მთავარი,სიახლეები

ძველ ბულვარში კერძო კომპანია ორსართულიან რესტორანს აშენებს

26.07.2019
ძველ ბულვარში კერძო კომპანია ორსართულიან რესტორანს აშენებს

ბათუმის ძველ ბულვარში [ე.წ. ტექნოლოგიურის შენობის უკან] ორსართულიანი რკინის კონსტრუქცია შენდება. ადგილზე მომუშავეთა თქმით, აქ კომპანია „ამბასადორი ბათუმი“ რესტორანს აშენებს. კომპანიის მფლობელები რუსეთის მოქალაქეები: ელგუჯა ქებურია  და ვართან ვართანოვი არიან. კომპანიის დირექტორად ელგუჯა ქებურიაა დაფიქსირებული.

საინფორმაციო დაფის მიხედვით, მშენებლობის ნებართვა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ 2019 წლის 8 თებერვალს არის გაცემული. მშენებლობის დასრულების დროდ კი 2020 წელია მითითებული.

მშენებლობასთან განთავსებული საინფორმაციო დაფა / 26.07.2019

საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით ტერიტორია, სადაც რესტორანი შენდება, ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაა და ის უზუფრუქტითაა გადაცემული სსიპ „ბათუმის ბულვარზე“. ამავე ამონაწერის მიხედვით, ეს ტერიტორია 2020 წლის 27 ოქტომბრამდე იჯარით აქვს აღებული „ამბასადორი ბათუმს“. მეიჯარე „ბათუმის ბულვარია“.

„ბათუმის ბულვარის“ ინფორმაციით: „კომპანია 2020 წლის ნოემბრამდე, წლიურად გადაიხდის საიჯარო ქირას – 3 071 ლარს. მიზნობრიობა კი არის ის, რომ გამოიყენოს კვების ობიექტად – იგივე კაფე-რესტორნად. აქ იყო ძველი კაფეს შენობა. მიწის ნაკვეთი და ის შენობა გადაეცა კომპანიას 2020 წლის ოქტომბრამდე იჯარით“.

აჭარის ძეგლთა დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, ძველი კაფეს ადგილზე კომპანია ახალ შენობას აშენებს, რაზედაც გაცემულია ნებართვა.

„კომპანიას თანხმობა აქვს მესაკუთრისგან – ბათუმის მერიისგანაც. შესაბამისად, ხელშეკრულებითაც არის განსაზღვრული, რომ უძრავი ქონება [მათ შორის ახალი შენობაც] აღირიცხება მუნიციპალიტეტის საკუთრებად. თუ იჯარის ხელშეკრულება არ გაგრძელდება, კომპანია ტერიტორიას და შენობას გამოათავისუფლებს მოძრავი ქონება რაც ექნება იმისგან და შემდეგ მიწას და შენობას განკარგავს ბულვარი – როგორც მუნიციპალური ქონების მოსარგებლე“ – განმარტავენ „ბათუმის ბულვარში“

ბათუმის ბულვარში, ყოფილი პოლიკლინიკის ადგილზე [მშენებარე რესტორნის გვერდით],  „ამბასადორი ბათუმი“ ბალნეოლოგიურ-გამაჯანსაღებელ ცენტრს აშენებს.

ამ თემაზე:

ავიწროვებენ თუ არა ბიზნესს ბულვარში „ამბასადორ ბათუმის“ სასარგებლოდ

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: