განათლება,მთავარი,სიახლეები

55-ათასამდე პირველკლასელს ადაპტირებული „დედაენა“ საჩუქრად დაურიგდება

29.07.2019 • 4175
55-ათასამდე პირველკლასელს ადაპტირებული „დედაენა“ საჩუქრად დაურიგდება

საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ატარებს ფასთა კვლევას 2019-2020 სასწავლო წლისთვის „დედაენის“ I კლასის  სახელმძღვანელოს დაბეჭდვასა და ტრანსპორტირებაზე. სააგენტოს ინფორმაციით, „დედაენა“ ორ ნაწილად [პირველი და მეორე ნაწილი – თითოეული 55 000 ტირაჟით] დაიბეჭდება.

საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ამჯერად დაიბეჭდება ადაპტირებული, განახლებული „დედაენა“, რომელიც დამატებით სახელმძღვანელოს სახით, პირველკლასელებს საჩუქრად დაურიგდებათ.

„2019-2020 სასწავლო წლიდან იაკობ გოგებაშვილის „დედაენა“ სკოლებში ადაპტირებული ვერსიით დაბრუნდება და არსებულ გრიფირებულ სახელმძღვანელოებთან ერთად მნიშვნელოვანი სასწავლო რესურსი გახდება. სახელმძღვანელოს ადაპტირებული ვერსია საქართველოს პარლამენტის ინიცირებითა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის ბრძანებით შექმნილმა ექსპერტთა სპეციალურმა კომისიამ შეიმუშავა და მას ყველა საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლე უფასოდ მიიღებს. იაკობ გოგებაშვილის „დედაენის“ უკანასკნელი გამოცემის ადაპტირება მოხდა ისე, რომ შენარჩუნდა ავტორის ძირითადი მეთოდები, პრინციპები და მასალა, და თანამედროვეობას დაუახლოვდა. არქაული ლექსიკა ნაწილობრივ შეიცვალა, თუმცა ძირითადი ლექსიკა, რაც დღესაც გამოიყენება, სახელმძღვანელოში დარჩა“, – განაცხადა რამდენიმე დღის წინ საქართველოს განათლების სამინისტრომ.

2019-2020 სასწავლო წლისთვის მოთხოვნილი ადაპტირებული „დედაენის“ სახელმძღვანელოს საერთო რაოდენობიდან 95 126 ცალი [პირველი და მეორე ნაწილი] საჯარო სკოლებს, ხოლო 12 148 [ასევე ორთავე ნაწილი] კერძო სკოლებს გადაეცემა.

აქედან, უშუალოდ აჭარის სკოლების პირველკლასელებისთვის 11 158 „დედაენა“ [პირველი და მეორე ნაწილი] დაიბეჭდება [9 558 – საჯარო სკოლებისთვის, ხოლო 1 600 – კერძო სკოლებისთვის].

ამ მონაცემების მიხედვით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ აჭარის საჯარო და კერძო სკოლებში წელს 5 579 პირველკლასელი მივა [მთელი ქვეყნის მასშტაბით კი – 53 637 პირველკლასელი].

სააგენტოს ინფორმაციით, თბილისის საჯარო სკოლებისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის სახელმძღვანელოების მიწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად: სახელმძღვანელოების I ნაწილის დარიგება უნდა დასრულდეს არაუგვიანეს  2019  წლის 14 სექტემბრისა, ხოლო II ნაწილის 2019 წლის 30 ნოემბრისა.

ფასთა კვლევის მიხედვით, ყოველ მისაწოდებელ პარტიაზე წარმოდგენილი უნდა იყოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ექსპერტის დასკვნა. დასკვნის წარმოდგენის ვალდებულება და შესაბამისი ხარჯის გაწევა ეკისრება მიმწოდებელს. საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის მიწოდებული სახელმძღვანელოები უნდა დახარისხდეს სკოლების მიხედვით. სახელმძღვანელოების შესყიდვა განხორციელდება დამრგვალებით, შესაბამისად, ზედმეტი რაოდენობები, რომელიც არ მიდის სკოლებში მოწოდებული უნდა იყოს თბილისში, მითითებულ მისამართზე.

ამასთან, „სახელმძღვანელოს (წიგნი და რვეული) უკანა ყდაზე შავი ფერის ასოებით უნდა იყოს წარწერა  დაფინანსებულია „მოსწავლეების და მასწავლებლების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის პროგრამის“ ფარგლებში. ასევე, სახელმძღვანელოს (წიგნი) უკანა ყდის შიდა მხარეს გამოყოფილად წითელი ასოებით და შედარებით დიდი შრიფტით უნდა ეწეროს – „გაყიდვა აკრძალულია!“ და აღნიშნული წარწერის ქვევით შედარებით პატარა შრიფტით და შავი ასოებით უნდა ეწეროს  – „ამ სახელმძღვანელოს გაყიდვის ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე : (+995 32) 2 200 220“.

საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დაინტერესებულმა პირებმა თავიანთი შეთავაზება დღეს, 2019 წლის 29 ივლისის 18:00 საათამდე უნდა წარუდგინონ. ამის შემდეგ გახდება ცნობილი თუ რა თანხა იქნება საჭირო სახელმძღვანელოების ბეჭდვა-ტრანსპორტირებისთვის.

– – – –

საჯარო სკოლებში გოგებაშვილის ადაპტირებული „დედაენის“ შეტანაზე განათლების სამინისტრომ საუბარი ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწყო. სფეროთი დაინტერესებული ზოგიერთი პირი გოგებაშვილის „დედაენას“ თანამედროვე მოთხოვნებთან შეუსაბამოდ მიიჩნევს, ზოგიერთი კი მისი სკოლებში დაბრუნების მომხრე იყო.

ამ თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/217262/

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: