მთავარი,რეკლამა,სიახლეები

ახალ ბულვარში განახლებული საბავშვო მოედანი გაიხსნა

29.07.2019 • 2820
ახალ ბულვარში განახლებული საბავშვო მოედანი გაიხსნა

ახალ ბულვარში განახლებული საბავშვო მოედანი საზეიმოდ გაიხსნა. საგანგებოდ ამ დღისთვის, გასართობ სივრცეში ზღაპრული გმირებისა და ანიმატორების სპეციალური გასართობი პროგრამა და სხვადასხვა აქტივობა იყო წარმოდგენილი. ხატვა, ბოულინგი, რგოლების სროლა, შეჯიბრებების მრავალი სახეობა. პატარა სტუმრებმა სიხარულით სავსე დღე გაატარეს ანიმატორებთან ერთად, გაერთნენ და საჩუქრად ნაყინებიც დააგემოვნეს.

ახალი ბულვარის საბავშვო კუთხეში სრული სარებილიტაციო სამუშაოები მიმდინარე ტურისტული სეზონისთვის ჩატარდა, პლასტმასის ატრაქციონები ხის ატრაქციონებით ჩანაცვლდა, მოეწყო ხელოვნური საფარი. ერთ-ერთი ატრაქციონი, კი სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების მოთხოვნებზეა მორგებული. აღსანიშნავია, რომ ბავშვებისთვის განკუთვნილი ატრაქციონები ეკოლოგიურად სუფთა მასალისგანაა დამზადებული და ევროპულ სტანდარტს აკმაყოფილებს.

„ ბათუმის ბულვარისთვის ეს არის პირველი პრეცედენტი და სასიამოვნო სიახლე, ვინაიდან ბავშვთა სივრცეში წარმოდგენილი ატრაქციონები ხის მასალისგან არის დამზადებული და ეკოლოგიურად სუფთაა. მიხარია, რომ დღეს ასეთი ინფრასტრუქტურა გვაქვს უკვე ახალ ბულვარში. ხის ატრაქციონები ერთ-ერთი პოპულარულია მთელ მსოფლიოში. შესაბამისად, ჩვენ გვჭირდება ბევრი მსგავსი პროექტის განხორციელება, რაც პირდაპირ ჩვენი პატარების უსაფრთხოებაზე იქნება ორიენტირებული”- განაცხადა ირაკლი ჯინჭარაძემ, „ბათუმის ბულვარის“ დირექტორმა.

რეაბილიტირებული საბავშვო გასართობი სივრცის გასხნას ბულვარის ხელმძღვანელ პირებთან ერთად აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ნიჟარაძე დაესწრნენ. ღონისძიების განსაკუთრებული სტუმრები  შშმ პირთა სარეაბილიტაციო ცენტრი „თანა“-ს და საქველმოქმედო ფონდი „იალქანი“-ს აღსაზრდელები იყვნენ. ახალი ბულვარის განახლებული საბავშვო მოედანი უკვე იქცა ბულვარის პატარა ვიზიტორებისთვის საყვარელ ადგილად.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: