მთავარი,სიახლეები

2021 წელს World Travel Awards-ი შესაძლოა ბათუმში გაიმართოს

09.06.2019 • 1609
2021 წელს World Travel Awards-ი შესაძლოა ბათუმში გაიმართოს

აჭარის მთავრობა World Travel Awards-თან მოლაპარაკებას აწარმოებს, რომ საერთაშორისო კონკურსის მასპინძელი რეგიონი 2021 წელს აჭარა, ბათუმი გახდეს.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარის, სულხან ღლონტის თქმით, პირველი შეხვედრა World Travel Awards-ის ორგანიზატორებთან უკვე შედგა:

„გვინდა ჩვენი ქალაქი, ჩვენი ქვეყანა კიდევ ერთხელ მოექცეს ტურიზმის ინდუსტრიისა და მედიის ფოკუსში. ჩვენ გამოვთქვით ამასთან დაკავშირებით მზაობა. პირველი შეხვედრა უკვე შედგა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, შეხვედრას მეც ვესწრებოდი, მიმდინარეობს მოლაპარაკებები და ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილი. პირველ რიგში, დაიგეგმება ორგანიზატორების ვიზიტი ჩვენთან.

ძალიან დიდი ყურადღების ცენტრში მოექცა ბათუმი, მათი ინტერესის სფერო არის კონკრეტული ღონისძიებები, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ. მაგალითად, ახლა,  ერთი თვის განმავლობაში „ბიბისი“, „დოიჩე ველე“ და „ევრონიუსი“ ერთდროულად აშუქებენ აჭარის ტურისტულ პოტენციალს, გადის ბათუმის სარეკლამო მასალები, ვიდეორგოლები. როგორც კი მთავრდება ეს კონტრაქტი,  გაგრძელდება „ნეიშენელ ჯეოგრაფიკთან“. ეს არის ის სტრატეგია, რომელიც ჩვენ 2017 წელს დავიწყეთ. დღეს მთელი მსოფლიოს თანამედროვე ტურიზმის ტენდენციაა, ტრენდად არის ქცეული ის, რომ ყველა, მათ შორის ბიზნესიც, ეძებს ახალ ტურისტულ მიმართულებებს, ფართოვდება არეალი, ეს არის ძალიან დიდი შესაძლებლობა ჩვენთვის. ბოლო წლების ნაბიჯები სწორედ აქეთკენ არის გადადგმული“, – განაცხადა „ბათუმელებთან“ სულხან ღლონტმა.

მისივე თქმით, შეხვედრის შესახებ სხვა დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი. აჭარის დელეგაცია პორტუგალიიდან ხვალ, 10 ივნისს ბრუნდება.

გუშინ, 8 ივნისს, ბათუმმა World Travel Awards-ზე  ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების ტიტული მოიპოვა. 

World Travel Awards-ის დაჯილდოება 1993 წლიდან ტურიზმის ინდუსტრიის ყველა სექტორში საუკეთესო მიმართულებებისა და კომპანიების გამოვლენის მიზნით იმართება.

_____________________

ფოტოზე: აჭარის დელეგაცია World Travel Awards-ის დაჯილდოებაზე. ფოტო: აჭარის მთავრობა 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: