სამინისტრო: წელს არაქართულენოვანი სკოლები ახალ სახელმძღვანელოებს მიიღებენ

განათლების სამინისტრომ სახელმძღვანელოების ბეჭდვაზე ტენდერი გამოაცხადა. 7 მილიონ 790 239 ათასი ლარი დაიხარჯება  I-VI კლასის  1 817 800  წიგნსა და რვეულზე, ასევე, VIII-XII კლასის 355 160 წიგნსა და სასკოლო რვეულზე.

სამინისტროს ინფორმაციით, ახალი სასწავლო წლისთვის განახლებული სახელმძღვანელოები დაიბეჭდება მეშვიდეკლასელებისთვისაც, VIII-XII კლასელები კი ისევ ძველი სახელმძღვანელოებით ისწავლიან.

როგორც საქართველოს განათლების სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, 2019 წელს ახალი სახელმძღვანელოები არაქართულენოვანი სკოლებისთვისაც დაიბეჭდება.

როგორც სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ეკა ლეჟავა ამბობს, ახალი სახელმძღვანელოები არაქართულენოვან სკოლებს პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მიეწოდება. „ეს იქნება განახლებული სახელმძღვანელოები, ახალი ეროვნული გეგმით გათვალისწინებული. სამ ენაზე დაიბეჭდა: სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე. განახლებული იქნება ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოებიც“ – ამბობს ეკა ლეჟავა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის“ ინფორმაციით, 2013 წლის კვლევების მიხედვით, საქართველოში 213 არაქართულენოვანი სკოლა და 77  სექტორია. აქედან 85  სკოლა მთლიანად აზერბაიჯანულენოვანია, 11 – რუსულენოვანი, 117 კი – სომხურენოვანი. ამ სკოლებში, 2014 წლის მონაცემებით, 60 ათასამდე მოსწავლე სწავლობს.

განახლებული სახელმძღვანელოები არაქართულენოვან სკოლებში ჯერ კიდევ გასულ წელს უნდა შესულიყო, თუმცა ტენდერი ჩაიშალა, რის გამოც სახელმძღვანელოები ვერ დაიბეჭდა.

გიგანტური კუ შავ ზღვაში გაუშვეს

გიგანტური კუ, კარეტაკარეტა, გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა შავი ზღვის საქართველოს სანაპირო ზოლში, ბუნებრივ გარემოში გაუშვეს. კუ გადაშენების პირას მყოფ სახეობას მიეკუთვნება.

კუ მარტში ხმელთაშუა ზღვიდან ფოთის სანაპირო ზოლში შემოვიდა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კუს გადაუდებელი რეაბილიტაცია სჭირდებოდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობის, აკვაკულტურისა და წყლის ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტის სპეციალისტების ჩართულობით, შესაბამისი რეაბილიტაციის კურსი კუს სასტუმრო „პარაგრაფის“ ოკეანარიუმის საკარანტინო აუზში ჩაუტარდა.

ამჟამად შავი ზღვის წყლის ტემპერატურა დაახლოებით 20-22 გრადუსია, რაც სპეციალისტების თქმით, სრულიად შესაბამისია კუს საბინადრო გარემოში დასაბრუნებლად. 

გიგანტური კუ. ფოტო: გარემოს დაცვის სააგენტო

ამავე თემაზე: 

ფოთში, სანაპიროზე, გადაშენების პირას მყოფი გიგანტური კუ იპოვეს

600 ათასი ლარი ბსუ-ს კორპუსების სახურავების რეაბილიტაციისთვის

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა I და II კორპუსების სახურავების რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო თანხა 600 ათასი ლარია. პირობის მიხედვით „გამოყენებული უნდა იქნას გალვანიზირებული ქარზნულად შეღებილი ლურჯი ფერის პროფნასტილის და ბრტყელი ფურცლები“.

ნინოშვილის ქუჩა №35-ში მდებარე უნივერსიტეტის პირველი კორპუსის შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

სამუშოები ტენდერში გამარჯვებულმა უნდა უზრუნველყოს ერთიანი ეროვნული გამოცდების დასრულებისთანავე [სავარაუდოდ, 2019 წლის პირველი აგვისტოდან].  სამუშაოების შესრულების ვადაა მათი დაწყებიდან არაუმეტეს 90 კალენდარული დღე.

ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2017 წლის პირველი იანვრიდან ელექტრონული ტენდერის გამოცხადებამდე პერიოდში შესრულებული უნდა ჰქონდეს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის [სახურავების მშენებლობა, რეკონსტრუქცია, რემონტი] სამუშაოები საერთო ღირებულებით არანაკლებ 300 ათასი ლარის ოდენობით.

სარეაბილიტაციო-სამონტაჟო სამუშაოებზე საგარანტიო ვადაა შვიდი წელი; სახურავის ბურულზე – 15 წელი. საგარანტიო ვადის განმავლობაში, მიმწოდებელი ვალდებულია, ბსუ-ს მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში, საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს გამოვლენილი დეფექტის/ნაკლის აღმოფხვრა, შეკეთება ან შეცვლა. საგარანტიო ვადების ათვლა იწყება საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დღიდან. საგარანტიო ვადის განმავლობაში გამოვლენილი ხარვეზის/ნაკლის არაჯეროვნად და არადროულად აღმოფხვრით გამოწვეული ზარალის ანაზღაურების ვალდებულება დაეკისრება მიმწოდებელს.

ტენდერში წინადადებების მიღება 2019 წლის 16 ივნისს დაიწყება და 21 ივნისს დასრულდება.

ბსუ-ს კორპუსები იმ ესკიზის მიხედვით უნდა დაიხუროს, რომელიც თან ახლავს სატენდერო დოკუმენტაციას.

ბსუ-ს სახურავის რეაბილიტაცია – არსებული სიტუაცია და რეაბილიტირებული სახურავი [ფოტომონტაჟი] / წყარო: ესკიზი სატენდერო დოკუმენტაციიდან
მთავარი ფოტო: ბსუ-ს პირველი კორპუსი / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

 

ავარია ბათუმში – ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა

ბათუმში დღეს, 9 ივნისს, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. შემთხვევა გორგასლისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩების კვეთაში მოხდა.

ბათუმის სასწარაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ბრიგადა გამოძახებული იყო შემთხვევის ადგილზე, თუმცა საავადმყოფოში არავინ გადაუყვანიათ,„უმნიშვნელო დაზიანებები აღენიშნებოდათ,“ – გვითხრეს სასწრაფოში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, ამიტომ მოძრაობის წესების დამრღვევი დაჯარიმდება ადმინისტრაციული წესით.

ავარია ბათუმში, გორგასლისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩების კვეთაში / ფოტო „ბათუმელებს“ თვითმხილველმა მოაწოდა

ძველი ბათუმის 6 ფოტო ციფრული ბიბლიოთეკიდან

ბათუმი, დღევანდელი მემედ აბაშიძის ქუჩა. კუთხეში ჩანს სასადილო „პავილიონი“, გაზეთების კიოსკთან კი – რიგია.

ღია ბარათი ბაადურ ქობლიანიძის კოლექციიდან. წყარო: dspace.nplg.gov.ge

ბათუმის ნავსადგური, 1908 წელი.

ფოტო არჩილ ყუფარაძის კოლექციიდან. წყარო: dspace.nplg.gov.ge

ბათუმის ნავსადგური.

დიმიტრი ერმაკოვის ფოტო. წყარო: dspace.nplg.gov.ge

ღამე ბათუმში. ღია ბარათი.

ფოტო ბაადურ ქობლიანიძის კოლექციიდან. წყარო: dspace.nplg.gov.ge

სახლი მარიას [დღევანდელი მემედ აბაშიძის] გამზირზე.

ფოტო მანანა ქუთათელაძის
კოლექციიდან. წყარო: dspace.nplg.gov.ge

_________________

წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ბათუმში პროფესორის კაბინეტი დაარბიეს და წერილი დატოვეს – „ყველაფერი ქარმა გადაყარა“

დღეს, 9 ივნისს, პროფესორ რამაზ სურმანიძეს სამუშაო კაბინეტი მემედ აბაშიძის ქუჩაზე გატეხილი და არეული დახვდა. წიგნები, ფურცლები, საარქივო მასალები, რაზეც რამაზ სურმანიძე მუშაობს, ორ ოთახში იყო მიმოფანტული.

რამაზ სურმანიძე ამბობს, რომ ორი ოთახია დარბეული, თუმცა წაღებული არაფერი არ არის. პროფესორს წერილი დაუტოვეს:

„წერილი დატოვა, კარი დაგრჩენოდა ღია, ქარი იყო წუხელ, ყველაფერი ქარმა გადაყარა და არ გაასაჩივრო, თორემ ცილისწამებისთვის ხუთ წელს მოგისჯიანო. არ ვიცი, ვის შეიძლებოდა გაეკეთებინა ეს, მე პირადი მტერი არ მყავს, მაგრამ საზოგადოებრივ ორგანიზაციებში ვმუშაობ, შეიძლება ვიღაცას რაღაც არ მოეწონა,“ – გვითხრა რამაზ სურმანიძემ.

ადგილზე იმყოფებოდა პოლიციაც. გამოძიება მიმდინარეობს ქურდობის მცდელობის მუხლით.

2021 წელს World Travel Awards-ი შესაძლოა ბათუმში გაიმართოს

აჭარის მთავრობა World Travel Awards-თან მოლაპარაკებას აწარმოებს, რომ საერთაშორისო კონკურსის მასპინძელი რეგიონი 2021 წელს აჭარა, ბათუმი გახდეს.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარის, სულხან ღლონტის თქმით, პირველი შეხვედრა World Travel Awards-ის ორგანიზატორებთან უკვე შედგა:

„გვინდა ჩვენი ქალაქი, ჩვენი ქვეყანა კიდევ ერთხელ მოექცეს ტურიზმის ინდუსტრიისა და მედიის ფოკუსში. ჩვენ გამოვთქვით ამასთან დაკავშირებით მზაობა. პირველი შეხვედრა უკვე შედგა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, შეხვედრას მეც ვესწრებოდი, მიმდინარეობს მოლაპარაკებები და ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილი. პირველ რიგში, დაიგეგმება ორგანიზატორების ვიზიტი ჩვენთან.

ძალიან დიდი ყურადღების ცენტრში მოექცა ბათუმი, მათი ინტერესის სფერო არის კონკრეტული ღონისძიებები, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ. მაგალითად, ახლა,  ერთი თვის განმავლობაში „ბიბისი“, „დოიჩე ველე“ და „ევრონიუსი“ ერთდროულად აშუქებენ აჭარის ტურისტულ პოტენციალს, გადის ბათუმის სარეკლამო მასალები, ვიდეორგოლები. როგორც კი მთავრდება ეს კონტრაქტი,  გაგრძელდება „ნეიშენელ ჯეოგრაფიკთან“. ეს არის ის სტრატეგია, რომელიც ჩვენ 2017 წელს დავიწყეთ. დღეს მთელი მსოფლიოს თანამედროვე ტურიზმის ტენდენციაა, ტრენდად არის ქცეული ის, რომ ყველა, მათ შორის ბიზნესიც, ეძებს ახალ ტურისტულ მიმართულებებს, ფართოვდება არეალი, ეს არის ძალიან დიდი შესაძლებლობა ჩვენთვის. ბოლო წლების ნაბიჯები სწორედ აქეთკენ არის გადადგმული“, – განაცხადა „ბათუმელებთან“ სულხან ღლონტმა.

მისივე თქმით, შეხვედრის შესახებ სხვა დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი. აჭარის დელეგაცია პორტუგალიიდან ხვალ, 10 ივნისს ბრუნდება.

გუშინ, 8 ივნისს, ბათუმმა World Travel Awards-ზე  ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების ტიტული მოიპოვა. 

World Travel Awards-ის დაჯილდოება 1993 წლიდან ტურიზმის ინდუსტრიის ყველა სექტორში საუკეთესო მიმართულებებისა და კომპანიების გამოვლენის მიზნით იმართება.

_____________________

ფოტოზე: აჭარის დელეგაცია World Travel Awards-ის დაჯილდოებაზე. ფოტო: აჭარის მთავრობა 

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს და ხვალ, 9 ივნისის 21 საათიდან 10 ივნისის  21 საათამდე, აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა. ღამით მოსალოდნელია ზოგან ხანმოკლე წვიმა, დღისით კი უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: + 25, +30 გრადუსი
  • ღამით:  +16, +21 გრადუსი

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: + 20, + 25 გრადუსი 
  • ღამით: + 10, + 15 გრადუსი

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს, 11-12 ივნისს, საღამოს და ღამის საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა.

ზღვის წყლის ტემპერატურა + 22 გრადუსია.

____________

ფოტო: „ბათუმელები“, მანანა ქველიაშვილი

სასტუმროები, ავიაკომპანიები, ქალაქები – World Travel Awards-ის 128 გამარჯვებული

8 ივნისს, პორტუგალიაში, არქიპელაგ მადეირაზე გამართულ World Travel Awards-ზე ბათუმმა ჯილდო მიიღო, როგორც ევროპის სწრაფად მზარდმა ტურისტულმა მიმართულებამ.

ამ ნომინაციაში ბათუმთან ერთად წარდგენილნი იყვნენ ქალაქები: სოფია [ბულგარეთი], მატერა [იტალია], ბაქო [აზერბაიჯანი], ლუბლიანა [სლოვაკეთი], კუტნა ჰორა [ჩეხეთი], მოსტარი [ბოსნია ჰერცეგოვინა] და დერი [ჩრდილოეთ ირლანდია].

დაჯილდოების ცერემონია მადეირაზე, ქალაქ ფუნშალში, სასტუმრო Belmond Reid’s Palace-ში გაიმართა, რომელიც ატლანტის ოკეანეს გადაჰყურებს. ცერემონიას ტურიზმის ინდუსტრიის ასობით წარმომადგენელი ესწრებოდა. ღონისძიებაზე დასწრება ფასიანი იყო, ბილეთის ფასი 500-დან 5000 ევრომდე იყო.

აჭარის მთავრობის დელეგაციის წევრებს შორის იყვნენ მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი, ბათუმის მერი ლაშა კომახიძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, აჭარის მთავრობის დელეგაცია დაჯილდოების ცერემონიაზე იმყოფებოდა სპეციალური სტუმრის სტატუსით, როგორც ახალი ტურისტული მიმართულება და ღონისძიებაზე დასასწრებად დელეგაციას თანხა არ გადაუხდია.

ჯამში წელს World Travel Awards-ის 128 ჯილდო გაიცა. დაჯილდოვდნენ საუკეთესო სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები, ავიაკომპანიები, ტურისტული ატრაქციები და ა.შ.

კონფერენციებისა და შეხვედრების მიმართულებით ევროპის წამყვანი მიმართულების ტიტული მადრიდმა [ესპანეთი] მიიღო.

ევროპის წამყვანი სასტუმრო ბრენდის ტიტული მიიღო  Hilton Hotels-მა. მისი კონკურენტები ამ ნომინაცია იყვნენ: Belmond Hotels-ი, InterContinental Hotels & Resorts-ი, Kempinski-ი, Marriott Hotels-ი, Sheraton-ი, Starwood-ი და სხვები.

ევროპის წამყვანი ბიზნესსასტუმროს ბრენდის ჯილდო გადაეცა InterContinental Hotels & Resorts-ს.

ევროპის წამყვანი ონლაინ ტურისტული კომპანია გახდა Booking.com-ი.

ევროპის პირველი კლასის ავიაკომპანიად დასახელდა British Airways-ი, წამყვან ავიაკომპანიად – Turkish Airlines-ი. ჯილდო გადაეცა სხვა ავიაკომპანიებსაც – ევროპის ბიზნესკლასის ავიკომპანიის ტიტული მიიღო Russian Airlines-მა, ეკონომკლასის ავიაკომპანიის ტიტული კი – Swiss International Air Lines-მა.

ევროპის წამყვანი აეროპორტის ტიტული წელს ციურიხის აეროპორტმა მიიღო, ევროპის წამყვანი აეროპორტის სასტუმროს ჯილდო კი „ჰილტონმა“, რომელიც ლონდონში, ჰითროუს აეროპორტში მდებარეობს.

ევროპის წამყვანი საზღვაო მიმართულების ჯილდო მიიღო ალგარვიმ [პორტუგალია]; წამყვანი All-Inclusive კურორტის ნომინაციაში გამარჯვებული გახდა Pestana Porto Santo All Inclusive Beach & Spa Resort [პორტუგალია]; 1019 წლის ევროპის წამყვანი კაზინო – Kempinski Grand Hotel Des Bain-ი [შვეიცარია].

ევროპის ქალაქებში წამყვანი მიმართულების ჯილდო მიიღო სანკტ-პეტერბურგმა [რუსეთი]. ამ ნომინაციაში  მისი კონკურენტები იყვნენ: ამსტერდამი, ბერლინი, პარიზი, რომი, ვენეცია, ვენა, ლისაბონი, ჟენევა და მოსკოვი.

ევროპის წამყვანი ქალაქის სასტუმროს ნომინაციაში გაიმარჯვა Conrad Istanbul Bosphorus-მა [სტამბული, თურქეთი].

ევროპის წამყვანი საკრუიზო მიმართულების ჯილდო წელს ვენეციამ მიიღო [იტალია].

სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულთა ვინაობა შეგიძლიათ ნახოთ World Travel Awards-ის ვებგვერდზე.

World Travel Awards-ი წელს 26-ედ გაიმართა. კონკურსი 1993 წელს დაარსდა დიდ ბრიტანეთში. იგივე ყოველწლიურად ტარდება და გამარჯვებულები ხმის მიცემით ვლინდება.

 

ბათუმი „World Travel Awards“-ის მფლობელი გახდა

ბათუმმა  ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების ტიტული მოიპოვა.

„World Travel Awards“-ის ჯილდოს მფლობელი პორტუგალიაში, მადეირაზე  გამოვლინდა. მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრიის ჯილდოს მისაღებად ბათუმს კონკურენციას  სოფია, მატერა, ბაქო, ლუბლიანა, კუტნა ჰორა, მოსტარი და დერი უწევდა.

ბათუმისთვის ხმის მიცემა 28 აპრილამდე  ნებისმიერ მსურველს ღონისძიების ოფიციალურ საიტზე  შეეძლო. მადეირაზე დაჯილდოების ცერემონიას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი მთავრობის დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად დაესწრნენ.

სცენაზე ჯილდოს მისაღებად აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი ავიდა

,,World Travel Awards” დაჯილდოება 1993 წლიდან სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიის ყველა სექტორში საუკეთესო მიმართულებებისა და კომპანიების გამოვლენისა და დაჯილდოების მიზნით იმართება.

ჯილდოებაზე ასობით ნომინაცია და ათასობით ნომინანტი კონტინენტებისა და ქვეყნების მიხედვით სხვადასხვა კატეგორიაშია გადანაწილებული. მათ შორისაა: წამყვანი სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები, ტურისტული ატრაქციები, მიმართულებები, ტუროპერატორები, ასევე, საზღვაო, საგზაო, საჰაერო ტრანსპორტის კომპანიები.

4 დღის განმავლობაში ბათუმისა და ხელვაჩაურის გარკვეულ უბნებს დენის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯია“ აცხადებს, რომ იწყებს მაღალი ძაბვის ქვესადგურ „ბათუმი 1“-ის რეკოსტრუქცია-რეაბილიტაციას. სამუშაოების პირველი ეტაპი 4 დღის განმავლობაში განხორციელდება, რის გამოც, გარკვეულ დასახლებებსა და უბნებში აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

მუშაობის პროცესში, 9 ივნისიდან 12 ივნისის ჩათვლით, დილის 05:00 საათიდან 09:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება:

დაბების – მახინჯაურისა და ჩაქვის აბონენტებს, ასევე, მიმდებარე სოფლებს;

თამარის, ბარცხანის, ბონისა და გოროდოკის დასახლებებს;

ხელვაჩაურის რაიონის სოფლების: ორთაბათუმის, ყოროლისთავის, აგარისა და კაპრეშუმის აბონენტებს.

კომპანიის განცხადებით „მოძველებული მოწყობილობები გამოიცვლება ახალი, თანამედროვე ტიპის მოწყობილობებით. გეგმიური სამუშაოების დასრულების შემდეგ კი, გაიზრდება ბათუმისა და აღნიშნული აბონენტების ენერგომომარაგების საიმედოობა“.

კესარია მგელაძე ევროპის ჩემპიონია

9 წლის ბათუმელი მოჭადრაკე, კესარია მგელაძე, 9 წლამდე ასაკის მოსწავლეთა შორის ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა.
კესარიამ რუმინეთის ქალაქ მამაიაში გამართულ ევროპის სასკოლო ჩემპიონატზე 9 შესაძლებლობიდან 7 ქულა და ევროპის ჩემპიონის ოქროს მედალი მოიპოვა.

9 წლის კესარია მგელაძემ მიმდინარე წლის აპრილში მსოფლიო სასკოლო საჭადრაკო ჩემპიონატში ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ამ გზით ის პირველი გოგო გახდა ბათუმიდან, რომელმაც 9 წლის ასაკში მსგავს წარმატებას მიაღწია.

ნახეთ კესარია მგელაძის შესახებ “ბათუმელების” მიერ მომზადებული ვიდეო:

 

საქმიანი ადამიანები, რომლებიც ცოტა ხნის წინ ევროპაში დევნილის სტატუსს ითხოვდნენ

ვერ იპოვი ევროპიდან დაბრუნებულ ადამიანს, რომელიც გეტყვის, რომ ევროპაში აღარ სურს ჩასვლა. თითოეული მათგანი გეტყვით იმასაც, რომ ევროპაში თავის დროზე იოლი და კომფორტული ცხოვრების მოლოდინით წავიდა, თუმცა იქ საკმაოდ რთული გზის გავლა მოუხდათ. ჩვენი რესპონდენტები საქართველოში დაბრუნდნენ და საკუთარი საქმე წამოიწყეს.

საქართველოს უკვე აქვს „უსაფრთხო ქვეყნის“ სტატუსი და უცხოეთში თავშესაფრის მიღება კიდევ უფრო გართულდა, თუმცა ყოველდღიურად იმატებს ადამიანების რაოდენობა საქართველოდან ევროპის ქვეყნების თავშესაფრებთან – ისინი ლტოლვილის სტატუსს ითხოვენ, საქმდებიან არალეგალურად, ხშირად აძევებენ დეპორტაციის წესით, ზოგიერთი მათგანი კი, ციხეშიც ხვდება. აქ მოგიყვებით ადამიანებზე, რომლებიც ევროპის ქვეყნებში მუშაობდნენ არალეგალურად, საქართველოში დაბრუნდნენ და აქ დასაქმდნენ.

აქვე გეტყვით ევროპაში ლეგალური დასაქმების შესაძლებლობაზეც.

ელიკო: დალხენილი სამსახური ევროპაში არავის არ დახვდება

ელიკო კეჟერაძე ერთ-ერთია, ვინც ასეულობით ქართველის მსგავსად გერმანიაში თავშესაფარს ითხოვდა. მან ზუსტად 11 თვე გაატარა გერმანიაში, დევნილთა ბანაკში.

„…ევროპაში წასვლამდე სულ მესმოდა, რომ ევროპაში ცხოვრება კარგია, უფრო იოლია. მეგონა, რომ წავიდოდი და მარტივად გადავჭრიდი ბევრ პრობლემას, არ მექნებოდა მუშაობის დატვირთული გრაფიკი, ვნახავდი ევროპას. სამწუხაროდ, აქედან სხვანაირად ჩანს ბევრი რამ – დალხენილი სამსახური ევროპაში არავის ხვდება,“ – გვიყვება ელიკო კეჟერაძე.

ელიკოს გერმანიაში, დევნილების ბანაკში ჰქონდა უფასო საკვები და სამედიცინო მომსახურება, იღებდა ყოველკვირეულ სოციალურ დახმარებასაც. ელიკო ამბობს, რომ მუშაობის სურვილი ჰქონდა, მაგრამ ამის უფლება არ მისცეს.

„500 კაცი იყო დაახლოებით იმ „ლაგერში“ ქართველი, თავს მოწყენილად ვერ იგრძნობდი… თითქოს ყველაფერი კარგად იყო, სტატუსის მინიჭებას ველოდებოდი, მაგრამ რაღაცნაირად თავს კომფორტულად ვერ ვგრძნობდი… უეცრად გადავწყვიტე, რომ საქართველოში უნდა დავბრუნდე და რამე ახალი საქმის კეთება დავიწყო. მივედი ოფისში და STOP-ზე განაცხადი დავწერე. მალევე წამოვედი,“ – ამბობს ელიკო.

ბათუმში დაბრუნებულმა ელიკომ ბიზნესი წამოიწყო, ერთ წელზე მეტია, რაც სამშენებლო საქმეშია – კომპანია დააფუძნა და რამდენიმე სახელმწიფო ტენდერი მოიგო, რაც სხვადასხვა სახის მშენებლობას უკავშირდება: ხან სკოლას არემონტებს, ხან უნივერსიტეტს თუ თეატრს. ახლა მას ყველაზე ხშირად ხარაჩოებზე ნახავთ – სამშენებლო ჩაფხუტით, რომელიც თანამშრომლებს სხვადასხვა დავალებას აძლევს ან სულაც შესრულებული სამუშაოს ხარისხს ამოწმებს. მიუხედავად იმისა, რომ „ბოსია“, მუშებთან ერთად ხან სამშენებლო მასალებს ეზიდება, ხანაც მათ წყალს აწვდის – მშენებლების ორგანიზატორად იქცა.

ელიკო კეჟერაძე გერმანიაში ცხოვრების დროს

ელიკო დარწმუნებულია, რომ დასაქმების რესურსი საქართველოშიც არსებობს, თუკი ადამიანი მოინდომებს.

„მთავარია, ზარმაცი არ იყო. ნული თეთრიდან შეიძლება წამოიწყო საქმე, ამდენი დაუმუშავებელი მიწაა საქართველოში… მე თავიდან მხოლოდ რეესტრში მივედი, 110 ლარი გადავიხადე რეგისტრაციაში და ეს იყო. შემდეგ მაღაზიები დავიარე და გავუფორმე ხელშეკრულებები. ვუთხარი, რომ ტენდერებს მოვიგებ და როცა ფული მექნება, გადაგიხდით ყველას ვალს-მეთქი. ტექნიკასაც ძირითადად ვქირაობ, საკუთარი არ მაქვს… აქ რომ ხარ, შენს ქვეყანაში, ამას მაინც არაფერი სჯობია,“ – ასე ფიქრობს ელიკო კეჟერაძე.

 თინა: მიფიქრია კიდეც, ხომ არ დავბრუნდე გერმანიაში-მეთქი

ბათუმელი თინათინ შაინიძეც გერმანიაში ცხოვრობდა მეუღლესთან ერთად. ისინიც თავშესაფრის სტატუსს ითხოვდნენ.

„იმდენად დიდი განსხვავებაა, რომ მიფიქრია, ხომ არ დავბრუნდე-მეთქი, მით უმეტეს, ამ ფონზე, როცა კარტოფილიც კი ორლარ-ნახევარი ღირს და ყველა მეორე ადამიანი უბედურია… თქვენ წარმოიდგინეთ, ბანაკშიც კი კარგად ვცხოვრობდით. რადგან ცოლ-ქმარი ვიყავით, პატივი დაგვდეს და ცალკე ოთახი დაგვითმეს. საჭმელს ვერ შევეგუეთ და ქართული სანელებლები მოვიმარაგე. იქ კერძების მომზადებასაც ვახერხებდით… “ – აღნიშნავს თინა შაინიძე.

ბანაკში ცხოვრების შემდეგ თინას ექთნად დაუწყია მუშაობა მოხუცთა თავშესაფარში. ამბობს, რომ ეს წლები განსაკუთრებით კარგად ახსოვს – შემოსავალიც ჰქონდა და ცალკე ბინაც. თავშესაფრის სტატუსზე უარი უთხრეს, მაგრამ გერმანიაში დარჩენა მაინც მოახერხეს.

თინა შაინიძე და ვახტანგი

„ჩემი მეუღლე ვახტანგ ბარბაქაძეა. მართვის მოწმობა რომ აეღო, გამოცდის გადაბარება მოსთხოვეს, რაც 2 ათასი ევრო ჯდებოდა. იქ კაცის დასაქმება რთულია მართვის მოწმობის გარეშე… ძირითადად მშენებლობებზე მუშაობდა პერიოდულად, მძიმე სამუშაოზე,“ – დასძენს თინა.

ბათუმში თინა და ვახტანგი რამდენიმე თვის წინ დაბრუნდნენ. თინა ამბობს, რომ საქართველოში ძირითადად შვილის პრობლემის გამო დაბრუნდა. ბათუმში ჩამოსულებმა დანაზოგით მეფრინველეობის ფერმა გახსნეს, შემდეგ კავშირი „ინტელექტის“ გრანტი მოიგეს და სწრაფი კვების ობიექტსაც გახსნიან მალე.

გიზო: ქობულეთში ვაკეთებ იმავეს, რაზეც გერმანიაში ვმუშაობდი

„მთავარი პრობლემა იყო ენის ბარიერი. საშინელებაა, როცა სხვისი არ გესმის. მით უფრო, რომ მე ისეთ ქალაქში ვცხოვრობდი, სადაც ბევრმა რუსული იცოდა და დიდად არ შემიწუხებია თავი გერმანულის სწავლით… გერმანიაში სკოლაში ვმუშაობდი ხელოსნად,“ – ამბობს გიზო ცინცაძე. ისიც რამდენიმე თვის წინ დაბრუნდა გერმანიიდან და ისევ ჩოხატაურში ცხოვრობს. სამუშაო ქობულეთში იპოვა – პერიოდულად შეკვეთებს იღებს, როგორც ხელოსანი.

გიზო ცინცაძე

გიზო ცინცაძე გერმანიაში დაქორწინებულა. გვითხრა, რომ საქართველოში დაბრუნება განსაკუთრებით შვილის შეძენის შემდეგ მოუნდა.

„ჩემი ცოლი უკრაინელია… შვილი რომ შეგვეძინა, მანქანის საჭიროებაც გაჩნდა, სესხი უნდა ამეღო. მივხვდი, რომ ჩავრჩებოდი ხელოსნად გერმანიაში. იქაური შემოსავალი ძირითადად მყოფნიდა, მაგრამ მაინც ჩოხატაურში დაბრუნება ვარჩიე. აქაც არ მაკლია სამუშაო,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ გიზო ცინცაძემ.

ლელა: ევროპულ ციხეშიც მომიწია ყოფნა

საბერძნეთში ლელა კაპანაძე 2008 წელს წასულა და იქ 10 წელი ისე გაატარა, რომ სამშობლოში ერთხელაც არ ჩამოსულა. ამ პერიოდში არც შვილები უნახავს და არც სამი შვილიშვილი, რომლებიც მისი საბერძნეთში ყოფნის დროს გაჩნდნენ.

„ესაა სირთულე, სულ გენატრება ყველა, სულ,“… – გვიყვება ლელა კაპანაძე. – „თან იცი, რომ არალეგალი ხარ. სათვალე ჯერ რომ არ მიტარებია, იქ, ქუჩაში სულ სათვალით დავდიოდი. სულ მეშინოდა, რომ ახლა მიცნობს პოლიცია, ჩამავლებენ უკნიდან ხელს და დამაპატიმრებენ-მეთქი. საბერძნეთში, რა თქმა უნდა, მოხუცებს ვუვლიდი.

ლტოლვილის სტატუსი 2011 წელს მოვითხოვე. რაღაც საბუთები გამიკეთეს… მილიონში ერთი არ გაუსამართლებიათ და მე გამასამართლეს. მივედი ოფისში, რომ მომეკითხა, რა იქნა ლტოლვილის სტატუსი-მეთქი და დამაკავეს საზღვრის უკანონოდ კვეთისთვის. 4 თვე მომისაჯა მოსამართლემ და 1500 ევრო ჯარიმა. იმ პერიოდში კანონი იყო „მეათდზე“, ასე ეძახდნენ, ანუ რეალურად 12 დღე ვიჯექი ციხეში.

ვიმუშავე ციხიდან გამოსვლის შემდეგაც, ერთი დღე არ გავჩერებულვარ. ბოლოს ჯანმრთელობამ შემაწუხა. ექიმმა სასტიკად ამიკრძალა ტვირთის აწევა, მე კი მოვლის დროს ისევ უნდა ამეწია მოხუცი, ეს როგორ გამოვიდოდა… ძირითადად ამის გამო წამოვედი საქართველოში,“ – გვითხრა ლელა კაპანაძემ.

ლელა ხაშურიდანაა, თუმცა ახლა ოზურგეთში, სოფელ შრომაში ცხოვრობს. ხაშურში მცხოვრებ ქმართან ჯერ კიდევ სამშობლოში დაბრუნებამდე განქორწინდა. რამდენიმე თვის წინ ლელა ოზურგეთში დაოჯახდა და თავის სარჩენად ორი ძროხა იყიდა.

ლელა კაპანაძე

„4 ათასი ლარი მომცეს, როგორც იქედან დაბრუნებულს… ეს ორი ძროხა ვიყიდეთ და ყველს ვყიდით, თავს ვირჩენთ. თავიდან ისე ვდარდობდი, რა უნდა ვქნა-მეთქი. რეალურად სამუშაო ადგილები თუ არ შეიქმნა, ისევ იფიქრებს ხალხი წასვლაზე. ისევ გარედან შემოსულზე ვართ მთელი ქვეყანა დამოკიდებული,“ – გვითხრა ლელა კაპანაძემ.

რით ეხმარება სახელმწიფო ევროპიდან დაბრუნებულებს

სახელმწიფო ევროპიდან დაბრუნებული ადამიანების დახმარებისთვის წლის განმავლობაში დაახლოებით 650 ათას ლარს ხარჯავს. საუბარია ადამიანებზე, რომლებიც ევროპის ქვეყნებში არალეგალურად იმყოფებოდნენ მინიმუმ ერთი წელი და რეადმისიის პროცედურით [როცა ევროკავშირის ქვეყანა უთანხმებს მოქალაქის დაბრუნებას საქართველოს] დაბრუნდნენ საქართველოში. ამ პროგრამას ამჯერად საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს.

აჭარა-გურიის რეგიონში, მაგალითად, წელს ამ პროგრამის ფარგლებში 96 250 ლარი დაიხარჯება. პროგრამა ითვალისწინებს მძიმე და ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებისთვის მედიკამენტების მიწოდებას, პროფესიულ მომზადებას ან გადამზადებას და 4-ათასლარიან გრანტს მცირე ბიზნესის წამოსაწყებად. აჭარაში ამ პროექტს გასულ წელს კავშირი „ინტელექტი“ ახორციელებდა და ევროპიდან დაბრუნებულ 21 ადამიანს მისცეს გრანტი.

„მოთხოვნა იყო გაცილებით მეტი… ფაქტია ისიც, რომ ტრენინგების მიუხედავად, პრობლემა იყო ბიზნესგეგმის ჩამოყალიბება – მაინც ვერ ახერხებდნენ, რომ მიზეზ-შედეგობრივად დაკავშირებული ბიზნესიდეა დაედოთ,“ – ამბობს ლევან გობაძე, კავშირ „ინტელექტის“ ხელმძღვანელი. იგი მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხა ამ კუთხით საკმარისი არ არის და ხელახალი მიგრაციის რისკი ისევ არსებობს.

„მოთხოვნა არის უზარმაზარი და ბიუჯეტი არის მცირე, როგორ უნდა გაწვდე ამხელა მოთხოვნას, არ ვიცი. მე ვფიქრობ, რომ ორი მიმართულებით არის შესაძლებელი წასვლა: ერთი ეს არის ბიუჯეტის გაზრდა, რომ ამ ადამიანების მოთხოვნა დაკმაყოფილდეს. მეორე არის ევროპის ქვეყნებში გამოყოფილი ფინანსური დახმარება იმ ადამიანებისთვის, რომლებიც რეადმისიით უკან ბრუნდებიან. მათ ძირითადად აძლევენ 2 ათას ევროს, მაგრამ როცა ისინი სამშობლოში ბრუნდებიან, ეს თანხა უკვე აღარ აქვთ. უმჯობესია, თუ ეს თანხა მიზნობრივად დაიხარჯება აქ,“ – მიიჩნევს ლევან გობაძე.

რას უნდა აკეთებდეს სახელმწიფო?

„რაც შეიძლება მეტი ლეგალური პროგრამა უნდა განხორციელდეს სხვადასხვა ევროპულ ქვეყანაში და აშკარად საჭიროა საკმარისი ძალისხმევა საქართველოს მხრიდან,“ – ეს გვიპასუხა „მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის“ პროგრამების კოორდინატორმა, მარკ ჰულსტმა, როცა მას კონკრეტული ღონისძიებების საჭიროებაზე ვკითხეთ იმისთვის, რომ ევროპის ქვეყნებში არალეგალურად დასაქმებულთა მაჩვენებელი შემცირდეს.

მარკ ჰულსტს ასევე ვკითხეთ, არის თუ არა საკმარისი ძალისხმევა ხელისუფლების მხრიდან ამ მიმართულებით. „ყოველთვის უკეთესი შეიძლება, მაგრამ წინსვლა არის, აშკარად არის,“ – გვიპასუხა მან.

გამოწვევებზე საუბრის დროს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელმა განსაკუთრებული აქცენტი თაღლითურ სქემაზე გააკეთა, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეებს ევროპაში „ოქროს კოშკებს“ ჰპირდებიან, ევროპაში ჩასულებს კი, მძიმე რეალობა ხვდებათ.

„ამ კომპანიებს, ვინც ევროპის ქვეყნებში დასაქმებაზე მუშაობს, მეტი კონტროლი სჭირდებათ.  მათ უნდა სჭირდებოდეთ ლიცენზია და კონტროლდებოდეს ყოველდღიურად. საქართველოში რატომღაც არ არის ეს პოპულარული. მიიჩნევა, რომ ეს არის სახელმწიფოს მხრიდან კერძო სექტორში ჩარევა, მაგრამ არაფერი ცუდი მაგაში არ არის. ეს საჭიროა პრევენციის მიზნით, რომ იქ ხალხი არ აღმოჩნდეს მახეში,“ – აღნიშნა მარკ ჰულსტმა „ბათუმელებთან“.

მარკ ჰულსტი, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის პროგრამების კოორდინატორი

მარკ ჰულსტი ამბობს, რომ არ არსებობს სტატისტიკა, ზუსტად რამდენი ადამიანი დასაქმდა არალეგალურად ან ლეგალურად ევროპის ქვეყნებში ვიზალიბერალიზაციის შემდეგ.

მარკ ჰულსტი განმარტავს, რომ ყველაზე მკაფიო სურათი ლეგალურ დასაქმებაზე ამ ეტაპზე ისევ პოლონეთში გვაქვს, სადაც კონკრეტულ პროფესიებზე [ძირითადად, ტექნიკური პროფესიები – შემდუღებელი, ელექტროტექნიკოსი] არის მოთხოვნა, რადგან თავად პოლონელები სამუშაოდ დასავლეთ ევროპაში მიდიან, სადაც გაცილებით მაღალ ანაზღაურებას ითხოვენ. მარკი ჰულსტი ხაზს უსვამს იმასაც, რომ საქართველოს მოქალაქეებს კონკურენციას უწევენ ადამიანები უკრაინიდან, ბელორუსიდან,  მოლდოვადან.

„ძირითადად ლეგალური დასაქმების ორი მოდელია. ერთია ოფიციალური მოლაპარაკებები და ჩარჩო ხელშეკრულებები, რაც, მაგალითად, გვაქვს საფრანგეთის შემთხვევაში. თუ ამას კონკრეტული ნაბიჯი არ მოჰყვება, ეს დარჩება პოლიტიკურ განაცხადად… მეორეა, პოლონური მოდელი. პოლონეთი ამბობს, რომ კონკრეტული ქვეყნებისთვის და, მათ შორის, საქართველოს მიმართ, არსებობს პრივილეგირებული მიდგომა, რომ საქართველოს არ სჭირდება ნებართვის აღება. ეს მოიცავს მხოლოდ დამსაქმებელთან შეთანხმების მიღწევას და რისი შედეგიც არის შრომითი ხელშეკრულება. ამის შემდეგ მოსაწვევით მიდიხარ საელჩოში, იღებ სამუშაო ვიზას და მზად ხარ, დანარჩენი საკითხი გვარდება პოლონეთში,“ – გვითხრა მარკ ჰულსტმა.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის პროგრამების კოორდინატორი ოპტიმისტურადაა განწყობილი, რადგან მისი აზრით, ევროპის ბევრი ქვეყანა საქართველოსთან თანამშრომლობის მზაობას გამოხატავს. ის ამ პროცესში საქართველოს მოქალაქეების პასუხისმგებლობასაც ხედავს.

„ხშირია იგივე არაკეთილსინდისიერი გამოყენება, როცა თავშესაფარს ითხოვენ. მერე შესაძლოა უვიზო მიმოსვლა დადგეს საფრთხის ქვეშ, დგას უკვე… ეს თითოეულმა მოქალაქემ გულთან ახლოს უნდა მიიტანოს,“ – დასძენს მარკ ჰულსტი.

სად შეიძლება ლეგალურად დავსაქმდეთ ევროპაში? 

ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხი საქართველოს ხელისუფლებაში ჯერ არ აქვთ. საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რო ევროკავშირის ქვეყნებში ლეგალური დასაქმება მათი მუშაობის პრიორიტეტია და ამ კუთხით მოლაპარაკებები აქტიურ რეჟიმში გრძელდება. დასაქმების კონკრეტული მონაცემი – 45 მოქალაქის დასაქმება – აქ მხოლოდ პოლონეთზე აქვთ.

„ძალაში შევიდა საქართველოსა და საფრანგეთს შორის ხელმოწერილი შეთანხმება – „კვალიფიციური სპეციალისტების ბინადრობისა და ცირკულარული მიგრაციის შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქეებზე დროებითი ბინადრობის მოწმობის გაცემას საფრანგეთში დასაქმების მიზნით. მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, რათა უახლოეს მომავალში შეთანხმების პრაქტიკული იმპლემენტაცია დაიწყოს. შეთანხმების ტექსტზე მოლაპარაკებები დაწყებულია სხვა ევროპულ ქვეყნებთანაც, მაგალითად, პორტუგალიასთან მიღწეულია შეთანხმება შრომითი მიგრაციის საკითხზე თანამშრომლობის შესახებ. ახლო მომავალში მოხდება ექსპერტთა ჯგუფის გაცვლა კონკრეტული შეთანხმების მოსამზადებლად,“ – მოგვწერეს საგარეო საქმეთა სამინისტროდან.

რა შეიცვალა ანგელა მერკელის თბილისში გაკეთებული განცხადების შემდეგ? გერმანიის კანცლერმა გასული წლის 24 აგვისტოს თქვა, რომ მის ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეების დასაქმებისთვის კონკრეტული კვოტები შეიქმნება.

საგარეო საქმეთა სამინისტრო: „ცირკულარული მიგრაციის კუთხით აქტიურად ვთანამშრომლობთ გერმანიასთანაც, სადაც, როგორც ცნობილია, ასევე განიხილება კვალიფიციური სამუშაო ძალის იმიგრაციის შესახებ ქვეყანაში კანონის და უკვე არსებული წესების გადახედვა, რაც დამატებით შესაძლებლობებს გახსნის ამ სფეროში უფრო ეფექტური და შედეგიანი თანამშრომლობისთვის.“

მთავარი ფოტო: ელიკო კეჟერაძე

ამავე თემაზე: 

[toggle title=”დააწკაპუნეთ და გაიგებთ რამდენი ადამიანი დააბრუნეს დეპორტაციით ევროპის ქვეყნებიდან”]ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, 2017 წელს ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოს 1445 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა, მათ შორის, ყველაზე მეტი გერმანიიდან – 458, საფრანგეთიდან – 167, შვედეთი – 128.

2018 წელს ევროკავშირის ქვეყნებიდან  – 1647 დეპორტაციის ფაქტი დაფიქსირდა, მათ შორის, ყველაზე მეტი გერმანიიდან – 530, შემდეგი საფრანგეთია – 273, ავსტრიიდან – 166.

2019 წელს, აპრილის ჩათვლით საქართველოს 569 მოქალაქე დაადეპორტეს, აქედან გერმანია – 186, საფრანგეთი – 81, ავსტრია – 43. ამ სამი ქვეყნიდან დაადეპორტეს ყველაზე მეტი საქართველოს მოქალაქე.

რეადმისიის მოთხოვნიდან საქართველოს მხრიდან 6 326 დაკმაყოფილდა, 138 – უარი ეთქვა [იგულისხმება შემთხვევა, როცა პირის მოქალაქეობა ვერ დადგინდა, ან ის არ იყო საქართველოს მოქალაქე].

რაც შეეხება რეადმისიას, 2017 წლის პირველი იანვრიდან 2019 წლის 30 აპრილის ჩათვლით საქართველოს ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან სულ 6 464 საქართველოს მოქალაქეზე მიმართეს რეადმისიის მოთხოვნით, ანუ როცა ევროკავშირის ქვეყანა წინასწარ უთანხმებს საქართველოს საკონსულოს კონკრეტული მოქალაქის დაბრუნებას და მას მხარდაჭერის პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა ეძლევა.

საქართველოს მოქალაქეების რეადმისიაზე ყველაზე მეტი მოთხოვნა იყო გერმანიიდან – 3845. საფრანგეთი – 661, ჰოლანდია – 530, ავსტრია – 494, საბერძნეთი – 218.[/toggle]

რამდენი ადამიანი დაადეპორტეს ევროპიდან ვიზალიბერალიზაციის შემდეგ

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ოკეანის დღე ბათუმის ბულვარში

ბათუმის ბულვარში ოკეანის დღის აღსანიშნავად შემეცნებითი აქტივობები მოაწყვეს. ბულვარის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიებების  მიზანი წყლებისა და ზღვების დაცვის კუთხით ცნობიერების ამაღლება იყო. მოწვეულმა სპეციალისტებმა სკოლის მოსწავლეებისთვის ზღვის თემატიკაზე შემეცნებითი პრეზენტაციები ჩაატარეს.

ბულვარის ღია სივრცეში მოწყობილ შეხვედრას ინტერაქტიული ხასიათი ჰქონდა, მოსწავლეები ჩაერთნენ დისკუსიაში.

დაგეგმილი აქტივობების ფარგლებში ლიტერატურულმა კლუბმა „ლიტერპოლლომ“ ერნესტ ჰემინგუეის „მოხუცი და ზღვა“ განსხვავებული ფორმატით წარადგინა. პრეზენტაციაზე აქცენტი იყო გაკეთებული ოკეანის, როგორც ბუნების მნიშვნელოვან ფენომენზე და ამ მნიშვნელობის ასახვაზე ლიტერატურასა და რეალობაში.

თემატური პრეზენტაციებით წარსდგნენ, ასევე, სკოლა „გორდას“ მოსწავლეები. მათ ისაუბრეს ოკეანის შრეებსა და წყლის ბინადრებზე.

ბავშვების დიდი ინტერესი გამოიწვია დელფინების შესახებ ინტერაქტივმა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, ბულვარი მზადაა საგანმანათლებლო დაწესებულებებს შესთავაზოს სივრცე შემეცნებითი და თემატური ხასიათის ღია გაკვეთილებისა და პრეზენტაციების ჩასატარებლად.

მაქსიმუმ 60 000 ევროს გრანტი – ხულოში ბიზნესიდეებს დააფინანსებენ [კონკურსი]

ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში, ხულოს მუნიციპალიტეტში მეორე საგრანტო კონკურსი გამოაცხადეს. განმცხადებლების თქმით, საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით საკონსულტაციო შეხვედრები ჩატარდება ხულოს მუნიციპალიტეტის ყველა თემში.

პროექტის „სოფლის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობა ხულოს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში [CCRG] ხულოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფთან ერთად [ხულო LAG] აცხადებს  სოფლის განვითარების მეორე საგრანტო კონკურსს ხულოს მუნიციპალიტეტში.

პროექტის მიზანია, ხულოში საცხოვრებელი და სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება. ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის მიხედვით ექვსი პრიორიტეტული მიმართულებაა განსაზღვრული:

  • ტურიზმი სოფლად;
  • სოფლის მეურნეობა;
  • კომუნალური და სოციალური ინფრასტრუქტურა;
  • კულტურა, ჯანდაცვა, განათლება, სპორტი და ახალგაზრდობა;
  • არასასოფლო-სამეურნეო საქმიანობები;
  • გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსების მართვა;

კონკურსი ვრცელდება ხულოს მუნიციპალიტეტის მთლიან ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე. კონკურსის პირობების მიხედვით, გრანტები გადაეცემა მხოლოდ იმ პროექტებს, რომლებიც ასახავენ ხულოს ადგილობრივი განვითარების სტრატეგიით განსაზღვრულ პრიორიტეტებს.

პრიორიტეტი მიენიჭება პროექტებს, რომლებიც პასუხობს ხულოს ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის ამოცანებსა და სტრატეგიულ აქტივობებს. გრანტი არ გაიცემა იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, რომლებმაც ENPARD ხულო სოფლის განვითარების კონკურსის ფარგლებში უკვე მიიღეს დაფინანსება ან გამოვლინდნენ გამარჯვებულად. შეზღუდვა ვრცელდება გრანტის მიმღების ოჯახის წევრებზეც.  გრანტები ხელმისაწვდომია საჯარო, სამოქალაქო და ბიზნესპროექტებისთვის.

სოფლის განვითარების საგრანტო კონკურსის მაქსიმალური თანხა თითოეულ პროექტზე:

  • კომერციული პროექტისთვის 2 000-დან 60 000 ევრომდე [ექვივალენტი ლარში]
  • არაკომერციული საჯარო ორგანიზაციები და მუნიციპალიტეტის მერიის პროექტებისთვის 2 000-დან 20 000 ევრომდე [ექვივალენტი ლარში]
  • არაკომერციული სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების პროექტებისთვის 2 000-დან 20 000 ევრომდე [ექვივალენტი ლარში]

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა პირველ ეტაპზე უნდა წარადგინონ პროექტის იდეის განაცხადის ფორმა 2019 წლის 1-ელი ივნისიდან 1-ელი ივლისის 17:30 საათამდე. ამ ვადის გასვლის შემდეგ განაცხადები არ განიხილება.

განაცხადები მიიღება მხოლოდ ელექტრონულად ორი ფორმით:

  • განაცხადების შევსება და გაგზავნა შესაძლებელია ელექტრონულად შემდეგ მისამართზე: info.enpard.khulo@caritas.cz  ან
  • შევსებული განაცხადის ელექტრონული ვერსია [ დისკზე ჩაწერილი ან მეხსიერების ბარათით] წარადგინონ ENPARD ხულო ოფისის მისამართზე ტბელ აბუსერიძის #2, სასტუმრო ხულო, III სართული

პროექტის იდეის განაცხადის ფორმების შევსების შესახებ, განმცხადებლებს ტექნიკური კონსულტაციების მიღება ასევე შეეძლებათ, საგრანტო კონკურსის დახურვამდე ENPARD ხულოს ოფისში.

დამატებითი ინფორმაციისათვის, მსურველებს შეუძლიათ დარეკონ ნომერზე: 551 13 55 25 ან მიწერონ ელექტრონულ მისამართზე:  giorgi.abuladze@caritas.cz

საგრანტო კონკურსთან დაკავშირებული ყველა სახის ინფორმაცია, მათ შორის: საგრანტო კონკურსის სახელმძღვანელო, სტრატეგიული განვითარების დოკუმენტი განთავსდება ევროკავშირის ENPARD პროგრამის ოფიციალურ ვებგვერდზე www.enpard.ge და ხულოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფის ვებგვერდზე: khulolag.ge

ევროკავშირის მხარდაჭერით პროექტს ახორციელებს ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში [CCRG] პარტნიორ ორგანიზაციებთან PMC კვლევით ცენტრთან და ხორვატიის სოფლის განვითარების ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD II ფარგლებში.

პროექტის მთლიანი ღირებულება 2 მილიონი ევროა.

განათლების სამინისტრო დაწყებითი კლასების ყველა საგნისთვის ახალ ჟესტებს ქმნის

საქართველოს განათლების სამინისტრო I-IV კლასებისთვის  ყველა საგნის ძირითადი ტერმინოლოგიის  ჟესტების შექმნას გეგმავს. შესაბამისი მომსახურების შესყიდვაზე სამინისტრომ ტენდერი 4 ივნისს გამოაცხადა. წინადადებების მიღება 15 ივნისს უნდა დასრულდეს. შესყიდვის ბიუჯეტი 30 000 ლარია.

სატენდერო დოკუმენტაციაში სამინისტრო განმარტავს, რომ ჟესტური ენის სწავლების ენად გამოყენება არ ხდებოდა ათწლეულების განმავლობაში,  რამაც, თავის მხრივ, შეზღუდა მნიშვნელოვანი ტერმინებისა და ცნებების ჟესტური შესაბამისობების დამკვიდრება და მათი აქტიური გამოყენება.

სამინისტროში მიიჩნევენ, რომ ამ გარემოებამ ნეგატიური გავლენა იქონია სმენის დარღვევის მქონე პირთა განათლებაზე: „სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეები და სტუდენტები ავლენენ ჟესტური ენის ცოდნის სიმწირეს და ჩამორჩენას ბაზისურ აკადემიურ უნარებში. ხოლო ჟესტური ენის თარჯიმნები აწყდებიან სირთულეებს აკადემიური და პროფესიული საგნების ჟესტურ ენაზე თარგმნისას.“

სწორედ ამ გამოწვევებზე რეაგირების მიზნით სამინისტრომ მიზანშეწონილად მიიჩნია ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის ყველა საგნის ძირითადი ტერმინოლოგიის შესაბამისი ჟესტების შექმნა და თითოეული ჟესტის ვიზუალური [ვიდეო] მასალის შესაბამის ელექტრონულ სივრცეში განთავსება.

სამინისტროს ინფორმაციით, ამ მიმართულებით მუშაობა  სპეციალისტებმა  ნორვეგიელი  ექსპერტების მეთოდოლოგიური მხარდაჭერით  2014 წლიდან დაიწყეს. საწყის ეტაპზე, სამინისტროს მიზანი პროფესიული განათლების საფეხურზე, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში ხშირად გამოყენებადი ქართული ტერმინების იდენტიფიცირება, მათი ჟესტური შესაბამისობების დადგენა, რეგისტრირება და პოტენციურ მომხმარებელთა შორის გავრცელება იყო, ხოლო შემდგომ ეტაპზე დაიწყო ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის საგნობრივი ტერმინების დადგენა.

პროფესიული განათლების საფეხურზე 15 პროფესიული პროგრამის ფარგლებში გავრცელებული ტერმინოლოგიისთვის, ხოლო ზოგადი განათლების საფეხურზე I-III კლასის ქართულის, მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების საგნობრივი პროგრამების ფარგლებში
განხორციელდა მუშაობა. შედეგად ბაზაში სულ დარეგისტრირდა 4000 ჟესტის ვიდეოგამოსახულება, შესაბამისი ვიზუალური ხატი [ფოტო] და სიტყვა [ორთოგრაფიული ხატი].

2019 წელს  სამინისტრო ახლად გრიფირებულ სახელმძღვანელოებზე დაყრდნობით გეგმავს ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის ყველა საგნის ძირითადი ტერმინოლოგიის შესაბამისი ჟესტების ანალიზს, ახალი ჟესტების შექმნას, რაც დარეგისტრირდება ვებგვერდზე.

სამინისტროს ინფორმაციით, პროცესში მონაწილეობას მიიღებენ დაწყებითი კლასების შესაბამისი საგნობრივი პროგრამების მასწავლებლები.

სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, დუბლირების თავიდან ასარიდებლად პროცესში ჩართული მასწავლებლები გაეცნობიან წინა წლებში იდენტიფიცირებულ ტერმინებს და განსაზღვრავენ ახალ სამიზნე ტერმინებს, მინიმუმ 150 ტერმინს თითოეული საგნობრივი პროგრამების ფარგლებში.

დაგეგმილია იდენტიფიცირებული ტერმინების ელექტრონული ბაზის  შემუშავება და ჟესტების იდენტიფიცირება-რეგისტრირებაზე მომუშავე ჯგუფისთვის გადაცემა. წინასწარი პირობის მიხედვით, საჯარო სკოლის მასწავლებლებსა და გამარჯვებულ ორგანიზაციას შორის თანამშრომლობას დაარეგულირებს მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულება. შესაბამისი მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებულ ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია თავად განსაზღვრავს მასწავლებლებთან გასაფორმებელი პერიოდის ხანგრძლივობას.

რა პრობლემები უნდა მოგვარდეს ლეღვაში, რომ სოფელი არ დაიცალოს

24 მაისს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვაში, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებითა და მედიის წარმომადგენლების მონაწილეობით კიდევ ერთი დისკუსია გაიმართა.

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს და „ბათუმელების“ წარმომადგენლებმა დისკუსიაზე ადგილობრივი მაცხოვრებლების პრობლემები, მოსაზრებები და შეხედულებები მოისმინეს. მსგავსი ფორმატის შეხვედრები აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის სოფლებში გაიმართა.

შორენა ამაღლობელი, „ბათუმელები“: დღეს იმიტომ ვართ აქ, რომ მოვისმინოთ თქვენი პრობლემები და ამ პრობლემების მოგვარებაზე ვკითხოთ შესაბამის პირებს.

დისკუსია სოფელ ლეღვაში

თეკლა მჭედლიძე, „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო“: 2019 წლის 27 თებერვლიდან, დავიწყეთ გადაცემა – „თვითმმართველობა“, სადაც ვსაუბრობთ ყველა იმ პრობლემაზე, რომელიც თვითმმართველობას ეხება, მოსახლეობის და მენეჯმენტის კუთხით. რა სირთულეებს აწყდება მერიის ადმინისტრაცია საქმის წარმოების დროს. ვცდილობთ, ყველა გადაცემაში გვქონდეს ხალხის ხმა, ვატარებთ გამოკითხვას თუ რას ფიქრობს ამა თუ იმ საკითხზე მოსახლეობა. ამ ეტაპზე ქობულეთზე არ გვქონია გადაცემა, თუმცა აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებზე თითქმის ყველა გადაცემაშია საუბარი. ჩვენ გვინდა, რომ გადაცემა სტუდიაში კი არ ჩაიწეროს, თქვენთან მოვიდეთ, ადმინისტრაციულ ცენტრში და აქ ჩაიწეროს გადაცემა.

ასლან ჭანიძე, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“: თუ ნაკლებად იქნება ხალხის პოზიცია წარმოდგენილი, შემდგომ მტკიცება იმისა, რომ არსებობს პრობლემები სოფელში, ძალიან რთულია. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ, სოფელში ინფრასტრუქტურა არ შეცვლილა, წყალმომარაგების სისტემა კი მოშლილია.

ჯაბა სტამბოლიშვილი, ქობულეთის მერის წარმომადგენელი სოფელ ლეღვაში: პატარ-პატარა პრობლემები ყველგანაა. თუმცა, ეტაპობრივად ყველაფერი კეთდება სოფელში.

ასლან ჭანიძე: ზოგადად, სოფლებში არსებობს პრობლემა იმისა, რომ გზა, რომელიც სოფელში გადის არ არის დატანებული რუკაზე, ანუ არსად არის ნაჩვენები. ხშირად ეს პრობლემას ქმნის დაფინანსების მაძიებლებისთვის – როგორ უნდა დავაფინანსო გზა, რომელიც არსად არ ჩანს?

ჯაბა სტამბოლიშვილი: სოფლის პროგრამით შევიძენთ 300 კუბ. ბეტონს, 450-ს შეიძენს საგზაო დეპარტამენტი, დამატებით კი 100 კუბი სოფლის ეკლესიასთან მისასვლელი გზის მოსაწყობად იქნება გამოყოფილი. ამ ეტაპზე ყველაზე დიდი პრობლემა არის  ფაროსანა. შარშან ვეხვეწებოდით მოსახლეობას, წაეღოთ წამალი, მაგრამ არ წაიღეს. შემოდგომაზე რომ გაივსო ყველას სახლი ფაროსანით, მხოლოდ მაშინ წაიღეს. ახლაც იგივე პრობლემაა. წელს მცირედი დარიგდა, 400 გრამი თითო ოჯახზე, თუმცა არ არის საკმარისი.

დისკუსია სოფელ ლეღვაში

შეხვედრაზე მოსახლეობამ აღნიშნა, რომ საკუთარი სახსრებით უკვე ხუთი წელია აშენებენ ეკლესიას, თუმცა ისევ უსახსრობის გამო ამ დრომდე ვერ შეძლეს დასრულება.

ასლან ჭანიძე: მუნიციპალური ბიუჯეტით ვერ დაფინანსდება ეკლესიის მშენებლობა, რადგან კანონდარღვევაა. ერთადერთი გზა ისაა, რომ შეიძლება დაინტერესდეს ბიზნესსექტორი და დაგეხმაროთ ამ პრობლემის მოგვარებაში.

სოფელ ლეღვას მცხოვრებლებისთვის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს დასაქმება. შეხვედრის მონაწილეები ამბობენ, რომ სოფელი დაიცალა. ქობულეთის მუნიციპალიტეტის 8 სოფელს ჯერ კიდევ არ მიეწოდება გაზი… კიდევ ერთი პრობლემა, რაზეც ადგილობრივებმა ისაუბრეს მიწის გაფორმების საკითხია. გამომდინარე იქიდან, რომ მიწა სახელმწიფოს საკუთრებაა და მუნიციპალიტეტს არ ეკუთვნის, მოქალაქეები დარეგისტრირებას ვერ ახერხებენ… ლეღველებმა სანაგვე ურნების პრობლემაზეც ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ მდინარეში ყრიან ნარჩენებს, რამაც ფაქტობრივად მდინარის დაშრობა გამოიწვია. მოსახლეობის თქმით, რამდენჯერმე მიმართეს მუნიციპალიტეტს, მაგრამ ტექნიკის არქონის გამო ვერ მოგვარდა პრობლემა. სანაგვე ურნები ცენტრალურ გზებზე არის განთავსებული, მაგრამ არ არის შიდა გზებზე.

ასლან ჭანიძე: მაღალმთიან აჭარაში, მოსახლეობა იმიტომ ვერ იფორმებდა მიწას, რომ საჭირო იყო აზომვითი ნახაზი, რომელიც 250-300 ლარი ჯდებოდა. სახელმწიფოს ჰქონდა უფასო პროგრამა, რომელიც გაუქმდა და მოსახლეობამ ვერ მოასწრო სარგებლობა. საქართველოს მთავრობასთან არსებულ კომისიაში დავაყენეთ საკითხი, რომ 2016 წლის ბოლოს მომხდარიყო ქონების გამიჯვნა მუნიციპალიტეტსა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის.

თეკლა მჭედლიძე: ქედაში არის მსგავსი შენობები და ამას ხსნიან იმით, რომ დეცენტრალიზაციის კანონპროექტი და გეგმა როცა ამუშავდება, მერე გაიმიჯნება.

ვიტალი რომანაძე, სოფელ ლეღვას მცხოვრები: ჩვენც გვაქვს მსგავსი შემთხვევები, მაგალითად, ამბულატორიის შენობა მუნიციპალიტეტის ბალანსზეა, ასევე გვაქვს ძველი მაღაზიის შენობა, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა და მუნიციპალიტეტი ვერაფერს აკეთებს, რომ ვინმეს გადასცეს და, მაგალითად, საწარმო გაკეთდეს.

2014 წლის აღწერის მონაცემებით, სოფელში ცხოვრობს 2 081 ადამიანი ცხოვრობს.

შეხვედრის ვიდეოჩანაწერი:


დისკუსიათა ციკლი „მედია და საზოგადოება“ იმართება „სიტყვის თავისუფლების მხარდაჭერის“ პროექტის ფარგლებში, ამერიკული ფონდის „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ [NED] დაფინანსებით.

ტენდერი, რომელშიც რუსული კომპანია მონაწილეობდა კომისიამ შეწყვიტა და ხელახლა გამოაცხადა

ბონის დასახლებაში მდებარე რამდენიმე ქუჩის რეაბილიტაციაზე ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი 2019 წლის თებერვალში გამოაცხადა. შპს „გზებმა“ კი სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება, რომ შპს „რეკონსტრუქცია XXI მუდმივი დაწესებულების“ მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია შესაბამისობაში იყო ტენდერის პირობებთან, კანონშეუსაბამოდ მიიჩნია და დავების საბჭოში იჩივლა.

„რეკონსტრუქცია XXI მუდმივი დაწესებულება“ იმ რუსული კომპანიის დაწესებულებაა, რომელიც საქართველოში ადრე თავისი სხვა ფილიალით საქმიანობდა. ეს ფილიალი კი, შესყიდვების სააგენტოს შავ სიაში მოხვდა – სააგენტოს ინფორმაციით, რუსული კომპანიის ფილიალმა 167-ათასლარიანი სამუშაო ვერ შეასრულა.

ამ თემაზე: ქუჩების მოწყობა ბონის დასახლებაში – რატომ ანიჭებს რუსულ კომპანიას მერია უპირატესობას

შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭომ „გზების“ საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს სატენდერო კომისას დაავალა დეტალურად ემსჯელა „საბჭოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებულ გარემოებებზე“ და მხოლოდ ამის გათვალისწინებით მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება.

კეთილმოწყობის სამმართველოს სატენდერო კომისიამ კი 28 მაისის ოქმით ეს ტენდერი შეწყვიტა.

„დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გათვალისწინებით და სატენდერო დოკუმენტაციის დახვეწის მიზნით ტენდერი საჭიროებს შეწყვეტას“, – აღნიშნულია კომისიის ოქმში.

2019 წლის 5 მაისს სატენდერო კომისიამ ბონის დასახლებაში ქუჩების რეაბილიტაციაზე ტენდერი ხელახლა გამოაცხადა.

ალ. ჩხაიძის ქუჩის (ფეხით სავალი ნაწილი ერთ მხარეს, ჯიბეები) და ქუჩის გაგრძელება იაშვილის ქუჩიდან ერისთავის ქუჩამდე, იოსელიანის, ერისთვის შესახვევისა და II ჩიხის, ა. ნოღაიდელის, იაშვილის, კაიკაციშვილის, იუნკერების, დადიანის და ს. თაყაიშვილის ქუჩების რეაბილიტაციაზე ხელახლა გამოცხადებულ ტენდერში ფასი კვლავ 1 768 746 ლარია.

წინადადებების მიღება 2019 წლის 21 ივნისს დაიწყება და 26 ივნისს დასრულდება. ქუჩების კეთილმოწყობა კი ამ ტენდერში გამარჯვებულის გამოვლენაზე იქნება დამოკიდებული, რაც ამ დროისთვის, 4 თვით უკვე დაგვიანდა. სამუშაოები სრულად უნდა განხორციელდეს 450 დღის განმავლობაში ხელშეკრულების გაფორმებიდან.

 

პროტესტი – რატომ მიჰყავთ მასწავლებლები რელიგიური შინაარსის ლექციებზე შეუთანხმებლად 

საჯარო სკოლის პედაგოგები სხვადასხვა რეგიონიდან ფეისბუქზე წერენ, რომ პედაგოგები ხშირად მიჰყავთ ისეთ ტრენინგებზე დასასწრებად, რომლის შესახებაც წინასწარ არ არიან ინფორმირებული. ერთ-ერთი სკოლის პედაგოგი სანათა ოჩიაური წალკის მუნიციპალიტეტიდან, თავის ფეისბუკგვერდზე წერს:

„წალკიდან წამოგვიყვანეს ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგები, თუმცა არავის აუხსნია, რისთვის მოვყავდით, პასუხი მხოლოდ ერთი იყო – „სამინისტროს დავალებაა“. ჩვენ 100 კილომეტრი გამოვიარეთ წალკიდან რუსთავამდე მხოლოდ იმისთვის, ვინმე აკაკი მინდიაშვილს წაეკითხა ქრისტიანობისა და სახარების არსზე ლექცია, რომელიც არ ყოფილა ინტერაქტიული, ჩვენ მხოლოდ მორჩილად სმენის უფლება გვქონდა, აზრი არავის უკითხავს ჩვენთვის.

ასე მორჩილად უსმენდა ლექციას იმის თაობაზე, რომ ქრისტიანობა ერთადერთი ჭეშმარიტი რელიგიაა პედაგოგების ის 80%, რომელიც მუსულმური აღმსარებლობისაა. მე არ ვარ მუსლიმი, მაგრამ აღშფოთება ვერ დავფარე და პროტესტის ნიშნად დარბაზი დავტოვე“.

პედაგოგი ამავე პოსტში წერს, რომ მან ამ ლექციის გამო სკოლაში ხუთი გაკვეთილი გააცდინა. „რა კავშირი ჰქონდა ამას განათლებასთან? ამასთანავე არცერთმა მასწავლებელმა არ ვიცოდით, რისთვის მოვდიოდით, რაც, ჩემი აზრით, ეთიკის ნორმების უხეში დარღვევაა განათლების სამინისტროს მხრიდან“, – წერს პედაგოგი.

სანათა ოჩიაური არ არის ერთადერთი, ვინც დღეს დაწერა ანალოგიურ პრობლემაზე. პოსტს ეხმაურებიან სხვა რეგიონებში მცხოვრები პედაგოგებიც, რომლებიც ასევე წერენ, რომ წინასწარი ინფორმირების გარეშე ისინიც წაიყვანეს ლექციებზე, სადაც საქართველოს ღვთისმშობლის წილხვედრობაზე მოასმენინეს ლექციები.

„ბათუმელები“ იმ სკოლას დაუკავშირდა, სადაც სანათა ოჩიაური მუშაობს. სკოლის დირექტორი რამაზ ხინიკაძე ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, ლექციები საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ არის ორგანიზებული: „ეს იყო სამოქალაქო ჩართულობის თემა რუსთავში, რაც სამინისტროს ეგიდით იყო, როგორც ვიცი“ – ამბობს დირექტორი.

კიდევ ერთი პედაგოგი სანათა ოჩიაურის პოსტზე წერს, რომ ქართული ენის პედაგოგები ხვალ ახალქალაქში არიან დაბარებული, „ღვთისმშობლის წილხვედრობასთან დაკავშირებით. კითხვები დამებადა, მაგრამ პასუხი ვერ მივიღე“.

არის სხვა კომენტარებიც:

„ბოლნისის სკოლებიდანაც ეგრე გაურკვევლად წაგვიყვანეს და 2 საათი ვისმენდით, რომ თურმე საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრია“. გაგვანათლა ბატონმა აკაკიმ“.

„14- ში ბათუმში ვართ დაბარებულები, ალბათ მსგავს ლექციას “ჩაგვირაკრაკებენ”.

„ბათუმელები“ ცდილობს დაუკავშირდეს პედაგოგებს უფრო მეტი დეტალის გასარკვევად.

საქართველოს განათლების სამინისტროს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ლექციები სამინისტროს მიერ ორგანიზებული არ არის და შეგვპირდნენ, რომ დეტალებს კიდევ ერთხელ დააზუსტებდნენ. სამინისტროს ოფიციალურ პოზიციას „ბათუმელები“ მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

„ბათუმელები“ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსაც დაუკავშირდა, როგორც პრესსამსახურში გვეუბნებიან, ცენტრის მიერ ორგანიზებულ ტრენინგებსა და ლექციებზე მასწავლებელთა რეგისტრაცია წინასწარ ხდება და ამის შესახებ პედაგოგები ინფორმირებულნი არიან. „გაკვეთილების გაცდენა გამორიცხულია“ – გვეუბნებიან ცენტრში.

ფოტოზე: სანათა ოჩიაურის ფბ-გვერდიდან. აკაკი მინდიაშვილის ლექცია, ქრისტიანობისა და სახარების არსზე.

რამდენი ადამიანი დაადეპორტეს ევროპიდან ვიზალიბერალიზაციის შემდეგ

რამდენი ადამიანის დეპორტაცია მოხდა ევროკავშირის ქვეყნებიდან 2017 წლიდან დღემდე, ანუ მას შემდეგ, რაც საქართველომ ვიზალიბერალიზაცია მიიღო? – „ბათუმელებმა“ ეს კონკრეტული ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოითხოვა.

მიღებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, ვიზალიბერალიზაციის შემდეგ ევროკავშირის ქვეყნებიდან ჯამში 3151 ადამიანი დაადეპორტეს.

2017 წელს ევროკავშირის ქვეყნებიდან 1445 საქართველოს მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა, მათ შორის, ყველაზე მეტი გერმანიიდან -458, საფრანგეთიდან – 167, შვედეთი – 128.

2018 წელს ევროკავშირის ქვეყნებიდან  – 1647 დეპორტაციის ფაქტი დაფიქსირდა, მათ შორის, ყველაზე მეტი გერმანიიდან – 530, შემდეგი საფრანგეთია – 273, ავსტრიიდან – 166.

2019 წელს, აპრილის ჩათვლით საქართველოს 569 მოქალაქე დაადეპორტეს, აქედან გერმანია – 186, საფრანგეთი – 81, ავსტრია – 43. ამ სამი ქვეყნიდან დაადეპორტეს ყველაზე მეტი საქართველოს მოქალაქე.

2017 წლის პირველი იანვრიდან 2019 წლის 30 აპრილის ჩათვლით საქართველოს ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან სულ 6464 საქართველოს მოქალაქეზე მიმართეს რეადმისიის მოთხოვნით, ანუ როცა ევროკავშირის ქვეყანა წინასწარ უთანხმებს საქართველოს საკონსულოს კონკრეტული მოქალაქის დაბრუნებას და მას მხარდაჭეტის პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა ეძლევა.

რეადმისიის მოთხოვნიდან საქართველოს მხრიდან 6326 დაკმაყოფილდა, 138 – უარი ეთქვა [იგულისმხება შემთხვევა, როცა პირის მოქალაქეობა ვერ დადგინდა, ან ის არ იყო საქართველოს მოქალაქე]

საქართველოს მოქალაქეების რეადმისიაზე ყველაზე მეტი მოთხოვნა იყო გერმანიიდან – 3845. საფრანგეთი – 661, ჰოლანდია – 530, ავსტრია – 494, საბერძნეთი – 218.

დეპორტაციის მაღალი მაჩვენებელი ზრდის უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის ამოქმედების რისკს. დეპორტაცია ეხებათ იმ ადამიანებსაც, რომლებიც ევროპის ქვეყნებში თავშესაფრის სტატუსის მიღებას ითხოვენ, თუმცა ამ კუთხით ზუსტი სტატისტიკა ცნობილი არ არის.

ია ფრანგიშვილის ინფოგრაფიკა

 

რამდენს გადაიხდიან შსს-ს თანამშრომლები ბინებში, რომლებსაც სამინისტრო მათთვის აშენებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ხუთ ქალაქში [ბათუმი, ზუგდიდი, ქუთაისი, თბილისი, რუსთავი] 400 თანამშრომლისთვის ათ საცხოვრებელ კორპუსს აშენებს. მშენებლობა დაწყებულია და მშენებელ კომპანიებთან ხელშეკრულებები ჯამში 33 465 912 ლარზეა გაფორმებული. აქედან 40%-ს, ანუ 13 386 364 ლარს შსს გადაიხდის, ხოლო 60%-ს, ანუ 20 079 547 ლარს – ბინის მომავალი მესაკუთრე, პროექტში ჩართული სამინისტროს თანამშრომელი.

აღნიშნულ ქალაქებში პროექტში ჩართული შსს-ს თითოეული თანამშრომელი 77 კვადრატული მეტრი ფართობის მქონე საცხოვრებელ ბინას ე.წ. „თეთრი კარკასის“ მდგომარეობით მიიღებს. მშენებლობა 2020 წელში უნდა დასრულდეს.

შსს-ს ინფორმაციით, ბინის მომავალი მესაკუთრე, საქართველოს ქალაქების მიხედვით, საცხოვრებელ ბინაში გადაიხდის: ბათუმში – 45 517 ლარს, ზუგდიდში – 49 350 ლარს, ქუთაისში – 45 590 ლარს, თბილისში – 49 909 ლარს, რუსთავში – 49 530 ლარს.

სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ „პროექტში გამარჯვებული თანამშრომელი ბინის საფასურს საკუთარი სახსრებით ან შეღავათიანი იპოთეკური სესხით ფარავს… პროექტში გამარჯვებულებს შესაძლებლობა აქვთ, გადასახდელი თანხის სრულ ოდენობაზე გააკეთონ განაცხადი ნებისმიერ ბანკში“.

რას გულისხმობს „პროექტის ფარგლებში შეღავათიანი იპოთეკური სესხი“? – ამ კითხვაზე პასუხი შსს-დან ვერ მივიღეთ. წერილობითი მოთხოვნის მიუხედავად, სამინისტრომ არ მოგვაწოდა კორპუსების მშენებლობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციაც [შესაბამისი პროექტი/პროგრამა, ბრძანება, დადგენილება, მემორანდუმები ბანკებთან თუ სხვ.].

„ბათუმელები“ დაუკავშირდა რამდენიმე ბანკს, არიან თუ არა ჩართული აღნიშნულ პროექტში და თუ კი, რა შეღავათებს სთავაზობენ მომავალ ბინის მესაკუთრეებს იპოთეკური სესხის გაცემის დროს.

რამდენიმე ბანკში გვითხრეს, რომ ასეთ პროექტში არ არიან ჩართულები და, შესაბამისად, ამ დროისთვის არც რაიმე მემორანდუმი აქვთ გაფორმებული შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. რამდენიმე ბანკისგან კი პასუხს ველოდებით, რომელსაც მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

როგორც „ბათუმელებთან“ შსს-ს რამდენიმე თანამშრომელმა აღნიშნა, ძირითადად „ლიბერთი ბანკს“ მიმართავენ, თუმცა აქაც, სესხის აღების შემთხვევაში, ბინის შესაძენად გადასახდელი თანხა უორმაგდებათ. მაგალითად, თუ აიღებენ 45 ათასი ლარის სესხს 15 წლით, საბოლოოდ 90-95 ათასი ლარის გადახდა უწევთ. „ბანკი მაინც ინდივიდუალურად სწავლობს მსესხებლის ისტორიას – კრედიტი არ უნდა გქონდეს, ხელფასის ოდენობა და სხვა. ზოგისთვის ეს პირობა მისაღებია, ზოგისთვის არა“, – გვითხრა ერთ-ერთმა თანამშრომელმა, რომელმაც დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა.

„თბილისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდსა და ქუთაისში პროექტით დაინტერესებულ თანამშრომლებს საშუალება ჰქონდათ, კითხვა-პასუხის ფორმატში გაცნობოდნენ პროექტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას. პროექტში მონაწილე თანამშრომელთა შერჩევის მიზნით, შეიქმნა სპეციალური განმხილველი კომისია და დამტკიცდა კომისიის საქმიანობის განმსაზღვრელი დებულება. კანდიდატებად შეირჩნენ სტრუქტურულ ერთეულებში მომუშავე პროფესიონალი მოსამსახურეები, აღნიშნულ კანდიდატებს შორის კი გამარჯვებულების გამოვლენა შემთხვევითი შერჩევის [დოლურის] პრინციპით მოხდა. მიდგომა მაქსიმალურად გამორიცხავს შერჩევის პროცესში სუბიექტური მიდგომის ფაქტებს. შერჩეული კანდიდატების უმეტესობამ უკვე გაიარა პირველადი კონსულტაციები ბანკთან, შესაბამისად მიმდინარეობს ბანკის(ების) მხრიდან შესაბამისი განაცხადების განხილვის პროცესი, რის შემდგომაც დაიწყება აღნიშნული ბინების შესყიდვის პროცედურები. თანამშრომლების ნაწილი საკუთარი სახსრებით იხდის ბინის შესასყიდად საჭირო თანხას“, – მოგვწერეს 4 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროდან.

შსს-ს თანამშრომლებისთვის საცხოვრებელ კორპუსებს ბათუმში კომპანია „აიდურგეო“ აშენებს [ხელშეკრულება 6 497 839.98 ლარზეა გაფორმებული], ზუგდიდსა [6 610 659.62 ლარზე] და ქუთაისში [6 599 000 ლარზე] – „თი ემ“-ი, თბილისში [7 236 914 ლარზე] – „დაგი“, ხოლო რუსთავში [6 521 499 ლარზე]- კომპანია „ტრანსმშენი“.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის მშენებარე კორპუსი ბათუმში, ადლიის ქუჩაზე / მაისი, 2019

ამ თემაზე:

თანხის 2/3-ს თანამშრომლები გადაიხდიან – შსს-ს განმარტება კორპუსების მშენებლობაზე

მთავარი ფოტო: შსს-ს მშენებარე საცხოვრებელი კორპუსები ბათუმში, ადლიის ქუჩა N112-ში /ფოტო „ბათუმელები“, მაისი, 2019

ანგისის დასახლებაში დღეს წყლის მოწოდება შეწყდება

შპს „ბათუმის წყლის“ განცხადებით, დღეს, 7 ივნისს, 22 საათიდან, 05 საათამდე წყლის მიწოდება შეუწყდება ანგისის დასახლებაში მცხოვრებ აბონენტებს.

კომპანიის ინფორმაციით, წყლის შეწყვეტის მიზეზი ანგისის ქუჩაზე 225 მმ-იან მილზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოებია.

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს და ხვალ, 7 ივნისის  21 საათიდან 8 ივნისის 21 საათამდე, აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ზოგან – ხანმოკლე წვიმა.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: + 25, +30 გრადუსი
  • ღამით:  +16, +21 გრადუსი

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: + 20, + 25 გრადუსი 
  • ღამით: + 10, + 15 გრადუსი

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს, 9-10 ივნისს, ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე, ძლიერი წვიმა.

ზღვის წყლის ტემპერატურა + 22 გრადუსია.

____________

ფოტო: „ბათუმელები“, მანანა ქველიაშვილი

მერია „ყინულის შადრევანს“ შლის

ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ იუსტიციის სახლთან მდებარე „ყინულის შადრევნის“ ნაწილობრივი დემონტაჟი დაიწყო. სამმართველოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ამ ეტაპზე მონუმენტს მოშლილ დეტალებს მოხსნიან, რათა მიმდინარე სეზონზე ეს ადგილი უსაფრთხო იყოს. მონუმენტს მთლიანად შემოდგომაზე დაშლიან.

ყინულის შადრევანი ბათუმში. ფოტო: „ბათუმელები“, გურამ მურვანიძე
დანაგვიანებული შადრევანი. ფოტო: „ბათუმელები“, გურამ მურვანიძე

სამმართველოს ხელმძღვანელის, სულხან ევგენიძის თქმით, შეიძენენ ახალ პროექტს, რომლის მიხედვითაც ამ ადგილზე ისევ მონუმენტი გაკეთდება: „იქნება ისევ გამჭვირვალე, თუმცა გაცილებით ხარისხიანი მასალით. ორი ესკიზი გვაქვს, მაგრამ  დეტალებზე შევჯერდებით. მიმდინარე წლის ბოლომდე, ალბათ, გვექნება პროექტი და ხარჯთაღრიცხვა“.

ამ მონუმენტის ადგილზე დავით აღმაშენებლის ძეგლის დადგმაც განიხილებოდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ამ საკითხზე მსჯელობდნენ ქალაქის მერიაშიც და აჭარის მთავრობაშიც, თუმცა სულხან ევგენიძე აქ ძეგლის დადგმას უარყოფს.

„ყინულის შადრევანი“ ბათუმში / 7.06.2019 / გურამ მურვანიძის ფოტო

მონუმენტი რომ იშლებოდა, ამის შესახებ „ბათუმელები“ გასული წლის ოქტომბერშიც წერდა. მაშინ სამმართველოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მხოლოდ მასალისთვის, რითაც მონუმენტია აშენებული, 300 000 ლარი იყო საჭირო.

ამ თემაზე ვრცლად:

ბათუმში „ყინულის შადრევანი“ იშლება – რას გეგმავს მერია

„ყინულის შადრევანი“ ბათუმში / 7.06.2019 / გურამ მურვანიძის ფოტო

ბათუმში ტურისტებს ავტომანქანა დაეჯახა

დღეს, 7 მაისს, ბათუმში, საბაგირო გზის მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტებს, ცოლ-ქმარს მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ერთ მათგანს ხელ-ფეხი აქვს დაზიანებული, მეორეს – ხელი. დაშავებულები ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

 

ორ წელზე მეტია „ამბასადორ ბათუმი“ ბულვარში ოთხსართულიანი შენობისთვის საძირკველს თხრის

წელს ბათუმში ჩამოსულ ტურისტს ბულვარში, მთავარი შადრევნის გასწვრივ, ყოფილი პოლიკლინიკის ტერიტორიაზე ისევ სამშენებლო სამუშაოები დახვდება. კომპანია „ამბასადორ ბათუმს“, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან გაფორმებული შეთანხმებით, მშენებლობა 2018 წლის მარტში უნდა დაესრულებინა, თუმცა ჯერ არც კი დაუწყია.

სამშენებლო მოედანი მაღალი ღობითაა შემოსაზღვრული და ობიექტის დაცვა  მასთან მიახლოებაზეც კი რეაგირებს, თუმცა მაინცაა შესაძლებელი იმის ნახვა, რომ ჯერ აქ ერთი სართულიც კი არ აუშენებიათ და ისევ საძირკველს თხრიან.

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ინფორმაციით, ნებართვა ოთხი სართულის მშენებლობაზეა გაცემული და შენობას მომავალში ბალნეოლოგიურ-გამაჯანსაღებელი ცენტრის ფუნქცია უნდა ჰქონდეს.

საძირკვლის მოწყობის სამუშაოების გაჭიანურება ბათუმში კიდევ უფრო ამძაფრებს ეჭვებს, რომ კომპანიას აქ უფრო მაღალი შენობის აგება აქვს განზრახული და საძირკვლის მომზადების შემდეგ პროექტის ცვლილებისთვის მიმართავს სააგენტოს. კომპანიაში ამ თემასთან დაკავშირებით კითხვებზე პასუხები ვერ მივიღეთ. მათთან დაკავშირება ვერ შევძელით, რადგან სამშენებლო მოედანთან ახლოს მდებარე ოფისი დაკეტილი დაგვხვდა, საინფორმაციო დაფაზე მითითებულ ნომერზე კი გვპასუხობს პირი, რომელიც ამბობს, რომ კომპანიის წარმომადგენელი არ არის და პროექტზე ვერაფერს გვეტყვის.

კომპანიას სამშენებლო მოედანზე სრულყოფილი საინფორმაციო დაფა არც 2016 წელს განუთავსებია და არც ვადების შეცვლის შემდეგ უზრუნია მის განახლებაზე.  კითხვით – რატომ არ განათავსა კომპანიამ სრულყოფილი საინფორმაციო დაფა სამშენებლო მოედანზე? – „ბათუმელებმა“ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს 2018 წელსაც მიმართა, მაშინ გვიპასუხეს, რომ კომპანია გააფრთხილეს, თუმცა როგორც ჩანს გაფრთხილებას შედეგი არ მოჰყვა, რადგან მშენებლობაზე საინფორმაციო დაფა არ შეუცვლიათ და ადგილზე არც პროექტის რენდერია გამოკრული.

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში გვითხრეს, რომ კომპანიამ მშენებლობის ვადის გადაწევა ითხოვა და თანხმობაც მიიღო. ახალი შეთანხმებით მშენებლობა 2022 წელს უნდა დასრულდეს. სააგენტოს  ნებართვების გაცემისა და მონიტორინგის განყოფილების უფროსის, ვიქტორია ბერიძის ინფორმაციით უკვე შეამოწმეს და პროექტთან შესაბამისია საძირკვლის მოწყობის სამუშაოებიც. მისი თქმით, „არანაირ დარღვევას ადგილი არ ჰქონია“.

კითხვაზე, თუ რატომ გაჭიანურდა მშენებლობის დაწყების პროცესი, ვიქტორია ბერიძემ გვიპასუხა, რომ რომ პროექტი მიწისზედა ოთხი სართულის გარდა ითვალისწინებს სამი სართულის მშენებლობას მიწის ქვემოთ, რაც  სირთულეებს უკავშირდება.

მშენებლობის დაწყებიდან მცირე დროში „ამბასადორ ბათუმი“ ბულვარში კიდევ ორი ქონების მოსარგებლე გახდა.  საერთო ჯამში შპს „ამბასადორ ბათუმი“ ბულვარში ფლობს  1203 კვმ მიწის ფართობს, ასევე, ამ ქონების მიმდებარედ ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციასთან გაფორმებული საიჯარო შეთანხმებით  – 224 კვმ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს და გარდა ამისა, კომპანიას სარგებლობაში გადასცეს კიდევ ერთი,  117 კვმ მიწის ნაკვეთი ბულვარში და მასზე დამაგრებული შენობა – 199 კვმ.

კომპანია ბულვარში ასევე აშენებს კაფეს, რომელიც მსუბუქი კონსტრუქციის მქონე შენობა იქნება და გამჭვირვალე შუშით იქნება შეფუთული.

„ამბასადორ ბათუმი“ 2017 წლის სექტემბერში რუსეთის მოქალაქემ, ალექსანდრე ფრიდმა დააფუძნა, ის იყო კომპანიიის ასივე პროცენტის მფლობელი და დირექტორი. უფრო ადრე, 2015 წელს მას საქართველოში კომპანია „ბბუ ჯორჯია“, 2016 წელს კი შპს „ჩემი დრონები“ დაუფუძნებია. ასევე, ის არის კომპანია „ჯორჯიან ვეის“ დამფუძნებელი და ორმოცდაათი პროცენტის მფლობელი. ალექსანდრე ფრიდი ფლობს ასევე შპს „სიგმა ქეპიტალ პარტნერს“.

2017 წლის სექტემბერშივე კომპანიის წილებში ცვლილება რამდენჯერმე შევიდა. ამ დროისთვის კომპანიის დამფუძნებელი წილებში საერთოდ აღარ ფიქსირდება და კომპანიას რუსეთის მოქალაქეები: ელგუჯა ქებურია  და ვართან ვართანოვი იყოფენ, კომპანიის დირექტორად კი ელგუჯა ქებურიაა დაფიქსირებული.

ბათუმში მსოფლიო ოკეანის დღეს აღინიშნავენ

ხვალ, 8 ივნისს, ბათუმის ბულვარში მსოფლიო ოკეანის დღეს აღნიშნავენ. ბულვარის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ძველ ბულვარში სპეციალურად მოწყობილ ღია სივრცეში სკოლის მოსწავლეებს დარგის სპეციალისტები მიაწოდებენ მნიშვნელოვან ინფორმაციას წყალქვეშა ეკოსისტემის დაცვისა და ზიანის შემცირების საკითხებზე.

„დაგეგმილია საზღვაო თემატიკის ამსახველი შემეცნებითი ვიდეო-პრეზენტაციებიც. ლიტერატურული კლუბი „ლიტერპოლლო“ წარადგენს ერნესტ ჰემინგუეის „მოხუცი და ზღვას“ განსხვავებული ფორმატით.

პრეზენტაცია აქცენტირებული იქნება ოკეანის, როგორც ბუნების მნიშვნელოვან ფენომენზე და ამ მნიშვნელობის ასახვაზე ლიტერატურასა და რეალობაში“.

ამავე დღეს, მონადირეთა ასოციაციის თავმჯდომარე მოსწავლეებს ბუნების დაცვის კუთხით არსებულ საერთაშორისო პრაქტიკის შესახებ მიაწვდის ინფორმაციას.

ბათუმის დელფინარიუმის წარმომადგენლები კი დელფინების თავისებურებების და მათი როლის შესახებ.

„ბათუმის ბულვარის“ ინფორმაციით, მოსწავლეებთან საუბარი იქნება არსებულ კვლევებზე და ამ სფეროში საფრთხეების გააზრებაზე. „საგანმანათლებლო შეხვედრა ინტერაქციის რეჟიმში წარიმართება“. ოკეანის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ვიქტორინით დასრულდება.

მსოფლიო ოკეანის დღის კონცეფცია პირველად 1992 წელს კანადის მთავრობამ წარადგინა რიო დე ჟანეიროს „დედამიწის ყოველწლიურ სამიტზე“. 2008 წლიდან კი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით ოკეანის დღე ყოველ 8 ივნისს აღინიშნება.

მსოფლიო ოკეანის დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს ადამიანთა ცნობიერების ამაღლებას წყალქვეშა ეკოსისტემის შენარჩუნების მიმართულებით და საზოგადოების აქტიურ ჩართვას აღნიშნული პრობლემების მოგვარების საკითხებში.

რაში და როგორ დახარჯავს 1.7 მილიონ ლარს „ახალგაზრდული ცენტრი“

აჭარის განათლების სამინისტროში ახალი საბიუჯეტო ორგანიზაცია „ახალგაზრდული ცენტრი“ შეიქმნა, სადაც 25 პირი უნდა დასაქმდეს. ცენტრის ფუნქციონირებისთვის 1 მილიონ 700 ათასი ლარია გათვალისწინებული. როგორ და რაში აპირებს ცენტრი ბიუჯეტის დახარჯვას და რა გახდა ორგანიზაციის შექმნის მიზეზი. „ბათუმელები“ ამ თემაზე აჭარის განათლების მინისტრის მოადგილეს, ალექსანდრე დავითაძეს ესაუბრა.

ბატონო ალექსანდრე, ცენტრის ხელმძღვანელის ადგილზე უკვე გამოცხადებულია კონკურსი, როდის იქნება შედეგები ცნობილი?

საბუთების მიღების ვადები ამოიწურა და მიმდინარეობს კონსულტაციები – შერჩევის პროცესში ვართ. 50-ზე მეტი განაცხადია შემოსული, თუმცა კონკურსანტების ძალიან დიდი ნაწილი ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნებს. კვალიფიკაციის, გამოცდილების ჭრილში. ვფიქრობთ, რომ თამასა კიდევ უფრო წამოსაწევია.

შესაძლებელია კონკურსი თავიდან გამოცხადდეს?

არ გამოვრიცხავთ მაგ ნაწილსაც, ესეც შესაძლებელია.

რამდენი ადამიანი იმუშავებს ამ ორგანიზაციაში და ისინიც კონკურსის წესით დასაქმდებიან?

ჯამში იქნება 25 შტატი და კონკურსის წესით დასაქმდებიან. რიგი თანამშრომლები, ვინც ახალგაზრდობის განყოფილებაში მუშაობდა, ისინიც მიიღებენ კონკურსებში მონაწილეობას. კრიტერიუმები გამოქვეყნდება მაშინ, როცა ბიუჯეტი ოფიციალურად დამტკიცდება. შემდეგ უკვე ხელმძღვანელი შეადგენს სხვადასხვა პოზიციაზე კრიტერიუმებსა და მოთხოვნებს.

ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება აღარ იარსებებს?

სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილება აღარ არსებობს. იქ დარჩა მხოლოდ სპორტის განყოფილება. ის განყოფილება ასრულებდა რიგ პროექტებს, მაგრამ დღევანდელი გამოწვევები განსხვავდება, რადგან განათლება ხელისუფლებამ გამოაცხადა „ეროვნულ იდეად“ და ახალგაზრდობის მხარდაჭერა კიდევ უფრო მეტად უნდა გაძლიერდეს. არსებულიდანაც შევინარჩუნეთ პროექტები, რომელიც მნიშვნელოვანი იყო და დავამატეთ ბევრი ახალი, ინოვაციური პროექტი.

შეგიძლიათ დაასახელოთ, რომელიმე პროექტს მიიჩნევთ ინოვაციურად?

წელს გვექნება უფრო მეტი ბანაკები, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო, უფრო მეტი ფორუმი გვექნება, უფრო მეტი საერთაშორისო პროექტი, გაცვლითი პროგრამები. ხელოვნებისა და კულტურის ნაწილში იქნება მხარდაჭერის პროექტი, გართობა-შემეცნება-შემოქმედება – ამ ნაწილში იქნება არაერთი ახალი პროექტი. სტუდენტური ფესტივალი, ახალგაზრდობის საერთაშირისო დღეს აღვნიშნავთ 12 აგვისტოს, არაფორმალური განათლების მიმართულებით იქნება სიახლეები და ახალგაზრდების კარიერული განვითარების მხარდაჭერა.

რა იგულისხმება ამაში, რა ფორმით იქნება მხარდაჭერა?

პროგრამულ ნაწილს ძალიან მალე გაგაცნობთ, პრეზენტაციაზე. ეს შეიძლება მოიცავდეს სტაჟირებისა და სხვადასხვა კარიერული მხარდაჭერის პროგრამას. 14-იდან 29 წლამდე ახალგაზრდების მხარდაჭერას ითვალისწინებს ეს ორგანიზაცია. იქნება ტრენინგები, სტაჟირება, ვორკშოპები და სხვა.

შრომითი საქმიანობის ხელშეწყობაც დევს ორგანიზაციის დებულებაში. აქ რას გულისხმობთ?

იგულისხმება კვალიფიკაციის ამაღლება, სტაჟირება და კარიერული განვითარება.

დებულებაში ასევე წერია, რომ ორგანიზაციას შეუძლია საინვესტიციო და საქველმოქმედო საქმიანობის განხორციელება. ინვესტიციაში რა იგულისხმება, დონორების მოძიება შეეძლება?

საქველმოქმედო საქმიანობაში იგულისხმება მოხალისეობის მხარდაჭერა, რაც თავის მხრივ გულისხმობს ახალგაზრდების საქველმოქმედო პროექტებში ჩართვას. ინვესტიციებში კი იგულისხმება ის, რომ ორგანიზაციას უფლება აქვს მიიღოს შემოსავლები. რიგი კომპანიები და ორგანიზაციები შეიძლება დაინტერესდნენ ახალგაზრდული თემებით, იქნება შემოწირულობა, საერთო პროექტების განხორციელება და ამის უფლება სსიპს ექნება.

დებულებაში წერია, რომ ორგანიზაცია იმუშავებს პატრიოტული ღირებულებების გაღრმავებაზე. რა იგულისხმება ამაში?

ჩავთვალეთ, რომ საჭიროა პატრიოტული სულისკვეთების ამაღლება. კონკრეტულად რომ განვიხილოთ, ვგეგმავთ ლაშქრობას და თემატურ ბანაკებს. დაინტერესებულ ახალგაზრდებს მოვუწყობთ ბანაკებს პოლიციის აკადემიაში ან თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში, სადაც ჯარისკაცების და სხვა სამხედრო პირების ცხოვრების რეჟიმს გაეცნობიან. სსიპის საქმიანობა ასევე მოიცავს აჭარის მთელ რეგიონს, სადაც გაატარებს ახალგაზრდულ პოლიტიკას.

ორგანიზაციის საქმიანობაში არის სპორტული მიმართულებაც და სპორტული განყოფილება რატომ დატოვეთ ცალკე?  

ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობა არის ამ ორგანიზაციის ფუნქციებში, თუმცა სპორტის განყოფილება მხოლოდ სპორტის მიმართულებით იმუშავებს.

თქვენ ერთი თვის წინ განაცხადეთ, რომ პროექტის დეტალურ პრეზენტაციას მაისის ბოლოს წარმოადგენდით. რატომ არ გააკეთეთ?

ბიუჯეტი როგორც კი გამოქვეყნდება, იმ დღიდან დაიწყება შესაბამისი მოქმედებები, რომ პროექტები შევიდეს ძალაში. როდესაც გუნდი შეიკრიბება, პროგრამების დეტალური პრეზენტაციაც იქნება.

„ზამთარმა არ იზამთრა, ჩვენ ხომ პენტაგონის ბიუჯეტი არ გვაქვს?“ – ახალშენის რწმუნებული უწყლობაზე

ხელვაჩაურში, სოფელ ახალშენში საპროტესტო აქცია იმართება. მოსახლეობა წყალს ითხოვს.

„დღეს საბავშვო ბაღიდან წამოვიყვანე შვილიშვილი მეც და და სხვებმაც, წყალი საერთოდ არ იქნებაო. უწყლოდ რა უნდა ქნა ბავშვებთან?… აქამდე ბაღში მაინც იყო გრაფიკით წყალი, ახლა ისიც აღარ არის… აქციაზე გამოვედით დღეს და ჩართეს ახლა უცებ მარტო ბაღში. თუ არ არის წყალი, ახლა საიდან მოვიდა? გამოვალთ აქციაზე, მოვიყვანთ ჟურნალისტებს, ჩართავენ ერთი-ორი საათით, მერე წავა ისევ,“ – გვიყვება აქციაზე გამოსული ნანული ჯაბნიძე.

აქციაზე შეკრებილების თქმით, ახალშენს წყლის პრობლემა წლებია აწუხებს და ისინი წყალს სხვადასხვა სოფლიდან ეზიდებიან.

წყლის პრობლემას ადასტურებს სოფლის რწმუნებულიც. ანზორ კახიძე ამ ეტაპზე მოსახლეობას გამოსავალს ვერ სთავაზობს.

„წყლის პრობლემა გამოწვეულია ზამთრიდან გამომდინარე – ზამთარმა ვერ იზამთრა. თოვლი თუ არ ჩაწვა მთაში, არ იზამს, ზაფხულივით ზამთარი იყო… მოსახლეობა უყურადღებოდ იქცევა: ზოგან ონკანი არ მუშაობს და იქცევა წყალი, ზოგი იმას არ ფიქრობს, რომ ტანი მაქვს დასაბანი და მეზობელს დასალევი წყალი აღარ დარჩებაო. დებეტი არის წყლისა ძალიან ცოტა. ეს მარტო წლევანდელი პრობლემა არ არის. მომავალში  უფრო მეტი პრობლემა იქნება, თუ ზამთარმა არ იზამთრა… წლების წინ კარიერზე იყო აფეთქებები. შესაძლებელია, ამიტომაც დაიკარგა წყალი. ერთი თუ დაიკარგა წყალი, მერე არ მობრუნდება,“ – გვითხრა ანზორ კახიძემ.

იგეგმება თუ არა ახალი ჭაბურღილების მოწყობა ახალშენში?

„გაკეთდა რამდენიმე ჭაბურღილი. 10 და 20 ჭაბურღილი ვერ გაკეთდება ერთად, ჩვენ პენტაგონის ბიუჯეტი ხომ არ გვაქვს?“ – კითხულობს ახალშენის რწმუნებული.

აქციაზე იმყოფება ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ მიხეილ ბოლქვაძეც. მისი თქმით, ახალშენში წყლის სისტემის მოსაწყობად ბოლო წლებში 2 მილიონ ლარამდე დაიხარჯა.

„თორნიკე რიჟვაძეს მოვუწოდებ, მიხედოს ხელვაჩაურს, სანამ მთელი სოფლები დაირაზმება და მიადგება კაბინეტთან, კორუმპირებულ მერს მიაქციოს ყურადღება,“ – აცხადებს მიხეილ ბოლქვაძე.

 

 

კაცი, რომელსაც დღეს მატარებელი დაეჯახა, საავადმყოფოდან გაწერეს

კაცი, რომელსაც დღეს, 7 ივნისს, ჩაქვი-ციხისძირის მონაკვეთზე ბათუმი-თბილისის სამგზავრო მატარებელი დაეჯახა, კლინიკიდან უკვე გაწერეს.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, იგი შეჯახების შედეგად მსუბუქად დაშავდა და ქობულეთის საავადმყოფოში მას პირველადი დახმარება აღმოუჩინეს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით – ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა.

მაჩალიკაშვილი პროკურორისთვის ჩივილის უფლებას ითხოვს – საკონსტიტუციო

მალხაზ მაჩალიკაშვილი სამსონ თამარიანთან და მერაბ მიქელაძესთან ერთად პარლამენტის წინააღმდეგ დავობს. დავის არსებითი განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ დღეს, 7 ივნისს დაიწყო.

მალხაზ მაჩალიკაშვილი იმ სამართლებრივ ნორმებს ასაჩივრებს, რომლის მიხედვითაც თუკი პროკურორი ნაკლებად მძიმე და მძიმე დანაშაულზე გამოძიებას, ან სისხლისსამართლებრივი დევნას შეწყვეტს, ამას სასამართლოში ვერ გაასაჩივრებ. პროკურორს ასევე ვერ უჩივლებთ, თუკი ის სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე უარს იტყვის. არსებული სამართლებრივი რეგულაციის მიხედვით, პროკურორის ეს გადაწყვეტილებები მხოლოდ ზემდგომ პროკურორთან შეიძლება გასაჩივრდეს და არა სასამართლოში.

„ზემდგომ პროკურორთან ვასაჩივრებთ ხშირად, მაგრამ მხოლოდ ერთი შემთხვევა მახსენდება, როცა ზემდგომმა პროკურორმა პროკურორის გადაწყვეტილება შეცვალა,“ – ამბობს მოსარჩელეების ინტერესების დამცველი, იურისტი ნინო თედეიშვილი.

მალხაზ მაჩალიკაშვილის ინტერესების დამცველი, თამარ სამხარაძე კი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ მაჩალიკაშვილს ამ დრომდე დაზარალებულის სტატუსი არ აქვს.

„ამ ფორმით იზღუდება სამართლიანი სასამართლოს უფლება… არსებული ფორმა, ანუ ზემდგომ პროკურორთან გასაჩივრება ვერ უზრუნველყოფს ეფექტურ მართლმსაჯულებას,“ – გვითხრა თამარ სამხარაძემ. მისივე თქმით, ამ დრომდე მალხაზ მაჩალიკაშვილს დაზარალებულის სტატუსი არ აქვს.

ადვოკატების მოსაზრებებს არ იზიარებს პარლამენტის ინტერესების დამცველი იურისტი, ქრისტინე კუპრავა. იგი აქცენტს სასამართლოს გადატვირთულობაზე აკეთებს.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოცემული რეგულაცია არ ზღუდავს სამართლიანი სასამართლოს უფლებას. ამ ყოველივეს განაპირობებს ის სტატისტიკური მონაცემები და ის ფაქტობრივი მოცემულობა, რაც არსებობს და რომლითაც დასტურდება, რომ არსებობს ნამდვილად საჯარო, ლეგიტიმური მიზანი, რომ არ გადაიტვირთოს სასამართლო… ვფიქრობთ, რომ პარლამენტმა გონივრული ბალანსი შეარჩია და ჩამოაყალიბა ეს ნორმები, როგორც არის ეს მოცემული,“ – აცხადებს ქრისტინე კუპრავა.

დღევანდელ პროცესზე სასამართლოს თავის მოსაზრებას პროკურორი მაია ჯვარშეიშვილი გააცნობს. მან უარი თქვა პროცესის დაწყებამდე მოსაზრების დაფიქსირებაზე.

მალხაზ მაჩალიკაშვილის შვილი – თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს საკუთარ სახლში შუბლის არეში დაჭრეს. ის 2018 წლის 10 იანვარს საავადმყოფოში გარდაიცვალა. მალხაზ მაჩალიკაშვილი ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამასთან, ზაზა სარალიძესთან ერთად მართავს აქციებს და დამნაშავის დასჯას ითხოვს.

 

8 ივნისს გაირკვევა მიიღებს თუ არა ბათუმი პრესტიჟულ ჯილდოს

ხვალ, 8 ივნისს, მადეირაზე გაირკვევა მიიღებს თუ არა ბათუმი ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების ტიტულს.

მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრიის უმნიშვნელოვანეს ღონისძიებაზე ბათუმის კონკურენტებია სოფია (ბულგარეთი), მატერა (იტალია), ბაქო (აზერბაიჯანი), ლუბლიანა (სლოვაკეთი), კუტნა ჰორა (ჩეხეთი), მოსტარ (ბოსნია ჰერცეგოვინა) და დერი (ჩრდილოეთ ირლანდია).

28 აპრილამდე ბათუმისთვის ხმის მიცემა ნებისმიერ მსურველს ღონისძიების ოფიციალურ საიტზე https://www.worldtravelawards.com/vote შეეძლო.

დაჯილდოების ცერემონიას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი მთავრობის დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად დაესწრებიან.

,,World Travel Awards” დაჯილდოება 1993 წლიდან სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიის ყველა სექტორში საუკეთესო მიმართულებებისა და კომპანიების გამოვლენისა და დაჯილდოების მიზნით იმართება.

ჯილდოებაზე ასობით ნომინაცია და ათასობით ნომინანტი კონტინენტებისა და ქვეყნების მიხედვით სხვადასხვა კატეგორიებშია გადანაწილებული. მათ შორისაა წამყვანი სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები, ტურისტული ატრაქციები, მიმართულებები, ტუროპერატორები, ასევე საზღვაო, საგზაო, საჰაერო ტრანსპორტის კომპანიები.

 

მსხვილფეხა პირუტყვი ბათუმი-ხელვაჩაურის გზაზე [ფოტოამბავი]

ბათუმი-ხელვაჩაურის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე მეთვალყურის გარეშე მყოფ მსხვილფეხა პირუტყვს ხშირად ნახავთ, რაც საგზაო მოძრაობას უქმნის საფრთხეს.

საქონელი გზაზე. ფოტო: როინ გუნდაძე
საქონელი გზაზე. ფოტო: როინ გუნდაძე
საქონელი გზაზე. ფოტო: როინ გუნდაძე

ქალაქის ტერიტორიაზე მსხვილფეხა საქონლის გადაადგილება მეთვალყურეობის გარეშე აკრძალულია. ასეთ შემთხვევაში პირუტყვს შპს „სანდასუფთავება“ აკავებს და მეპატრონეს მის გამოსახსნელად ჯარიმის გადახდა უწევს.

ამავე თემაზე: 

ახალ ბულვარში 9 სული პირუტყვი დააკავეს [ფოტო]

„ქოლუმბია შიპმენეჯმენტი“ (CSM) საკრუიზო გემებზე საქართველოს მოქალაქეებს დაასაქმებს

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და „ქოლუმბია შიპმენეჯმენტის“ შეთანხმების თანახმად კომპანია საქართველოს მოქალაქეებს საკრუიზო გემებზე დაასაქმებს. პირველ ეტაპზე იგეგმება 18-დან 40 წლამდე 50 ადამიანის დასაქმება ბარმენის, მიმტანის და „ჰაუს-ქიპერი“-ს პოზიციებზე. მინიმალური ანაზღაურება შეადგენს 800 ევროს. ამასთან, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო UN Women-ისა და Wista Georgia-ს მხარდაჭერით უზრუველყოფს შერჩეული 20 გოგონასთვის გემზე უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საბაზისო წვრთნისა და პერსონალის მომზადების უფასო კურსებს.

დასაქმებისათვის ძირითადი მოთხოვნაა საკომუნიკაციო დონეზე ინგლისური ენის ცოდნა. უპირატესობა მიენიჭება გამოცდილების მქონე პირებს.

მსურველებმა უნდა მიმართონ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს 10 ივნისიდან 20 ივნისის ჩათვლით, 11:00 სთ-დან 18:00 საათამდე, მის.: ბაქოს ქ. N50.

შერჩეულ კანდიდატებს მეორე ეტაპზე „ქოლუმბია შიპმენეჯმენტი“-ს წარმომადგენლები გესაუბრებიან.


„ქოლუმბია შიფმენეჯმენტი“ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და მაღალი რეპუტაციის მქონე გერმანულ კომპანიაა, რომელსაც დღეის მდგომარეობით მსოფლიო მასშტაბით გააჩნია 14 საკრუინგო კომპანია, ახორციელებს 380 გემის მენეჯმენტს, ყავს 20 საკრუიზო გემი და იახტა და დასაქმებული ყავს 15000 ადამიანი.

ჭავჭავაძის ქუჩაზე ავარიის შედეგად მანქანამ გამყოფი ზოლის ჯებირი გაიტანა

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს. ერთ-ერთი მანქანა ქუჩის  გამყოფი ზოლის ჯებირს დაეხაჯა და საპირისპირო მხარეს გადავიდა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

თვითმხილველის თქმით, მსუბუქმა ავტომანქანამ გზა ქვეითს დაუთმო, რა დროსაც მას უკან მომავალი მანქანა დაეჯახა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება არ დაწყებულა. ადმინისტრაციული მოკვლევის შედეგად სამართალდამრღვევი მძღოლი დაჯარიმდება.

ავარია ჭავჭავაძის ქუჩაზე
ჭავჭავაძის ქუჩა

 

 

Geofibre-ის აქცია: ჩვენი სისხლით ვეხმარებით მათ, ვისაც ახლა ყველაზე ძალიან უჭირს

სისხლის უანგარო დონორობის პრაქტიკის კულტურის დანერგვის მიზნით, დღეს ბათუმში კომპანია „ჯეოფიბრეს“ თანამშრომლებმა, ბიზნესისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა აქცია მოაწყეს და სისხლი უანგაროდ გაიღეს.

კომპანია „ჯეოფიბრეს“ თანამშრომლებმა შარშანაც გაიღეს სისხლი. მაშინ აქციაში 30-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, წელს კი, სისხლის გაღების აქციაში კომპანიის 50 თანამშრომელი ჩაერთო.

geofibre -ის აქციაში ბიზანესისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც ჩაერთნენ
geofibre -ის აქციაში ბიზანესისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ჩაერთნენ

კომპანია „ჯეო ფიბრეში“ თანამშრომლები გეგმავენ, სისხლი უანგაროდ ყოველწლიურად გაიღონ.

„ჩვენ მიერ გაღებული სისხლით ერთი ადამიანი თუ გადარჩება, უკვე კარგი საქმეა. გვსურდა, დავხმარებოდით მათ, ვისაც ახლა ყველაზე ძალიან უჭირს, ეს ევროპაში და უკვე თურქეთშიც ურთიერთდახმარების მიღებული, გავრცელებული ფორმაა,“ – ამბობს „ჯეოფიბრეს“ მენეჯერი იასინ ზერენი,  – დღეს მან თავადაც გაიღო სისხლი.

Geo Fibre -ს მენეჯერი იასინ ზერენი შეურთდა აქციას
Geofibre -ის მენეჯერი იასინ ზერენი შეურთდა აქციას

ნაირა ვარშანიძეს უკვე უთხრეს, რომ სისხლს, რომელიც დღეს მან გაიღო, მომავალ კვირას ღვიძლის გადანერგვის ოპერაციაზე გადაუსხამენ პაციენტს – ნაირა ,,ჯეოფიბრეს“ თანამშრომელი და სისხლის დონორია.

„პირველად გავიღე სისხლი. ასეთ დახმარებას ადამიანისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. საჭიროა ხშირად დავეხმაროთ ასე ერთმანეთს. ავარიებისა და უბედური შემთხვევების დროს სისხლი დეფიციტია. ყველა შეიძლება მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდეს,“ – ამბობს დონორი.

ნაირა ვარშანიძე
ნაირა ვარშანიძე

ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს სისხლის ბანკის ხელმძღვანელი, შალვა ბათაძე ამბობს, რომ სისხლს უანგაროდ საქართველოში იშვიათად იღებენ და საჭიროების შემთხვევაში პაციენტები ნათესავების იმედად არიან, რადგან ბანკს ხშირად საჭირო ჯგუფის სისხლი არ აქვს.

„ჰოლანდიაში, მაგალითად, სირცხვილადაც კი მიიჩნევა, თუ ჯანმრთელი ადამიანი წელიწადში ერთხელ მაინც არ არის დონორი. ერთადერთი შემთხვევა, როცა ადამიანები საკუთარი სურვილით, უსასყიდლოდ აბარებდნენ სისხლს საქართველოში, იყო 2008 წელს – ომის დროს: სხვა არაფერი შეგვიძლია და ამით დავეხმარებით დაჭრილებსო – ამბობდნენ. საავადმყოფოებში ტევა აღარ იყო დონორების, არავითარი მოწოდება მაშინ არ ყოფილა, თავად მოდიოდნენ,“  – იხსენებს სისხლის ბანკის ხელმძღვანელი, შალვა ბათაძე.

მისივე თქმით, უანგარო დონორობა რომ აქტუალური იყოს საქართველოში, სისხლის ბანკში დეფიციტი  არ იქნებოდა. კომპანიები, დაწესებულებები რომ „ჯეოფიბრეს“  მსგავსად აწყობდნენ სისხლის გაღების აქციებს, დიდი პრობლემა გადაიჭრებოდა, რადგან დონორობა ნიშნავს უამრავი ადამიანის გადარჩენას.

შალვა ბათაძე
შალვა ბათაძე დონორთან ერთად

კომპანია „ჯეოფიბრე“ 30 წლის წინ დაარსდა თურქეთში და დასაქმებული ჰყავს 1000-ზე მეტი ადამიანი. მისი ძირითადი პროდუქტი მეტალიზებული ძაფია, რომლის წარმოებითაც ,,ჯეო ფიბრე“ მსოფლიოს პირველ ოთხეულშია. კომპანიას მეტალიზებული ძაფი ძირითადად ევროპაში გააქვს. უახლოეს მომავალში იგეგმება თურქეთის დიდი საწარმოს 80-90 % – ის საქართველოში გადმოტანა.

დღესვე „ჯეოფიბრესა“ და ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალს შორის ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომლის ფარგლებშიც ჰოსპიტლის გადაუდებელი მედიცინისა და ამბულატორიული განყოფილებები კომპანიის თანამშრომლებს 15 %-იანი ფასდაკლებით მოემსახურებიან.

მემორნდუმს ხელი ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის და ჯეო ფიბრეს მენეჯერებმა მოაწერეს
მემორანდუმს ხელი ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის და Geofibre-ს მენეჯერებმა -ჯან დუჯმეზიმ და იასენ ზერენმა მოაწერეს.
სისხლის უანგაროდ გაცემის აქცია „ჯეო ფიბრეში"
სისხლის უანგაროდ გაცემის აქცია „ჯეოფიბრეში”
სისხლის უანგაროდ გაცემის აქცია „ჯეო ფიბრეში"
სისხლის უანგაროდ გაცემის აქცია „ჯეოფიბრეში”
სისხლის უანგაროდ გაცემის აქცია „ჯეო ფიბრეში"
ბაშაკ იემენიჯი სისხლის უანგაროდ გაცემის აქციაზე „ჯეოფიბრეში”
სისხლის უანგაროდ გაცემის აქცია „ჯეო ფიბრეში"
სისხლის უანგაროდ გაცემის აქცია „ჯეოფიბრეში”
სისხლის უანგაროდ გაცემის აქცია „ჯეო ფიბრეში"
სისხლის უანგაროდ გაცემის აქცია „ჯეოფიბრეში”

 

 

Exit mobile version