მამა შვილს უცხოეთიდან დედის მიერ გამოგზავნილ ფულს სძალავდა – განაჩენი

თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა კაცს, რომელიც შვილს ფულს სძალავდა და სახლის გადაწვა სცადა.

განაჩენის მიხედვით, თბილისში მცხოვრები ლ.ჯ.  მუქარით საკუთარ შვილს ისრაელიდან დედის მიერ გამოგზავნილი ფულის გადაცემას აიძულებდა. მას შემდეგ, რაც შვილმა მამას ფული არ მისცა, ბრალდებულმა სახლის გადაწვა სცადა.

გამოძიება ბრალდებულს ასევე ედავებოდა ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შეძენა-შენახვას – ჩხრეკის დროს პოლიციელებმა ბრალდებულის სახლიდან 0,0039 გრამი „ჰეროინი“ ამოიღეს.

ლ.ჯ.-მ თავი სრულად დამნაშავედ ცნო და უდავოდ მიიჩნია პროკურატურის მეირ ამ საქმეზე შეგროვებული მტკიცებულებები.

One Republic-ი ბლექ სი არენაზე კონცერტს გამართავს

10 ოქტომბერს Black Sea Arena-ზე ამერიკული ჯგუფი One Republic-ი კონცერტს გამართავს. ბილეთების გაყიდვა დაიწყება 6 მარტიდან საიტზე: bsa.ge. ბილეთის ფასი 80- 300 ლარია.

One Republic-ი ამერიკული პოპ-როკბენდია, რომელიც 2002 წელს შეიქმნა, თუმცა პირველ მნიშვნელოვან წარმატებას 5 წლის შემდეგ მიაღწია კომპოზიციით – Apologize.

OneRepublic - Counting Stars

OneRepublic - All The Right Moves (Official Music Video)

One Republic-მა 2020 წელს ახალი ალბომი Human-ი და ტურნე დააანონსა, რომლის ფარგლებშიც Black Sea Arena-ს კონცერტიც მოხვდა. სეზონის დახურვის ღონისძიებაზე One Republic-ი როგორც ძველ ჰიტებს, ასევე ახალ კომპოზიციებს შეასრულებს.

რიჟვაძის თქმით, ჯაბა სურმანიძის ორ თანამდებობაზე დანიშვნით „ხარჯები დაზოგეს“

დასაქმების არსებული მონაცემების მიუხედავად, რატომ დანიშნეს ერთი და იგივე ადამიანი ორი სახელმწიფო შპს-ს დირექტორად? – კითხვა დღეს, 28 თებერვალს, თორნიკე რიჟვაძეს დავუსვით. საუბარია ჯაბა სურმანიძეზე, რომელიც აქამდე შპს „სტადიონს“ ხელმძღვანელობდა, 20 თებერვალს კი, ის შპს „ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორიც გახდა. ამ ორგანიზაციამ ახალი ნაგავსაყრელი უნდა მოაწყოს.

„პროექტები, რომლებსაც ჯაბა სურმანიძე ხელმძღვანელობს, არის დაახლოებით 300 მილიონზე მეტი პორტფელი და ამ რეგიონისთვის უმნიშვნელოვანესია ეს პროექტები. სწორედ ამიტომ მართავს ეს ადამიანი, მათ შორის, ორივე პროექტს და ორივე კომპანიას, რომ არის ძალიან მაღალკვალიფიციური და კეთილსინდისიერი. მას შემდეგ, რაც ეს ადამიანი აღნიშნულ კომპანიაში დასაქმდა, მინდა გითხრათ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ხარჯების ოპტიმიზაცია განხორციელდა, დანაზოგი დიდად აღემატება იმ ხელფასს, რასაც ამ ადამიანს უხდიდნენ…“ – გვიპასუხა თორნიკე რიჟვაძემ.

ჯაბა სურმანიძის ხელფასი ორივე პოზიციაზე ჯამში 9 150 ლარია. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ბრძანებით, ჯაბა სურმანიძის, როგორც „ნარჩენების მართვის კომპანიის“ ხელმძღვანელის ხელფასი 2900 ლარია, ხოლო როგორც შპს „სტადიონის“ დირექტორის ხელფასი – 6250 ლარი.

ჯაბა სურმანიძის ეს ხელფასი მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ხელფასზე მაღალია. თორნიკე რიჟვაძის ხელფასი თვეში 5750 ლარია.

რა იგულისხმება „ხარჯების ოპტიმიზაციაში“? – აჭარის მთავრობის პრესცენტრში განმარტავენ, რომ პროექტების განხორციელებისას, პროექტების მართვისა და მენეჯმენტის პროცესში, მიღებულ იქნა სწორი საპროექტო და სხვა სახის გადაწყვეტები რითაც დაიზოგა საბიუჯეტო სახსრები.“ პრესცენტრში გვითხრეს, რომ ეს დანაზოგია ჯაბა სურმანიძის ხელფასზე მეტი.

 

რა შემთხვევაში მიიღებს 1000-ლარიან სტიპენდიას აჭარაში მცხოვრები სტუდენტი

სამინისტრო 1000-ლარიან ერთჯერად გრანტს აწესებს იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც საბუნებისმეტყველო და ტექნიკურ მეცნიერებებს აირჩევენ უმაღლეს სასწავლებელში, – უთხრეს „ბათუმელებს“ აჭარის განათლების სამინისტროში.

გარდა ზემოთ აღნიშნული პირობისა, სტუდენტი ათასლარიან დახმარებას მიიღებს იმ შემთხვევაში, თუ მისი ბოლო სემესტრის აკადემიური მოსწრების ქულა არის  81 პროცენტი და მეტი. პირობის მიხედვით, ასევე სტუდენტი  უნდა იყოს რეგისტრირებული აჭარის ტერიტორიაზე და სწავლობდეს ავტორიზებულ უმაღლეს სასწავლებელში.

სტუდენტი იმ შემთხვევაში მიიღებს 1000-ლარიან სტიპენდიას, თუ ის სწავლობს:

  •  ბიოლოგიურ და მასთან დაკავშირებულ მეცნიერებებს
  • გარემოს
  • ფიზიკური მეცნიერებებს
  • მათემატიკასა და სტატისტიკას
  •  ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიებს
  • ინჟინერიასა და საინჟინრო საქმეს
  • არქიტექტურასა და მშენებლობას

სტუდენტს, რომელიც ორივე პროგრამის კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, მას უფლება აქვს ორივე პროგრამაში შეიტანოს განაცხადი. თუმცა, უპირატესია სტუდენტთა დახმარების პროგრამა, რადგან ამ პროგრამის ფარგლებში სწავლა მთლიანად ფინანსდება. თუ სტუდენტი ამ პროგრამაში კონკურენციის გამო ვერ მოიპოვებს დაფინანსებას, ამის შემდეგ მას უფლება ეძლევა 1000-ლარიანი ერთჯერადი გრანტის მოპოვება სცადოს.

როგორც სამინისტროს განათლების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი მარინა პაქსაძე ამბობს, სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში სამინისტროს მხოლოდ 20 სტუდენტის დაფინანსება შეუძლია.

„თუ სტუდენტთა დახმარების პროგრამაში სტუდენტს გრანტი აქვს მოპოვებული, სტიპენდიის პროგრამაში მას აღარ განვიხილავთ და სხვებს ვაძლევთ უფლებას, რომ შემოვიდნენ. მაგალითად, ოქროსა და ვერცხლის მედალოსნებს შეუძლიათ შემოვიდნენ 1000-ლარიანი სტიპენდიის პროგრამაში.

არსებობს ისეთი სპეციალობები, რომლებსაც სახელმწიფო ისედაც აფინანსებს, მაგალითად, ბიოლოგები ბათუმის უნივერსიტეტშიც ფინანსდებიან და ჯავახიშვილშიც, თუმცა, სასტიპენდიო პროგრამაში მაინც შეუძლიათ მონაწილეობა“, – ამბობს მარინა პაქსაძე.

სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობისას პრიორიტეტი ენიჭებათ შემდეგი კატეგორიის სტუდენტებს:

სტუდენტებს, რომლებიც არიან ობოლი, მრავალშვილიანი ოჯახიდან, სოციალურად დაუცველი, შშმ  პირები, მარტოხელა მშობლის შვილები, ოქროს ან ვერცხლის მედალოსნები.

სასტიპენდიო პროგრამაზე სტუდენტებს განცხადების შეტანა 2020 წლის 20 მარტის ჩათვლით შეუძლიათ.

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან/ბსუ-ს ლაბორატორია

დოკუმენტების გაყალბებისა და კრედიტის უკანონოდ მიღებაზე აჭარაში 4 პირი პასუხისგებაში მისცეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-ამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და კრედიტის უკანონოდ მიღების ფაქტზე, ბრალდებულის სახით, ოთხი პირი პასუხისგებაში მისცეს.

„გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, აჭარის რეგიონში, სხვა პირებთან ერთად, დაამზადეს ყალბი საშემოსავლო დეკლარაციები და სახელფასო ცნობები ერთ-ერთ კომერციულ დაწესებულებაში თითქოსდა მუშაობის შესახებ, რომლებიც შემდგომში, სხვადასხვა პირებმა, საბანკო დაწესებულებებში კრედიტის მისაღებად გამოიყენეს“ – აცხადებს შემოსავლების სამსახური.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 208-ე და 362-ე მუხლების პირველი ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 5 წლამდე ვადით.

ფოტო: საგამოძიებო სამსახური

 

თორნიკე რიჟვაძე „ბოტების“ მობილიზებაზე: არავის არ აქვს საფუძველი, ინერვიულოს

„ჩვენი მხარდამჭერების მობილიზება არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ვებრძოლოთ დეზინფორმაციას, ვებრძოლოთ ნაცბოტებს და ნაცტროლებს. არავის მივცემთ საშუალებას, ამ ბოტებით და ტროლებით შემოგვიტიოს,“ – აღნიშნა დღეს, 28 თებერვალს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ. მას ტრადიციულად დახურული მთავრობის სხდომის შესვენებაზე ჟურნალისტებმა მხარდამჭერების მობილიზების შესახებ ვკითხეთ. 25 თებერვალს, როცა თორნიკე რიჟვაძე „იმედის“ ერთ-ერთ გადაცემაში მონაწილეობდა, აჭარის მთავრობის პრესცენტრის ერთ-ერთმა თანამშრომელმა „ბოტების“ წინააღმდეგ მობილიზების შესახებ გზავნილი შეცდომით ჟურნალისტების ფეისბუქჩატში ჩააგდო.

„მინდა ვთქვა, რომ ჩემი თანამშრომლების და განსაკუთრებით, პრესსამსახურის თანამშრომლების მიმართ მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. თქვენც კარგად ნახეთ, რომ რა თქმა უნდა, მობილიზება კეთდება იმისთვის, რომ ჩვენ ვებრძოლოთ ნაცმედიას, ნაცბოტებს. ჩვენ არ ვიყენებთ ბოტებს, ეს ერთმნიშვნელოვნად მინდა გითხრათ. არავის არ აქვს საფუძველი, ინერვიულოს,“ – თქვა თორნიკე რიჟვაძემ.

„ბათუმელებმა“ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს შეახსენა, რომ „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული ათობით ყალბი გვერდი გააუქმა „ფეისბუქმა“.

„რას გულისხმობთ, როცა თქვით, რომ ბოტებს არ იყენებთ?“ – ვკითხეთ თორნიკე რიჟვაძეს.

„არც ერთი ოფიციალური გვერდი არ გაუქმებულა, თქვენ შეგიძლიათ ეს ნახოთ. ბოტებს ჩვენ არ ვიყენებთ,“ – გვიპასუხა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ კატეგორიულად გამორიცხა კავშირი „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები რამდენიმე ადამიანის მობილიზებაზე, რომლებმაც „აჭარის ტელევიზიის“ მრჩეველთა საბჭოს 19 თებერვლის სხდომაზე დასასწრებად მოვიდნენ და თქვეს, რომ თორნიკე რიჟვაძისთვის მადლობის თქმა უნდოდათ, რაც ტელევიზიამ არ გააშუქა.

„კატეგორიულად გამოვრიცხავ რაიმე სახის კავშირს ამ ღონისძიებასთან, როგორც ჩემი, ასევე სახელმწიფო უწყებების. რაც შეეხება კონკრეტული ადამიანების სურვილს მადლობის თქმაზე, ეს უკვე ამ ადამიანების გადასაწყვეტია, ასევე თქვენი, რამდენად გააშუქებთ. ამ ნაწილში მინდა გითხრათ, რომ აბსოლუტურად ნეიტრალური ვარ. საჯაროდ მადლობები ნაკლებად გვაინტერესებს,“ – უპასუხა თორნიკე რიჟვაძემ „აჭარის ტელევიზიის“ ჟურნალისტს.

 

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 28 თებერვლის 21 საათიდან  29  თებერვლის 21 საათამდე  აჭარაში  მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით დროგამოშვებით იწვიმებს, მაღალ მთაში მოთოვს და მოსალოდნელია ზვავსაშიშროება.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

კვირას, პირველ მარტს, მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, მთაში – თოვა,ზვავსაშიშროება.

ზღვაზე მოსალოდნელია 4-5-ბალიანი ღელვა. მომდევნო ორ დღეს, 2-3 მარტს, უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 10-15 გრადუსი
  • ღამით: 5-10 გრადუსი

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 5-10 გრადუსი სითბო 
  • ღამით: 0-5 გრადუსი ყინვა

______________

ფოტო: pexels.com

ჭიკაიძემ დიდი ოდენობით ქონება საეჭვო ვითარებაში დააგროვა – TI

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ყოფილი შს მინისტრის, ალექსანდრე ჭიკაიძის საეჭვო გამდიდრებასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ითხოვს.

ორგანიზაცია წერს, რომ შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ 2017 წლის ბოლოს საჯარო სამსახურის დატოვების შემდეგ დიდი ოდენობით უძრავი ქონება საეჭვო გარემოებებში დააგროვა. „იმ პირობებში, როდესაც თანამდებობის დატოვების მომენტისთვის ალექსანდრე ჭიკაიძეს არ ჰქონდა დანაზოგი ან თანხა საბანკო ანგარიშზე და ბანკის სოლიდური ვალი გააჩნდა, მან და მისმა მეუღლემ ორ წელზე ნაკლებ დროში შეძლეს 5 უძრავი ქონების – 224.72 კვ.მ. საცხოვრებელი ფართისა და 216 778 კვ.მ. მიწის – საეჭვოდ დაბალ ფასში შეძენა“, – წერს გამჭვირვალობა საქართველო.

ალექსანდრე ჭიკაიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს 2013 წლის 20 ნოემბრიდან 2015 წლის 23 იანვრამდე ხელმძღვანელობდა; შემდეგ იგი სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილედ დაინიშნა, თუმცა საბჭო 2017 წლის ნოემბერში გაუქმდა;

2018 წლის იანვრიდან ჭიკაიძე  ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის პოზიციას იკავებს.

ყოფილი  თანამდებობის პირის სწრაფი გამდიდრება თავისთავად აღძრავს ეჭვებს ამ პროცესის კანონიერებასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, სხვადასხვა თანამდებობაზე ყოფნის დროს ალექსანდრე ჭიკაიძე არაკეთილსინდისიერად ავსებდა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციებს.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” პერიოდულად იკვლევს ყოფილი და მოქმედი თანამდებობის პირების ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციებს, რათა გამოავლინოს უკანონო გამდიდრებისა და ინტერესთა შეუთავსებლობის სავარაუდო შემთხვევები.

გამდიდრების ქრონოლოგია

2018 წლის იანვარში, საჯარო სამსახურის დატოვების მომენტისთვის ალექსანდრე ჭიკაიძის სახელზე 4 უძრავი ქონება ფიქსირდებოდა, რომელთაგან მან მხოლოდ 2 დაადეკლარირა:

  1. 100.1 კვ.მ.  ბინა თბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე, რომელიც მას მემკვიდრეობით ერგო;
  2. 2013 წლის 29 ნოემბერს 169,000 $-ად შეძენილი 293 კვ.მ. ბინა თბილისში, ყაზბეგისა და მიცკევიჩის ქუჩებს შორის, რისთვისაც მან 140,000 $-ის ოდენობის სესხი აიღო საქართველოს ბანკიდან;
  3. 2016 წლის 6 მაისს დუშეთის მუნიციპალიტეტში მემკვიდრეობით მიღებული 15.000 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი მასზე განლაგებული ორი საცხოვრებელი სახლით. ეს ინფორმაცია მან არც 2017 და არც 2018 წლის დეკლარაციაში არ ასახა.
  4. 2017 წლის 11 სექტემბერს, მცხეთაში, სოფელ მუხრანში 3,500 ლარად შეძენილი 2.300 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო მიწა, რომელიც მან, კანონის მოთხოვნის მიუხედავად, 2018 წლის დეკლარაციაში არ ჩაწერა.

საჯარო სამსახურში თანამდებობის დატოვების შემდეგ, 2018 წლის იანვრიდან 2019 წლის ნოემბრამდე ორ წელზე ნაკლებ დროში ალექსანდრე ჭიკაიძემ და მისმა მეუღლემ შეიძინეს 278,766 ლარის ღირებულების უძრავი ქონება – 224.72 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი და 216.778 კვ.მ. მიწა. კერძოდ:

  • 2018 წლის 25 მაისს მან 59 266 ლარად შეიძინა 139.62 კვ.მ. მშენებარე ბინა და ტერასა ბათუმში, ფიროსმანის ქ. N18-ში.
  • 2018 წლის 17 სექტემბერს 60 000 ლარად შეიძინა 142 865 კვ.მ.  სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) მიწა წინანდალში.
  • იმავე დღეს 30 000 ლარად შეიძინა 72 113 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) მიწა ასევე წინანდალში.
  • 2019 წლის 7 მარტს 40 000 ლარად შეიძინა 1 800 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) მიწა საგურამოში.
  • 2019 წლის 20 ნოემბერს ალექსანდრე ჭიკაიძის მეუღლემ, ნათია ოკრიბელაშვილმა ბაკურიანში 10 000 დოლარად 85 1 კვ.მ. კოტეჯი შეიძინა.

ალექსანდრე ჭიკაიძის მიერ უძრავი ქონებების ნასყიდობის ხელშეკრულებები და სხვა დოკუმენტაცია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

რატომ არის საეჭვო ალექსანდრე ჭიკაიძის მიერ ქონების დაგროვება?

  1. მაღალი თანამდებობის პირის მიერ საჯარო სამსახურიდან წასვლის შემდეგ დიდი რაოდენობით უძრავი ქონების მოკლე დროში დაგროვება თავისთავად საეჭვო გარემოებაა.
  2. მისი ახალი სამსახური – ჭიდაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი – ოფიციალურად არაანაზღაურებადია.
  3. ალექსანდრე ჭიკაიძის მიერ ბოლოს შევსებულ დეკლარაციაში არ ფიქსირდება არც დანაზოგი და არც თანხა საბანკო ანგარიშზე, რომლის გამოყენებითაც მას ამ ხარჯის გაწევა შეეძლო. მეტიც, იმავე დეკლარაციის მიხედვით, მას 2023 წლამდე სოლიდური მოცულობის იპოთეკური სესხი ჰქონდა აღებული.
  4. თანამდებობის დატოვების შემდეგ ახალი საბანკო სესხი მან 2019 წლის 30 სექტემბერს მას მერე აიღო, რაც უკვე ნაყიდი ჰქონდა უძრავი ქონება ბათუმში, წინანდალსა და საგურამოში.
  5. საეჭვოდ დაბალია შეძენილი უძრავი ქონების ფასები. სერიოზულ კითხვებს ბადებს 2019 წლის მარტში საგურამოში შეძენილი უძრავი ქონების ღირებულება. ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, მიწა 40,000 ლარად არის ნაყიდი, თუმცა 9 თვის შემდეგ (12.12.2019) გაფორმებულ იპოთეკის ხელშეკრულებაში იგივე ქონება საქართველოს ბანკის მიერ 110,000 დოლარად არის შეფასებული.
  6. ალექსანდრე ჭიკაიძე აქტიურ სამეწარმეო საქმიანობაში მხოლოდ 2019 წლის ზაფხულიდან (ივლისი) ერთვება, მას შემდეგ, რაც ძირითადი უძრავი ქონება უკვე შეძენილი აქვს. 2019 წლის 3 ივლისს მან უსასყიდლოდ მიიღო შპს “ჯორჯიან ვინგზის” 50%-იანი წილი, ასევე დააფუძნა ორი ახალი კომპანია: 2019 წლის 24 ივლისს შპს “სანლე გრუპ“, რომლის 50%-იან წილსაც ფლობს და 2019 წლის 7 ოქტომბერს შპს “რთველისი” – 25%.მანამდე ის 2018 წლის 2 აპრილიდან 2019 წლის 22 თებერვლამდე ფლობდა შპს “ნიუ ჰელსის” 51% წილს, რომელიც უსასყიდლოდ დათმო. ბიზნესით ის პირველად მინისტრის თანამდებობის დატოვებიდან 15 თვეში, 2016 წელს დაკავდა, როდესაც საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ისკო დასენთან ერთად  “დაცვითი საქმიანობით” დაკავებული შპს “ლეგიონი 2016” დააფუძნა. ალექსანდრე ჭიკაიძემ 2017 წლის დეკლარაციაში არ ჩაწერა, რომ 2016 წლის 26 აპრილიდან 3 ნოემბრამდე ფლობდა ამ კომპანიის 49%-ს, რომელიც მან 100 ლარად გაყიდა.

არაკეთილსინდისიერად შევსებული ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები

ალექსანდრე ჭიკაიძეს 2012 წლიდან მოყოლებული  ქონებრივი მდგომარეობის მხოლოდ 6 დეკლარაცია აქვს წარდგენილი, რომელთაგან 3 დეკლარაცია, კანონის დარღვევით, არასრულადაა შევსებული:

  • ბოლო, 2018 წლის დეკლარაციაში მან არ ჩაწერა, რომ 2017 წლის 12 სექტემბერს, მცხეთაში, სოფელ მუხრანში შეიძინა 2.300 კვ.მ. სასოფლო სამეურნეო მიწა.
  • 2017 წლის დეკლარაციაში მან არ ახსენა, რომ 2016 წლის 26 აპრილიდან 4 ნოემბრამდე ფლობდა შპს “ლეგიონი 2016-ის” 49%-იან წილს. გარდა ამისა, კანონის მოთხოვნის მიუხედავად, მას ეს წილი მართვის უფლებით სხვა პირისთვის გადაცემული არ ჰქონდა (მუხლი 13(6)).
  • 2017 წლის დეკლარაციაში მან ასევე არ ჩაწერა, რომ 2016 წლის 6 მაისს დუშეთის მუნიციპალიტეტში მემკვიდრეობით მიიღო 15.000 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი მასზე განლაგებული ორი საცხოვრებელი სახლით. ეს ინფორმაცია მან არც 2018 წლის დეკლარაციაში ასახა.

„მოვუწოდებთ შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს, დაინტერესდნენ 2018 წლის იანვრიდან 2019 წლის ნოემბრამდე ალექსანდრე ჭიკაიძისა და მისი მეუღლის მიერ შეძენილ ქონებაში გადახდილი თანხის წარმომავლობით და დაადგინონ, ხომ არ იქნა დარღვეული კანონი“-წერს არასამთავრობო ორგანიზაცია.

როგორ მოვიქცეთ სკოლაში კორონავირუსის გამოვლენის შემთხვევაში – ახალი რეკომენდაციები

განათლების სამინისტრო სკოლებს კორონავირუსის გამოვლენის შემთხვევაში დამატებით მითითებებს აძლევს.

  • მაქსიმალურად დაიცვან სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები;
  • დაწესებულებებმა პერიოდულად განახორციელონ შენობების დეზინფექცია;
  • დაავადების სიმპტომების დაწესებულების ტერიტორიაზე გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მოხდეს პირის იზოლაცია, განხორციელდეს შეტყობინება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ცხელ ხაზზე, ასევე, ეცნობოს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს;
  • დაავადების სიმპტომების დაწესებულების ტერიტორიის გარეთ გამოვლენის/აღმოჩენის შემთხვევაში, პირი ვალდებულია დაუყოვნებლივ განახორციელოს თვითიზოლაცია, აღნიშნულის თაობაზე შეატყობინოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელ ხაზს, ასევე, დაწესებულების ადმინისტრაციას და დაელოდოს შესაბამის ინსტრუქციებს;
  • დაავადებათა კონტროლის ცენტრის მხრიდან ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, სკოლის ადმინისტრაცია, რესურსცენტრთან შეთანხმებით, დაწესებულების ტერიტორიაზე აცხადებს კარანტინს და ახორციელებს დაავადებულთან უშუალო კონტაქტში მყოფი პირებისა და დაწესებულების თანამშრომელთა იდენტიფიცირებას/იზოლაციას გაცემული ინსტრუქციის შესაბამისად.

სამინისტრომ გუშინ, 27 თებერვალს, სკოლებს სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვასთან დაკავშირებითაც დაუგზავნა აუცილებელი რეკომენდაციები.

სამინისტრო სკოლის ადმინისტრაციას ავალდებულებს, საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს მოსწავლის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის ინფორმირება, ხოლო რესურსცენტრს, პროფესიულ და უმაღლეს სასწავლებლებს საჭიროების გამოვლენას, განსაზღვრასა და აღნიშნულის თაობაზე სამინისტროს დაუყოვნებლივ ინფორმირებას.

ამავე თემაზე:

სავალდებულო რეკომენდაციები სკოლებს კორონავირუსისგან დასაცავად

ქობულეთში კაცის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1983 წელს დაბადებული ა.ც. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 7-დან 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 27 თებერვალს ქობულეთში შელაპარაკებისას 1989 წელს დაბადებული გ.ჯ. სანადირო თოფიდან გასროლით გულმკერდის არეში დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – თოფი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. დაკავებული დანაშაულს აღიარებს.“ – აცხადებს შსს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

ამ თემაზე:

ქობულეთში დაჭრილი კაცი კლინიკაში გარდაიცვალა

 

ბათუმში 15 საჯარო სკოლა შეამოწმეს – კორონავირუსის პრევენცია 

ბათუმის რესურსცენტრის წარმომადგენლებმა დღეს, 27 თებერვალს, ბათუმში 15 საჯარო სკოლაში სანიტარულ-ჰიგიენური პირობები შეამოწმეს. როგორც მონიტორინგის ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, მიხეილ რიჟვაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, ამ ეტაპზე საჯარო სკოლებში კორონავირუსისგან თავის დასაცავად პრევენციული ზომები მიღებულია.

„ჩვენ ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ გავაფრთხილეთ სკოლები, რომ მიეღოთ პრევენციული ზომები კორონავირუსის წინააღმდეგ და შეეძინათ საჭირო სანიტარულ-ჰიგიენური ხსნარები.

მცირებიუჯეტიან სკოლებს თუკი შეექმნებათ რაიმე პრობლემა, შეუძლიათ დაუყოვნებლივ მოგვაწოდონ ინფორმაცია, რომ ჩვენც შემდგომი ღონისძიებები დავგეგმოთ“, – ამბობს მიხეილ რიჟვაძე, ბათუმის რესურსცენტრის იურისტი.

მისი თქმით, 15 საჯარო სკოლაში მონიტორინგის ჯგუფმა გადაამოწმა როგორც საკლასო ოთახები, ასევე სველი წერტილები და ბუფეტი.

„ჩვენ ვუთხარით სკოლების ადმინისტრაციას, რომ როგორც კი სასწავლო პროცესი დასრულდება, მაშინვე დაიწყონ კლასების სპეციალური ხსნარებით დამუშავება. უნდა დამუშავდეს მერხი, დაფა, კარადა, სკამები და ყველაფერი. ასევე დღის განმავლობაში რამდენჯერმე უნდა განიავდეს საკლასო ოთახები“.

მიხეილ რიჟვაძის თქმით, სკოლები გაფრთხილებულნი არიან, რომ მოსწავლეებმა დღის განმავლობაში რაც შეიძლება ხშირად დაიბანონ ხელები. „დაბალ საფეხურზე ბავშვებს თან ჰქონდეთ სველი ხელსახოცები.

რაც შეეხება იმ სკოლებს, სადაც ორი ცვლაა, სანამ მეორე ცვლა შევა სკოლაში, მანამდე უნდა დამუშავდეს ხელმეორედ საკლასო ოთახები და ინვენტარი. ასე, რომ სკოლები ამ ეტაპზე პრევენციისთვის  მზად არიან“, – ამბობს რიჟვაძე.

რესურსცენტრი ხვალ დილიდანვე ისევ შეამოწმებს სკოლებს.

კორონავირუსი საქართველოში ჯერჯერობით მხოლოდ ერთ მოქალაქეს დაუდგინდა.

ამავე თემაზე:

სავალდებულო რეკომენდაციები სკოლებს კორონავირუსისგან დასაცავად

ტექდათვალიერების ფასს – 60/100 ლარი, საკონსტიტუციოში ასაჩივრებენ

ავტომანქანების ტექნიკური ინსპექტირების საფასურის განსაზღვრის ცენტრს ერთ-ერთი კომპანია საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს. შპს „ეპიცენტრი“ მთავრობის იმ დადგენილებას ასაჩივრებს, რომლის მიხედვითაც სავალდებულო ინსპექტირების საფასური განსაზღვრულია და იგი 60 ლარია, მძიმეწონიანი ავტომანქანების შემთხვევაში – 100 ლარს.

სარჩელის არსებით განხილვას ხვალ, 28 თებერვალს დაიწყებს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.

მოსარჩელე თვლის, რომ მთავრობა ამ მიდგომით დაუსაბუთებლად ზღუდავს საკუთრების უფლებას და მომსახურების საფასურის დადგენა უნდა შეეძლოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირების ცენტრს ინვესტიციის, ხარჯების, მოგებისა და შემოსავლების გათვალისწინებით.

„ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირება არ არის არც ლიცენზირებადი/სანებართვო საქმიანობა და არც ეკონომიკის რეგულირებადი სფერო. ამასთან, არ არსებობს ლეგიტიმური მიზანი, თუ რატომ უნდა ჩაერიოს სახელმწიფო „სატარიფო რეგულირებით“ ამ ბიზნესში, მით უმეტეს, რომ 2018 წლამდე ეს ჩარევა არ არსებობდა, მომსახურების (დაუსაბუთებელ) საფასურს არ აწესებდა მთავრობა და ეს საფასური ხშირ შემთხვევაში 60 ლარზე, ან 100 ლარზე ნაკლებიც იყო,“ – აღნიშნულია სარჩელში.

მოსარჩელე ასაჩივრებს იმასაც, რომ კომპანიები, სადაც ტექნიკური ინსპექტირების გავლაა შესაძლებელი, სხვადასხვა თანხას უხდიან სახელმწიფოს აკრედიტაციისთვის: თელავში – 1000 ლარი, დედოფლისწყაროში – 500 ლარი, რუსთავსა და ბათუმში – 2500.

„მთავრობამ ეს რეგულაცია შემოიღო 2018 წლის მარტის თვეში, მანამდე კი ასეთი დიფერენცირებული (კოეფიციენტებზე დამოკიდებული) საფასური არ არსებობდა, ყველა კომპანიისათვის დაწესებული იყო მომსახურების ერთნაირი საფასური. გასათვალისწინებელია, რომ სახელმწიფო/აკრედიტაციის ცენტრი ყველა კომპანიას ერთნაირ მომსახურებას უწევს, შესაბამისად დამატებითი ხარჯებიც არ აქვს (მაგ.: განაცხადის საფასურის მიღება). მთავრობამ ყოველგვარი დასაბუთებისა და გამჭვირვალე/გადამოწმებადი პროცედურების გარეშე დაადგინა საფასური, რაც წარმოადგენს საკუთრების უფლებაში არალეგიტიმურ, დაუსაბუთებელ შეჭრას,“ – ვკითხულობთ სარჩელში.

„ორივეჯერ კაფეში ესროლა“ – ხულოში მომხდარი მკვლელობა, სადაც 2 პოლიციელიც დაჭრეს

„საღამოს ექვსი საათი იქნებოდა, ჩაძინებული ვიყავი და რემზიმ გამაღვიძა, წამოდი სოფლის ცენტრში, ახალი „პივები“ ექნებათ მოტანილი და დავლიოთო, წავედით…“ – ხულოში, სოფელ ხიხაძირში მომხდარ მკვლელობას ასე იხსენებს მოწმე ზაურ ა. ის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ რემზი ბ.-თან ერთად შემთხვევის ადგილზე იყო.

ეს ამბავი გასული წლის 25 ივნისს მოხდა. პროკურატურის ვერსიით, რემზი ბ.-მ სოფლის ცენტრში კაცი მოკლა და მიიმალა. იმავე დღეს მან პოლიციელებს გაუხსნა ცეცხლი. დაპირისპირების დროს ორი პოლიციელი დაჭრეს. დღეს, 27 თებერვალს, ამ საქმეზე მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ მოწმეების ჩვენებების მოსმენა დაასრულა. ბრალდებული და არც მისი ახლობლები სასამართლო პროცესებს აღარ ესწრებიან. პატიმარმა ციხიდან მოსამართლეს აცნობა, რომ პროცესზე დასწრება არ სურს.

“ის გაძევებული იყო სასამართლო სხდომის დარბაზიდან, რადგან ერთ-ერთ მოწმეს შეურაცხყოფა მიაყენა… შემდეგ სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე დავუშვით ისევ, მაგრამ არ გამოცხადდა,” – აღნიშნა მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ.

მთავარმა მოწმემ, ანუ თვითმხილველმა ზაურ ა.-მ ქვეყნის დატოვება შემთხვევიდან რამდენიმე დღეში მოინდომა, ამიტომაც, მან მაგისტრ მოსამართლეს მისცა ჩვენება მხარეების მონაწილეობით მანამდე, ვიდრე საქმის არსებითი განხილვა დაიწყებოდა. საქმის განმხილველმა მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ დღევანდელ სხდომაზე ამ მოწმის ჩვენების ჩანაწერი მოისმინა.

მოწმე ზაურ ა. ბრალდებულთან ახლობლობდა. მისი ჩვენების მიხედვით, კაფეში, სადაც ის ბრალდებულთან ერთად ლუდს სვამდა, ორი კაცი შემოვიდა, რომელთაგან ერთი რემზიმ იცნო.

„…რემზიმ უთხრა, გადმოდით ჩვენს მაგიდასთან, ერთად მივირთვათ ლუდიო. ისინიც გადმოვიდნენ…. მერე ატყდა ჩხუბი, რაღაც ტყის მასალის ამბავზე, ზუსტად არ ვიცი… რემზი ეუბნებოდა, შენ ჩემთვის ხელი გაქვს დარტყმული, მიცანიო? ის ამბობდა, ნასვამი ვიყავი და ამიტომ დაგარტყი ხელიო… კაფეში ჩვენს გარდა კიდევ ოფიციანტი იყო,“ – დაახლოებით ამ სიტყვებით აღწერს მოწმე სიტუაციას, რაც სოფელ ხიხაძირის კაფეში გასროლამდე ხდებოდა.

მოწმის თქმით, გასროლამდე რემზი და რაული [პირი, რომელიც მოკლეს] გარეთ გავიდნენ, უკან დაბრუნების შემდეგ კი, რემზის რაულის მიმართულებით პისტოლეტიდან ორჯერ გაუსროლია.

„…დამიზნებით ესროლა, ასე გამოდის. პირველად რომ ესროლა, ხმა ვერ ამოვიღე, ყურებში თითები გავირჭე და არ ვიცოდი, რა მექნა. მეორეჯერ როცა გაისროლა, იმის ყვირილი შემომესმა, ვაიმე, დავიჭერიო და გარეთ გავარდა… მერე მივედით რემზისთან და იარაღის წართმევას ვცდილობდით, სამი ადამიანი ვართმევდით იარაღს,“ – თქვა მოწმემ.

„სამი ადამიანი რატომ დასჭირდა იარაღის წართმევას?“ – იკითხა პროკურორმა

„რა ვიცი, ვერ ავართვით, ისე იდგა“, – თქვა მოწმემ და აღწერა, ავტომანქანით როცა წავიდნენ, როგორ მოუხდა პისტოლეტის რემზისთვის დაბრუნება.

„მითხრა, ხიდიდან გადაგაგდებ იცოდეო… ჩემი საქმე მე ვიცი, შენ რა შუაში ხარო,“ – დასძინა მოწმემ.

ამ მოწმეს, ანუ ახლობლის ჩვენებას ბრალდებული არ დაეთანხმა. „იქ იყო ჭიდაობა, ჩხუბი, რაული მანქანისკენ მიმათრევდა ძალით… შეშინებულია ეს კაცი და არ ამბობს სიმართლეს,“ – უთქვამს ბრალდებულს.

დღევანდელ პროცესზე მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ ექსპერტების ჩვენებები მოისმინა. მაგალითად, ბალისტიკური ექსპერტიზის ავტორმა, ნათელა მზეურმა მოსამართლეს უთხრა, რომ ტყვიები და მასრები, რაც მას პოლიციელებმა წარუდგინეს, ერთი და იგივე იარაღიდანაა გასროლილი.

“…გასროლის დროს ტყვია იარაღის ლულის მიკრორელიეფს ასახავს,” – აღნიშნა ექსპერტმა ნათელა მზეურმა.

სასამართლოს ჩვენება მისცეს სამხარაულის ბიუროს იმ ექსპერტებმაც, რომლებმაც გვამის ექსპერტიზა ჩაატარეს, ასევე ბრალდებულის ფსიქიკური ჯანმრთელობა შეამოწმეს.

“…ჩვენ განვახორციელეთ მასზე დაკვირვება 12 აგვისტოდან 30 აგვისტოს ჩათვლით. მას რაიმე სახის ფსიქიკური პრობლემა არ აქვს,” – უთხრა მოსამართლეს ექსპერტმა დავით მაღრაძემ. მან აღნიშნა ისიც, რომ დანაშაულის ჩადენის დროისთვის ბრალდებული აფექტის მდგომარეობაში არ იყო.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში, რემზი ბ.-ს 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ელის. მას გამოძიება განზრახ მკვლელობის გარდა იარაღის უკანონო შენახვას და ტარებას, ასევე პოლიციელებზე თავდასხმას ედავება.

რამდენად არის მზად ბათუმის ინფექციური და როდის მივმართოთ მას – კორონას პრევენცია

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გუშინ, 27 თებერვალს, დაფიქსირდა. პაციენტი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში, სპეციალურ ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული. თბილისის გარდა ინფექციური საავადმყოფოები ბოქსირებული განყოფილებებით ბათუმში, ქუთაისსა და ზუგდიდშიც არის. ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში 2 ბოქსირებული და 1 ნახევრადბოქსირებული განყოფილებაა. თითოეულ ასეთ განყოფილებაში თავსდება ერთი პაციენტი.

ინფექციური ცენტრის კლინიკური მენეჯერი, ექიმი ინფექციონისტი დავით მურვანიძე განმარტავს, რომ “ეს არის განყოფილება სრულად იზოლირებული შესასვლელით, იზოლირებული სველი წერტილით და არის უარყოფითი წნევის ქვეშ”.

  • ბატონო დავით, როდის უნდა მომართოს ადამიანმა თქვენს ინფექციურ საავადმყოფოს?

მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ოჯახის ექიმს რაიმე გამოვლინება აქვს, ოჯახის ექიმი ვერ მართავს ამ გამოვლინებას და გადმოაგზავნის ჩვენთან, ან როცა სასწრაფო დახმარების ექიმი გადაწყვეტს, რომ პაციენტი საავადმყოფოშია გადასაყვანი.

ცხადია, უფლება აქვთ პირდაპირ მოვიდნენ ინფექციურ საავადმყოფოში, მაგრამ რომ არ გადაიტვირთოს და არ მოხდეს ისე, რომ ნამდვილად ვისაც სჭირდება, იმათ ვერ გავუწიოთ დროული დახმარება, სჯობს, პირველ რიგში, მიმართონ ოჯახის ექიმს.

მინდა განვმარტო, ეს [კორონავირუსი] არ არის განსაკუთრებული ინფექცია. ეს არის ისეთივე ვირუსული ინფექცია, როგორიც იყო წინა წლებში და მიმდინარეობს გაცილებით ნაკლები ლეტალობით, ვიდრე, მაგალითად, ფრინველის გრიპი, “ღორის” გრიპი, ებოლა და სხვა. რა თქმა უნდა, ყოველი ლეტალური შემთხვევა ძალიან ცუდია იმ ადამიანებისთვის, იმ ოჯახებისთვის, ვინც ამ პროცენტში მოხვდა. უბრალოდ რომ შევადაროთ – თუ იქ ლეტალობა იყო 15-16%, აქ ეს მაჩვენებელი 2,3%-ია. პანიკა უფრო ცუდ შედეგებს მოიტანს, ვიდრე ის, რომ სწორად წარვმართოთ პროცესები.

ახლა მოვდივარ თათბირიდან, გათვლილია ყველა რგოლის ყველა მოქმედება, ყველა წამი – რომელმა სამსახურმა, როგორ უნდა იმუშაოს. პანიკის საფუძველი არ არის.

  • როგორ არის აღჭურვილი ბათუმის ინფექციური საავადმყოფო?

არავითარი ზედმეტი აღჭურვილობა არ სჭირდება მედპერსონალს. ნუ უყურებთ იმას, რომ აჩვენებენ კომბინიზონში ჩაცმულ მედპერსონალს. მედპერსონალს სჭირდება სახის დამცველი ფარი, სახეზე სჭირდება პირბადე და ხელთათმანები ხელზე. ეს ყველა ექიმს აქვს. თუკი მედპერსონალი არ ატარებს რაიმე მანიპულაციას პაციენტთან და არ ხდება ზონდირება, ბრონქოსკოპია ან სხვა მანიპულაცია, მას არ სჭირდება არავითარი ზედმეტი ეკიპირება.

თუკი სადმე პირბადეების მარაგი ამოიწურა, ამაზე ზრუნავს მთავრობა და, სავარაუდოდ, დღის ბოლოს შეივსება ყველა მარაგი.

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში 2 ბოქსირებული და 1 ნახევრადბოქსირებული პალატაა. აქ მოთავსდება მხოლოდ ის პაციენტი, რომელიც არის საეჭვო ან გვაქვს დადასტურება ამ დაავადებაზე და არა უბრალოდ მოსული პაციენტი, რომელსაც აქვს მაღალი ტემპერატურა. პირველ რიგში აქ მოიაზრება რისკ ჯგუფებში მყოფი ადამიანები, ანუ ადამიანები, რომლებიც უახლოეს წარსულში იყვნენ ირანში, იტალიაში, ჩინეთსა და სამხრეთ კორეაში. თუკი მათ რაიმე გამოვლინება აქვთ, ბოქსები განკუთვნილია სწორედ ასეთი შემთხვევებისთვის.

პირველ რიგში ბოქსირებული განყოფილებები განკუთვნილია შესაძლო შემთხვევების ან დადასტურების, ან იმისთვის, რომ მოეხსნას ეს დიაგნოზი. ჯერჯერობით, ყველანაირად მზად ვართ.

  • რამდენად საკმარისია ბოქსირებული განყოფილებების ეს რაოდენობა?

თუ შემთხვევების რაოდენობა იმატებს, მაშინ ინფექციური საავადმყოფო მთლიანად ბოქსირებულ განყოფილებად გადაიქცევა და მოვემსახურებით ერთდროულად 30-32 პაციენტს.

  • კორონავირუსზე პაციენტის კვლევები და შესაბამისი მომსახურება ფასიანია?

ჯერჯერობით ფასიანია. რამდენადაც ვიცი, ამჟამად არავითარი შესაბამისი განკარგულება არ გვაქვს. ეს ჩვენთვისაც მტკივნეული საკითხია, მაგრამ ამბულატორიულ მომსახურებას (ექიმის, ექთნის მომსახურება, ანალიზები) და სტაციონარულ მკურნალობას აქვს სახელმწიფოს მიერ დამტკიცებული პრეისკურანტი.

ფასი არაფერზე შეცვლილა, რაც აქამდე იყო ვირუსული ინფექციის თუ სხვა შემთხვევაში საჭირო პროცედურებზე – არის იგივე. თუ სახელმწიფო გასცემს ბრძანებას, რომ მოვემსახუროთ უფასოდ, არც მაგის პრობლემა გვაქვს, ჩვენ მზად ვართ ვიმსახუროთ ისე, როგორც ჩვენს ქვეყანას სჭირდება. თუ კიდევ დადასტურდება, რომ არის კორონავირუსი, ვფიქრობ სახელმწიფო თავის თავზე აიღებს ხარჯს და მკურნალობა უფასო იქნება.

კორონავირუსის შესამოწმებლად ანალიზის გადაგზავნა ლუგარის ლაბორატორიაში უფასოა, მაგრამ ეს კეთდება მხოლოდ მაშინ, როცა შემთხვევა დაფიქსირებულია როგორც შესაძლო ან დასადასტურებელი.

_____

კორონავირუსი ვრცელდება დაავადებული პირისგან ვირუსის წვეთოვანი გზით გავრცელებით. შესაბამისად, მნიშვნელოვანია პირადი ჰიგიენის დაცვა, ხელების ხშირი დაბანა და სადეზინფექციო ხსნარით დამუშავება, ასევე, ოთახების სველი წესით დამუშავება და ხშირი განიავება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ჯანდაცვის სისტემა მზად არის კორონავირუსის შემთხვევების მართვისა და პრევენციისთვის.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 27 თებერვალს დაფიქსირდა. ვირუსი ლაბორატორიულად დაუდასტურდა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც ირანიდან აზერბაიჯანის გავლით ჩამოვიდა.

ბათუმში რამდენიმე ქუჩას ხვალ წყლის მიწოდება 9 საათით შეუწყდება

ბათუმის მერიის შპს „ბათუმის წყლის“ განცხადებით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, პარასკევს, 28 თებერვალს, საღამოს 11:00 საათიდან 29 თებერვლის დილის 8:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:

გუდიაშვილის ქუჩას; მალაზონიას ქუჩას; გორდეზიანის ქუჩას; კაჭარავას ქუჩას; გენერალ ასლან აბაშიძის I შესახვევს; გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩას – აბუსერიძის ქუჩიდან ბაგრატიონის ქუჩამდე; ბაგრატიონის ქუჩას – ჯავახიშვილის ქუჩიდან აღმაშენებლის ქუჩამდე.

„წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა სარემონტო სამუშაოების გამო, წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით. გთხოვთ, წყლის მიწოდების აღდენის შემდეგ, ონკანი გააღეთ და წყალი ადინეთ რამდენიმე წუთით, შესაძლო ამღვრეული წყლის გამოშვების მიზნით“ – აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

 

თურქეთი თავის მოქალაქეებს საქართველოსთან გამკაცრებულ წესებზე აფრთხილებს

თურქეთის საელჩომ საქართველოში, თავის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა განცხადება, რომლის მიხედვითაც ის ქართული მხარის მოთხოვნების შესახებ აფრთხილებს თურქეთის მოქალაქეებს.

კორონავირუსის საფრთხესთან დაკავშირებული ღონისძიებების გათვალისწინებით, თურქეთის მოქალაქეები, ტრაილერების მძღოლები პირადობის მოწმობით ვეღარ შემოვლენ და აუცილებელია თან იქონიონ პასპორტი.

თურქეთის საელჩო კორონავიუსთან დაკავშირებული პრევენციული ღონისძიებებიდან გამომდინარე დროებით აკრძალვებეზეც აფრთხილებს:

ამ დროისთვის საქართველოში შესვლა არ არის ნებადართული იმ პირებისთვის, რომლებმაც ბოლო 21 დღის განმავლობაში იმოგზაურეს ჩინეთში, ირანში, სამხრეთ კორეასა და იტალიაში და მათ პასპორტში დაფიქსირებულია ამ ქვეყნების ვიზა.

საელჩო არ გამორიცხავს, რომ მოთხოვნები შეიცვალოს.

ბათუმში, ხვალ, დღის მეორე ნახევრიდან დროგამოშვებით იწვიმებს

აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 27 თებერვლის 21 საათიდან 28 თებერვლის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა. ღამით უნალექოდ, დღის მეორე ნახევრიდან დროგამოშვებით წვიმა, მაღალ მთაში თოვა, ზვავსაშიშროება; ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში;

ჰაერის ტემპერატურა:

  • სანაპირო რაიონებში: ღამით 5-10, დღისით 10-15 გრადუსი სითბო;
  • მთაში ღამით 0-5 გრადუსი ყინვა, დღისით 5-10 გრადუსი სითბო;
  • მაღალ მთაში ღამით 5-10, დღისით 0-5 გრადუსი ყინვა.

ზღვის პროგნოზი:

  • სამხრეთ-დასავლეთის ქარი 6-11მ/წმ-ში, ღამით უნალექოდ, დღის მეორე ნახევრიდან დროგამოშვებით წვიმა, ხილვადობა კარგი, ტალღის სიმაღლე 7-12დმ(2-3ბალი),
  • ზღვის წყლის ტემპერატურა +9 გრადუსი.

ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის პროგნოზით, 29 თებერვალს, ბათუმსა და აჭარის მთიანეთში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, პირველ მარტს კი დროგამოშვებით
წვიმა, მთაში თოვა.

შსს საზღვარზე ქცევის წესებს აქვეყნებს – კორონავირუსის პრევენცია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სასაზღვრო გამტარ პუნქტებში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მაღალი რისკის ზონებად განსაზღვრული ქვეყნებიდან შემოსულ მგზავრებს ამოწმებს. საქართველოში მათი განთავსების შესახებ ინფორმაციის რეგისტრაციას კი, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრების მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველო უზრუნველყოფ.

სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის მაღალი რისკის ქვეყნებად განსაზღვრულია 4 სახელმწიფო: ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ირანი და იტალია. ასევე, რისკ ჯგუფად განისაზღვრა ყველა იმ მესამე ქვეყნის მოქალაქე და საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რისკის ზონად ნომინირებულ სახელმწიფოებში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს  განმარტებით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრების მართვისა და კოორდინირების მთავარ სამმართველოს თანამშრომლები 24-საათიან რეჟიმში ამოწმებენ ამ ქვეყნებიდან შემოსულ მგზავრებს, ასევე იმ მოქალაქეებს, რომლებიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ  ჩამოთვლილ ქვეყნებში.

მგზავრთა ინტენსიური შემოწმება მიმდინარეობს სასაზღვრო სახმელეთო გამტარ პუნქტებში: „წითელი ხიდი“, „სადახლო“, „სარფი“ და „დარიალი“, ასევე, საჰაერო სასაზღვრო გამტარ პუნქტებში – საქართველოს სამივე აეროპორტში: თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. გარდა ამისა, აღნიშნულ გამტარ პუნქტებში მუდმივად მორიგეობს სამედიცინო პერსონალი.

ჩამოთვლილ სასაზღვრო გამტარ პუნქტებში მესაზღვრეები ქვეყანაში შემომსვლელი მგზავრების პირველად რისკებს აფასებენ, ე.წ. მოგზაურობის ისტორიიდან გამომდინარე და საჭიროების შემთხვევაში, მას ადგილზე მყოფ მორიგე ექიმთან გადაამისამართებენ.

რაც შეეხება სხვა სასაზღვრო გამტარ პუნქტებს, მესაზღვრე რისკის დაფიქსირების შემთხვევაში იძახებს სამედიცინო ბრიგადას, რომელიც ამოწმებს მგზავრს, ტარდება შესაბამისი პროცედურები.

საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტებში, ყოველდღიურად 25-30 ათასი მოქალაქე შემოდის. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში შემომსვლელი მგზავრი, ბოლო ორი კვირის განმავლობაში არ იმყოფებოდა ოფიციალურად განსაზღვრულ რისკ ჯგუფის ქვეყანაში, მას სავალდებულო სამედიცინო შემოწმება არ უტარდება.

მთავარი ფოტო: 27.02.2020. სარფის საბაჟო

ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო თბილისში პირბადეებს ითხოვს

თბილისის ბავშვთა ინფექციურ-კლინიკური საავადმყოფო აცხადებს, რომ პირბადეების არსებული სრული მარაგი ამოეწურა და ორშრიანი ნიღბების დაჩქარებული წესით შესყიდვაზე ნებართვას ითხოვს. კლინიკამ შესყიდვების სააგენტოს სპეციალური წერილით მიმართა. საავადმყოფოს ინფორმაციით, დაჩქარებული წესით 2000 ცალი ორშრიანი ნიღაბი სჭირდება. საავადმყოფო განმარტავს, რომ ეს რაოდენობა მინიმალურია და საკმარისი იქნება სამი კვირის განმავლობაში.

კლინიკამ პირდაპირი წესით შესყიდვის უფლება 18 თებერვალს, ანუ მანამდე მოითხოვა, ვიდრე საქართველოში კორონავირუსი დაფიქსირდებოდა. კლინიკის ინფორმაციით, ნიღბების მიწოდებაზე ხელშეკრულება ჰქონდათ გაფორმებული შპს „გოლდიმედთან“ ტენდერის ფარგლებში, თუმცა კომპანიამ მიწოდება ვერ შეძლო ფორსმაჟორული სიტუაციის გამო.

საავადმყოფომ განმარტა, რომ საქმე ეხება ინფექციური პაციენტების მკურნალობის პროცესს. შესაბამისად, საფრთხე ექმნება როგორც პაციენტების ჯანმრთელობას, ასევე კლინიკის თანამშრომლებს. საავადმყოფო ნიღბების შესყიდვას შპს „გეფასგან“ გეგმავს.

არსებული ინფორმაციით, ბევრ კლინიკას ჰქონდა დადებული ხელშეკრულება მომწოდებელთან, რომლებსაც პირბადეები ნიღბები ჩინეთიდან შემოჰქონდა. ახლა კი, შექმნილი ვითარების გამო ვერ ახერხებენ ალტერნატიული გზების მოძებნას და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.

შექმნილ დეფიციტზე გუშინ, 26 თებერვალს, ჯანდაცვის მინისტრსაც ჰკითხეს, რაზეც მან უპასუხა, რომ სამინისტრო კლინიკებს ამ მიმართულებით დაეხმარება – დაელაპარაკება მომწოდებლებს.

რა ვითარებაა ამ მხრივ აჭარის კლინიკებში? – კითხვაზე პასუხს ჯანდაცვის სამინისტროდან ველით და მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

ქობულეთში დაჭრილი კაცი კლინიკაში გარდაიცვალა

დღეს, 27 თებერვალს, ქობულეთში ერთი ადამიანი დაჭრეს, რომელიც ქობულეთის კლინიკაში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟის მისვლამდე გადაიყვანეს.

როგორც კლინიკაში „ბათუმელებს“ ეუბნებიან, დაჭრილი კაცი გარდაიცვალა.

შსს ინფორმაციით, გამოძიება დაჭრის ფაქტზე დაიწყო სსკ-ის 19-108 მუხლით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. ბრალდებული ჯერ დაკავებული არ არის.

სავალდებულო რეკომენდაციები სკოლებს კორონავირუსისგან დასაცავად

განათლების სამინისტრო სკოლებს კორონავირუსისგან დასაცავად, პრევენციის მიზნით, შემდეგი სახის რეკომენდაციებს სთავაზობს:

  • სკოლა ყოველდღიურად დალაგდეს სველი წესით;
  • საკლასო ოთახების, სხვა სასწავლო და დამხმარე ოთახების დალაგება გაკვეთილების დამთავრების შემდეგ მოხდეს გაღებული ფანჯრებისა და ფრამუგების მდგომარეობაში;
  • ორი ცვლის შემთხვევაში, დალაგდეს 2-ჯერ;
  • ჩატარდეს შენობის გენერალური დასუფთავება როგორც სარეცხი, ასევე სადეზინფექციო საშუალებებით;
  • ტუალეტები, ბუფეტი, სასადილო და სამედიცინო კაბინეტი დასუფთავდეს სადეზინფექციო საშუალებებით;
  • სანიტარულ-ტექნიკური აღჭურვილობის დასუფთავება მოხდეს ყოველდღიურად. უნიტაზის დასაჯდომი ჩასარეცხი ავზის სახელურები და კარების სახელურები გაირიცხოს ცხელი წყლითა და სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით;
  • სასადილოს დასუფთავება მოხდეს ყოველი საუზმე, სადილისა და სამხარის შემდეგ, მაგიდები და ჭურჭელი გაირეცხოს სპეციალური ხსნარებით;
  • დეზინფექციის დროს ძირითადი ყურადღება უნდა მიექცეს იმ ნივთების დამუშავებას, რომლებიც გადამწყვეტ როლს თამაშობენ ინფექციის გადაცემაში (კარის სახელურები, კარები, მაგიდის ზედაპირები);
  • ჰაერ-წვეთოვანი ინფექციის დროს ხშირად განიავდეს კლასები, ოთახები გაიწმინდოს მტვრისაგან, დასუფთავდეს სველი წესით;
  • სკოლის ადმინისტრაციის მიერ დადგინდეს ტუალეტების დასუფთავების წესები, პერიოდულობა, დასუფთავებისათვის განკუთვნილი ინვენტარისა და გამოყენებული ჰიგიენური საშუალებების ნუსხა;
  • ნაგვის ყუთების გაცლა მოხდეს მათი 2/3-ზე გავსებისას. გაცლის შემდეგ ნაგვის შემკრებებს ჩაუტარდეს დეზინფექცია;
  • სკოლის ტერიტორიაზე არ დაიშვას უმეთვალყურეო ცხოველები;
  • სკოლაში უზრუნველყოფილი იყოს ნახმარი წყლების მოცილება/არინება და სეპტიკური ავზების დაცლა დროულად და უსაფრთხოდ;
  • სკოლის ადმინისტრაციის ორგანიზებით, სპეციალიზებული სამსახურის მეშვეობით, ჩატარდეს ნარჩენების კონტეინერების განთავსების ადგილის, ასევე საწყობებისა და სარდაფების პერიოდული დამუშავება.

როგორც ბათუმის რესურსცენტრში „ბათუმელებს“ ეუბნებიან, ამ დროისთვის საჯარო სკოლებში მონიტორინგის მიზნით გასულია ჯგუფი და შემოწმდება არსებული სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა.

რესურსცენტრის ინფორმაციით, მოსწავლეთა სწრებადობა ამ ეტაპისთვის არ არის შემცირებული.

საქართველოს განათლების სამინისტროში კი აცხადებენ, რომ ისინი სრულად არან ჩართული უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში და „იმ შემთხვევაში, თუ რაიმე სახით ვირუსის გავრცელების საფრთხე გამწვავდება, სასწავლო პროცესთან დაკავშირებით მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება“.

საქართველოში კორონავირუსიის პირველი შემთხვევა, გუშინ, 26 თებერვალს დაფიქსირდა.

 

საქართველოს და უკრაინის პორტებს შორის საკონტეინერო გემის მიმოსვლის პირობები გაუმჯობესდა

საქართველოს რკინიგზის განცხადებით, საქართველოს და უკრაინის პორტებს შორის, რეგულარული, საკონტეინერო გემის მიმოსვლა, გაუმჯობესებული პირობებით ხორციელდება.

სასიამოვნო სიურპრიზი ტოიოტასგან საავტომობილო რბოლის მოყვარულთათვის

უკვე მრავალი წელია ტოიოტას ავტომობილები განსაკუთრებული სიყვარულითა და პოპულარობით სარგებლობენ ჩვენს რეგიონში. უდავო ხარისხი და სანდოობა ისეთი ცნობილი მოდელებისა, როგორებიცაა: ლენდ კრუიზერ 200, პრადო, რავ4,  კოროლა, პრიუსი – საყოველთაოდ ცნობილი და აღიარებულია ქართველი მომხმარებლების მიერ. 

თუმცა, ავტომობილების ნამდვილი მოყვარულთათვის კარგადაა ცნობილი იაპონური ავტოგიგანტის საქმიანობის არა მხოლოდ ეს ასპექტი, ტოიოტა ხომ ამავდროულად საავტომობილო რბოლების  ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ხელშემწყობია. ტოიოტას სპორტული ავტომობილები უკვე 60 წლიან ისტორიას ითვლიან. დღესდღეობით კომპანიაში არსებობს ცალკე მიმართულება «Toyota Gazoo Racing», რომლის ფარგლებშიც ხდება სარბოლო ავტომობილების ტექნოლოგიური სრულყოფა. აგრეთვე, მიმდინარეობს მრბოლელთა შერჩევა და იმ გუნდების დაკომპლექტება, რომლებიც შემდეგ ტოიოტას სახელით მონაწილეობენ მსოფლიო მასშტაბით გამართულ სხვადასხვა შეჯიბრებებში.

 «Toyota Gazoo Racing» საუკეთესოდ გამოხატავს არა მარტო კომპანიის გამარჯვების ჟინს,  არამედ მის მუდმივ სწრაფვას გაუმჯობესებისკენ. ტოიოტა, რომლის მთავარი ფილოსოფიაც არის „მუდმივი გაუმჯობესება და საუკეთესო ავტომობილების წარმოება“ უკვე 60 წელზე მეტია ისახავს ახალ-ახალ მიზნებს და ხსნის ახალ რეკორდებს. 

ენთუზიაზმით აღსავსე პროფესიონალთა გუნდმა, ავტომობილების ტესტირებისას ხუთივე კონტინენტი მოიარა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ  „გზები ქმნიან ადამიანებს, ხოლო ეს ადამიანები კი ქმნიან საუკეთესო ავტომობილებს!“

ამბობენ, რომ ავტომობილის სულისა და ხასიათის აღსაქმელად ერთხელ მაინც უნდა შეიგრძნო ნამდვილი რბოლის მღელვარება. სამწუხაროდ, ყველას არ აქვს ასეთი ემოციის განცდის შესაძლებლობა, მგზავრის სტატუსითაც კი. 

თუმცა ტოიოტამ ამაზეც იზრუნა. 2012 წელს პარიზის ავტოსალონზე «Paris Motor Show» კომპანიამ პირველად წარადგინა სარბოლო ავტომობილ «Toyota GT86»-ის  სიმულატორი, რომელმაც დამთვალიერებელთა მხრიდან უდიდესი დაინტერესება გამოიწვია. მას მართავდნენ ისეთი გამოჩენილი მრბოლელები, როგორიცაა ენტონი დევიდსონი და სებასტიან ბუემი. 

მიუხედავად იმისა, რომ «GT86»-ის სიმულატორი პრაქტიკულად „ერთი ადამიანის თამაშს“ წარმოადგენს, შესაძლებელია, რომ კიდევ ერთი ადამიანი იმყოფებოდეს ავტომობილში, მგზავრის ადგილზე. მოდელის საქარე მინა მთლიანად დაფარულია ეკრანით და მძღოლი მიჰყვება ამ ეკრანზე გამოსახულ გზას. საუკეთესო გრაფიკა, მანქანის მოძრაობის სიმულაცია და დაბურული გვერდითი მინები ქმნის განუმეორებელ ეფექტს და სრულად აგრძნობინებს ადამიანებს ავტორბოლის ამაღელვებელ ატმოსფეროს.

და აი, სულ მოკლე ხანში ქართველ ავტომოყვარულებს მიეცემათ საშუალება პირადად გამოსცადონ ეს ემოციები. თებერვლის ბოლოდან ტოიოტა გთავაზობთ ეწვიოთ ტოიოტა ცენტრ თბილისს (27 თებერვალი 10 მარტი) ან ტოიოტა ცენტრ თეგეტას (12-24 მარტი) და თავად შეიგრძნოთ ეს ემოციები შოურუმიდან გაუსვლელად.

«GT86» წარმოადგენს ყველაზე მოთხოვნად სრულგაბარიტულ სიმულატორს და ტოიოტა კავკასიაში იმედი აქვთ, რომ მისი გამოცდის უნიკალური შანსი ქართველი მომხმარებლების მხრიდანაც დიდ დაინტერესებას გამოიწვევს.

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული მოდელი არ არის წარმოდგენილი გასაყიდად ადგილობრივ სამოდელო ხაზში, ნებისმიერ მსურველს ექნება საშუალება ისიამოვნოს მისი მართვით და შეიგრძნოს ტოიოტას  ავტომობილების სპორტული სულისკვეთება. 

მეტი ინფორმაციისთვის დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიმართონ ტოიოტას ოფიციალურ დილერებს ან ეწვიონ ტოიოტა საქართველოს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდს.

ქობულეთში კაცი დაჭრეს

შს სამინისტრო ქობულეთში ერთი ადამიანი დაჭრის ფაქტს ადასტურებს. დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი. როგორც შსს-ს პრესსამსახურში „ბათუმელებს“ ეუბნებიან, შეტყობინება რამდენიმე წუთის წინ შევიდა პოლიციაში.

ახალგაზრდა კაცი, სავარაუდოდ, სანადირო თოფით არის დაჭრილი.

სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, დაჭრილი ადამიანი ეკიპაჟის მისვლამდე გადაიყვანეს საავამყოფოში.

შსს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სსკ-ის 19-108 მუხლით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. ბრალდებული ჯერ დაკავებული არ არის.

სასჯელი თურქეთიდან ტყის გავლით შემოპარვისთვის

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა 2 ათასი ლარით დააჯარიმა გ.ხ. სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთისთვის. გ.ხ. საქართველოს მოქალაქეა და იგი თურქეთიდან საქართველოში შემოდიოდა.

განაჩენის მიხედვით, გასული წლის დეკემბერში გ.ხ.-მ „თურქეთის რესპუბლიკიდან მთების და ტყის გავლით ფეხით უკანონოდ გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და შემოვიდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სარფში მდებარე 447-ე სასაზღვრო ნიშნის რაიონში, სადაც სახელმწიფო საზღვრის სიახლოვეს შეჩერებულ იქნა სასაზღვრო განმწესში მყოფი პოლიციელების მიერ,“ – აღნიშნულია განაჩენში.

ბრალდებულმა დანაშაული აღიარა. მან ასევე უდავოდ მიიჩნია პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები.

სახელმწიფო აეროპორტებისთვის თერმულ კამერებს ყიდულობს – კორონავირუსის პრევენცია

შპს „საქართველოს საერთაშორისო აეროპორტების გაერთიანებამ“ აეროპორტებისთვის თერმული კამერებისა და თანმდევი მომსახურების დაჩქარებული წესით შესასყიდად, „გადაუდებელი აუცილებლობიდან“ გამომდინარე, თანხმობის მისაღებად შესყიდვების სააგენტოს დღეს, 27 თებერვალს მიმართა. გადაუდებელი აუცილებლობა კი კორონავირუსის საქართველოში შესაძლო შემოსვლასა და გავრცელებაზე ოპერატიული რეაგირების საჭიროებით ახსნა.

გაერთიანების ინფორმაციით, დაგეგმილია 4 ერთეული თერმული კამერის შეძენა თავისი აქსესუარებით და ინსტალაციით. კამერები დამონტაჟდება თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში.

შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე ატვირთული ინფორმაციით, „საქართველოს საერთაშორისო აეროპორტების გაერთიანება“ თერმულ კამერებს შპს „ენ თი ჯი ჯგუფისგან“ 135 365 ლარად შეისყიდის.

ხელშეკრულების თანახმად, კომპანია ვალდებულია, შემსყიდველის მოთხოვნიდან შვიდ სამუშაო დღეში, თერუმული აპარატები დაამონტაჟოს.

შპს „საქართველოს საერთაშორისო აეროპორტების გაერთიანება“ საქართველოს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებული ორგანიზაციაა.

55 ათას ლეპტოპში სახელმწიფო 31 მილიონს გადაიხდის

მომავალი [2020-21] სასწავლო წლისთვის, პირველკლასელი მოსწავლეებისა და მათი დამრიგებლებისთვის, განათლების სამინისტრო 55 ათას ცალ კომპიუტერს 31 მილიონ 350 ათასი ლარის ფარგლებში შეისყიდის. აქედან აჭარის სკოლებისთვის ჯამში 4 800 კომპიუტერია გათვალისწინებული.

„საგანმანთლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ“ პორტაბელური კომპიუტერების [ლეპტოპების] შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი უკვე გამოაცხადა.

თანხა, პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიხარჯება.

ტენდერის პირობების მიხედვით, კომპიუტერების მიწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, „12 900 ცალი კომპიუტერის მიწოდების ვადაა არაუგვიანეს 2020 წლის 25 მაისი [მიწოდების ადგილი თბილისი], ხოლო 42 100 ცალი კომპიუტერის მიწოდების ვადაა არაუგვიანეს 2020 წლის პირველი სექტემბერი [მიწოდების ადგილი – საგანმანათლებლო რესურსცენტრები მუნიციპალიტეტებში].

ამ თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/249144/

რამდენით გაიზარდა და რა ღირს პარკირება ბათუმში

ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე პარკირების გადასახადის ოდენობა შეიცვალა. ეს გადასახადი გაიზარდა და დღეების მიხედვით შეადგენს:

1 დღე – 10 ლარი [იყო 1 ლარი];
7 დღე – 20 ლარი [იყო 5 ლარი];
30 დღე – 30 ლარი [იყო 10 ლარი];
182 დღე – 45 ლარი [იყო 25 ლარი];
365 დღე – 60 ლარი [იყო 40 ლარი].

ბათუმის საკრებულოს პარკირების საფასურის გაზრდის მოთხოვნით მერიის შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტმა“ მიმართა. საკრებულომ შესაბამის დადგენილებაში ცვლილება 2020 წლის 25 თებერვლის სხდომაზე შეიტანა.

ამ თემაზე:

რატომ იზრდება პარკინგის გადასახადი ბათუმში – „ავტოტრანსპორტის“ არგუმენტები

საქართველოში დაფიქსირდა კორონავირუსის პირველი შემთხვევა – ჯანდაცვის მინისტრი

დღეს, 26 თებერვალს [ახლახანს, 22:00] მთავრობის კანცელარიაში საგანგებო ბრიფინგზე, ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ლუგარის ლაბორატორიამ დაადასტურა, რომ კორონავირუსის აღმოაჩნდა საქართველოში დაბრუნებულ პირს.

ინფიცირებულია საქართველოს მოქალაქე, რომელიც შემოვიდა აზერბაიჯანიდან. ინფიცირებულია დაახლოებით 50 წლის კაცი, რომელიც ირანში მოგზაურობიდან დაბრუნდა.

მე მინდა დავამშვიდო საქართველოს მოქალაქეები, რომ ჩვენ არ გვაქვს პანიკის საფუძველი განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

მინისტრის თქმით, ისინი სააფთიაქო ქსელებს დაეხმარებიან პირბადეების შემოტანაში.

კორონავირუსზე პირელად კვლევების ჩატარება შესაძლებელი იქნება ბათუმშიც, ნაცხი კი შემდეგ გადაიგზავნება ლუგარის ლაბორატორიაში.

116 001 – ეს არის ცხელი ხაზის ნომერი, სადაც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში თქვენს კითხვებს უპასუხებენ კორონავირუსთან დაკავშირებით კითხვებზე.

ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე გარე განათების მონტაჟი დასრულდა

ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე გარე განათების მონტაჟი დასრულდა.

შპს „სტადიონის“ დირექტორის, ჯაბა სურმანიძის ინფორმაციით ამჟამად განათება სატესტო რეჟიმშია და დეტალურ შემოწმებას გადის.

განათების პროგრამული და ტექნოლოგიური მოცემულობა საშუალებას იძლევა სტადიონის გარე ფასადი სხვადასხვა სახითა და ფორმით განათდეს.

განათების პანელი დამზადებულია ალუმინისაგან და გარსს პოლიკარბონატი წარმოადგენს. კონსტრუქცია გარემო პირობების მიმართ მდგრადი და ცეცხლმედეგია. უშუალოდ ნათება დიოდურია და მაღალი ეკონომიურობით გამოირჩევა.

ჯაბა სურმანიძის განცხადებით სამუშაოები თებერვალში დასრულდება და განათება სრულ მზადყოფნაში იქნება.

განათლების სამინისტრო 50 სოციალურ მუშაკს დაასაქმებს

განათლების სამინისტრომ დაამტკიცა კანონი სოციალური მუშაკის შესახებ. განათლების მინისტრის მოადგილის, ეკა დგებუაძის ინფორმაციით, ეს იმას ნიშნავს, რომ ახალი სასწავლო წლიდან სისტემაში შევლენ სოციალური მუშაკები, რისი გამოცდილებაც განათლების სისტემას აქამდე არ ჰქონდა.

როგორც მინისტრის მოადგილე ამბობს, ამ ეტაპზე დაზუსტებით სამინისტროშიც არ იციან, რა ფუნქცია ექნება სისტემაში სოციალურ მუშაკს, თუმცა ამბობენ, რომ მისი სისტემაში შესვლა მნიშვნელოვანია.

„პირველ ეტაპზე სისტემაში შემოვიყვანთ 50 სოციალურ მუშაკს. იმ დოკუმენტის ფარგლებში, რა ფუნქციასაც მივანიჭებთ, გავწერთ სტანდარტს“, – უთხრა ეკა დგებუაძემ სკოლის დირექტორებს ბათუმში შეხვედრის დროს. მისი თქმით, განათლების სისტემაში დასაქმებული სოციალური მუშაკები მუნიციპალიტეტებში იმუშავებენ და ითანამშრომლებენ სოციალური მომსახურების სააგენტოს სოცმუშაკებთანაც.

„ჩვენ კარგად ვიცით, რომ ქვეყანაში გვყავს განათლების მიღმა დარჩენილი ბევრი ბავშვი და ყველამ რომ მიიღოს განათლება, რასაც ჩვენი კონსტიტუციაც გვავალდებულებს, სოციალური მუშაკები ამ მიმართულებითაც იმუშავებენ. გვყავს ისეთი ბავშვებიც, რომლებიც შრომაში არიან ჩაბმული და აი, აქ გვჭირდება სოციალური მუშაკის ჩართვა. ამ დოკუმენტს გავწერთ და სკოლებს მივაწვდით,“ – ამბობს ეკა დგებუაძე.

გარდა სოციალური მუშაკისა, ეკა დგებუაძემ ნაადრევი ქორწინების პრობლემასაც გაუსვა ხაზი. მისი თქმით, სოციალურ მუშაკს ამ მიმართულებითაც მოუწევს მუშაობა.

„ნაადრევი ქორწინების პრობლემა ჯერ კიდევ არსებობს და ამ გამოწვევის წინაშე ვდგავართ. მეგონა, რომ ეს პრობლემა უფრო მეტად იდგა ეთნიკურ უმცირესობებში, თუმცა ასე არ არის, ნაადრევი ქორწინების რაოდენობა მაღალია აჭარაშიც, როგორც ამას სტატისტიკა გვაჩვენებს.

მომავალი წლიდან სავალდებულო საბაზო განათლება იქნება მე-10 კლასის ჩათვლით და ეს იქნება კარგი იმ მხრივაც, რომ შეაჩერებს ნაადრევ ქორწინებას და ერთი წლით გაუხანგრძლივებს ბავშვებს სკოლაში ყოფნას“, – ამბობს ეკა დგებუაძე.

„არ გვაქვს სასკოლო წიგნები“ – სამინისტროს პასუხი არაქართულენოვანი სკოლების წუხილზე 

„არაქართულენოვან სკოლებს სახელმძღვანელოების დიდი პრობლემა აქვთ. როგორც იცით, ეროვნული სასწავლო გეგმა დამტკიცდა შარშანწინ და მაშინვე ამოქმედდა ქართულენოვან სკოლებსა და სექტორებში, ხოლო არაქართულენოვან სკოლებში – 2019-2020 სასწავლო წელს. საქმე იმაშია, რომ სახელმძღვანელოების თარგმნა ძალიან გვიან დაიწყეს, მაისში და ვერ მოასწრეს პირველი სექტემბრისთვის. თქვეს, რომ მეორე სემესტრში მოგვაწვდიდნენ, მაგრამ არც შემდეგ მოუწოდებიათ. სკოლებში თითქმის წიგნების გარეშე სწავლობენ ბავშვები,“ – ქართულად მოგვწერეს „ბათუმელებს“ ერთ-ერთი არაქართულენოვანი სკოლიდან.

იმის შესახებ, რომ არაქართულენოვანი სკოლებისთვის ახალი სახელმძღვანელოები იბეჭდებოდა  და 2019 წლის სექტემბერში მიეწოდებოდა სკოლებს, განათლების სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ეკა ლეჟავამ გასული წლის ივლისში განაცხადა. მან თქვა, რომ ეროვნული გეგმის შესაბამისად განახლებულ სახელმძღვანელოებს „პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით, მიიღებდნენ სკოლები სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე. განახლდება ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოები“.

როცა განათლების მინისტრის მოადგილე ეკა დგებუაძე ბათუმში სკოლის დირექტორებს შეხვდა, „ბათუმელებმა“ ეს საკითხი სამინისტროს კიდევ ერთხელ შეახსენა და ჰკითხა, რატომ არ მიაწოდეს არაქართულენოვან სკოლებს დაპირებული სახელმძღვანელოები.

ეკა დგებუაძემ ამჯერადაც სტანდარტული პასუხი გაგვცა. მან თქვა: „ეროვნულ უმცირესობებთან დაკავშირებით ჩვენ ახალ პოლიტიკას ვიმუშავებთ, სამოქმედო გეგმაც გავწერეთ და ცალკე ბრიფინგს გავაკეთებთ, რა მოდელით დავიწყებთ, ოღონდ სექტემბრიდან“.

რატომ ვერ გადაწყვიტა სამინისტრომ არაქართულენოვანი სკოლების პრობლემა ამდენი ხნის განმავლობაში? – ვკითხეთ ეკა დგებუაძეს. მან პრობლემა დააზუსტა და თქვა, რომ სამინისტროს არ ჰყავს სპეციალისტები, რომლებიც ეთნიკური უმცირესობების ენებზე სახელმძღვანელოებს დაწერენ.

მაშინ როგორც დაჰპირდით მათ გასული წლის სექტემბერში წიგნებს? – ისევ ვკითხეთ მას.

„ფაქტია, რომ სპეციალისტი არ გვყავს,“ – გვიპასუხა მინისტრის მოადგილემ. – „ერთი რამ შემიძლია გითხრათ, ორი მიმართულებით მიდის მუშაობა, ერთი არის ის, რომ არაქართულენოვან მოქალაქეებს თავიანთი მშობლიური ენის კომპონენტი გავუძლიეროთ სკოლებში და მეორე, სახელმწიფო ენის განვითარება დავიწყოთ“.

თუ არ შევა ახალი სახელმძღვანელოები სკოლებში, როგორ აპირებთ ამის გაკეთებას? – ვკითხეთ ეკა დგებუაძეს, რაზედაც მინისტრის მოადგილემ დააზუსტა:

„აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე რომ სახელმძღვანელო დაიწეროს, ამას სჭირდება სპეციალისტი. ამ ენების სპეციალისტი სახელმწიფოს არ ჰყავს,“ – ამბობს ეკა დგებუაძე.

2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მიხედვით, ქვეყანაში 13.2 პროცენტი ეთნიკურ უმცირესობას მიეკუთვნება და 285 არაქართულენოვანი საჯარო სკოლაა. ამ ფონზე განათლების მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ „არ არიან სპეციალისტები. ამიტომ ჩვენ გვინდა რაღაცნაირად მოვაგვაროთ ეს პრობლემა, დაველაპარაკოთ საელჩოებსაც. ეს არის სერიოზული გამოწვევა“.

მინისტრის მოადგილის ეკა დგებუაძის თქმით, სამინისტრო ეძებს გზებს, როგორ დაეხმაროს არაქართულენოვან სკოლებს, რომ არ ჩამორჩნენ ქვეყნის განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესებს.

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივი.

ლაიქების ომი და მობილიზაციის დროს დაშვებული შეცდომები მთავრობაში

წუხელ [25 თებერვალი] აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ერთ-ერთმა თანამშრომელმა ჟურნალისტების ფეისბუქჩატში დაწერა: „თქვენი დახმარება საჭირო იქნება როგორც თავმჯდომარის, ასევე იმედის გვერდზეც“. მას შეეშალა – პრესცენტრის თანამშრომელი სინამდვილეში მიმართავდა არა ჟურნალისტებს, არამედ „ჩვენებს“. ის მომხრეებს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში თორნიკე რიჟვაძის ლაივზე „საბრძოლველად“ ანუ კომენტარების დასაწერად მოუხმობდა.

მოწოდება ჟურნალისტების საერთო ჩატიდან რამდენიმე წამში წაშალეს. თუმცა ჟურნალისტებს ამ ჩანაწერის სქრინი უკვე გაკეთებული ჰქონდათ და გაავრცელეს კიდეც.

ამის შემდეგ მთავრობის ჩატში დაწერეს, რომ ისინი არავითარ მობილიზებას არ გეგმავდნენ.

„რაც —- დაწერა, არ არის ჩვენი სტილი და ფორმა. სიცხე აქვს, წევს ეს მისი ფანტაზიის ნაყოფი იყო)“, – ეს იყო პირველი განმარტება, რაც მთავრობის პრესსამსახურის თანამშრომელმა იმავე ჩატში დაწერეს.

სქრინი მთავრობის ჩათიდან

დღეს გავრცელებული განმარტებით კი აღმოჩნდა, რომ „სიციხიანი“ თანამშრომლის განცხადება აბსოლუტურად საქმიანი იყო და არა ფანტაზიის ნაყოფი, რადგან მთავრობის პრესსამსახურმა დღეს ასეთი განმარტება გამოაქვეყნა:

„აჭარის მთავრობის მასმედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის განცხადება ხელისუფლების ნებისმიერი აქტივობის დროს, პრესსამსახური ვალდებულია უზრუნველყოს მონიტორინგი ინფორმაციის სანდოობის მხრივ, მათ შორის სოციალურ მედიაში. ასევე, მოამზადოს ანგარიში ყველა შესაბამისი უწყებისთვის, რათა გაუმჯობესდეს ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის კომუნიკაციის ხარისხი და ინფორმაციის სწორი მიწოდება. ბოლო პერიოდში სოციალურ სივრცეში გახშირებულია ინფორმაციის დამახინჯების ფაქტები. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური იმყოფება სრულ მზადყოფნაში საზოგადოების შეცდომაში შეყვანის თავიდან აცილების მიზნით. გუშინ გავრცელებული შეტყობინებით, პრესსამსახურის ერთ-ერთმა თანამშრომელმა საზოგადოებასთან ურთიერთობის თანამშრომლებს პირდაპირი ეთერის დროს მოსალოდნელი „ფეიქ-ნიუსების“ მონიტორინგისკენ და შეკითხვებზე საპასუხო რეაგირებისკენ მოუწოდა. შეტყობინებაში ნათქვამია: „შემოგვასევენ ბოტებს და დაგვჭირდება ბრძოლა,“ რაც პრესსამსახურის თანამშრომლების სათანადო რეაგირებისკენ მოწოდებაა. ამ შეტყობინებას მიეცა არასწორი ინტერპრეტაცია. საუბარია არა ხელოვნურად ვინმეს მობილიზებაზე, არამედ ე.წ. „ბოტებისგან“ და „ფეიქ-ნიუსებისგან“ მოსახლეობის დაცვაზე“.

საქმე იმაშია, რომ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „სვოტ ანალიზში“ წუხელ, 25 თებერვალს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე მართლაც მონაწილეობდა და, როგორც ჩანს, ამ ყველაფრის მუხედავად მობილიზებაც მოხერხდა.

რა ტიპის მობილიზებას გულისხმობდა პრესცენტრის თანამშრომელი, ამის გაგება მთავრობის თავმჯდომარის ფესიბუქის გვერდიდან მარტივად შეიძლება, გადაცემის ვიდეოს არაერთი მოწონება და დაახლოებით ასეთი კომენტარები აქვს: „წარმატებები ახალგაზრდა ლიდერს“. კომენტარების ავტორები, ძირითადად, საჯარო მოხელეები, ახალგაზრდული ცენტრის  წევრები და მოხალისეები არიან.

ეს არ არის პირველი დადასტურებული შემთხვევა, როცა ფეისბუქჩატში „მობილიზაციას“ აცხადებენ მთავრობაში დასაქმებული მოხელეები. ერთ-ერთი ბოლო ასეთი შეცდომა აჭარის განათლების სამინისტროს პრესცენტრში დაუშვეს გასულ თვეში, როცა „მობილიზაციის“ შესახებ ასევე ჟურნალისტის ჩატში დაწერეს.

მითები და რეალობა ახალი კორონავირუსის შესახებ – WHO

ეფექტურია თუ არა ახალი კორონავირუსისგან თავდასაცავად სხეულზე სპირტის წასმა? ნივრის ჭამა? ანტიბიოტიკების მიღება? – ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით ყოველდღე სულ უფრო და უფრო მეტი ცრუ ინფორმაცია ვრცელდება საზოგადოებაში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) ეხმაურება კორონავირუსის მკურნალობასთან დაკავშირებულ მითებს:

მოკვდება თუ არა კორონავირუსი, თუკი მთელ სხეულს სპირტით ან ქლორით გაიწმენდ-დაიმუშავებთ?

არა. სპირტის ან ქლორის მთელ სხეულზე წასმა არ მოკლავს ვირუსებს, რომლებიც უკვე შეიჭრნენ სხეულში. ამგვარი სითხეების წასმა კი შეიძლება საზიანო იყოს ტანსაცმლისთვის ან ლორწოვანი გარსისთვის (მაგ: თვალები, პირი). გახსოვდეთ, რომ ორივე, სპირიტიც და ქლორიც, შეიძლება სასარგებლო იყოს ზედაპირების სადეზინფექციოდ, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მათ სწორი ინსტრუქციით იყენებთ.

არის თუ არა უსაფრთხო ჩინეთიდან წერილის ან ამანათის მიღება?

დიახ, უსაფრთხოა. ადამიანები, რომლებიც ჩინეთიდან ამანათებს იღებენ, ახალი კორონავირუსის რისკჯგუფში არ შედიან. წინა ანალიზებიდან ვიცით, რომ კორონავირუსები დიდხანს ვერ ცოცხლობენ ისეთ საგნებზე, როგორიც არის წერილები ან ამანათები. 

შეუძლია თუ არა ულტრაიისფერ სადეზინფექციო ნათურას ახალი კორონავირუსის მოკვლა?

ულტრაიისფერი ნათურის გამოყენება ხელების ან სხეულის სხვა ნაწილის კანზე სტერილიზაციის მიზნით დაუშვებელია, რადგან ულტრაიისფერ რადიაციას შეუძლია გამოიწვიოს კანის გაღიზიანება.

რამდენად ეფექტურია თერმული სკანერები ახალი კორონავირუსის მატარებელი ადამიანების ამოსაცნობად?

თერმული სკანერები ეფექტურია იმ ადამიანების გამოსავლენად, ვისაც ახალი კორონავირუსით ინფიცირების შედეგად აქვს სიცხე (ე.ი. აქვს ჯანმრთელი ადამიანის სხეულთან შედარებით მაღალი ტემპერატურა).

თუმცა, თერმულ სკანერს არ შეუძლია გამოავლინოს ადამიანი, რომელსაც ინფექცია შეეყარა, მაგრამ ჯერ არ აქვს მაღალი ტემპერატურა. საჭიროა 2-10 დღე, რომ ინფიცირებულს მაღალი ტემპერატურა განუვითარდეს.

არიან თუ არა შინაური ცხოველები ახალი კორონავირუსის (2019-nCoV) გამავრცელებლები?

ჯერჯერობით არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ შინაური ცხოველები, როგორიც არის ძაღლი ან კატა, შეიძლება დაინფიცირდნენ ახალი კორონავირუსით. თუმცა შინაურ ცხოველებთან კონტაქტის შემდეგ საპნითა და წყლით ხელების დაბანა ყოველთვის კარგი აზრია. ის დაგიცავთ მრავალი ფართოდგავრცელებული ბაქტერიისგან, მაგალითად, სალმონელასა და ნაწლავის ჩხირისგან, რომლებსაც შეუძლიათ ცხოველიდან ადამიანზეც გადავიდნენ.

დაგიცავთ პნევმონიის აცრა ახალი კორონავირუსისგან?

არა, პნევმონიის საწინააღმდეგო ვაქცინები, როგორიც არის პნევმოკოკური ვაქცინა და ჰემოფილუს ინფლუენცას ტიპი b-ს (ჰიb) ვაქცინა, ახალი კორონავირუსისგან ვერ დაგიცავთ.

ეს ვირუსი იმდენად ახალი და განსხვავებულია, რომ მას თავისი ვაქცინა სჭირდება. მკვლევარები ცდილობენ მის წინააღმდეგ ვაქცინის შექმნას და ჯანმო ეხმარება მათ მუშაობაში.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ვაქცინები არ არის ეფექტური ახალი კორონავირუსის (2019-nCoV) წინააღმდეგ საბრძოლველად, რესპირატორული (სასუნთქი გზების) დაავადებების წინააღმდეგ ჩატარებული ვაქცინაცია რეკომენდებულია თქვენი ჯანმრთელობის დაცვისთვის.

დაგიცავთ თუ არა  ახალი კორონავირუსისგან ნატრიუმის ქლორიდით (ფიზიოლოგიური ხსნარით) ცხვირის რეგულარულად გამორეცხვა?

არა, არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ ნატრიუმის ქლორიდით ცხვირის რეგულარულად გამორეცხვას შეუძლია დაიცვას ადამიანი ახალი კორონავირუსით დაინფიცირებისგან.

თუმცა არსებობს შემთხვევები, როცა  ნატრიუმის ქლორიდით ცხვირის რეგულარულად გამორეცხვა დახმარებია ადამიანებს უფრო სწრაფად გამოჯანმრთელებულიყვნენ ჩვეულებრივი გაციებისგან. თუმცა ცხვირის რეგულარულად გამორეცხვა არ ახდენს რესპირატორული ინფექციების პრევენციას.

აგარიდებთ თუ არა ნივრის ჭამა ახალ კორონავირუსს?

ნიორი სასარგებლო პროდუქტია, რომელსაც შეიძლება გარკვეული ანტიმიკრობული თვისებები ჰქონდეს. თუმცა ვირუსის მიმდინარე აფეთქებიდან არ გვაქვს მტკიცებულება იმისა, ახალი კორონავირუსისგან ადამიანები ნივრის ჭამას დაეცვას.

კორონავირუსი საშიშია მხოლოდ მოხუცებისთვის თუ ახალგაზრდებიც საფრთხის ქვეშ არიან?

ყველა ასაკის ადამიანი შეიძლება დაინფიცირდეს ახალი კორონავირუსით (2019-nCoV). მოხუცებსა და იმ ახალგაზრდებში, რომელთაც უკვე მიმდინარე დაავადებები (როგორიცაა: ასთმა, დიაბეტი, გულსისხლძარღვთა დაავადებები) აქვთ, ახალი კორონავირუსი უფრო მწვავე ფორმით მიმდინარეობს.

ჯანმო ყველა ასაკის ადამიანს ურჩევს, მიიღონ ზომები ვირუსის ასარიდებლად, მაგალითად, ხელებისა და სასუნქთი გზების სწორი ჰიგიენის დაცვით.

არის თუ არა ანტიბიოტიკები ეფექტური ახალი კორონავირუსის პრევენციისა და მკურნალობისთვის?

არა, ანტიბიოტიკები არ მუშაობენ ვირუსის წინააღმდეგ, ისინი მხოლოდ ბაქტერიის წინააღმდეგ მუშაობენ.

ახალი დაავადება (2019-nCoV) არის ვირუსი, შესაბამისად ანტიბიოტიკები არ უნდა გამოვიყენოთ მისი პრევენციისა თუ მკურნალობისთვის.

თუმცა, თუ ადამიანი ჰოსპიტალიზებულია ახალი კორონავირუსის დიაგნოზით, შესაძლოა მას დაუნიშნონ ანტიბიოტიკები, რადგანაც კორონავირუსის პარალელურად ბაქტერიით ინფიცირებაც შესაძლებელია.

არსებობს რაიმე სპეციფიკური მედიკამენტები კორონავირუსის პრევენციისა და მკურნალობისთვის?

ჯერჯერობით არ არსებობს რაიმე სპეციფიკური მედიკამენტი, რომელიც რეკომენდებულია ახალი კორონავირუსის (2019-nCoV) პრევენციისა და მკურნალობისთვის.

თუმცა ვირუსით ინფიცირებულებმა, მათ შორის, მძიმე დაავადებების მქონე ადამიანებმა, უნდა მიიღონ შესაბამისი ზომები სიმპტომების შესამსუბუქებლად და სამკურნალოდ.
მკურნალობის ზოგიერთი კონკრეტული მეთოდი შესწავლის ფაზაშია და შემოწმდება კლინიკური კვლევებით.  ჯანმო, პარტნიორებთან ერთად, ეხმარება კვლევის დაჩქარებას.

_____

ამავე თემაზე:

როდის და როგორ გამოვიყენოთ პირბადე – ჯანმოს რეკომენდაციები

 

ყალბი დოკუმენტებისთვის ორი კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს – საგამოძიებო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ამავე სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და ქონების მესაკუთრის მოტყუებით, დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე, ორი კომპანიის ხელმძღვანელი ორი პირი დააკავეს.

„გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მათ მმართველობაში არსებული კომპანიების სახელით, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების გაწერის გზით, ერთმანეთში განახორციელეს ხის მასალის ფიქტიური მიწოდებები, რითაც, ერთ-ერთ კომპანიას ხელოვნურად შეექმნა ხის მასალის ნაშთი და დღგ-ს აქტივი, რომელიც შემდგომში ნაწილობრივ გამოყენებულ იქნა მიმდინარე საბიუჯეტო ვალდებულებების დასაფარად. ბიუჯეტისათვის მიყენებული ზიანი 100 000 ლარს აღემატება,“ – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მეორე და 185-ე მუხლის მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7-წლამდე ვადით.

ქობულეთელი კაცი 500 ლარით დააჯარიმეს ტაქსის მძღოლის „გადაგდებისთვის“

მოსამართლე დავით მამისეიშვილმა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 500 ლარით დააჯარიმა ქობულეთში მცხოვრები კაცი, რომელმაც ტაქსის მძღოლს ფული არ გადაუხადა. საქმეში მეორე ბრალდებულიც იყო, თუმცა იგი მოსამართლემ გაამართლა – მას ტაქსში ჩაჯდომიდან სახლში ასვლამდე ეძინა.

მოწმეთა ჩვენებების მიხედვით, ტაქსი ორმა ადამიანმა ბათუმში, საბაგიროსთან დაიქირავა. მგზავრები ტაქსის მძღოლმა ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში აიყვანა.

ბრალდებულს, რომელსაც ტაქსის მძღოლის და მისი თანმხლების ჩვენებით, ეძინა, სასამართლოსთვის ჩვენება არ მიუცია. განაჩენში აღნიშნულია, რომ მან სასამართლო სხდომების მიმდინარეობისას „წინასწარი შეტყობინებით დატოვა საქართველოს ტერიტორია“.

სასამართლოს ჩვენება მისცა ტაქსის მძღოლმა. მან მოსამართლეს უთხრა, რომ ბრალდებულებს მისთვის 30 ლარი უნდა გადაეხადათ.

„…ის მთვრალი იყო და ჩაეძინა. როცა სოფელში ავედით, გამაჩერებინეს ავტომანქანა. გ.-მ გააღვიძა მეორე მგზავრი და მითხრა, რომ ფულს მომიტანდა მცირე დროში. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ მივხვდი, რომ მომატყუეს. ბრალდებულებთან პრეტენზია არ მაქვს, ზიანი ანაზღაურებული მაქვს,“ – აღნიშნა ტაქსის მძღოლმა.

ბრალდებულები სსკ-ის 185-ე მუხლის მიხედვით გაასამართლეს, რაც გულისხმობს „ქონებრივ დაზიანებას მოტყუებით“.

Exit mobile version