია მერიიდან საკრებულოში გადაგზავნილ დოკუმენტში.

კრიტერიუმებთან დაკავშირებით  მეტი ინფორმაციის სანახავად გადადით ბმულზე: რა იცვლება „იაფი სახლის“ კრიტერიუმებში და ვინ ისარგებლებს პროგრამით

 

მთავარი ფოტო: ტერიტორია სადაც „იაფი სახლები“ უნდა აშენდეს და უკვე აშენებული 2 კორპუსი. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

დაკვამლიანება სასტუმროში – მემედ აბაშიძის გამზირზე სახანძრო მუშაობს

სახანძრო-სამაშველო სამსახური ბათუმში, მემედ აბაშიძის გამზირზე მდებარე სასტუმრო „მგზავრებში“ მუშაობს. სასტუმროს პირველ სართულზე დაკვამლიანებაა.

რამდენიმე წუთის წინ [10:40] ოთხი სახანძრო მანქანა მივიდა გამოძახების ადგილზე. იქვე მობილიზებულია სასწრაფო-სამედიცინო სამსახურიც, თუმცა კლინიკაში არავინ გადაუყვანიათ.

 

 

ხანძარი მემედ აბაშიძის გამზირზე, მანანა ქველიაშვილის ფოტო

 

ხანძარი მემედ აბაშიძის გამზირზე, მანანა ქველიაშვილის ფოტო

 

შესანიშნავი დეკანი და საიმედო მეგობარი მარინა გიორგაძე იუბილარია

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ მარინე გიორგაძეს ვულოცავთ დაბადების დღის საიუბილეო თარიღს! გვინდა დიდი სიყვარული და პატივისცემა გამოვხატოთ მის მიმართ, ვუსურვოთ ჯანმრთელობა, წარმატებები და შემდგომი წინსვლა. ასევე საჯაროდ გამოვთქვათ ჩვენი გულწრფელი დამოკიდებულება და ვუამბოთ ჩვენი ქალაქის საზოგადოებას, თუ როგორი მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული და ღირსეული პიროვნებაა ის.

თითქმის სამი ათეული წელია, რაც მარინე გიორგაძე მოღვაწეობს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ის წლებია წარმატებით ხელმძღვანელობს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტს და დიდი პატივისცემით და სიყვარულით სარგებლობს სტუდენტებსა და კოლეგებში,როგორც აკადემიური დონის ინტელექტუალი, პროფესიონალი, გულისხმიერი კოლეგა, შესანიშნავი დეკანი და საიმედო მეგობარი. ის მართლაც გამორჩეული ქალბატონია თავისი ნიჭიერებით, გამჭრიახი გონებით, დახვეწილი იუმორით, უშუალობითა და გაწონასწორებული ხასიათით. მას არასოდეს ღალატობს ზომიერების გრძნობა, არის პრინციპული, უაღრესად შრომისმოყვარე და ობიექტური.

მარინა გიორგაძე სტუდენტებთან ერთად
მარინა გიორგაძე სტუდენტებთან ერთად

განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს მარინე გიორგაძის ბრწყინვალე ორგანიზატორული ნიჭი. მისი ხელმძღვანელობით არაერთი საინტერესო და მაღალი დონის სამეცნიერო ღონისძიება ჩატარებულა უნივერსიტეტში, მათ შორის საერთაშორისო კონფერენციები „ჰუმანიტარული მეცნიერებები ინფორმაციულ საზოგადოებაში- I,II,II “ ორი სიმპოზიუმი ლექსიკოლოგიაში და სემიოტიკის საერთაშორისო კონფერენციები.

მის ღრმა ერუდიციაზე და ბრწყინვალე განათლებაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ მარინე გიორგაძემ წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი კლასიკური ენების სპეციალობით. მშობლიური ენის გარდა იგი ფლობს 6 უცხოურ ენას: ფრანგულს, ინგლისურს, რუსულს, გერმანულს, ბერძნულს და ლათინურს. იგი ასწავლის ანტიკურ ლიტერატურას, მითოლოგიასა და ლათინურ ენას.

მარინე გიორგაძე არის 30-მდე სამეცნიერო პუბლიკაციის, მონოგრაფიისა და რამდენიმე სახელმძღვანელოს ავტორი. ის ათი მოგებული საგრანტო პროექტის ავტორი და მონაწილეა, ასევე აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო კონფერენციებსა და ტრენინგებში. მან დიდროს სტიპენდიით სტაჟირება გაიარა საფრანგეთში. ამჟამადაც იგი ერაზმუს + პროექტის ფარგლებში იმყოფება ნორმანდიაში, კერძოდ რუანის უნივერსიტეტში, სადაც ჩაატარა რამდენიმე ლექცია ფრანგულ ენაზე. მისი ძალისხმევით უნივერსიტეტში გაიხსნა ნეოგრეცისტიკის კაბინეტი, რომელიც მდიდარია ანტიკური ლიტერატურით. ქალბატონი მარინე არის რამდენიმე სამაგისტრო და წარმატებულად დაცული სადოქტორო თემის მეცნიერ-ხელმძღვანელი.

მარინე გიორგაძეს კარგად იცნობენ და დიდ პატივს სცემენ სამეცნიერო წრეები, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. ამას ადასტურებს ის ფაქტი, რომ იგი არჩეულია IEMCE-UNESCO ვიცე-პრეზიდენტად და ბიზანტიონოლოგთა საერთაშორისო ასოციაციის საქართველოს ეროვნული კავშირის გამგეობის წევრად. სწორედ მისი ავტორიტეტზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ წელს გადაწყდა, ბათუმში ჩატარდეს ბიზანტიოლოგიის მე-5 საერთაშორისო სიმპოზიუმი.

ქალბატონი მარინე არის ისევ ისეთი მშვენიერი,ისეთივე მიმზიდველი და საინტერესო პიროვნება, როგორც წლების წინ იყო, როცა სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტიდან მოვიდა ჩვენთან. გვსურს გულწრფელად ვუსურვოთ მას ჯანმრთელობა, მხნეობა, წარმატებები და წინსვლა, რათა კვლავ ემსახუროს თავის ქვეყანას, ჩვეული ერთგულებითა და შემართებით.

რა თანამდებობაზეც არ უნდა იყოს ქალბატონი მარინე გიორგაძე, ერთი რამ ცხადია, რომ ის არის, არა მარტო ერთ-ერთი თვალსაჩინო სამეცნიერო და საზოგადო მოღვაწე, არამედ სტუდენტების უსაყვარლესი ლექტორი. მან არაერთი თაობა აღუზარდა ქვეყანას და, ასევე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და უნივერსიტეტის მრავალი წარმატებაც  მნიშვნელოვანწილად არის დაკავშირებული მის გონივრულ მმართველობით უნარებთან და დახვეწილ პიროვნულ თვისებებთან.

პროფესორი მარინე გიორგაძე ჩვენი ქალაქისა და უნივერსიტეტის ერთ-ერთი ღირსეული წარმომადგენელი და სანიმუშო სახეა.

დიდი სიყვარულითა და პატივისცემით,

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

მერი VS კმდეს – ვინ აჯანჯლებს ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის ზონების დამტკიცებას

2019 წლის 15 მარტს ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ, კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოდან მორიგი წერილი მიიღო, სადაც კიდევ ერთხელ განუმარტეს, რომ დამცავი ზონების დასამტკიცებლად საჭირო დოკუმენტების მომზადებისას შპს „გეოგრაფიკის“ კვლევით დადგენილი საზღვრებით უნდა იხელმძღვანელოს. თუმცა განმარტება ამით არ დასრულებულა და მერის კითხვაზე – ხომ არ საჭიროებს „გეოგრაფიკის“ დოკუმენტი კიდევ ერთხელ განახლებას, რადგან მისი მომზადებიდან დღემდე ბათუმის ინფრასტრუქტურა მკვეთრად შეიცვალა, სააგენტომ უპასუხა, რომ დამატებით კვლევების ჩატარება რეკომენდებულია ქალაქმშენებლობითი დოკუმენტაციის შესამუშავებლად.

ამასთან, რეკომენდებულია დამატებითი კვლევების ჩატარება, რომლის მიხედვითაც შემუშავდება ქალაქ ბათუმის სრული ქალაქმშენებლობითი დოკუმენტაცია და საჭიროების შემთხვევაში განახლდება კულტურული მემკვიდრეობის ზოგადი დამცავი ზონები“, – ნათქვამია წერილში.

კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების დამტკიცების დაჩქარება ძველი ბათუმის დამცველების ინტერესებშია – გამომდინარე იქედან, რომ ზონა მეტ შეზღუდვას აწესებს დადგენილი საზღვრების შიგნით, რამაც ისტორიული განაშენიანების მენაშენისგან დაცვა უნდა უზრუნველყოს.

კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების დამტკიცებაზე ბათუმში აქტიური მსჯელობა 2018 წლიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება – გეოგრაფიკის მიერ მომზადებული და შემდეგ დაკორექტირებული დოკუმენტი მერიამ სააგენტოს 2018 წლის 16 აპრილს გადაუგზავნა. შემდეგ იყო რამდენიმე პასუხი დ პასუხის პასუხი, რის შემდეგაც ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ პროცესის გაჭიანურებაში სააგენტო დაადანაშაულა.

რას გააკეთებს მერი მას შემდეგ, რაც სააგენტოსგან დამატებით მიიღო რეკომენდაცია, რომ დოკუმენტი განახლებას ისევ საჭიროებს:  სწრაფად გააგზავნის გეოგრაფიკის დადგენილი საზღვრებით დოკუმენტს დასამტკიცებლად, თუ ტენდერს გამოაცხადებს განახლებისთვის [ეს სპეციალისტების რჩევის მიხედვით საჭიროა] და პროცესს კიდევ რამდენიმე თვით გაახანგრძლივებს? – სააგენტოში გვითხრეს, რომ ლაშა კომახიძეს შეუძლია დააჩქაროს ზონების დამტკიცება და პარალელურად მის განახლებაზეც იზრუნოს.

„მონაცემის განახლება, რა თქმა უნდა, რეკომენდებულია, მაგრამ ამ დროისთვის ზონები უნდა იყოს დამტკიცებული. წერილის პირველივე აბზაცში ძალიან კონკრეტულად ვუთხარით – რეკომენდაციას ვაძლევთ, რომ გეოგრაფიკის მიერ შემუშავებული დაცვის ზონების მიხედვით იმოქმედოს“, – განმარტა მანანა ვარძელაშვილმა, ეროვნული სააგენტოს საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა.

ბათუმის მერიაში გვითხრეს, რომ ეროვნული სააგენტოს წერილი მიიღეს და მას უახლოეს მომავალში განიხილავენ.

მთავარი ფოტო: „გეოგრაფიკის“ რუკა, წითელ ფერში ნაჩვენებია ბათუმის ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონა, ხოლო ლურჯ ფერში – განაშენიანების რეგულირების დაცვის ზონა.

 

ახალ ბულვარში 9 სული პირუტყვი დააკავეს [ფოტო]

დღეს, პირველ აპრილს,  შპს „სანდასუფთავების“ სამსახურის თანამშრომლებმა ახალი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე ცხრა სული პირუტყვი დაიჭირეს და  სპეციალურ საჯარიმო სადგომზე გადაიყვანეს.

დაკავებული ძროხის გამოსახსნელად მეპატრონემ 20-დან 50 ლარი ჯარიმა უნდა გადაიხადოს.

ფოტო: შპს „სანდასუფთავება“

 

წყალქვეშ ნაპოვნი ძველი წელთაღრიცხვის გემის ნაწილების გამოფენა არქეოლოგიურ მუზეუმში

ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი წყალქვეშ ნაპოვნი არტეფაქტების გამოფენისთვის ემზადება. ჩოლოქი-ნატანების აკვატორიაში შემთხვევით მოპოვებული ნივთები, რამდენიმე თვეში ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის სპეციალურ სივრცეში გამოიფინება. ძირითადი მონაპოვარი ძველი წელთაღრიცხვით მეორე საუკუნის მეორე ნახევრით დათარიღებული გემის ნაწილებია.

“ეს ერთი შეხედვით ხის ძელებია, მაგრამ რამდენიმე მათგანი იძლევა იმის საშუალებას, რომ გამოვარჩიოთ გემის ნაწილები, მათ შორის არის გემის კიჩო. ეს გემის წინა ნაწილია, ტალღების დატვირთვა სწორედ მასზე მოდიოდა. ეს კიჩო შტორმისგან იცავდა გემს. ხშირად ასეთ ძველ გემებს გედის თავის ან რამე ფიგურული გამოსახულება ჰქონდა. ჩვენთან შენახულ გემის კიჩოზე ცხოველის სტილიზებული გამოსახულება შეინიშნება, მაგრამ დაზუსტებით ვერ ვამბობთ. მას ელინისტური ეპოქით ვათარიღებთ”, – ამბობს ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის დირექტორის მოადგილე თამარ შალიკაძე. – “ეს არის ძირითადად ხის მასალა, რომელიც რამდენიმე წლის წინ, მეთევზე ზექი ასილბიზიმ შემთხვევით იპოვა. ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი წყალქვეშა არქეოლოგიურ ექსპედიციებს არ ეწევა, ეს არ არის არქეოლოგიური ექსპედიციების შედეგად მოპოვებული არტეფაქტები – ყველა მათგანი შემთხვევითი მონაპოვარია”.

კიდევ ერთი დეტალი წყალქვეშ ნაპოვნ არტეფაქტებში არის ანძა, იგი მთლიანად ხისგან არის გამოთლილი, ოთხკუთხა მოყვანილობისაა, ეს ანძა იდგმებოდა გემის ცენტრალურ ნაწილში.

კიდევ ერთი არტეფაქტია რუმპელი – ეს არის კავისებურად მოხრილი დეტალი. ფიქრობენ, რომ იგი  მოზრდილი სავაჭრო გემებზე საჭის მოვალეობას ასრულებდა. “ეს ერთგვარი ნიჩაბი იყო”, – ამბობს თამარ შალიკაძე. – “გარდა ამისა, გვაქვს ორკაპა, რაც გემის რკინის დეტალია, ნიჩბის ჩასადებად განკუთვნილი ნივთი”. სავარაუდოდ, ეს ყველა დეტალი, ერთი სავაჭრო გემის მასალაა, რაც არტეფაქტების ხის ფაქტურის მიხედვით დგინდება.

გარდა ამისა, მუზეუმის წყალქვეშა არტეფაქტების სივრცეში წარმოდგენილი იქნება მოზრდილი თიხის ჩაფი, ამფორა, რომელიც ძირითადად სატრანზიტო კერამიკაა. მას სწორედ  მსგავს სავაჭრო გემებში ალაგებდნენ და გადაჰქონდათ  სხვადასხვა პროდუქტი ერთი სანაპიროდან მეორეზე. ჩაფიცა და ამფორაც ძველი წელთაღრიცხვით მეორე საუკუნის მეორე ნახევრით  უნდა იყოს დათარიღებული. მიიჩნევენ, რომ ეს გემიც ამ დროისთვის უნდა ჩაძირულიყო.

როგორც მუზეუმში განმარტავენ, ეს 2012-13 წლებში მოპოვებული ნივთებია.

წყალქვეშ ნაპოვნი არტეფაქტების საგამოფენო სივრცე გაფორმებულია კედლის ნახატით, რომელზეც ნაჩვენებია ორი ტიპის გემი, საბრძოლო და სწორედ ისეთი სავაჭრო გემი, რომლის წარმოდგენაც მუზეუმში გამოტანილი ფრაგმენტების სახით შეეძლება დამთვალიერებელს. დახატულ სავაჭრო გემში ამფორებიც არის ჩალაგებული.

გამოფენა რამდენიმე თვეში იქნება მზად. “მასალა მომზადდა ექსპოზიციისთვის, მზადაა სადგამები, საგანგებო ოთახი, კედლების მოხატულობა დასრულებულია, ახლა ანოტაციებზე, ქართულ და უცხოენოვან ტექსტებზე გრძელდება მუშაობა”, – ამბობს თამარ შალიკაძე.

 

 

საპროტესტო აქცია ბათუმში მუშების დაღუპვის გამო

დღეს, პირველ აპრილს, ბათუმის ევროპის მოედანზე სამოქალაქო აქტივისტებმა თბილისში დაღუპული მუშების გამო საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მთავარი მოთხოვნაა, ხელისუფლებამ შექმნას ეფექტური მექანიზმი, რომელიც დაიცავს დასაქმებულთა უსაფრთხოებას.

მარიამ მუთიძე, სამოქალაქო აქტივისტი: „დღევანდელი აქციის გზავნილია, გვქონდეს ისეთი შრომითი კოდექსი, რომელიც იქნება ადამიანის უსაფრთხოების გარანტი. შეთანხმებული მოქმედება მთავრობასა და ბიზნესს შორის, რომელიც ადამიანის სიცოცხლეზე გადის, უნდა დამთავრდეს და ყველას უნდა შეგვეძლოს უსაფრთხო გარემოში მუშაობა. ასე აღარ შეიძლება გაგრძელება“.

აქცია მშრომელთა უფლებების დასაცავად ბათუმში.

მარიამ ქაჯაია: „უკვე ძალიან დაგვიანებულია, მაგრამ მაინც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოფხიზლდეს მთავრობა, პარლამენტარები და ამოქმედდეს ძლიერი შრომის ინსპექცია, რომელიც არის იმის გარანტია, რომ მშრომელი ადამიანები აღარ დაიღუპებიან.

ბიზნესი არ იცავს და არც დაიცავს შრომის უსაფრთხოებას, თუ არ იქნება სახელმწიფოს ნება. სახელმწიფოს აკისრია ცენტრალური როლი ადამიანის უფლებების დაცვაში, მან უნდა აიძულოს ბიზნესი დაიცვას დასაქმებულები, მშრომელები“.

აქციის მონაწილეები მოითხოვენ ამოქმედდეს ეფექტური შრომითი ინსპექცია.

ანა მდინარაძე, საიას აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე: „ამ აქციით, პირველ რიგში, ხაზს ვუსვამთ იმას, რომ შემაშფოთებელია ის მდგომარეობა, რაც ქვეყანაშია შექმნილი შრომის უსაფრთხოების თვალსაზრისით. ამას ცალსახად ადასტურებს ამდენი გარდაცვლილი ადამიანი და კრიტიკულად მზარდი დინამიკა, რასაც ყოველდღიურად ვხედავთ.

ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, ქმედითი და ეფექტური შრომის ინსპექტირების მექანიზმი და ის, რომ მინიმუმამდე იყოს დაყვანილი პროფესიული დაავადებები, სამუშაო დროს ადამიანთა სიკვდილი.“

ევროპის მოედანზე შეკრებილი ადამიანები მშრომელთა უსაფრთხოებას მოითხოვენ.
ფოტო: ლელა დუმბაძის

ირაკლი ბაკურიძე, გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“: „ჩვენ ოჯახით ვართ დღეს წარმოდგენილები და ვეუბნებით არა მხოლოდ ხელისუფლების კონკრეტულ ჯგუფს, არამედ, ზოგადად, საზოგადოებას, რომ დაიცვან ადამიანების სიცოცხლე, რადგან ეს პრობლემა ბევრს გვეხება და მეტი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ ადამიანების სიცოცხლეს. არ არის აუცილებელი ჩვენს ახლო წრეს შეეხოს ტრაგედია, რომ მივხვდეთ, რამდენად მტკივნეულია ეს. უნდა შეჩერდეს ქაოტური მშენებლობებიც და ესეც დაარეგულირებს ალბათ ამ პრობლემას“.

„ხელისუფლება გამოფხიზლდი“, – საპროტესტო აქცია მშრომელთა უფლებების დასაცავად.

მარიამ იობიძე: დღეს გამოვედით მშრომელთა უფლებების დასაცავად და გვინდა ვკითხოთ ხელისუფლებას, როდემდე უნდა გაგრძელდეს ადამიანების გამიზნულად ხოცვა. უნდა ამოქმედდეს ისეთი მექანიზმი, რომელიც დაიცავს შრომის უფლებას“.

„ტურისტერი“ ტურიზმზე, გასტრონომიაზე და არამხოლოდ – ფესტივალის ქრონიკა

31 მარტს ბათუმში ტურიზმის ფესტივალი „ტურისტერი“ დაიწყო და იმავე დღეს დასრულდა კიდეც. ფესტივალი სულ ერთ დღეს გრძელდებოდა, დილის 11-დან დაახლოებით 20 საათამდე, თუმცა ქართული ტურიზმის ყველა მნიშვნელოვან პრობლემას შეეხო: კანონმდებლობას, კლიმატს, გასტრონომიას, სტარტაპებს, ტურიზმში კრეატივის მნიშვნელობას და ირიბად – კულტურულ მემკვიდრეობასაც კი.

„ტურისტერის“ ორგანიზატორები „ტურიზმის ინსტიტუტი“ და მარკეტინგული კომპანია „შინდი“ იყვნენ. მასზე დასასწრებად მსურველს ბილეთი უნდა შეეძინა, რომლის ფასიც 25 ლარი იყო. ჯამში ფესტივალს 200-მდე ადამიანი დაესწრო, მათ შორის იყვნენ გამომსვლელები, მოწვეული სტუმრები და ის ადამიანები, რომელთაც ბილეთი შეიძინეს.

დილის 11 საათზე კლუბი „გეითი“, სადაც ფესტივალი მიმდინარეობდა, ხალხით იყო სავსე. განათებული იყო მხოლოდ სცენა, სადაც ფესტივალის მონაწილეები საკუთარ გამოცდილებასა თუ მოსაზრებებზე საუბრობდნენ. ეს იყო კარგი საშუალება იმისათვის, რომ აუდიტორიის ყურადღება მხოლოდ სცენისკენ, მოსაუბრეებისკენ ყოფილიყო მიმართული და არა დარბაზის დათვალიერებაზე. აუდიტორია თემატურად ირჩევდა და ესწრებოდა მისთვის საინტერესო თემაზე მოხსენებასა და განხილვას.

ფესტივალის პირველი ნაწილი ფორუმს დაეთმო, სადაც დარგის სპეციალისტებმა ტურიზმის პოლიტიკა განიხილეს და ისეთ მნიშვნელოვან თემას შეეხნენ, როგორიცაა კლიმატის ცვლილების გავლენა ტურიზმის განვითარებაზე. ფორუმის მოდერატორები იყვნენ ტურიზმის ექსპერტები: მამუკა ბერძენიშვილი, ვანო ვაშაყმაძე და ტურიზმის სამართლის ექსპერტი ირინე ურუშაძე, მონაწილეები კი: პოლიტიკოსები და მსხვილი და მცირე ბიზნესის წარმომადგენლები, რომლებიც ტურიზმის სფეროში მუშაობენ.

ფოტო: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

პანელებს შორის იყო მცირე „იოგა პაუზებიც“, რომლის საშუალებითაც Zen Travel-ის დამფუძნებელი და იოგა ინსტრუქტორი თამარ გიორგაძე ცდილობდა მარტივი და სახალისო ვარჯიშებით ფესტივალის მონაწილეებისათვის დაღლილობა მოეხსნა და გონება გადაეხალისებინა.

ფორუმის ერთ-ერთი პანელისტი იყო ამერიკელი ჯონ უერდემანი, მეღვინე და გასტრონომიის მკვლევარი, რომელიც წლებია სიღნაღში ცხოვრობს. მან ხაზი გაუსვა, რომ დღეს საქართველოში უფრო მეტს ზრუნავენ ე.წ. საერთაშორისო გასტრონომიაზე, ვიდრე უნიკალურ, ქართულ კულინარიაზე, რაც ტურიზმის სფეროს განვითარებას აზარალებს.

ჯონ უერდმანი: „არ არსებობს ქვეყანა, სადაც არის ყურძნის ჯიშები ჰექტრობის მიხედვით… ადამიანი, რომელიც გიჟდება უნიკალურ ღვინოზე ან იშვიათი ფრინველები [ფრინველების გადაფრენა] აინტერესებს, ხუთჯერ და ათჯერ მეტ ფულს ტოვებს ქვეყანაში. უნდა გავიგოთ, რას ვცვლით, ვისთვის და რატომ.

…დღეს ბათუმის ბაზარზე რომ წახვალ, სადაც ღვინო იყიდება, 95 პროცენტი იქნება კახეთში ნაყიდი ყურძნისგან დამზადებული. დღეს ბათუმელებს ურჩევნიათ მეორეხარისხოვანი ყურძნისგან დაამზადონ ღვინო, ვიდრე მამაპაპურ ადგილებში, უნიკალური ჩხავერი დარგონ. ეს არის მენტალური შეცდომა. რამდენი ფულიც არ უნდა დახარჯოს სახელმწიფომ, რამდენი კონსულტანტიც არ უნდა მოვიდეს უცხოეთიდან, ეს ერმა თვითონ უნდა გააცნობიეროს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.“

დღის მეორე ნახევარში ფესტივალზე ისეთ თემებზე ისაუბრეს მომხსენებლებმა, როგორიცაა: სტარტაპები, გასტრონომია და ტურიზმი, სოციოლოგიური კვლევების მნიშვნელობა ტურიზმში და ა.შ.

იაგო კაჭკაჭიშვილი

სოციოლოგმა იაგო კაჭკაჭიშვილმა თავისი გამოსვლა ასე დაიწყო:

„დილით ჩემ გვერდით იჯდა ქალბატონი, რომელიც აღმოჩნდა, რომ ტურიზმის ბიზნესშია ჩართული. როცა გაიგო, რომ სოციოლოგი ვარ, მკითხა – თქვენი აზრით, რატომ არიან ქართველები ასეთი ინერტულები, რატომ არ არიან აქტიურები, როგორც სოციოლოგი, როგორ ახსნით ამასო.

ფუნდამენტური მიზეზი, ჩემი აზრით, არის ის, რომ ჩვენ დღემდე ვცხოვრობთ ავტორიტარული ცნობიერების ველში, ამ დისკურს აქვს სხვადასხვა მაჩვენებელი და ჩემთვის ამის ერთ-ერთი ყველაზე ძირითადი მაჩვენებელი არის ის, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში არ არიან ჩართული ადამიანები, საზოგადოება. გადაწყვეტილებას იღებს მცირე ჯგუფი, ელიტა, რომელსაც არ აინტერესებს, რას ფიქრობს ხალხი.

აბსოლუტურად არ არის საჭირო ავტორიტარიზმი უკავშირდებოდეს საბჭოთა გამოცდილებას, არსებობს ძალიან საინტერესო ფენომენი, როგორიცაა ლიბერალური ავტორიტარიზმი, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობდით და შესაძლოა ახლაც ვცხოვრობთ, როდესაც არსებობს წარმოდგენა, რომ უნდა იყოს საზღვარგარეთგანათლებამიღებულთა კასტა, რომელმაც უკეთ იცის, როგორ უნდა მოვიქცეთ. ეს არის ავტორიტარული ცნობიერება და თუ ჩვენ ასეთ საზოგადოებაში ვცხოვრობთ, ასეთ საზოგადოებას არ სჭირდება სოციოლოგია, სოციოლოგიური კვლევები.“

დალი ცატავა, საქართველოს გასტრონომიული ასოციაციის პრეზიდენტი საუბრობს თემაზე – გასტრონომია და ტურიზმი

ფესტივალზე ფორუმის ერთ-ერთი მომხსენებელი იყო დარია ხოლოდილინა, თანაავტორი წიგნისა Vinologue Georgia, რომელმაც მედიის მაღალი შეფასებები დაიმსახურა.

დარიამ აღნიშნა, რომ უკვე 7 წელია საქართველოში ცხოვრობს, მანამდე გერმანიაში ცხოვრობდა, სადაც ქართველებს დაუმეგობრდა, 2013 წელს ჩამოვიდა საქართველოში და მას შემდეგ აქ ცხოვრობს. იგი ოთხი წლის განმავლობაში მუშაობდა საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციაში, ამჟამად კი კერძო ბიზნესშია. მან ისაუბრა, თუ რა მნიშვნელოვანი ტურისტული პროდუქტია უნიკალური კულტურა. მან აღნიშნა, რომ არ უყვარს ტურები, რომლის ფარგლებშიც რამდენიმე დღეში ადამიანებს მიზნად აქვთ, რაც შეიძლება ბევრი ადგილის მონახულება:

„როცა ათი ადგილი გაქვს სანახავი მოკლე ხანში, საბოლოოდ ჯამში ხარ დაღლილი და არ გინდა ცხოვრება… როცა მთელ კახეთს მოივლი ერთი დღის განმავლობაში, ეს არ არის ნაღდი საქართველო, ჩემი აზრით… მიდიხარ ღვინის ქარხანაში, გიდი დაღლილია: „გამარჯობა, ეს არის ბოთლი, ეს არის კასრი. მაღაზია აი, იქ არის, სხვათა შორის, დღეს ფასდაკლება გვაქვს“, – არ მინდა ეს ვაჩვენო ხალხს. ამის ნაცვლად გადავწყვიტე რაღაც განსაკუთრებული პროდუქტის შექმნა.  ჩინური მაგნიტები არ შედის ჩემს ფილოსოფიაში. მე ვთავაზობ ტურიზმს, როცა თავად არის ტურისტი ჩართული, როცა ღრმად ეცნობი ქვეყნის კულტურას. იგივე, რატომ გვაქვს ღვინის კულტურა, რატომ არის მარანი წმინდა ადგილი საქართველოში… ნელი ტურიზმი იმიტომ არის ჩემი ფილოსოფიის ერთ-ერთი ასპექტი, რომ ადამიანებმა უნდა ისიამოვნონ. ამიტომ, როცა მწერენ, რომ გვინდა კახეთი, ყაზბეგი და ბათუმი სამ-ოთხ დღეში, ვამბობ, რომ არასწორია, შემიძლია გავაკეთო, მაგრამ დიდი სიამოვნება არ გამოვა. თუ, რა თქმა უნდა, ვერტმფრენი არ გვაქვს ტურის ბიუჯეტში. ნელი ტემპი გვჭირდება კარგი გამოცდილებისთვის.

იგივე, საქართველო იყო აბრეშუმის გზის ნაწილი, მაგრამ სად არის აბრეშუმი ახლა საქართველოში? როგორ უნდა ნახოს ტურისტმა ეს? აბრეშუმის მუზეუმში დაიწყეს მასტერკლასების გაკეთება, რაც ძალიან მიხარია და ვაჩვენებთ ამას. იგივეა თიხასთან დაკავშირებით. ასევეა სიმღერა და ცეკვა. ჩვენ ვთავაზობთ მასტერკლასებს ჩვეულებრივ ხალხთან, სიმღერა და ცეკვა ძალიან მნიშვნელოვანია. მე ქართველი არ ვარ, არ მაქვს სისხლში ეს გენი, მაგრამ მინდა ვასწავლო ტურისტებს რამდენიმე მოძრაობა მაინც, იმიტომ, რომ ადამიანებს ეს მოსწონთ. იმედია, უფრო მეტი კომპანია აღმოჩნდება საქართველოს ბაზარზე, ვისაც მოუნდება ამის ჩვენება ტურისტებისთვის.

მასტურიზმი არ არის ჩვენთვის მისაღები, ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, არ გვაქვს იმდენი ადგილი, რომ ჩამოვიდეს ხალხი ავტობუსებით სელფის გადასაღებად, ჩვენ ვიმსახურებთ სხვა კატეგორიის ტურისტებს და იმედია, წარმატებული ვიქნებით ამ სფეროში.“

ფესტივალის ფორუმზე გამოვიდა გიორგი კაპანაძე, „ბათუმი რივიერას“ დირექტორი, რომელმაც მდგრადი ტურიზმის განვითარებაში კერძო სექტორის როლზე ისაუბრა. საუბრისას იგი შეეხო ქალაქგანაშენიანების საკითხსაც და აღნიშნა, რომ ბიზნესს ბათუმში, ძირითადად, მხოლოდ მოკლევადიანი გეგმები აქვს, რისი ილუსტრაციაცაა K2 კოეფიციენტების შედეგად სიმაღლეში გაზრდილი ბათუმი. მისი აზრით, ამაში, პირველ რიგში, კანონმდებლობაა დამნაშავე, რომელიც ბიზნესმენს ამის საშუალებას აძლევს.

გიორგი კაპანაძეს დარბაზიდან რეპლიკებითა და შეკითხვებით შეახსენეს, რომ „ბათუმი რივიერას“ აშენება სწორედ ქალაქის ისტორიულ ადგილას იგეგმება. იგი შენიშვნებს არ დაეთანხმა და განაცხადა, რომ კომპანია „ბათუმი რივიერას“ შემთხვევაში არ ითხოვს K2 კოეფიციენტის გაზრდას.

ფორუმის მონაწილე იყო ბათუმში მდებარე კაფეების: „ვინილისა“ და K2-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ლევან ხუჯაძე, რომელმაც კრეატიულ სივრცეებზე ისაუბრა და თავისი გამოსვლა დაასრულა ამერიკელი ურბანისტის, მწერლისა და აქტივისტის ჯეინ ჯეიკობსის სიტყვებით: „ახალ იდეებს სჭირდება ძველი შენობები“.

ფესტივალის ფორუმზე ბოლო მომხსენებელი, სტარტაპერი გაგა ღვინიანიძე იყო, რომელიც პუბლიკის წინაშე ჩუსტებით გამოვიდა და საზოგადოებას ესაუბრა იმაზე, თუ როგორ უნდა გავიშინაუროთ ტურისტები ისე, რომ მათ სახლში, „ჩუსტებში“ იგრძნონ თავი. ამისათვის გოგამ პროექტი „შინაური“ შექმნა, რომელიც სხვა, ნაკლებად ტურისტულ და ნამდვილ ბათუმს აცნობს ტურისტებს.

გაგა ღვინიანიძე

ფესტივალი „ტურისტერი“ დაგეგმილზე ერთი საათით გვიან დასრულდა, თუმცა ფესტივალის ორგანიზატორების თქმით, მხოლოდ ერთი წლით. ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ მომავალში „ტურისტერი“ ბათუმში ისევ დაბრუნდება და ქალაქის ტრადიციული ფესტივალი გახდება.

„ტურიზმის ინსტიტუტის“ აღმასრულებელი დირექტორი, „ტურისტერის“ ერთ-ერთი ორგანიზატორი მამუკა ბერძენიშვილი ამბობს, რომ პირველი „ტურისტერით“ კმაყოფილია:

„პოზიციები სახელმწიფო და ბიზნესსექტორის მხრიდან ასე საჯაროდ და ცხადად არ მქონდა მოსმენილი კანონმდებლობასთან, სეზონურობის პოლიტიკასთან და გარემოსა და ტურიზმის განვითარებასთან მიმართებაში. მეორე მხრივ, ჩემი ერთ-ერთი მთავარი ტკივილი სამზარეულოსთან მიმართებაში, რომ ყველგან ხინკალი, მწვადი და პიცა არ უნდა იყოს. აჭარას და, ზოგადად, ქართულ რეგიონებს აქვთ ქართული სამზარეულოს კარგად გამოყენების პოტენციალი – ამაზეც დავაფიქრეთ საზოგადოება. მესიჯები, რაც გვინდოდა მიგვეწოდებინა საზოგადოებისთვის, მგონი გამოგვივიდა.“

აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე – დისკუსია „წიგნები ბათუმში“

2 აპრილს, აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, მაღაზია „წიგნები ბათუმში“ გაიმართება შეხვედრა, რომელზე დასწრებაც ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

გამომცემელი მარიამ კორინთელი შეხვედრაზე ისაუბრებს ლიზა ჯენოვას წიგნის შესახებ –  „სიყვარულით, ენტონი”. წიგნი აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბიჭისა და მისი გარშემომყოფების შესახებ მოგვითხრობს.

ექიმი-რეაბილიტოლოგი ნესტან შაშიკაძე ისაუბრებს, აუტისტური სპექტრის აშლილობის რაობაზე, მითებზე, სტერეოტიპებზე, სერვისებსა და საზოგადოების დამოკიდებულებაზე.

ბათუმის მე-13 საჯარო სკოლის პედაგოგ – ფსიქოლოგი სოფო ზოიძე კი, აუდიტორიას თავის გამოცდილებას გაუზიარებს ინკლუზიური განათლების სპეციფიკაზე აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებისთვის.

შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება.

2007 წლის 18 დეკემბერს, გაერო, აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღედ 2 აპრილი გამოაცხადა. აუტიზმის მსოფლიო დღის აღნიშვნის მიზანია, გაზარდოს საზოგადოების ცნობიერების დონე აუტიზმთან დაკავშირებით. ასევე ხელი შეუწყოს აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვასა და რეალიზაციას.

#ჩვენგადავცურავთზღვას – ფონდ „ოცნებისა“ და სკოლა ევრო-2000-ის აქცია-პერფორმანსი

#ჩვენგადავცურავთზღვას – ამ სლოგანით შექმნილი იდეა პროექტად აქციეს  სკოლა ევრო-2000-ის X-XI კლასის მოსწავლეებმა და 3 დღეში განახორციელეს სკოლის თვითმმართველობისა და მისი თავმჯდომარის ლაშა-გიორგი მიქელაძის, სამოქალაქო განათლების მასწავლებლის თამარ ბაუჟაძის  და სკოლის დირექციის ჩართულობით.

პროექტის მიზანი იყო შშმ პირთა ინტეგრაცია საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების გზით. ამ იდეის ირგვლივ მთელი საქართველოს მასშტაბით გაერთიანდნენ  სხვადასხვა ცნობილი ადამიანები, რომლებმაც სოლიდარობის ნიშნად მოამზადეს ვიდეოკოლაჟი სლოგანით: “ჩვენგადავცურავთზღვას”. ვიდეორგოლში წარმოდგენილნი არიან: პოლიტიკოსები, ლექტორები, სტუდენტები, ჩემპიონები, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, საჯარო ბიბლიოთეკის და საზღვაო უნივერსიტეტის ხელმძღვანელი პირები და სხვა ბევრი ცნობილი სახე.

#ჩვენგადავცურავთზღვას
#ჩვენგადავცურავთზღვას

ვიდეოს ნახვა შესაძლებელია  ევრო-2000-ის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე:

პროექტის მეორე ეტაპზე გაიმართა პერფორმანსი სკოლა 2000-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელშიც 1200-მდე ადამიანი მონაწილეობდა. პერფორმანსით ნაჩვენები იქნა ადამიანის განვითარების ონტოგენეზის პერიოდი, დაბადებიდან ხანდაზმულობამდე. პერფორმანსის ფინალი გამოისახა მშვიდობის სიმბოლოში.

#ჩვენგადავცურავთზღვას
#ჩვენგადავცურავთზღვას

როგორც ევრო-2000-ის მოსწავლეთა თვითმმართველობის პრეზიდენტი  ლაშა-გიორგი მიქელაძე ამბობს : „პრობლემატიკის უკეთ ილუსტრირებისათვის ჩატარდა თეატრალიზებული პერფორმანსი, სადაც თვით მოსწავლეებმა მივიღეთ მონაწილეობა. ჩვენ გადმოვეცით ამბავი გოგონაზე სახელად – მარიამი, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობებით დაიბადა. რეალობას ის სულაც არ შეუშინებია. ყოველი დაბრკოლება მას ძალას მატებდა, გამხდარიყო სწორედ ის ადამიანი, რომლად ყოფნასაც სხვების აზრით ის ვერ შეძლებდა.

ამით გამოიკვეთა ბარიერები და საზოგადოების დამოკიდებულება შშმ პირთა მიმართ. ასევე, პროექტის ფარგლებში შეიქმნა ვიდეოკოლაჟი, რაშიც მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა, მათ შორის ცნობადმა სახეებმაც. ყველა გაოცებულნი და საოცრად გახარებულნი დავრჩით, როდესაც მსგავსი თანადგომა გამოიჩინა უამრავმა ადამიანმა.“

#ჩვენგადავცურავთზღვას
#ჩვენგადავცურავთზღვას

სკოლას და ბავშვებს დახმარება გაუწია ქ. ბათუმის მერიამ და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის მთავარმა სამმართველომ, რომლებმაც იზრუნეს ფლეშმობის ჩატარების დროს უსაფრთხო გარემოს შექმნაზე.

უფრო მეტი აქციის შესახებ იხილეთ შედეგ ლინკზე:

 

პროექტის განხორციელება შესაძლებელი გახდა კერძო სკოლებისათვის  ფონდ “ოცნების”  პროექტის “ტრიბუნას” ფარგლებში, რომელსაც ხელმძღვანელობს გიორგი გიოვანი. პროექტი მოიცავს შინაარსობრივად ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულ სამ ძირითად თემას: “ლიდერი”, “საზოგადოებასთან ურთიერთობა და კომუნიკაცია” და “საჯარო გამოსვლების ტექნიკა”.

ფეხბურთელი ჯანო ანანიძე ქობულეთში 5-მილიონიანი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს

„კრილია სოვეტოვის “ ფეხბურთელი ჯანო ანანიძე ქობულეთში ხუთმილიონიანი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. თუ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთს [აბაშიძის ქუჩის #90-ის მიმდებარედ, ზღვასთან ახლოს] მიიღებს სპორტსმენი, ოთხმოცნომრიან სასტუმროს ააშენებს 10 495 კვადრატულ მეტრ ფართობზე.

ის ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით, იჯარის წესით, ასევე ითხოვს ზემოთ აღნიშნული მისამართის გვერდით არსებულ დაურეგისტრირებელ ტერიტორიას. თუმცა დოკუმენტებში დაზუსტებით არ ჩანს, კონკრეტულად რომელ მიმდებარე ტერიტორიაზეა საუბარი და იგულისხმება თუ არა პლაჟი.

ქონების ეროვნულმა სააგენტომ დაგეგმილ ინვესტიციასთან დაკავშირებით ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიას აზრი უკვე ჰკითხა. მერიის მიზანშეწონილობის კომისიის ოქმში, რომელმაც პროექტი უკვე განიხილა და მოიწონა, ნათქვამია, რომ ფეხბურთელი ქობულეთში ჯამში ხუთი მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს. იჯარით გადაცემულ მიწის ნაკვეთზე კი 50 000 ლარს დახარჯავს.

ტერიტორიზე, რომელსაც ფეხბურთელი ითხოვს, მრავალწლიანი ხეებია გაშენებული. რა ბედი ელის ამ ხეებს, ჯერჯერობით, ქონების გასხვისებასთან დაკავშირებულ არც ერთ დოკუმენტში არ წერია.

ქობულეთის მერიის მიზანშეწონილობის კომისიის ოქმის  მიხედვით, ჯანო ანანიძე ინვესტიციას განახორციელებს ქონების ეროვნული სააგენტოს პროექტის ფარგლებში – „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“. ამ დროის მონაცემებით, ზემოთ აღნიშნული ნაკვეთი ჯერ ისევ ქონების ეროვნული სააგენტოს საკუთრებაშია.

ქობულეთის მიზანშეწონილობის კომისიამ  მოთხოვნილი ნაკვეთის გასხვისებაზე 2019 წლის 23 იანვარს იმსჯელა. 2019 წლის 21 მარტს კი ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი დუგლაძემ, გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც ტერიტორიას პირობიანი აუქციონით გაასხვისებენ. საწყის საპრივატიზებო თანხად ორი მილიონ  110 000  ლარი განისაზღვრა.

ქონების ეროვნული სააგენტოს ბრძანებაში ნათქვამია, რომ საპრივატიზებო მიწის ნაკვეთის 433 00 კვ.მეტრია, რომელზეც დადგენილია სერვიტუტის უფლება – შემძენმა ზღვასთან მისასვლელი გზა უნდა მოაწყოს და ქვაფენილით მოაპირკეთოს, ასევე უზრუნველყოს ამ გზის განათება.

პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ 2016 წლის ოქტომბრიდან დაიწყო. ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, პროექტის მიზანია ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, საქართველოს მასშტაბით, ინვესტორებს  შესთავაზოს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ინვესტორებს აძლევს შესაძლებლობას, საქართველოს ტერიტორიაზე უკვე არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით მოაწყონ სასტუმრო კომპლექსები.

 

მთავარი ფოტო: ჯანო ანანიძის ფეისბუქგვერდიდან

სამუშაოს პოვნის შესაძლებლობა ახალგაზრდა მხატვრებისთვის

“ჯიგრები” ორი მეგობრის მიერ შექმნილი სტარტაპია, რომელიც მხატვრებს სამუშაოს პოვნის საშუალებას აძლევს. როგორც მისი დამფუძნებლები ამბობენ, კომპანია ერთგვარი მედიატორის როლს შეასრულებს მხატვარსა და დამკვეთს შორის. “ჯიგრები”, ერთი მხრივ, ადამიანებს, რომლებსაც სურთ თავიანთი სახლის, ოფისის ან თუნდაც გარე კედლების მოხატვა, დაეხმარება მხატვრის მოძიებაში, მეორე მხრივ კი, მხატვრებს – სამსახურის პოვნაში.

„სამი მიმართულება გვაქვს. მხატვარს აუცილებლად სჭირდება მენეჯერი. თუკი მხატვარს კარგი ხელი აქვს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ინგლისურად პროექტის წერა იცის და დაუწერს რომელიმე ფონდს პროექტს. ამ მხატვარს სჭირდება ამ კუთხით პატრონობა,  ხარჯთაღრიცხვა და დოკუმენტაციის მოწესრიგება. ჩვენი დახმარებით ამაზე ზრუნვა აღარ მოუწევს. მეორე მხრივ, როდესაც საჯარო ბაღს უნდა კედლის მოხატვა, ის კერძო პირს ვერ დაავალებს. რაღაც სტრუქტურას უნდა  დაავალოს, იურიდიულად უნდა გაფორმდეს. ამიტომ ვართ საჭირო ჩვენ, მედიატორები. მესამე მიმართულება არის ბაზების შექმნა და შემდეგ ამის კონტროლი, 24/7-ზე შეთავაზებების გაკეთება მხატვრებისთვის,” – ამბობს ნიკა ბაძაღუა, “ჯიგრების” ერთ-ერთი დამფუძნებელი.

ახლად შექმნილ ორგანიზაციაში ჯერჯერობით ცხრა ხელოვანია გაწევრიანებული.

მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე 714 მასწავლებელია ნომინირებული

მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე მასწავლებლის ნომინირება დასრულდა. „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ ინფორმაციით, ამ დროისთვის სულ 714 პედაგოგია წარდგენილი.

თუმცა აპლიკაციების შევსება 20 აპრილამდე გრძელდება და ყველა მსურველს შეუძლია განაცხადი შეიტანოს.  მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე აპლიკაციის შევსება შეუძლია ყველა პედაგოგს, ვინც მიიჩნევს, რომ მისი სწავლების მეთოდები ინოვაციურია, ნერგავს ორიგინალურ, ინტერაქტიულ და მრავალფეროვან მიდგომებს, რაც დადებითად აისახება სასწავლო პროცესზე, ზრდის მოსწავლეთა მოტივაციას და აქედან გამომდინარე, სწავლის შედეგებს.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო მესამე წელია რაც არსებობს. ჯილდოს პირველი მფლობელი ჩიბათის საჯარო სკოლის მასწავლებელი ლადო აფხაზავა გახდა. გასული წლის ეროვნული ჯილდო კი მანანა კაპეტივაძემ მიიღო.

ლადო აფხაზავა წელს მასწავლებლის გლობალურ ჯილდოზეც იყო წარდგენილი, ის დუბაიშიც იმყოფებოდა გლობალური ჯილდოს ცერემონიაზე, სადაც გლობალური ჯილდოს ათეულში მოხვდა. ლადო აფხაზავა წელს ვარკის ფონდის ელჩიც გახდა.

 

ეროვნული ჯილდოს მფლობელი პედაგოგი სკოლებში სქესობრივ განათლებაზე

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი, ინგლისური ენის მასწავლებელი მანანა კაპეტივაძე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის მიერ ბავშვთა კოდექსში გაკეთებულ ჩანაწერთან დაკავშირებით, კომენტარს „ბათუმელებთან“ აკეთებს. ჩანაწერის მიხედვით, რომელიც პარლამენტში კენჭისყრაზე ჯერ არ გაუტანიათ, სკოლებში მოზარდის სქესობრივი განათლება დასაშვებია მხოლოდ და მხოლოდ მშობლის თანხმობით.

ბავშვის უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები ამ ფორმულირებაში პრობლემას ხედავენ. მათი აზრით, მსგავსი ჩანაწერები წინააღმდეგობაში მოდის ბავშვთა უფლებებთან.

„მე მგონი, რაღაც დოზით, დელიკატურად უნდა იყოს სქესობრივი აღზრდის საკითხები შეტანილი სკოლაში, რადგან ბავშვები დამოუკიდებლად რა ინფორმაციასაც პოულობენ, ამას ყურადღება არ ექცევა, მათ შორის, არც ოჯახში.

ის, რომ ყველა წყარო სანდო არ არის, ამის შესახებ ბავშვებმა არ იციან. არ იციან ინფორმაციის გაფილტვრა, ამიტომ ჩვენ, მასწავლებლებმა, უნდა ვასწავლოთ, რაც მათთვის არის საჭირო და მნიშვნელოვანი.

თუ ჩვენ გვინდა, რომ სკოლა იყოს თანამედროვე და ბავშვებმა მიიღონ განათლება, მშობელიც უნდა იყოს ჩართული ამ პროცესში. ტრენინგებს ვატარებთ, რომ მშობლები იყვნენ აქტიურები, შეიძლება მშობელიც იყოს ასეთი გაკვეთილების თანამონაწილე, მაგრამ, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ამ საკითხში მშობლების ცნობიერების ამაღლებაც – მათაც რომ ესმოდეთ ასეთი თემების მნიშვნელობა.

მშობლებმა უნდა გაიგონ რაზეა საუბარი. თუმცა ჯერ უნდა შევჯერდეთ იმაზე, რა უნდა ისწავლებოდეს სკოლაში. მასწავლებელია, ტრენერია თუ სახელმწიფო, ყველამ ერთად უნდა გადაწყვიტოს, რა უნდა ვასწავლოთ. როცა მივაღწევთ კონსენსუსს, შემდეგ შეგვიძლია ვასწავლოთ ბავშვებს“.

მანანა კაპეტივაძის თქმით, როცა კანონმდებლობის დონეზე მსგავსი ჩანაწერი კეთდება, მნიშვნელოვანია, მანამდე გაიმართოს უფრო ფართო მსჯელობა და შემდეგ მიიღონ საკანონმდებლო ცვლილება:

„ვფიქრობ, პირველ ეტაპზე შესაძლებელი იყო პილოტირებაც, რომ დაკანონების შემდეგ ისევ არ გაჩნდეს გარკვეული პრობლემები“.

რაც შეეხება მსგავსი თემების სწავლებაში სასულიერო პირების ჩართულობას, მანანა კაპეტივაძე ამბობს, რომ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება მისაღები, თუკი სასულიერო პირი მშობელია.

„არა მგონია, რომ საჯარო სკოლებში სასულიერო პირები უნდა იყვნენ აქტიურად ჩართული, თუკი სასულიერო პირი არ არის ერთ-ერთი მშობელი. მათი ჩართვა შეიძლება, თუ არის სასულიერო სასწავლებელი.“

„ბათუმელების“ კითხვაზე, უნდა იყოს თუ არა სკოლა უფრო აქტიურად ჩართული განხილვებში, როცა საკითხი ბავშვების, მოზარდების განათლების უფლებებს ეხება? – მანანა კაპეტივაძე ამბობს, რომ – კი.

ბავშვთა კოდექსის დაგეგმილ ცვლილებაზე არც პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს უმსჯელია.

ცელოფნის მწარმოებელი 30-ზე მეტი ქარხანა დაიხურა – მეწარმე

პოლიეთილენის პარკების წარმოების აკრძალვის გამო საწარმოების უმეტესობა გაჩერდა, ნაწილი კი სატესტო რეჟიმში, ისიც მცირე დატვირთვით მუშაობს. მეწარმეები ამბობენ, რომ საწარმოების გადაიარაღებისთვის სახელმწიფომ მათ საკმაოდ მცირე დრო მისცა, მაშინ, როცა თავად სახელმწიფომ ამ დროში ვერ უზრუნველყო ისეთი ლაბორატორიის ამოქმედება, სადაც შემოწმდება პარკი არის თუ არა ნამდვილად ბიოდეგრადირებადი.  პირველი აპრილიდან ანუ დღეიდან,საქართველოში მხოლოდ ასეთი [ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი] პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაციაა დაშვებული.

ირაკლი ნემსაძე, რომელსაც ქობულეთში ცელოფნის პარკების საწარმო აქვს, „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მუშაობა შეაჩერა.

„ვეცდებით გადავაიარაღოთ, მაგრამ ეს საკმაოდ რთული, ძვირი და ხანგრძლივი პროცესია. ბოლო თვეებია მიმდინარეობდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შეხვედრა-კონსულტაციები, იყო დაპირებები და მოლოდინი, რომ გადაავადებდნენ  ამ კანონის ამოქმედებას, ვინაიდან თვითონაც აცნობიერებდნენ, რომ არალოგიკურად მოკლე დრო ჩანიშნეს ასამოქმედებლად. ელემენტარულად,  ჩვენგან მოითხოვეს საკმაოდ ძვირადღირებული დანადგარების ჩამოწერა, ახლების შეძენა, კადრების გადამზადება, ძალიან ძვირადღირებული და დეფიციტური პროდუქციის მოპოვება და იმპორტი და ამ ყველაფრის საწარმოო პროცესში გაშვება. ეს მაშინ, როცა ამ თარიღისთვის სახელმწიფომ ვერ მოასწრო  ერთი ლაბორატორიის შექმნა, რომელიც ადგილზე გადაამოწმებდა ქვეყანაში წარმოებულ თუ იმპორტირებულ საქონელს“, – ამბობს ირაკლი ნემსაძე.

ცელოფნის პარკის მწარმოებლები ამბობენ, რომ „კეთილსინდისიერმა ბიზნესოპერატორმა ვერ გარისკა, ვერ შეძლო და ვერ მოასწრო კანონის შესაბამისად შეეცვალათ პოლიეთილენის წარმოება და დაეწყოთ მუშაობა. თუ ვინმე გამოუშვებს პოლიეთილენის პარკს და დააწერს, რომ არის ბიოდეგრადირებადი, სახელმწიფოს არ აქვს რესურსი, რომ გადაამოწმოს არის თუ არა ეს პარკი ნამდვილად ბიოდეგრადირებადი. კეთილსინდისიერი მწარმოებელი ვერ ბედავს ფალსიფიკაცია მოახდინოს,  ფალსიფიკატორები კი, რომლებიც უხვად გვყავს ყველა სექტორში, აკეთებენ ამას და გააკეთებენ მანამ, სანამ გაუვათ. ჩვენ კი ქარხნები დავხურეთ“.

როგორც მეწარმეებმა „ბათუმელებთან“ განაცხადეს, 30-ზე მეტი ცელოფნის მწარმოებელი ქარხანა დაიხურა, შედარებით მსხვილი ქარხნები კი მცირე დატვირთვით მუშაობენ.

„ჩვენი საწარმოც ფაქტობრივად დახურულია. წარმოების 90% გავაჩერეთ და 10% დატვირთვით სატესტო რეჟიმში ვმუშაობთ. გადაიარაღების ეტაპზე ვართ, მაგრამ მივალთ თუ არა ბოლომდე ვერ გეტყვით. ყველაფერი დეტალურად უნდა დავთვალოთ და ჩამოვყალიბდეთ. ფასებიც მაშინ დარეგულირდება, როცა მთლიანად გადაიარაღდება საწარმო. მაგალითად, 1 კილოგრამი პოლიეთილენის პარკის გაყიდვის ფასი თუ იყო 7 ლარი, იგივე რაოდენობის ბიოდეგრადირებადი პარკის გაყიდვის ფასი ამ ეტაპზე 18 ლარია. ამასთან, 1 კილოგრამში 100 ცალი ცელოფნის პარკი იყო, ბიოდეგრადირებადის შემთხვევაში კი 66 ცალი გამოდის ერთი კილოგრამი“, – გვითხრა „გვგ პლასტის“ დამფუძნებელმა გელა გელაშვილმა, ვისი საწარმოც თბილისშია განთავსებული და ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მწარმოებელია.

მისივე ინფორმაციით, საწარმოში 115 ადამიანი ჰყავდა დასაქმებული, სატესტო რეჟიმში კი დღეს, მხოლოდ 10 ადამიანს ამუშავებენ.

ბიზნესმენები ვერც იმას ამბობენ, ღირს თუ არა მთლიანად გადაიარაღება და იმ სტანდარტის პარკების წარმოება, რა მოთხოვნებიც სახელმწიფოს აქვს. შესაბამისად, მათივე თქმით, ეს ბიზნესი უკვე საფრთხეშია. გამორიცხული არაა ადგილზე წარმოებული ბიოდეგრადირებადი პარკების ნაცვლად ბაზარი მთლიანად იმპორტმა ჩაანაცვლოს. მეწარმეების თქმით, „უკვე არის ბაზარზე ბიოდეგრადირებადი პარკები, მაგრამ იქვე აწერია, რომ შეიცავს პოლიეთილენსაც. ამიტომ ასეთი პარკები სახელმწიფო სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს. წარმოებას ისიც გააძვირებს, რომ ბიოდეგრადირებადი პარკების წარმოების დროს არ ხდება დიდი რაოდენობის ნარჩენების ხელახლა გამოყენება და არც სახელმწიფოს აქვს ისეთი დანადგარი, რომ ეს ნარჩენები ხელახლა გადამუშავდეს.“

ბიზნესმენების თქმით,როცა 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პოლიეთილენის პარკები აიკრძალა,  სასურველი იყო, მეორე ეტაპი ყოფილიყო 50 მიკრონზე ნაკლები სისქის პარკების აკრძალვა. „შესაძლოა სამინისტრომ იშუამდგომლოს მთავრობასთან და რაღაც გამოსავალი გამოინახოს“, – ამბობენ მეწარმეები.

შესაძლო კომპრომისს გამორიცხავენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

„2019 წლის პირველი აპრილიდან კანონი შევიდა ძალაში. იქნება გაფრთხილება და შემდეგ დაჯარიმება. წარმოება ყველა შემთხვევაში აკრძალულია და ასევე აკრძალულია პოლიეთილენის პარკების საზღვარგარეთიდან შემოტანა“, – გვითხრეს სამინისტროს პრესსამსახურში.

რაც შეეხება კონტროლს, სამინისტროში გვითხრეს, რომ „შესაბამისი ლაბორატორია მართლაც არ აქვთ. „თუმცა გვაქვს მოლაპარაკებები გარკვეულ ქვეყნებთან, სადაც არის ასეთი ლაბორატორიები. იქ შესაძლებელია გადავაგზავნოთ ნიმუში და სამ დღეში გვექნება პასუხი. ასე რომ კონტროლის კუთხით დაბრკოლება ამ მხრივ არ იქნება. ჩვენი ლაბორატორიაც 2019 წლის ბოლომდე იქნება გამართული – შესაბამისი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს“.

„ტექნიკური რეგლამენტის − პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ მთავრობის დადგენილება 2018 წლის 17 სექტემბერს გამოქვეყნდა და ძალაში ამავე წლის პირველ ოქტომბერს შევიდა. საქართველოში 2018 წლის პირველი ოქტომბრიდანვე აიკრძალა 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია;

ამ რეგლამენტით, „საქართველოში წარმოებული, იმპორტირებული ან რეალიზებული პლასტიკის პარკები, ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ ტექნიკური რეგლამენტით  განსაზღვრულ მოთხოვნებს“.

საქართველოს ტერიტორიაზე დღეიდან, ანუ 2019 წლის პირველი აპრილიდან მთლიანად აკრძალულია:

[crosslist]

  • ოქსოდეგრადირებადი პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია;
  • ნებისმიერი სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია.

[/crosslist]

აღნიშნული რეგლამენტით:

პლასტიკის პარკი − ეს არის პლასტიკისგან  დამზადებული  პარკი, ხელსაკიდით ან ხელსაკიდის გარეშე, რომელიც მიეწოდება მომხმარებელს საქონლის ან პროდუქტის გაყიდვის ადგილზე; თავად პლასტიკი კი არის სინთეზური ორგანული პოლიმერი [ქიმიური ნივთიერება], რომელიც პლასტიკის პარკის მთავარ სტრუქტურულ კომპონენტს წარმოადგენს და რომელსაც შეიძლება დაემატოს დანამატები და სხვა ნივთიერებები;

ოქსოდეგრადირებადი პლასტიკის პარკი − არის პლასტიკის მასალისგან დამზადებული პარკი, რომელიც შეიცავს დანამატებს, რაც ხელს უწყობს პლასტიკის მასალის მიკროფრაგმენტებად დაშლას;

ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკი − ეს არის მთლიანად ან ნაწილობრივ ბიოლოგიური, განახლებადი ნედლეულის საფუძველზე წარმოებული, ბიოდეგრადაციასა და კომპოსტირებას დაქვემდებარებული პარკი, რომელიც აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს და აქვს შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

პარკების წარმოებაში დასაქმებულთა თქმით, საქართველოში დაშვებულია კვების პროდუქტებისთვის განკუთვნილი ისეთი ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკების წარმოება-რეალიზაცია და იმპორტი, რომელიც საერთოდ არ შეიცავს პოლიეთილენს: „ასეთი პარკები ერთი შეხედვით ჰგავს ცელოფნის პარკს, თუმცა ხელის შეხებითაც მიხვდები, რომ ის არ არის ცელოფანი“.

ამ თემაზე:

რა ელის ცელოფნის პარკების ბიზნესს – აკრძალვა ძალაშია პირველი ოქტომბრიდან 

 

ქურდულ სამყაროს წევრობაში ბრალდებულის მხარდამჭერი აქცია სასამართლოსთან

მოსამართლე ლევან გელოვანის აცილების მოთხოვნით ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან საპროტესტო აქცია იმართება. აქციაზე ბრალდებულ ზაალ ახვლედიანის ახლობლები შეიკრიბნენ. მას გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობას ედავება.

“მოსამართლემ 8 თვე დაუთმო პროკურატურას, ჩვენი მტკიცებულებების გამოსაკვლევად კი, მხოლოდ რამდენიმე დღე განსაზღვრა,” – ამბობს ადვოკატი პაატა ნაკაიძე.

მოსამართლე ლევან გელოვანმა ზაალ ახვლედიანს და ამ საქმის ფიგურანტ კიდევ 10 ბრალდებულს განაჩენი მაქსიმუმ 17 აპრილს უნდა გამოუტანოს. ამ დღეს წინასწარი პატიმრობის კანონით განსაზღვრული ვადა იწურება.

ადვოკატების თქმით, აქამდე მოსამართლე პროკურატურის მოწმეებს უსმენდა, ბრალდებულების მოწმეებისთვის კი, მხოლოდ ორი სხდომა გამოიყო.

“გვითხრა, რომ 8 აპრილს უკვე დასკვნითი სიტყვები უნდა წარვადგინოთ…” – დასძენს პაატა ნაკაიძე.

რამდენი მოწმე ჰყავს დასაკითხი დაცვის მხარეს? – ადვოკატის თქმით, მოწმე ბევრი არ არის, მაგრამ “მტკიცებულებების ხარისხიანად გამოკვლევისთვის” აღარ რჩება დრო.

“ჩვენ ამ მოსამართლის აცილებას რახანია ვითხოვთ, მაგრამ მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს. ეს არის მანტიაში გამოწყობილი პროკურორი, მას უვადოდ გამწესება სურს,” – ამბობს ზაალ ახვლედიანის კიდევ ერთი ადვოკატი, ფრიდონ სიხუაშვილი.

ზაალ ახვლედიანი ბრალს სრულად უარყოფს.

ამ საქმეში მთავარი მტკიცებულება სატელეფონო ჩანაწერია. პროკურატურის მიერ წარმოდგენილი ერთ-ერთი ჩანაწერის მიხედვით, ზაალ ახვლედიანი კონკრეტულ პირს ეუბნება, რომ ის ვალს – 45 ათას დოლარს ვეღარ დაიბრუნებს, რადგან საქმეში ქურდული სამყაროს ე.წ. ავტორიტეტი ჩაერია.

“გამოძიება ამას ამტკიცებს, მაგრამ მტკიცებულება აღარ არსებობს… ჩვენ წარმოვადგინეთ ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ექსპერტიზა ჩატარდა სუბიექტურად, იგი არ ეყრდნობა სამეცნიერო მეთოდებს და კვლევებს. საბოლოოდ, მოსამართლემ უნდა განსაზღვროს, ექსპერტიზის რომელი დასკვნა არის მისთვის სარწმუნო,” – განმარტავს ადვოკატი პაატა ნაკაიძე.

ამავე საქმეში მოწმეებმა მასობრივად შეცვალეს ჩვენებები. ადამიანები, რომლებმაც თავდაპირველად პოლიციელებს უთხრეს, რომ ქურდული სამყაროს წევრობის მუქარით თანხის მიტანას აიძულებდნენ, სასამართლოს იგივე აღარ დაუდასტურეს.

პროკურატურის მტკიცებით, მოწმეებს ჩვენებების შეცვლა აიძულეს, თუმცა ამ ეტაპზე არ არის დაწყებული გამოძიება, რაც დაადგენდა, ვინმეს ზეწოლით შეცვალეს  ჩვენება დაზარალებულებმა და სად თქვეს მოწმეებმა სიმართლე – პოლიციაში, თუ სასამართლოში.

საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით ბათუმის საქალაქო სასამართლოში არაფერი განუმარტავთ.

მთავარი ფოტო: ქურდული სამყაროს წევრობაში ბრალდებულის მხარდამჭერი აქცია

პროფესიული განათლების პროგრამებზე რეგისტრაცია იწყება

8 აპრილს პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია იწყება, რომელიც 19 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.

საბაზო და საშუალო განათლების მქონე საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, საქართველოს ყველა რეგიონში სახელმწიფოს  სრული დაფინანსებით დაეუფლონ სასურველ პროფესიებს: ტურიზმის,  მშენებლობის, ინჟინერიის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ფინანსების, ჟურნალისტიკის, დიზაინისა და ა.შ. მიმართულებებით.

სოფლის მეურნეობის, მშენებლობის, ტურიზმისა და  ტრანსპორტის მიმართულებებით მსურველებს შეუძლიათ აირჩიონ  დუალური ანუ სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების მიდგომით განხორციელებული პროფესიული  საგანმანათლებლო პროგრამები.

ასაკობრივი ზედა ზღვარი დაწესებული არ არის.

რეგისტრაციის გავლა პირადობის მოწმობით შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით არსებულ  საგანმანათლებლო რესურსცენტრებსა და პროფესიულ სასწავლებლებში. აპლიკანტებს, ასევე, საშუალება ექნებათ ონლაინრეგისტრაცია გაიარონ ვებგვერდზე: vet.emis.ge. რეგისტრაცია შესაძლებელია ერთი მიმართულების ქვეშ არსებულ რამდენიმე პროგრამაზე.

პროფესიული ტესტირების ჩატარების შესახებ ინფორმაციას აპლიკანტები მიიღებენ მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით.

ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ენობრივი ბარიერის გამო ვერ ახერხებდნენ პროფესიული განათლების მიღებას, ტესტირებას რუსულ, სომხურ  ან  აზერბაიჯანულ ენებზე გაივლიან. ჩარიცხვის შემდეგ  კი მათ ქართული ენის შესწავლის შესაძლებლობა ექნებათ.

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებს რეგისტრაციის გავლა ზემოაღნიშნული პროცედურის საფუძველზე შეეძლებათ, თუმცა მათ შესაძლებლობა ექნებათ ალტერნატიული პროფესიული ტესტირებით ისარგებლონ. დუალური პროგრამები ასევე ხელმისაწვდომია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

„ხანუმა“ – სპექტაკლის პრემიერა ბათუმის განახლებულ დრამატულ თეატრში

2-3 აპრილს ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო თეატრი ავქსენტი ცაგარელის „ხანუმას“ წარმოადგენს. სპექტაკლის რეჟისორი ანდრო ენუქიძეა.

სპექტაკლში როლებს ასრულებენ: თათია თათარაშვილი, მამუკა მანჯგალაძე, ანანო იაშვილი, ანო ზურაშვილი,ზაალ გოგუაძე, მაია ცეცხლაძე, კახა კობალაძე, ქეთევან ეგუტიძე, ტიტე კომახიძე, ოთარ ქათამაძე, ზაზა ზოიძე, ინგა ღირდალაძე, ნინო კვიტაიშვილი, ნოდარ ძიძიგური, დიანა ჩახუნაშვილი, ხატია ფოფხაძე, ნანა კიკვაძე, მერი ნაკაშიძე და .შ.

დასაწყისი: 19 საათზე.

ბილეთების ფასი 17 ლარიდან იწყება, ყველაზე დაბალფასიანი ბილეთი კი 5 ლარი ღირს.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია თეატრის სალაროში.

ორი აპრილი აუტიზმის ცნობიერების ამაღლების დღეა

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2 აპრილი აუტიზმის ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღედ 2007 წლის 18 დეკემბერს გამოაცხადა. ინიციატივას საქართველოც შეუერთდა.

აუტიზმის მსოფლიო დღის აღნიშვნის მიზანია, გაზარდოს საზოგადოების ცნობიერება აუტიზმთან დაკავშირებით. ასევე, ხელი შეუწყოს აუტიზმის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვასა და რეალიზაციას.

ამ დღესთან დაკავშირებით აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლები ბათუმის მე-13 საჯარო სკოლაში აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების მიერ გამართულ ღონისძიებას დაესწრებიან.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო აუტიზმის სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვთა რეაბილიტაციას 180 ათასი ლარით აფინანსებს. ამ დროისთვის პროგრამაში 34 ბავშვია ჩართული.

პროგრამით მოსარგებლეთა საპროგნოზო რაოდენობა 2019 წელს 120 ბავშვია.

ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, აუტიზმი წარმოადგენს განვითარების სპექტრულ აშლილობას. იგი შეიძლება გამოიხატოს სხვადასხვა სიმპტომის სახით.

აუტიზმი მნიშვნელოვნად ზემოქმედებს ბავშვის განვითარებაზე და ხელს უშლის მას ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის დამყარებაში, სოციალური ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და გონებრივი განვითარების პროცესებში.

აუტიზმის სიმპტომები, ჩვეულებრივ, თავს იჩენს ბავშვის ცხოვრების პირველი სამი წლის განმავლობაში.

აუტიზმი აღენიშნება 2-10 პიროვნებას ყოველ 10000 ადამიანში.

 

პოლიციელისთვის ქვის ჩარტყმაში ბრალდებული სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლა პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებული გიორგი ა. მოსამართლემ მისი დაკავების წესი დარღვეულად მიიჩნია. საქმეში დაზარალებულად ცნობილი ირაკლი შაქარიშვილია, ქობულეთის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უფროსი.

საუბარია 27 მარტს მომხდარ შემთხვევაზე – ქობულეთში პოლიციელებს თავს დაესხნენ. იმავე დღეს პოლიციელებმა ამ საქმეში კიდევ ერთი ბრალდებული ირაკლი ც. დააკავეს და მას წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდეს. მეორე ბრალდებული  გიორგი ა. კი, სამართალდამცველებმა შემთხვევიდან სამი დღის შემდეგ, 30 მარტს ბათუმში დააკავეს, როცა გიორგი ერთ-ერთ საადვოკატო ბიუროში ადვოკატთან გასასაუბრებლად მივიდა.

მანამდე მისი დაკავება სცადეს ქობულეთში, მაგრამ ის პოლიციელებს გაექცა.

„მოსამართლემ მიიჩნია, რომ ქობულეთში გიორგი ა.-ს დაკავების პროცედურა იყო დარღვეული… მოსამართლემ დარღვევებიდან გამოყო ის, რომ პოლიციელები და, მათ შორის ირაკლი შაქარიშვილი, დაკავების დროს სამოქალაქო ფორმაში იყვნენ. ასევე დაზარალებულად ცნობილი პოლიციელი – ირაკლი შაქარიშვილი აკავებდა გიორგის. პროკურატურის ვერსიით, გიორგი პოლიციელებს მაინც გაექცა. ლოგიკური წინააღმდეგობა დაინახა სასამართლომ იმაში, რომ თითქოს გიორგი პოლიციელების უბნის ინსპექტორების უფროსს ურტყამდა, ქვა ჩაარტყა და ჟილეტი შემოახია და ამ დროს სხვა პოლიციელებმა იგი არ დააკავეს…“ – ამბობს ბრალდებულის ადვოკატი, პაატა ნაკაიძე.

ამ საქმეში დაზარალებულად ცნობილი ორი პოლიციელია. პოლიციელის თავდასხმაში ბრალდებული გიორგი ა. სასამართლომ 15 ათასი ლარი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

ქობულეთში პოლიციელებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

 

აპრილის პირველი დღეების ამინდის პროგნოზი ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს და ხვალ, პირველი აპრილის   21 საათიდან  2  აპრილის  21 საათამდე, აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, დროგამოშვებით იწვიმებს, მაღალმთაში კი – მოთოვს.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 8 – 13 გრადუსი
  • ღამით: 2 – 7 გრადუსი

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 0-5 გრადუსი სითბო
  • ღამით: 2-7 გრადუსი ყინვა

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, მთაში – თოვა.

_____________

ფოტო: „ბათუმელები“, არჩილ კახაძე

ვინ მიიღებს უფასოდ პასპორტსა და პირადობის მოწმობას 1 აპრილიდან 1 მაისამდე

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, პირველი აპრილიდან პირველ მაისამდე ის მოქალაქეები, რომლებიც ქაღალდის უვადო პირადობის მოწმობას ფლობენ, უფასოდ მიიღებენ საქართველოს მოქალაქის პასპორტსა და პირადობის ელექტრონულ მოწმობას. საქართველოში ასეთი სულ 401 000 მოქალაქეა.

ამავე წყაროს ცნობით, უფასოდ შეუძლიათ პასპორტისა და პირადობის მოწმობის აღება საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებსაც.

„2020 წლისთვის, საარჩევნო სიასთან დაკავშირებით, ოდირის (ODIHR) დადებითი დასკვნის მისაღებად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ დავემშვიდობოთ ქაღალდის პირადობის მოწმობას.

დღეისათვის ასეთი მდგომარეობაა – 401 000 ადამიანი ფლობს ქაღალდის პირადობის მოწმობას, რომელსაც ზედ აწერია „უვადო“. ეს არის ჩვენი მოქალაქეების ის კატეგორია, რომლებიც ფლობენ ძველი დროის გადმონაშთ დოკუმენტს, რომელსაც აქვს უვადო მოქმედების ვადა და არ ცვლიან მას“, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

ბათუმში 800 აბონენტს გაზი ეტაპობრივად, დღის ბოლომდე ჩაერთვება

„სოკარის“ ინფორმაციით, ბათუმში იმ აბონენტებს, რომელთაც გუშინ საღამოდან ამ დრომდე გაზი არ მიეწოდებოდათ, გაზი დღის განმავლობაში, ეტაპობრივად ჩაერთვებათ. როგორც „სოკარში“ გვითხრეს, აბონენტებისათვის გაზის ჩართვა უკვე დაწყებულია.

კომპანიის ინფორმაციით, გაზის გათიშვის მიზეზი მიწისქვეშა მილის დაზიანება გახდა, შედეგად 800-მდე აბონენტს შეუწყდა გაზის მიწოდება.

კომპანია აბონენტებს მოუწოდებს დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

ბათუმში ევროპის მოედანზე მუშების დაღუპვის გამო აქცია გაიმართება

დღეს, პირველ აპრილს, ბათუმში, ევროპის მოედანზე, გუშინ თბილისში დაღუპული მუშების – დათო აბესაძისა და ედვარდ ვარიშოვის პატივსაცემად აქცია გაიმართება.

აქცია სამოქალაქო აქტივისტების მიერ იმართება, რომლის მიზანი დაღუპული მუშების სახელით, შრომის უსაფრთხოების კონტროლის გამკაცრების მოთხოვნაა.

საპროტესტო აქცია 19:00 საათზე გაიმართება.

გუშინ, 31 მარტს, თბილისში სახელმწიფო უნივერსიტეტის II და III კორპუსებს შორის მიწა ჩამოწვა. ჩამოშლილმა მიწამ ორი მუშა მოიყოლა, მათი ცხედრები მაშველებმა იპოვეს.

დღეიდან ცელოფნის პარკების გაყიდვა აკრძალულია – ჯარიმა 500-1000 ლარია

დღეიდან, პირველი აპრილიდან, საქართველოში ყველა სახის ცელოფნის პარკის გაყიდვა აკრძალულია. აკრძალულია, ასეთი პარკების როგორც გაყიდვა, ასევე, ადგილზე წარმოებაც და იმპორტიც. რეალიზაციაში დასაშვებია მხოლოდ ცელოფნის [პოლიეთილენის] ისეთი პარკები, რომლებიც არის ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი, ისიც, აუცილებლად შესაბამისი წარწერით.

საქართველოს კანონმდებლობით:

მაღაზიის მესაკუთრე ვალდებულია გაფრთხილებიდან 10 დღის განმავლობაში ამოიღოს ქსელიდან აკრძალული პარკები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის 500 ლარით დაჯარიმდება და მოხდება შესაბამისი პროდუქციის კონფისკაცია.

დარღვევის განმეორების შემთხვევაში, მეწარმე სუბიექტი დაჯარიმდება 1 000 ლარის ოდენობით და ასევე, მოხდება შესაბამისი პროდუქციის კონფისკაცია.

პლასტიკის [პოლიეთილენის] პარკი ნავთობპროდუქტებისა და ნარჩენი პლასტიკური ნივთიერებების გადამუშავებით მიღებული პროდუქტია, რომლის ბუნებაში სრულ დაშლას 100 წელზე მეტი სჭირდება.

ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკი კი მთლიანად ან ნაწილობრივ ბიოლოგიური, განახლებადი ნედლეულის საფუძველზე წარმოებული პარკია. ასეთი პარკის სრულ დაშლას კი დაახლოებით 6 თვე სჭირდება შესაბამის კლიმატურ პირობებში.

სპეციალისტის თქმით, ე.წ. ცელოფნის პარკი შეგიძლია დაამზადო ჩვეულებრივი პოლიეთილენისგან, რომელიც დიდი ხნის მანძილზე არ იშლება და არ ქრება ნიადაგში. ბიოდეგრადირებადი პარკი კი, შეიძლება დამზადდეს ამავე პოლიეთილენზე შესაბამისი ნივთიერებების დამატებით, რაც საბოლოოდ ცელოფნის პარკის ბიოდეგრადირებას, ანუ ბუნებაში გაქრობას იწვევს. ეს ნივთიერებები ამ პროცესს აჩქარებს.

2018 წლის ოქტომბრიდან საქართველოში 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პოლიეთილენის პარკების გაყიდვა აიკრძალა. 2019 წლის პირველი აპრილიდან კი ნებისმიერი სისქის ცელოფნის პარკის გაყიდვაა აკრძალული.

2018 წელს, როგორც ბათუმის მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტოში განაცხადეს, ქალაქში თითქმის ყველა ობიექტი გააფრთხილეს, მაგრამ „ეს გაფრთხილებები იყო საინფორმაციო ხასიათის“. მერიაში ამბობდნენ, რომ ობიექტების დაჯარიმებას პირველი აპრილიდან დაიწყებდნენ.

პოლიეთილენის პარკების წარმოების აკრძალვის გამო საწარმოების უმეტესობა გაჩერდა, ნაწილი კი სატესტო რეჟიმში, ისიც მცირე დატვირთვით მუშაობს. ვრცლად ნახეთ ბმულზე: ცელოფნის მწარმოებელი 30-ზე მეტი ქარხანა დაიხურა – მეწარმე

ამ თემაზე:

https://netgazeti.ge/news/353090/

აკრძალული პარკების რეალიზაციისთვის ბათუმში არავინ დაუჯარიმებიათ

ხელვაჩაურში განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია პირი, რომელმაც 30 მარტს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სამებაში ცეცხლსასროლი იარაღით კისრისა და თავის არეში დაზიანებები მიაყენა 1991 წელს დაბადებულ ნ.ბ.-ს.

„დაჭრილი საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი, სადაც ის ამჟამადაც განაგრძობს მკურნალობას“.

პოლიციის ინფორმაციით, 1989 წელს დაბადებული მ.ზ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.  დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს.

ბათუმში 800-მდე აბონენტს გაზი არ მიეწოდება

დღეს, 31 მარტს, ბათუმში, ბონის დასახლებაში მდებარე რამდენიმე ქუჩას გაზის მიწოდება შეუწყდა. როგორც „სოკარში“ გვითხრეს, ამ დროისათვის ბათუმში დაახლოებით 800 აბონენტია გათიშული.

„სოკარში“ ამბობენ, რომ გაზის გათიშვის მიზეზი მიწისქვეშა მილის დაზიანება გახდა. კომპანიის ცხელ ხაზზე გვითხრეს, რომ აბონენტებს ხვალ, პირველ აპრილს, დღის პირველ ნახევარში აღუდგებათ გაზის მიწოდება.

ბორჯომის პარკში იყიდება სუვენირები, რომლებზეც პუტინია გამოსახული – მოქალაქე

ფეისბუკმომხმარებელი ანა მაცაბერიძე სოციალური ქსელის პირად გვერდზე ბორჯომში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს. ფოტოებზე ჩანს სუვენირები, ეგრეთ წოდებული მაცივრის დეკორატიული მაგნიტები, რომლებზეც ვლადიმერ პუტინის ფოტოა გამოსახული წარწერით – „А Я ВТИХАРЯ ПЬЮ БОРЖОМИ“.

ანა მაცაბერიძე წერს: „ეს სუვენირები ვნახე ბორჯომის პარკის შესასვლელში კვირას. როცა გამოველაპარაკე გამყიდველებს და ვკითხე, ასეთ სუვენირებს რატომ ყიდით, სირცხვილი და ქვეყნის უპატივცემულობაა-თქო, იცით რა მიპასუხეს? ასეთ ახალგაზრდა გოგოს ეს საკითხი არ უნდა გაღელვებდეს და არც უნდა ბრაზდებოდეო. რუსი ტურისტები რომ მოდიან, არ უნდა ვასიამოვნოთო? მაშინ საერთოდ რაღას ჩამოდიანო. ერთმა ქალმა მითხრა: შვილო, მე სომეხი ვარ, მაგრამ აზერები ძალიან მიყვარს, ეს მხოლოდ პოლიტიკააო. რუსებზე მეტად საქართველო არავის უყვარსო. როცა ხურვალეთი და ზოგადად, ოკუპაცია ვუხსენე, ერთმანეთს ირონიულად გადახედეს და ჩაილაპარაკეს – „ბიჭო, გაიგე ხურვალეთში რა ამბები ყოფილაო?“ კიდევ მითხრეს, შენნაირი ახალგაზრდა ამ თემაზე არ უნდა ბრაზდებოდე, ეს ხომ მხოლოდ მარკეტინგული გათვლააო“.

ბორჯომის ცენტრალური პარკი საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ამ საკითხზე sknews.ge-ს განუმარტეს, რომ მსგავსი სუვენირები ცენტრალურ პარკში არ იყიდება და მათზე დატანილი პარკის ფოტოც ადმინისტრაციის საკუთრება არ არის. „ჩვენ არ გვაქვს უფლება მოვითხოვოთ ამ სუვენირების აღება. კერძო პირები არიან და ყიდიან. გარდა მაგისა, თეფშები და სხვა ნივთებიც არის, სადაც დატანილია პარკის ფოტოები, თუმცა მათგან ჩვენი ფოტო არცერთია“, – განმარტეს ბორჯომის ისტორიული პარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

ბორჯომი არ არის პირველი ადგილი საქართველოში, სადაც ოკუპანტი ქვეყნიდან შემოსულ ტურისტებს, განწყობის შესაქმნელად, არაერთ „ინოვაციას“ სთავაზობენ. გასულ შემოდგომაზე, მაგალითად, ბათუმის ბულვარში, ერთ-ერთ რესტორანზე გამოფინეს რუსეთის დროშა, მაგრამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ დროშა მალევე ჩამოხსნეს. ასევე, ფართო განხილვის თემა იყო, რესტორნების პფლეილისტში რუსული მუსიკის შეტანა. თუმცა აქამდე არ ყოფილა შემთხვევა, თავად ვლადიმერ პუტინის გამოსახულებიანი სუვენირები რომ გაეყიდათ საქართველოში – ყოველ შემთხვევაში, ამის შესახებ მედიაში არ ყოფილა ინფორმაცია.

 

ჭიქები, რომლებიც, მოქალაქის თქმით, ბორჯომის პარკში პუტინის გამოსახულებიან სტიკერებთან ერთად იყიდება

მაჭახლელები ხეობაში ჰესების წინააღმდეგ ხელმოწერებს აგროვებენ და პრემიერს მიმართავენ

მაჭახელას ხეობაში მცხოვრები მოსახლეობა ხეობაში ჰესის აშენების მოწინააღმდეგეთა ხელმოწერებს მთელი აჭარის მასშტაბით აგროვებს.

ჰესის მოწინააღმდეგეები აპირებენ ხელმოწერები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის სახელზე გაგზავნილ განცხადებას დაურთონ თან იმის საილუსტრაციოდ, რომ მაჭახელას ხეობაში ჰესის აშენებას არა მხოლოდ ხეობის, არამედ მთელი აჭარის მოსახლეობა ეწინააღმდეგება.

აქტივისტები პარასკევს, 5 აპრილს, ბათუმის ცენტრალურ [ყოფილი 6 მაისის] პარკში, კოლონადებთან  შეაგროვებენ ჰესის მოწინააღმდეგეთა ხელმოწერებს დღის პირველიდან სამ საათამდე.

„მემორანდუმის თანახმად დაგეგმილია 30 მგვ. ჰესის მშენებლობა გვირაბული ტიპის, 7 კმ. გვირაბის გაყვანა და მდინარე მაჭახელას შენაკადებითურთ მოქცევა გვირაბში, მაშინ, როდესაც ხეობის სიგრძე სულ რაღაც 15 კმ-ა.  ასევე სხვადასხვა კომპანიის მიერ იგეგმება მდინარე მაჭახელას შენაკადებზე პატარა ჰესების მშენებლობები.

მიზანშეუწონლად მიგვაჩნია  მაჭახლის ხეობის მდგრადი განვითარების, მოსახლეობის ჯანსაღი, უსაფრთხო საცხოვრებელი და სამუშაო გარემოთი უზრუნველყოფის მიზნით აღნიშნული პროექტის განხორციელება მდინარე მაჭახელზე,“ – აღნიშნულია წერილში, რომელიც მაჭახლელებმა პრემიერ-მინისტრთან გასაგზავნად მოამზადეს.

ჰესის აშენებას მაჭახელას ხეობაში მთავრობასთან გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე კომპანია „მაჭახელა ჰესი“ გეგმავს. ამ კომპანიის 100-პროცენტიან წილს „სილქ როუდ ენერჯი“ ფლობს. კომპანიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ „მიმდინარეობს კონცეპტუალურ პროექტზე მუშაობა, რომელიც საჭიროებს წინასაინჟინრო კვლევების წარმოებას [ტოპოგრაფია, ჰიდროლოგია, გეოლოგია].  „სილქ როუდ ენერჯიში“ ირწმუნებიან, რომ ჰესი დაცული ტერიტორიისგან მოშორებით აშენდება.

მაჭახელას ხეობაში ჰესების აშენების წინააღმდეგ უკვე არაერთი აქცია გაიმართა. 20 თებერვალს ჰესების მშენებლობა გააპროტესტეს  ხეობაში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა, უფრო ადრე, 9 თებერვალს, მაჭახელას ხეობაში ჰესების მშენებლობის საწინააღმდეგო  მოძრაობა “სიტყვის კაცები” დაფუძნდა, 8 თებერვალს კი მაჭახლის ხეობის მცხოვრებლებს მხარდაჭერა გამოუცხადა  ეთნიკურად ქართველმა მომღერალმა ბაიარ შაჰინმა [გუნდარიძე]. მომღერალმა ფეისბუქზე ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა და ჰესების საწინააღმდეგო აქციას შეუერთდა.

___________________
მთავარ ფოტოზე: აქცია მაჭახელას ხეობაში, 2019 წლის 20 თებერვალი 

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმი და ზვიად გამსახურდიას იუბილე ბათუმში 

დღეს, 31 მარტს, ბათუმში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღე და ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილე რამდენიმე ღონისძიებით აღინიშნა.

ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში გაიმართა ისტორიული კადრების ჩვენება და ფოტო და დოკუმენტური მასალის გამოფენა. ჩატარდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისადმი მიძღვნილი საჯარო ლექცია. ღონისძიებას ესწრებოდნენ: აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, მინისტრები, დეპუტატები, ახალგაზრდები და ქალაქის საზოგადოების წარმომადგენლები.

ზვიად გამსახურდიას დაბადებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმშიც, სადაც გამოფენილი იყო მუზეუმში დაცული იმ პერიოდის პოლიტიკური ცხოვრების ამსახველი ექსპონატები, საარჩევნო პლაკატები, გაზეთები და ფოტომასალა, ასევე 1918 წლისა და 1991 წლის დამოუკიდებლობის აქტები.

ზვიად გამსახურდია და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმი გაიხსენეს დღეს ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლებმაც.

ფოტო: აჭარის მთავრობა

თოვლიანი გაზაფხული ქედაში [ფოტო]

მარტის ბოლოს აჭარის მთიანეთში პერიოდულად ისევ თოვს. ეს ფოტოები ქედაში, სოფელ გობრონეთშია გადაღებული 30 მარტს. სინოპტიკოსების ცნობით, აჭარის მაღალმთიანეთში თოვა მოსალოდნელია უახლოეს დღეებშიც.

სოფელი გობრონეთი. ფოტო: „ბათუმელები“, შორენა ამაღლობელი
სოფელი გობრონეთი. ფოტო: „ბათუმელები“, შორენა ამაღლობელი

ბათუმში ტურიზმის ფესტივალი „ტურისტერი“ მიმდინარეობს

ტურიზმი, მასთან დაკავშირებული პრობლემები და გამოწვევებია ტურიზმის ფესტივალ „ტურისტერის“ მთავარი თემა. დარგის სპეციალისტები და დაინტერესებული პირები საქართველოში ტურიზმთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ ბათუმში, კლუბ „გეითში“, სადაც ფესტივალი მიმდინარეობს.

ფესტივალი „ტურისტერი“  ბათუმში დღეს, 31 მარტს გაიხსნა. ფესტივალი „ტურიზმის ინსტიტუტისა“ და მარკეტინგული კომპანია „შინდის“ ერთობლივი პროექტია.

ფესტივალის პირველი ნაწილი ფორუმს დაეთმო, სადაც დარგის სპეციალისტებმა ტურიზმის პოლიტიკა განიხილეს.

პანელური განხილვების დაწყებამდე ტურიზმის სამართლის ექსპერტმა ირინე ურუშაძემ მოკლედ ჩამოთვალა ის პრობლემები, რომლებსაც ფორუმი შეეხო:

„დარგის მართვის ორგანო განსაზღვრულია, თუმცა არ იკვეთება რომელი ორგანო ასრულებს ამ ფუნქციებს სრულად. გარდა ამისა, სერტიფიცირებისა და ლიცენზირების საკითხი კანონმდებლობაში მოცემულია, თუმცა რეალურად პრაქტიკაში არც ტურისტული ობიექტების სერტიფიცირება ხდება, არც შესაბამისობის სერტიფიკატის გაცემა და არც ლიცენზირებას ექვემდებარება გარკვეული ტურისტული ობიექტები. კურორტების რეგულირებას რაც შეეხება, აქაც მნიშვნელოვანი გამოწვევები გვაქვს, გვაქვს კურორტების ჩამონათვალი, რაც არ განახლებულა დიდი ხანია.

ხარისხის რეგულირება არის მეორე მიმართულება, რომელიც უმნიშვნელოვანესია დარგისათვის. ბათუმში, აჭარაში, ძალიან კარგად გვესმის რას ნიშნავს ეს,  უსაფრთხოებაზე როდესაც ვსაუბრობთ. სამწუხაროდ არაერთი მოვლენა მოხდა, რომელმაც დაგვანახა ამის მწვავე საჭიროება. დღევანდელი კანონმდებლობა საქართველოში ითვალისწინებს მხოლოდ პროდუქტის ხარისხის რეგულირებას და სერვისი, როგორც ასეთი, რეგულირებული არ არის, მხოლოდ სამოქალაქო კოდექსის ზოგადი ნორმები არეგულირებს ამ მიმართულებას, თუმცა არის რიგი კანონმდებლობა, რომელიც იგივე უსაფრთხოებაზე საუბრობს, ესაა სახანძრო უსაფრთხოება თუ სურსათის უვნებლობა და საბედნიეროდ ეს კანონმდებლობა უკვე სავალდებულო გახდა დარგის წარმომადგენლებისათვის.

რაც შეეხება საგადასახადო რეგულაციებს, სპეციალური გადასახადი, მოსაკრებელი ტურიზმის მიმართულებით არ გვაქვს, თუმცა არის არაერთი საგადასახადო შეღავათი, რომელიც ახალისებს ტურიზმს. არის საშეღავათო პირობებიც ტურისტული ზონებისათვის, თუმცა რამდენად მუშაობს ეს რეგულირება, ცალკე კვლევის საგანია ალბათ“ – განაცხადა ირინე ურუშაძემ.

მან ასევე ისაუბრა სტატისტიკის წარმოების მნიშვნელობაზე, რაც იძლევა საშუალებას, განისაზღვროს დარგის საჭიროებები. მისივე თქმით, ამ მიმართულებითაც არსებობს ხარვეზები.

ფესტივალ „ტურისტერზე“ ამჟამად კულინარიული პაუზაა, სადაც ლაზური და აჭარის მთის სამზარეულოა წარმოდგენილი. ფესტივალის შემადგენელი ნაწილია ასევე სტარტაპების გამოფენა, სადაც ფესტივალში მონაწილეებს საშუალება  აქვთ გაიცნონ ერთმანეთი და კავშირები დაამყარონ ახალ ბიზნესწამოწყებებთან ტურიზმის სფეროში.

ფესტივალის სრულ პროგრამას შეგიძლია გაეცნოთ ფესტივალის ვებგვერდზე. 

ფესტივალი „ტურისტერი“

ხელვაჩაურში ცეცხლსასროლი იარაღით კაცი დაჭრეს – მისი მდგომარეობა მძიმეა

30 მარტს ხელვაჩაურში კაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. დაჭრილი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში, რეანიმაციაში იმყოფება. მას თავის არეში აქვს მიყენებული საფანტის ტყვიით ჭრილობები და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108 მუხლით დაიწყო – განზრახ მკვლელობის მცდელობა.

Exit mobile version