მთავარი,სიახლეები

განათლების სამინისტრო დაწყებითი კლასების ყველა საგნისთვის ახალ ჟესტებს ქმნის

08.06.2019 • 2519
განათლების სამინისტრო დაწყებითი კლასების ყველა საგნისთვის ახალ ჟესტებს ქმნის

საქართველოს განათლების სამინისტრო I-IV კლასებისთვის  ყველა საგნის ძირითადი ტერმინოლოგიის  ჟესტების შექმნას გეგმავს. შესაბამისი მომსახურების შესყიდვაზე სამინისტრომ ტენდერი 4 ივნისს გამოაცხადა. წინადადებების მიღება 15 ივნისს უნდა დასრულდეს. შესყიდვის ბიუჯეტი 30 000 ლარია.

სატენდერო დოკუმენტაციაში სამინისტრო განმარტავს, რომ ჟესტური ენის სწავლების ენად გამოყენება არ ხდებოდა ათწლეულების განმავლობაში,  რამაც, თავის მხრივ, შეზღუდა მნიშვნელოვანი ტერმინებისა და ცნებების ჟესტური შესაბამისობების დამკვიდრება და მათი აქტიური გამოყენება.

სამინისტროში მიიჩნევენ, რომ ამ გარემოებამ ნეგატიური გავლენა იქონია სმენის დარღვევის მქონე პირთა განათლებაზე: „სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეები და სტუდენტები ავლენენ ჟესტური ენის ცოდნის სიმწირეს და ჩამორჩენას ბაზისურ აკადემიურ უნარებში. ხოლო ჟესტური ენის თარჯიმნები აწყდებიან სირთულეებს აკადემიური და პროფესიული საგნების ჟესტურ ენაზე თარგმნისას.“

სწორედ ამ გამოწვევებზე რეაგირების მიზნით სამინისტრომ მიზანშეწონილად მიიჩნია ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის ყველა საგნის ძირითადი ტერმინოლოგიის შესაბამისი ჟესტების შექმნა და თითოეული ჟესტის ვიზუალური [ვიდეო] მასალის შესაბამის ელექტრონულ სივრცეში განთავსება.

სამინისტროს ინფორმაციით, ამ მიმართულებით მუშაობა  სპეციალისტებმა  ნორვეგიელი  ექსპერტების მეთოდოლოგიური მხარდაჭერით  2014 წლიდან დაიწყეს. საწყის ეტაპზე, სამინისტროს მიზანი პროფესიული განათლების საფეხურზე, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში ხშირად გამოყენებადი ქართული ტერმინების იდენტიფიცირება, მათი ჟესტური შესაბამისობების დადგენა, რეგისტრირება და პოტენციურ მომხმარებელთა შორის გავრცელება იყო, ხოლო შემდგომ ეტაპზე დაიწყო ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის საგნობრივი ტერმინების დადგენა.

პროფესიული განათლების საფეხურზე 15 პროფესიული პროგრამის ფარგლებში გავრცელებული ტერმინოლოგიისთვის, ხოლო ზოგადი განათლების საფეხურზე I-III კლასის ქართულის, მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების საგნობრივი პროგრამების ფარგლებში
განხორციელდა მუშაობა. შედეგად ბაზაში სულ დარეგისტრირდა 4000 ჟესტის ვიდეოგამოსახულება, შესაბამისი ვიზუალური ხატი [ფოტო] და სიტყვა [ორთოგრაფიული ხატი].

2019 წელს  სამინისტრო ახლად გრიფირებულ სახელმძღვანელოებზე დაყრდნობით გეგმავს ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის ყველა საგნის ძირითადი ტერმინოლოგიის შესაბამისი ჟესტების ანალიზს, ახალი ჟესტების შექმნას, რაც დარეგისტრირდება ვებგვერდზე.

სამინისტროს ინფორმაციით, პროცესში მონაწილეობას მიიღებენ დაწყებითი კლასების შესაბამისი საგნობრივი პროგრამების მასწავლებლები.

სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, დუბლირების თავიდან ასარიდებლად პროცესში ჩართული მასწავლებლები გაეცნობიან წინა წლებში იდენტიფიცირებულ ტერმინებს და განსაზღვრავენ ახალ სამიზნე ტერმინებს, მინიმუმ 150 ტერმინს თითოეული საგნობრივი პროგრამების ფარგლებში.

დაგეგმილია იდენტიფიცირებული ტერმინების ელექტრონული ბაზის  შემუშავება და ჟესტების იდენტიფიცირება-რეგისტრირებაზე მომუშავე ჯგუფისთვის გადაცემა. წინასწარი პირობის მიხედვით, საჯარო სკოლის მასწავლებლებსა და გამარჯვებულ ორგანიზაციას შორის თანამშრომლობას დაარეგულირებს მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულება. შესაბამისი მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებულ ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია თავად განსაზღვრავს მასწავლებლებთან გასაფორმებელი პერიოდის ხანგრძლივობას.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: