მთავარი,სიახლეები

„ძირითადად სასტუმროში ვიყავით და ლუდს ვსვამდით“ – ტურისტების არჩევანი წვიმიან ბათუმში

26.07.2019 • 1239
„ძირითადად სასტუმროში ვიყავით და ლუდს ვსვამდით“ – ტურისტების არჩევანი წვიმიან ბათუმში

ექსკურსია, რესტორანი, ლუდი – ძირითადად ამ შესაძლებლობებს ასახელებენ უცხოელი ტურისტები, რომლებმაც ბათუმური წვიმის ხასიათი ბოლო რამდენიმე დღე აქტიურად გამოსცადეს. ტურისტები არ მალავენ უკმაყოფილებას იმის გამო, რომ წვიმის დროს ბათუმში გასართობი და საინტერესო თითქმის არაფერია. არიან გამონაკლისებიც, რომლებიც ბევრს მოგიყვებიან იმის შესახებ, თუ რამდენად კარგი სანახავია ზღვა და წვიმა ერთად.

„ორივეს ნატალია გვქვია. თავდაპირველად ძალიან მოვიწყინეთ, როცა გაწვიმდა და აღარ გადაიღო. ძირითადად სასტუმროში ვიყავით და ლუდს ვსვამდით ან ტელევიზორს ვუყურებდით. კაფეებშიც გამოვდიოდით, მაგრამ ისე წვიმდა, ტაქსი გვჭირდებოდა სასტუმროში დაბრუნებამდე… მერე, ერთმა კაცმა ექსკურსია შემოგვთავაზა აჭარის მაღალმთიანეთში. გვითხრა, იქ არ წვიმსო და მართალიც აღმოჩნდა. ეს იყო საოცრება. საოცარი პეიზაჟები იყო და ხალხი. საქართველოს და თურქეთის საზღვართანაც ვიყავით მაჭახელში,“ – გვითხრეს ტურისტებმა უკრაინიდან.

ტურისტები უკრაინიდან

წვიმიანი ბათუმი ირინე კლუჩიკონკოვას შეუყვარდა. ის ბელორუსიიდანაა და ირწმუნება, რომ ეს ყველამ უნდა ნახოს: „ბათუმში წვიმა ძალიან თბილია, ეს მე გამოვცადე. მე არ შევწუხებულვარ ბათუმის წვიმით… პირველ აგვისტოს ვბრუნდები უკან და იმედია, მანამდე გამოვა მზე,“ – ამბობს ის.

ირინე ბელორუსიიდან

„წვიმის მიუხედავად ძირითადად ფეხით ვსეირნობთ“, – გვითხრა ბრიტანელმა ჰოიმომ და ფინელმა იასმინამ. სხვების მსგავსად, ისინიც აღნიშნავენ, რომ ბათუმში მუზეუმებით არ დაინტერესებულან. ეს წყვილი წვიმაში, ძირითადად, კაფეებში სიარულს არჩევს და შემდეგ ისევ ზღვისპირა ბულვარში სეირნობას.

ჰოიმო და იასმინა

უცხოელი ტურისტების დიდ ნაწილს ჰქონდა ინფორმაცია, რომ ხვალიდან ბათუმში მზე გამოვა. უცხოელ ტურისტებს შორის იშვიათია ისეთი, რომელიც მხოლოდ ბათუმში, ზღვაზე დასასვენებლად ჩამოვიდა. შესაბამისად, ტურისტებმა „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ წვიმიან დღეებში საქართველოს სხვა რეგიონებიც მოინახულეს და ისტორიული ადგილები ნახეს.

„მე ამინდის პროგნოზს მივყვები. ვიცი, რომ დღეს საღამოს ისევ იწვიმებს და ხვალიდან კარგი ამინდია. თუ მაინც იწვიმებს, ალბათ, ბარში დავჯდები ან კაფეში, სხვა არ ვიცი. არ მაქვს ინფორმაცია, სად შეიძლება წავიდე ბათუმში, როცა წვიმს,“ – გვითხრა ნიკოლასმა. ის უკრაინიდანაა.

ნიკოლასი უკრაინიდან

მთები უკვე მოიარა და ახლა ბათუმშია დანიელი ჰუმან მურატი. იგი ფიქრობს, რომ ბათუმს ღია სივრცეები მოუხდებოდა, სადაც ადამიანები თავს მოიყრიდნენ, რამეს დალევდნენ, ან ერთმანეთს გაიცნობდნენ.

„თუ ისევ იწვიმებს, ისევ კაფეში წავალ… სხვა არ ვიცი, ეს მოსაწყენია, მაგრამ დიდხანს არ ვრჩები აქ,“ – აღნიშნა ჰუმანმა ჩვენთან გასაუბრების დროს.

ჰუმანი დანიიდან

წვიმამ მოსაწყენი გახადა დასვენება რუსი ტურისტებისთვისაც. ვლადიმერმა და ირინამ გვითხრეს, რომ წვიმიან დღეებში თურქეთში გადასვლა გადაწყვიტეს.

„იქაც წვიმდა, მაგრამ რამდენიმე საინტერესო ქალაქის ნახვა მოვახერხეთ… მერე ისევ აქ დავბრუნდით და ქალაქის ცენტრალურ ნაწილს გავცდით, ქუჩები დავათვალიერეთ. მერე, თევზის ბაზარში ვიყავით და ეს ძალიან კარგი იყო,“ – ამბობენ ირინა და ვლადიმერი. ისინი ბათუმში მეგობრებთან ერთად ჩამოვიდნენ.

ტურისტები რუსეთიდან

მთავარი ფოტო: წვიმა ბათუმში, მანანა ქველიაშვილის ფოტო

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: