მთავარი,სიახლეები

შსს საზღვარზე ქცევის წესებს აქვეყნებს – კორონავირუსის პრევენცია

27.02.2020
შსს საზღვარზე ქცევის წესებს აქვეყნებს – კორონავირუსის პრევენცია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სასაზღვრო გამტარ პუნქტებში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მაღალი რისკის ზონებად განსაზღვრული ქვეყნებიდან შემოსულ მგზავრებს ამოწმებს. საქართველოში მათი განთავსების შესახებ ინფორმაციის რეგისტრაციას კი, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრების მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველო უზრუნველყოფ.

სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის მაღალი რისკის ქვეყნებად განსაზღვრულია 4 სახელმწიფო: ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ირანი და იტალია. ასევე, რისკ ჯგუფად განისაზღვრა ყველა იმ მესამე ქვეყნის მოქალაქე და საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რისკის ზონად ნომინირებულ სახელმწიფოებში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს  განმარტებით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრების მართვისა და კოორდინირების მთავარ სამმართველოს თანამშრომლები 24-საათიან რეჟიმში ამოწმებენ ამ ქვეყნებიდან შემოსულ მგზავრებს, ასევე იმ მოქალაქეებს, რომლებიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ  ჩამოთვლილ ქვეყნებში.

მგზავრთა ინტენსიური შემოწმება მიმდინარეობს სასაზღვრო სახმელეთო გამტარ პუნქტებში: „წითელი ხიდი“, „სადახლო“, „სარფი“ და „დარიალი“, ასევე, საჰაერო სასაზღვრო გამტარ პუნქტებში – საქართველოს სამივე აეროპორტში: თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. გარდა ამისა, აღნიშნულ გამტარ პუნქტებში მუდმივად მორიგეობს სამედიცინო პერსონალი.

ჩამოთვლილ სასაზღვრო გამტარ პუნქტებში მესაზღვრეები ქვეყანაში შემომსვლელი მგზავრების პირველად რისკებს აფასებენ, ე.წ. მოგზაურობის ისტორიიდან გამომდინარე და საჭიროების შემთხვევაში, მას ადგილზე მყოფ მორიგე ექიმთან გადაამისამართებენ.

რაც შეეხება სხვა სასაზღვრო გამტარ პუნქტებს, მესაზღვრე რისკის დაფიქსირების შემთხვევაში იძახებს სამედიცინო ბრიგადას, რომელიც ამოწმებს მგზავრს, ტარდება შესაბამისი პროცედურები.

საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტებში, ყოველდღიურად 25-30 ათასი მოქალაქე შემოდის. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში შემომსვლელი მგზავრი, ბოლო ორი კვირის განმავლობაში არ იმყოფებოდა ოფიციალურად განსაზღვრულ რისკ ჯგუფის ქვეყანაში, მას სავალდებულო სამედიცინო შემოწმება არ უტარდება.

მთავარი ფოტო: 27.02.2020. სარფის საბაჟო

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: