მთავარი,სიახლეები

„არა ჩაბეტონებას“ – აქტივისტები დღეს ბათუმში კიდევ ერთ აქციას გამართავენ

29.07.2019 • 1189
„არა ჩაბეტონებას“ – აქტივისტები დღეს ბათუმში კიდევ ერთ აქციას გამართავენ

საინიციატივო ჯგუფმა „დაიცავი ძველი ბათუმი“ დღეს, 29 ივლისს, ბათუმში, „რივიერა-ბათუმის“ ტერიტორიაზე დაგეგმილი მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია დააანონსა. აქცია საღამოს, 19:00 საათზე, მემედ აბაშიძის #1-ში, იუნკერების სკვერთან გაიმართება.

„დაიცავი ძველი ბათუმის“ წევრები „რივიერა-ბათუმის“ ტერიტორიაზე ცათამბჯენების მშენებლობას ეწინააღმდეგებიან.

ბათუმში, იახტკლუბისა და ჭაჭის კოშკის მიმდებარედ, კომპანია „რივიერა ბათუმი“ კომპლექსის მშენებლობას გეგმავს, რომელიც 5 მაღალ შენობას მოიცავს. თავდაპირველად ამ ტერიტორიაზე 6 ცათამბჯენის აშენება იგეგმებოდა.

ბათუმის საკრებულომ  16 ივლისს, ხმაურის ფონზე, მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც ბათუმის მერიას დაევალა დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება „რივიერას“ ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის [გრგ] დამტკიცების შესახებ დადგენილების პროექტის  მოსამზადებლად. პროცედურა პროექტის [გრგ-ის] საჯარო განხილვასაც გულისხმობს.

რივიერას ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმა საბოლოოდ ბათუმის საკრებულომ უნდა დაამტკიცოს.

პროექტი „ბათუმი რივიერა“ დაახლოებით ცხრა ჰექტრამდე ტერიტორიას მოიცავს. საჯარო რეესტრის მონაცემებით, აქედან  59 042 კვ/მ ტერიტორია უშუალოდ „სილქ როუდის“ საკუთრებაშია, 923 კვ/მ ნავსაყუდელის ნაგებობა და იქვე არსებული 8 533 კვ/მ მიწის ნაკვეთი 20-წლიანი იჯარით აქვს აღებული კომპანიას, 10 226 კვ/მ ტერიტორია აჭარის საკუთრებაშია, ხოლო 8 631 კვ/მ ბათუმის მუნიციპალიტეტის [ჭაჭის თაუერი] საკუთრებაა.

ბათუმელი აქტივისტები ამ მშენებლობას იმ მოტივით ეწინააღმდეგებიან, რომ კოშკების აშენების შემთხვევაში შეიცვლება ისტორიული ქალაქის იერსახე და გაუარესდება თანამედროვე ქალაქის ვენტილაცია. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს ტერიტორია კომპანია „გეოგრაფიკის“ სპეციალისტებმა ისტორიული ბათუმის საზღვრებში შეიტანეს. ისტორიული ბათუმის საზღვრების რუკა კომპანიამ ბათუმის მერიის დაკვეთით შექმნა. ისტორიული ზონის საზღვრებში კი, არ შეიძლება არსებულ განაშენიანებაზე მეტი სიმაღლის შენობების აშენება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: