სახელმწიფო აეროპორტებისთვის თერმულ კამერებს ყიდულობს – კორონავირუსის პრევენცია

შპს „საქართველოს საერთაშორისო აეროპორტების გაერთიანებამ“ აეროპორტებისთვის თერმული კამერებისა და თანმდევი მომსახურების დაჩქარებული წესით შესასყიდად, „გადაუდებელი აუცილებლობიდან“ გამომდინარე, თანხმობის მისაღებად შესყიდვების სააგენტოს დღეს, 27 თებერვალს მიმართა. გადაუდებელი აუცილებლობა კი კორონავირუსის საქართველოში შესაძლო შემოსვლასა და გავრცელებაზე ოპერატიული რეაგირების საჭიროებით ახსნა.

გაერთიანების ინფორმაციით, დაგეგმილია 4 ერთეული თერმული კამერის შეძენა თავისი აქსესუარებით და ინსტალაციით. კამერები დამონტაჟდება თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში.

შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე ატვირთული ინფორმაციით, „საქართველოს საერთაშორისო აეროპორტების გაერთიანება“ თერმულ კამერებს შპს „ენ თი ჯი ჯგუფისგან“ 135 365 ლარად შეისყიდის.

ხელშეკრულების თანახმად, კომპანია ვალდებულია, შემსყიდველის მოთხოვნიდან შვიდ სამუშაო დღეში, თერუმული აპარატები დაამონტაჟოს.

შპს „საქართველოს საერთაშორისო აეროპორტების გაერთიანება“ საქართველოს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებული ორგანიზაციაა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი