მთავარი,სიახლეები

ტექდათვალიერების ფასს – 60/100 ლარი, საკონსტიტუციოში ასაჩივრებენ

27.02.2020 • 1732
ტექდათვალიერების ფასს – 60/100 ლარი, საკონსტიტუციოში ასაჩივრებენ

ავტომანქანების ტექნიკური ინსპექტირების საფასურის განსაზღვრის ცენტრს ერთ-ერთი კომპანია საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს. შპს „ეპიცენტრი“ მთავრობის იმ დადგენილებას ასაჩივრებს, რომლის მიხედვითაც სავალდებულო ინსპექტირების საფასური განსაზღვრულია და იგი 60 ლარია, მძიმეწონიანი ავტომანქანების შემთხვევაში – 100 ლარს.

სარჩელის არსებით განხილვას ხვალ, 28 თებერვალს დაიწყებს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.

მოსარჩელე თვლის, რომ მთავრობა ამ მიდგომით დაუსაბუთებლად ზღუდავს საკუთრების უფლებას და მომსახურების საფასურის დადგენა უნდა შეეძლოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირების ცენტრს ინვესტიციის, ხარჯების, მოგებისა და შემოსავლების გათვალისწინებით.

„ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირება არ არის არც ლიცენზირებადი/სანებართვო საქმიანობა და არც ეკონომიკის რეგულირებადი სფერო. ამასთან, არ არსებობს ლეგიტიმური მიზანი, თუ რატომ უნდა ჩაერიოს სახელმწიფო „სატარიფო რეგულირებით“ ამ ბიზნესში, მით უმეტეს, რომ 2018 წლამდე ეს ჩარევა არ არსებობდა, მომსახურების (დაუსაბუთებელ) საფასურს არ აწესებდა მთავრობა და ეს საფასური ხშირ შემთხვევაში 60 ლარზე, ან 100 ლარზე ნაკლებიც იყო,“ – აღნიშნულია სარჩელში.

მოსარჩელე ასაჩივრებს იმასაც, რომ კომპანიები, სადაც ტექნიკური ინსპექტირების გავლაა შესაძლებელი, სხვადასხვა თანხას უხდიან სახელმწიფოს აკრედიტაციისთვის: თელავში – 1000 ლარი, დედოფლისწყაროში – 500 ლარი, რუსთავსა და ბათუმში – 2500.

„მთავრობამ ეს რეგულაცია შემოიღო 2018 წლის მარტის თვეში, მანამდე კი ასეთი დიფერენცირებული (კოეფიციენტებზე დამოკიდებული) საფასური არ არსებობდა, ყველა კომპანიისათვის დაწესებული იყო მომსახურების ერთნაირი საფასური. გასათვალისწინებელია, რომ სახელმწიფო/აკრედიტაციის ცენტრი ყველა კომპანიას ერთნაირ მომსახურებას უწევს, შესაბამისად დამატებითი ხარჯებიც არ აქვს (მაგ.: განაცხადის საფასურის მიღება). მთავრობამ ყოველგვარი დასაბუთებისა და გამჭვირვალე/გადამოწმებადი პროცედურების გარეშე დაადგინა საფასური, რაც წარმოადგენს საკუთრების უფლებაში არალეგიტიმურ, დაუსაბუთებელ შეჭრას,“ – ვკითხულობთ სარჩელში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: