რკინიგზის გადასასვლელზე ტრაილერი მსუბუქ ავტომანქანას შეეჯახა

ბათუმში, ავტოსადგურთან, სარკინიგზო [მანთაშევის] გადასასვლელზე სატვირთო და მსუბუქი ავტომანქანები შეეჯახა ერთმანეთს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მხოლოდ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეადგინეს.

მძღოლი, რომელსაც მოძრაობის წესების დარღვევა დაუფიქსირდება, დაჯარიმდება.

ავტოსაგზაო შემთხვევა „მანთაშევის“ გადასასვლელზე / ბათუმი / 29.07.2019

„ჩვენი წარმომადგენლები გზაში არიან“ – შრომის ინსპექცია მშენებლობაზე, სადაც ლიფტი ჩავარდა

„ეს ობიექტი შემოწმებული არ იყო… შრომის ინსპექციის სამუშაო ჯგუფი დღესვე შევა ობიექტზე უბედური შემთხვევის მოკვლევის მიზნით, ჩვენი წარმომადგენლები გზაში არიან,“ – გვითხრეს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტში. უწყებაში განმარტავენ, რომ თუკი შრომის უსაფრთხოების ნორმები კანონმდებლობასთან კრიტიკულად შეუსაბამოა, შესაძლებელია, ინსპექციამ მშენებლობის შეჩერება მოითხოვოს.

საუბარია დღეს, 29 ივლისს, დილით, ბათუმში მომხდარ შემთხვევაზე – აღმაშენებლის 2-ში დაახლოებით მეოთხე სართულიდან მშენებარე კორპუსში დამონტაჟებული სატვირთო ლიფტი ჩამოვარდა. ლიფტში 6 ადამიანი იმყოფებოდა, აქედან სამი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

შემთხვევის შემდეგ კომპანია „გრანდ სითის“ იურისტმა განაცხადა, რომ მშენებლობაზე გაუთვალისწინებელი შემთხვევა მოხდა და იმ ლიფტით ისარგებლეს ადამიანებმა, რომელიც ექსპლუატაციაში შესული არ იყო. მან ვერ უპასუხა ჟურნალისტებს, რატომ მუშაობდა ლიფტი, თუკი იგი ექსპლუატაციაში შესული არ იყო და ვის ეკისრება პასუხისმგებლობა მომხდარზე.

„გრანდ სითის“ სამშენებლო კორპუსში დილიდან შევიდნენ გამომძიებლები – გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის შესაბამისად, რაც ითვალისწინებს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას.

„გამოძიება არკვევს ბრალეულ პირს, ჩვენი მოკვლევა კი დაფუძნებულია ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებაზე, სადაც კონკრეტულად გაწერილია უბედური შემთხვევების მოკვლევის დეტალები, რომლითაც უნდა დადგინდეს – რა ნორმები იქნა დარღვეული. შრომის ინსპექციის ჯგუფი დაათვალიერებს მშენებლობას, გამოკითხავს შემსწრე პირებს და გამოითხოვს შესაბამის დოკუმენტაციას. ზოგადად, ინპექციას აქვს დასკვნის მოსამზადებლად ერთთვიანი ვადა, თუმცა მოკვლევის პარალელურად დაიწყება ინსპექტირებაც, ანუ უნდა დადგინდეს შრომის უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესაბამისობა. თუ დადგინდება კრიტიკული შეუსაბამობა, ინსპექციას შეუძლია შეაჩეროს მშენებლობა,“- გვითხრა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენელმა მაია მიქაიამ.

რატომ არ შეამოწმა შრომის ინსპექციამ ეს სამშენებლო ობიექტი აქამდე? – მაია მიქაიას განმარტებით, სამშენებლო ობიექტები, სადაც ინსპექტირება უკვე განხორციელდა და ქვეყნის მასშტაბით 60 მშენებლობა შეჩერდა, დადგენილებით შეირჩა შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: მშენებლობები, სადაც ბოლო სამი წლის განმავლობაში მოხდა უბედური შემთხვევა, არსებობს პროფესიული დაავადების გაჩენის ან განვითარების რისკი და მესამე, სადაც დარღვეულია შრომის უსაფრთხოების ნორმები.

რა რეაგირება მოჰყვება შრომის ინსპექციის დასკვნას?

„შრომის ინსპექციას შეჩერების მექანიზმის გარდა შეუძლია გამოიყენოს გაფრთხილება ან დაჯარიმება… გაფრთხილება ხდება გონივრული ვადით ანუ რა ვადაც სჭირდება კომპანიას დაფიქსირებული დარღვევის აღმოსაფხვრელად. თუ ვადის გასვლის შემდეგ დარღვევების დიდი ნაწილი ისევ დაფიქსირდება, შესაძლებელია კომპანია დააჯარიმონ გამომდინარე იქედან, რა ბრუნვა აქვს კომპანიას,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ მაია მიქაიამ, შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

ლიფტებს, როგორც „მომეტებული საფრთხის შემცველ ობიექტებს“ ექსპლუატაციაში გაშვებამდე არეგისტრირებს ტექნიკური და სამშენებელო ზედამხედველობის სააგენტო. ამ უწყებაში დღეს „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ „გრანდ სითის“ ბათუმში, აღმაშენებლის 2-ში, ლიფტი ექსპლუატაციაში გაშვებული არ ჰქონია და კომპანიას უწყებისთვის არც შესაბამისი დოკუმენტაციით მიუმართავს.

„პასუხისმგებლობა ეკისრება კომპანიას. ლიფტის მფლობელი ვალდებულია შეაფასოს მის განკარგულებაში არსებულ ლიფტთან დაკავშირებული ყველა საფრთხე, რათა აღნიშნული შეფასების საფუძველზე მიღებულ იქნეს საჭირო ზომები უსაფრთხოების უზუნველსაყოფად,“ – ამბობს პაატა დიასამიძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი. მისივე თქმით, კომპანიას ასევე უნდა ჰყოლოდა შესაბამისი კვალიფიკაციის პირი, რომელიც ლიფტის გამოყენების უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა.

ლიფტების გამართულად მუშაობაზე პერიოდულ ინსპექტირებას, კანონის მიხედვით, სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო აწარმოებს. გეგმური ტექნიკური ინსპექტირება ხორციელდება ყოველ მესამე წელს.

 

 

შპს „სტადიონი“ ოფისს გაარემონტებს – შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია

შპს „სტადიონი“, რომლის 100% აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაა და რომელიც მრავალმილიონიან პროექტებს ახორციელებს, ოფისის გარემონტებას გეგმავს. ადმინისტრაციული შენობა, რომელშიც კომპანიის ოფისია განთავსებული, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. შენობა ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაze, №16-18-ში [აჭარის მთავრობის სახლის უკან] მდებარეობს. „სტადიონი“ 200 კვადრატული მეტრი ფართობის გარემონტებას გეგმავს, რისთვისაც ფასთა კვლევა ჰქონდა გამოცხადებული საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებისთვის საჭირო ღირებულების დასადგენად.

ვინაიდან ადმინისტრაციული შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, წარმოდგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია უნდა მოიცავდეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოსთან შესათანხმბელად აუცილებელ ყველა დოკუმენტაციას.

სარემონტო-სარეკონსტრუქციო საპროექტო დოკუმენტი ასევე უნდა მოიცავდეს ყველა იმ ნაწილს, რომელსაც შეეხება რემონტი ან/და რეკონსტრუქცია – არქიტექტურული, კონსტრუქციული, საინჟინრო-მექანიკური და ა.შ. აგრეთვე ინტერიერის დიზაინისა და ავეჯის განლაგების პროექტს, შესაბამისი ვიზუალის ამსახველი ფოტოებით.

„სტადიონს“ დოკუმენტაციის შესყიდვაზე ჯერ ტენდერი არ გამოუცხადებია, შესაბამისად, უცნობია როგორც დოკუმენტაციის შედგენის, ასევე ოფისის გარემონტებისთვის საჭირო თანხის ოდენობა.

შპს „სტადიონის“ ოფისი

შპს „სტადიონი“ აჭარაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალბიუჯეტიანი სახელმწიფო ორგანიზაციაა. რეგიონის 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან ის 72 მილიონ 300 ათასი ლარით იყო დაფინანსებული, 2019 წელს აჭარის ბიუჯეტიდან კი ამ კომპანიისთვის 65 მილიონი ლარია გამოყოფილი.

შპს „სტადიონი“ ბათუმში იმ მრავალმილიონიანი პროექტების განხორციელებაზეა პასუხისმგებელი, რომლებიც აჭარის ბიუჯეტიდან ფინანსდება [ბათუმის საფეხბურთო სტადიონი, რესპუბლიკური საავადმყოფო, სპორტსკოლა ლეონიძის ქუჩაზე, ყინულის სასახლე, ამას დაემატება ძალოსნობის ბაზა ჩაქვში].

 

მთავარი ფოტო: შენობა ბათუმში [შუაში], რომელშიც შპს „სტადიონის“ ადმინისტრაციაა განთავსებული

თეგეტა მოტორსმა თიბისის მხარდაჭერით აჭარაში რეგიონალური ცენტრი გახსნა

ბათუმში, თიბისის მხარდაჭერით თეგეტა მოტორსის ახალი, რეგიონალური ავტოსერვისის ცენტრი გაიხსნა და რეგიონში ყველაზე დიდი საავტომობილო ექსპო ჩატარდა. ფილიალის სრული ფართობი მოიცავს 40, 183 კვ.მ.-ს, ცენტრი აღჭურვილია უახლესი ავტოსერვისის მანქანა-დანადგარებით და მოემსახურება როგორც მსუბუქ და სატვირთო ავტომობილებს, ასევე სპეცტექნიკას. აღნიშნული ფილიალი წარმოადგენს თეგეტა მოტორსის ყველაზე მსხვილ მომსახურების ცენტრს საქართვლოში.

კომპანიამ პროექტში 20 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა და 200-მდე ადგილობრივი მაცხოვრებელი დაასაქმა.

„მაქვს პატივი მოგილოცოთ თეგეტა მოტორსის ახალი რეგიონალური ცენტრის გახსნა, რომელიც თავისი მასშტაბებიდან გამომდინარე, ნამდვილად რეგიონული მნიშვნელობის პროექტია. თეგეტა მოტორსმა ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში მრავალი მნიშვნელოვანი პროექტი წარმატებით განახორციელა, დღევანდელი დღეც ამის დასტურია. ამ მართლაც გრანდიოზულ რეგიონალურ ცენტრს, თამამად შეიძლება ბათუმის ახალი თეგეტა მოტორსი ვუწოდოთ. პროექტის წარმატებით შესრულებაში მნიშვნელოვანი როლი მიუძღვით ჩვენს პარტნიორებს – თიბისი ბანკსა და EBRD-ს.“ – განაცხადა თეგეტა მოტორსის გენერალურმა დირექტორმა ავთანდილ წერეთელმა.

„მოხარულები ვართ, რომ თეგეტა ჯგუფის დამსახურებით დღეს სწორედ აჭარაში შევიკრიბეთ. აჭარის საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება, ჩვენი ერთერთი პრიორიტეტია. ამ რეგიონში, ჯამურად ჩვენი პორტფელი შეადგენს 460 მილიონ ლარს, ხოლო ბოლო ერთი წლის მანძილზე გაცემული დაფინანსება 72%-ით გაიზარდა. თეგეტა ჯგუფის განხორციელებული ინვესტიცია ნამდვილად სამაგალითოა და გვეამაყება რომ ერთად ვავითარებთ ეკონომიკას მთელი საქართველოს მასშტაბით“. -განაცხადა თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილემ, გოგა თხელიძემ.

ახალ ფილიალში განთავსებულია მომსახურების 45 უბანი და მისი მასშტაბურობიდან გამომდინარე დღეში მოემსახურება 200-მდე ავტომობილს. აქვე წარმოდგენილია საავტომობილო შოურუმები და ავტოინდუსტრიის მიმართულებით პროფესიული სასწავლო ცენტრი – თეგეტა აკადემია.

ღონისძიების ნაწილი ასევე იყო საავტომობილო ექსპო, რომელიც მსგავსი მასშტაბით პირველად გაიმართა არამარტო საქართველოში, არამედ მთელს კავკასიაში. აქ წარმოდგენილი იყვნენ მსოფლიოს წამყვანი საავტომობილო ბრენდები – Porsche, Volvo, Toyota, Mazda, Bridgestone, Michelin, Shell, Mobil და სხვა.

თეგეტა ჯგუფისა და თიბისის თანამშრომლობა 20 წელზე მეტია გრძელდება. 2019 წელს თიბისი კაპიტალის დახმარებით თეგეტამ 30,000,000 ლარის ოდენობის ობლიგაციების ემისია განახორციელა,რაც 2019 წლის ლარის კორპორაციული საჯარო ობლიგაციების სეგმენტში ყველაზე მსხვილი ტრანზაქცია იყო.

ნახევარი მილიონი ლარი აჭარაში ფერმერებისთვის 717 ცალი შესაწამლი აპარატის შესაძენად

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ბაღის მობილური შემასხურებელი [შესაწამლი] 717  აპარატის შესაძენად მორიგი ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 525 561 ლარია.

საქონლის მოწოდებას ტენდერში გამარჯვებული ეტაპობრივად განახორციელებს:
I ეტაპზე – 300 ერთეული – ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 45 დღეში;
II ეტაპზე – 417 ერთეული – ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 60 დღეში.

სამინისტრო შესაწამლ აპარატებს ქვეპროგრამის – „სოფლის მეურნეობის მექანიზაციის ტექნიკური საშუალებებით ფერმერთა და აგრომეწარმეთა უზრუნველყოფის ხელშეწყობა“ ფარგლებში ყიდულობს. აპარატები აჭარაში ფერმერებს თანადაფინანსებით გადაეცემათ.

ტენდერში წინადადებების მიღება 2019 წლის 6 აგვისტოს დაიწყება და სამ დღეში, 9 აგვისტოს დასრულდება.

2019 წელს, აგროპროექტების მართვის ცენტრმა, შპს „წყლის და გაზის ტექნოლოგიებისგან“ 439 800 ლარად უკვე შეიძინა 600 ცალი შესაწამლი აპარატი, რისთვისაც ტენდერი 510 ათასი ლარით იყო გამოცხადებული.

მილიონიან შესყიდვაზე კონკურსს ბათუმის მერია მეორედ გამოაცხადებს

ბათუმის სივრცითი-ტერიტორიული დოკუმენტის მომზადებაზე განმეორებითი კონკურსი ბათუმის მერიას ჯერ კიდევ არ გამოუცხადებია. პირველი კონკურსის გამოსაცხადებლად ტექნიკური დოკუმენტის მომზადებას მერიამ რამდენიმე თვე მოანდომა. გარდა ამისა, ტექნიკური დოკუმენტის გამართულად მოსამზადებლად [ამ დოკუმენტში კონკურსის მოთხოვნები დეტალურადაა აღწერილი] სპეციალისტიც დაიქირავეს, თუმცა კონკურსი მაინც ვერ შედგა. კონკურსში მონაწილეობა არც ერთმა კომპანიამ არ მიიღო.

როგორც ბათუმის მერი ლაშა კომახიძე განმარტავდა, ეს დოკუმენტი იმითაცაა ბათუმისთვის მნიშვნელოვანი, რომ ის მომავალში ბათუმის გენგეგმის ნაწილი უნდა გახდეს. ბათუმს განაშენიანების გენერალური გეგმა ჯერ ისევ არ აქვს. მერი იმედოვნებდა, რომ ამ დოკუმენტის მომზადება და გენგეგმის მომზადებისთვის რეალური ნაბიჯების გადადგმა მისი მერობის უფლებამოსილების ვადაში მოესწრებოდა. იქნება თუ არა ეს ასე, მომავალში გამოჩნდება.

ამჯერად კი მერიაში განმარტეს, რომ კონკურსის ტექნიკურ დავალებაში ცვლილებები შეიტანეს, რაც ახალი სამშენებლო კოდექსის ამოქმედებით იყო განპირობებული. მერია ახალი ტექნიკური დავალების საჯაროდ განხილვას აგვისტოში გეგმავს, ამის შემდეგ კი, სავარუდოდ სექტემბერში კონკურსს ხელმეორედ გამოაცხადებენ.

პირველი კონკურსი მერიამ 2019 წლის 18 მარტს გამოაცხადა. შესყიდვის ღირებულება  მილიონ 101 694 ლარი იყო. უკვე სახეცვლილი ტექნიკური დავალების მიხედვით, კონკურსში მონაწილე კომპანიას უნდა ჰქონოდა მინიმუმ სამწლიანი საერთაშორისო ან ადგილობრივი გამოცდილება პოლიტიკის, განვითარების, დარგობრივი სტრატეგიებისა და კვლევების მომზადების სფეროში.

საკონკურსო დოკუმენტაციით იგივე მოთხოვნები უნდა გავრცელებულიყო ქვეკონტრაქტორის მიმართაც, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

 

მხოლოდ 30 ივლისს „სილქფესტი“ გაა2მაგებს პირობებს მობილურ ქსელში 30 დღით

ერთ დღიანი აქციების ფარგლებში, რომელიც სილქნეტმა ზაფხულის სეზონზე წამოიწყო, მომხმარებელი ნაკლებ ფასად მეტ სასაუბრო დროს, მეტ ინტერნეტ მოცულობას იღებს. აქციების საზაფხულო სერიით კომუნიკაცია კიდევ უფრო ხელმისაწვდომი და მარტივი ხდება მომხმარებლებისთვის.

ამჯერად სილქნეტის გა 2 მაგებული აქციას – Double სილქფესტი შეემატა, რაც ჯეოსელის აბონენტებისთვის განსაკუთრებულ შეთავაზებაში ჩართვას გულისხმობს.

Double სილქფესტის აქციით, მსურველი, ლოკალურ მიმართულებებზე 200 წუთს 4 ლარად და 3 GB ინტერნეტს ასევე 4 ლარად გაიაქტიურებს.  

აქტივაცია მხოლოდ 30 ივლისს არის შესაძლებელი და მოქმედებს 30 დღე.

ამ 1 დღიანი აქციის ფარგლებში, მობილური ქსელის ყველა აბონენტი ლოკალურ ზარებზე 200 წუთს 4 ლარად მიიღებს.

აქციაში ჩართვა კომბინაციით *202# მიმდინარეობს. დარჩენილი წუთების შესამოწმებლად მომხმარებელი ამავე კომბინაციას იყენებს.

მობილურ ინტერნეტზე მეტი მოცულობის მისაღებად კი Double სილქფესტის აქცია 3 GB-იან პაკეტს – 4 ლარად (9 ლარის ნაცვლად) სთავაზობს აბონენტებს. 

პაკეტის აქტივაციისთვის მოქმედებს კომბინაცია *135#.

მხოლოდ 30 ივლისს, Double სილქფესტი (გადადით ბმულზე) გვთავაზობს ამ ორი პაკეტის ჩართვას, როგორც ერთად, ასევე ცალ-ცალკე.

სილქნეტი – ყველაფერი კავშირშია!

ქობულეთში ავტომანქანა ქალს დაეჯახა – დაშავებული კლინიკაში მოათავსეს

ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე, მსუბუქი ავტომანქანა ახალგაზრდა ქალს დაეჯახა. დაშავებული გოგო საავადმყოფოში გადაიყვანეს. ქობულეთის რეფერალურ ჰოსპიტალში გვითხრეს, რომ დაშავებულს სხეულის დაჟეჟილობა და მსუბუქი ტრავმები აღენიშნება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.

პირველადი დათვალიერებით, მძღოლი ნასვამი არ ყოფილა და იგი ამ ეტაპზე დაკავებული არ არის.

 

5 ათასი ლარი გამარჯვებულ პროექტს – კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის

სკოლის მოსწავლეებისთვის გამოცხადდა კონკურსი, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებს შესაძლებლობა ეძლევათ, ჩამოაყალიბონ თეატრალური დასი და დადგან სასკოლო სპექტაკლი. გამოვლინდება ხუთი გამარჯვებული პროექტი, თითოეული პროექტი 5 ათასი ლარით დაფინანსდება.

გამარჯვებული პროექტებიდან ჟიური გამოავლენს სამ საუკეთესო სპექტაკლს, რომლებიც დამატებით მიიღებენ ფასიან საჩუქრებს.

პროექტებს აჭარის განათლების სამინისტრო აფინანსებს.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ კერძო სკოლების მოსწავლეებსაც. კონკურსში მონაწილეებმა აჭარის განათლების სამინისტროში უნდა წარადგინონ ქართული მხატვრული ნაწარმოების მიხედვით შექმნილი ინსცენირების პროექტი და განხორციელების გეგმა.

პროექტების წარდგენა შესაძლებელია 2019 წლის 15 ივლისიდან 30 ოქტომბრის ჩათვლით.

კომპანია ლიფტის ჩამოვარდნაზე: რომელიღაც მობინადრის მუშები გაუთვალისწინებლად შევიდნენ

კომპანია „გრანდ სითის“ იურისტი მერაბ დიმიტრაძე, მშენებარე კორპუსიდან ლიფტის ჩამოვარდნის შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს. მისი თქმით, სატვირთო ლიფტი ექსპლუატაციაში არ არის შესული.

„ლიფტი კუსტარულად არ იყო დამონტაჟებული, უბრალოდ, მომზადების პროცესშია. აქ მიმდინარეობს როგორც სამშენებლო, ასევე ლიფტის მონტაჟის სამუშაოებიც. მშენებარე პროცესი იყო ეს. ჩვენ ხელშეკრულება გაფორმებული გვაქვს კომპანიასთან, რომელიც ამონტაჟებს ლიფტს“, – ამბობს იურისტი.

„ბათუმელების“ კითხვაზე, თუ ლიფტის დამონტაჟება დასრულებული არ იყო, როგორ გადაჰქონდათ ტვირთი ან რატომ სარგებლობდნენ ადამიანები ლიფტით, იურისტი ამბობს, რომ ლიფტით ადამიანები არ სარგებლობდნენ.

„უბრალოდ, მუშები, თუ რომელიღაც მობინადრის მუშები, გაუთვალისწინებლად შევიდნენ და გამოიყენეს. ლიფტის გამოყენება გამორიცხულია მანამ, სანამ არ დასრულდება. პასუხისმგებლობის საკითხიც გაირკვევა, გამოძიება დაწყებულია“, – ამბობს იურისტი.

იურისტის თქმით, დაშავებული ადამიანების სამედიცინო ხარჯებს კომპანია დაფარავს.

მშენებარე კორპუსიდან ლიფტი დღეს, 29 ივლისს, ჩამოვარდა, სადაც 6 ადამიანი იმყოფებოდა. აქედან სამი პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი. გამოძიება დაიწყო სსკ-ის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას.

ლიფტში, რომელიც დღეს ჩამოვარდა, ოთხი ადამიანი დაშავდა, 3 თურქეთის და 1 საქართველოს მოქლაქე. ლიფტში სულ 6 პირი იმყოფებოდა.

ამავე თემაზე:

კორპუსთან, საიდანაც ლიფტი ჩამოვარდა, საზმაუს ოპერატორს თავში ქვა მოარტყეს

„არა ჩაბეტონებას“ – აქტივისტები დღეს ბათუმში კიდევ ერთ აქციას გამართავენ

საინიციატივო ჯგუფმა „დაიცავი ძველი ბათუმი“ დღეს, 29 ივლისს, ბათუმში, „რივიერა-ბათუმის“ ტერიტორიაზე დაგეგმილი მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია დააანონსა. აქცია საღამოს, 19:00 საათზე, მემედ აბაშიძის #1-ში, იუნკერების სკვერთან გაიმართება.

„დაიცავი ძველი ბათუმის“ წევრები „რივიერა-ბათუმის“ ტერიტორიაზე ცათამბჯენების მშენებლობას ეწინააღმდეგებიან.

ბათუმში, იახტკლუბისა და ჭაჭის კოშკის მიმდებარედ, კომპანია „რივიერა ბათუმი“ კომპლექსის მშენებლობას გეგმავს, რომელიც 5 მაღალ შენობას მოიცავს. თავდაპირველად ამ ტერიტორიაზე 6 ცათამბჯენის აშენება იგეგმებოდა.

ბათუმის საკრებულომ  16 ივლისს, ხმაურის ფონზე, მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც ბათუმის მერიას დაევალა დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება „რივიერას“ ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის [გრგ] დამტკიცების შესახებ დადგენილების პროექტის  მოსამზადებლად. პროცედურა პროექტის [გრგ-ის] საჯარო განხილვასაც გულისხმობს.

რივიერას ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმა საბოლოოდ ბათუმის საკრებულომ უნდა დაამტკიცოს.

პროექტი „ბათუმი რივიერა“ დაახლოებით ცხრა ჰექტრამდე ტერიტორიას მოიცავს. საჯარო რეესტრის მონაცემებით, აქედან  59 042 კვ/მ ტერიტორია უშუალოდ „სილქ როუდის“ საკუთრებაშია, 923 კვ/მ ნავსაყუდელის ნაგებობა და იქვე არსებული 8 533 კვ/მ მიწის ნაკვეთი 20-წლიანი იჯარით აქვს აღებული კომპანიას, 10 226 კვ/მ ტერიტორია აჭარის საკუთრებაშია, ხოლო 8 631 კვ/მ ბათუმის მუნიციპალიტეტის [ჭაჭის თაუერი] საკუთრებაა.

ბათუმელი აქტივისტები ამ მშენებლობას იმ მოტივით ეწინააღმდეგებიან, რომ კოშკების აშენების შემთხვევაში შეიცვლება ისტორიული ქალაქის იერსახე და გაუარესდება თანამედროვე ქალაქის ვენტილაცია. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს ტერიტორია კომპანია „გეოგრაფიკის“ სპეციალისტებმა ისტორიული ბათუმის საზღვრებში შეიტანეს. ისტორიული ბათუმის საზღვრების რუკა კომპანიამ ბათუმის მერიის დაკვეთით შექმნა. ისტორიული ზონის საზღვრებში კი, არ შეიძლება არსებულ განაშენიანებაზე მეტი სიმაღლის შენობების აშენება.

ჟურნალისტის საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ბათუმში, სამშენებლო კორპუსიდან ლიფტის ჩამოვარდნის გასაშუქებლად მისულ ჟურნალისტებს დღეს ქვები დაუშინეს. ამის საფუძველზე, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტზე, შს სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სსკ-ის 154-ე მუხლით. „გამოძიება დაწყებულია ინციდენტზე“. ჟურნალისტისთვის უკანონოდ ხელშეშლა „ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 120-140 საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით 2 წლამდე ანდა შინაპატიმრობით ვადით 6 თვიდან 2 წლამდე.

დღეს, 29 ივლისს, ბათუმში აღმაშენებლის ქუჩის 2ა-ში, მშენებარე კორპუსიდან ლიფტის ჩამოვარდნის შემდეგ, ადგილზე მისულ ჟურნალისტებს დაუპირისპირდნენ პირები, რომლებიც მშენებარე კორპუსის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ.

ტერიტრიაზე მყოფების გაღიზიანება გამოიწვია იმან, რომ ჟურნალისტები მშენებარე კორპუსის ტერიტორიაზე აპირებდნენ შესვლას კომპანიის წარმომადგენელთან ინტერვიუს ჩასაწერად. მათ ამის უფლება არ მისცეს და როგორც ჟურნალისტები ჰყვებიან, მათი მისამართით ქვების სროლა დაიწყეს. ქვა თავში მოხვდა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ოპერატორს ედო კოჩალიძეს. სამედიცინო ჯგუფმა მას ჭრილობა ადგილზევე დაუმუშავა.

ლიფტში, რომელიც დღეს ჩამოვარდა, ოთხი ადამიანი დაშავდა, 3 თურქეთის და 1 საქართველოს მოქლაქე. ლიფტში სულ 6 პირი იმყოფებოდა.

კორპუსს, სადაც დღეს ინციდენტი მოხდა, კომპანია „გრანდ სითი“ აშენებს.

ამავე თემაზე:

ბათუმში კორპუსზე მოწყდა ლიფტი, რომელშიც 6 ადამიანი იმყოფებოდა

ლიფტის მოწყობის ნებართვა არ მიუღია კომპანიას, რომლის მშენებარე კორპუსიდან ლიფტი მოწყდა

დღეს, 29 ივლისს, ბათუმში აღმაშენებლის ქუჩის დასაწყისში მშენებარე კორპუსიდან ლიფტის ჩამოვარდნის გამო სამი ადამიანი დაშავდა. ლიფტში სულ 6 ადამიანი იმყოფებოდა. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

კომპანია „გრანდ სითის“ წარმომადგენლებს ამ დრომდე არ გაუკეთებიათ განმარტება მომხდართან დაკავშირებით. მშენებარე კორპუსის ტერიტორიაზე ჯერ კიდევ იმყოფებიან მუშები, თუმცა როგორც დაცვის სამსახურის წარმომადგენელმა თქვა, მუშაობა შეჩერდა.

ადგილზე მივიდა ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურიც. სამსახურის უფროსის, ირაკლი მოქიას თქმით, ლიფტების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მონიტორინგს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ახორციელებს.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შესაბამისი სამსახურის ინფორმაციით კი, აღნიშნულ კომპანიას სატვირთო ლიფტის მოწყობაზე სჭირდებოდა ნებართვა. სამინისტროს ინფორმაციით, კომპანიას ნებართვის მისაღებად უწყებისთვის არ მიუმართავს.

„აღნიშნული ობიექტი არ წარმოადგენს ლიფტს, ის არის სამშენებლოდ მოწყობილი პლატფორმა, შესაბამისად, სამინისტროს უწყებრივ რეესტრში დარეგისტრირებული არ არის. ობიექტს არ აქვს წარმოდგენილი ექსპლუატაციის დამადასტურებელი რაიმე სახის სერტიფიკატი სამინისტროს შესაბამის სამსახურში“, – უთხრეს „ბათუმელებს“ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში.

შემთხვევის ადგილზე მივიდა აჭარის პროფკავშირების ხელძღვანელი ლევან გურგენიძეც. მისი თქმით, მშენებარე კორპუსიდან გამოსულმა ერთ-ერთმა პოლიციელმა მას პირად საუბარში უთხრა, რომ ლიფტი მეშვიდე სართულიდან მოდიოდა და დაახლოებით მეოთხე სართულიდან მოწყდა. „მითხრეს, რომ ჯერ პოლიცია მუშაობს ადგილზე და მერე შეგხვდებითო“, – ამბობს გურგენიძე.

ფაქტზე გამოძიება სსკ-ის კოდექსის 240-ე მუხლით უკვე დაიწყო.

ლიფტში, რომელიც დღეს ჩამოვარდა, ოთხი ადამიანი დაშავდა, 3 თურქეთის და 1 საქართველოს მოქლაქე. ლიფტში სულ 6 პირი იმყოფებოდა.

კორპუსს, სადაც დღეს ინციდენტი მოხდა, კომპანია „გრანდ სითი“ აშენებს.

ამავე თემაზე:

კორპუსთან, საიდანაც ლიფტი ჩამოვარდა, საზმაუს ოპერატორს თავში ქვა მოარტყეს

ახალ ბულვარში განახლებული საბავშვო მოედანი გაიხსნა

ახალ ბულვარში განახლებული საბავშვო მოედანი საზეიმოდ გაიხსნა. საგანგებოდ ამ დღისთვის, გასართობ სივრცეში ზღაპრული გმირებისა და ანიმატორების სპეციალური გასართობი პროგრამა და სხვადასხვა აქტივობა იყო წარმოდგენილი. ხატვა, ბოულინგი, რგოლების სროლა, შეჯიბრებების მრავალი სახეობა. პატარა სტუმრებმა სიხარულით სავსე დღე გაატარეს ანიმატორებთან ერთად, გაერთნენ და საჩუქრად ნაყინებიც დააგემოვნეს.

ახალი ბულვარის საბავშვო კუთხეში სრული სარებილიტაციო სამუშაოები მიმდინარე ტურისტული სეზონისთვის ჩატარდა, პლასტმასის ატრაქციონები ხის ატრაქციონებით ჩანაცვლდა, მოეწყო ხელოვნური საფარი. ერთ-ერთი ატრაქციონი, კი სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების მოთხოვნებზეა მორგებული. აღსანიშნავია, რომ ბავშვებისთვის განკუთვნილი ატრაქციონები ეკოლოგიურად სუფთა მასალისგანაა დამზადებული და ევროპულ სტანდარტს აკმაყოფილებს.

„ ბათუმის ბულვარისთვის ეს არის პირველი პრეცედენტი და სასიამოვნო სიახლე, ვინაიდან ბავშვთა სივრცეში წარმოდგენილი ატრაქციონები ხის მასალისგან არის დამზადებული და ეკოლოგიურად სუფთაა. მიხარია, რომ დღეს ასეთი ინფრასტრუქტურა გვაქვს უკვე ახალ ბულვარში. ხის ატრაქციონები ერთ-ერთი პოპულარულია მთელ მსოფლიოში. შესაბამისად, ჩვენ გვჭირდება ბევრი მსგავსი პროექტის განხორციელება, რაც პირდაპირ ჩვენი პატარების უსაფრთხოებაზე იქნება ორიენტირებული”- განაცხადა ირაკლი ჯინჭარაძემ, „ბათუმის ბულვარის“ დირექტორმა.

რეაბილიტირებული საბავშვო გასართობი სივრცის გასხნას ბულვარის ხელმძღვანელ პირებთან ერთად აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ნიჟარაძე დაესწრნენ. ღონისძიების განსაკუთრებული სტუმრები  შშმ პირთა სარეაბილიტაციო ცენტრი „თანა“-ს და საქველმოქმედო ფონდი „იალქანი“-ს აღსაზრდელები იყვნენ. ახალი ბულვარის განახლებული საბავშვო მოედანი უკვე იქცა ბულვარის პატარა ვიზიტორებისთვის საყვარელ ადგილად.

55-ათასამდე პირველკლასელს ადაპტირებული „დედაენა“ საჩუქრად დაურიგდება

საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ატარებს ფასთა კვლევას 2019-2020 სასწავლო წლისთვის „დედაენის“ I კლასის  სახელმძღვანელოს დაბეჭდვასა და ტრანსპორტირებაზე. სააგენტოს ინფორმაციით, „დედაენა“ ორ ნაწილად [პირველი და მეორე ნაწილი – თითოეული 55 000 ტირაჟით] დაიბეჭდება.

საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ამჯერად დაიბეჭდება ადაპტირებული, განახლებული „დედაენა“, რომელიც დამატებით სახელმძღვანელოს სახით, პირველკლასელებს საჩუქრად დაურიგდებათ.

„2019-2020 სასწავლო წლიდან იაკობ გოგებაშვილის „დედაენა“ სკოლებში ადაპტირებული ვერსიით დაბრუნდება და არსებულ გრიფირებულ სახელმძღვანელოებთან ერთად მნიშვნელოვანი სასწავლო რესურსი გახდება. სახელმძღვანელოს ადაპტირებული ვერსია საქართველოს პარლამენტის ინიცირებითა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის ბრძანებით შექმნილმა ექსპერტთა სპეციალურმა კომისიამ შეიმუშავა და მას ყველა საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლე უფასოდ მიიღებს. იაკობ გოგებაშვილის „დედაენის“ უკანასკნელი გამოცემის ადაპტირება მოხდა ისე, რომ შენარჩუნდა ავტორის ძირითადი მეთოდები, პრინციპები და მასალა, და თანამედროვეობას დაუახლოვდა. არქაული ლექსიკა ნაწილობრივ შეიცვალა, თუმცა ძირითადი ლექსიკა, რაც დღესაც გამოიყენება, სახელმძღვანელოში დარჩა“, – განაცხადა რამდენიმე დღის წინ საქართველოს განათლების სამინისტრომ.

2019-2020 სასწავლო წლისთვის მოთხოვნილი ადაპტირებული „დედაენის“ სახელმძღვანელოს საერთო რაოდენობიდან 95 126 ცალი [პირველი და მეორე ნაწილი] საჯარო სკოლებს, ხოლო 12 148 [ასევე ორთავე ნაწილი] კერძო სკოლებს გადაეცემა.

აქედან, უშუალოდ აჭარის სკოლების პირველკლასელებისთვის 11 158 „დედაენა“ [პირველი და მეორე ნაწილი] დაიბეჭდება [9 558 – საჯარო სკოლებისთვის, ხოლო 1 600 – კერძო სკოლებისთვის].

ამ მონაცემების მიხედვით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ აჭარის საჯარო და კერძო სკოლებში წელს 5 579 პირველკლასელი მივა [მთელი ქვეყნის მასშტაბით კი – 53 637 პირველკლასელი].

სააგენტოს ინფორმაციით, თბილისის საჯარო სკოლებისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის სახელმძღვანელოების მიწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად: სახელმძღვანელოების I ნაწილის დარიგება უნდა დასრულდეს არაუგვიანეს  2019  წლის 14 სექტემბრისა, ხოლო II ნაწილის 2019 წლის 30 ნოემბრისა.

ფასთა კვლევის მიხედვით, ყოველ მისაწოდებელ პარტიაზე წარმოდგენილი უნდა იყოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ექსპერტის დასკვნა. დასკვნის წარმოდგენის ვალდებულება და შესაბამისი ხარჯის გაწევა ეკისრება მიმწოდებელს. საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის მიწოდებული სახელმძღვანელოები უნდა დახარისხდეს სკოლების მიხედვით. სახელმძღვანელოების შესყიდვა განხორციელდება დამრგვალებით, შესაბამისად, ზედმეტი რაოდენობები, რომელიც არ მიდის სკოლებში მოწოდებული უნდა იყოს თბილისში, მითითებულ მისამართზე.

ამასთან, „სახელმძღვანელოს (წიგნი და რვეული) უკანა ყდაზე შავი ფერის ასოებით უნდა იყოს წარწერა  დაფინანსებულია „მოსწავლეების და მასწავლებლების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის პროგრამის“ ფარგლებში. ასევე, სახელმძღვანელოს (წიგნი) უკანა ყდის შიდა მხარეს გამოყოფილად წითელი ასოებით და შედარებით დიდი შრიფტით უნდა ეწეროს – „გაყიდვა აკრძალულია!“ და აღნიშნული წარწერის ქვევით შედარებით პატარა შრიფტით და შავი ასოებით უნდა ეწეროს  – „ამ სახელმძღვანელოს გაყიდვის ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე : (+995 32) 2 200 220“.

საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დაინტერესებულმა პირებმა თავიანთი შეთავაზება დღეს, 2019 წლის 29 ივლისის 18:00 საათამდე უნდა წარუდგინონ. ამის შემდეგ გახდება ცნობილი თუ რა თანხა იქნება საჭირო სახელმძღვანელოების ბეჭდვა-ტრანსპორტირებისთვის.

– – – –

საჯარო სკოლებში გოგებაშვილის ადაპტირებული „დედაენის“ შეტანაზე განათლების სამინისტრომ საუბარი ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწყო. სფეროთი დაინტერესებული ზოგიერთი პირი გოგებაშვილის „დედაენას“ თანამედროვე მოთხოვნებთან შეუსაბამოდ მიიჩნევს, ზოგიერთი კი მისი სკოლებში დაბრუნების მომხრე იყო.

ამ თემაზე:

სამინისტროს სკოლებში ადაპტირებული „დედაენა“ შეაქვს

 

კორპუსთან, საიდანაც ლიფტი ჩამოვარდა, საზმაუს ოპერატორს თავში ქვა მოარტყეს

დღეს, აღმაშენებლის ქუჩის 2ა-ში მშენებარე კორპუსიდან ლიფტის ჩამოვარდნის შემდეგ, ადგილზე მისულ ჟურნალისტებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს პირებმა, რომლებიც მშენებარე კორპუსის ტერიტორიაზე იმყოფებიან.

ტერიტრიაზე მყოფების გაღიზიანება გამოიწვია იმან, რომ ჟურნალისტები მშენებარე კორპუსის ტერიტორიაზე აპირებდნენ შესვლას კომპანიის წარმომადგენელთან ინტერვიუს ჩასაწერად. მათ ამის უფლება არ მისცეს და როგორც ჟურნალისტები ყვებიან, მათი მისამართით ქვების სროლა დაიწყეს. ქვა თავში მოხვდა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ოპერატორს ედო კოჩალიძეს. სამედიცინო ჯგუფმა მას ჭრილობა ადგილზევე დაუმუშავა.

ჟურნალისტები ახლაც ელოდებიან კომპანიის გადაწყვეტილების მიმღებ პირს, რომელიც განმარტავს, რა მოხდა მშენებლობის ტერიტორიაზე.

კომპანია „გრანდ სითი“ მშენებარე კორპუსიდან სატვირთო ლიფტი, რომელშიც 6 ადამიანი იმყოფებოდა, ცოტა ხნის წინ ჩამოვარდა. არიან დაშავებულები.

 

 

დაპირისპირება კორპუსთან, რომელსაც ლიფტი მოწყდა

ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე, სადაც მშენებარე კორპუსს ლიფტი მოწყდა, მცირე ინციდენტს ჰქონდა ადგილი. რამდენიმე პირი ცდილობდა კორპუსის ტერიტორიაზე შესვლას, რა დროსაც მათ ფიზიკურად და სიტყვიერად დაუპირისპირდნენ კორპუსის ტერიტორიაზე მყოფები.

შს სამინისტროს ინფორმაციით, ლიფტის ჩამოვარდნის ფაქტზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც ითვალისწინებს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას.

კომპანია „გრანდ სითი“ მშენებარე კორპუსიდან სატვირთო ლიფტი, რომელშიც 6 ადამიანი იმყოფებოდა, ცოტა ხნის წინ მოწყდა. არიან დაშავებულები.

ლიფტში, რომელიც დღეს ჩამოვარდა, ოთხი ადამიანი დაშავდა, 3 თურქეთის და 1 საქართველოს მოქლაქე. ლიფტში სულ 6 პირი იმყოფებოდა.

კორპუსს, სადაც დღეს ინციდენტი მოხდა, კომპანია „გრანდ სითი“ აშენებს.

 

ბათუმში კორპუსზე მოწყდა ლიფტი, რომელშიც 6 ადამიანი იმყოფებოდა

ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე, მშენებარე კორპუსს ლიფტი მოწყდა. ლიფტში ექვსი ადამიანი იმყოფებოდა. ხუთი კაცი და ერთი ქალი.

„ბათუმელების“ რეპორტიორის თქმით, რომელიც ადგილზე იმყოფება, სამ პირს მძიმე გარეგნული დაზიანებები აღენიშნება.

ერთ-ერთი პირი, ვისაც „ბათუმელები“ ესაუბრა და ლიფტში იმყოფებოდა, ამბობს, რომ არ იცის რა სიმაღლეზე იყო ლიფტი. მისივე თქმით, ლიფტი იყო სატვირთო, თავად კი ამ კორპუსის მშენებლობაზე მუშად მუშაობდა. ეს მუშა თავს შედარებით კარგად გრძნობს და სასწრაფო სამედიცინო ჯგუფს ელოდება, სავადმყოფოში რომ გადაიყვანონ.

„ერთი ქალი და ერთი კაცი გადაჰყავთ რეფერალურ საავადმყოფოში, სავარაუდოდ მოტეხილობებით“, – გვითხრეს სასწრაფო დახმარების სამსახურში.

დაშავებულთაგან ოთხი საქართველოს მოქალაქეა და ორი  – თურქეთის.

კორპუსს კომპანია „გრანდ სითი“ აშენებს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას.

კორპუსს ლიფტი მოწყდა/დაშავდა ქალი
ლიფტის ჩამოვარდნის შედეგად ერთ-ერთი დაშავებული მუშა
მშენებარე კორპუსი მარცხნივ, რომელსაც ლიფტი მოწყდა

 

 

 

ბიჭი, რომელიც შუახევის მუნიციპალიტეტში გაუჩინარდა, ბათუმში იპოვეს

შს სამინისტროს ინფორმაციით, შუახევის მუნიციპალიტეტში 28 ივლისს გაუჩინარებული არასრულწლოვანი იპოვეს.

„ინტენსიური ძებნის შედეგად, პოლიციამ გვიან ღამით არასრულწლოვანს ბათუმში მიაკვლია. არასრულწლოვანი თავს კარგად გრძნობს და პოლიციამ ოჯახში დააბრუნა“, – გვითხრეს შსს-ში.

არასრულწლოვანი, რომლის გაუჩინარების შესახებ მშობლებმა მიმართეს პოლიციას, 17 წლისაა.

მის გაუჩინარებაზე პოლიციაში შეტყობინება გუშინ შევიდა.

მოღრუბლულობა და უნალექო დღეები ბათუმსა და აჭარის მაღალმთიანეთში – ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 29 ივლისის 21:00 საათიდან 30 ივლისის 21:00 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ძირითადად ცვალებადი მოღრუბლულობა და უნალექო ამინდი. ნავარაუდევია ასევე ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ-ში;

ტემპერატურა:
სანაპირო რაიონებში – ღამით 17-22 გრადუსი, დღისით 25-30 გრადუსი სითბო;
მთიან რაიონებში – ღამით 7-12 გრადუსი, დღისით 17-22 გრადუსი სითბო.

ზღვის პროგნოზი: სამხრეთ-დასავლეთის ქარი 6-11მ/წმ-ში, უნალექოდ. ხილვადობა – კარგი. ტალღის სიმაღლე 5-10დმ (2-3 ბალი)
ზღვის წყლის ტემპერატურა: +25.5 გრადუსი.

31 ივლისს, ასევე 1-2 აგვისტოს, აჭარაში, სინოპტიკოსთა პროგნოზით, მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

პუშკინის ქუჩაზე ყვითელ ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა

ამ წუთებში [17:40] ბათუმში, პუშკინისა და ჯორჯიაშვილის ქუჩების გადაკვეთაზე იწვის ყვითელი ავტობუსი. ამის შესახებ „ბათუმელებს“ თვითმხილველმა შეატყობინა.

თვითმხილველის თქმით, ავტობუსში იმყოფებოდნენ მგზავრებიც, თუმცა სამაშველო ჯგუფმა მათი გამოყვანა მოახერხა.

სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ავტობუსს ძრავში გაუჩნდა ცეცხლი. ხანძარი ჩააქრეს. დაშავებული არავინაა.

 

 

 

„უნდა ველაპარაკოთ მოსკოვს“ – პატრიოტთა ალიანსის აქცია ევროპის მოედანზე ბათუმში

დღეს, 28 ივლისს, ბათუმში, ევროპის მოედანზე, დაანონსებული აქცია გამართა „პატრიოტთა ალიანსმა“. აქციას საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან – რუსთავიდან, ვანიდან, ქუთაისიდან, ხაშურიდან ჩამოსულებიც ესწრებოდნენ.

„არა ოცნებას“, „არა ნაციონალურ მოძრაობას“ „უნდა დავიწყოთ დიალოგი მოსკოვთან, ცხინვალთან და სოხუმთან“ -ასეთი იყო აქციაზე გაჟღერებული მთავარი მესიჯები.

„ჩვენ უნდა დავიწყოთ საუბარი და დიალოგი მოსკოვთან, უნდა დავიწყოთ საუბარი აფხაზებთან და ოსებთან, როდემდე უნდა ვიყოთ ასე, ვის ველოდებით. ჩვენ დავკარგეთ, ჩვენ დავზარალდით“ – განაცხადა აქციაზე ადა მარშანიამ. მან ასევე განაცხადა, რომ მოსკოვში ჩასვლისას რუსულ მხარეს არ ელაპარაკებიან თავდახრით.

„რეაქციული, ჭეშმარიტი ნაცმოძრაობა ბოკერიაა და ეს ხალხი უნდა გასამართლდეს“ – განაცხადა ირმა ინაშვილმა, პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა.

„ახლა მიდის ლაპარაკი იმაზე ოკუპანტია – არ არის ოკუპანტი. ჩვენ, ხალხნო, ქვეყნის გაერთიანება გვინდა თუ არა?! ამიტომ უნდა ვიყოთ მტკიცე, უნდა ველაპარაკოთ ცხინვალს, უნდა ველაპარაკოთ სოხუმს, უნდა ველაპარაკოთ მოსკოვს და ყველგან უნდა ჩავიდეთ ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად,“ – განაცხადა ირმა ინაშვილმა

„დააკვირდით, ეს ტერმინები: „ოკუპანტია“, „მტერია“… ვერ ხვდებით, რომ სულ მტრობისკენ და ომისკენ მიდის საქმე. ჩვენ არ გვინდა მტრობა, არც ომი გვინდა. არც მოსკოვთან გვინდა მტრობა და ომი, არც ცხინვალთან, არც სოხუმთან, არც ბაქოსთან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენსას რამეს ვთმობთ.

ჩვენ ყველა სიტყვას უნდა დავუფიქრდეთ, არც ერთი სიტყვა არ უნდა ვთქვათ, რომელიც ამ მტრობას და ომს აღვივებს. გონივრული საუბარი, დიპლომატია რა არის, დიპლომატია კი არ არის, რომ მიხვიდე კაცთან და ხელი დაარტყა ან ჩახვიდე და მაგიდაზე მუშტები ურტყა. დიპლომატია არის ჭკვიანური სიტყვა, რომელსაც მოაქვს მშვიდობა. ჩვენ გვინდა დიალოგი მოსკოვთანაც, სოხუმთანაც, ცხინვალთანაც.

ჩვენ გვინდა ტურისტები, რომელიც აქ არ არის ახლა, ბიზნესიც გვინდა, ექსპორტიც, იმპორტიც, კარგი ცხოვრება, ოჯახური ბიზნესი გვინდა. გვინდა ის, რასაც მოაქვს სიმდიდრე, ყოველი ოჯახის გამდიდრება. არ გვინდა არც ქართული ოცნება, არც ნაცმოძრაობა, არც ბოკერიები,“ – განაცხადა აქციაზე დავით თარხან-მოურავმა.

„ვითხოვთ „ოცნებამ“ შეცვალოს თავისი პოლიტიკა, თუმცა არ უნდა გადადგეს გახარია“, – უთხრა „ბათუმელებს“ შუა ხნის კაცმა, რომელიც გაგვეცნო როგორც ხაშურიდან ჩამოსული, თუმცა ვინაობის დასახელება არ ისურვა.

კიდევ ერთმა აქციის მონაწილემ ხაშურიდან გვითხრა, რომ „აქცია ოცნების წინააღმდეგაა“.

აქციაზე პერიოდულად ჰომოფობიური და ანტითურქული რეპლიკებიც ისმოდა. აქციაზე ისაუბრეს დავით გარეჯის შესახებაც.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოვიდნენ
პატრიოტთა ალიანსის აქცია ბათუმში
დრონი აქციაზე
აქციაზე რეგიონებიდან ჩამოსული სამარშრუტო ტაქსები. სალომე ცეცხლაძის ფოტო
„პატრიოტთა ალიანსის“ აქცია ბათუმში. 28 ივლისი, 2019 წელი
„პატრიოტთა ალიანსის“ აქცია ბათუმში. 28 ივლისი, 2019 წელი
„პატრიოტთა ალიანსის“ აქცია ბათუმში. 28 ივლისი, 2019 წელი
„პატრიოტთა ალიანსის“ აქცია ბათუმში. 28 ივლისი, 2019 წელი
„პატრიოტთა ალიანსის“ აქცია ბათუმში. 28 ივლისი, 2019 წელი

ძველი ბათუმის ცათამბჯენების გარეშე – 29 ივლისს ბათუმში აქცია იგეგმება

29 ივლისს, ორშაბათს, საღამოს 7 საათზე, მემედ აბაშიძის ქუჩის დასაწყისში, დრამატული თეატრის უკან, ბათუმის ისტორიულ ნაწილში, ცათამბჯენების აგების მოწინააღმდეგეები შეიკრიბებიან. აქცია – „ძველი ბათუმი ცათამბჯენების გარეშე“ ბათუმის კონცხზე ხუთი მაღლივი შენობის აგების წინააღმდეგაა მიმართული.

„მერიამ ბათუმის კონცხზე ხუთი ცათამბჯენის მშენებლობის პროცედურა დაიწყო. უგულებელყო ბათუმელების მოთხოვნა – შეენარჩუნებინა ქალაქისთვის ერთადერთი გადარჩენილი სივრცე. არ გაითვალისწინა მეცნიერული კვლევა ისტორიული ქალაქის საზღვრებში დაებრუნებინა ისტორიული ადგილი და არ მიეცა ბეტონის კედლების აღმართვის ნება. არად ჩააგდო ეკოლოგების გაფრთხილება მრავალსართულიანი განაშენიანების საფრთხის შესახებ.

მოვითხოვთ, ბათუმის კონცხი შეუნარჩუნდეს ქალაქს, როგორც ერთადერთი მწვანე სივრცე, რომლითაც ძველი ბათუმი ზღვას უკავშირდება. რივიერა ძველი ბათუმის განუყოფელი ნაწილია, ამიტომ ჩვენ, ბათუმის მოქალაქეები, კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით რივიერაზე ცათამბჯენების მშენებლობას“ – აღნიშნულია აქციის აღწერაში ფეისბუქზე.

საპროტესტო აქცია „რივიერა ცათამბჯენების გარეშე“ ბათუმში 20 ივლისსაც გაიმართა.

______________

ფოტო: მანანა ქველიაშვილი/„ბათუმელები“

ამავე თემაზე: 

ივანიშვილი მიიჩნევს, რომ რივიერას მშენებლობას ნაციონალებისგან მართული ადამიანები აპროტესტებენ

 

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ოზურგეთის პოლიციამ დღეს მეორედ დაკითხა და გამოუშვა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, უმაღლესი საბჭოს ფრაქცია ენმ-ის თავმჯდომარე ელგუჯა ბაგრატიონი ოზურგეთის პოლიციაში იმყოფებოდა დაკითხვაზე. მის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართალის კოდექსის 187 მუხლით დაიწყო. თუმცა დღეს, 28 ივლისს, მუხლი გადაკვალიფიცირდა და ამჟამად გამოძიება 188-ე მუხლით მიმდინარეობს, ანუ გამოირიცხა განზრახვა და მას ბრალი გაუფრთხილებლობის მუხლით წაუყენეს. [მუხლი 188 – ნივთის დაზიანება ან განადგურება გაუფრთხილებლობით.  ეს მუხლი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან გამასწორებელი სამუშაოს ვადით ერთ წლამდე ანდა შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე].

ელგუჯა ბაგრატიონს პოლიცია ბიძინა ივანიშვილის ქონების დაზიანებაში დებს ბრალს. „გააღვიძე ოლიგარქი“- ამ სლოგანით რამდენიმე კვირაა ენმ და სხვა აქტივისტები საპროტესტო აქციებს მართავენ შეკვეთილში ივანიშვილის რეზიდენციასთან, სადაც ასევე გაშლილია კარავი მოშიმშილეებისთვის.

„აქციები როცა დაიწყო და მოშიმშილეების კარავი დავდგით, რეზიდენციის ღობეზე დაამონტაჟეს ვიდეოთვალი, კარვის პირდაპირ. ჩვენ გვინდოდა, რომ კამერა სხვა მიმართულებით შეგვებრუნებინა და მოძრაობის დროს ვიდეოთვალი გადაბრუნდა, თუმცა ძირს არ დავარდნილა. შესაბამისად, ვერც დაზიანდებოდა.

ჩვენ დაცვას დავუძახეთ, მაგრამ ხმა არ გაგვცა, თუმცა შეტყობინება გააკეთეს პოლიციაში“, – გვითხრა ელგუჯა ბაგრატიონმა.

მისივე ინფორმაციით, ვიდეოთვალი ექსპერტიზაზე იყო გადაგზავნილი, თუმცა ექსპერტიზის დასკვნას არ გაცნობიან.

რაც შეეხება მეორე ბრალდებას, ბაგრატიონი ამბობს, რომ მას საპროტესტო აქციების გამო ედავებიან: „აქციაზე ხმაური იქნება, ბუნებრივია, თუმცა რატომ მხოლოდ მე მედავებიან, არ ვიცი. ადგილზე რომ მივალ, ვნახოთ რას მეტყვიან“, – უთხრა მან „ბათუმელებს“ 24 ივლისს.

დღეს ბრიფინგი იყო ენმ-ის ბათუმის ოფისში, სადაც „ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან ვარშალომიძემ განაცხადა, რომ მსგავსი სისხლის სამართლის საქმეები წარმოებს მხოლოდ ჩრდილოეთ კორეასა და რუსეთში.

„ბრალი უნდა წარუდგინონ თითიდან გამოწოვილი მიზეზით, თითქოს მან დააზიანა ბიძინა ივანიშვილის სათვალთვალო კამერა და ამით მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა მილიარდერ ოლიგარქს.

საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას კარგად ესმის, რომ ხელისუფლება აგონიაშია და იგი გამოსავალს ხედავს პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებებსა და სისხლის სამართლის საქმეების აღძვრაში. ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ ქართველი ხალხი არ შეეგუება ოკუპაციას… არავის ეშინია არც სისხლის სამართლის საქმეების აღძვრისა და არც დაპატიმრების“, – განაცხადა ვარშალომიძემ.

ელგუჯა ბაგრატიონი დაკითხვის შემდეგ ოზურგეთის პოლიციამ დღესაც გამოუშვა.

____________

ფოტო: ენმ 

ამავე თემაზე: 

ივანიშვილის ქონების დაზიანებაზე უმაღლესი საბჭოს დეპუტატის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

 

ბათუმის ბულვარში C ჰეპატიტის, აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის უფასო სკრინინგი მიმდინარეობს

დღეს, 28 ივლისს, ჰეპატიტების მსოფლიო დღე აღნიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებით, დღეს, დილიდან ბათუმის ბულვარში C ჰეპატიტის, აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის უფასო ინტეგრირებული სკრინინგი მიმდინარეობს. 

სკრინინგი დღის ორ საათამდე გაგრძელდება. მსურველებს შეუძლიათ საცრებათა პარკში, „ეშმაკის ბორბალთან“ მივიდნენ, სადაც დგას სპეცმანქანა. სკრინინგის გავლის მსურველს თან უნდა ჰქონდეს პირადობის მოწმობა.

სკრინინგი აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის აჭარის ორგანიზაციის ინიციატივით იმართება.

მსოფლიოში B და C ვირუსული ჰეპატიტებით სულ 325 მილიონი ადამიანია ინფიცირებული, რაც ყოველწლიურად 1.4 მილიონის სიკვდილის მიზეზია. ჰეპატიტიები გადამდებ დაავადებათა შორის სიკვდილიანობის გამომწვევი მეორე მთავარი მიზეზია ტუბერკულოზის შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული პრევენტირებადი და განკურნებადი დაავადებებია, ინფიცირებულთა 80% ვერ ფლობს ინფორმაციას თავიანთი სტატუსის შესახებ და შესაბამისად მოკლებულია განკურნების შანსს.

 

შსს: ამოღებულია 229 აბი სუბუტექსი

შს სამინისტროს ცნობით, თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 2 პირი – 2001 წელს დაბადებული ი.ბ. და 1987 წელს დაბადებული გ.ბ. დააკავეს.

პოლიციის ცნობით, სამართალდამცველებმა თბილისში, ი.ბ.-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, 60 აბი „სუბუტექსი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. ასევე, შსს-ს ცნობით, პოლიციამ დააკავა 1987 წელს დაბადებული გ.ბ., რომლის პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების 169 აბი.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბათუმში უნალექო დღეებია მოსალოდნელი – ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 28  ივლისის  21 საათიდან  29  ივლისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 25 – 30 გრადუსი
  • ღამით: 17 – 22 გრადუსი 

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 15 – 20 გრადუსი 
  • ღამით: 7– 12 გრადუსი 

ზღვის წყლის ტემპერატურა 25.5 გრადუსია. ტალღის სიმაღლე: 5-10 დმ –2-3 ბალი.

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს, 30-31 ივლისს, მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

___________

ფოტო: ლელა დუმბაძე/„ბათუმელები“

ბათუმში თეგეტა მოტორსის ახალი ცენტრი და კავკასიის ყველაზე დიდი საავტომობილო ექსპო გაიხსნა

დღეს, 27 ივლისს, თეგეტა მოტორსის ყველაზე მსხვილი მომსახურების ცენტრი ოფიციალურად გაიხსნა ბათუმში. რეგიონული ავტოსერვისის ცენტრი ხახულისა და გაგარინის ქუჩების გადაკვეთაზე მდებარეობს და 10 641 კვ.მ. ფართობზეა განთავსებული.

თეგეტა მოტორსის საზეიმო გახსნის ცერემონიას ესწრებოდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე და ქალაქ ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე მთავრობის სხვა წევრებთან ერთად.

თეგეტა ცენტრში დღესვე, საღამოს შვიდ საათზე ჯგუფ ,,ფრანის“ კონცერტი იმართება, რომელზე დასწრებაც ყველა მსურველისთვის უფასოა. კონცერტზე კომპანია სასიამოვნო სიურპრიზს – მოპედს გაათამაშებს. ერთი მოპედი კი გახსნის ცერემონიალზე უკვე გათამაშდა იღბლიანი სტუმრისთვის.

თეგეტა მოტორსის უახლესი ავტოტექმომსახურებისთვის საჭირო მანქანა-დანადგარები მოემსახურება ავტოტრანსპორტის ფართო სპექტრს: მსუბუქ, სატვირთო ავტომობილებსა და სპეცტექნიკას.

თეგეტა მოტორსის რეგიონული ფილიალის ინვესტიცია 20 მილიონი ლარია, ახალ ცენტრში უკვე დასაქმდა აჭარის რეგიონის 200 მცხოვრები, დასაქმებულთა რაოდენობას კომპანია აჭარაში პერიოდულად გაზრდის.

აჭარა ტრანზიტული მიმოსვლის თვალსაზრისით აქტიური და მზარდი პერსპექტივის რეგიონია. სწორედ ამ მიმართულების გასავითარებლად მოეწყო თეგეტა მოტორსის ახალი ცენტრი ბათუმში სტრატეგიულ ადგილას.

როგორც კომპანიის გენერალური დირექტორი, ავთანდილ წერეთელი აცხადებს, თეგეტა მოტორსის წარმომადგენლებმა გააანალიზეს რეგიონის მზარდი პოტენციალი საცალო და კორპორატიული ბიზნესის მიმართულებით და ბოლო წლების ისტორიაში თეგეტასთვის უპრეცენდენტო მასშტაბის ფილიალის გახსნა სწორედ აჭარაში გადაწყვიტეს.

„საზეიმო დღე გვაქვს, ვხსნით თეგეტა მოტორსის 26-ე ფილიალს, მასშტაბით თბილისის ცენტრალური ოფისის ანალოგიურს. ჩვენი მიზანია აჭარის რეგიონში ავტოტექმომსახურების სფეროში მომსახურების ხარისხის ამაღლება და თანამედროვე ევროპულ სტანდარტთან დაახლოება, კომპანია მხარს უჭერს რეგიონში მიმდინარე მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებს. წლებია აჭარაში ვმუშაობდით, თუმცა მცირე მასშტაბით ვიყავით.

ჩვენი ფინანსური პარტნიორები ამ დიდ საქმეში თიბისი ბანკი  და EBRD-ია, დიდი მადლობა მათ ნდობისა და მხარდაჭერისთვის. აჭარის მოსახლეობა, ასევე საკმაოდ მსხვილი, სატრანზიტო ტრანსპორტის ნაკადი, რაც აქ გაედინება, მიიღებს მაღალი დონის ავტოტექმომსახურებას თეგეტა მოტორსისგან. იმედი გვაქვს აჭარაშიც, ისევე როგორც მთელ საქართველოში, გვეყოლება კმაყოფილი და მადლიერი  მომხმარებელი“, – ამბობს ავთანდილ წერეთელი.

თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის, გიორგი თხელიძის თქმით თეგეტა მოტორსი საქართველოში უკვე წლებია ასოცირდება ავტოინდუსტრიაში ინოვაციებთან და განვითარებასთან.  მასშტაბური ავტოსერვისცენტრი კი როგორც აჭარის რეგიონის მოსახლეობას ასევე სტუმრებს, შესაძლებლობას მისცემს რეგიონიდან გაუსვლელად მიიღონ ავტომობილისთვის საჭირო ნებისმიერი ტიპის მომსახურება.

„თიბისი ბანკისა და თეგეტა მოტორსის თანამშრომლობა 20 წელზე მეტს ითვლის. თამამად შეიძლება ითქვას, რომ 90-იანი წლებიდან ჩვენ ერთად განვვითარდით და ბევრი წარმატება ვიზეიმეთ ერთად. აჭარა ძალიან სწრაფადგანვითარებადი ცენტრია, ზრდა საკმაოდ დივერსიფიცირებულია სხვადასხვა სექტორში: ტურიზმის, ვაჭრობის, უძრავი ქონების, სამშენებლო მასალების წარმოებისა და ტექსტილის, ავტოინდუსტრიის მიმართულებით. თეგეტა, როგორც  უპირობო ლიდერი ამ სექტორში განსაკუთრებულ მომსახურებას შესთავაზებს აჭარას“ – აცხადებს გიორგი თხელიძე.

თეგეტა მოტორსის აჭარის ფილიალში განთავსებულია მომსახურების 45 უბანი, რომელიც დღეში 200-მდე ავტომობილს მოემსახურება. აქ წარმოდგენილია საავტომობილო შოურუმები და ავტოინდუსტრიის მიმართულებით პროფესიული სასწავლო ცენტრი – „თეგეტა აკადემია“.

განათლებაში ინვესტირება თეგეტა მოტორსის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, „თეგეტა აკადემიის“ სასწავლო ცენტრი კი მაღალკვალიფიციური სპეციალისტების დახელოვნება-გადამზადების გარანტი იქნება რეგიონში, რისი მიზანიც ავტოსერვისის ხარისხის გაუმჯობესება, სამუშაო ადგილების შექმნა და მომხმარებელთა კმაყოფილებაა.

თეგეტა მოტორსის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე კავკასიის მასშტაბით ყველაზე დიდი საავტომობილო ექსპოზიცია იყო წარმოდგენილი, წამყვანი საავტომობილო ბრენდებით – Porsche, Volvo, Toyota, Mazda, Bridgestone, Michelin, Shell, Mobil და სხვა.

ექსპოზიციას ესწრებოდნენ ამ ბრენდების რეგიონული წარმომადგენლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

თეგეტა მოტორსმა წარმატების 24-წლიანი გზა განვლო, სირთულეების და გამოწვევის მიუხედავად, თეგეტამ შეძლო და დღეს საავტომობილო პროდუქტებისა და მომსახურების სფეროში რეგიონში ლიდერ კომპანიად ჩამოყალიბდა.

ჰოლდინგი 7 შვილობილ კომპანიას აერთიანებს. მისი სფერო  სატვირთო და მსუბუქი ავტომობილები, სასოფლო, სამშენებლო და სამრეწველო დანიშნულების ტექნიკა, სათადარიგო ნაწილები, საპოხი მასალები, საბურავებით ვაჭრობა და ტექნიკური მომსახურების სფეროა. კომპანიის პორტფელი 250 000 საცალო ლოიალურ მომხმარებელს, 3 700 საბითუმო და 35 500 კორპორატიულ მომხმარებელს მოიცავს.

დახვეწილი ინფრასტრუქტურა, მაღალკვალიფიციური კადრები და ავტოსერვისის თანამედროვე დანადგარები თეგეტა მოტორსის სერვისცენტრების უცვლელი სამარკო ნიშანია.

კომპანია Groupauto International-ის ოფიციალური წევრია, ფლობს ISO სერთიფიკატებს და  მსოფლიოში წამყვან 300-მდე უმსხვილეს ბრენდს წარმოადგენს.

 

 

აჭარაში 63 ადამიანი უგზო-უკვლოდაა დაკარგული

2019 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით საქართველოში 93 ადამიანი დაიკარგა, მათგან 53 იპოვნეს [5 – გარდაცვლილი], 40 ადამიანი კი ამ დრომდე იძებნება.

წელს დაკარგულთა 95 პროცენტი საქართველოს მოქალაქე იყო, 2 – საუდის არაბეთის, 4 -ბელგიის, 1 – რუსეთის, 1 – ყაზახეთის და 1 აზერბაიჯანის. შსს-ს სტატისტიკის თანახმად, უცხოეთის ყველა მოქალაქე ნაპოვნია.

თუმცა ეს მხოლოდ ექვსი თვის სტატისტიკაა. უგზო-უკვლოდ დაკარგულთა რაოდენობა გაცილებით უფრო დიდია, თუ დროის უფრო დიდ ინტერვალს ავიღებთ. შს სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისათვის [1973-2019 წწ]  საქართველოში 993 ადამიანი იძებნება, მათგან 32 არასრულწლოვანია.

ყველაზე მეტი ადამიანი თბილისშია დაკარგული. 1973 წლიდან დღემდე დაკარგულ პირთა სტატისტიკა რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება:

  • თბილისი – 364 დაკარგული
  • იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი – 161 დაკარგული
  • შიდა ქართლი – 123 დაკარგული
  • ქვემო ქართლი – 85 დაკარგული
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი – 74 დაკარგული
  • კახეთი – 74 დაკარგული
  • აჭარა – 63 დაკარგული
  • სამცხე-ჯავახეთი – 13 დაკარგული
  • გურია – 13 დაკარგული
  • მცხეთა-მთიანეთი -14 დაკარგული
  • აფხაზეთი – 9 დაკარგული

ბარი, ჰოსტელი და სასტუმრო ერთ სივრცეში – რას სთავაზობს ბათუმში სტუმრებს „კომუნა“

26 ივლისს, ბათუმში, დემეტრე თავდადებულის 83ა-ში ოფიციალურად გაიხსნა „კომუნა“, სივრცე, სადაც თავმოყრილია სასტუმრო, ჰოსტელი და ბარი.

გახსნის წვეულებას ბევრი სტუმარი ესწრებოდა, როგორც ბათუმელები, ასევე ბათუმის სტუმრები.

გახსნაზე „კომუნამ“ სტუმრებს უფასო სასმელითა და ელექტრონული მუსიკით უმასპინძლა. 

დღეიდან „კამუნას“ ბარში შესაძლებლობა გექნებათ დააგემოვნოთ როგორც ბარმენების მომზადებული კოქტეილები, ასევე „კრაფტის“ ლუდი და სხვა ბრენდული სასმელები, პლუს, „კომუნაში“ უგემრიელესი სამზარეულო დაგხვდებათ.

ბათუმში კომუნა გაიხსნა
„კომუნას“ გახსნაზე DJ ლაშა გურული უკრავდა.

„კომუნას“ პირველ სართულზე განთავსებულია ბარი, მეორეზე – ჰოსტელი, მესამეზე კი – სასტუმროს ნომრები.

 „რაც უფრო მრავალფეროვანი არჩევანი ექნება ჩვენთან ჩამოსულ სტუმრებს, რა თქმა უნდა, ეს დამატებითი სტიმულია ჩვენთვის, როგორც საზღვაო ტურისტული ქალაქისთვის. „კომუნაც“ პატარა, საყვარელი, მეგობრების თავშეყრის ადგილი შეიძლება გახდეს, სადაც ადამიანს ძალიან ხელმისაწვდომ ფასად შეეძლება დარჩენა და დროის გატარება“- აღნიშნა მერი ემირიძემ, რომელიც „კომუნას“ გახსნაზე იმყოფებოდა.

პირველი სტუმრები ბარ “კომუნაში”

სასტუმროს და ჰოსტელის სტუმრებს გახსნასთან დაკავშირებით განსაკუთრებულ ფასად შეუძლიათ ღამის გათევა.

ჰოსტელი

„კომუნას“ დირექტორმა, ლევან ძნელაძემ თავად დაგვათვალიერებინა მთელი სივრცე.

„ჰოსტელის ოთახები თითქმის ერთი კონცეფციისაა. ჰოსტელის სტუმრებს ვთავაზობთ თეთრეულს, პირსახოცს და კონდიცირების სისტემას. გახსნის დღეებში და ზოგადად, ამ სეზონზე გავაკეთებთ აქცენტს ხარისხზე და ფასებზე. რადგან ახლები ვართ ამ ბაზარზე, ჰოსტელში დარჩენის ფასი 20 ლარი იქნება. ასევე, სტუმრებს შეეძლებათ ამავე შენობაში, ბარში, უგემრიელესი საუზმე შეუკვეთონ. საუზმეც არ არის ძვირი. ბარი, ძირითადად, ამერიკულ სტილში გვაქვს გაკეთებული. ჰოსტელში ასევე გვაქვს ორადგილიანი ნომრები, პერსონალური აბაზანით, რომლის ფასიც 50-60 ლარამდე მერყეობს.

სასტუმრო

მესამე სართული სასტუმროს ნომრებს უჭირავს. აქ არის განთავსებული 6 ნომერი. ნომრები სხვადასხვა ტიპისაა, გვაქვს ორადგილიანი, double ტიპის საწოლით, გვაქვს სამადგილიანი – ცალკ-ცალკე და საოჯახო, ოთხადგილიანი ნომრები. ოთახებში არის wi-fi, საკაბელო ტელევიზია, სველი წერტილი და კონდიცირება, რა თქმა უნდა. ამ სეზონზე ორადგილიანი ნომრის ფასი არის 70 ლარი, 90 ლარი ღირს  სამადგილიანი და „family +“ ანუ ოთხადგილიანი – 110 ლარი.“

„კომუნას“ გახსნის ღონისძიება მუსიკის ფონზე გვიან ღამემდე გაგრძელდა. დღეიდან კი „კომუნა“ გელით ყოველდღე, დემეტრე თავდადებულის 83ა-ში.

ბახმარო დღეს [ფოტო]

ბახმარო, 27 ივლისი, 2019 წ. ფოტო: თედო ჯორბენაძე/„ბათუმელები“
ბახმარო, 27 ივლისი, 2019 წ. ფოტო: თედო ჯორბენაძე/„ბათუმელები“
ბახმარო, 27 ივლისი, 2019 წ. ფოტო: თედო ჯორბენაძე/„ბათუმელები“
ბახმარო, 27 ივლისი, 2019 წ. ფოტო: თედო ჯორბენაძე/„ბათუმელები“

ბახმარო, 27 ივლისი, 2019 წ. ფოტო: თედო ჯორბენაძე/„ბათუმელები“
ბახმარო, 27 ივლისი, 2019 წ. ფოტო: თედო ჯორბენაძე/„ბათუმელები“
ბახმარო, 27 ივლისი, 2019 წ. ფოტო: თედო ჯორბენაძე/„ბათუმელები“

პოლიციამ აჭარაში ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები ამოიღო, დაკავებულია 2 პირი

შს სამინისტროს ცნობით, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1997 წელს დაბადებული მ.დ. და 1975 წელს დაბადებული რ.მ. დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, აჭარის პოლიციამ პოლიციამ, მ.დ.-ს პირადი და მისი მართვის არსებული ავტომობილის ჩხრეკისას, პისტოლეტი, მჭიდი და 20 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო; რ.მ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კი ამოღებულია რევოლვერის სისტემის პისტოლეტი და 17 საბრძოლო ვაზნა.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა რაიონში და ქალაქში რეანომობილს ვერ დავაყენებთ – გადაუდებელი დახმარების ცენტრი

ონისა და ამბროლაურში მოსახლეობის მხრიდან რეანომობილის მოთხოვნასთან დაკავშირებით, კომენტარს აკეთებს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დაგეგმარების, ხარისხისა და გამოძახებათა მართვის დეპარტამენტის უფროსი, ამირან გოგიტიძე. მისი თქმით, საჭიროა თუ არა ამ მუნიციპალიტეტებში რეანომობილის დამატება, ეს უნდა შეისწავლონ.

რეფერალური სისტემა აგებულია ისე, რომ  როდესაც პაციენტი შედის კლინიკაში და კლინიკა აკეთებს გამოძახებას რეანომობილზე, სანამ რეანომობილი მოვა, კლინიკა ვალდებულია, რაც არ უნდა მძიმედ იყოს პაციენტი, 24 საათის განმავლობაში ყველაფერი გააკეთოს მისი სასიცოცხლო ფუნქციების შესანარჩუნებლად.

ამიტომ, არ არის აუცილებელი რეანიმობილი კლინიკის ეზოში იდგეს, იმავე რაიონში ან ქალაქში, არამედ მთავარია, რომ მისი მობილიზება მოხდეს ადეკვატურ დროში“.

ამირან გოგოტიძის თქმით, ამბროლაურისა და ონის შემთხვევაში, რეანომობილები განთავსებულია მომიჯნავე რაიონებში.

„ამ შემთხვევაში გამოძახება მოხდა ლენტეხიდან. რეანომობილები ასევე გაჩერებულია ზესტაფონში, თერჯოლაში, ქუთაისის მხარეს… ამ ადგილებიდან საათზე მეტი ესაჭიროება რეანომობილს, რომ ამბროლაურში მივიდეს. ამ დროში კი კლინიკაა ვალდებული პაციენტის მდგომარეობა მართოს“.

ამირან გოგიტიძე ამბობს, რომ 16 წლის მოზარდის შემთხვევაში რაც მოხდა, დეტალებზე ინფორმაციას არ ფლობს. „თუკი იყო რაიმე ტიპის დარღვევა, ამას სწავლობს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტო და დარღვევების შემთხვევაში აუცილებლად დადგება მათი პასუხისმგებლობის საკითხი“.

„ბათუმელების“ კითხვაზე, ვინ ახორციელებს და რა პერიოდულობით მონიტორინგს რეანომობილების ტექნიკურ გამართულობაზე, ამირან გოგიტიძე ამბობს, რომ რეგულირების სააგენტო.

„როგორც ვიცი, ეს რეანომობილები კერძო სამედიცინო დაწესებულებებისაა და სააგენტო თუკი დაადგენს ხარვეზს, აუცილებლად დადგენა მათი პასუხისმგებლობის საკითხი“.

რაც შეეხება რეანომობილების დამატებას აღნიშნულ რეგიონში, გოგიტიძის თქმით, „ყველა რაიონში და ქალაქში რეანომობილს ვერ გააჩერებენ“.

„თუმცა პერიოდულად კეთდება ანალიზი, თუ როგორია რეანომობილის გამოძახებაზე მომართვიანობა და იმის მიხედვით მიიღება გადაწყვეტილება“, – გვეუბნება ამირან გოგიტიძე.

მისი თქმით, ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 80-მდე რეანიმობილი და 300-ზე მეტი სასწრაფო დახმარების მანქანაა მობილიზებული ყოველდღიურად.

ამავე თემაზე:

სააგენტო 16 წლის მოზარდის კომაში ყოფნაზე: „კატასტროფის ეკიპაჟის მანქანას ჰქონდა ხარვეზები“

„ძირითადად სასტუმროში ვიყავით და ლუდს ვსვამდით“ – ტურისტების არჩევანი წვიმიან ბათუმში

ექსკურსია, რესტორანი, ლუდი – ძირითადად ამ შესაძლებლობებს ასახელებენ უცხოელი ტურისტები, რომლებმაც ბათუმური წვიმის ხასიათი ბოლო რამდენიმე დღე აქტიურად გამოსცადეს. ტურისტები არ მალავენ უკმაყოფილებას იმის გამო, რომ წვიმის დროს ბათუმში გასართობი და საინტერესო თითქმის არაფერია. არიან გამონაკლისებიც, რომლებიც ბევრს მოგიყვებიან იმის შესახებ, თუ რამდენად კარგი სანახავია ზღვა და წვიმა ერთად.

„ორივეს ნატალია გვქვია. თავდაპირველად ძალიან მოვიწყინეთ, როცა გაწვიმდა და აღარ გადაიღო. ძირითადად სასტუმროში ვიყავით და ლუდს ვსვამდით ან ტელევიზორს ვუყურებდით. კაფეებშიც გამოვდიოდით, მაგრამ ისე წვიმდა, ტაქსი გვჭირდებოდა სასტუმროში დაბრუნებამდე… მერე, ერთმა კაცმა ექსკურსია შემოგვთავაზა აჭარის მაღალმთიანეთში. გვითხრა, იქ არ წვიმსო და მართალიც აღმოჩნდა. ეს იყო საოცრება. საოცარი პეიზაჟები იყო და ხალხი. საქართველოს და თურქეთის საზღვართანაც ვიყავით მაჭახელში,“ – გვითხრეს ტურისტებმა უკრაინიდან.

ტურისტები უკრაინიდან

წვიმიანი ბათუმი ირინე კლუჩიკონკოვას შეუყვარდა. ის ბელორუსიიდანაა და ირწმუნება, რომ ეს ყველამ უნდა ნახოს: „ბათუმში წვიმა ძალიან თბილია, ეს მე გამოვცადე. მე არ შევწუხებულვარ ბათუმის წვიმით… პირველ აგვისტოს ვბრუნდები უკან და იმედია, მანამდე გამოვა მზე,“ – ამბობს ის.

ირინე ბელორუსიიდან

„წვიმის მიუხედავად ძირითადად ფეხით ვსეირნობთ“, – გვითხრა ბრიტანელმა ჰოიმომ და ფინელმა იასმინამ. სხვების მსგავსად, ისინიც აღნიშნავენ, რომ ბათუმში მუზეუმებით არ დაინტერესებულან. ეს წყვილი წვიმაში, ძირითადად, კაფეებში სიარულს არჩევს და შემდეგ ისევ ზღვისპირა ბულვარში სეირნობას.

ჰოიმო და იასმინა

უცხოელი ტურისტების დიდ ნაწილს ჰქონდა ინფორმაცია, რომ ხვალიდან ბათუმში მზე გამოვა. უცხოელ ტურისტებს შორის იშვიათია ისეთი, რომელიც მხოლოდ ბათუმში, ზღვაზე დასასვენებლად ჩამოვიდა. შესაბამისად, ტურისტებმა „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ წვიმიან დღეებში საქართველოს სხვა რეგიონებიც მოინახულეს და ისტორიული ადგილები ნახეს.

„მე ამინდის პროგნოზს მივყვები. ვიცი, რომ დღეს საღამოს ისევ იწვიმებს და ხვალიდან კარგი ამინდია. თუ მაინც იწვიმებს, ალბათ, ბარში დავჯდები ან კაფეში, სხვა არ ვიცი. არ მაქვს ინფორმაცია, სად შეიძლება წავიდე ბათუმში, როცა წვიმს,“ – გვითხრა ნიკოლასმა. ის უკრაინიდანაა.

ნიკოლასი უკრაინიდან

მთები უკვე მოიარა და ახლა ბათუმშია დანიელი ჰუმან მურატი. იგი ფიქრობს, რომ ბათუმს ღია სივრცეები მოუხდებოდა, სადაც ადამიანები თავს მოიყრიდნენ, რამეს დალევდნენ, ან ერთმანეთს გაიცნობდნენ.

„თუ ისევ იწვიმებს, ისევ კაფეში წავალ… სხვა არ ვიცი, ეს მოსაწყენია, მაგრამ დიდხანს არ ვრჩები აქ,“ – აღნიშნა ჰუმანმა ჩვენთან გასაუბრების დროს.

ჰუმანი დანიიდან

წვიმამ მოსაწყენი გახადა დასვენება რუსი ტურისტებისთვისაც. ვლადიმერმა და ირინამ გვითხრეს, რომ წვიმიან დღეებში თურქეთში გადასვლა გადაწყვიტეს.

„იქაც წვიმდა, მაგრამ რამდენიმე საინტერესო ქალაქის ნახვა მოვახერხეთ… მერე ისევ აქ დავბრუნდით და ქალაქის ცენტრალურ ნაწილს გავცდით, ქუჩები დავათვალიერეთ. მერე, თევზის ბაზარში ვიყავით და ეს ძალიან კარგი იყო,“ – ამბობენ ირინა და ვლადიმერი. ისინი ბათუმში მეგობრებთან ერთად ჩამოვიდნენ.

ტურისტები რუსეთიდან

მთავარი ფოტო: წვიმა ბათუმში, მანანა ქველიაშვილის ფოტო

 

 

 

ძველ ბულვარში კერძო კომპანია ორსართულიან რესტორანს აშენებს

ბათუმის ძველ ბულვარში [ე.წ. ტექნოლოგიურის შენობის უკან] ორსართულიანი რკინის კონსტრუქცია შენდება. ადგილზე მომუშავეთა თქმით, აქ კომპანია „ამბასადორი ბათუმი“ რესტორანს აშენებს. კომპანიის მფლობელები რუსეთის მოქალაქეები: ელგუჯა ქებურია  და ვართან ვართანოვი არიან. კომპანიის დირექტორად ელგუჯა ქებურიაა დაფიქსირებული.

საინფორმაციო დაფის მიხედვით, მშენებლობის ნებართვა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ 2019 წლის 8 თებერვალს არის გაცემული. მშენებლობის დასრულების დროდ კი 2020 წელია მითითებული.

მშენებლობასთან განთავსებული საინფორმაციო დაფა / 26.07.2019

საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით ტერიტორია, სადაც რესტორანი შენდება, ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაა და ის უზუფრუქტითაა გადაცემული სსიპ „ბათუმის ბულვარზე“. ამავე ამონაწერის მიხედვით, ეს ტერიტორია 2020 წლის 27 ოქტომბრამდე იჯარით აქვს აღებული „ამბასადორი ბათუმს“. მეიჯარე „ბათუმის ბულვარია“.

„ბათუმის ბულვარის“ ინფორმაციით: „კომპანია 2020 წლის ნოემბრამდე, წლიურად გადაიხდის საიჯარო ქირას – 3 071 ლარს. მიზნობრიობა კი არის ის, რომ გამოიყენოს კვების ობიექტად – იგივე კაფე-რესტორნად. აქ იყო ძველი კაფეს შენობა. მიწის ნაკვეთი და ის შენობა გადაეცა კომპანიას 2020 წლის ოქტომბრამდე იჯარით“.

აჭარის ძეგლთა დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, ძველი კაფეს ადგილზე კომპანია ახალ შენობას აშენებს, რაზედაც გაცემულია ნებართვა.

„კომპანიას თანხმობა აქვს მესაკუთრისგან – ბათუმის მერიისგანაც. შესაბამისად, ხელშეკრულებითაც არის განსაზღვრული, რომ უძრავი ქონება [მათ შორის ახალი შენობაც] აღირიცხება მუნიციპალიტეტის საკუთრებად. თუ იჯარის ხელშეკრულება არ გაგრძელდება, კომპანია ტერიტორიას და შენობას გამოათავისუფლებს მოძრავი ქონება რაც ექნება იმისგან და შემდეგ მიწას და შენობას განკარგავს ბულვარი – როგორც მუნიციპალური ქონების მოსარგებლე“ – განმარტავენ „ბათუმის ბულვარში“

ბათუმის ბულვარში, ყოფილი პოლიკლინიკის ადგილზე [მშენებარე რესტორნის გვერდით],  „ამბასადორი ბათუმი“ ბალნეოლოგიურ-გამაჯანსაღებელ ცენტრს აშენებს.

ამ თემაზე:

ავიწროვებენ თუ არა ბიზნესს ბულვარში „ამბასადორ ბათუმის“ სასარგებლოდ

 

 

გართობა და უფასო ნაყინი – ახალ ბულვარში კვირას განახლებული საბავშვო მოედანი გაიხსნება

კვირას, 28 ივლისს, 12:00 საათზე, ახალ ბულვარში განახლებული საბავშვო მოედანი გაიხსნება.

„ბათუმის ბულვარის“ ცნობით, კვირას, მოედნის გახსნის ცერემონიაზე ბავშვებს სხვადასხვა გასართობი აქტივობა ელით: ხატვა, ბოულინგი, რგოლების სროლა, შეჯიბრებების მრავალი სახეობა. ზღაპრული გმირებისა და ანიმატორების სპეციალური გასართობი პროგრამა ბავშვებს ბევრ სხვა სიურპრიზს შესთავაზებს, მათ შორის უფასო ნაყინებს.

„ბათუმის ბულვარის“ ინფორმაციით, ახალი ბულვარის საბავშვო კუთხეში სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა, პლასტმასის ატრაქციონები ხის ატრაქციონებით ჩანაცვლდა და მოეწყო ხელოვნური საფარი. ერთ-ერთი ატრაქციონი, კი სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების მოთხოვნებზეა მორგებული.

ბავშვებისთვის განკუთვნილი ატრაქციონები ეკოლოგიურად სუფთა მასალისგანაა დამზადებული და ევროპულ სტანდარტს აკმაყოფილებს.

საბავშვო მოედნის გახსნაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. მისამართი: ბათუმი, ახალი ბულვარი, სავაჭრო ცენტრ „მეტრო სითი ფორუმის“ მოპირდაპირე მხარეს.

აფიშა

ფოტოზე: ახალი ბულვარი. ფოტო: მანანა ქველიაშვილი/„ბათუმელები“

Exit mobile version