მთავარი,სიახლეები

მაქსიმუმ 60 000 ევროს გრანტი – ხულოში ბიზნესიდეებს დააფინანსებენ [კონკურსი]

08.06.2019 • 2938
მაქსიმუმ 60 000 ევროს გრანტი – ხულოში ბიზნესიდეებს დააფინანსებენ [კონკურსი]

ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში, ხულოს მუნიციპალიტეტში მეორე საგრანტო კონკურსი გამოაცხადეს. განმცხადებლების თქმით, საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით საკონსულტაციო შეხვედრები ჩატარდება ხულოს მუნიციპალიტეტის ყველა თემში.

პროექტის „სოფლის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობა ხულოს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში [CCRG] ხულოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფთან ერთად [ხულო LAG] აცხადებს  სოფლის განვითარების მეორე საგრანტო კონკურსს ხულოს მუნიციპალიტეტში.

პროექტის მიზანია, ხულოში საცხოვრებელი და სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება. ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის მიხედვით ექვსი პრიორიტეტული მიმართულებაა განსაზღვრული:

  • ტურიზმი სოფლად;
  • სოფლის მეურნეობა;
  • კომუნალური და სოციალური ინფრასტრუქტურა;
  • კულტურა, ჯანდაცვა, განათლება, სპორტი და ახალგაზრდობა;
  • არასასოფლო-სამეურნეო საქმიანობები;
  • გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსების მართვა;

კონკურსი ვრცელდება ხულოს მუნიციპალიტეტის მთლიან ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე. კონკურსის პირობების მიხედვით, გრანტები გადაეცემა მხოლოდ იმ პროექტებს, რომლებიც ასახავენ ხულოს ადგილობრივი განვითარების სტრატეგიით განსაზღვრულ პრიორიტეტებს.

პრიორიტეტი მიენიჭება პროექტებს, რომლებიც პასუხობს ხულოს ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის ამოცანებსა და სტრატეგიულ აქტივობებს. გრანტი არ გაიცემა იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, რომლებმაც ENPARD ხულო სოფლის განვითარების კონკურსის ფარგლებში უკვე მიიღეს დაფინანსება ან გამოვლინდნენ გამარჯვებულად. შეზღუდვა ვრცელდება გრანტის მიმღების ოჯახის წევრებზეც.  გრანტები ხელმისაწვდომია საჯარო, სამოქალაქო და ბიზნესპროექტებისთვის.

სოფლის განვითარების საგრანტო კონკურსის მაქსიმალური თანხა თითოეულ პროექტზე:

  • კომერციული პროექტისთვის 2 000-დან 60 000 ევრომდე [ექვივალენტი ლარში]
  • არაკომერციული საჯარო ორგანიზაციები და მუნიციპალიტეტის მერიის პროექტებისთვის 2 000-დან 20 000 ევრომდე [ექვივალენტი ლარში]
  • არაკომერციული სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების პროექტებისთვის 2 000-დან 20 000 ევრომდე [ექვივალენტი ლარში]

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა პირველ ეტაპზე უნდა წარადგინონ პროექტის იდეის განაცხადის ფორმა 2019 წლის 1-ელი ივნისიდან 1-ელი ივლისის 17:30 საათამდე. ამ ვადის გასვლის შემდეგ განაცხადები არ განიხილება.

განაცხადები მიიღება მხოლოდ ელექტრონულად ორი ფორმით:

  • განაცხადების შევსება და გაგზავნა შესაძლებელია ელექტრონულად შემდეგ მისამართზე: info.enpard.khulo@caritas.cz  ან
  • შევსებული განაცხადის ელექტრონული ვერსია [ დისკზე ჩაწერილი ან მეხსიერების ბარათით] წარადგინონ ENPARD ხულო ოფისის მისამართზე ტბელ აბუსერიძის #2, სასტუმრო ხულო, III სართული

პროექტის იდეის განაცხადის ფორმების შევსების შესახებ, განმცხადებლებს ტექნიკური კონსულტაციების მიღება ასევე შეეძლებათ, საგრანტო კონკურსის დახურვამდე ENPARD ხულოს ოფისში.

დამატებითი ინფორმაციისათვის, მსურველებს შეუძლიათ დარეკონ ნომერზე: 551 13 55 25 ან მიწერონ ელექტრონულ მისამართზე:  giorgi.abuladze@caritas.cz

საგრანტო კონკურსთან დაკავშირებული ყველა სახის ინფორმაცია, მათ შორის: საგრანტო კონკურსის სახელმძღვანელო, სტრატეგიული განვითარების დოკუმენტი განთავსდება ევროკავშირის ENPARD პროგრამის ოფიციალურ ვებგვერდზე www.enpard.ge და ხულოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფის ვებგვერდზე: khulolag.ge

ევროკავშირის მხარდაჭერით პროექტს ახორციელებს ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში [CCRG] პარტნიორ ორგანიზაციებთან PMC კვლევით ცენტრთან და ხორვატიის სოფლის განვითარების ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD II ფარგლებში.

პროექტის მთლიანი ღირებულება 2 მილიონი ევროა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: