განათლება,მთავარი,სიახლეები

რა შემთხვევაში მიიღებს 1000-ლარიან სტიპენდიას აჭარაში მცხოვრები სტუდენტი

28.02.2020
რა შემთხვევაში მიიღებს 1000-ლარიან სტიპენდიას აჭარაში მცხოვრები სტუდენტი

სამინისტრო 1000-ლარიან ერთჯერად გრანტს აწესებს იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც საბუნებისმეტყველო და ტექნიკურ მეცნიერებებს აირჩევენ უმაღლეს სასწავლებელში, – უთხრეს „ბათუმელებს“ აჭარის განათლების სამინისტროში.

გარდა ზემოთ აღნიშნული პირობისა, სტუდენტი ათასლარიან დახმარებას მიიღებს იმ შემთხვევაში, თუ მისი ბოლო სემესტრის აკადემიური მოსწრების ქულა არის  81 პროცენტი და მეტი. პირობის მიხედვით, ასევე სტუდენტი  უნდა იყოს რეგისტრირებული აჭარის ტერიტორიაზე და სწავლობდეს ავტორიზებულ უმაღლეს სასწავლებელში.

სტუდენტი იმ შემთხვევაში მიიღებს 1000-ლარიან სტიპენდიას, თუ ის სწავლობს:

  •  ბიოლოგიურ და მასთან დაკავშირებულ მეცნიერებებს
  • გარემოს
  • ფიზიკური მეცნიერებებს
  • მათემატიკასა და სტატისტიკას
  •  ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიებს
  • ინჟინერიასა და საინჟინრო საქმეს
  • არქიტექტურასა და მშენებლობას

სტუდენტს, რომელიც ორივე პროგრამის კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, მას უფლება აქვს ორივე პროგრამაში შეიტანოს განაცხადი. თუმცა, უპირატესია სტუდენტთა დახმარების პროგრამა, რადგან ამ პროგრამის ფარგლებში სწავლა მთლიანად ფინანსდება. თუ სტუდენტი ამ პროგრამაში კონკურენციის გამო ვერ მოიპოვებს დაფინანსებას, ამის შემდეგ მას უფლება ეძლევა 1000-ლარიანი ერთჯერადი გრანტის მოპოვება სცადოს.

როგორც სამინისტროს განათლების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი მარინა პაქსაძე ამბობს, სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში სამინისტროს მხოლოდ 20 სტუდენტის დაფინანსება შეუძლია.

„თუ სტუდენტთა დახმარების პროგრამაში სტუდენტს გრანტი აქვს მოპოვებული, სტიპენდიის პროგრამაში მას აღარ განვიხილავთ და სხვებს ვაძლევთ უფლებას, რომ შემოვიდნენ. მაგალითად, ოქროსა და ვერცხლის მედალოსნებს შეუძლიათ შემოვიდნენ 1000-ლარიანი სტიპენდიის პროგრამაში.

არსებობს ისეთი სპეციალობები, რომლებსაც სახელმწიფო ისედაც აფინანსებს, მაგალითად, ბიოლოგები ბათუმის უნივერსიტეტშიც ფინანსდებიან და ჯავახიშვილშიც, თუმცა, სასტიპენდიო პროგრამაში მაინც შეუძლიათ მონაწილეობა“, – ამბობს მარინა პაქსაძე.

სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობისას პრიორიტეტი ენიჭებათ შემდეგი კატეგორიის სტუდენტებს:

სტუდენტებს, რომლებიც არიან ობოლი, მრავალშვილიანი ოჯახიდან, სოციალურად დაუცველი, შშმ  პირები, მარტოხელა მშობლის შვილები, ოქროს ან ვერცხლის მედალოსნები.

სასტიპენდიო პროგრამაზე სტუდენტებს განცხადების შეტანა 2020 წლის 20 მარტის ჩათვლით შეუძლიათ.

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან/ბსუ-ს ლაბორატორია

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: