Batumelebi | საქმიანი ადამიანები, რომლებიც ცოტა ხნის წინ ევროპაში დევნილის სტატუსს ითხოვდნენ საქმიანი ადამიანები, რომლებიც ცოტა ხნის წინ ევროპაში დევნილის სტატუსს ითხოვდნენ – Batumelebi
RU | GE  

საქმიანი ადამიანები, რომლებიც ცოტა ხნის წინ ევროპაში დევნილის სტატუსს ითხოვდნენ

ვერ იპოვი ევროპიდან დაბრუნებულ ადამიანს, რომელიც გეტყვის, რომ ევროპაში აღარ სურს ჩასვლა. თითოეული მათგანი გეტყვით იმასაც, რომ ევროპაში თავის დროზე იოლი და კომფორტული ცხოვრების მოლოდინით წავიდა, თუმცა იქ საკმაოდ რთული გზის გავლა მოუხდათ. ჩვენი რესპონდენტები საქართველოში დაბრუნდნენ და საკუთარი საქმე წამოიწყეს.

საქართველოს უკვე აქვს „უსაფრთხო ქვეყნის“ სტატუსი და უცხოეთში თავშესაფრის მიღება კიდევ უფრო გართულდა, თუმცა ყოველდღიურად იმატებს ადამიანების რაოდენობა საქართველოდან ევროპის ქვეყნების თავშესაფრებთან – ისინი ლტოლვილის სტატუსს ითხოვენ, საქმდებიან არალეგალურად, ხშირად აძევებენ დეპორტაციის წესით, ზოგიერთი მათგანი კი, ციხეშიც ხვდება. აქ მოგიყვებით ადამიანებზე, რომლებიც ევროპის ქვეყნებში მუშაობდნენ არალეგალურად, საქართველოში დაბრუნდნენ და აქ დასაქმდნენ.

აქვე გეტყვით ევროპაში ლეგალური დასაქმების შესაძლებლობაზეც.

ელიკო: დალხენილი სამსახური ევროპაში არავის არ დახვდება

ელიკო კეჟერაძე ერთ-ერთია, ვინც ასეულობით ქართველის მსგავსად გერმანიაში თავშესაფარს ითხოვდა. მან ზუსტად 11 თვე გაატარა გერმანიაში, დევნილთა ბანაკში.

„…ევროპაში წასვლამდე სულ მესმოდა, რომ ევროპაში ცხოვრება კარგია, უფრო იოლია. მეგონა, რომ წავიდოდი და მარტივად გადავჭრიდი ბევრ პრობლემას, არ მექნებოდა მუშაობის დატვირთული გრაფიკი, ვნახავდი ევროპას. სამწუხაროდ, აქედან სხვანაირად ჩანს ბევრი რამ – დალხენილი სამსახური ევროპაში არავის ხვდება,“ – გვიყვება ელიკო კეჟერაძე.

ელიკოს გერმანიაში, დევნილების ბანაკში ჰქონდა უფასო საკვები და სამედიცინო მომსახურება, იღებდა ყოველკვირეულ სოციალურ დახმარებასაც. ელიკო ამბობს, რომ მუშაობის სურვილი ჰქონდა, მაგრამ ამის უფლება არ მისცეს.

„500 კაცი იყო დაახლოებით იმ „ლაგერში“ ქართველი, თავს მოწყენილად ვერ იგრძნობდი… თითქოს ყველაფერი კარგად იყო, სტატუსის მინიჭებას ველოდებოდი, მაგრამ რაღაცნაირად თავს კომფორტულად ვერ ვგრძნობდი… უეცრად გადავწყვიტე, რომ საქართველოში უნდა დავბრუნდე და რამე ახალი საქმის კეთება დავიწყო. მივედი ოფისში და STOP-ზე განაცხადი დავწერე. მალევე წამოვედი,“ – ამბობს ელიკო.

ბათუმში დაბრუნებულმა ელიკომ ბიზნესი წამოიწყო, ერთ წელზე მეტია, რაც სამშენებლო საქმეშია – კომპანია დააფუძნა და რამდენიმე სახელმწიფო ტენდერი მოიგო, რაც სხვადასხვა სახის მშენებლობას უკავშირდება: ხან სკოლას არემონტებს, ხან უნივერსიტეტს თუ თეატრს. ახლა მას ყველაზე ხშირად ხარაჩოებზე ნახავთ – სამშენებლო ჩაფხუტით, რომელიც თანამშრომლებს სხვადასხვა დავალებას აძლევს ან სულაც შესრულებული სამუშაოს ხარისხს ამოწმებს. მიუხედავად იმისა, რომ „ბოსია“, მუშებთან ერთად ხან სამშენებლო მასალებს ეზიდება, ხანაც მათ წყალს აწვდის – მშენებლების ორგანიზატორად იქცა.

ელიკო კეჟერაძე გერმანიაში ცხოვრების დროს

ელიკო დარწმუნებულია, რომ დასაქმების რესურსი საქართველოშიც არსებობს, თუკი ადამიანი მოინდომებს.

„მთავარია, ზარმაცი არ იყო. ნული თეთრიდან შეიძლება წამოიწყო საქმე, ამდენი დაუმუშავებელი მიწაა საქართველოში… მე თავიდან მხოლოდ რეესტრში მივედი, 110 ლარი გადავიხადე რეგისტრაციაში და ეს იყო. შემდეგ მაღაზიები დავიარე და გავუფორმე ხელშეკრულებები. ვუთხარი, რომ ტენდერებს მოვიგებ და როცა ფული მექნება, გადაგიხდით ყველას ვალს-მეთქი. ტექნიკასაც ძირითადად ვქირაობ, საკუთარი არ მაქვს… აქ რომ ხარ, შენს ქვეყანაში, ამას მაინც არაფერი სჯობია,“ – ასე ფიქრობს ელიკო კეჟერაძე.

ქალი, რომელმაც გერმანიაში თავშესაფრის ძიების შემდეგ სამშენებლო ბიზნესი დაიწყო

ელიკო 11 თვე გერმანიაში, დევნილთა ბანაკში ცხოვრობდა. ორი წლის წინ ქვეყნიდან იმ განზრახვით წავიდა, რომ დევნილის სტატუსი უნდა მიეღო. გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ მან ბათუმში ბიზნესი წამოიწყო – ჩაფხუტი დაიხურა, ხარაჩოებზე გავიდა და მშენებლობას შეუდგა. ნახეთ, რას ჰყვება დღეს ელიკო დევნილთა ბანაკში გატარებულ ერთ წელზე და საქართველოში ბიზნესის წამოწყებაზეამავე თემაზე: https://batumelebi.netgazeti.ge/news/209178/

Posted by ბათუმელები • Batumelebi.ge on სამშაბათი, 11 ივნისი, 2019

 თინა: მიფიქრია კიდეც, ხომ არ დავბრუნდე გერმანიაში-მეთქი

ბათუმელი თინათინ შაინიძეც გერმანიაში ცხოვრობდა მეუღლესთან ერთად. ისინიც თავშესაფრის სტატუსს ითხოვდნენ.

„იმდენად დიდი განსხვავებაა, რომ მიფიქრია, ხომ არ დავბრუნდე-მეთქი, მით უმეტეს, ამ ფონზე, როცა კარტოფილიც კი ორლარ-ნახევარი ღირს და ყველა მეორე ადამიანი უბედურია… თქვენ წარმოიდგინეთ, ბანაკშიც კი კარგად ვცხოვრობდით. რადგან ცოლ-ქმარი ვიყავით, პატივი დაგვდეს და ცალკე ოთახი დაგვითმეს. საჭმელს ვერ შევეგუეთ და ქართული სანელებლები მოვიმარაგე. იქ კერძების მომზადებასაც ვახერხებდით… “ – აღნიშნავს თინა შაინიძე.

ბანაკში ცხოვრების შემდეგ თინას ექთნად დაუწყია მუშაობა მოხუცთა თავშესაფარში. ამბობს, რომ ეს წლები განსაკუთრებით კარგად ახსოვს – შემოსავალიც ჰქონდა და ცალკე ბინაც. თავშესაფრის სტატუსზე უარი უთხრეს, მაგრამ გერმანიაში დარჩენა მაინც მოახერხეს.

თინა შაინიძე და ვახტანგი

„ჩემი მეუღლე ვახტანგ ბარბაქაძეა. მართვის მოწმობა რომ აეღო, გამოცდის გადაბარება მოსთხოვეს, რაც 2 ათასი ევრო ჯდებოდა. იქ კაცის დასაქმება რთულია მართვის მოწმობის გარეშე… ძირითადად მშენებლობებზე მუშაობდა პერიოდულად, მძიმე სამუშაოზე,“ – დასძენს თინა.

ბათუმში თინა და ვახტანგი რამდენიმე თვის წინ დაბრუნდნენ. თინა ამბობს, რომ საქართველოში ძირითადად შვილის პრობლემის გამო დაბრუნდა. ბათუმში ჩამოსულებმა დანაზოგით მეფრინველეობის ფერმა გახსნეს, შემდეგ კავშირი „ინტელექტის“ გრანტი მოიგეს და სწრაფი კვების ობიექტსაც გახსნიან მალე.

გიზო: ქობულეთში ვაკეთებ იმავეს, რაზეც გერმანიაში ვმუშაობდი

„მთავარი პრობლემა იყო ენის ბარიერი. საშინელებაა, როცა სხვისი არ გესმის. მით უფრო, რომ მე ისეთ ქალაქში ვცხოვრობდი, სადაც ბევრმა რუსული იცოდა და დიდად არ შემიწუხებია თავი გერმანულის სწავლით… გერმანიაში სკოლაში ვმუშაობდი ხელოსნად,“ – ამბობს გიზო ცინცაძე. ისიც რამდენიმე თვის წინ დაბრუნდა გერმანიიდან და ისევ ჩოხატაურში ცხოვრობს. სამუშაო ქობულეთში იპოვა – პერიოდულად შეკვეთებს იღებს, როგორც ხელოსანი.

გიზო ცინცაძე

გიზო ცინცაძე გერმანიაში დაქორწინებულა. გვითხრა, რომ საქართველოში დაბრუნება განსაკუთრებით შვილის შეძენის შემდეგ მოუნდა.

„ჩემი ცოლი უკრაინელია… შვილი რომ შეგვეძინა, მანქანის საჭიროებაც გაჩნდა, სესხი უნდა ამეღო. მივხვდი, რომ ჩავრჩებოდი ხელოსნად გერმანიაში. იქაური შემოსავალი ძირითადად მყოფნიდა, მაგრამ მაინც ჩოხატაურში დაბრუნება ვარჩიე. აქაც არ მაკლია სამუშაო,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ გიზო ცინცაძემ.

ლელა: ევროპულ ციხეშიც მომიწია ყოფნა

საბერძნეთში ლელა კაპანაძე 2008 წელს წასულა და იქ 10 წელი ისე გაატარა, რომ სამშობლოში ერთხელაც არ ჩამოსულა. ამ პერიოდში არც შვილები უნახავს და არც სამი შვილიშვილი, რომლებიც მისი საბერძნეთში ყოფნის დროს გაჩნდნენ.

„ესაა სირთულე, სულ გენატრება ყველა, სულ,“… – გვიყვება ლელა კაპანაძე. – „თან იცი, რომ არალეგალი ხარ. სათვალე ჯერ რომ არ მიტარებია, იქ, ქუჩაში სულ სათვალით დავდიოდი. სულ მეშინოდა, რომ ახლა მიცნობს პოლიცია, ჩამავლებენ უკნიდან ხელს და დამაპატიმრებენ-მეთქი. საბერძნეთში, რა თქმა უნდა, მოხუცებს ვუვლიდი.

ლტოლვილის სტატუსი 2011 წელს მოვითხოვე. რაღაც საბუთები გამიკეთეს… მილიონში ერთი არ გაუსამართლებიათ და მე გამასამართლეს. მივედი ოფისში, რომ მომეკითხა, რა იქნა ლტოლვილის სტატუსი-მეთქი და დამაკავეს საზღვრის უკანონოდ კვეთისთვის. 4 თვე მომისაჯა მოსამართლემ და 1500 ევრო ჯარიმა. იმ პერიოდში კანონი იყო „მეათდზე“, ასე ეძახდნენ, ანუ რეალურად 12 დღე ვიჯექი ციხეში.

ვიმუშავე ციხიდან გამოსვლის შემდეგაც, ერთი დღე არ გავჩერებულვარ. ბოლოს ჯანმრთელობამ შემაწუხა. ექიმმა სასტიკად ამიკრძალა ტვირთის აწევა, მე კი მოვლის დროს ისევ უნდა ამეწია მოხუცი, ეს როგორ გამოვიდოდა… ძირითადად ამის გამო წამოვედი საქართველოში,“ – გვითხრა ლელა კაპანაძემ.

ლელა ხაშურიდანაა, თუმცა ახლა ოზურგეთში, სოფელ შრომაში ცხოვრობს. ხაშურში მცხოვრებ ქმართან ჯერ კიდევ სამშობლოში დაბრუნებამდე განქორწინდა. რამდენიმე თვის წინ ლელა ოზურგეთში დაოჯახდა და თავის სარჩენად ორი ძროხა იყიდა.

ლელა კაპანაძე

„4 ათასი ლარი მომცეს, როგორც იქედან დაბრუნებულს… ეს ორი ძროხა ვიყიდეთ და ყველს ვყიდით, თავს ვირჩენთ. თავიდან ისე ვდარდობდი, რა უნდა ვქნა-მეთქი. რეალურად სამუშაო ადგილები თუ არ შეიქმნა, ისევ იფიქრებს ხალხი წასვლაზე. ისევ გარედან შემოსულზე ვართ მთელი ქვეყანა დამოკიდებული,“ – გვითხრა ლელა კაპანაძემ.

რით ეხმარება სახელმწიფო ევროპიდან დაბრუნებულებს

სახელმწიფო ევროპიდან დაბრუნებული ადამიანების დახმარებისთვის წლის განმავლობაში დაახლოებით 650 ათას ლარს ხარჯავს. საუბარია ადამიანებზე, რომლებიც ევროპის ქვეყნებში არალეგალურად იმყოფებოდნენ მინიმუმ ერთი წელი და რეადმისიის პროცედურით [როცა ევროკავშირის ქვეყანა უთანხმებს მოქალაქის დაბრუნებას საქართველოს] დაბრუნდნენ საქართველოში. ამ პროგრამას ამჯერად საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს.

აჭარა-გურიის რეგიონში, მაგალითად, წელს ამ პროგრამის ფარგლებში 96 250 ლარი დაიხარჯება. პროგრამა ითვალისწინებს მძიმე და ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებისთვის მედიკამენტების მიწოდებას, პროფესიულ მომზადებას ან გადამზადებას და 4-ათასლარიან გრანტს მცირე ბიზნესის წამოსაწყებად. აჭარაში ამ პროექტს გასულ წელს კავშირი „ინტელექტი“ ახორციელებდა და ევროპიდან დაბრუნებულ 21 ადამიანს მისცეს გრანტი.

„მოთხოვნა იყო გაცილებით მეტი… ფაქტია ისიც, რომ ტრენინგების მიუხედავად, პრობლემა იყო ბიზნესგეგმის ჩამოყალიბება – მაინც ვერ ახერხებდნენ, რომ მიზეზ-შედეგობრივად დაკავშირებული ბიზნესიდეა დაედოთ,“ – ამბობს ლევან გობაძე, კავშირ „ინტელექტის“ ხელმძღვანელი. იგი მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხა ამ კუთხით საკმარისი არ არის და ხელახალი მიგრაციის რისკი ისევ არსებობს.

„მოთხოვნა არის უზარმაზარი და ბიუჯეტი არის მცირე, როგორ უნდა გაწვდე ამხელა მოთხოვნას, არ ვიცი. მე ვფიქრობ, რომ ორი მიმართულებით არის შესაძლებელი წასვლა: ერთი ეს არის ბიუჯეტის გაზრდა, რომ ამ ადამიანების მოთხოვნა დაკმაყოფილდეს. მეორე არის ევროპის ქვეყნებში გამოყოფილი ფინანსური დახმარება იმ ადამიანებისთვის, რომლებიც რეადმისიით უკან ბრუნდებიან. მათ ძირითადად აძლევენ 2 ათას ევროს, მაგრამ როცა ისინი სამშობლოში ბრუნდებიან, ეს თანხა უკვე აღარ აქვთ. უმჯობესია, თუ ეს თანხა მიზნობრივად დაიხარჯება აქ,“ – მიიჩნევს ლევან გობაძე.

რას უნდა აკეთებდეს სახელმწიფო?

„რაც შეიძლება მეტი ლეგალური პროგრამა უნდა განხორციელდეს სხვადასხვა ევროპულ ქვეყანაში და აშკარად საჭიროა საკმარისი ძალისხმევა საქართველოს მხრიდან,“ – ეს გვიპასუხა „მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის“ პროგრამების კოორდინატორმა, მარკ ჰულსტმა, როცა მას კონკრეტული ღონისძიებების საჭიროებაზე ვკითხეთ იმისთვის, რომ ევროპის ქვეყნებში არალეგალურად დასაქმებულთა მაჩვენებელი შემცირდეს.

მარკ ჰულსტს ასევე ვკითხეთ, არის თუ არა საკმარისი ძალისხმევა ხელისუფლების მხრიდან ამ მიმართულებით. „ყოველთვის უკეთესი შეიძლება, მაგრამ წინსვლა არის, აშკარად არის,“ – გვიპასუხა მან.

გამოწვევებზე საუბრის დროს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელმა განსაკუთრებული აქცენტი თაღლითურ სქემაზე გააკეთა, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეებს ევროპაში „ოქროს კოშკებს“ ჰპირდებიან, ევროპაში ჩასულებს კი, მძიმე რეალობა ხვდებათ.

„ამ კომპანიებს, ვინც ევროპის ქვეყნებში დასაქმებაზე მუშაობს, მეტი კონტროლი სჭირდებათ.  მათ უნდა სჭირდებოდეთ ლიცენზია და კონტროლდებოდეს ყოველდღიურად. საქართველოში რატომღაც არ არის ეს პოპულარული. მიიჩნევა, რომ ეს არის სახელმწიფოს მხრიდან კერძო სექტორში ჩარევა, მაგრამ არაფერი ცუდი მაგაში არ არის. ეს საჭიროა პრევენციის მიზნით, რომ იქ ხალხი არ აღმოჩნდეს მახეში,“ – აღნიშნა მარკ ჰულსტმა „ბათუმელებთან“.

მარკ ჰულსტი, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის პროგრამების კოორდინატორი

მარკ ჰულსტი ამბობს, რომ არ არსებობს სტატისტიკა, ზუსტად რამდენი ადამიანი დასაქმდა არალეგალურად ან ლეგალურად ევროპის ქვეყნებში ვიზალიბერალიზაციის შემდეგ.

მარკ ჰულსტი განმარტავს, რომ ყველაზე მკაფიო სურათი ლეგალურ დასაქმებაზე ამ ეტაპზე ისევ პოლონეთში გვაქვს, სადაც კონკრეტულ პროფესიებზე [ძირითადად, ტექნიკური პროფესიები – შემდუღებელი, ელექტროტექნიკოსი] არის მოთხოვნა, რადგან თავად პოლონელები სამუშაოდ დასავლეთ ევროპაში მიდიან, სადაც გაცილებით მაღალ ანაზღაურებას ითხოვენ. მარკი ჰულსტი ხაზს უსვამს იმასაც, რომ საქართველოს მოქალაქეებს კონკურენციას უწევენ ადამიანები უკრაინიდან, ბელორუსიდან,  მოლდოვადან.

„ძირითადად ლეგალური დასაქმების ორი მოდელია. ერთია ოფიციალური მოლაპარაკებები და ჩარჩო ხელშეკრულებები, რაც, მაგალითად, გვაქვს საფრანგეთის შემთხვევაში. თუ ამას კონკრეტული ნაბიჯი არ მოჰყვება, ეს დარჩება პოლიტიკურ განაცხადად… მეორეა, პოლონური მოდელი. პოლონეთი ამბობს, რომ კონკრეტული ქვეყნებისთვის და, მათ შორის, საქართველოს მიმართ, არსებობს პრივილეგირებული მიდგომა, რომ საქართველოს არ სჭირდება ნებართვის აღება. ეს მოიცავს მხოლოდ დამსაქმებელთან შეთანხმების მიღწევას და რისი შედეგიც არის შრომითი ხელშეკრულება. ამის შემდეგ მოსაწვევით მიდიხარ საელჩოში, იღებ სამუშაო ვიზას და მზად ხარ, დანარჩენი საკითხი გვარდება პოლონეთში,“ – გვითხრა მარკ ჰულსტმა.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის პროგრამების კოორდინატორი ოპტიმისტურადაა განწყობილი, რადგან მისი აზრით, ევროპის ბევრი ქვეყანა საქართველოსთან თანამშრომლობის მზაობას გამოხატავს. ის ამ პროცესში საქართველოს მოქალაქეების პასუხისმგებლობასაც ხედავს.

„ხშირია იგივე არაკეთილსინდისიერი გამოყენება, როცა თავშესაფარს ითხოვენ. მერე შესაძლოა უვიზო მიმოსვლა დადგეს საფრთხის ქვეშ, დგას უკვე… ეს თითოეულმა მოქალაქემ გულთან ახლოს უნდა მიიტანოს,“ – დასძენს მარკ ჰულსტი.

სად შეიძლება ლეგალურად დავსაქმდეთ ევროპაში? 

ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხი საქართველოს ხელისუფლებაში ჯერ არ აქვთ. საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რო ევროკავშირის ქვეყნებში ლეგალური დასაქმება მათი მუშაობის პრიორიტეტია და ამ კუთხით მოლაპარაკებები აქტიურ რეჟიმში გრძელდება. დასაქმების კონკრეტული მონაცემი – 45 მოქალაქის დასაქმება – აქ მხოლოდ პოლონეთზე აქვთ.

„ძალაში შევიდა საქართველოსა და საფრანგეთს შორის ხელმოწერილი შეთანხმება – „კვალიფიციური სპეციალისტების ბინადრობისა და ცირკულარული მიგრაციის შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქეებზე დროებითი ბინადრობის მოწმობის გაცემას საფრანგეთში დასაქმების მიზნით. მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, რათა უახლოეს მომავალში შეთანხმების პრაქტიკული იმპლემენტაცია დაიწყოს. შეთანხმების ტექსტზე მოლაპარაკებები დაწყებულია სხვა ევროპულ ქვეყნებთანაც, მაგალითად, პორტუგალიასთან მიღწეულია შეთანხმება შრომითი მიგრაციის საკითხზე თანამშრომლობის შესახებ. ახლო მომავალში მოხდება ექსპერტთა ჯგუფის გაცვლა კონკრეტული შეთანხმების მოსამზადებლად,“ – მოგვწერეს საგარეო საქმეთა სამინისტროდან.

რა შეიცვალა ანგელა მერკელის თბილისში გაკეთებული განცხადების შემდეგ? გერმანიის კანცლერმა გასული წლის 24 აგვისტოს თქვა, რომ მის ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეების დასაქმებისთვის კონკრეტული კვოტები შეიქმნება.

საგარეო საქმეთა სამინისტრო: „ცირკულარული მიგრაციის კუთხით აქტიურად ვთანამშრომლობთ გერმანიასთანაც, სადაც, როგორც ცნობილია, ასევე განიხილება კვალიფიციური სამუშაო ძალის იმიგრაციის შესახებ ქვეყანაში კანონის და უკვე არსებული წესების გადახედვა, რაც დამატებით შესაძლებლობებს გახსნის ამ სფეროში უფრო ეფექტური და შედეგიანი თანამშრომლობისთვის.“

მთავარი ფოტო: ელიკო კეჟერაძე

ამავე თემაზე: 

დააწკაპუნეთ და გაიგებთ რამდენი ადამიანი დააბრუნეს დეპორტაციით ევროპის ქვეყნებიდან
ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, 2017 წელს ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოს 1445 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა, მათ შორის, ყველაზე მეტი გერმანიიდან – 458, საფრანგეთიდან – 167, შვედეთი – 128.

2018 წელს ევროკავშირის ქვეყნებიდან  – 1647 დეპორტაციის ფაქტი დაფიქსირდა, მათ შორის, ყველაზე მეტი გერმანიიდან – 530, შემდეგი საფრანგეთია – 273, ავსტრიიდან – 166.

2019 წელს, აპრილის ჩათვლით საქართველოს 569 მოქალაქე დაადეპორტეს, აქედან გერმანია – 186, საფრანგეთი – 81, ავსტრია – 43. ამ სამი ქვეყნიდან დაადეპორტეს ყველაზე მეტი საქართველოს მოქალაქე.

რეადმისიის მოთხოვნიდან საქართველოს მხრიდან 6 326 დაკმაყოფილდა, 138 – უარი ეთქვა [იგულისხმება შემთხვევა, როცა პირის მოქალაქეობა ვერ დადგინდა, ან ის არ იყო საქართველოს მოქალაქე].

რაც შეეხება რეადმისიას, 2017 წლის პირველი იანვრიდან 2019 წლის 30 აპრილის ჩათვლით საქართველოს ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან სულ 6 464 საქართველოს მოქალაქეზე მიმართეს რეადმისიის მოთხოვნით, ანუ როცა ევროკავშირის ქვეყანა წინასწარ უთანხმებს საქართველოს საკონსულოს კონკრეტული მოქალაქის დაბრუნებას და მას მხარდაჭერის პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა ეძლევა.

საქართველოს მოქალაქეების რეადმისიაზე ყველაზე მეტი მოთხოვნა იყო გერმანიიდან – 3845. საფრანგეთი – 661, ჰოლანდია – 530, ავსტრია – 494, საბერძნეთი – 218.

რამდენი ადამიანი დაადეპორტეს ევროპიდან ვიზალიბერალიზაციის შემდეგ

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი