მთავარი,სიახლეები

ლიფტის მოწყობის ნებართვა არ მიუღია კომპანიას, რომლის მშენებარე კორპუსიდან ლიფტი მოწყდა

29.07.2019
ლიფტის მოწყობის ნებართვა არ მიუღია კომპანიას, რომლის მშენებარე კორპუსიდან ლიფტი მოწყდა

დღეს, 29 ივლისს, ბათუმში აღმაშენებლის ქუჩის დასაწყისში მშენებარე კორპუსიდან ლიფტის ჩამოვარდნის გამო სამი ადამიანი დაშავდა. ლიფტში სულ 6 ადამიანი იმყოფებოდა. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

კომპანია „გრანდ სითის“ წარმომადგენლებს ამ დრომდე არ გაუკეთებიათ განმარტება მომხდართან დაკავშირებით. მშენებარე კორპუსის ტერიტორიაზე ჯერ კიდევ იმყოფებიან მუშები, თუმცა როგორც დაცვის სამსახურის წარმომადგენელმა თქვა, მუშაობა შეჩერდა.

ადგილზე მივიდა ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურიც. სამსახურის უფროსის, ირაკლი მოქიას თქმით, ლიფტების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მონიტორინგს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ახორციელებს.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შესაბამისი სამსახურის ინფორმაციით კი, აღნიშნულ კომპანიას სატვირთო ლიფტის მოწყობაზე სჭირდებოდა ნებართვა. სამინისტროს ინფორმაციით, კომპანიას ნებართვის მისაღებად უწყებისთვის არ მიუმართავს.

„აღნიშნული ობიექტი არ წარმოადგენს ლიფტს, ის არის სამშენებლოდ მოწყობილი პლატფორმა, შესაბამისად, სამინისტროს უწყებრივ რეესტრში დარეგისტრირებული არ არის. ობიექტს არ აქვს წარმოდგენილი ექსპლუატაციის დამადასტურებელი რაიმე სახის სერტიფიკატი სამინისტროს შესაბამის სამსახურში“, – უთხრეს „ბათუმელებს“ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში.

შემთხვევის ადგილზე მივიდა აჭარის პროფკავშირების ხელძღვანელი ლევან გურგენიძეც. მისი თქმით, მშენებარე კორპუსიდან გამოსულმა ერთ-ერთმა პოლიციელმა მას პირად საუბარში უთხრა, რომ ლიფტი მეშვიდე სართულიდან მოდიოდა და დაახლოებით მეოთხე სართულიდან მოწყდა. „მითხრეს, რომ ჯერ პოლიცია მუშაობს ადგილზე და მერე შეგხვდებითო“, – ამბობს გურგენიძე.

ფაქტზე გამოძიება სსკ-ის კოდექსის 240-ე მუხლით უკვე დაიწყო.

ლიფტში, რომელიც დღეს ჩამოვარდა, ოთხი ადამიანი დაშავდა, 3 თურქეთის და 1 საქართველოს მოქლაქე. ლიფტში სულ 6 პირი იმყოფებოდა.

კორპუსს, სადაც დღეს ინციდენტი მოხდა, კომპანია „გრანდ სითი“ აშენებს.

ამავე თემაზე:

კორპუსთან, საიდანაც ლიფტი ჩამოვარდა, საზმაუს ოპერატორს თავში ქვა მოარტყეს

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: