ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა I და II კორპუსების სახურავების რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო თანხა 600 ათასი ლარია. პირობის მიხედვით „გამოყენებული უნდა იქნას გალვანიზირებული ქარზნულად შეღებილი ლურჯი ფერის პროფნასტილის და ბრტყელი ფურცლები“.
ნინოშვილის ქუჩა №35-ში მდებარე უნივერსიტეტის პირველი კორპუსის შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.
სამუშოები ტენდერში გამარჯვებულმა უნდა უზრუნველყოს ერთიანი ეროვნული გამოცდების დასრულებისთანავე [სავარაუდოდ, 2019 წლის პირველი აგვისტოდან]. სამუშაოების შესრულების ვადაა მათი დაწყებიდან არაუმეტეს 90 კალენდარული დღე.
ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2017 წლის პირველი იანვრიდან ელექტრონული ტენდერის გამოცხადებამდე პერიოდში შესრულებული უნდა ჰქონდეს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის [სახურავების მშენებლობა, რეკონსტრუქცია, რემონტი] სამუშაოები საერთო ღირებულებით არანაკლებ 300 ათასი ლარის ოდენობით.
სარეაბილიტაციო-სამონტაჟო სამუშაოებზე საგარანტიო ვადაა შვიდი წელი; სახურავის ბურულზე – 15 წელი. საგარანტიო ვადის განმავლობაში, მიმწოდებელი ვალდებულია, ბსუ-ს მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში, საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს გამოვლენილი დეფექტის/ნაკლის აღმოფხვრა, შეკეთება ან შეცვლა. საგარანტიო ვადების ათვლა იწყება საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დღიდან. საგარანტიო ვადის განმავლობაში გამოვლენილი ხარვეზის/ნაკლის არაჯეროვნად და არადროულად აღმოფხვრით გამოწვეული ზარალის ანაზღაურების ვალდებულება დაეკისრება მიმწოდებელს.
ტენდერში წინადადებების მიღება 2019 წლის 16 ივნისს დაიწყება და 21 ივნისს დასრულდება.
ბსუ-ს კორპუსები იმ ესკიზის მიხედვით უნდა დაიხუროს, რომელიც თან ახლავს სატენდერო დოკუმენტაციას.
მთავარი ფოტო: ბსუ-ს პირველი კორპუსი / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან