24 მაისს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვაში, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებითა და მედიის წარმომადგენლების მონაწილეობით კიდევ ერთი დისკუსია გაიმართა.
აჭარის ტელევიზიისა და რადიოს და „ბათუმელების“ წარმომადგენლებმა დისკუსიაზე ადგილობრივი მაცხოვრებლების პრობლემები, მოსაზრებები და შეხედულებები მოისმინეს. მსგავსი ფორმატის შეხვედრები აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის სოფლებში გაიმართა.
შორენა ამაღლობელი, „ბათუმელები“: დღეს იმიტომ ვართ აქ, რომ მოვისმინოთ თქვენი პრობლემები და ამ პრობლემების მოგვარებაზე ვკითხოთ შესაბამის პირებს.
თეკლა მჭედლიძე, „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო“: 2019 წლის 27 თებერვლიდან, დავიწყეთ გადაცემა – „თვითმმართველობა“, სადაც ვსაუბრობთ ყველა იმ პრობლემაზე, რომელიც თვითმმართველობას ეხება, მოსახლეობის და მენეჯმენტის კუთხით. რა სირთულეებს აწყდება მერიის ადმინისტრაცია საქმის წარმოების დროს. ვცდილობთ, ყველა გადაცემაში გვქონდეს ხალხის ხმა, ვატარებთ გამოკითხვას თუ რას ფიქრობს ამა თუ იმ საკითხზე მოსახლეობა. ამ ეტაპზე ქობულეთზე არ გვქონია გადაცემა, თუმცა აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებზე თითქმის ყველა გადაცემაშია საუბარი. ჩვენ გვინდა, რომ გადაცემა სტუდიაში კი არ ჩაიწეროს, თქვენთან მოვიდეთ, ადმინისტრაციულ ცენტრში და აქ ჩაიწეროს გადაცემა.
ასლან ჭანიძე, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“: თუ ნაკლებად იქნება ხალხის პოზიცია წარმოდგენილი, შემდგომ მტკიცება იმისა, რომ არსებობს პრობლემები სოფელში, ძალიან რთულია. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ, სოფელში ინფრასტრუქტურა არ შეცვლილა, წყალმომარაგების სისტემა კი მოშლილია.
ჯაბა სტამბოლიშვილი, ქობულეთის მერის წარმომადგენელი სოფელ ლეღვაში: პატარ-პატარა პრობლემები ყველგანაა. თუმცა, ეტაპობრივად ყველაფერი კეთდება სოფელში.
ასლან ჭანიძე: ზოგადად, სოფლებში არსებობს პრობლემა იმისა, რომ გზა, რომელიც სოფელში გადის არ არის დატანებული რუკაზე, ანუ არსად არის ნაჩვენები. ხშირად ეს პრობლემას ქმნის დაფინანსების მაძიებლებისთვის – როგორ უნდა დავაფინანსო გზა, რომელიც არსად არ ჩანს?
ჯაბა სტამბოლიშვილი: სოფლის პროგრამით შევიძენთ 300 კუბ. ბეტონს, 450-ს შეიძენს საგზაო დეპარტამენტი, დამატებით კი 100 კუბი სოფლის ეკლესიასთან მისასვლელი გზის მოსაწყობად იქნება გამოყოფილი. ამ ეტაპზე ყველაზე დიდი პრობლემა არის ფაროსანა. შარშან ვეხვეწებოდით მოსახლეობას, წაეღოთ წამალი, მაგრამ არ წაიღეს. შემოდგომაზე რომ გაივსო ყველას სახლი ფაროსანით, მხოლოდ მაშინ წაიღეს. ახლაც იგივე პრობლემაა. წელს მცირედი დარიგდა, 400 გრამი თითო ოჯახზე, თუმცა არ არის საკმარისი.
შეხვედრაზე მოსახლეობამ აღნიშნა, რომ საკუთარი სახსრებით უკვე ხუთი წელია აშენებენ ეკლესიას, თუმცა ისევ უსახსრობის გამო ამ დრომდე ვერ შეძლეს დასრულება.
ასლან ჭანიძე: მუნიციპალური ბიუჯეტით ვერ დაფინანსდება ეკლესიის მშენებლობა, რადგან კანონდარღვევაა. ერთადერთი გზა ისაა, რომ შეიძლება დაინტერესდეს ბიზნესსექტორი და დაგეხმაროთ ამ პრობლემის მოგვარებაში.
სოფელ ლეღვას მცხოვრებლებისთვის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს დასაქმება. შეხვედრის მონაწილეები ამბობენ, რომ სოფელი დაიცალა. ქობულეთის მუნიციპალიტეტის 8 სოფელს ჯერ კიდევ არ მიეწოდება გაზი… კიდევ ერთი პრობლემა, რაზეც ადგილობრივებმა ისაუბრეს მიწის გაფორმების საკითხია. გამომდინარე იქიდან, რომ მიწა სახელმწიფოს საკუთრებაა და მუნიციპალიტეტს არ ეკუთვნის, მოქალაქეები დარეგისტრირებას ვერ ახერხებენ… ლეღველებმა სანაგვე ურნების პრობლემაზეც ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ მდინარეში ყრიან ნარჩენებს, რამაც ფაქტობრივად მდინარის დაშრობა გამოიწვია. მოსახლეობის თქმით, რამდენჯერმე მიმართეს მუნიციპალიტეტს, მაგრამ ტექნიკის არქონის გამო ვერ მოგვარდა პრობლემა. სანაგვე ურნები ცენტრალურ გზებზე არის განთავსებული, მაგრამ არ არის შიდა გზებზე.
ასლან ჭანიძე: მაღალმთიან აჭარაში, მოსახლეობა იმიტომ ვერ იფორმებდა მიწას, რომ საჭირო იყო აზომვითი ნახაზი, რომელიც 250-300 ლარი ჯდებოდა. სახელმწიფოს ჰქონდა უფასო პროგრამა, რომელიც გაუქმდა და მოსახლეობამ ვერ მოასწრო სარგებლობა. საქართველოს მთავრობასთან არსებულ კომისიაში დავაყენეთ საკითხი, რომ 2016 წლის ბოლოს მომხდარიყო ქონების გამიჯვნა მუნიციპალიტეტსა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის.
თეკლა მჭედლიძე: ქედაში არის მსგავსი შენობები და ამას ხსნიან იმით, რომ დეცენტრალიზაციის კანონპროექტი და გეგმა როცა ამუშავდება, მერე გაიმიჯნება.
ვიტალი რომანაძე, სოფელ ლეღვას მცხოვრები: ჩვენც გვაქვს მსგავსი შემთხვევები, მაგალითად, ამბულატორიის შენობა მუნიციპალიტეტის ბალანსზეა, ასევე გვაქვს ძველი მაღაზიის შენობა, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა და მუნიციპალიტეტი ვერაფერს აკეთებს, რომ ვინმეს გადასცეს და, მაგალითად, საწარმო გაკეთდეს.
2014 წლის აღწერის მონაცემებით, სოფელში ცხოვრობს 2 081 ადამიანი ცხოვრობს.
შეხვედრის ვიდეოჩანაწერი:
https://www.facebook.com/media.org.ge/videos/2085915774852990/?v=2085915774852990