მთავარი,სიახლეები

ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო თბილისში პირბადეებს ითხოვს

27.02.2020 • 1875
ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო თბილისში პირბადეებს ითხოვს

თბილისის ბავშვთა ინფექციურ-კლინიკური საავადმყოფო აცხადებს, რომ პირბადეების არსებული სრული მარაგი ამოეწურა და ორშრიანი ნიღბების დაჩქარებული წესით შესყიდვაზე ნებართვას ითხოვს. კლინიკამ შესყიდვების სააგენტოს სპეციალური წერილით მიმართა. საავადმყოფოს ინფორმაციით, დაჩქარებული წესით 2000 ცალი ორშრიანი ნიღაბი სჭირდება. საავადმყოფო განმარტავს, რომ ეს რაოდენობა მინიმალურია და საკმარისი იქნება სამი კვირის განმავლობაში.

კლინიკამ პირდაპირი წესით შესყიდვის უფლება 18 თებერვალს, ანუ მანამდე მოითხოვა, ვიდრე საქართველოში კორონავირუსი დაფიქსირდებოდა. კლინიკის ინფორმაციით, ნიღბების მიწოდებაზე ხელშეკრულება ჰქონდათ გაფორმებული შპს „გოლდიმედთან“ ტენდერის ფარგლებში, თუმცა კომპანიამ მიწოდება ვერ შეძლო ფორსმაჟორული სიტუაციის გამო.

საავადმყოფომ განმარტა, რომ საქმე ეხება ინფექციური პაციენტების მკურნალობის პროცესს. შესაბამისად, საფრთხე ექმნება როგორც პაციენტების ჯანმრთელობას, ასევე კლინიკის თანამშრომლებს. საავადმყოფო ნიღბების შესყიდვას შპს „გეფასგან“ გეგმავს.

არსებული ინფორმაციით, ბევრ კლინიკას ჰქონდა დადებული ხელშეკრულება მომწოდებელთან, რომლებსაც პირბადეები ნიღბები ჩინეთიდან შემოჰქონდა. ახლა კი, შექმნილი ვითარების გამო ვერ ახერხებენ ალტერნატიული გზების მოძებნას და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.

შექმნილ დეფიციტზე გუშინ, 26 თებერვალს, ჯანდაცვის მინისტრსაც ჰკითხეს, რაზეც მან უპასუხა, რომ სამინისტრო კლინიკებს ამ მიმართულებით დაეხმარება – დაელაპარაკება მომწოდებლებს.

რა ვითარებაა ამ მხრივ აჭარის კლინიკებში? – კითხვაზე პასუხს ჯანდაცვის სამინისტროდან ველით და მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: