მთავარი,სიახლეები

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ოზურგეთის პოლიციამ დღეს მეორედ დაკითხა და გამოუშვა

28.07.2019 • 1208
აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ოზურგეთის პოლიციამ დღეს მეორედ დაკითხა და გამოუშვა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, უმაღლესი საბჭოს ფრაქცია ენმ-ის თავმჯდომარე ელგუჯა ბაგრატიონი ოზურგეთის პოლიციაში იმყოფებოდა დაკითხვაზე. მის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართალის კოდექსის 187 მუხლით დაიწყო. თუმცა დღეს, 28 ივლისს, მუხლი გადაკვალიფიცირდა და ამჟამად გამოძიება 188-ე მუხლით მიმდინარეობს, ანუ გამოირიცხა განზრახვა და მას ბრალი გაუფრთხილებლობის მუხლით წაუყენეს. [მუხლი 188 – ნივთის დაზიანება ან განადგურება გაუფრთხილებლობით.  ეს მუხლი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან გამასწორებელი სამუშაოს ვადით ერთ წლამდე ანდა შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე].

ელგუჯა ბაგრატიონს პოლიცია ბიძინა ივანიშვილის ქონების დაზიანებაში დებს ბრალს. „გააღვიძე ოლიგარქი“- ამ სლოგანით რამდენიმე კვირაა ენმ და სხვა აქტივისტები საპროტესტო აქციებს მართავენ შეკვეთილში ივანიშვილის რეზიდენციასთან, სადაც ასევე გაშლილია კარავი მოშიმშილეებისთვის.

„აქციები როცა დაიწყო და მოშიმშილეების კარავი დავდგით, რეზიდენციის ღობეზე დაამონტაჟეს ვიდეოთვალი, კარვის პირდაპირ. ჩვენ გვინდოდა, რომ კამერა სხვა მიმართულებით შეგვებრუნებინა და მოძრაობის დროს ვიდეოთვალი გადაბრუნდა, თუმცა ძირს არ დავარდნილა. შესაბამისად, ვერც დაზიანდებოდა.

ჩვენ დაცვას დავუძახეთ, მაგრამ ხმა არ გაგვცა, თუმცა შეტყობინება გააკეთეს პოლიციაში“, – გვითხრა ელგუჯა ბაგრატიონმა.

მისივე ინფორმაციით, ვიდეოთვალი ექსპერტიზაზე იყო გადაგზავნილი, თუმცა ექსპერტიზის დასკვნას არ გაცნობიან.

რაც შეეხება მეორე ბრალდებას, ბაგრატიონი ამბობს, რომ მას საპროტესტო აქციების გამო ედავებიან: „აქციაზე ხმაური იქნება, ბუნებრივია, თუმცა რატომ მხოლოდ მე მედავებიან, არ ვიცი. ადგილზე რომ მივალ, ვნახოთ რას მეტყვიან“, – უთხრა მან „ბათუმელებს“ 24 ივლისს.

დღეს ბრიფინგი იყო ენმ-ის ბათუმის ოფისში, სადაც „ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან ვარშალომიძემ განაცხადა, რომ მსგავსი სისხლის სამართლის საქმეები წარმოებს მხოლოდ ჩრდილოეთ კორეასა და რუსეთში.

„ბრალი უნდა წარუდგინონ თითიდან გამოწოვილი მიზეზით, თითქოს მან დააზიანა ბიძინა ივანიშვილის სათვალთვალო კამერა და ამით მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა მილიარდერ ოლიგარქს.

საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას კარგად ესმის, რომ ხელისუფლება აგონიაშია და იგი გამოსავალს ხედავს პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებებსა და სისხლის სამართლის საქმეების აღძვრაში. ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ ქართველი ხალხი არ შეეგუება ოკუპაციას… არავის ეშინია არც სისხლის სამართლის საქმეების აღძვრისა და არც დაპატიმრების“, – განაცხადა ვარშალომიძემ.

ელგუჯა ბაგრატიონი დაკითხვის შემდეგ ოზურგეთის პოლიციამ დღესაც გამოუშვა.

____________

ფოტო: ენმ 

ამავე თემაზე: 

ივანიშვილის ქონების დაზიანებაზე უმაღლესი საბჭოს დეპუტატის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: