ტრაილერი დაეჯახა მანქანას, სადაც 8 თვის ორსული ქალი იჯდა

ტრაილერი დაეჯახა ავტომანქანა, რომლის უკანა სავარძელზე რვა თვის ფეხმძიმე ქალი იჯდა. შემთხვევა ანგისის დასახლებაში, ბავშვთა საავადმყოფოსთან ახლოს მოხვდა.

სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ავარიის შედეგად ქალს ემოციური ფონი ჰქონდა და წნევამ აუწია. ის ბათუმის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. ავარიის შედეგად სხვა არავინ დაშავებულა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.

 

რა დაუჯდებათ მოქალაქეებს დნმ ანალიზის ჩატარება იმ ნეშტებზე, რომლებიც ბათუმში აღმოაჩინეს

სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მონაცემებით, ერთი დნმ ანალიზი 1600 ლარი ჯდება. ბიუროში ვიკითხეთ, რა დაუჯდებათ ადამიანებს დნმ ანალიზის ჩატარება იმ ნეშტებზე, რომლებიც ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე აღმოაჩინეს.

ექსპერტიზის ბიუროში ასევე გვითხრეს, რომ მნიშვნელობა არ აქვს, რომელ წელს გარდაცვლილი ადამიანის ნეშტის ნიმუშს შეისწავლიან ექსპერტები. „მთავარია, ნიმუში იყოს წარმოდგენილი,“ – დასძენენ ბიუროში.

რამდენი იქნება ფასი ან რამდენად შესაძლებელია ექსპერტიზის ჩატარება, როცა კონკრეტული პირის ნიმუში 150 ნეშტთან იქნება შესადარებელი?

„გამოძიება უნდა დაიწყოს, ისე ვერ ჩატარდება ექსპერტიზა… თუ გამოძიება დაიწყება, მოქალაქეებს თანხის გადახდა საერთოდ აღარ დასჭირდებათ,“ – გვითხრეს ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში.

 

მთავრობას არ აინტერესებს სავარაუდოდ სტალინური ტერორის მსხვერპლთა აღმოჩენილი ნეშტები

„ჯანდაცვის სამინისტროს მონაწილეობით იქმნება დნმ-ის ბაზები“ – განაცხადეს დღეს, 8 აპრილს ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში აღმოჩენილ ნეშტებთან დაკავშირებით. „ბათუმელები“ დაინტერესდა, როგორ და რა პროცედურებით შეიქმნება დნმ-ის ბაზა და ვის უნდა მიმართოს მოქალაქემ, თუკი ის ფიქრობს, რომ ბათუმში აღმოჩენილ ნეშტებს შორის შესაძლოა მისი წინაპარი იყოს – აღმოჩნდა, რომ არც ერთ სამთავრობო უწყება ნეშტების გამოსაკვლევად, დნმ-ის ჩასატარებლად და ამ პროცესში სიცხადის შესატანად, ამ ეტაპზე არაფერს აკეთებს და არც აპირებს.

სამთავრობო უწყებები თითს ერთმანეთისკენ იშვერენ, ან საპატრიარქოსკენ, რომელსაც 2016 წელს ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე კონკრეტული მიწის ნაკვეთი სარგებლობაში გადასცეს გათხრების საწარმოებლად. საპატრიარქო 1937 წელს რეპრესირებული და დახვრეტილი ადამიანების, მათ შორის, სასულიერო პირების ნეშტებს ეძებდა.

„ჩვენთან შეთანხმება არ ყოფილა. როგორც ჩანს, არასწორად მოხდა ინტერპრეტაცია: ეპარქიას მხოლოდ სიტუაციის გარკვევას აჭარის ჯანდაცვის მინისტრი დაჰპირდა,“ – გვითხრეს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს პრესცენტრში.

ზაალ მიქელაძე, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ ეპარქიას ვერ დაპირდებოდა დნმ ბაზების შექმნას, რადგან მას ამის უფლებამოსილება არ აქვს.

„მე გუშინ დამიკავშირდა მეუფე [დიმიტრი შიოლაშვილი]. მან მთხოვა სიტუაციაში გარკვევა, რამდენად შეიძლება დაკრძალვამდე ნიმუშების აღებაო. ვუთხარი, ვიქონიებ კომუნიკაციას-მეთქი დღეს ვიკვლევდი ამ თემას, კომუნიკაცია მქონდა ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან და როცა ვნახე, ეს ინფორმაცია, გაკვირვებული დავრჩი,“ – აღნიშნავს ზაალ მიქელაძე „ბათუმელებთან.“

რა გაარკვია აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ვინ არის პასუხისმგებელი ნეშტებისთვის დნმ ანალიზის ჩატარებაზე? – „ეს ძვირადღირებული კვლევაა. ვინც არის ჩართული, ალბათ, მან უნდა მიმართოს ექსპერტიზის ბიუროს. საპატრიარქო იყო ინიციატორი, თვითონ დაიწყო სამარხების შესწავლა“,  – განმარტავს მინისტრი. მან ვერ გვიპასუხა, რატომ არის პასუხისმგებელი საპატრიარქო და რატომ იცილებს პასუხისმგებლობას მთავრობა, როცა საქმე საბჭოთა ტერორის დროს რეპრესირებულ ასობით ადამიანს ეხება.

„პასუხისმგებელია მთავრობა… აუცილებლად უნდა დაეწყო აქამდე მოკვლევა საგამოძიებო ორგანოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს. ასევე უნდა ჩაერთოს პროცესში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო,“ – მიიჩნევს პაატა დიასამიძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი.

იურისტი განმარტავს, რომ თავდაპირველად უნდა გაირკვეს, რა ტიპის სამუშაოა ჩასატარებელი ადგილზე, სადაც ნეშტები აღმოაჩინეს. „შესაძლოა, იქ 10 წლის წინ გარდაცვლილი ადამიანის ნეშტიცაა, ხომ უნდა მოიკვლიოს საგამოძიებო ორგანომ? ამ მოკვლევის ფარგლებში უნდა დადგინდეს დნმ ანალიზის საკითხიც,“ – დასძენს იურისტი.

ნეშტები ფრიდონ ხალვაშის გამზირზე 2017 წელს აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაცია ბათუმის და ლაზეთის ეპარქიამ რამდენიმე დღის წინ გაასაჯაროვა. ეპარქიამ ფეისბუქში ფოტოებიც გაავრცელა, მათ შორის, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის, რომელიც ნეშტების აღმოჩენის დროს, 2017 წელს ადგილზე იმყოფებოდა. ეს ფოტო ადასტურებს იმას, რომ ხელისუფლება, სავარაუდოდ, რეპრესირებულთა ნეშტების აღმოჩენის შესახებ, მინიმუმ 2 წელი ინფორმირებულია.

„მთავრობა ინფორმირებული იყო თავიდანვე. ჩვენ წერილებსაც ვწერდით სამინისტროებს, რომ დაეწყოთ მოკვლევა… რაც შეეხება სპეციალისტების ჩართვას, ისინი უნდა ჩაერთო მთავრობას, თუკი ამის საჭიროებას დაინახავდა. ჩვენ პროცესის ყველა ეტაპზე ინფორმაციას ვაწვდიდით თავდაცვის სამინისტროს. ამ პროცესს ესწრებოდა ისტორიკოსი რამაზ სურმანიძეც. მან 2014 წელს წიგნიც კი გამოსცა ამ ადამიანებზე, რომლებიც დახვრიტეს. იმ წიგნში იყო მითითებული ეს ადგილიც…“ – გვიყვება დეკანოზი იოანე გორელიშვილი, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესსპიკერი.

კონკრეტულად ვისგან მიიღო დაპირება ეპარქიამ დნმ ბაზის გაკეთების შესახებ – დეკანოზმა ზუსტი პასუხი ვერ გაგვცა. „საუბარი იყო, სავარაუდოდ, აჭარის ჯანდაცვის მინისტრთან“, – ამბობს ის.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის თქმით, ამ შემთხვევში გამოძიება თავდაცვის სამინისტროს უნდა დაეწყო, „რადგან ეს თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაა“.

ასე არ თვლიან თავდაცვის სამინისტროში.

„ჩვენი ჩართულობა არაფერში არ არის, ეს ხდებოდა მთლიანად საპატრიარქოს ორგანიზებით, ჩვენ დროებით სარგებლობაში გადავეცით… ჩვენ არ ჩაგვიტარებია არც გათხრები და არც არაფერი. ჩვენ, უბრალოდ, ტერიტორია გამოვუყეთ ამ საქმიანობისთვის, მეტი არაფერი, სხვა პასუხს ვერ გაგცემთ,“ – ეს თავდაცვის სამინისტროს პრესცენტრის პასუხია.

სია-ს იურისტის, პაატა დიასამიძის განმარტებით კი, დნმ ანალიზის ჩასატარებლად გამოძიების დაწყება სავალდებულო არ არის, თუმცა ამ შემთხვევაში საგამოძიებო ორგანომ მოკვლევით უნდა დაადგინოს კონკრეტული ღონისძიებების ჩატარების საჭიროება.

რომელი სამთავრობო უწყების პასუხისმგებლობაა სავარაუდოდ საბჭოთა რეპრესირებულთა ნეშტებისთვის დნმ ანალიზის ჩატარება და ამ პროცესში სპეციალისტების ჩართვა? – ამ კითხვაზე ვერც საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატში გვიპასუხეს.

„გაურკვეველი პასუხი მაქვს ამ თემაზე, ვერ გამოიკვეთა რომელიმე უწყების პასუხისმგებლობის საკითხი,“ – ამბობს ნინო წივწივაძე, მამუკა ბახტაძის აპარატის პრესსამსახურის უფროსი.

მთავარ ფოტოზე: საფლავი. ფოტო: ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია, FB

ამ თემაზე:

ისტორიკოსი: სამარხი შეიძლება არა რეპრესირებულების, არამედ თურქი ჯარისკაცების იყოს

ქობულეთში დაანონსებული 500-მილიონიანი პროექტი 250 მილიონზე გაფორმებული ხელშეკრულებით 

ქობულეთში  მიწის იმ ნაკვეთების საბაზრო ღირებულება, რომლებიც აჭარის მთავრობამ კერძო კომპანიას, პირდაპირი წესით და პირობებით 6 040 265 ლარად მიჰყიდა, 32 333 544 ლარია. ნაკვეთები ამ ფასად სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ 2019 წლის 5 თებერვალს შეაფასა, ქონება კი 21 მარტს გაიყიდა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ნასყიდობის ხელშეკრულება შპს „გრინ რეზორტთან“ გააფორმა. გაყიდული ნაკვეთების საერთო ფართობი, რომლებზეც „მწვანე ქალაქი“ უნდა გაშენდეს, 1 796 308 კვ/მ-ია.

საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებებით, ქობულეთში აღნიშული ქონების გაყიდვით ნახევარი მილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელდება. ნასყიდობის ხელშეკრულებით კი, რომელიც ბათუმელებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან მოაწოდეს, ინვესტორს არანაკლებ 250 მილიონი ლარის ინვესტიციის ჩადების ვალდებულება აქვს.

„სტანდარტულად ასეა. ჩვენ ხელშეკრულებით ვითხოვთ ინვესტიციის მინიმალურ ოდენობას, რომელიც უნდა შეასრულოს და რომლის ინვესტირებაც უნდა უზრუნველყოს დაინტერესებულმა პირმა, ხოლო თვითონ პროექტის გათვლა ანუ პროექტში ინვესტირების ოდენობა სხვა საქმეა“, – გვითხრა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, თორნიკე კუჭავამ.

„ჩვენ ამ პროექტზე თითქმის ერთი წელია ვმუშაობთ. ვიდეორენდერი, რაც გავავრცელეთ, ერთი ნაწილია ჩვენი პროექტის, დანარჩენს დავაანონსებთ პერიოდულად. ეს იქნება ნახევარმილიარდიანი ინვესტიცია. ამჟამად ვმუშაობთ ტექნიკურ საკითხებზე – გეოლოგია და ა.შ. ვმუშაობთ გრგ-ზე. საბოლოო ესკიზსაც მალე წარვადგენთ და მუშაობასაც მალე დავიწყებთ,“ – გვითხრა „გრინ რეზორტის“ გენერალურმა მენეჯერმა გიორგი შერაზადიშვილმა.

ხელშეკრულების დეტალები

სამინისტროსა და კომპანიას შორის დადებული ხელშეკრულებით, „გრინ რეზორტი“ კისრულობს ვალდებულებას საპრივატიზებო საფასური გადაიხადოს შემდეგი გრაფიკით: 2 მილიონი ლარი – ხელშეკრულების გაფორმებიდან ექვს თვეში, 2 მილიონი – ერთ წელში და დარჩენილი 2 040 265 ლარი – ორი წლის ვადაში;

მოშენების ფართობის 23%-ზე მეტად გაზრდის შემთხვევაში, გადასახდელი საფასური განისაზღვრება შემდეგი ოდენობით: ყოველი 1 კვ/მ ფართობი გამრავლებული მიწის ნორმატიულ ფასზე – 14,62 ლარზე. კომპანიამ უნდა უზრუნველყოს ქონების მოშენების ფართობის გაზრდა არაუმეტეს 30%-ის ოდენობით [თუმცა გიორგი შერაზადიშვილის თქმით, კომპანია მოშენების ფართობის გაზრდას არ გეგმავს: „ეს რაც არის მოშენების ფართობი, გვეყოფა ყველანაირად“];

წარმოადგინოს არანაკლებ 2 მილიონი ლარის საბანკო გარანტია;

ხელშეკრულების გაფორმებიდან სამი თვის ვადაში სამინისტროსთან შეათანხმოს გადაცემული ქონების განვითარების კონცეფცია, რომელიც უნდა მოიცავდეს: არანაკლებ 250-ნომრიან სასტუმროს, 100-ადგილიან რესტორანს, 500 ავტომობილზე გათვლილ საპარკინგე და ასევე ვერტმფრენის დასაჯდომ ადგილს, ცხრა ფოსოიან გოლფის მოედანს, საკონფერენციო დარბაზს; „ფიფას“ სტანდარტების საწვრთნელ საფეხბურთო მოედანს [ასევე, ერთ მცირე ან იგივე ზომის სავარჯიშო მოედანს], ოთხ საჩოგბურთო კორტს, გამაჯანსაღებელ ცენტრს, არანაკლებ 100 ვილას, ქონების არანაკლებ 70%-ზე რეკრეაციულ ზონას [ღია აუზი, პარკი, სკვერი, სასეირნო ბილიკები, ველობილიკები, გზები, პარკინგები];

ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი წლის ვადაში კომპანიამ უნდა უზრუნველყოს განაშენიანების რეგულირების გეგმის [გრგ] შემუშავება-დამტკიცება;

ხელშეკრულების გაფორმებიდან 26 თვის ვადაში სამშენებლო სამუშაოების დაწყება და 78 თვის ვადაში მშენებლობის დასრულება, ობიექტის ექსპლუატაციაში მიღება და ამოქმედება; ჯამში კი არანაკლებ 250 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელება საკუთრივ ან მესამე პირის მეშვეობით;

მიწის ნაკვეთზე არტეფაქტებისა და კულტურული ფენების აღმოჩენის შემთხვევაში, ინვესტორმა უნდა უზრუნველყოს „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ კანონით განსაზღვრული ღონისძიებების გატარება;

მრავალფუნქციურ კომპლექსს პროფილი 25 წლის განმავლობაში უნდა შეუნარჩუნდეს;

მყიდველს უფლება არ აქვს, პროექტში არანაკლებ 5 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელებამდე დაყოს ან და გაასხვისოს საკუთრებაში გადაცემული ქონება. ხოლო ამ ოდენობის ინვესტიციის განხორციელების შემდეგ, კომპანიას აქვს უფლება, გაასხვისოს ქონება სამინისტროსთან შეთანხმებით, თუმცა აუცილებლად იმავე პირობებით, რაც ხელშეკრულებითაა გათვალისწინებული.

„დაგეგმილი გვაქვს სულ ორი მაღალი შენობის მშენებლობა. ჩვენი ხედვა არ არის ის, რომ ცათამბჯენები დავდგათ, მწვანეს ირგვლივ ვიმოძრავებთ. იქნება ელექტრომობილები, აქ ტექნიკა საწვავზე არ იმუშავებს. 250-ნომრიანი სასტუმრო იქნება 10-12 სართული და ეს იქნება ყველაზე დიდი შენობა ამ კომპლექსში. ამას საბოლოოდ არ გიდასტურებთ, მაგრამ პირდაპირ გეტყვით, რომ 50-სართულიანი ნამდვილად არ იქნება. დაბალი განაშენიანება იქნება.

ამასთან, ეს არ იქნება რიგითი სპაცენტრი, რომელიც ყველა 5-ვარსკვლავიან სასტუმროს აქვს. ეს იქნება დამოუკიდებელი შენობა, ევროპაში ყველაზე დიდი სპა ცენტრი, რომლის ქვეშაც იქნება 100-ნომრიანი დასასვენებელი კომპლექსი, როგორც რეაბილიტაციისთვის  სპორტული ტრავმებისას. იქნება ქვიშის პროცედურები – მოვიტანთ ქვიშას გავათბოთ და მთელი წლის განმავლობაში იფუნქციონირებს ჩვენი კომპლექსი, ზაფხულის სეზონზე არ იქნება დამოკიდებული,“ – ამბობს „გრინ რეზორტის“ გენერალური მენეჯერი გიორგი შერაზადიშვილი.

„გრინ რეზორტი“ და მისი პარტნიორები

შპს „გრინ რეზორტი“, რეგისტრაციის დროს, როგორც „გოლფ რეზორტი“,  2018 წლის ივნისში დაარეგისტრირეს ლევან შერაზადიშვილმა, სლოვაკეთის მოქალაქემ [კომპანიის წილის 25%-ის მესაკუთრემ და კომპანიის დირექტორმა], ასევე ჩეხეთის მოქალაქეებმა: რედეკ ბრაზდამ [25%] და მარეკ საკიმ [50%].

2018 წლის ოქტომბერში შეიცვალა საფირმო სახელწოდება და ამასთან, მარეკ საკიმ კუთვნილი წილის ნახევარი 1 ლარად მიჰყიდა ასევე ჩეხეთის მოქალაქე რომან ვივოდას. შესაბამისად, „გრინ რეზორტსის“ წილებს დღეს თანაბრად ფლობს ეს ოთხი პიროვნება. კომპანიის დირექტორი კვლავ ლევან შერაზადიშვილია.

ლევან შერაზადიშვილი 50% წილს ფლობს ასევე შპს „ელერ კომპანიში“[იგივე „ელ&ერ კომპანი“, „L & R კომპანია“] და ამავე კომპანიის ერთ-ერთი დირექტორია.

შპს „ელერ კომპანი“ ქობულეთში, აღმაშენებლის #379-ის მიმდებარედ 40-მილიონიანი ინვესტიციის განხორციელებასაც გეგმავს. კომპანია საკუთრებაში გადაცემულ მიწის ნაკვეთზე 240-ნომრიან სასტუმროს ააშენებს, რომელშიც გამაჯანსაღებელი ცენტრი, ღია და დახურული აუზი, საკონფერენციო დარბაზი, სპაცენტრი, რესტორნები და კაფეები განთავსდება.

13 213 კვ/მ ფართობის ნაკვეთს პლაჟთან ახლოს, ორი მესაკუთრე ჰყავს – თავად „ელერ კომპანი“  და „სის ინვესტი“.

„ელერ კომპანის“ წილებს იყოფენ ლევან შერაზადიშვილი [სლოვაკეთი] და რადეკ ბრაზდა [ჩეხეთი], რომელიც „გრინ რეზორტის“ მეწილეცაა. რაც შეეხება „სის ინვესტს“, მისი მესაკუთრე და დირექტორი არის იან ბუბანი [სლოვაკეთი].

„ბათუმელების“ ინფორმაციით, საკუთრებაში გადაცემულ ტერიტორიაზე ინვესტორებმა სამი შენობის მშენებლობის ნებართვა 2018 წლის ზაფხულში მოითხოვეს და მიიღეს კიდეც.

ეს ტერიტორია ახლოსაა იმ ნაკვეთებთან, რომლებიც ახლა „გრინ რეზორტს“ გადაეცა და ფიჭვნარის ზღვისპირა ზოლში, უშუალოდ პლაჟთან მდებარეობს. გიორგი შერაზადიშვილის თქმით, ეს კომპლექსები ცალ-ცალკე იფუნქციონირებენ: „პლაჟთან რა პროექტიცაა,  სახელი არ გვაქვს მოფიქრებული. 240-ნომრიანი სასტუმრო იქნება. ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომელი ბრენდი შემოვა. ამიტომ არ გვინდა სახელი გავაჟღეროთ ჯერჯერობით. ორ წელიწადში გავხსნით მაგ სასტუმროს“.

„ელერ კომპანის“ პროექტი ქობულეთში / რენდერი კომპანიის ვებგვერდიდან

„ჩვენ კონტაქტები გვაქვს ევროპაში, კერძოდ, ყველაზე მეტად ჩეხეთსა და სლოვაკეთში და ეს პროექტი სრულად დაფინანსდება ევროპიდან. ჩვენი პარტნიორები გახლავთ გამოცდილი კომპანიები, რომლებიც დიდი ხანია ამ სფეროში მუშაობენ. ამ კომპანიებს დავაანონსებთ შესაბამის დროს. ამჟამად ამას ვერ გეტყვით. იმას გეტყვით, რომ ჩეხური და სლოვაკური კომპანიები იქნებიან. მათ ძირითადად სასტუმროები აქვთ. რაც ჩვენთან გაკეთდება, მაგალითად, სასტუმრო, ის მართვაში გადაეცემა სასტუმროს გამოცდილ ბრენდს, გოლფის მოედანი – ამ განხრით გამოცდილ ბრენდს,“- განაცხადა „ბათუმელებთან“ გიორგი შერაზადიშვილმა, რომელიც „გრინ რეზორტის“ დირექტორის ლევან შერაზადიშვილის შვილია. 

მისივე თქმით, „გრინ რეზორტის“ ოთხი დამფუძნებლიდან ორმა გააკეთა პროექტი შეკვეთილში: „ეს არის 20 მილიონი ლარის ინვესტიცია. კომპლექსი ხუთ შენობას მოიცავს, აქედან 2 დასრულებულია. ესაა აპარტოტელები ჯამში 115 ნომრით.“  

„ბათუმელები“ შეეცადა გაერკვია ის კომპანიები, რომლებიც „გრინ რეზორტის“ პარტნიორები არიან. მაგალითად, ქობულეთში, პლაჟთან სასტუმროს მშენებლობის პროექტში იპოთეკარი კომპანიაა „ენ ჯი პი ჰოლდინგ ს.რ.ო.“  [სლოვაკეთი].

„ელერ კომპანიმ“ ახალი პროექტის „მწვანე კურორტი“ [იგივე „მწვანე ქალაქი“, რომელიც ქობულეთში უნდა აშენდეს] პრეზენტაცია სამინისტროსთან ხელშეკრულების გაფორმებამდე დაახლოებით სამი თვით ადრე, 2018 წლის 5 დეკემბერს, თბილისში ჩეხეთის საელჩოს შენობაშიც გამართა. 

„ელერ კომპანის“ 2018 წელს გაფორმებული აქვს ასევე ხელშეკრულება აშშ-ში, ნიუ-იორკში რეგისტრირებულ კომპანია CUSHMAN & WAKEFIELD-თან. „ელერ კომპანის“ ინფორმაციით „ორი კომპანია ითანამშრომლებს რამდენიმე სფეროში. CUSHMAN & WAKEFIELD- ის გამოცდილება გამოყენებული იქნება ახალი პროექტების დაგეგმვისას. ამასთან CUSHMAN & WAKEFIELD-ი იქნება „ელერ კომპანის“ ბიზნეს წარმომადგენელი ყველა ქვეყანაში, ჩეხეთისა და სლოვაკეთის გარდა, ასევე უზრუნველყოფს ყველა ტურისტული ობიექტის ფუნქციონირებას“.

„ელერ კომპანისა“ და „გრინ რეზორტის“ გარდა ლევან შერაზადიშვილი წილებს ფლობს [ან სხვადასხვა პერიოდში ფლობდა და იყო დირექტორი] სხვა კომპანიებშიც. მაგალითად, „ჯორჯია გეიმს საფფორთ სერვიზის“, „ლიდერ ტექნიკს“, „ბესტრენტ ჯორჯია“, „სუპერ-ლუქს-სერვისი“, „ევროკომ ინვესტმენტ ჯორჯია“.

სამინისტროსა და კომპანიას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ ქონება არ არის დატვირთული მესამე პირთა უფლებებით. „ბათუმელების“ ინფორმაციით კი, გაყიდულ ტერიტორიაზე გარკვეულ მიწის ნაკვეთებს ქობულეთის მოსახლეობა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით სარგებლობს.

აჭარის მთავრობამ გაითვალისწინა თუ არა რაიმე სახის კომპენსაცია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც აქ მიწის ნაკვეთებს სარგებლობენ? – „ეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის თემაა, რომელიც ადგილზე შესწავლას, რა თქმა უნდა, ექვემდებარება. ხელშეკრულებაში ეს საკითხი არაა, ვინაიდან მიწა აჭარის საკუთრებაა და, შესაბამისად, გადაეცა ინვესტორს. პირდაპირი ვალდებულება არ არის, თუმცა ასეთი ხელშეკრულების დროს ინვესტორი ქმნის სამუშაო ადგილებს, ასაქმებს პიროვნებებს… რაც წერია ხელშეკრულებაში იმით იხელმძღვანელეთ“, – გვითხრა თორნიკე კუჭავამ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.

„აღნიშნული ტერიტორია არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში და კანონმდებლობის შესაბამისად სხვა მოსარგებლეები არ იკვეთება. შესაძლებელია იყოს თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთები, რაც არ უნდა გახდეს ასეთი მსხვილი ინვესტიციის განხორციელების შეფერხების ფაქტორი. აქედან გამომდინარე, ვერანაირი სხვა მოთხოვნა მოსარგებლეების მხრიდან, ვერ იქნება დაკმაყოფილებული“, – გვითხრეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიაში.

ტერიტორია ქობულეთში, რომელიც პირობებით „გრინ რეზორტს“ გადაეცა / ფოტო პროექტის საპრეზენტაციო კლიპიდან
მთავარი ფოტო: „მწვანე ქალაქი“ ქობულეთში / რენდერი / „გრინ რეზორტი“

_______

სტატია მომზადებულია პროექტის ფარგლებში – “სიტყვის თავისუფლების მხარდაჭერა”. პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ამერიკული ფონდი „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ [NED]. არარის აუცილებელი სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.

“ქურდული სამყაროს წევრობაში” ერთ-ერთ ბრალდებულს სასჯელის მოხდა გადაუვადეს

დარბაზი ტაშით შეხვდა მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძის გადაწყვეტილებას – მან ბრალდებული იმედა აბაშიძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

იმედა აბაშიძეს ქურდული სამყაროს წევრობას ედავებოდა გამოძიება. ის სასჯელის მოხდისგან გათავისუფლდა, ვიდრე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური არ გახდება. მან წელიწადში ერთხელ სასამართლოს საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ სამედიცინო დასკვნა უნდა წარუდგინოს.

“გთხოვთ, ციხეს მიხედოთ, ბათუმის ციხეს და რუსთავის… იქ ისევ საშინელება ხდება, წყალიც კი არ აქვთ პატიმრებს…” – უთხრა ჟურნალისტებს პატიმრობიდან გათავისუფლებულმა იმედა აბაშიძემ.

იმედა აბაშიძეს და კიდევ სამ ბრალდებულს: მარად წითელაძეს, ჯამბულ ნაკაშიძეს და ბეჟან დეკანაძეს სასამართლომ არ დაუდასტურა ის, რასაც პროკურატურა ამტკიცებდა. ოთხივე ბრალდებულის შემთხვევაში მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ წარდგენილ ბრალს კვალიფიკაცია შეუცვალა – ბრალდებულებს “ქურდული სამყაროს წევრობის” ნაცვლად, უფრო მსუბუქი მუხლით – “მხარდაჭერისთვის” გაასამართლებენ.

გამოჯანმრთელების შემდეგ, იმედა აბაშიძე 2 წელს გაატარებს ციხეში, მარად წითელაძე ორ წელიწად-ნახევარს, ბეჟან დეკანაძე წელიწად-ნახევარს და 15 დღეს, ხოლო ჯამბულ ნაკაშიძე – ორ წელს.

ამ საქმეზე ზოგიერთმა მოწმემ ჩვენება შეცვალა. მათ სასამართლოს აღარ დაუდასტურეს ის, რაც მანამდე პოლიციაში თქვეს.

“საერთოდ არ არსებობდა დანაშაულის შემადგენლობა. ჩვენ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ,”- გვითხრა ადვოკატმა მზია დიასამიძემ.

ქურდული სამყაროს წევრობისა და ქუჩურ გარჩევებში მონაწილეობის ბრალდებით სამართალდამცველებმა 11 პირი 17 ივლისს ბათუმში დააკავეს. საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულები ემუქრებოდნენ დაზარალებულებს, სცემდნენ და დიდი ოდენობით თანხას სძალავდნენ ქურდული „ობშიაკის“ შესავსებად. პროკურატურის თქმით, ბრალდებულები ბათუმში, გონიოსა და ახალშენში იბარებდნენ დაზარალებულებს და აიძულებდნენ ქურდული „ობშიაკისთვის“ თანხის შეწირვას.

დარბაზი ოვაციებით შეხვდა ქურდული სამყაროს წევრობაში ბრალდებულის გათავისუფლებას

Marika Wveraidze – თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის ტროლი [კვლევა]

მედიის განვითარების ფონდმა დღეს, 8 აპრილს, გამოაქვეყნა კვლევა სახელწოდებით – „სახელისუფლებო ტროლები TBC-ის, არასამთავრობოების და მედიის წინააღმდეგ“. კვლევის მიხედვით, „გამოვლინდა ფეისბუკის 15 პროფილი, რომელიც სხვის იდენტობას იპარავს. 15-დან 11 რუსული სოციალური ქსელების – ოდნოკლასნიკებისა (3) და VKontakte-ს (8) – მომხმარებლების იდენტობას იპარავს, 2 – სერიალის პერსონაჟების, 1 – ფეისბუკ მომხმარებლის, ხოლო 1 – თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის ჟურნალისტისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის“.

კვლევის მიხედვით, ბათუმში რეგისტრირებული არასამთავრობო ორგანიზაციის -„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ტროლი ფეისბუქში დარეგისტრირებული იყო, როგორც Marika Wveraidze. კვლევის გამოქვეყნების შემდეგ ფეისბუქში ეს მისამართი აღარ იძებნება. მარიკო წვერაიძეს მითითებული ჰქონდა, რომ ის ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია. მედიის განვითარების ფონდს ბსუ-ში უთხრეს, რომ ამ სახელისა და გვარის სტუდენტი არც ახლა ჰყავთ და არც წინა წლებში ჰყოლიათ.

„მედიის განვითარების ფონდმა სახელისუფლო ტროლების შესახებ ახალი კვლევა გამოაქვეყნა, რომელიც ცალკეული ჯგუფების წინააღმდეგ წარმოებული კამპანიების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას ისახავს მიზნად. მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა ფეისბუკის 15 პროფილი, რომელთაგან ერთი, კონკრეტულად მარიკა წვერაიძის სახელითა და გვარით ჩვენი ორგანიზაციის ჟურნალისტის იდენტობას იპარავს. ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, “მედიის განვითარების ფონდი” ჩვენს ორგანიზაციასაც დაუკავშირდა და გვინდა აღვნიშნოთ, რომ მსგავსი სახელისა და გვარის პიროვნებას ჩვენთან რაიმე სტატუსით არასდროს უმუშავია“, – აცხადებენ „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლში“.

დღეს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, „გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც ტროლები ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების, ჟურნალისტების და სხვა ფეისბუქმომხმარებლების პოსტების ან ინფორმაციის შინაარსს თავიანთ კომენტარებში ეჭვქვეშ აყენებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ პოსტების ავტორები თავიანთ მოსაზრებებს წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებდნენ“.

თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი – ლოგო

 „სიმაღლის გადასახადი“ – 441 300 ლარი სამ თვეში ბათუმის ბიუჯეტში

2019 წელის სამი თვის მონაცემებით, სპეციალური ზონალური შეთანხმების გაცემისთვის დაწესებული გადასახადის სახით ბათუმის ბიუჯეტში 441 300 ლარი შევიდა. ბათუმის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო პოლიტიკის სამსახურის ინფორმაციით, ეს თანხა, ძირითადად, 2017 -2018 წლებში გაცემული ნებართვების გადასახადის სახით აისახა, ნაწილი კი ადრე გაცემული ნებართვების განახლების შედეგია.

ეს იმას ნიშნავს, რომ ბათუმის კონკრეტულ უბნებში დადგენილ პარამეტრებზე მაღალი შენობები ისევ აშენდება. სპეციალური ზონალური მოსაკრებელი კონკრეტულ ზონაში  k2 კოეფიციენტის – სიმაღლეზე გადასახადს გულისხმობს, რაც k1-ის, ანუ იმ ადგილის ფართობის მიხედვით განისაზღვრება, სადაც შენობა უნდა აშენდეს.

აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ 2019 წლის თებერვალში k2 კოეფიციენტის გაზრდის შესაძლებლობა სამშენებლოდ გათვალისწინებულონკრეტულ პარამეტრებს დაუქვემდებარეს. თუმცა ეს არ გამორიცხავს შესაძლებლობას, რომ ე.წ. სიმაღლის გადასახადის სახით ბიუჯეტში თანხა წლის ბოლომდე გაორმაგდეს, ან გასამმაგრდეს კიდეც. ზუსტ პროგნოზს მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურში ვერ აკეთებენ -„დასათვლელია“.

ასეთი შეთანხმების დადების შემდეგ მშენებელი სამშენებლო მოედანს მაქსიმალურად იყენებს და ადგილი პარკინგისა და გამწვანებისთვის ან საერთოდ არ რჩება, ან ძალიან მცირეა. ამას ემატება ისიც, რომ მშენებლები, ძირითადად, ქალაქის ცენტრით ინტერესდებიან, სადაც  ბევრ ქუჩაზე სახლები ერთმანეთთან იმდენად ახლოსაა, რომ როგორც მზის სხივის გავრცელების, ასევე განიავების პრობლემებიც იქმნება.

k2-განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტია, რომელიც შენობის სიმაღლეს განსაზღვრავს. ბათუმის კონკრეტულ ზონაში კონკრეტული კოეფიციენტია დადგენილი. რეგულაცია, რომელიც ბათუმის საკრებულომ 2013 წელს დაამტკიცა, კონკრეტულ ზონაში დადგენილ ნორმებს გარეთ მშენებლობისთვის ორი ტარიფის გადასახადს ითვალისწინებს: საზოგადოებრივ-საქმიან ზონაში კვადრატულ მეტრზე 315 ლარის გადახდას, ხოლო საცხოვრებელ ზონაში 143 ლარის გადახდას გულისხმობს.

სპეციალური ზონალური შეთანხმება გულისხმობს k2-ის გაზრდაზე მოლაპარაკებას მერიასა და მშენებელს შორის, რომ მერიამ მშენებელს თანხმობა მისცეს, უფრო მაღალი შენობა ააშენოს, ვიდრე იმ კონკრეტულ ზონაშია დაშვებული.

18 აპრილიდან აბიტურიენტების კითხვებს ფეისბუქზე გამოცდების ეროვნული ცენტრი უპასუხებს

11 აპრილს, 15:00 საათზე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ღია კარის დღე გაიმართება.

ცენტრის ინფორმაციით, რეგიონების შემდეგ საინფორმაციო შეხვედრა აბიტურიენტებისათვის თბილისში ჩატარდება.  ცენტრის წარმომადგენლები  აბიტურიენტებს  დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან  2019  წლის გამოცდების შესახებ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 18 აპრილიდან კიდევ ერთ პროექტს იწყებს. კვირაში ერთხელ, ყოველ ხუთშაბათს, ცენტრის facebook – ის გვერდზე აბიტურიენტების დასმულ კითხვებს სხვადასხვა საგნობრივი ჯგუფის ხელმძღვანელები უპასუხებენ.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2019 წელს  ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის  რეგისტრაცია  41 000 – მდე აბიტურიენტმა გიარა.  „7  მაისის 18:00 საათამდე დარეგისტრირებულ აპლიკანტებს   საგამოცდო საგნის შეცვლა, წაშლა, დამატება ან შემოქმედებითი ტურის არჩევა შეეძლებათ. საგანმანათლებლო პროგრამების შეცვლისა და დამატების შესაძლებლობა კი მათ აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით მიეცემათ“.

საბალეტო სკოლა თეატრისა და ბალერონების გარეშე [ვიდეო]

ბათუმის ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის კლასიკური ბალეტის სკოლას  არსებობის ოცწლიანი ისტორია აქვს. თავდაპირველად, როგორც სასწავლებელი, ისე ფუნქციონირებდა და გასცემდა დიპლომებს, შემდეგ კი სკოლის სტატუსი მიიღო და სერტიფიკატებს გასცემს. კურსდამთავრებულს ბალეტის მსახიობის კვალიფიკაცია ენიჭება.

სკოლის მოსწავლეებს არაერთ საერთაშორისო კონკურსზე აქვთ წარმატებები მოპოვებული. მათ შორისაა 16 წლის მარიამ ცინცაძეც, რომელიც საბალეტო სკოლაში რვა წლიდან სწავლობს. სკოლას წელს დაასრულებს. როგორც ამბობს, ძალიან უყვარს თავისი საქმე, თუმცა იმის გამო, რომ ბათუმში  ბალეტის თეატრი არ არის, ზუსტად არ იცის, შეძლებს თუ არა სამომავლოდ ცეკვის გაგრძელებას.

„ბალეტი მარტო ცეკვა არ ას, რიის ჩემთვის ყველაფერია“, – გვეუბნება მარიამი. საბალეტო სკოლაში ის მამამ მიიყვანა. „არ ვიცოდი,  ბალეტი ამდენ შრომას თუ მოითხოვდა. მეგონა, მაშინვე პუანტებზე შევდგებოდი და სცენაზე ვიცეკვებდი, მაგრამ შემდეგ მივხვდი, რომ ეს ასე არ იყო“.

შარშან რიგის ფესტივალზე მესამე ადგილი აიღო. ამბობს, რომ ამ ნომინაციით ამაყობს, რადგან კონკურენცია ძალიან მაღალი იყო. თუმცა მანამდე იყო სხვა წარმატებებიც. „თუ გიყვარს ეს ხელოვნება, მისი ნაწილი უნდა გახდე“, – გვეუბნება მარიამი. გული სწყდება იმის გამო, რომ სკოლაში ბალერონები არ ჰყავთ. „მეწყვილესთან ცეკვა მაინც ძალიან მნიშვნელოვანია და ცეკვასაც უფრო უხდება. კარგი იქნება, ბიჭებიც რომ სწავლობდნენ“, – ამბობს მარიამი.

მისი აზრით, სკოლა იმ დონეზეა განვითარებული, რომ შეუძლია უფრო მეტ ქვეყანაში აჩვენოს თავისი შესაძლებლობა. „მინდა, რომ ბევრმა ბავშვმა გამოსცადოს ის სიამოვნება და ბედნიერება, რასაც დიდ სცენაზე ცეკვა განიჭებს“.

კლასიკური და სახასიათო ცეკვის პედაგოგი – „ბროლის ცერის“ მფლობელი ანი ფირცხალაიშვილი საბალეტო სკოლაში 18 წელია მუშაობს. მისი თქმით, სკოლის მიმართ დაინტერსება არ იკლებს, თუმცა მოზარდებს სტიმულისთვის თეატრი და მეტი გასტროლი სჭირდებათ.

 

ბათუმის ჭაბუკიანის სახელობის საბალეტო სკოლა.
ფოტო: ლელა დუმბაძის

„უცხოეთში რომ გავემგზავროთ, ამის ფინანსური რესურსი სკოლას არ აქვს. მხოლოდ ორჯერ ვიყავით. ერთხელ იტალიაში გაემგზავრა ჩვენი მოსწავლე ია ხუციშვილი, რომელიც ჟიურის წევრს იმდენად მოეწონა, რომ  მასტერკლასებზე მიიწვია და ერთიც რიგაში – მე და ჩემი მოსწავლე ვიყავით, იქაც დაფინანსება მოვიპოვეთ და ისე წავედით“, – გვეუბნება ანი ფირცხალაიშვილი.

პედაგოგის თქმით, კონკურსებში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია მოცეკვავისთვის – გარდა იმისა, რომ საკუთარი შესაძლებლობას წარმოაჩენ, სხვა ქვეყნების გამოცდილებასაც იზიარებ. „ბალერინას შრომას ხშირად მეშახტეს შრომას ადარებენ, იმდენად შრომატევადია ეს პროფესია, ამიტომ როცა ამდენს აკეთებ, გინდა სხვასაც აჩვენო. ამ ბავშვებს ნებისმიერ თეატრში შეუძლიათ ცეკვა გაარძელონ, მათ შორის ევროპის სცენაზეც“, – გვეუბნება პედაგოგი.

ამ დროისთვის სკოლაში 120 ბავშვი სწავლობს. სკოლაში 7-8 წლის ასაკის ბავშვებს იღებენ, თავდაპირველად მოსამზადებელ კლასში, პირველ კლასში კი ის გადავა, ვისაც შესაბამისი მონაცემები აღმოაჩნდება.

მარიამ ცინცაძე რეპეტიციის დროს.
ფოტო: ლელა დუმბაძის

სკოლას  დაარსების პირველ წლებში ბალერონები ანუ ბიჭი მოცეკვავეებიც ჰყავდა, თუმცა თანდათან მათი რაოდენობა შემცირდა. დღეს სკოლაში არც ერთი ბიჭი არ სწავლობს.

პედაგოგის აზრით, საბალეტო სკოლაში ბიჭების არარსებობა გარკვეულ სტიგმებს უკავშირდება. „რატომღაც მიიჩნევა, რომ ბალეტი ნაზი, ქალური პროფესიაა, ასევე ძლიერი სტიგმა მუშაობს ბიჭის სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებით. თუმცა ასე ნამდვილად არ არის, ბალერონი უნდა იყოს ძლიერი ფიზიკურადაც, რადგან პარტნიორი უნდა აიყვანოს ხელში. წლების წინ ხუთი კარგი მონაცემების ბიჭი მოსწავლეებიც მყავდა, თუმცა გარდატეხის ასაკის შემდეგ, „სკოლიდან გაქრნენ“, – გვეუბნება პედაგოგი.

რეპეტიციის დროს

ბალეტი, გარდა შრომისა, მოითხოვს პროფესიისადმი სიყვარულს. „ჩვენ ვცდილობთ ჩავუნერგოთ ეს სიყვარული, თუმცა იმდენად დიდი დატვირთვაა, რომ ყველა ვერ უძლებს. ერთ-ერთ კლასში 12 გოგონა იყო, დარჩა სამი. ვერ გაუძლეს“, – გვეუბნება მასწავლებელი.

მოსწავლეები კლასიკურ ვარიაციებს და თანამედროვე ცეკვებს ამზადებენ.  საკონკურსოდ, ძირითადად, კლასიკური ვარიაციები გააქვთ.

პედაგოგსა და მოსწავლეებს სხვადასხვა ფესტივალსა და კონკურსზე საკმაოდ პრესტიჟული ნომინაციები აქვთ მოპოვებული. სამომავლოდ კიდევ გეგმავენ საერთაშორისო კონკურსებში მონაწილეობას. მაისის ბოლოს კი, საბალეტო სკოლა კიდევ ერთ საერთაშორისო კონკურსზე გაემგზავრება.

„ჩვენ ყველა დავიღალეთ“ – ნატალია ზოიძე დამცავი ზონების დამტკიცების გაჭიანურებაზე

ბათუმის საკრებულოს „ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე, ნატალია ზოიძე პირად საუბარში ამბობს, რომ ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების დამტკიცებასთან დაკავშირებული პრობლემები მის ემოციებზე, ნერვებსა და ჯანმრთელობაზე უკვე აისახა. საკითხი ეხება ბათუმის საკრებულოს მიერ მოწონებულ დოკუმენტს ამ ზონების დადგენის თაობაზე.

კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოში რეკომენდაცია მისცეს მერს, რომ შპს „გეოგრაფიკის“ კვლევაზე დაყრდნობით დადგენილი საზღვრებით იხელმძღვანელოს. ლაშა კომახიძე ამბობს, რომ რეკომენდაციას გაითვალისწინებს, მაგრამ მანამდე შესაძლოა ისევ დოკუმენტის განახლებაზე დაიწყოს მუშაობა, რაც თავისთავად გააჭიანურებს ზონების დამტკიცების პროცესს.

საინტერესოა, საკრებულოს „ოცნების“ უმრავლესობა ისევ მოიწონებს მერის გადაწყვეტილებას, თუ ჰკითხავს მერს: რატომ გაახსენდა დოკუმენტის გრაფიკული ნაწილი მას შემდეგ, რაც წარდგენილის დამტკიცებაზე უარი მიიღო? – ან კიდევ, რამდენ ხანს შეიძლება გაიწელოს ამის გამო დამცავი ზონების დამტკიცების პროცესი? – აქვს თუ არა  საკრებულოს „ოცნების“ უმრავლესობას კითხვები მერთან, ამის შესახებ ფრაქციის თავმჯდომარე, ნატალია ზოიძე გვესაუბრა.

  • ქალბატონო ნატალია, ზონების დამტკიცების საკითხზე თქვენ  გიწევთ ოპონირება და ხშირად ამბობთ, რომ კანონი არ გაძლევდათ უარის თქმის საშუალებას. რას გულისხმობთ ამაში, რომელი კანონის რომელ მუხლს?

ეს საუბარი ეხებოდა „სილქროუდს,“ რამდენადაც მახსოვს. როდესაც ვახსენებ ხოლმე კანონს, ვვაპელირებ გეგმარებითი დავალების მიცემაზე. პირველ ეტაპზე, ნებისმიერ შემთხვევაში – გინდა მახინჯაურის ამბავი იყოს, გინდა „ლუჟკოვის სახლის“ თემა, ან „რივიერა“… მუდმივად ამაზეა საუბარი, რატომ დაეთანხმეთ გეგმარებითი დავალების მიცემასო. მასწავლებელმა რომ დავალება არ მისცეს მოსწავლეს, დაახლოებით ასეთი ამბავია, ეს ხომ მასწავლებლის მოვალეობებში შედის. უფრო ალბათ ხატვის მასწავლებელს შევადარებდი ამ სიტუაციას: როდესაც ბავშვი საუბრობს იდეაზე, კონცეფციაზე, რა თქმა უნდა, მასწავლებელმა უნდა უთხრას, აბა, დამიხატე რა შეიძლება გამოვიდესო. მაგრამ, როცა გრგ-ზეა [განაშენიანების რეგულირების გეგმა] საუბარი, კვლევებს ვავალებთ. ეს არის სპეციალისტების თემები და რომ არ შემეშალოს, ძალიან მარტივად ვიტყვი – ვაძლევთ დავალებას. მათი იდეის განხორციელებას კი ფრთები შეესხმება თუ არა, კვლევების გაცნობის შემდეგ ხდება ნათელი. თუ ამის საშუალება არ მივეცით, ვერასოდეს გავიგებთ, იქ შეიძლებოდა თუ არა აშენებულიყო ეს პროექტი.

რაც შეეხება კულტურული მემკვიდრეობის ზონების საკითხს, ხშირად გვითქვამს და მომიწევს ალბათ ისევ იქედან დაწყება, რომ თუ ჩვენ „გეოგრაფიკის“ დოკუმენტზე გვაქვს საუბარი, ეს არის სარეკომენდაციო დოკუმენტი და ბოლოს იქცევა დამტკიცებულ დოკუმენტად.

  • დოკუმენტი, რომელიც თქვენ მოიწონეთ, ეროვნულმა სააგენტომ დაიწუნა და ურჩია მერიას „გეოგრაფიკის“ დოკუმენტით ეხელმძღვანელა, მაგრამ პროცესი ისევ გაიწელა. თქვენ რას გააკეთებთ ამის დასაჩქარებლად?

დააკვირდით როგორი პასუხი მოვიდა, მე, მართალია, ოფიციალურად ჯერ არ მომსვლია, მაგრამ მერიაში რომ მოვიდა, უცებ გადავიკითხე… იქაც კი არაა ცალსახად და ზუსტად მოწოდებული ინფორმაცია იმის თაობაზე… ჩემთვის მისაღები იქნებოდა ყოფილიყო ძალიან მარტივად განმარტებული, რომ დაუჭირეთ მხარი პირველ ვარიანტს ან  – არა.

  • მეც წავიკითხე სხდომის ოქმი, საბჭოს თხუთმეტი წევრიდან 13-მა უარი უთხრა მერიის მიერ დაკორექტირებულ დოკუმენტს და დასაბუთებულად ისაუბრა იმაზე, რომ „გეოგრაფიკის“ მიერ დადგენილი საზღვრებით უნდა იხელმძღვანელოს მერიამ.

ისტორიული დაცვის ზონას მიეკუთვნოსო… ამოღებული არაა ის ტერიტორია, რადგან ჯერ შესულიც არ ყოფილა, მოდი ასე ვთქვათ… დროზე რომ მოსულიყო რეკომენდაცია „გეოგრაფიკის“ მიერ მომზადებული დოკუმენტი დაამტკიცეთ და მიიღეთო, კითხვითი ნიშნები არ გაჩნდებოდა.

  • გეოგრაფიკის“ დადგენილი საზღვრები კვლევაზე არ არის დაფუძნებული და არ გაქვთ რეკომენდაცია იმაზე, რომ მერია უნდა წავიდეს „გეოგრაფიკის“ მონახაზით?

ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, მერია თუ არ წარადგენს კვლევებზე დაფუძნებულ ვერსიას, უნდა დაეფუძნოს „გეოგრაფიკისრეკომენდებულ დოკუმენტს. მერიამ, რა თქმა უნდა, უნდა ჩაატაროს კვლევები. მანამდეც უნდა ჩაეტარებინა კვლევები და მეტსაც ვიტყვი, რვა თვე რატომ დასჭირდა ეროვნული სააგენტოდან პასუხს? ან სამოქალაქო აქტივისტების ჩართულობა და პრემიერ-მინისტრის სახელზე წერილის გაგზავნა რატომ უნდა დასჭირვებოდა?

  • თუ არ იყო სრულყოფილი დოკუმენტი, მანამდე რატომ არ იფიქრეს ამაზე, ვიდრე მას დასამტკიცებლად გააგზავნიდნენ. რომ დაემტკიცებინათ, მაშინ ეს კითხვები  არ გაგიჩნდებოდათ?

რა თქმა უნდა, გამიჩნდებოდა. მოდით შევხედოთ ამ თემას ასე, გარკვეული გაწერილი პროცედურები უნდა გავიაროთ – როდესაც ახალი დოკუმენტის მიღებაზეა საუბარი, კანონი ითხოვს, რომ მერიის არქიტექტურისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურმა შეიმუშავოს ის. წარმოვიდგინოთ, რომ არ ყოფილიყო „გეოგრაფიკის“ დოკუმენტი, ეს დოკუმენტი მერიის შესაბამის სამსახურს უნდა მოემზადებინა.  ის, რა თქმა უნდა, მაინც შემოვიდოდა საკრებულოში. ამის შემდეგ კი წავიდოდა სააგენტოში იმისათვის, რომ სპეციალისტებს კიდევ ერთხელ შეეფასებინათ. ეს არის არამხოლოდ ბათუმის საკმაოდ სტრატეგიული ნაწილის, არამედ ჩვენი ქვეყნის შემადგენელი ნაწილის თემა.  სწორია, როცა აქ დამუშავებული დოკუმენტი მიდის ცენტრალურ უწყებებში განსახილველად. იმის თქმა მინდა, რომ მე ვიცოდი, რომ ამას ჩემზე უკეთესად განიხილავდნენ ის სპეციალისტები.

  • მიუხედავად ამისა, მაინც ხომ არ გაქვთ განცდა, რომ მეტი ინფორმაცია უნდა მოგეთხოვათ მერიისგან, მაშინ როცა ამ დოკუმენტს იწონებდით?

დიახ და მე უკვე ნაბიჯების გადადგმა გადავწყვიტე ამ თემასთან დაკავშირებით… მე არ მინდა დავასახელო კონკრეტული პირები, მაგრამ, მაგალითად, არქიტექტორთა წრიდან არიან ადამიანები, რომლებმაც ცალსახად მითხრეს, რომ რივიერას ტერიტორია არ უნდა შედიოდეს ისტორიული დაცვის ზონაში. ამიტომ მე გამიჩნდა აზრი, რომ შევქმნა საკონსულტაციო საბჭოს მსგავსი, გამოცდილების მქონე სპეციალისტებით. მართლა რთული დარჩა… ყველას თავისი სიმართლე აქვს.

საერთოდ ვეღარ ხვდები რა არის სწორი – ძალიან ცუდი მემკვიდრეობა გვაქვს. მე ვგულისხმობ თუნდაც საბჭოთა კავშირის დროიდან. არ იქნა და ვერ შევცვალეთ ეს მენტალიტეტი საზოგადოებაში, მიუხედავად იმისა, რომ არიან ისეთი ადამიანებიც… არ მინდა ისე გამომივიდეს მე ჩემს თავსაც ვთვლი ასეთ ადამიანად – დამოუკიდებელი, დემოკრატიული და თავისუფალი აზროვნების ვიყავი ყოველთვის. ოცი წელი სანამ პედაგოგიურ მოღვაწეობას ვეწეოდი ის მიხაროდა, რომ ჩემს მოსწავლეებს ვზრდიდი თავისუფლად მოაზროვნეებად, ასევე განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებზე პატივისმცემელებად.

  • სააგენტო ამბობს, რომ შეიძლება ზონები დამტკიცდეს და პარალელურად იმუშაოს მერიამ მის განახლებაზე, ასევე ზონის შიგნით სამშენებლო სტანდარტის დაწესებაზე… 

მე დიდი მოლოდინი მქონდა, რომ ჩვენ მივიღებდით პირდაპირ პასუხს, იხელმძღვანელეთ „გეოგრაფიკისდოკუმენტითო.

  • მიიღეთ კიდეც ასეთი პასუხი. და მშენებლობის სტანდარტის შემუშავების საკითხი ზონის შიგნით რატომ დადგა ახლა დღის წესრიგში?

ალბათ, უფრო ადრე იყო ეს საკითხი დასაყენებელი, იმის გამო, რომ ძალიან ცუდი სურათი მივიღეთ: არ არსებობდა სამშენებლო სტანდარტები და არც გენერალური განაშენიანების გეგმა. საერთოდ არ არის თამაშის წესები ქალაქში დაცული. არც ემოციებს უნდა ეფუძნებოდეს ადამიანების გადაწყვეტილებები, არც სხვისი გავლენის ქვეშ არ უნდა ექცეოდნენ. ამ ყველაფერს კი უზრუნველყოფს დოკუმენტი, რომელიც ზუსტად გაგიწერს, რა როგორ იქნება სწორი. ასეთ შემთხვევაში ძალიან მარტივია გადაწყვეტილების მიღება – იცი, რომ მოქმედებ კანონის შესაბამისად. როდესაც არ არის ასეთი დოკუმენტი, სწორედ მაშინ იწყება ემოციური ღელვა.

  • ასეთ ვითარებაში, როცა არ გვაქვს დოკუმენტი და დიდ დროს მოითხოვს მისი მომზადება, რატომ არ გინდათ დააჩქაროთ ზონების დამტკიცება, რაც დაიცავს ისტორიული განაშენიანების ნაწილს?

ჩვენ ყველა დავიღალეთ, სუფთა ტექნიკური მხარე ითხოვს იმას, რომ კიდევ ჩატარდეს კვლევები. ხანდახან ვფიქრობ სააგენტოს დოკუმენტთან დაკავშირებით, პირდაპირ პასუხს ველოდი, რომ მოგვწერდნენ – მიიღეთ და დაამტკიცეთო. აქაც კი საორჭოფო პასუხი მივიღეთ.

  • მერი თუ შემოვა საკრებულოში ინიციატივით, „გეოგრაფიკის“ მიერ მომზადებული დოკუმენტის პირველი ვარიანტით, რომ დამტკიცდეს ზონები, განახლებაზე შემდგომში მუშაობის პირობით, მოიწონებთ?

ძნელია ყველას მაგივრად საუბარი.

  • თქვენ პირადად?

დავიბენი, დოკუმენტში, რომელს გულისხმობთ? – მერია თუ შემოიტანს, კვლევებზე იქნება ალბათ დაფუძნებული და, რა თქმა უნდა, დავუჭერთ მხარს. ალბათ არგუმენტირებული იქნება. ახლა არაა არგუმენტირებული.

  • მანამდე ხომ მოიწონეთ, მაშინ რატომ არ გაგიჩნდათ კითხვა, იყო თუ არა არგუმენტირებული. ჩვენ ხომ იმავე დოკუმენტზე ვსაუბრობთ, რომელიც  მთელმა ფრაქციამ მოიწონეთ?

გეთანხმებით, კვლევებთან დაკავშირებული საკითხი არ დაგვიყენებია დღის წესრიგში. ჩვენ იმედი გვქონდა, რომ ამ დოკუმენტებს ვაგზავნიდით კომპეტენტურ ორგანიზაციებში სპეციალისტებთან.

  • ახლაც გააგზავნით

მოკლედ, პროცედურულად მივყვებით, კვლევებზე და არგუმენტებზე  დაფუძნებული დოკუმენტი რომ მოვა, ეს იქნება ჩვენთვის მისაღები.

 

ქობულეთის სოფელ ცეცხლაურში ახალ ნაგავსაყარს თურქული კომპანია ააშენებს

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურში ახალ ნაგავსაყარს თურქული კომპანია Goksin Insaat-ი ააშენებს. ამ კომპანიამ საერთაშორისო ტენდერში გაიმარჯვა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, თურქულ კომპანიასა და შპს „აჭარის ნარჩენების მართვის კომპანიას“ შორის შესაბამის ხელშეკრულებაზე ხელმოწერის ცერემონია ბათუმში, უახლოეს დღეებში გაიმართება.

ცეცხლაურში ახალი სანიტარული ნაგავსაყრის ამოქმედების შემდეგ დაიხურება ბათუმის ნაგავსაყარი, რომელიც მდინარე ჭოროხის შესართავთან, ადლიაში მდებარეობს და არანაირ სტანდარტს არ აკმაყოფილებს.

დოკუმენტების მიხედვით, შპს „აჭარის ნარჩენების მართვის კომპანია“ არის ყოფილი შპს „ჰიგიენა 2009“, რომლის საფირმო სახელწოდება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2019 წლის 25 მარტის ბრძანების საფუძველზე შეიცვალა. ამ კომპანიის 100% წილის მფლობელი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაა, დირექტორი კი – გია ხალვაში.

როგორც „აჭარის ნარჩენების მართვის კომპანიაში“ „ბათუმელებს“ უთხრეს, ის, თუ როდის დაიწყება მშენებლობა და პროექტთან დაკავშირებული სხვა დეტალები, ხელშეკრულების გაფორმების დღეს გახდება ცნობილი.

კომპანია „ჰიგიენა 2009“-ში [დღეს უკვე „აჭარის ნარჩენების მართვის კომპანია“], რომელიც ახალი ნაგავსაყრის შესაბამის პროექტს კურირებს, მშენებლობის დაწყებას 2018 წლის სექტემბერში ვარაუდობდნენ, თუმცა ხელშეკრულება მხოლოდ ახლა ფორმდება.

აჭარის მყარი ნარჩენების პროექტზე მუშაობა 2010 წელს დაიწყო, მაგრამ 7 მილიონი ევრო სესხი და გრანტი სახელმწიფომ ამ დრომდე ვერ აითვისა. ამის გამო სახელმწიფო წლებია ვალდებულების საკომისიოს იხდის.

7 მილიონი ევროდან, რაც ნაგავსაყრის პროექტს უნდა მოხმარდეს, 3 მილიონი ევრო EBRD-ის სესხია, ხოლო 4 მილიონი ევრო – შვედეთის სახელმწიფოს გრანტი.

ამ თემაზე:

ვისზეა დამოკიდებული ბათუმის ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობის დაწყება

5 წლით პატიმრობა – განაჩენი ქურდული სამყაროს წევრობისთვის

5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ: გიორგი შავლიძეს, რამაზ კომახიძეს და ბადრი ქობულაძეს. მათ ქურდული სამყაროს წევრობას ედავებოდა პროკურატურა. გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

“სატელეფონო ჩანაწერებით არ დადგენილა თქვენი კავშირი ქურდულ სამყარსთან, ეს არ იყო მტკიცებულება,”- მიმართა მსჯავრდებულებს მოსამართლემ. მან განმარტა, რომ დადასტურდა როგორც ქურდული სამყაროს წევრობა, ასევე გამოძალვა.

“რატომ გამოვიყენე სასჯელის ყველაზე მსუბუქი ფორმა – გავითვალისწინე ბრალდებულების ასაკი და ქცევა,”- დასძინა მოსამართლემ.

“მოსამართლე თავისი გადაწყვეტილების წინააღმდეგი წავიდა. თუ სატელეფონო ჩანაწერი არ არის მტკიცებულება, მაშინ რით დადგინდა ქურდული სამყაროს წევრობა? მოსამართლე საკუთარი თავის წინააღმდეგი წავიდა,”- აცხადებს ადვოკატი დავით ჯაფარიძე.

კიდევ ერთი ადვოკატის, ზაზა პაპიძის მოსაზრებით კი, მოსამართლე იმ მტკიცებულებას დაეყრდნო, რაც გამოძალვის კუთხით ჰქონდა პროკურატურას სასამართლოში წარმოდგენილი.

საუბარია ავტომანქანაში გადაღებულ ვიდეოზე, სადაც ჩანს, რომ დაზარალებულს სცემენ, ემუქრებიან და თანხის მიტანას აიძულებენ.

“მოსამართლემ ჩათვალა, რომ ამ ვიდეოში ჩანდა ქურდულ სამყაროსთან კავშირიც,”- ამბობს ადვოკატი ზაზა პაპიძე. ის ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს, რადგან სასამართლომ დაცვის მხარის მტკიცებულებები არ გაიზიარა.

ამ საქმეში სატელეფონო ჩანაწერები განსაკუთრებით საინტერესო მას შემდეგ გახდა, როცა ზოგიერთმა მოწმემ  ჩვენება შეცვალა. ჩანაწერების ნამდვილობა კი დაცვის მხარის მიერ ჩატარებულმა ექსპერტიზამ დააყენა ეჭვქვეშ.

დღესვე კიდევ ოთხ პირს გამოუცხადებენ განაჩენს “ქურდული სამყაროს წევრობის საქმეზე” . რამდენიმე დღეში ამ საქმის განხილვა საბოლოოდ დასრულდება, როცა სასამართლო მინდია ლავასოღლის სხვა ოთხ ბრალდებულთან ერთად გამოუტანს განაჩენს.

ქურდული სამყაროს წევრობისა და ქუჩურ გარჩევებში მონაწილეობის ბრალდებით სამართალდამცველებმა 11 პირი 17 ივლისს ბათუმში დააკავეს. საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულები ემუქრებოდნენ დაზარალებულებს, სცემდნენ და დიდი ოდენობით თანხას სძალავდნენ ქურდული „ობშიაკის“ შესავსებად. პროკურატურის თქმით, ბრალდებულები ბათუმში, გონიოსა და ახალშენში იბარებდნენ დაზარალებულებს და აიძულებდნენ ქურდული „ობშიაკისთვის“ თანხის შეწირვას.

ეპარქია აღმოჩენილ ნეშტებთან დაკავშირებით: იქმნება დნმ-ის ბაზები

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია მორიგ განცხადებას აკეთებს ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქ. N 338-ში აღმოჩენილ სამარხთან დაკავშირებით, რომელშიც 150-მდე ადამიანის ნეშტი აღმოჩნდა.

ეპარქიის განცხადებით, სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრები 2016 წლის მაისში დაიწყო და ამავე პერიოდში ამ თემის შესახებ მომზადდა სატელევიზიო სიუჟეტი და დოკუმენტური ფილმი.

„შესაბამისი სახელმწიფო უწყებები თავიდანვე ინფორმირებულები იყვნენ გათხრების შესახებ, მათ გამოგზავნეს გამნაღმველები, რომლებსაც დაევალათ ტერიტორიების გასუფთავება.

XX-ს. ის 30-იან წლებში ეს ადგილი დაუსახლებელი იყო, ადგილობრივ მცხოვრებთა გადმოცემით, მიცვალებულთა ნაშთები(ძვლები) პირველად საბჭოთა დროს სამხედრო ბაზის (საბჭოთა სატანკო ბატალიონი) მშენებლობის პერიოდში აღმოაჩინეს, მაგრამ ეს ინფორმაცია დამალეს.

სამხედრო ბაზის ტერიტორიას არქეოლოგიური გათხრების პროცესში ხშირად სტუმრობდნენ ოფიციალური უწყებების წარმომადგენლებიც. გათხრები მიმდინარეობდა კრიმინალური პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ. სამხედრო ბაზის სიახლოვეს მცხოვრებთა ნაწილი დიდი ინტერესით აკვირდებოდა მიმდინარე სამუშაოებს.

აღსანიშნავია, რომ ყველა თავის ქალას აღენიშნებოდა ტყვიის კვალი კეფის არეში. დახვრეტილთა შორის ქალებიც არიან. სამარხში აღმოჩენილი ნივთები, კერძოდ, XXს-ის 30-იანი წლების საბჭოთა მონეტები ცხადყოფს, რომ ეს სამარხი ეკუთვნოდა არა თურქ ჯარისკაცებს, არამედ საბჭოთა მოქალაქეებს. სამარხებში არ აღმოჩნდა არც ერთი სამხედრო ნივთი, დაღუპულებს სამოქალაქო ფეხსაცმელი და ტანსაცმელი ეცვათ. გარდა ამისა, აღმოჩენილია გულსაკიდი ჯვარი, რაც ცალსახად ადასტურებს საერთო სამარხში ქრისტიანთა ნაშთების არსებობას (და არა თურქი ჯარისკაცების).

დნმ-ის ანალიზის ჩატარება საკმაოდ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, ამიტომ ჯანდაცვის სამინისტროს მონაწილეობით იქმნება დნმ-ს ბაზები, რაც საშუალებას მოგვცემს ნებისმიერ დროს გაკეთდეს ანალიზები და მოიძებნოს დაღუპულთა შთამომავლები.

სამარხეული ინვენტარის, მათ შორის ტყვიების და ტანსაცმლის, შესწავლა სპეციალისტებს თავისუფლად შეუძლიათ“ – აღნიშნულია ეპარქიის განცხადებაში.

განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ 21 აპრილს გაიმართება სამოქალაქო დაკრძალვა, რომელშიც მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი იქნებიან სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენლები.

„სამომავლოდ სახელმწიფო გეგმავს მუზეუმის მოწყობას, სადაც გამოიფინება ფოტო და ნივთიერი მასალა. აქვე აღიმართება მემორიალი, რომელზედაც დატანილი იქნება 1937-38 წლებში ბათუმში დახვრეტილთა სახელები. სამუზეუმო კოლექციის გასამდიდრებლად მივმართავთ გარდაცვლილთა ნათესავებს თხოვნით, მოგვაწოდონ ინფორმაცია და ფოტომასალა თავიანთი დაღუპული წინაპრების შესახებ,“ – აცხადებს ეპარქია.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, გათხრებში არ ყოფილან ჩართული არქეოლოგები, ასევე, უცნობია, რა კვლევები ჩაატარა ეპარქიამ სამარხის შესასწავლად. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარი, ისტორიკოსი ირაკლი ხვადაგიანი ამბობს, რომ ამ საკითხის გარშემო ბევრი კითხვა ჩნდება, მათ შორის: ჩატარდა თუ არა კვლევები, ვინ იმუშავა ამ კვლევებზე და სამარხში ნამდვილად არის თუ არა საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა ნეშტები.

_____________________

მთავარ ფოტოზე: სამარხში აღმოჩენილი ნეშტი. შოთა გუჯაბიძის ფოტო

ამავე თემაზე: 

ისტორიკოსი: სამარხი შეიძლება არა რეპრესირებულების, არამედ თურქი ჯარისკაცების იყოს

ლიბიაში მყოფი ქართველი მეზღვაურების ახლობლები საპროტესტო აქციებს გეგმავენ

ლიბიაში, ქალაქ მისრათაში, გაჩერებული გემის ეკიპაჟის ქართველი წევრების ახლობლებმა დღეს, 8 აპრილს, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადეს, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო არაფერს აკეთებს შინაპატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად.

ქართველი მეზღვაურის, რაულ ტაკიძის ახლობლის, ნარგიზ დიასამიძის თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრო კონსტიტუციას არღვევს.

„ის მუხლები, რომლებიც საქართველოს მოქალაქის ინტერესების დაცვას ითვალისწინებს მსოფლიოს ყველა წერტილში, იგნორირებულია. სახეზეა ყველა უწყების თანამშრომლების მხრიდან გაჭირვებაში მყოფი მოქალაქეების მიმართ გულგრილი დამოკიდებულება.

ჩვენ არ გვჯერა და ვერ ვხედავთ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო პროდუქტიულად იყენებს მის ბერკეტს და არხებს, რადგან ჩვენი მეზღვაურები რამდენიმე თვეა სრულიად უყურადღებოდ არიან მიტოვებული ქვეყანაში, სადაც საომარი მდგომარეობაა და მათი უსაფრთხოებაც არ არის დაცული,“ – ამბობს ნარგიზ დიასამიძე.

ქართველი მეზღვაურების ახლობლები მოითხოვენ, სამუშაო ჯგუფში ჩაერთოს სამოქალაქო არმიის ჯგუფი, რომელსაც  დღეს, 15:00 საათზე, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან დაგეგმილი აქვს საპროტესტო აქცია ლიბიაში მყოფი მეზღვაურების ახლობლებთან ერთად.

„ჩვენ ვითხოვთ, უმოკლეს დროში მოხდეს ქართველი მეზღვაურების საქართველოში გადმოყვანა, რადგან ლიბიაში უკვე პორტი ჩაიკეტა, იყო საომარი შეტაკებები და არიან გარდაცვლილებიც იმ ქალაქში, მისრათში, სადაც მეზღვაურები არიან შინაპატიმრობაში და მეზღვაურ დავით რაზმაძის გარდაცვალების შემდეგ მიმდინარეობს გამოძიება, თუმცა პროცესი ძალიან ნელი ტემპით მიდის“.

ქართველი მეზღვაურების ახლობლები ამბობენ, რომ თუკი საგარეო საქმეთა სამინისტრო არ იმუშავებს ეფექტურად  საქართველოს მოქალაქეების დასაბრუნებლად, ისინი პერმანენტულ საპროტესტო აქციებს დაიწყებენ.

ქართველი მეზღვაურები – რაულ ტაკიძე და მანუჩარ კეკელიძე ლიბიის ქალაქ მისრათაში [Misurata] ქვეყნიდან გაუსვლელობის პირობით არიან გაჩერებული. მათთან ერთადაა სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქე კიდევ 17 მეზღვაური. ყველანი მარშალის დროშის ქვეშ მცურავ გემ MV Dogan Bey -ზე მუშაობდნენ. მას შემდეგ, რაც ამ გემზე 2019 წლის იანვარში ქართველი მეზღვაური, დავით რაზმაძე გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა, ლიბიის სამართალდამცავმა ორგანოებმა გამოძიება დაიწყეს. გემის ეკიპაჟი სრული შემადგენლობით მისრათაში გააჩერეს და ქვეყნიდან გასვლა აუკრძალეს.

აჭარაში შშმ პირებისთვის სტატუსის მინიჭების ახალი სისტემა ინერგება

დღეს, 8 აპრილს, ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“, შშმ პირებისთვის სტატუსის მინიჭების ახალი სისტემის პრეზენტაცია გაიმართა. სისტემა პირველად ინერგება საქართველოში და მისი პილოტი აჭარაში განხორციელდება.

„ახალი სისტემა შესაძლებლობას მოგვცემს, ადამიანი დავინახოთ მისი სტატუსის იქეთ, დავინახოთ რა სჭირდება მას იმისთვის, რომ სრულყოფილად იფუნქციონიროს, იყოს აქტიური, შექმნას დოვლათი და არ იყოს ჩამოკიდებული სოციალური დახმარების სისტემაზე,“- ამბობს „ბათუმელებთან“ საუბარში ქეთევან მელიქაძე, სოციალური კეთილდღეობის პროგრამის ხელმძღვანელი გაეროს ბავშვთა ფონდში.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ქვეყანა შეუერთდა შშმ პირთა უფლებების გაეროს კონვენციას, გაჩნდა საჭიროება იმის, რომ შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანებში დავინახოთ მათი ფუნქციები და გავაძლიეროთ ისინი. „ეს ბევრად უფრო ღირსეული სისტემაა, ვიდრე დღეს არსებული, რადგან ეს სისტემა ხედავს ადამიანს და მის კონკრეტულ საჭიროებებს.

საქართველოში დღეს არ არსებობს ინსტრუმენტი, რომელიც ბავშვის ფუნქციურ შესაძლელობებს შეაფასებდა და ამდენად, ის, რასაც აქ, აჭარაში ვტესტავთ, მთელ საქართველოს გამოადგება,“-ამბობს ქეთევან მელიქაძე.

შშმ პირებისთვის სტატუსის განსაზღვრის ახალი სისტემის პრეზენტაცია ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“.
ფოტო: ლელა დუმბაძის

მისი თქმით, ადამიანის  უნარები დაყოფილია გარკვეულ ფუნქციებად – მხედველობა, სმენა, გადაადგილების ფუნქცია, ემოციური მდგომარეობა, ინტელექტუალური შესაძლებობები და ყველა ამ ფუნქციის მიხედვით ხდება შეფასება, თუ რამდენად კარგად შეუძლია შშმ პირს ყოველგვარი დახმარების გარეშე ფუნქციონირება.

„სისტემა ითვალისწინებს იმას, თუ რაში სჭირდება დახმარება კონკრეტულ პირს, რა უნარი აქვს და რა არა და ამის მიხედვით მოხდეს მისთვის სერვისის მიწოდება,“-გვეუბნება ქეთევან მელიქაძე.

დღეს, 8 აპრილს, ახალი სისტემის საფუძველზე სპეციალისტები აჭარის 6 კლინიკაში შევლენ, რათა ახალი სისტემით გასცენ შშმ პირის სტატუსი. „მოცემულ ეტაპზე უკვე დასრულებულია ფუნქციური შეფასების სპეციალისტების, შემთხვევის მენეჯერების ტრენინგები და იწყება კონცეფტუალიზაციისა და გააზრების პროცესი, რათა ზუსტად გავიგოთ, რა არის საჭირო იმისთვის, რომ ახალი სისტემა ქვეყნის მასშტაბით დაინერგოს“.

304 900 ლარი ბულვარის შადრევნების განათებისთვის – ტენდერი სათადარიგო ნაწილების შესაძენად

ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე არსებული შადრევნებისა და არხების სათადარიგო ნაწილების შესაძენად „ბათუმის ბულვარს“ ბიუჯეტში 304 900 ლარი აქვს გამოყოფილი. სათადარიგო ნაწილების შესაძენად ტენდერი გამოცხადებულია.

სატენდერო პირობების მიხედვით, მაქსიმუმ აღნიშნულ თანხაში, გამარჯვებულმა „ბათუმის ბულვარს“ უნდა მიაწოდოს: შადრევნის განათებისა და წყალმფრქვევის მოდული [თანმდევი მომსახურება-მონტაჟი] – 80 ცალი; ნათურა – 12 ცალი; კვების წყარო – 4 ცალი;  LED ნათურების ფერთა გამის სამართავი პულტი – 4 ცალი; პროექტორის ნათურა – 1 ცალი.

ამ საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან ეტაპობრივად, 60 კალენდარული დღის განმავლობაში.

ტენდერში წინადადებების მიღება 2019 წლის 14 აპრილს დაიწყება და 17 აპრილს დასრულდება.

აჭარაში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 16 ფაქტი გამოვლინდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, აჭარაში 2019 წლის მარტში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 16 ფაქტი გამოვლინდა. ამავე თვეში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მიერ ქვეყნის მასშტაბით სულ გამოვლენილია ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 375 ფაქტი, მათ შორის 22 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულების ნიშნებს შეიცავს.

დეპარტამენტის მონაცემებით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი – 116 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით – 29, იმერეთში – 50, გურიაში – 10, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში – 12, აჭარის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე – 16, მცხეთა-მთიანეთში – 4, შიდა ქართლში – 36, ქვემო ქართლის მასშტაბით – 48, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე კი – 49 ფაქტი დაფიქსირდა.

მარტის თვეში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 5 ფაქტი გამოვლინდა საქართველოს დედაქალაქში.

ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 1135.55 კუბ/მ-დე ხე-ტყე.

ამავე პერიოდში სახერხი საამქროს რეგლამენტის დარღვევის 70 ფაქტი დაფიქსირდა. ამოღებულია 24 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი. მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.

„ბათუმობას“ 190 895 ლარად „მარკა“ ჩაატარებს – ტენდერი ერთი მონაწილით შედგა

„ბათუმობას“ წელს შპს „მარკა“ ჩაატარებს. სწორედ ამ კომპანიამ გაიმარჯვა ბათუმის კულტურის ცენტრის მიერ გამოცხადებულ ტენდერში. ტენდერის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 219 300 ლარი იყო, „მარკამ“ კი 190 895 ლარად შესთავაზა კულტურის ცენტრს „ბათუმობის“ ჩატარება.

შპს „მარკა“ ერთადერთი იყო, რომელმაც ტენდერში მონაწილეობა მიიღო, მას კონკურენტი არ ჰყოლია. „მარკამ“ გაიმარჯვა „ბათუმობის“ ჩასატარებლად გამოცხადებულ ტენდერში შარშანაც. „მარკას“ მესაკუთრე და დირექტორი ირაკლი ღლონტია.

„ბათუმობა“ წელს 28 აპრილს გაიმართება და აღდგომის დღესასწაულს ემთხვევა. ქალაქის სახალხო დღესასწაულის მთავარი სცენა ბულვარის კოლონადასთან იქნება, თეთრი და ცისფერი აფრებით მოირთვება და გამჭვირვალე პოლიკარბონატით გადაიხურება.

საზაფხულო თეატრის შესასვლელში მოეწყობა სცენა, სადაც წარმოდგენილი იქნება მუსკომედიის სპექტაკლი Welcome To Georgia, რომლის დასრულების შემდეგ გაიმართება ბათუმელი ბენდების კონცერტი.

როგორც კულტურის ცენტრში გვითხრეს, წელს „ბათუმობის“ თემატიკაა ბათუმს დამეგობრებული ქალაქები. „ბათუმობაზე“ წარმოდგენილი იქნება ბათუმს დამეგობრებული 28 ქალაქის მთავარი შენობის მაკეტი, ასევე, დამეგობრებული ქალაქების  ნაციონალური ტანსაცმლის ფოტოსტენდი, ტერიტორიაზე დამონტაჟებულ ეკრანებზე კი გავა ამ ქალაქების შესახებ დამზადებული ვიდეომასალა.

„ბათუმობაზე“ გაიმართება ბაზრობა, სადაც ადგილობრივ მეწარმეებსა და კაფე-ბარებს ექნებათ შესაძლებლობა, წარმოადგინონ და გაყიდონ სუვენირები და საკუთარი ნაწარმი.

___________________

მთავარი ფოტო: „ბათუმელები“, გულნარა კაკაბაძე

ამავე თემაზე: 

როგორი იქნება „ბათუმობა“ წელს, 28 აპრილს

ბათუმში ტურისტებისთვის თანხის ჯგუფურად გამოძალვის ბრალდებით 5 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით, 1989 წელს დაბადებული დ.დ. და 1990 წელს დაბადებული ო.ს., ასევე, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი სამი პირი: 1984 წელს დაბადებული რ.ბ., 1988 წელს დაბადებული ზ.ო. და 1994 წელს დაბადებული ი.ქ. დააკავეს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები სხვადასხვა დროს ბათუმში მდებარე ორ კლუბში, სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს სისტემატურად სთხოვდნენ არარსებული მენიუს საფასურს და შეუსაბამოდ დიდ თანხას ახდევინებდნენ. სულ ბრალდებულებმა 8 ტურისტს 2100 ევრო, 5123 ლარი და 10 800 თურქული ლირა გამოსძალეს.“ – აცხადებს შსს

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

რაში ხარჯავს სახელმწიფო აუდიტი 30 მილიონს – აუდიტის აუდიტი  

საქართველოს პარლამენტის დადგენილებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2018-2019 წლების ფინანსური აუდიტის განსახორციელებლად არჩეული იქნა აუდიტორული ფირმა – შპს „დელოიტი და ტუში“.  აუდიტორული შემოწმების სრული ღირებულება კი 317 ათასი ლარით განისაზღვრა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურს დაევალა „დელოიტი და ტუში“-სთან გააფორმოს ხელშეკრულება და ფინანსური აუდიტის ხარჯები გასწიოს საკუთარი ბიუჯეტიდან.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურს 2018 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 14 517 200 ლარი გამოეყო, 2019 წლის ბიუჯეტში კი სამსახურისთვის 16 170 800 ლარია გამოყოფილი. შესაბამისად აუდიტი ორივე წლის ბიუჯეტის, ჯამში 30 მილიონ  688 ათასი ლარის ხარჯვას შეამოწმებს.

მიმდინარე წელს, დაფინანსებასთან ერთად, 14 ადამიანით გაიზარდა აუდიტის სამსახურში დასაქმებულთა რაოდენობაც. ამ სამსახურის 353 თანამშრომლის ხელფასებისთვის კი 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 12 697 300 ლარია გათვალისწინებული [მთლიანი დაფინანსების 78,5%].

რაც შეეხება შპს „დელოიტი და ტუშის“, დოკუმენტების მიხედვით, 2010 წელს ამ შპს-ს 100% წილის მფლობელი იყო კვიპროსში რეგისტრირებული კომპანია „დელოიტ ენდ ტუშ რეგიონალ კონსალტინგ სერვისიზ ლიმიტედ“.

რეესტრის ბოლო, 2019 წლის თებერვლის ამონაწერით კი, შპს „დელოიტი და ტუშის“ მესაკუთრეები არიან:  ჯონ ჯეიმს უილლიამ რობარტს [დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო; შპს-ს წილის 26%-ის მესაკუთრე], „დელოიტი და ტუში რიჯინალ კონსალტინგ სერვისის ლიმითიდ“ [კვიპროსი; 48%] და ჟაკ სტრაიდომ [სამხრეთ აფრიკა. 26%]. კომპანიის დირექტორია ჯონ ედუარდ რობინსონი [დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო].

 

 

 

ბათუმში რამდენიმე საფლავი გაძარცვეს

ბათუმში, ფერიაში მდებარე სასაფლაოზე, რამდენიმე საფლავი გაძარცვეს. ბათუმის მერიის ა[ა]იპ „ბათუმის სასაფლაოების“ ინფორმაციით, ამ დროისთვის ორი საფლავის გაძარცვის ფაქტს ბათუმის საქალაქო პოლიციის მე-5 განყოფილება სწავლობს.

„ჩვენ მოგვმართეს გარდაცვლილების ახლობლებმა და პოლიცია ჩავაყენეთ საქმის კურსში. ე.წ. პანთეონში მდებარე ორი საფლავიდან წაღებულია სპილენძის ბარელიეფები. სხვა ფაქტებიც შეიძლება იყოს, მაგრამ ამ დროისთვის ჩვენთვის უცნობია. ისევ მეპატრონე თუ მოგვმართავს, თორემ დათვალიერებით ძნელია გაიგო მოპარულია თუ არა საფლავიდან რაიმე ნაკეთობა. ფართობიც დიდია, თითქმის 20 ჰექტარი. სასაფლაოს არც დაცვა ჰყავს, ამიტომ ჩვენ პასუხისმგებლობას საფლავების დაცვაზე ვერ ვიღებთ“, – გვითხრა „ბათუმის სასაფლაოების“ ხელმძღვანელმა ავთანდილ ბურკაძემ.

მისივე თქმით, სასურველია სასაფლაოს მიმდებარე გზაზე [სერგი მესხის ქუჩა] და სოფელ ფერიის მხრიდან ვიდეოთვალები დამონტაჟდეს: „მერია საქმის კურსშია ამის შესახებ, მაგრამ შინაგან საქმეთა სამინისტროს გარეშე ეს არ გაკეთდება. დაამონტაჟებენ თუ არა კამერებს და როდის, ვერ გეტყვით“.

 

მთავარი ფოტო: ბათუმის სასაფლაო / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

სარფიდან ქობულეთის ჩათვლით პლაჟებთან ზღვის წყლის შემოწმება მიმდინარე თვეში დაიწყება

ზღვის წყლის ხარისხს მიმდინარე წელს აპრილიდან-ოქტომბრის თვის ჩათვლით შეამოწმებენ. ამ პერიოდში კვარიათში, სარფში „აკვაპარკის“ მიმდებარე და ბათუმის ცენტრალური პლაჟების ტერიტორიებზე, ბარცხანისა და მწვანე კონცხის პლაჟებზე, ასევე, ქობულეთის პლაჟის გასწვრივ ორ წერტილში  – სულ 120 სინჯს აიღებენ.

„ზღვის წყლის შემადგენლობისა და სიწმინდის შემოწმების და ანალიზის ჩატარების“ მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებამ – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველომ გამოაცხადა. ტენდერში გამარჯვებულად კი ამავე სამინისტროს სსიპ ლაბორატორიული კვლევითი ცენტრი გამოცხადდა. სწორედ ეს ლაბორატორია შეამოწმებს ზღვის წყლის ხარისხს.

სატენდერო თანხა 34 400 ლარი იყო. სწორედ ამ ოდენობის თანხაზე გაფორმდება ხელშეკრულება ლაბორატორიულ კვლევით ცენტრთან.

ტენდერის პირობების მიხედვით, ზღვის წყლის შემადგენლობისა და სიწმინდის შემოწმება და ანალიზი მოიცავს შემდეგ მაჩვენებლებს: ლაქტოზა დადებითი ნაწლავის ჩხირები; ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიები; კოლიფაგი; ფეკალური სტრეპტოკოკები [Streptococcus faecaliss]; ოქროსფერი სტაფილოკოკები [Staphylococcus aureus]; და პათოგენები საერთო [მათ შორის სალმონელა].

8-8-ჯერ აიღებენ წყლის სინჯს აპრილში, მაისსა და ოქტომბერში; ხოლო ზღვის სეზონზე – ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით 24-ჯერ ყოველთვიურად.

 

ბათუმში თევზის ფესტივალი გაიმართა [ფოტო]

დღეს, 7 აპრილს, ბათუმში თევზისა და ზღვის პროდუქტების ფესტივალი გაიმართა.

საფესტივალო სივრცე ზღვის პირას, ალი და ნინოს ქანდაკების მიმდებარედ იყო მოწყობილი. სტუმრებს გრილზე შემწვარი თევზისა და ბათუმური ლუდის შეძენის საშუალება ჰქონდათ.

გამოფენილი იყო  ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის ხელნაწერთა ფონდში დაცული, აჭარის რეგიონისათვის დამახასიათებელი თევზეულის ტრადიციული კერძების მომზადების რეცეპტები და გასული საუკუნის შუა წლებში, ბათუმის თევზკომბინატის პროდუქციის ეტიკეტები.

თევზისა და ზღვის პროდუქტების ფესტივალი მესამე წელია ტარდება და მისი გამართვა ბათუმურ ტრადიციად იქცა. ფესტივალის ორგანიზატორები იყვნენ: ორგანული აქვაკულტურის განვითარების ასოციაცია „ფორეჯი“,  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელი, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ბათუმის მერია.

თევზის ფესტივალი ბათუმში ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები
თევზის ფესტივალი ქართული ცეკვების პოპურით საზეიმოდ გაიხსნა
თევზის  ფესტივალი ბათუმში
აჭარის ჯანდაცვის მინისტრი თევზის ფესტივალზე
ბათუმის მერი თევზის ფესტივალზე

ხელნაკეთი ნივთები თევზის ფესტივალზე

ობიექტებს აკრძალული ცელოფნის პარკების გაყიდვისთვის ბათუმში 8 აპრილიდან დააჯარიმებენ

ბათუმის მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტო მარკეტებისა და სხვა სავაჭრო ობიექტების შემოწმება-დაჯარიმებას ორშაბათიდან, 8 აპრილიდან დაიწყებს. საქართველოს კანონმდებლობით, მაღაზიის მესაკუთრე ვალდებულია გაფრთხილებიდან 10 დღის განმავლობაში ამოიღოს ქსელიდან აკრძალული პარკები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის დაჯარიმდება.

მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ქალაქის მასშტაბით ყველა სავაჭრო ობიექტი გაფრთხილებულია, რომ 2019 წლის პირველი აპრილიდან ცელოფნის პარკების რეალიზაციისთვის დაჯარიმდებიან.

ობიექტი, რომელიც უკვე გაფრთხილებულია და ცელოფნის პარკი რეალიზაციაში მაინც ექნება, 500 ლარით დაჯარიმდება. დარღვევის განმეორების შემთხვევაში – 1000 ლარით. ორივე შემთხვევაში აკრძალულ პარკებს ჩამოართმევენ.

2019 წლის პირველი აპრილიდან სავაჭრო ქსელში დასაშვებია მხოლოდ ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკი − ეს არის მთლიანად ან ნაწილობრივ ბიოლოგიური, განახლებადი ნედლეულის საფუძველზე წარმოებული, ბიოდეგრადაციასა და კომპოსტირებას დაქვემდებარებული პარკი, რომელიც აკმაყოფილებს შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს და აქვს შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

საქართველოს კანონმდებლობით, ბიოდეგრადირებად და კომპოსტირებად პარკებზე დატანილი უნდა იყოს შემდეგი სავალდებულო ინფორმაცია:

  • წარწერა − „ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკი“;
  • ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკის მწარმოებელი;
  • ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკის შემადგენლობა.

ბათუმის სავაჭრო ქსელში აკრძალული პარკები დღემდეა რეალიზაციაში. ზოგ მარკეტში ცელოფნის პარკები მუყაოს [ქაღალდის] პარკებით ჩაანაცვლეს [ის არც ისე გამძლეა, თან მომხმარებელს 10 თეთრს ახდევინებენ ერთ პარკში], ზოგიერთ მარკეტში კი ბიოდეგრადირებადი/კომპოსტირებადი პარკებიც გამოჩნდა შესაბამისი წარწერით.

ბიოდეგრადირებადი/კომპოსტირებადი პარკი, რომლის რეალიზაციაც სავაჭრო ქსელში კანონით დაშვებულია

წარწერა − „ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკი“ პარკზე შეიძლება გაკეთდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი შესაბამისობის შეფასება განხორციელებულია უფლებამოსილი შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს მიერ და პარკი შეესაბამება ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს.

თუმცა, სახელმწიფომ ამ დრომდე ვერ უზრუნველყო ისეთი ლაბორატორიის ამოქმედება, სადაც შემოწმდება პარკი არის თუ არა ნამდვილად ბიოდეგრადირებადი და იმ შემადგენლობის, რა ინფორმაციაც პარკზეა დატანილი.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ „შესაბამისი ლაბორატორია არ გვაქვს, თუმცა გვაქვს მოლაპარაკებები გარკვეულ ქვეყნებთან, სადაც არის ასეთი ლაბორატორიები. იქ შესაძლებელია გადავაგზავნოთ ნიმუში და სამ დღეში გვექნება პასუხი. ასე რომ კონტროლის კუთხით დაბრკოლება ამ მხრივ არ იქნება. ჩვენი ლაბორატორიაც 2019 წლის ბოლომდე იქნება გამართული – შესაბამისი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს“.

ამ თემაზე:

ბათუმში მარკეტებს აკრძალული ცელოფნის პარკებისთვის მომავალი კვირიდან დააჯარიმებენ

 

 

ჰაერი 18-მდე, ზღვის წყალი კი 10 გრადუსამდე გათბება – ამინდის პროგნოზი ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 7 აპრილის 21 საათიდან 8 აპრილის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 10- 15მ/წმ-ში;

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში ღამით 3-8, დღისით 13-18 გრადუსი სითბო; მთიან რაიონებში ღამით 0-5 გრადუსი, დღისით 8-13 გრადუსი სითბო.

ზღვის პროგნოზი: სამხრეთ-დასავლეთის ქარი 6-11მ/წმ-ში, უნალექოდ. ხილვადობა კარგი. ტალღის სიმაღლე 2-7 დმ [1-2 ბალი]. ზღვის წყლის ტემპერატურა 10 გრადუსი. ატმოსფერული წნევა 759 მმ ვწყ.სვ.

9 და 10 აპრილს, სინოპტიკოსთა პროგნოზით აჭარაში მოსალოდნელია უნალექო ამინდი.

ბათუმის საფეხბურთო სტადიონის გადახურვა დასრულდა – სახურავი და ფასადი თეთრი იქნება

ბათუმში მშენებარე საფეხბურთო სტადიონის ტრიბუნების გადახურვა დასრულებულია. როგორც შპს „სტადიონში“ გვითხრეს, მცირე დეტალებია დარჩენილი და გადახურვის სამუშაოები დაახლოებით ორ-სამ კვირაში მთლიანად დასრულდება. მოედნის ტრიბუნების გადახურვისთვის გერმანული წარმოების კომპოზიტური მემბრანაა გამოყენებული.

მემბრანა, ოღონდ სხვა ტიპის, იქნება ასევე გამოყენებული სტადიონის გვერდითა ფასადებზე. ამჟამად ფასადზე ლითონის კონსტრუქციების სამონტაჟო სამუშაოები მიმდინარეობს.

სტადიონის სახურავის, ასევე, ფასადის ფერი დარჩება თეთრი. „მემბრანის ქვეშ კი, დამონტაჟდება განათება – საქართველოს დროშის, ასევე, ბათუმისთვის დამახასიათებელი და სხვა ფერებით,“ – გვითხრეს „სტადიონში“.

ბათუმში საფეხბურთო სტადიონს ტენდერში გამარჯვებული შპს „ანაგი“ აშენებს. მშენებლობის პირველ ეტაპზე ყველაზე ბოლოს უნდა დამონტაჟდეს სკამები და მოეწყოს მინდვრის საფარი.

მშენებლობის მეორე ეტაპზე კი, შესასრულებელია გარე ტერიტორიის კეთილმოწყობის, მათ შორის გამწვანების, პარკინგის, ელექტრომომარაგების სისტემისა და განათების, ასევე, IT ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები; უნდა მოეწყოს დაცვისა და უსაფრთხოების სისტემების ინფრასტრუქტურული (საინჟინრო კომუნიკაციების) ქსელები და სხვა.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შპს „სტადიონის“ სატენდერო კომისიამ სტადიონის მშენებლობის მეორე ეტაპის სამუშაოების შესყიდვაზე გამოცხადებულ ტენდერშიც გამარჯვებულად კომპანია „ანაგი“ გამოაცხადა.  „ანაგი“ შპს „სტადიონს“ მეორე ეტაპის სამუშაოების შესრულებას ყველაზე დაბალ ფასად, 20 მილიონ 780 ათას ლარად სთავაზობს. სატენდერო თანხა 21 922 803 ლარი იყო.

კომპანიასთან მეორე ეტაპის სამუშაოების შესრულებაზე ხელშეკრულება ამ დროისთვის გაფორმებული არ არის.

ამ თემაზე:

ბათუმის სტადიონის მშენებლობის მეორე ეტაპზე გამოცხადებულ ტენდერშიც „ანაგმა“ გაიმარჯვა 

ბათუმის მშენებარე საფეხბურთო სტადიონი / 6.04.2019 / ფოტო: შპს „სტადიონი“

ბათუმში, ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე 20 000 მაყურებელზე გათვლილი UEFA-ას IV კატეგორიის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობაზე [პირველი ეტაპი] კომპანია „ანაგთან“ ხელშეკრულება 99 448 408 ლარზეა გაფორმებული [დღგ-ს გარეშე].

მშენებლობის პირველი და მეორე ეტაპები, ანუ მთლიანად საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა, 2020 წლის 15 ოქტომბრამდე უნდა დასრულდეს.

ასეთი იქნება ბათუმის საფეხბურთო სტადიონი [რენდერი]:

ბათუმის სტადიონი / რენდერი

 

საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტება ლიბიაში მყოფ ქართველ მეზღვაურებზე

ლიბიაში მყოფი ორი ქართველი მეზღვაურის ახლობლები საქართველოს ხელისუფლებას, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს და საგარეო საქმეთა სამინისტროს დახმარებას სთხოვენ.

ქართველი მეზღვაურები – რაულ ტაკიძე და მანუჩარ კეკელიძე ლიბიის ქალაქ მისრათაში [Misurata] ქვეყნიდან გაუსვლელობის პირობით არიან გაჩერებული. მათთან ერთადაა სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქე კიდევ 17 მეზღვაური. ისინი ყველანი მარშალის დროშის ქვეშ მცურავ გემ MV Dogan Bey -ზე მუშაობდნენ. მას შემდეგ, რაც ამ გემზე, 2019 წლის იანვარში, ქართველი მეზღვაური, დავით რაზმაძე გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა, ლიბიის სამართალდამცავმა ორგანოებმა გამოძიება დაიწყეს. გემის ეკიპაჟი სრული შემადგენლობით მისრათაში გააჩერეს და ქვეყნიდან გასვლა აუკრძალეს.

ვინ დაიცავს ქართველი მეზღვაურების უფლებებს ლიბიაში? –  ვკითხეთ საზღვაო სააგენტოს, საიდანაც საგარეო საქმეთა სამინისტროში გადაგვამისამართეს. სამინისტროში  აცხადებენ, რომ გამოძიების დეტალებზე ინფორმაციას არ ფლობენ და მათთვის მნიშვნელოვანია როგორც იქ დარჩენილი საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვა, ასევე ის, რომ გამოძიება გაგრძელდეს ხარისხიანად საქართველოს დაღუპულ მოქალაქესთან დაკავშირებით და დაიდოს ობიექტური შედეგი:

„იქედან გამომდინარე, რომ საქმეს იძიებენ ლიბიის სამართალდამცავი სტრუქტურები, რადგან მათი იურისდიქციაა, გამოძიების დეტალებსა და მიმდინარეობაზე ჩვენ, ბუნებრივია, ინფორმაცია ვერ გვექნება. მაგრამ გვაქვს კავშირი ადვოკატთან ჩვენი კონსულის მეშვეობით, რომელიც ეგვიპტიდან ფარავს ლიბიას.

ასევე იყო კონტაქტი კონსულსა და ჩვენს მოქალაქეებს შორის, ვინაიდან საგამოძიებო პროცესები მიმდინარეობს, დეტალებზე საუბრისგან თავს შევიკავებ,  რადგან ეს ეხება ჩვენი მოქალაქის, მეზღვაურის გარდაცვალების საქმეს. მოგეხსენებათ, აქ მთავარი ამოსავალი წერტილია, რომ ხარისხიანად და ობიექტურად წარიმართოს  საგამოძიებო პროცესები და ჭეშმარიტება დადგინდეს. გაუსვლელობის ხელწერილი, მოგეხსენებათ, არ არის პატიმრობა, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და როგორც კი გვექნება სიახლეები ამასთან დაკავშირებით, ბუნებრივია შესაბამისი არხებით ეს ყველაფერი გასაჯაროვდება.“   – ამბობს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ვლადიმერ კონსტანტინიდი.

ლიბიაში რამდენიმე წელია სამოქალაქო ომია. კონფლიქტი პერიოდულად წყნარდება და შემდეგ ახლდება.  საომარი მოქმედებები ქვეყნის დედაქალაქ ტრიპოლთან 5 აპრილს განახლდა. სწორედ ამის გამო შეშფოთდნენ ქართველი მეზღვაურების ახლობლები. ისინი ამბობენ, რომ, მართალია, მეზღვაურები სასტუმროში კარგ პირობებში არიან და ხელფასსაც იღებენ, მაგრამ ქვეყანაში არსებული საომარი მდგომარეობის გამო მათ შესაძლოა საფრთხე დაემუქროთ. მათ არ იციან, რა ბედი ელით მეზღვაურებს, თუ საომარი ვითარება მისრათაშიც შეიქმნება. მისრათა  ტრიპოლიდან, სადაც ამჟამად საომარი ვითარებაა, სამი საათის სავალ გზაზეა.

ლიბიაში მყოფი მეზღვაურების ახლობლები

ლიბიაში მყოფი ქართველი მეზღვაურების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი განმარტავს:

„ჩვენ მუდმივად ვადევნებთ თვალყურს ლიბიაში მიმდინარე პროცესებს,  ქალაქ მისრათაში, სადაც ჩვენი მეზღვაურები იმყოფებიან,  დღეისათვის არ არის საომარი ვითარება. თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ვითარება დაიძაბება, ჩვენ ვართ კავშირში ლიბიის მხარესთანაც და ჩვენი მხრიდან მოხდება შესაბამისი ჩარევა. თუმცაღა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ამოსავალი წერტილი არის ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა ჩვენი მეზღვაურის გარდაცვალებაზე, რათა არ დარჩეს რაიმე კითხვის ნიშნები და გავიგოთ ზუსტი მიზეზები, თუ რასთან გვაქვს საქმე,“ – გამარტავს ვლადიმერ კონსტანტინიდი.

ხულოში მწვანე ტბასთან ინფრასტრუქტურის მოწყობას სამინისტროს 1 მილიონ ლარად სთავაზობენ

ხულოში, მწვანე ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ინფრასტრუქტურის მოწყობას კომპანია „ალიგატორი 1“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 1 მილიონ 29 ათას 970 ლარად სთავაზობს. ეს კომპანია ტენდერში მონაწილეობს, რომელმაც ყველაზე დაბალი ფასი დაასახელა. მონაწილეობენ თუ არა სხვა კომპანიები ტენდერში, ჯერ უცნობია, ვინაიდან ის სამინისტრომ აუქციონის გარეშე გამოაცხადა. სატენდერო თანხა 1 მილიონ 80 ათასი ლარი იყო, კლების ბიჯი კი – 10 ათასი ლარი.

ტენდერი შერჩევა-შეფასების ეტაპზეა და შესაბამისად, „ალიგატორი 1“ ჯერ გამარჯვებულად გამოვლენილი არ არის.

ეს კომპანია არაერთ ტენდერში მონაწილეობს. მაგალითად, „ალიგატორი 1“-მა შეასრულა ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის ახალი შენობის მშენებლობა და რემონტი [ოთხსართულიანი შენობა გორგილაძისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩების გადაკვეთაზე დგას. ეს შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, ის ორსართულიანი იყო, თუმცა ერთი სართული და მანსარდა დააშენეს.]

„ალიგატორი 1“ მონაწილეობდა ასევე ტენდერში, რომელიც „საზოგადოებრივი მაუწყებელს“ ბათუმის სტუდიის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე ჰქონდა გამოცხადებული. სტუდია ფიროსმანის ქუჩაზე, 26-ე სართულზე, უნდა აშენებულიყო.  შპს „ალიგატორი 1“ მაუწყებელს სტუდიის მშენებლობას 800 ათას 228 ლარად სთავაზობდა, თუმცა მას დისკვალიფიკაცია მისცეს.

იმ ტენდერის მიხედვით კი, რომელიც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ გამოაცხადა, მწვანე ტბაზე ნავმისადგომები, ტბასთან კი გზების, ადმინისტრაციული შენობის, ფანჩატურების, ღამის გასათევის, ავტოპარკინგის, საპირფარეშოს, გამწმენდი ნაგებობისა და წყალგაყვანილობის მოწყობაა დაგეგმილი.

სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 2019 წლის პირველ ნოემბრამდე პერიოდში უნდა დასრულდეს, თუმცა მიმწოდებელმა ნავმისადგომებისა და ფანჩატურების მშენებლობა უნდა დაასრულოს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს პირველ აგვისტომდე.

ამ თემაზე ვრცლად:

ხულოში მწვანე ტბასთან ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 1 მილიონამდე ლარი დაიხარჯება

კონკურსი საჯარო ლექციების დასაფინანსებლად

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ „უმაღლესი განათლების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის ფარგლებში საჯარო ლექციების დასაფინანსებლად კონკურსი გამოაცხადა.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სამინისტროში საბუთების მიღება დაწყებულია 2019 წლის პირველი აპრილიდან და გაგრძელდება 20 მაისის ჩათვლით, იმ ღონისძიებების დასაფინანსებლად, რომლებიც ჩატარდება 2019 წლის 20 სექტემბრიდან 10 დეკემბრის  ჩათვლით.

სამინისტროს ინფორმაციით, საჯარო ლექციები გათვალისწინებულია, როგორც სტუდენტების, ასევე ლექტორების, მასწავლებლებისა და საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლებისათვის.

საჯარო ლექციის თემატიკა შეიძლება მოიცავდეს როგორც ზოგადი, ასევე პროფესიული და უმაღლესი განათლების ასპექტებს.

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს.მისამართი: ქ. ბათუმი, ლ. გუდიაშვილის ქუჩა №4. საკონკურსო განაცხადის ფორმა შეგიძლიათ იხილოთ სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე.

„ყველაფერს, რასაც ვაკეთებ, არის ავთენტური“- ინტერვიუ თორნიკე რიჟვაძესთან

„პირადად ვიძიებ შურს“, „ეს სფერო ნარკობიზნესად აქციეს პრაქტიკულად“, „სახაშეები“, „ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის“… – ამ ფრაზების საჯაროდ თქმა თორნიკე რიჟვაძემ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე ყოფნის დროს უკვე მოასწრო. იგი გასული წლის ივლისიდან არის აჭარის მთავრობის თავმჯდომარე. მასთან ინტერვიუს ჩაწერის დროს „ბათუმელების“ ერთ-ერთი კითხვა საჯარო განცხადებებსაც შეეხო: რატომ არჩია მან ეს აგრესიული რიტორიკა, ეს მისი სტილია, თუ მრჩევლების რეკომენდაცია. ინტერვიუში ნახავთ, რა უპასუხა თორნიკე რიჟვაძემ ამ შეკითხვას.

მას ჩვენ ასევე ვესაუბრეთ კულტურულ მემკვიდრეობაზე, ინვესტიციების კლებაზე, „ოცნების ქალაქზე“, ბათუმში მეჩეთის მშენებლობასა და ახალი ცათამბჯენების „რივიერაზე“ აშენებაზე. მას ვკითხეთ იმაზეც, თუ ვინ იგულისხმა „ნარკობიზნესმენად“, როცა მემკვიდრეობის დამცველებზე საუბრობდა. თორნიკე რიჟვაძესთან ინტერვიუ „ბათუმელებმა“ პირველ აპრილს ჩაწერა.

  • ბატონო თორნიკე, ქობულეთში ნახევარმილიარდიანი ინვესტიცია დაანონსეთ. გვითხარით, ვინ არიან ეს ინვესტორები? 

ეს არის საქართველოში დარეგისტრირებული კომპანია და მისი პარტნიორები, ბენეფიციარები არიან ჩეხეთისა და სლოვაკეთის მოქალაქეები. ამ ბიზნესჯგუფის ერთ-ერთ პარტნიორს უკვე აქვს მიმდინარე მშენებლობა ქობულეთში, რომელიც გასული წლის ნოემბერში დავიწყეთ, ეს არის 40-მილიონიანი პროექტი. ძალიან აქტიურად ვმუშაობდით ამ ჯგუფთან. მათ მიიღეს დადებითი საინვესტიციო გადაწყვეტილება და მოხდება მწვანე ქალაქის მშენებლობა ქალაქში. ერთ-ერთ კონკრეტულ პირს ამ ჯგუფიდან აქვს სხვა რამდენიმე ტურისტული ბიზნესი, თუ არ ვცდები, შეკვეთილში მოქმედი სასტუმროები…

ეს არის ყველაზე დიდი ინვესტიცია აჭარაში, რაც აქამდე გვქონია და არის ევროპული ინვესტიცია, ამავე დროს მინიმუმ 500 ადამიანი დასაქმდება. ჩვენ ვსაუბრობთ პრაქტიკულად ახალ ქალაქზე. იქ იქნება ბევრი სპორტულ-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურა…

  • აჭარის ეკონომიკის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, აჭარაში უცხოური ინვესტიციები 5.5 პროცენტით შემცირდა წინა წელთან შედარებით. რამ განაპირობა ეს კლება და რომელია ბოლო წლების მსხვილი ინვესტიცია, რაც შეგიძლიათ დაგვისახელოთ? 

როცა ვსაუბრობთ ინვესტიციებზე, ყოველთვის უნდა ვითვალისწინებდეთ, რომ მასშტაბებს ახასიათებს ციკლურობა. თქვენ იცით, რომ 2013 წელს დაიწყო აჭარაში ყველაზე დიდი ენერგეტიკული პროექტის მშენებლობა.  შესაბამისად, თუ გადახედავთ წლებს, ინვეტიციების შემოდინების კუთხით ენერგეტიკა იყო წამყვანი, დაახლოებით 40-50-პროცენტიანი მაჩვენებელი გვქონდა. ამიტომ ინვესტიციებს ახასიათებს ციკლურობა… შემდეგი თვეების განმავლობაში თქვენ ნახავთ, რომ ჩვენ გვექნება ახალი საინვესტციო პროექტები. კონკრეტულად რა, ახლა ვერ გეტყვით. საბოლოო ჯამში, ხელისუფლების საზრუნავი არის ადამიანი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ხარისხობრივი მაჩვენებელი. ხარიხსობრივ მაჩვენებელში ვგულისხმობ იმას, რომ სარგებელი უნდა რჩებოდეს ადგილზე, ეს უნდა ქმნიდეს დამატებით ღირებულებას… ნახეთ, რამდენი სასტუმროა გაკეთებული, „ქორთიარდი“, „მერიოტი“, რომელიც შენდება. ასევე, თუ ნახავთ „გმირთა ხეივანს“, იქ ნახავთ, რომ დაახლოებით ნახევარმილიარდიანი ლარის პორტფელი არის იქ ჯამში…

თქვენ რა შეგრძნება გაქვთ, როცა გმირთა ხეივანში ჩაივლით, მოგწონთ ის დახურული სივრცე, რომელიც იქ გაჩნდა? მინდა, გკითხოთ: მისაღებია „უსისტემო და ქაოტური“ ინვესტიცია, როგორც ამას ქალაქის დამცველები გეუბნებიან?  

მე არ მაქვს ფუფუნება, შეგრძნებების დონეზე ვაკეთო ანალიზი და მივიღო გადაწყვეტილებები. მე სულ სხვა პასუხისმგებლობა მაქვს… უსისტემო და ქაოტური რომელია გმირთა ხეივანში? მე ვთქვი, რომ დაახლოებით ნახევარ მილიარდზე მეტი საინვეტიციო პორტფელი გაჩნდა იქ. თქვენ მეუბნებით კონტრარგუმენტად იმას, რომ ქაოტური და უსისტემოა მშენებლობა. მთავრობის თავმჯდომარე არის პასუხისმგებელი ყველა ადამიანზე, რომელიც ამ რეგიონში ცხოვრობს, მათ კეთილდღეობაზე. რა თქმა უნდა, ადამიანების გარკვეულ ჯგუფს შესაძლოა არ მოსწონდეს ჩვენი საინვესტიციო პოლიტიკა, თუმცა ჩვენ ამ შემთხვევაში გვერდითი ეფექტების და შეგრძნებების დონეზე ვერ მივიღებთ გადაწყვეტილებას. კიდევ ერთხელ ვამბობ იმ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, რაც ჩვენ გვაკისრია ყველა ადამიანის, ყველა ბავშვის წინაშე.

რაც შეეხება ქალაქმშენებლობას, სიღრმეებში არ ვაპირებ ჩასვლას, ერთადერთი შემიძლია ვთქვა, რომ ქალაქის მუნიციპალიტეტი დგამს აქტიურ  ნაბიჯებს და თუ არსებობს კონრეტული გამოწვევები, ეს არის განგრძობადი, ცოცხალი პროცესი, ქალაქი ცოცხალი ორგანიზმია, ეკონომიკის განვითარებასაც სჭირდება შესაბამისი, საპირწონე გადაწყვეტილებები.

  • საპირწონეა ქალაქის ისტორიული მემკვიდრეობის ან მწვანე საფარის განადგურება?

მოკლედ გიპასუხებთ: სულ რამდენიმე დღის წინ გამოცხადდა სახელმწიფო შესყიდვა ქალქმშენებლობის დოკუმენტის შესყიდვის თაობაზე. დარწმუნებული ვარ, მალე ქალაქს ექნება ხარისხობრივი დოკუმენტი, რომელიც შეძლებს ამ გამოწვევებზე ადეკვატური პოლიტიკის გატარებას.

ვისი ბრალია, რომ აქამდე ბათუმს არ აქვს განაშენიანების გენერალური გეგმა? 

მე არ მიმაჩნია, რომ ბრალეულობებით და ამ ტერმინებით უნდა ვისაუბროთ. ვფიქრობ, ყველა ადამიანს, იქნება ეს ყოფილი მერი თუ მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, ვისაც ხელეწიფებოდა თუნდაც ახლო პერსპექტივაში ამის შემუშავება, გვაქვს ჩვენი პასუხისმგებლობის წილი. ახლა გადადგმულია კონკრეტული ნაბიჯი. დეტალები თუ გაინტერესებთ, შეგიძლიათ მერიას მიმართოთ.

  • „სილქ როუდ ჯგუფის“ პროექტზე მინდა გკითხოთ – „რივიერაზე“ დადგეგმილ მშენებლობაზე. ეროვნულ სააგენტოსთან არსებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს 15 წევრიდან 13 მიიჩნევს, რომ ე.წ. რივიერა ბათუმის ისტორიული დაცვის ზონაში უნდა იყოს. კომპანია ამბობს, რომ კანონს არ არღვევს. თქვენ რა კუთხით ხედავთ პრობლემას? 

ის პროექტი, რომელიც თქვენ ახსენეთ, სანებართვო პროცედურების თვალსაზრისით უნდა აკმაყოფილებდეს ყველა შესაბამის სტანდარტს. გამიჭირდება ტექნიკური საკითხების განხილვა და მჯერა, რომ ყველა ეს პროექტი შესაბამისი იქნება იმ სანებართვო და ქალაქმშენებლობით მოთხოვნებთან, რომელიც ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს ქალაქში მოქმედებს.

  • თუკი გამოვა, რომ მოთხოვნებს აკმაყოფილებს და კანონს არ არღვევს, არ იქნება პრობლემა ცათამბჯენების აშენება „რივიერაზე“? 

ჩვენ, ხელისუფლებას გვაქვს  სხვა პასუხისმგებლობა.

  • მოსახლეობასთან არ გაქვთ ეს პასუხისმგებლობა, რომელიც გეუბნებათ, რომ ჩაცემენტება არ სურს?

ჩაცემენტება და ეს კონკრეტული პროექტი რა შუაშია… მე, როგორც პოლიტიკურად პასუხისმგებელი ადამიანი, რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ ყველა პროექტი უნდა გადიოდეს ყველა ფილტრს და შრეს, რომელიც არის გაწერილი.

  • როცა არ არის გაწერილი კონკრეტული რეგულაციები? – ახლახან ვისაუბრეთ ამაზე, რომ ახლა გამოცხადდა ტენდერი ქალაქმშენებლობის დოკუმენტის შემუშავებაზე…

კონკრეტულ პროექტებთან დაკავშირებით ჩვენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ვერ მივიღებთ. სამართლებრივი სივრცის მიღმა რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, იქნება თუ არა ეს პოლიტიკური განცხადება?

  • თქვენ პოლიტიკური თანამდებობის პირი ხართ. მე მგონია, რომ ინტერვიუს ვწერ პოლიტიკოსთან…

მე კი გეუბნებით, რომ კონკრეტულ კომერციულ პროექტებთან დაკავშირებით კონკრეტულ პოლიტიკურ განცხადებებს და პოლიტიკურ დამოკიდებულებებს, რა თქმა უნდა, მე არ ვავლენ. ეს პროექტები არ არის პოლიტიკური განსჯის საგანი. კონკრეტული პროექტები არის წარმოდგენილი შესაბამისი პროცედურების დაცვით. მე რაც მაქვს ინფორმაცია, მსჯელობს ამაზე შესაბამისი სანებართვო უწყებები.

  • თუ ფიქრობთ, რომ კანონის და კონკრეტული ნებართვის დაცვაა ამოსავალი, წინა ხელისუფლებას რას საყვედურობთ მაშინ? სანებართვო პირობები მაშინაც იყო შეთანხმებული, როცა კონკრეტული ძეგლები ნადგურდებოდა. 

მე ბევრი პრეტენზია მაქვს მიზანშეწონილობის ნაწილში… ჩვენ სხვა ტიპის და სხვა შინაარსის პრეტენზიები გვაქვს იმაზე, რაც კეთდებოდა, ეს ხდებოდა კერძო საკუთრების და ადამიანის ღირსების შელახვის ხარჯზე. 10 ათასამდე ქეისია, როცა კონკრეტულ ადამიანებს კერძო საკუთრების უფლება დაერღვა…

  • მე კულტურულ მემკვიდრეობაზე გკითხეთ…

მესმის, თქვენ საითკენაც მიგყავთ საუბრის ვექტორი. გიფიქსირებთ, ჩემთვის, როგორც რეგიონის ხელმძღვანელისთვის, ძალიან მნიშვლელოვანია ყველა ის ისტორიულ-კულტურული ფასეულობა, რაც ამ ქალაქშია.

  • თქვენ ხართ ამ თანამდებობაზე იმიტომ, რომ დაიცვათ იგივე ისტორიული მემკვიდრეობა. 

კონკრეტულ პროექტებზე კონკრეტულ პოლიტიკურ განცხადებებს ვერ გავაკეთებ, ეს დრო წავიდა, როცა კონკრეტული პროექტები ლაგდებოდა პოლიტიკურად. ამიტომ ვიძახი, რომ არსებობს შესაბამისი კითხვის ადრესატები.

  • თუ ასეა, იგივე კულტურული მემკვიდრეობის დამცველებს რატომ ხვდებით?

ხშირად ერთად ვხდებით ამ საკითხებზე. იმავე წარმატებით შემიძლია ვისაუბრო ზონალური საბჭოს შესახებ, რომელიც ექვემდებარება სამინისტროს, თუ გექნებათ კითხვები, მზად ვარ… თვითმმართველობის საკითხებში მე ვერ ჩავერევი. ჩვენ შეგრძნებების დონეზე, ძალიან დიდი ბოდიში, ვერ ვიმოქმედებთ.

  • ბატონო თორნიკე, შეგიძლიათ შეიტანოთ სიცხადე თქვენსავე განცხადებაში, რაც „ნარკობიზნესადქცეულ სფეროს“ უკავშირდება? 

თუ კარგად დააკვირდებით, ჩემი განცხადებების შემდგომ რამდენიმე პერსონის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, მგონი, საერთო სურათი უკვე გამოიკვეთა. მადლობა, რომ ეს სიმართლე გაცხადდა. ჩემი განცხადება, რა თქმა უნდა, არ ეხებოდა კულტურული მემკვიდრეობის უანგარო დამცველებს და არც მომავალში არ შეეხება. კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ უღრმეს პატივისცემას ამ ადამიანების მიმართ, მათ შორის, ყველა სამოქალაქო აქტივისტის მიმართ, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით იბრძვის იმ უფლებებისთვის და იცავს შეხედულებებს, რომელიც ყველას უნდა ჰქონდეს.

პოლიტიკოსებსაც უნდა ჰქონდეთ შეხედულებები და ამით გამოირჩეოდეს სხვა, უპასუხისმგებლო ადამიანისგან. როცა ერთი ხელით ახდენ აპელირებას და ამის პარალელურად ითხოვ მარცხენა ან მარჯვენა კარებიდან კონკრეტულ პრივილეგიებს… სახელობით სიებს არ დავიწყებ, ეს არის თითზე ჩამოსათვლელი პერსონები. თქვენ თუ კარგად გაანალიზებთ, მიხვდებით, რომ ჩემს განცხადებებს შემდეგ მოჰყვა თუნდაც ბიზნესწრეებიდან რაღაც აბსტრაქტული ზეწოლის ბრალდებები. შეგიძლიათ ნახოთ, რომ ის ადამიანები ბრიფინგებზე ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის სახელით აპელირებდნენ და ეს მანტია ჰქონდათ მოსხმული.

  • საზოგადოებას ხომ აქვს უფლება იცოდეს, ვისზე საუბრობთ? ასე რჩება შთაბეჭდილება, რომ თქვენ მემკვიდრეობის დამცველთა გუნდის დისკრედიტებას ცდილობთ, როცა ნარკობიზნესზე საუბრობთ.

მე მგონი, თქვენ შინაარსობრივად კარგად გაიგეთ, მე რასაც ვგულისხმობდი და რასაც შევადარე ნარკობიზნესი, თქვენ აღქმის პრობლემა არ გაქვთ. 100 პროცენტით ვარ დარწმუნებული, რომ ნარკობიზნესში რასაც ვგულისხმობდი, თუ გნებავთ, ჟარგონზე „ბარიგობას“ ვიტყვი, ამ ფასეულობებით პრაქტიკულად ეს სფერო გახადეს ვაჭრობის საგნად… პატარა ქალაქია და ყველამ ყველაფერი კარგად იცის. პატარა ქალაქში მაგის გარკვევა არ უნდა გაგიჭირდეთ… ყველა ადრესატმა ბოლომდე გაიგო, ვისაც ეს უნდა გაეგო.

ძალიან ვწუხვარ, თუ ნარკობიზნესი პირდაპირი მნიშვნელობით გაიგეთ. პრაქტიკულად ნარკობიზნესად აქციეს-მეთქი, ასე ვთქვი მე. ყველა წინადადებაში, ყველაფერს აქვს თავისი კონტექსტი განმარტების. შეიძლება, წინადადება, რომელიც წარმოვთქვით, იყოს სხვა ისტორიული მნიშვნელობის და სხვა შინაარსის მატარებელი, ვთქვათ, რომელიღაც სხვა საუკუნეში, ასევე, არსებობს ტელეოლოგიური [იდეალისტური მოძღვრება, რომლის მიხედვითაც ყოველი განვითარება არის წინასწარ განსაზღვრული მიზნის განხორციელება – პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა] არსი კონკრეტული წინადადების, ეს ნიშნავს შინაარსის აღქმას. მე სიტყვათწყობაც ზუსტად მახსოვს და ჰაერზე არაფერს ვამბობ.

  • ანუ რეალურად ნარკობიზნესი არ გიგულისხმიათ? 

სერიოზულად მეკითხებით მაგას? ნარკობიზნესი ზუსტი მნიშვნელობით გაიგეთ მაგ სიტყვათწყობაში? პრაქტიკულად ნარკობიზნესად აქციეს-მეთქი, ასე ვთქვი. თუ ვერ გაიგეთ, კიდევ ერთხელ გიმეორებთ, ეს თავისი შინაარსობრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე, გულისხმობს ამ კონკრეტული სფეროს მიმართ „ბარიგულ“ დამოკიდებულებას, სადაც ხდება სპეკულაცია ამ მართლაც ფასეულობის, რაც ძალიან ძვირფასია ამ ქალაქისთვის.

  • იქნებ კონკრეტულად გვითხრათ, ვინ რა სარგებელს იღებს მემკვიდრეობის დაცვით, რა სქემაზე საუბრობთ? 

კონკრეტული ადამიანები ამ ფასეულობას, ამ სენსიტირებას ამოფარებულები ცდილობენ უკანონო პრივილეგიების მიღწევას, თავიანთი ბიზნესების განვითარებას და სხვა სარგებლის მიღებას… კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კონკრეტულ სახელებს ვერ დაგისახელებთ.

  • თქვენ გეკუთვნით ეს ფრაზები: „ნარკობიზნესადქცეული სფერო“, „პირადად ვიძიებ შურს“, „სახაშეები“, „ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის“… რატომ არჩიეთ ეს აგრესიული რიტოროკა საჯარო გამოსვლების დროს? ეს თქვენი სტილია თუ მრჩევლების რეკომენდაციაა? 

ყველაფერს, რასაც ვამბობ და ვაკეთებ, არის ავთენტური, გამოხატავს ჩემს ხასიათს და შეხედულებებს, დამოკიდებულებებს. საზოგადოება შეაფასებს, რა მოეწონება და რა – არა.

  • ბატონო თორნიკე, „ოცნების ქალაქის“ დასახლებიდან რამდენი განაცხადია ამ დროისთვის შემოსული და ამ ოჯახებიდან დაახლოებით რამდენი მიიღებს ბინას? 

1000-ზე მეტი განცხადებაა შემოსული ამ დროისთვის და მუშავდება ადმინისტრაციული წესით, რომ გამოირიცხოს იურიდიული ან ფაქტობრივი შეცდომა. უკვე წარმატებით შედგა შესყიდვა საპროექტო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით. დეტალური პროექტის წარმოდგენის შემდეგ, გადავალთ აქტიურ სამშენებლო ფაზაზე. რაც შეეხება გადანაწილებას, გეტყვით, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, პრიორიტეტულ ჯგუფად ვთვლით ადამიანებს, რომლებსაც არა აქვთ სახლ-კარი. სანამ ყველა განცხადება არ იქნება მიღებული და დამუშავებული, ბუნებრივია, პროცენტობაზე გამიჭირდება საუბარი.

  • აჭარის მთავრობამ სოფელ ვაშლოვანში 72-ბინიანი სოციალური სახლის ასაშენებლად 3 მილიონზე  მეტი ლარი დახარჯა. ამ ციფრებით თუ ვიმსჯელებთ, ყველა ოჯახის უზრუნველსაყოფად, ვინც ახლა „ოცნების ქალაქში“ ცხოვრობს, ამ პროექტს მინიმუმ 80 მილიონი ლარი დასჭირდება. თქვენი გათვლებით, რა დაჯდება „ოცნების ქალაქში“ ახალი საცხოვრებელი კორპუსების აშენება?  

არ ვთვლი, რომ ამ ორი კონკრეტული ობიექტის შედარება სწორია. იქ სხვა გეოგრაფიაა, სხვა ტერიტორია, კლიმატიც სხვა არის და სტანდარტიც, ამას ჩანართად გეუბნებით, ეს ჩემი შეფასებაა. რაც შეეხება თანხებს, პირველ ეტაპზე 10 მილიონი ლარის გამოყოფაა გათვალისწინებული. ეს იქნება პირველი ეტაპი და საბოლოოდ,  ტენდერებში შეიძლება გვქონდეს ეკონომიები. 2019 წელს ეს იქნება 10 მილიონი ლარი. ვნახავთ, რამდენი საცხოვრებელი ფართი იქნება შემოთავაზებული, როგორ იქნება ეს გადანაწილებული და შემდეგ გვეცოდინება. საბოლოო ჯამში. რა თანხაზეა საუბარი. მერწმუნეთ, ამ საქმეს ბოლომდე მივიყვან.

  • საზოგადოების ნაწილს ჰქონდა კრიტიკული შეფასება თქვენს ამ გადაწყვეტილებაზე. მათ დაასახელეს კონკრეტული არგუმენტები, თუ რატომ იქნება საფრთხე იმ მოქალაქეების საცხოვრებლით დაკმაყოფილება სახელმწიფოსგან, რომლებმაც, თავის დროზე, სახელმწიფო ქონება თვითნებურად დაიკავეს. მთავარი არგუმენტი პრეცედენტია, რომელიც თქვენ შექმენით…

ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ამ კონკრეტულ ორგანიზაციებს მარტივი კითხვა მინდა დავუსვა: ჩვენ ვართ ხელისუფლება, რომლის მთავარი ორიენტირი არის ადამიანი, განსაკუთრებით ბავშვები, რა უნდა გვექნა? დაახლოებით 1000 ბავშვი ცხოვრობს იმ დასახლებაში. რა თქმა უნდა, რისკი ყოველთვის არსებობს, მაგრამ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი არის ის 1000 ბავშვი, რომელთა სიცოცხლე ყოველდღიურ რეჟიმში არის საფრთხის ქვეშ, მინიმალური ჰიგიენის პრობლემები და გამოწვევები, რაც არის იქ… ამ შემთხვევაში გულზე ხელის დაკრეფა არის დანაშაული.

  • ადასტურებთ თუ არა იმას, რომ „ოცნების“ ხელისუფლების უმოქმედობით დადგა ეს შედეგი – 2012 წელს იქ დაახლოებით 200 ოჯახი ცხოვრობდა, ახლა – 2 ათასია. უნდა დამდგარიყო თუ არა ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი? 

მე მინდა გკითხოთ: მაშინ ვინ უნდა აგოს პასუხი, როცა ჩვენმა დაქირავებულმა ხელისუფლებამ აჭარაში ორჯერ გაზარდა ბიუჯეტი ბოლო 5 წელიწადში?

  • ამადლით მოსახლეობას, რომ ბიუჯეტი გაიზარდა? 

არა, მაგრამ ამავე კონტექსტში გიპასუხებთ: ხელისუფლება ვალდებულია, ბიუჯეტი გაზარდოს, შეასრულოს… ხელისუფლებას რომ აქვს პასუხისმგებლობა, სწორედ ამიტომ გამონახა რესურსი და მიიღო გადაწყვეტილება.

  • მაგრამ არავის პასუხისმგებლობა არ დამდგარა უმოქმედობის გამო. 

შედეგობრივად იგივე „ქართული ოცნების“ დროს მოგვარდა ეს პრობლემა… პასუხისმგებლობაში რას გულისხმობთ, ვის უნდა ეგო პასუხი? ყველა ჩვენს გადაწყვეტილებაში ყველას აქვს თავისი წილი პასუხისმგებლობა. სამართლებრივი პასუხისმგებლობა რა ჭრილში უნდა დამდგარიყო? მე ვამბობ, რომ ყველას ჩვენი წილი პოლიტიკური პასუხისმგებლობა გვაქვს და ჩემმა წინამორბედებმაც ეს გაიზიარეს. პერსონიფიცირებულად პასუხისმგებლობა დადგება, თუკი არსებობს სამართლებრივი გადაცდომა.

  • ბატონო თორნიკე, ბათუმის მეჩეთზე თქვენი თავდაპირველი განცხადების გამო ბულინგის მსხვერპლი აღმოჩნდით. რამდენიმე დღეში შეცვალეთ პათოსი და თქვით, რომ საზოგადოება უნდა შეთანხმდეს ახალი მეჩეთის აგებაზე. რატომ მოიქეცით ასე – ფეისბუქრეაქციის გამო, თუ მრჩევლების რეკომენდაცია იყოს ეს?

პირველი, რომ ეგრე მარტივად არ ვბულინგდები, ეს ერთი. რაც შეეხება აღნიშნულ საკითხს, ეს არის სიღრმისეული მსჯელობის საგანი და მე ვრჩები იმავე აზრზე, რაც მაშინ განვაცხადე. ყველა გადაწყვეტილება იქნება ისე, როგორც ამ სახელმწიფოს ეკადრება, ისე, როგორც ამას საზოგადოებრივი კონსენსუსი მოითხოვს. რიგი საკითხები, როგორიცაა სამართლებრივი და სანებართვო, რა თქმა უნდა, ეს პროცედურების მიხედვით უნდა გადაწყდეს.

  • მერიასა და მუსლიმ თემს შორის სასამართლო განხილვა შეჩერებულია გაურკვეველი ვადით… თქვენ რატომ მიიჩნევთ, რომ კონსენსუსზე უნდა იყოს დამოკიდებული მუსლიმი თემი? ასე საზოგადოება შესაძლოა ვერასდროს შეთანხმდეს იმაზე, რომ ბათუმს ახალი მეჩეთი სჭირდება. 

მე გავუწიე ერთადერთ ფაქტორს ანგარიში და მას ყოველთვის გავუწევ, რადგან მე სხვა პასუხისმგებლობა მაქვს. ამ განცხადებით პრევენცია გავუკეთე იმ სპეკულაციებს, რომელიც გარკვეულ ჯგუფებს სურდათ… საბედნიეროდ, ამ ქვეყანაში ყველა აღმსარებლობის ადამიანის უფლება არის დაცული. თუ არსებობს კონკრეტული პრობლემა, შეზღუდვა, ეს არის იმ კონკრეტულ კონფესიებთან განსახილველი. ამაში აქტიურადაა ჩართული იგივე რელიგიის სააგენტო. სანებართვო ამბები, ეს არის სასამართლოს კომპეტენცია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია და პატივსაცემია, რომ ყველა რწმენის ადამიანს ჰქონდეს აღმსარებლობის და რელიგიურ რიტუალებში მონაწილეობის საშუალება.

  • როცა ამბობთ, რომ მუსლიმმა ჯგუფმა კონსენსუსს უნდა მიაღწიოს, ეს არ ნიშნავს უკვე იმას, რომ ამ ჯგუფის უფლება ირღვევა? 

მე ვთქვი ადრე და ახლაც ვამბობ, რომ თუ აშენდება, უნდა აშენდეს ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსის საფუძველზე, ისე, როგორც ამ სახელმწიფოს ეკადრება. თუ ეს შეეხება კონკრეტულ საკულტო ნაგებობას, რომელიც შენდება ამ ქვეყანაში დადგენილი წესების შესაბამისად, რა თქმა უნდა, ეს არის მუსლიმი მრევლის უფლება. ეს უფლება არის რეალიზებადი ჩვენს ქვეყანაში. თუ არსებობს ნებართვასთან დაკავშირებული პრობლემა, არსებობს ამაზე მიმდინარე სასამართლო დავა.

იცით თუ არა, რომ თვითონ მუსლიმ მრევლშიც არსებობს კონსენსუსის საჭიროება კონკრეტულ საკულტო ნაგებობის მშენებლობასთან დაკავშირებით? ეს არის კონსენსუსის სტანდარტი, თუ როგორ და რა ფორმით უნდა შენდებოდეს საკულტო ნაგებობა. ნებართვის გაცემის გარეშე ამ ქვეყანაში საკულტო ნაგებობის აგების პრაქტიკა არსებობს? კონკრეტული საკულტო ნაგებობა, იქნება ეს ტაძარი მართლმადიდებლური, მეჩეთი, სინაგოგა თუ სხვა საკულტო ნაგებობა, ამ ქვეყანაში უნდა შემოწმდეს იმ დადგენილი წესების შესაბამისად, რაც ამ ქვეყანაში მოქმედებს.

  • ეს წესები ხომ საერთოა ყველასთვის? 

ეს წესები საერთოა, რა თქმა უნდა.

  • როცა, მაგალითად, მართლმადიდებლები აგებენ ახალ ტაძარს, რატომ არ ამბობთ იმავეს, რომ კონსენსუსია საჭირო, იქნებ წინააღმდეგია ვინმე? 

მუსლიმ თემსაც ჰყავს სამუფთო სამმართველო, ალბათ, იცით ამის თაობაზე. ტაძრების მშენებლობის დროსაც ხდება შესაბამისი პროცედურების დაცვა. მე აქ სანებართვო საკითხებში არ შევალ. ამ შემთხვევაში არსებობს სამუფთო სამმართველო… როცა ვამბობ კონსენსუსს, ვგულისხმობ, რომ თუნდაც შიგნით უნდა იყოს კონსენსუსი, რომ ეს დადგენილი წესის შესაბამისად აშენდეს. ეს განსაკუთრებით ფაქიზი თემაა. აქ ხომ ვერ გამოვა პოლიტიკოსი და არ მიიღებს გადაწყვეტილებას, აქ არის დადგენილი წესები.

 

კომპანია ვალდებულების შეთანხმებულ ვადაში შეუსრულებლობას ბათუმში ენერგოდეფიციტით ხსნის 

კომპანია „სახლი ხეივანში“, რომელიც ბათუმში, ჟიული შარტავას გამზირზე მრავალფუნქციურ კომპლექსს აშენებს, აჭარის მთავრობას სამუშაოების დასრულებისთვის დამატებით ვადას სთხოვს. კომპანია შენობის ექსპლუატაციაში დროულად ვერგაშვების რამდენიმე მიზეზს ასახელებს. მათ შორის ენერგოდეფიციტს, რის გამოც ენერგოკომპანიამ ობიექტს მოთხოვნილი სიმძლავრე ამ დრომდე ვერ მიაწოდა.

კომპანიის მიერ სამინისტროში გაგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ „ენერგო-პრო ჯორჯიასგან“ მიღებული პასუხით, ელექტროგადამცემი ხაზი „ერგე 1“-ის გაძლიერებამდე ვერ მოახდენენ მოთხოვნილი სიმძლავრის მოწოდებას. სავარაუდო ვადას ასახელებენ 2019 წლის 1-ელ ოქტომბერს. მოთხოვნილი სიმძლავრის მოწოდებამდე კი ვერ მოხდება შენობის ექსპლუატაციაში გაშვება“.

„ბათუმელები“ გადამცემი ხაზი „ერგე-1“-ის რეაბილიტაციის საკითხზე „ენერგო-პრო ჯორჯიას“ დაუკავშირდა. როგორც კომპანიის პრესსამსახურში გვითხრეს, „ენერგო-პრო ჯორჯია“ აგრძელებს „ერგე 1“ ხაზის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის სამუშაოების და ეს სამუშაოები ამ დროისთვისაც გრძელდება.

„სავარაუდოდ, ივნისის ბოლომდე „ერგე 1“ ხაზის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქცია დასრულდება, რის შემდეგ ბათუმის ენერგო მომარაგება კიდევ უფრო სტაბილური და ხარისხიანი გახდება. რაც შეეხება ახალ მიერთებებს, სემეკის გადაწყვეტილებით 50 კილოვატამდე ძაბვის მოთხოვნის შემთხვევაში, მათთან შეთანხმებით, შესაძლებელია კომპანიამ შიდა რესურსით მოახერხოს მიერთება. ხოლო რაც შეეხება 50 კილოვატ ძაბვაზე მეტ მოთხოვნას, ამ შემთხვევაშიც სემეკთან კოორდინაციით თანხმდება ვადები, თუ როდის მოხდება მათი ქსელზე მიერთება შესაძლებლობის მიხედვით.“ – მოგვწერეს „ენერგო-პრო ჯორჯიადან“.

„ერგე 1“ გადამცემი ხაზის გაძლიერებას ის მოსახლეობა ეწანააღმდეგებოდა, ვის სახლებთანაც ეს ხაზი ახლოს გადის. როგორ მოგვარდა ეს პრობლემა? – ამ კითხვაზე „ენერგო-პრო ჯორჯიადან“ პასუხი ვერ მივიღეთ.

„სახლი ხეივანში“ ასევე აღნიშნავს, რომ შენობის ფასადის სამუშაოების 90% დასრულებულია. „ფასადის მოწყობა ხდება შეკიდული მინა პაკეტით, რაც მოიცავს ერთმანეთთან დაკავშირებულ მრავალპროფილურ სამუშაოებს. ამავე დროს ზამთრის ამინდიდან გამომდინარე შეგვექმნა გარკვეული შეფერხებები“.

კომპანია „სახლი ხეივანში“ თავის წერილში ასევე მიუთითებს, რომ სახანძრო უსაფრთხოებიდან გამომდინარე 100-ნომრიან სასტუმროსა და აპარტამენტში აუცილებელია სახანძრო უსაფრთხოების სისტემების მონტაჟი, რომლის გარეშეც გამორიცხულია ობიექტის ექსპლუატაციაში მიღება: „სახანძრო უსაფრთხოების სისტემების შემოწმება კი ხდება შსს-ს შესაბამისი სამსახურების მიერ და დაკავშირებულია დამატებით პროცედურებთან და ვადებთან“.

„ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მრავალფუნქციური კომპლექსის ექსპლუატაციაში მიღების გონივრული ვადაა მშენებლობის სრულად დასრულებიდან [2019 წლის 30 ოქტომბრიდან] ორი თვე, ანუ 2019 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდი,“ -აღნიშნულია კომპანიის წერილში, რომლითაც „სახლი ხეივანში“ სამინისტროსთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში შესაბამისი ცვლილებების შეტანას ითხოვს.

ცვლილების შეტანის გარეშე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მშენებლობის ეტაპებსა თუ სხვა ვადების დარღვევის შემთხვევაში ინვესტორს პირგასამტეხლო ეკისრება. პირგასამტეხლოსგან გათავისუფლებისა და ხელშეკრულებებში ცვლილებების შეტანის წესი აჭარის მთავრობამ რამდენიმე დღის წინ დაამტკიცა.

ამ თემაზე ვრცლად:

აჭარაში ინვესტორებს ორ წელში 20 მილიონი ლარის და 2 მილიონი დოლარის ჯარიმა აპატიეს

ბოლო ერთი წლის განმავლობაში ელექტროენერგიის მოხმარება აჭარაში 20%-ით გაიზარდა

მთავარი ფოტო: „სახლი ხეივანშის“ მიერ აშენებული კომპლექსი [მარცხნიდან მეორე] ბათუმში

 

9 აპრილის მემორიალი ბათუმში – 30 წელი ტრაგედიიდან

ბათუმში, ჟიული შარტავას გამზირზე არსებულ გმირთა ხეივანში 9 აპრილის მემორიალის მოწყობა თითქმის დასრულდა. მემორიალის დადგმა ბათუმის მერიას თავდაპირველად ძველ ბულვარში, რუსთაველის უნივერსიტეტის მიმდებარედ ჰქონდა გადაწყვეტილი, თუმცა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ ბულვარში მემორიალის მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უარი განაცხადა.

როგორც დოკუმენტებშია აღნიშნული, სააგენტომ ნებართვის გაცემაზე უარი იმ დროს თქვა, როცა მონუმენტი ბრინჯაოში ჩამოსხმული იყო და მერიის საწყობში ინახებოდა. საბოლოოდ, ბათუმის მერის მრჩეველთა საბჭოს წინადადებით და მერიის გადაწყვეტილებით, მემორიალის განთავსება გმირთა ხეივანში გადაწყდა. ესკიზის ავტორი თეიმურაზ მახარაძეა. ამ თემაზე ვრცლად იხილეთ ბმულზე.

გამორიცხული არაა ამავე ხეივანში დავით აღმაშენებლის ძეგლიც დაიდგას.

წელს, 9 აპრილს, თბილისში 1989 წელს დატრიალებული ტრაგედიიდან 30 წელი შესრულდება.

9 აპრილის მემორიალი ბათუმში / 6.04.2019

ამ თემაზე:

საიდუმლო დოკუმენტი აშშ-ის არქივიდან – “აფხაზეთის პირველი მდივანი გადაყენებულია”

„ჰერეთი“ ბათუმში FM97.3-ზე ახალ რადიომაუწყებლობას იწყებს

რადიო „ჰერეთი“ ახალ, რიგით მეოთხე რადიოსადგურს, რომლის მდებარეობაც ბათუმში იქნება, უახლოეს მომავალში გაუშვებს. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ, სამაუწყებლო კომპანია „ჰერეთს“ ქალაქ ბათუმში, FM97.3-ზე საერთო რადიომაუწყებლობის ახალი ლიცენზია მიანიჭა.

„ჰერეთის“ ინფორმაციით, ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ორი ინსტანციის სასამართლო პროცესი, რომელიც წელიწადნახევრის განმავლობაში გაგრძელდა და „ჰერეთის“ სასარგებლოდ დასრულდა.

„საქმე ეხება კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ, ჩაშლილად გამოცხადებულ კონკურსს „კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად ქ.ბათუმში“, სადაც „ჰერეთთან“ ერთად რადიო „პალიტრაც“ მონაწილეობდა. ახალი კონკურსი კომისიამ იმავე სხდომაზე გამოაცხადა, თუმცა ჩაშლილ კონკურსზე კონკურსანტებს ბიუჯეტში გადახდილი გადასახადები არ ჩაეთვალათ. გარდა ამისა, კონკურსანტებს ხელახლა უნდა წარედგინათ ახალი დოკუმენტაცია. „პალიტრამ“ ახალ კონკურსზე დოკუმენტაცია ხელახლა წარადგინა, „ჰერეთმა“ კი ჩაშლილი კონკურსი გაასაჩივრა.

თბილისის საქალაქო სასამართლოსა და შემდეგ, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას სამაუწყებლო კომპანია „ჰერეთის“ დოკუმენტაციის შესწავლა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების გამოტანა დაევალა.

სამაუწყებლო კომპანია „ჰერეთი“ წარმოადგენს დამოუკიდებელ მედია ჯგუფს საქართველოში, რომელიც 1998 წლის 29 აგვისტოს დაფუძნდა. „ჰერეთმა“ მაუწყებლობა 1998 წელს კახეთში FM 101-ზე, ხოლო ცოტა მოგვიანებით FM 102.8 -ზე განაგრძო. 2015 წლის პირველი სექტემბრდან კომპანიამ დედაქალაქში რადიო თბილისი FM93.5 გაუშვა.

„პაბედას“, რომელიც აუქციონში გამარჯვებულმა აღარ იყიდა, სამინისტრო 600 ლარად ყიდის

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 1953 წელს გამოშვებული „პაბედა“ აუქციონზე გასაყიდად განმეორებით გამოიტანა. საწყისი ფასი კვლავ 600 ლარია. ვაჭრობის ბიჯი 20 ლარი. ელექტრონული აუქციონი 12 აპრილს დასრულდება.

ამ დროისთვის განაცხადს 1541 ნახვა აქვს, ოთხი ბიჯით კი „პაბედას“ გასაყიდი ფასი 680 ლარამდეა გაზრდილი.

წინა აუქციონზე ავტომანქანის გაყიდვის საბოლოო ფასი 12 255 ლარი დაფიქსირდა, თუმცა გამარჯვებულმა „ობო მოტორსიმ“ „პაბედას“ შეძენაზე უარი თქვა.

სამინისტროს ინფორმაციით, ავტომანქანა „GAZ M20 POBEDA“ არამუშა მდგომარეობაშია და ჟანგი აქვს მოდებული. გარდა ამისა, დაზიანებული აქვს სავალი ნაწილი და ძრავი.

აჭარის მთავრობა 1953 წელს გამოშვებულ „პაბედას“ ყიდის

 

ბათუმში ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს

ბათუმი ძალოსანთა ევროპის 50-ე საიუბილეო ჩემპიონატს მასპინძლობს. ჩემპიონატი ბათუმის სპორტის სასახლეში დღეს, 6 აპრილს გაიხსნა. ჩემპიონატში მონაწილეობას 42 ქვეყნის 400-მდე ძალოსანი მიიღებს, სულ გათამაშდება 180 სინჯის მედალი. გარდა ევროპის ჩემპიონის ტიტულისა, ძალოსნები ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულებისთვისაც იბრძოლებენ.

აჭარის მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „პირველობაზე ქართველი და უცხოელი 100-მდე ჟურნალისტია აკრედიტირებული და ჩემპიონატის პირდაპირი ტელეტრანსლაციას Eurosport-ი 40 საათის განმავლობაში 60-მდე ქვეყანაში განახორციელებს. ჩემპიონატი ბათუმში 13 აპრილამდე გაგრძელდება. ჩემპიონატის ფარგლებში ქალაქი 1000-მდე სტუმარს ელოდება“.

გახსნის ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.

ძალოსნობაში ევროპის 50-ე ჩემპიონატის გახსნა ბათუმში / აჭარის მთავრობის ფოტოები

 

ტარიელ ნაკაიძე: ნეშტების გადასვენებაში უნდა ჩაერთონ მუსლიმი სასულიერო პირები

1937-1938 წლებში ბოლშევიკური რეპრესიების დროს ბათუმში დახვრეტილი ადამიანების ნეშტების აღმოჩენასა და მათ 21 აპრილს დაკრძალვაზე ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიერ გავრცელებულ განცხადებას „ქართველ მუსლიმთა კავშირის“ ხელმძღვანელი ტარიელ ნაკაიძე ეხმიანება.

„ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე მან სპეციალური  განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ დახვრეტილების უმეტესობა მუსლიმია, ამიტომაც ნეშტების საპატრიარქოზე გადაცემულ ტერიტორიაზე გადასვენებას ეწინააღმდეგებიან. 

„ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიერ გავრცელებული განცხადებით ცნობილი ხდება, რომ აღნიშნული ნეშტების ამოსვენება შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებით მოხდა ეპარქიის მიერ და დაგეგმილია ა/წ 21 აპრილს, 15:00 საათზე, ბათუმის #3 სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე მათი პატივით დაკრძალვა. აქვე წარმოდგენილია სია, რომლიდანაც ირკვევა, რომ რეპრესირებული ადამიანების უდიდესი ნაწილი არის მუსლიმი. აღნიშნულიდან გამომდინარე დაუშვებელია მუსლიმი ადამიანების სხვა სარწმუნოების წესებით გადასვენება. ამიტომ შესაბამის უწყებებს მოვუწოდებ მათ გადასვენებაში ჩართული იქნენ მუსლიმი სასულიერო პირები. კატეგორიულად ვგმობთ და ვეწინააღმდეგებით საპატრიარქოზე გადაცემულ ტერიტორიაზე მათ გადასვენებას.“ – ნათქვამია განცხადებაში. 

21 აპრილს, ბათუმში, 15:00 საათზე, ბათუმის #3 სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე, 1937-1938 წლებში ბოლშევიკური რეპრესიების დროს ბათუმში დახვრეტილ ადამიანებს ნეშტებს დაკრძალავენ – ამის შესახებ ინფორმაცია ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ 5 აპრილს [18:00] გაავრცელა. 

Exit mobile version