„ტიტუშკების“ ორგანიზაციის ლეგალიზაცია ხდება… რეჟიმი გადადის ღია ტერორზე“ – ინტერვიუ

„რეჟიმი გადადის ღია, ოფიციალურ, პირდაპირ ტერორზე… ამას როდესაც ერთხელ დაუშვებ – სამთავრობო იქნება, თუ ოპოზიციური, რომ არსებობდეს მსგავსი ძალადობრივი გაერთიანება – ამით შენ, ფაქტობრივად, აანონსებ სამოქალაქო ომს. ეს აუცილებლად დიდ უბედურებამდე მიგიყვანს. ესაა ჩვენი უახლესი ისტორიის გამოცდილება.

სახელმწიფო, რომელიც ამას ითმენს, ძალიან საეჭვოა, რომ ის საერთოდ სახელმწიფოდ იქნას აღქმული,“ – მიიჩნევს ფილოსოფოსი გიორგი მაისურაძე, რომელსაც დღეს, 27 ივლისს შექმნილ სამოქალაქო მოძრაობაზე ვესაუბრეთ.

MMA-ს მებრძოლმა გიორგი ქართველიშვილმა, თავის რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად, რომელთა ვინაობაც არ დაუსახელებია და არც მათ გაუკეთებიათ რამე კომენტარი, მოძრაობა დააფუძნა და აანონსებს, რომ ტრადიციების, ღირებულებებისა და რელიგიის დაცვის საბაბით, ციხეში ჩაჯდომასაც არ მოერიდება, ანუ დანაშაულებრივ ქმედებებზე წავა.

სამართლებრივი რეაგირების ნაცვლად, „ოცნების“ ლიდერები ღიად ახალისებენ ჯგუფს, რომელიც განსხვავებულ აზრზე ძალადობას აანონსებს. სწორედ ამ თემაზე „ბათუმელებმა“ ფილოსოფოს გიორგი მაისურაძესთან ინტერვიუ ჩაწერა.

  • ბატონო გიორგი, „ოცნებასთან“ დაახლოებულმა ჯგუფმა დღეს დააანონსა მოძრაობის შექმნა და ადამიანებზე ძალადობა – „საჭიროების შემთხვევაში ციხეშიც კი წავალთო“. თქვენი აზრით, რასთან გვაქვს საქმე? ბევრს გაახსენა ამ ამბავმა „მორალის პოლიცია“, ირანის „გუშაგთა კორპუსი,“ ასევე ქართული „მხედრიონი“.

თქვენ ახსენეთ „მორალის პოლიცია“. როგორც ჩანს, „ქართული ოცნება“ დაადგა ზუსტად ირანულ მოდელს. ფაქტობრივად, სახეზე გვაქვს ძალადობრივი, შეიძლება ითქვას, ტერორისტული ორგანიზაციის დაფუძნება, რომელიც ხელშეწყობილია მმართველი პარტიის მიერ. თუ სახელმწიფოს ეს არ აწყობს და მისგან არ არის ინიციირებული, მას შეუძლია ეს პროცესი მომენტალურად აღკვეთოს – განცხადება, რომელიც ჩვენ დღეს მოვისმინეთ, ეწინააღმდეგება ქართულ კანონმდებლობას.

ამიტომ, სახელმწიფო ვალდებულია, აღკვეთოს დაუყოვნებლივ ასეთი ფორმირებების შექმნა. თუმცა, ჩვენ ვხედავთ პირიქით: ხელშეწყობას და წახალისებას უმაღლეს დონეებზე.

  • „ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ნინო წილოსანი ამბობდა: „ფიზიკური ანგარიშსწორება არ უნდა გახდეს ფორმა, რომლითაც დამნაშავეებს გაუსწორდებიან, მაგრამ არც იმის სურვილი მაქვს, რომ ყველამ ყველაფერი „გავატაროთო“…

ეს ოფიციალური წახალისებაა, სხვა არაფერი არ ჰქვია ამას.

მოძალადე სპორტსმენები გაერთიანდნენ, ადამიანები, რომლებსაც ინტელექტის ნასახი არ გააჩნიათ. რომელ ღირებულებებს შეიძლება იცავდეს ადამიანი, რომელსაც გონებრივი კავშირი არ აქვს არაფერთან: არც ტრადიციასთან, არც ეროვნულ ღირებულებებთან? საერთოდ, ღირებულება ინტელექტუალური ფორმაა.

როგორ შეიძლება უინტელექტოს მოსთხოვო, ან ის ითხოვდეს ღირებულების დაცვას? ღირებულებები იქმნება გონების, ინტელექტის, ცოდნის მეშვეობით და არა სადღეგრძელოებით, პარტიის დავალებით, ან ისე, რომ ეკლესიამ უთხრა, ან მამაომ მიუთითა რაღაც.

რეალურად, ჩვენ ვხედავთ იმას, რომ „ტიტუშკების“ ორგანიზაციის ლეგალიზაცია ხდება. ეს არის ოფიციალური „ტიტუშკური“ ორგანიზაცია…

ანალოგიები წარსულთან მეეჭვება, რადგან ჩვენ დამახინჯებული გვაქვს უახლოესი წარსული. ყველა პოლიტიკურ პარტიას და ორგანიზაციას თავისი შეიარაღებული ფორმირებები ჰყავდა. ახლა ყველაფერს ერთი სახელი დაერქვა. დღეს ეს არის მოძალადე ჯგუფების – „ტიტუშკების“ ლეგალიზება, მეტი არაფერი.

არ არსებობს აქ ღირებულებების დაცვა. ვიღაც მოძალადის დასაცავი თუ გასარკვევი არ არის, რა არის ღირებულება, ან არ არის ეროვნულობა. ისინი არიან ხორცის მასა, რომელსაც მიუქსევენ და შეასრულებინებენ დავალებებს ზემოდან. ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის ლეგალური ფორმის შექმნა.

ამასთან, „ოცნებამ“ უბოროტესი სამსახური გაუწია სპორტს და სპორტსმენებს. ფაქტობრივად, სპორტსმენი დღეს არის გონებისგან, სინდისისგან დაცლილი მასა, რომელიც მზადაა პარტიული დავალების შესაბამისი ფინანსური წახალისებით გამოვიდეს და იძალადოს.

დეპუტატი ჰქვია ადამიანს, რომელიც უმაღლესი კანონმდებელია, ამ დროს წერა-კითხვა არ იცის და, ფაქტობრივად, არის მართლაც მოძალადე ხორცის მასა. აი, ამ დონეზე დაიყვანა სპორტი „ქართულმა ოცნებამ“.

სპორტსმენი დღეს საქართველოში ასოცირდება ძალადობასთან, უტვინობასთან, უსინდისობასთან. ალბათ ძალიან დიდი დრო დასჭირდება იმას, რომ სპორტსმენების რეაბილიტაცია მოხდეს და არ იყოს ასეთი დასაცინი. ეს არის კლასიკური ნიმუში სპორტის ბოროტად გამოყენების. ამას აკეთებდნენ ნაციონალ-სოციალისტები, ფაშისტური პარტიები აკეთებდნენ და აკეთებენ დღესაც.

„ქართული ოცნება“ სწორედ დღევანდელ ნეოფაშისტურ იდეოლოგიურ მიმართულებაში მოიაზრებს საკუთარ თავს. ვინმე რამეს კი არ აბრალებს: მემარჯვენე პოპულიზმი იქნება, თუ მემარჯვენე რადიკალიზმი, ექსტრემიზმი, ნეოფაშიზმი თუ პოსტფაშიზმი – ამ ტერმინებს არ აქვს მნიშვნელობა. მთელს მსოფლიოშია მოდებული, როგორც დაავადება, ახალი ფაშიზმი და „ოცნება“ აკოპირებს ამ საერთაშორისო, ფაშისტურ მეთოდებს. ამ მოძრაობის ნაწილია აგრეთვე სპორტსმენების გამოყენება ძალადობისთვის.

  • ეს ქმნის სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს? როგორ უნდა დაიცვას თავი მოქალაქემ მოძალადე ჯგუფებისგან, როცა მათ ხელს უწყობს ხელისუფლება, რა ხდება ამ დროს?

უწყობს კი არა, ეს არის უკვე სამოქალაქო დაპირისპირების საკმაოდ ღია და გარეთ გამოტანილი ფორმის შექმნა.

როდესაც ძალადობრივ „ტიტუშკურ“ ორგანიზაციას ქმნი და მას ტრიბუნას უთმობ, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ იძალადოს ყველაზე, ვინც „ქართულ ოცნებას“ არ ეთანხმება, განზე დგას ან აკრიტიკებს, ფაქტობრივად, ჩვენ გვაქვს რაღაც ტერორისტულ ორგანიზაციასთან საქმე. ამ ძალადობას შსს კი არ ჩაიდენს, ან ოფიციალური ორგანოები, არამედ ასეთი ფორმირებები.

ამ გზით ლეგალურად მისცემენ მათ „სარგოს“ და არა რაღაც კონვერტებით, როგორც მანამდე ხდებოდა.

სახელმწიფო, რომელიც ამას ითმენს, ძალიან საეჭვოა, რომ ის საერთოდ სახელმწიფოდ იქნას აღქმული.

  • მკაფიოა თქვენთვის ივანიშვილის განზრახვა – ის თვლის, რომ ამჯერად ამ გზით მოახერხებს ხალხის დაშინებას და პროტესტის ჩახშობას? 

დიახ, ამის დანახვა ხომ ძალიან მარტივია?!

ის სამი მოძალადე, რომელიც დახვდა, მაგალითად, ონისე ოქრიაშვილს და ფიზიკურად გაუსწორდა, მართლა ვინმეს სჯერა, რომ ისინი ნოდარ დუმბაძის ხსოვნას იცავდნენ? საერთოდ გაგონილი თუ ჰქონდათ, ვინ არის ნოდარ დუმბაძე? სამი წინადადება წაკითხული ჰქონდათ ნოდარ დუმბაძის რომელიმე ნაწარმოებიდან?

როცა საუბარია თითქოს ეროვნული ღირებულებების დაცვაზე, ნათელია, რომ აქ არაფრის დაცვაზე არ არის ლაპარაკი – ეს არის ძალადობის ექსცესების მოწყობა, რომ ეს ჯგუფი მიუქსიონ ვიღაცებს.

ის ფაქტიც, რომ ოქრიაშვილზე თავდამსხმელი გამოუშვეს 5 ათასი ლარი გირაოს სანაცვლოდ, გვაჩვენებს, რომ ისინი ასრულებდნენ მმართველის გუნდის დავალებას.

ასე რომ, რეჟიმი გადადის ღია, ოფიციალურ, პირდაპირ ტერორზე.

  • რა შემთხვევაში მუშაობს ეს რეჟიმის სასარგებლოდ და როდის ვერ მუშაობს, რას აჩვენებს გამოცდილება? 

ჩვენ ისტორიაში გვაქვს ასეთი გამოცდილება: ყველა პოლიტიკურ დაჯგუფებას თავისი შეიარაღებული ფორმირება ჰყავდა და ამან ბუნებრივად მიგიყვანა სამოქალაქო ომამდე და კატასტროფამდე.

ამას როდესაც ერთხელ დაუშვებ – სამთავრობო იქნება, თუ ოპოზიციური, რომ არსებობდეს მსგავსი ძალადობრივი გაერთიანება, ამით შენ, ფაქტობრივად, აანონსებ სამოქალაქო ომს. ეს აუცილებლად დიდ უბედურებამდე მიგიყვანს. ესაა ჩვენი, საკუთარი, უახლესი ისტორიის გამოცდილება.

უკვე მივდივართ ტერორისტული რეჟიმის შექმნამდე… დღეს ფეისბუქპოსტზე ციხეში უშვებენ ადამიანებს, რაზეა ლაპარაკი? ეს რეალობა მივიღეთ საქართველოში. დიქტატურა უკვე დამყარებულია. ახლა რეჟიმი უფრო და უფრო მეტად ძალადობრივი ხდება.

___

ამ თემაზე:

ძალადობა ტრადიციების სახელით? — რა დააანონსა MMA-ს მებრძოლმა

რუსული სანქცირებული კომპანიის რეკლამები ბათუმის ავტობუსებზე – რა კითხვებს არ პასუხობს მერია და „ალმა“

ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებზე რუსული, დასანქცირებული ონლაინ სავაჭრო კომპანიის, „ვაილდბერიზის“ რეკლამებია განთავსებული. მუნიციპალურ ავტობუსებს „ბათუმის ავტოტრანსპორტი“ განაგებს. თავის მხრივ, ეს კომპანია ბათუმის მერიას, ანუ სახელმწიფოს ეკუთვნის.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა „ბათუმის ავტოტრანსპორტს“ და ჰკითხა, თუ რატომ განათავსეს რუსული, ამავე დროს სანქცირებული კომპანიის რეკლამები ავტობუსებზე და რამდენი ხნით არის განთავსებული?

როგორც „ბათუმის ავტოტრანსპორტში“ გვითხრეს, მუნიციპალურ ავტობუსებზე სარეკლამო მასალის განთავსება, იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემული აქვს სარეკლამო კომპანია „ალმას“, რომელიც ფაქტობრივად მონოპოლიას ფლობს ბათუმის ბაზარზე.

„სარეკლამო შინაარსის შეთანხმება არ ხდება ჩვენთან“, – აცხადებენ ბათუმის ავტოტრანსპორტში.

მათ ვერ მოგვაწოდეს ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რამდენ ავტობუსზეა რუსული კომპანიის რეკლამა განთავსებული და რამდენი ხნით.

„ბათუმელებმა“ დღეს, 27 ივლისს, ბათუმის ქუჩებში გადაიღო ავტობუსები რუსული კომპანის რეკლამით.

ვიდეო:

დავუკავშირდით შპს „ალმასაც“ – მათ ვკითხეთ, როდის მიმართა ვაილდბერიზმა „ალმას“ რეკლამისთვის, რამდენი ხნით არის განთავსებული მათი რეკლამები ბათუმის ავტობუსებზე, რამდენ ლარს იხდიან სანქცირებული კომპანიისგან მიღებული შემოსავლებით ბათუმის ბიუჯეტში და რადგან „ვაილდბერიზი“ დასანქცირებულია იმის გამო, რომ ის უკრაინის წინააღმდეგ ომში ეხმარება კრემლს, სამხედრო დანიშნულების მასალების მიწოდებაში, ხომ არ შეუქმნის ეს ფაქტი მათ რაიმე პრობლემას მომავალში?

კომპანიაში თავიდან დაგვპირდნენ, რომ კომენტარს გაგვიკეთებდნენ ამ საკითხზე, თუმცა შემდეგ, „ბათუმელების“ ზარებს აღარ უპასუხეს.

„სარეკლამო მასალის შინაარსი მუნიციპალიტეტთან არ თანხმდება. ამასთან, კომპანია ვალდებულია დაიცვას „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნები.

იმ შემთხვევაში, თუ არსებობს კანონით გათვალისწინებული ნორმების დარღვევის საფუძველი, შესაბამისი რეაგირება მუნიციპალიტეტის კომპეტენციის ფარგლებში მუნიციპალური ინსპექციის მიერ ხორციელდება.

სხვა სამართლებრივი მექანიზმი და კომპეტენცია მუნიციპალიტეტს, მოქმედი კანონმდებლობით არ გააჩნია“, – მოგვწერეს მერიიდან.

დაზუსტებისთვის მერიას ვკითხეთ, „კანონით გათვალისწინებული ნორმების დარღვევის საფუძველში“ რა იგულისხმება? ასევე, როცა კომპანია დასანქცირებულია, მასთან თანამშრომლობას ზღუდავს თუ არა არსებული კანონი?

გარდა ამისა, მერიას ვკითხეთ, თუ რეკლამის შინაარსში არ ერევიან, მისცემენ თუ არა „ალმას“ უფლებას ავტობუსებზე განათავსოს, მაგალითად, ამ შინაარსის ბანერი – „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“, „თავისუფლება სინდისის პატიმრებს“?

მერიაში ამ კითხვებს არ უპასუხეს. „ალმას მიმართეთ ამ შეკითხვებით“, – მოგვწერეს მერიიდან.

___

რაც შეეხება რუსულ კომპანია ვაილდბერიზს, ის რუსული უმსხვილესი ონლაინ სავაჭრო ქსელია. ბოლო რამდენიმე დღეა, უკრაინის სამხედროებმა იერიში მიიტანეს მათ ოფისებზე რუსეთში. კომპანიის ოფისები დაიბომბა მოსკოვში, სანქტ-პეტერბურგში და სხვა ქალაქებში.

რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, Wildberrries აშშ-მა, პოლონეთმა და უკრაინამ დაასანქცირა უკრაინის წინააღმდეგ ომში, რუსეთის დახმარებისთვის. სანქციების პირობებშიც კი, Wildberries-ი ხშირად გამოიყენებოდა, როგორც არხი იმ საქონლის რეალიზაციისთვის, რომელიც რუსეთში აღარ უნდა შედიოდეს, მაგრამ მესამე ქვეყნების გავლით მაინც ხვდება ამ კომპანიის საწყობებში.

ამ პლატფორმაზე მასობრივად იყიდება დრონები, თერმული ვიზორები, ჯავშანჟილეტები, ტაქტიკური ტანსაცმელი და კავშირგაბმულობის საშუალებები.

ბოლო ერთი წელია, ამ დასანქცირებულმა კომპანიამ აქტიურად დაიწყო საქართველოში ოფისების გახსნა. ყველაზე მეტი ოფისი გახსნილი აქვს თბილისსა და ბათუმში.

____________

მთავარი ფოტო: ვაილდბერიზის რეკლამები ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებზე/ფოტო: ბათუმელები.

____________

ამ თემაზე:

როგორ ხსნის დასანქცირებული რუსული Wildberries ოფისებს საქართველოში

ბათუმში „მაგნოლიას“ რეაბილიტაციის პროექტზე კონკურსი ხელახლა გამოაცხადეს

ბათუმში, საცხოვრებელი კორპუს „მაგნოლიას“ რეაბილიტაციისთვის დეტალური პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის მომზადებაზე საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა კონკურსი ხელახლა გამოაცხადა. 

წინა კონკურსი, სადაც წინადადებების მიღება 2026 წლის 16 ივლისს დასრულდა, არ შედგა. შესყიდვების პორტალის მიხედვით კონკურსში მონაწილეობა არავინ მიიღო.

ხელახალი კონკურსიც 2,5 მილიონი ლარითაა გამოცხადებული [დღგ-ს გარეშე]. წინადადებების მიღება კი, ამჯერად 2026 წლის 19 აგვისტოს დაიწყება და 24 აგვისტოს დასრულდება.

საკონკურსო პირობები/ტექნიკური დოკუმენტაციაც ფაქტობრივად არ შეცვლილა.

კონკურსში გამარჯვებულის ძირითადი მოვალეობები ნახეთ ამ ბმულზე:

გამწვანების ფართობის შემცირება და კ2-ის გაზრდა – კომპანიის გეგმები „ლუჟკოვის სახლის“ ადგილას

 

 

10 000 ლარი და სამკერდე ნიშანი – სუს-ში „სამსახურის ეროვნული ჯილდო“ დააწესეს

„ოცნების“ მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში [სუს] „მოსამსახურის დღე“ და „სამსახურის ეროვნული ჯილდო“ დააწესეს. ჯილდო სამკერდე ნიშანს და ფულად გასაცემელს მოიცავს 10 ათასი ლარის ოდენობით.

ირაკლი კობახიძემ 2026 წლის 24 ივლისს მოაწერა ხელი შესაბამის დადგენილებებს, რომლებიც 21 ივლისიდან ამოქმედდა.

სუს-ში „ხელფასისა [თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების] და ხელფასზე [ფულად სარგოზე] დანამატის ოდენობების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში შეტანილი ცვლილებით, აღნიშნულ წესს დაემატა შემდეგი პუნქტი:

„სამსახურის მოსამსახურეს გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისათვის ან/და სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისათვის ან/და სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესების დაცვაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის, რამაც ხელი შეუწყო სამსახურის მუშაობის საერთო ეფექტიანობას, შესაძლებელია, მიეცეს სამსახურის სამკერდე ნიშანი – „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ეროვნული ჯილდო“ და მასთან ერთად ერთდროული ფულადი გასაცემელი – 10 000 ლარის ოდენობით.“

სუს-ის უფროსის 2026 წლის 24 ივლისის ახალი ბრძანებით კი ცვლილებები შევიდა „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სამკერდე ნიშნის, მედალიონისა და მედლის ნიმუშებისა და აღნიშნული სამკერდე ნიშნით, მედალიონითა და მედლით დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში.

ცვლილების მიხედვით:

„სამსახურის სამკერდე ნიშნით – „ღირსეული სამსახურისათვის“ ჯილდოვდებიან სამსახურის მოსამსახურეები, რომლებიც ხასიათდებიან დადებითად და წარმატებით ასრულებენ სამსახურებრივ მოვალეობებს. პირის დაჯილდოება „ღირსეული სამსახურისათვის“ ხდება მხოლოდ იმ ხარისხის სამკერდე ნიშნით, რომელიც შეესაბამება წელთა ნამსახურობას (5 წელი, 10 წელი, 15 წელი, 20 წელი) დაჯილდოების დღისათვის.

სამსახურის სამკერდე ნიშნით – „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ეროვნული ჯილდო“ ჯილდოვდებიან სამსახურის მოსამსახურეები გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისათვის ან/და სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისათვის ან/და სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესების დაცვაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის, რამაც ხელი შეუწყო სამსახურის მუშაობის საერთო ეფექტიანობას. ამ პუნქტით გათვალისწინებულ სამსახურის სამკერდე ნიშანთან ერთად პირს ეძლევა ერთდროული ფულადი გასაცემელი 10 000 ლარის ოდენობით.

სამკერდე ნიშნბის – „ღირსეული სამსახურისათვის“ და „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ეროვნული ჯილდო“ ჩამორთმევა ხდება სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტის საფუძველზე, დაჯილდოებულის მიერ უხეში დისციპლინური გადაცდომის ან დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში“.

სუს-ის უფროსის ბრძანებიდან

მთავრობის დადგენილებით, ცვლილება შევიდა სუს-ის დებულებაშიც და დაემატა შემდეგი პუნქტი:

„დაწესდეს სამსახურის მოსამსახურის დღე და აღინიშნოს ყოველი წლის 1 აგვისტოს.“

აღსანიშნავია, რომ სუს-ი მიმდინარე წლის 1-ელ აგვისტოს საზეიმო ღონისძიების ჩატარებას გეგმავს სამსახურის დაარსების დღესთან დაკავშირებით.

ვინაიდან პირველი აგვისტო უკვე სუს-ის „მოსამსახურის დღეცაა“ და ჯილდოც დაწესებულია, ალბათ „გამოჩენილ“ სუს-ელებს ამ ზეიმზე დააჯილდოებენ კიდეც.

საზეიმო ღონისძიების ორგანიზებაში კი, სუს-ი ტენდერის გარეშე, 80 ათას ლარს დახარჯავს.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 22 ივლისის განკარგულებაში აღნიშნულია, რომ „დაკმაყოფილდეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მომართვა და შემსყიდველ ორგანიზაციას მიეცეს თანხმობა, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით შესყიდვის დასადგენად მიმართოს საქართველოს მთავრობას.“

ამ თემაზე:

სუს-ში დაარსების დღე უნდა იზეიმონ, რაშიც 80 ათას ლარს უტენდეროდ ხარჯავენ

 

 

 

„დაასანქცირე ქართული ოცნება” – „პლატფორმა 2025“-ის განცხადება

ორგანიზაცია „პლატფორმა 2025“ მოუწოდებს მოქალაქეებს, სამოქალაქო ჯგუფებს, პოლიტიკურ პარტიებსა და ემიგრანტებს, ერთობლივად მიმართონ დასავლეთის ქვეყნების მთავრობებს პროპაგანდისტული მედიასაშუალებების ჟურნალისტებისა და მენეჯერების დასანქცირების მოთხოვნით.

„ბათუმელები“ სრულად გთავაზობთ განცხადებით ტექსტს, რომელიც „პლატფორმა 2025-მა“ დღეს, 27 ივლისს გამოაქვეყნა.

„მივმართავთ საქართველოს ყველა დემოკრატიულ ძალას – სამოქალაქო ორგანიზაციებს და ჯგუფებს, პოლიტიკურ პარტიებს, საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეთა გაერთიანებებს და ცალკეულ მოქალაქეებს, რომლებიც აქტიურად უპირისპირდებიან ანტიქართულ და ანტიჰუმანურ პოლიტიკურ ძალას „ქართულ ოცნებას” და მიიჩნევენ, რომ საქართველოს განვითარება შესაძლებელია მხოლოდ ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში სრულფასოვანი ინტეგრაციის გზით – გავზარდოთ ჩვენს შორის თანამშრომლობა!

ამ წინადადების მიზანია მაქსიმალური ეფექტის მიღწევა როგორც ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერის, ასევე საქართველოს მოქალაქეთა მობილიზაციის თვალსაზრისით.

არ ითანამშრომლო, დაასანქცირე, გაასამართლე „ქართული ოცნება” – ეს არის ჩვენი მთავარი გზავნილი დასავლეთის ქვეყნების მთავრობებისა და საზოგადოებების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ.

გამოვდივართ კონკრეტული წინადადებით: ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში მომზადდეს „ქართული ოცნების” პროპაგანდისტული მედიების ჟურნალისტების, პროდიუსერებისა და მენეჯერების სია და მათი დასანქცირების თხოვნით ერთობლივად მიეწოდოს დასავლეთის ქვეყნების მთავრობებსა და ევროკავშირს.

ამასთანავე, გამოვდივართ მეორე წინადადებით, რომ სამოქალაქო ჯგუფებისა და პოლიტიკური პარტიების მიერ უკვე შემუშავებული სასანქციო წინადადებების პაკეტები გაერთიანდეს და კოორდინირებული ძალისხმევით გაგრძელდეს მათ მხარდაჭერაზე მუშაობა.

დამატებით გვსურს გაგიზიაროთ ჩვენი მოსაზრება ერთ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით. პლატფორმა 2025-მა, სხვა ემიგრანტულ და სამოქალაქო ჯგუფებთან ერთად, მოამზადა სასანქციო წინადადებების პაკეტი, რომელიც უკვე მიწოდებულია დასავლეთის ქვეყნების მთავრობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის და რომელშიც შედის „ქართული ოცნების” 300-მდე საკვანძო ან/და აქტიური წევრი და მხარდამჭერის მონაცემები. ეს სია მოიცავს პოლიტიკური თანამდებობის პირებს, მოსამართლეებს, პროპაგანდისტებს, ე.წ. სასამართლო სისტემის თანამშრომლებს, ცრუმოწმეებს, ტიტუშკებს.

ჩვენ ამ სიას ვუწოდებთ „მზიას სიას”, რადგან მიგვაჩნია, რომ მზია ამაღლობელი ჩვენი ბრძოლის გამორჩეული მორალური და ამავე დროს გამაერთიანებელი და რეალური სიმბოლოა, რომლის ბრძოლა და თავგანწირვა, ასევე მის წინააღმდეგ რეპრესიული რეჟიმის გაუგონარი ძალადობა ფართოდაა ცნობილი საერთაშორისო პოლიტიკურ და მედია წრეებში.

„მზიას სიის” სახელდება სასანქციო პაკეტისთვის დასავლეთისთვისაც მნიშვნელოვანი გზავნილი იქნება – დასავლეთი არასოდეს შეეგუება ჟურნალისტების, ქალებისა და აქტივისტების დევნასა და ძალადობას, არასოდეს შეურიგდება ავტოკრატიულ მმართველობას, რომელიც ძალადობრივი გზით ცდილობს ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებას და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების სისტემურ და სისტემატურ ხელყოფას“ – აცხადებს „პლატფორმა 2025“.

„პლატფორმა 2025“ არის გაერთიანება, რომელიც აქტიურად თანამშრომლობს პროდასავლურ ორგანიზაციებთან და მიზნად ისახავს საქართველოში არსებული პოლიტიკური რეპრესიების წინააღმდეგ საერთაშორისო საზოგადოების ორგანიზებას.

„პოლიცია აგრძელებს მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა უსაფუძვლო დაკავებას“ – საია

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმიანება, 26 ივლისს, შსს-ს მიერ აქციაზე დემონსტრანტების დაკავებას.

ორგანიზაციის განცხადებით, პოლიცია მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა უსაფუძვლო დაკავებას და შეკრების თავისუფლების უხეშ დარღვევას აგრძელებს.

„2026 წლის 26 ივლისს, თბილისში აქტივისტი თორნიკე თოშხუა დააკავეს არაძალადობრივი, მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებით დაცული გამოხატვით სარგებლობისას. მოგვიანებით, ასევე დააკავეს თბილისის საკრებულოსთან მის მხარდასაჭერად მისული ათამდე დემონსტრანტი.

გავრცელებულ კადრებში დემონსტრანტების მხრიდან რაიმე სახის ძალადობრივი ქმედება ან წესრიგის დამრღვევი ისეთი ქცევა, რომელიც მათ დაკავებას ან მათზე ამგვარ ძალადობას გაამართლებდა, არ ჩანს. ამასთან, დემონსტრანტისთვის პოლიციელის მხრიდან სახეში ხელის გარტყმა იმგვარი ქმედებაა, რაც არაადამიანური / დამამცირებელი მოპყრობის ზღვარს აღწევს. ეს ქმედება საპოლიციო სისტემაში ძალადობის ნორმალიზების და სისტემურობის კიდევ ერთი შემთხვევაა.

შსს-მ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს გამოხატვის და შეკრების უფლებით სარგებლობისთვის დაკავებული პირები და შეწყვიტოს მშვიდობიანი დემონსტრანტების უკანონო დევნა.

აქციების ამგვარი ფორმით დაშლა არა მხოლოდ უკანონობა, არამედ, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულია – შეკრების ან მანიფესტაციის მოწყობის ანდა მასში მონაწილეობის უფლების განხორციელებისათვის უკანონოდ ხელის შეშლა (სსკ მუხლი 161)“ – წერს საია.

  • რა ხდება?

26 ივლისს, თბილისში, აქტივისტ თორნიკე თოშხუას მხარდასაჭერად გამართულ აქციაზე, პოლიციამ 10-მდე მოქალაქე დააკავა.

თავად თორნიკე თოშხუა დაახლოებით ნახევარი საათით ადრე დააკავეს, საკრებულოს შენობასთან გაშლილი საპროტესტო პლაკატის გამო, რომელზეც ეწერა: „ბიძინა ყ***? კი – არა“.

თორნიკე თოშხუას დაკავების შემდეგ, მის მხარდასაჭერად მოქალაქეები მალევე საკრებულოს შენობასთან შეიკრიბნენ და იმავე წარწერის მქონე პლაკატები გაშალეს.

პოლიციამ აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყო. ერთმანეთის მიყოლებით დააკავეს 9 მოქალაქე, მათ შორის: ია მელითაური, ლაშა დგებუაძე, მარიამ მეყანწიშვილი, ვასო ბერიძე, სანდრო სეხნიაშვილი, მარინე ნანავა, შაკო ბაღდოშვილი, თორნიკე ტიკარიძე და ნატო ბოლქვაძე.

სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოებში ასევე ჩანს დაკავებისას როგორ ურტყამს პოლიციის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, დავით მამაგეიშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტ სანდრო სეხნიაშვილს ხელს.

ამავე თემაზე: 

საკრებულოსთან სოლიდარობის ნიშნად გაშლილი ბანერის გამო 10-მდე მოქალაქე დააკავეს

 

“Is Bidzina a D*ck?” – 10 Detained in Tbilisi Over Handwritten Posters Supporting Free Speech

On 26 July, ten people were detained in Tbilisi after displaying handwritten protest posters in support of freedom of speech and in protest against censorship detentions.

The arrests came less than a week after Georgian journalist Vakho Sanaia was ordered to 14 days of administrative detention over Facebook posts that the Ministry of Internal Affairs (MIA) said insulted members of the ruling Georgian Dream party.

Activist Tornike Toshkhua staged a one-person protest outside the Tbilisi City Council building, holding a handwritten sign reading “Is Bidzina a d**k? Yes. No.”

The handwritten sign took the form of a simple yes-or-no poll, using only the Georgian male first name “Bidzina”, the same first name as Georgian Dream founder, oligarch Bidzina Ivanishvili, without explicitly referring to any specific person.

Within minutes, several police officers approached Toshkhua, placed him in a police vehicle and took him away. The detention was livestreamed on Facebook by activist Luka Khizadze.

The Ministry of Internal Affairs told Netgazeti that Toshkhua had been detained under Article 166 of Georgia’s Code of Administrative Offences, which covers petty hooliganism.

Following Toshkhua’s arrest, supporters gathered outside the City Council building carrying posters bearing the same text. Police subsequently detained nine more demonstrators: Ia Melitauri, Lasha Dgebuadze, Mariam Mekantsishvili, Vaso Beridze, Sandro Sekhniashvili, Marine Nanava, Shako Baghdoshvili, Tornike Tikaridze and Nato Bolkvadze.

Videos shared on social media also appear to show senior police official Davit Mamageishvili striking Ilia State University student Sandro Sekhniashvili in face during his arrest.

Social media users reacted to the arrests by drawing parallels with Russia. Many recalled incidents in which Russian police detained people over a piece of paper bearing the word “Khuilo” without explicitly naming anyone.

Several users also pointed to the irony of Toshkhua’s detention, noting that his sign was phrased as a question rather than a statement and did not explicitly identify any individual.

“Even setting aside the fact that it was a question rather than a statement, there are plenty of people named Bidzina. It’s just like the old joke from Russia, where a detainee argued that ‘Khuilo’ was a general term and not directed at Putin, only to be told: ‘We all know who Khuilo is.'”

In a statement, the Ministry of Internal Affairs said:

“Officers of the Patrol Police Department of the Ministry of Internal Affairs detained ten individuals in the vicinity of the Tbilisi City Council building who were displaying offensive banners in a public space. In addition, they were using insulting language, disrupting public order and resisting law enforcement officers. The individuals were detained under Articles 166 and 173 of the Code of Administrative Offences.”

Article 166 of the Code of Administrative Offences relates to petty hooliganism, while Article 173 concerns failure to comply with a lawful order issued by a law enforcement officer. The offences are punishable by a fine or by administrative detention for up to 60 days.


Tornike Toshkhua was previously arrested together with Mindia Shervashidze on 16 August 2025. The two were accused of acting in a group violence against Beka Gotsiridze. Toshkhua spent approximately one year in prison before the Court of Appeal reduced his sentence, leading to his release on 1 July.

პარლამენტში კითხვის დასმა ისჯება – „გამჭვირვალობა საქართველოს“ განცხადება

პარლამენტში კითხვის დასმა ისჯება – ახალი წესით, დეპუტატისთვის არასასურველი კითხვის დასმის გამო, ჟურნალისტს პარლამენტში აკრედიტაცია შეიძლება შეუწყდეს“- აცხადებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“.

ჟურნალიტების დევნასთა დაკავშირებით, განცადება დღეს, 27 ივლისს გააკეთა ორგანიზაციამ.

„დეპუტატებისთვის კრიტიკული კითხვების დასმის გამო, ბოლო ორი თვის განმავლობაში, საპარლამენტო აკრედიტაციები გააუქმეს ან/და საკანონმდებლო ორგანოში ჟურნალისტური საქმიანობა შეუზღუდეს კრიტიკული  მედიის 15-მდე წარმომადგენელს.

ეს, ბუნებრივია, მნიშვნელოვნად აფერხებს საზოგადოების ჯეროვან ინფორმირებას საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე პროცესების შესახებ“-აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“.

მათი შეფასებით, „ქართული ოცნება“ აგრძელებს დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიის საქმიანობის სხვადასხვა ფორმით შეზღუდვას და ამისთვის სახელმწიფო ინსტიტუციებისა და მისი გავლენის ქვეშ მყოფი ორგანოების გამოყენებას.

„29 ივნისს, დეპუტატისთვის კითხვების დასმის გამო, პარლამენტში საქმიანობა 1 წლით შეუჩერეს „ტელეკომპანია პირველის“ საგამოძიებო გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათის“ ჟურნალისტს, ნატალია ქაჯაიას. ჟურნალისტმა „ქართული ოცნების“ დეპუტატის, გურამ მაჭარაშვილისგან აინტერესებდა, თუ როგორ მოხვდა მისი მეუღლე სააფთიაქო ქსელ „ავერსიდან“ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირენელ კომისიაში, მას შემდეგ, რაც მაჭარაშვილი „ქართული ოცნების“ გუნდს შეუერთდა.

23 ივნისს, აგრეთვე დეპუტატისთვის შეკითხვების დასმის გამო, პარლამენტში აკრედიტაცია 6 თვით შეუჩერდა ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტს, ნინი ბალანჩივაძეს. იგი „ოცნების“ დეპუტატებს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის თაობაზე არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ მოგებული საქმის შესახებ უსვამდა კითხვას.

22 ივნისს, იმავე მიზეზით, საპარლამენტო აკრედიტაცია 1 თვის ვადით შეუჩერეს აგრეთვე „ნოდარ მელაძის შაბათის“ ჟურნალისტს, მაკა ანდრონიკაშვილს. ჟურნალისტმა „ქართული ოცნების“ დეპუტატებს ჰკითხა, თუ რა მისიით ჩამოდიან მათთან ჩეჩნეთის რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტის, რამზან კადიროვის „დაჯგუფების“ წევრები და ჩამოაქვთ თუ არა მათთან ოქრო არალეგალური გზებით.

8 ივნისს, იმავე მიზეზით პარლამენტში ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელება 6 თვით აეკრძალა „ნოდარ მელაძის შაბათის“ კიდევ ერთ ჟურნალისტს, მაკა ჩიხლაძეს. ჟურნალისტს „ოცნების“ დეპუტატებისგან აინტერესებდა, თუ რატომ არ აქვთ მათ ზოგიერთ თანაგუნდელს – მაგალითად, ეკა ჭიჭინაძეს – წარდგენილი პარლამენტში უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

მანამდე, მაისის თვეში, საპარლამენტო აკრედიტაციები ვადაზე ადრე გააუქმეს ონლაინგამოცემა „პუბლიკასა“ და საგამოძიებო სტუდია „მონიტორის“ ჟურნალისტებს. მათ საკანონმდებლო ორგანოში 4-4 აკრედიტებული ჟურნალისტი ჰყავდათ. საპარლამენტო აკრედიტაციების გაუქმების მიზეზად ბოლო 10 კვირის განმავლობაში საკანონმდებლო ორგანოში ჟურნალისტების არყოფნა დასახელდა.

ამასთან, 26 ივნისს, პარლამენტში „ქართული ოცნების“ პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის ანგარიშის გასაშუქბელად, ონლაინგამოცემა „პუბლიკას“ ჟურნალისტს, მინდია გაბაძეს არც ერთჯერადი საშვი მისცეს“.

რას გულისხმობს საპარლამენტო აკრედიტაცია?

საკანონმდებლო ორგანოში აკრედიტაციის ახალი წესი „ქართულმა ოცნებამ“ 2023 წლის თებერვალში შეიმუშავა, რის საფუძველზეც, მედიის წარმომადგენლებს პარლამენტში ქცევის წესები განუსაზღვრა. ერთ-ერთი პუნქტის თანახმად, „პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუზე უარის შემთხვევაში“ ჟურნალისტმა ინტერვიუ უნდა შეწყვიტოს. სწორედ აღნიშნული ნორმა აქცია „ქართულმა ოცნებამ“ კრიტიკულ კითხვებზე თავის არიდების, აგრეთვე კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების დასჯის მექანიზმად. ნორმაზე მითითებით, ბოლო წლების განმავლობაში, საპარლამენტო აკრედიტაცია სხვადასხვა ვადით შეუჩერეს და საკანონმდელო ორგანოში საქამიანობა შეუზღუდეს კრიტიკული მედიის ათობით წარმომადგენელს.

საგულისხმოა, რომ 2026 წლის მაისში, მას შემდეგ, რაც ეროპარლამენტმა ბრიტანეთის მხრიდან სანქცირებული პროპაგანდისტული, პროსამთავრობო „იმედს“ აკრედიტაცია ერთი წლით შეუჩერა, „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ისინი საქართველოს პარლამენტში აკრედიტაციის წესსაც გადახედავდნენ. რაც იმთავითვე კრიტიკული მედიისადმი მუქარად იქნა აღქმული. დაპირებიდან მალევე, დაახლოებით 1 თვეში, „ქართულმა ოცნებამ“ აკრედიტაციის წესი მართლაც შეცვალა და მისი დარღვევისთვის სანქციები კიდევ უფრო გაამკაცრა. კერძოდ:

აკრედიტაციის წესის განმეორებითი დარღვევისთვის ჟურნალისტისთვის აკრედიტაციის შეჩერების 6-თვიანი ვადა 1 წლამდე გაზარდა.

„დარღვევის სიმძიმისა და სიხშირის გათვალისწინებით“, საპარლამენტო აკრედიტაცია, შესაძლოა, არა მხოლოდ კონკრეტულ ჟურნალისტს, არამედ იმ მედიასაც გაუუქმდეს, რომელსაც იგი წარმოადგენს.

პირველი დარღვევის შემთხვევაში, ჟურნალისტს აკრედიტაცია 1 თვით უჩერდება.

„გამჭვირვალობა-საქართველოს“ შეფასებით, „წლებია, „ქართულ ოცნებას“ მიზანში ჰყავს ამოღებული დამოუკიდებელი, კრიტიკული მედია, რომელიც ამხელს ყველა იმ დანაშაულებრივ სქემასა თუ კორუფციულ გარიგებებს, რომლებთანაც მმართველი გუნდისა და მათთან დაკავშირებული პირების სავარაუდო ჩართულობა ან/და კავშირები იკვეთება.

„ოცნების“ გუნდს დისკოფორტს უქმნის ამგვარი თემების გარშემო დასმული ნებისმიერი კითხვა და მათზე პასუხების თავიდან არიდების მიზნით, ის კრიტიკული მედიის გასაჩუმებლად აქტიურად იყენებს მისი გავლენების ქვეშ მყოფ ინსტიტუციებს, რომელთაც ნაცვლად იმისა, რომ საზოგადოების ინტერესებს ემსახურებოდნენ, პარტიული დანამატის ფუნქცია აქვთ შეთავსებული და კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის ძალაუფლების შენარჩუნების სამსახურში გვევლინებიან.

ჩინოვნიკებს უნდა ახსოვდეთ, რომ  ისინი რიგითი მოქალაქეეების გადასახადებით ფინანსდებიან და ვალდებულნი არიან უპასუხონ მათ მიმართ არსებულ ყველაზე მწვავე კითხვასაც კი. ამდენად, დაუშვებელია საკანონმდებლო ორგანოში არსებული ფორმალური წესების ბოროტად გამოყენება და მნიშვნელოვანი საკითხების გარშემო კითხვების დასმის აკრძლვის ინსტრუმენად გადაქცევა.

დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლებისთვის, რომლებსაც ისედაც შეზღუდული რესურსების პირობებში უწევთ პროფესიული მოვალების შესრულება, კრიტიკულად მნიშვნელოვანია საკანონმდებლო ორგანოში სრულფასოვნად მუშაობისა და კითხვების დასმის შესაძლებლობით სარგებლობა, მით უფრო, იმ ფონზე, როდესაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები უარს ამბობენ მათთან სხვა ფორმატებში თანამშრომლობაზე, თავის მხრივ კი – ასევე „ოცნების“ გავლენის ქვეშ მყოფი კომუნიკაციების კომისია მათ ბალანსის დარღვევისთვის სოლიდურ ფინანსურ სანქციებს უწესებს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ სოლიდარულია ყველა იმ ჟურნალისტის მიმართ, რომელიც ბოლო წლებში ხელისუფლების მხრიდან შექმნილი მტრული სამუშაო გარემოს მიუხედავად, კეთილსინდისიერად ასრულებს მის მოვალეობას და ინარჩუნებს პროფესიულ ღირსებას“-აცხადებს „გამჭვირვალობა“.

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 27 ივლისის 21 საათიდან 28 ივლისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან მუნიციპალიტეტებში:

  • დღისით: 26 – 31 გრადუსი სითბო
    ღამით: 15 – 20 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში:

  • დღისით: 15  – 20 გრადუსი სითბო
    ღამით: 6 – 11 გრადუსი სითბო

ზღვის ღელვა 2-3 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა +26 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 29 ივლისს აჭარაში ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, მომდევნო 2 დღეს კი – უმეტესად უნალექო ამინდი.

რუსი ოფიცრის „გაქცევა“ თურქეთში – რას იხსენებს 88 წლის პედაგოგი კირნათიდან

88 წლის პედაგოგი, ზურაბ წითელაძე საკუთარი სახლის ეზოდან გაჰყურებს იმ სოფელს, რომელსაც ადრე ზედა მარადიდი ერქვა, შემდეგ კი მურათლი დაურქმევიათ. ზედა მარადიდი მურათლი მას შემდეგ გახდა, რაც ერთი სოფლის ორ უბანს შორის სახელმწიფო საზღვარი გავიდა – ზედა ნაწილი თურქეთში, ქვედა კი საბჭოთა საქართველოს შემადგენლობაში მოექცა.

აი, რას იხსენებს ზურაბ წითელაძე:

  • ცხოვრება საბჭოთა საზღვართან

„კომუნისტური პარტიის წევრებს დიდი პრივილეგიები ჰქონდენ – სამსახურზე, მთავრობაში და ა.შ. როდესაც გავხდი სტუდენტი – მესამე კურსზე ვიყავი თუ მეორეზე ზუსტად არ მახსოვს, ვიფიქრე, პარტიაში შევალ-მეთქი და არ მიმიღეს. განცხადება დავწერე, პასუხი არ მომცეს. მეორეჯერ რომ მოვიკითხე, შენი კომუნისტურ პარტიაში შესვლა არ შეიძლებაო, მიპასუხეს – მამიდები გყავს თურქეთშიო. ესე იგი, უნდო ვიყავი“, – გვიყვება ზურაბ წითელაძე.

  • საშვის აღება საკუთარ სახლში მისასვლელად

ზურაბ წითელაძე გვიყვება, რომ საბჭოთა კავშირის დროს, საზღვრისპირა სოფლებში თავისუფლად შესვლა მხოლოდ იქ მცხოვრებთ შეეძლოთ, სხვები კი მხოლოდ სპეციალური საშვებით შედიოდნენ. სოფელ აჭარისწყალთან იყო სასაზღვრო შლაგბაუმი, სადაც ყველა გამვლელ-გამომვლელს ამოწმებდნენ.

ის იხსენებს პერიოდს, როცა ბათუმში ცხოვრობდა და სახლში, სადაც დაიბადა და გაიზარდა, საშვის გარეშე არ უშვებდნენ.

ხალხი დაჩაგრეს რუსებმა, მონა-მორჩილი გახადეს - 88 წლის კაცი კირნათიდან

„აჭარისწყალზე შლამბაო იყო [რუს. შლაგბაუმი – სასაზღვრო ბარიერი]. ან პროპუსკი [რუს. საშვი] უნდა გქონოდა, ან აქაურ მცხოვრები უნდა ყოფილიყავი და პასპორტით გამოივლიდი-გეივლიდი. ჩავლაიც გსინჯავდა, ამოვლაიც. ქალაქში თუ ცხოვრობდი, ოფიციალურად, მილიციიდან პროპუსკი გინდოდა. მილიცია გაძლევდა კომენდანტურასთან შეთანხმებით – ვის შეეძლო გასულიყო საზღვარზე?! ყველას არც უშვებდნენ. მაგ მომენტში მეც მოვხვდი: ჯარიდან რომ ჩამოვედი, ქალაქში ჩევეწერე და უპროპუსკოთ დედაჩემთან ვერ მოვდიოდი“, – ამბობს ზურაბ წითელაძე.

  • რუსი ოფიცრის „გაქცევა“ თურქეთში

ის იხსენებს შემთხვევას, როცა თურქეთში გაიქცა არა ადგილობრივი, არამედ რუსი ოფიცერი, რომელიც სოფელ კირნათში საზღვრის დასაცავად იყო გამწესებული. ზურაბ წითელაძის თქმით, მოგვიანებით გაირკვა, რომ რუსი ჯარისკაცის თურქეთში გაქცევა კომუნისტური მთავრობს დაგეგმილი სცენარი ყოფილა. ამ გეგმას კირნათელი კაცის, თუფან შოთიძის თავისუფლების 10 წელი შეეწირა.

„კირნათის სკოლაში დირექტორად მუშაობდა თუფან შოთიძე. მიდიოდა სკოლისკენ და შეხვდა ოფიცერი, რუსი. დეილაპარაკის, ხელი ჩამოართვეს. მეორე დღეს დეიჭირეს მაგი – თუფანაი. რატომ? იმიტომ, რომ იმ ლაპარაკის შემდეგ, ეს ოფიცერი მოაჯდა ცხენზე, გავარდა და გედევდა თურქეთში. აქეთიდან დააყარეს ტყვიები რუსებმა, კომუნისტებმა, მაგრამ ვითომ ვერ დაატანესო. სინამდვილეში პირდაპირ არ ისვროდნენ. იქიდანაც დახვდნენ, დეიჭირეს, წეიყვანეს.

მერე და მერე გამომჟღავნდა, რომ გაგზვანილი იყო კომუნისტების მიერ. ავტომატით ტყვიები იმიტომ დააყარეს, რომ იქ ემუშავა [ჯაშუშად]. ეს დაამტკიცა წითელაძე ახმედ ბიძამ – მოსკოვში გამოფენაზე იყო და ის ოფიცერი კაცი იცნა. დაბრუნებულიყო. იცნა, მარა ვერ დაელაპარაკა ამან – შიში ჰქონდა. ვინმეს ვერ დეელაპარაკებოდი. იმანაც მიყურა, მეც ვუყურეო და ისე დავცილდით ერთმანეთსო“, – გვიყვება ის.

თუფან შოთიძე 10 წლით დაუპატიმრებიათ იმის გამო, რომ რუსი ოფიცრის „გაქცევამდე“ მასთან ლაპარაკში შენიშნეს.

„ახალდაქორწინებული იყო მაშინ თუფანაი“ – სინანულით ამბობს ზურაბ წითელაძე.

ციხიდან გათავისუფლების შემდეგ თუფან შოთიძეს განაჩენი გაუსაჩივრებია. ციხეში გატარებულ 10 წელს უკან ვერ დაუბრუნებდნენ, ამიტომ ეს პერიოდი სამუშაო სტაჟში ჩაუთვალეს.

ვრცლად ზურაბის ისტორია:

88 წლის კაცის ისტორია საზღვრის პირას ცხოვრებაზე, საბჭოთა რეპრესიებსა და მომავლის იმედზე

სპილენძის სადენების ქურდობისთვის 4 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე გამავალი  სარკინიგზო მაგისტრალიდან, ჩამოჭრეს და ფარულად დაეუფლნენ 300 მეტრამდე სპილენძის სადენს.

„სამართალდამცველებმა ბრალდებულები იმ დროს დააკავეს, როდესაც ნაქურდალ სადენებს ავტომობილში ტვირთავდნენ“ – იუწყება შსს.

საქართველოს რკინიგზის სპილენძის სადენები ნივთმტკიცებაა ამოღებული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

27 ივლისის მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 27 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 440 580 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 590. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 12 225 ერთეული [+8]
  • ჯავშანტექნიკა – 25 032 ერთეული [+13]
  • საარტილერიო სისტემა – 46 831 ერთეული [+37]
  • MLRS – 1 969 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 519 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 439 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 354 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 429 555 ერთეული [+1 269]
  • სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 2 038 ერთეული [+7]
  • გემი/ნავი – 34 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 126 302 ერთეული [+491]
  • სპეცტექნიკა – 4 472 ერთეული [+7]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 950 ერთეული [+6]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

1 ლარად და პირობით – სანაპიროზე, ბლექ სი არენასთან, 2.4 ჰექტარ მიწას აუქციონზე ყიდიან

ქონების ეროვნული სააგენტო შეკვეთილში, „ბლექ სი არენას“ წინ, ზღვის მხარეს, ორ მიწის ნაკვეთს, ჯამში 2 ჰექტარზე მეტს [24 999 კვ.მეტრი] სიმბოლურ ფასად – 1 ლარად და პირობით ყიდის. აუქციონი 15 ივლისს გამოაცხადეს და 29 ივლისს უნდა დასრულდეს.

მიწის ნაკვეთის კონკრეტული პირობებით გაყიდვაზე „ოცნების“ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ 8 ივლისს გამოსცა განკარგულება, 15 ივლისს კი ქონების ეროვნულმა სააგენტომ ის ელექტრონულ აუქციონზე  გასაყიდად გაიტანა.

გაყიდვის ფასი სიმბოლური, 1 ლარია, ბიჯი 5000 ლარი, საგარანტიო თანხა 491 000 ლარი.

პირობის მიხედვით, მყიდველმა ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 3 წელში, პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, შესყიდული ტერიტორიიდან არანაკლებ 5000 კვ.მეტრზე არანაკლებ 7 956 000  ლარის დანახარჯი უნდა გასწიოს შპს „სთარინგ ჯორჯიასთან“ შეთანხმებული კონცეფციის შესაბამისად [„სთარინგ ჯორჯია“ სახელმწიფოს შპს-ა].

პირობების მიხედვით, მყიდველმა არანაკლებ 4000 კვ.მეტრზე უნდა ააშენოს შენობა, სადაც იქნება 65 ერთეული [შესაძლოა არ შემოიფარგლებოდეს], არანაკლებ 30 კვ.მეტრი შიდა სივრცის მქონე აპარტამენტები ინდივიდუალური სველი წერტილებითა და სამზარეულო კუთხით, 6 ერთეული არანაკლებ 60 კვ.მეტრი და 1 ერთეულ 40 კვ.მეტრი [შიდა სივრცე] ფართობის მქონე აპარტამენტი ან სასტუმრო ნომერი, იმავე განაშენიანებით.

არანაკლებ 800 კვ.მეტრ საერთო სარგებლობის ფართობს, რომელიც მოიცავს არანაკლებ 100 ადამიანზე გათვლილ საკონფერენციო დარბაზს, კაფეტერიასა და არანაკლებ 50 ადამიანზე გათვლილ სამუშაო სივრცეს.

შემსყიდველს დაევალება შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღების უზრუნველყოფა.

მყიდველმა უნდა აიღოს ასევე ვალდებულება მშენებლობის დასრულებიდან 12 თვეში, მაგრამ არაუგვიანეს შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 48 თვისა, უზრუნველყოს  რემონტის დასრულება, შემდეგ კი არაუმეტეს 1  თვის ვადაში ეს ქონება სახელმწიფოს გადასცეს [საუბარია ზემოთ მითითებულ შენობაზე].

მყიდველს ასევე დაევალება, შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 6 წელში, პირადად ან მესამე პირის მეშვეობით გადაცემული ტერიტორიის განვითარება. ეს მოიცავს, მაგრამ შესაძლოა, არ შემოიფარგლებოდეს არანაკლებ 100 ნომრის მქონე ჰოსტელის, სასტუმროს ან აპარტამენტის, სპორტულ-გამაჯანსაღებელი სივრცის, ღია სივრცეების მქონე კვების ობიექტების, საბავშვო სივრცისა და შინაური ცხოველებისთვის განკუთვნილი სივრცის შექმნა-მოწყობას და კანონმდებლობით დადგენილი წესით შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღებას.

ამ  ვალდებულების შესრულების მიზნით, მყიდველმა, პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, არანაკლებ 3 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს, დამატებული ღირებულების გადასახადის გათვალისწინების გარეშე.

მყიდველი ვალდებულია საპრივატიზებო პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებამდე, სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში, წარადგინოს არანაკლებ 300 000 ლარის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის ვადაც პროექტის ჩაბარების ვადას 4 თვით უნდა აღემატებოდეს.

ბათუმში ბავშვს მანქანა დაეჯახა

ბათუმში, გორგასლის ქუჩაზე, 7 წლის ბავშვს ავტომანქანა დაეჯახა. თვითმხილველის ინფორმაციით, ბავშვი დედასთან ერთად იმყოფებოდა. ის სასწრაფო დახმარების მანქანამ კლინიკაში გადაიყვანა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, ბავშვი მსუბუქად დაშავდა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გამოძიება დაიწყო 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

დღესვე, „მთავარის“ ინფორმაციით, კლინიკაში გარდაიცვალა კახეთში ავარიის შედეგად დაშავებული 29 წლის ქალი.

ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს, 26 ივლისს, ყვარელში, ალაზნის ხიდთან მოხდა – ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 4 პირი დაშავდა, მათ შორის 2 არასრულწლოვანი და ქალი, რომელიც კლინიკაში დაიღუპა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.

დღეს, კიდევ ერთი ავარია მოხდა ქუთაისი – ზესტაფონის გზაზე. ავარიის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა, დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა კლინიკებში გადაიყვანეს.

„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, დაშავებულები ტურისტები არიან და თბილისიდან დასავლეთის მიმართულებით მიემგზავრებოდნენ.

ავარია ბათუმში მსხვერპლით დასრულდა გუშინაც – ტურისტების მიკროავტობუსს მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. დაიღუპა 2 ადამიანი.

მონდომებულები და უფრო მონდომებულები – „ოცნებას“ ყველაზე მეტი 2026 წელსაც ისევ აჭარიდან შესწირეს

საქართველოში მოქმედი ბიზნესი არასაარჩევნო წელსაც არ წყვეტს სიმპათიისა და კმაყოფილების ფინანსური მხარდაჭერით გამოხატვას მმართველი პარტიის მიმართ.

ბიზნესმენები აჭარიდან ისევ აქტიურობენ, შეიძლება ითქვას, რომ „ოცნების“ ყულაბა არასაარჩევნო წელსაც აჭარიდან ივსება, შემწირველებს შორის არიან მონდომებულები და უფრო მონდომებულებიც. 2026 წელს 5 თვეში „ოცნებამ“ შემოწირულობის სახით 3 მილიონ ლარზე მეტი მიღო, ამდენს ოპოზიციური პარტიები მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში ვერ აგროვებენ.

„უფრო მონდომებულებს შორის“ შეგვიძლია დავასახელოთ მაგალითად ჰიპერმარკეტ „ნოვას“ თანამფლობელები, რომელთა შენატანი არასაარჩევნო წელს, მმართველი პარტიის ბიუჯეტში, 200 000 ლარზე მეტია, საერთო ჯამში კი წლების მიხედვით მილიონ ლარს აღწევს.

2026 წლის აპრილში ჰიპერმარკეტ „ნოვას“ თანამფლობელმა ჯემალ ბოლქვაძემ „ოცნებას“ 60 000 ლარი შესწირა, იმავე დღეს მმართველი პარტიის ანგარიშზე თანხები ჩარიცხეს მისმა პარტნიორებმაც, რამაზ ირემაძემ 54 000 ლარი, ჯემალ ანთაძემ 50 000 ლარი, ზვიად აბულაძემ 60 000 ლარი, ემზარ ირემაძემ კი 54 000 ლარი. ეს, ჯამში, 218 000 ლარია.

„ნოვას“ მფლობელმა „ოცნების“ ანგარიშზე 152 000 ლარი შეიტანეს გასულ წელსაც. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ კი „ნოვას“ მფლობელმა – ჯემალ ბოლქვაძემ, ზვიად აბულაძემ და ჯემალ ანთაძემ „ოცნებას“ 300 000 ლარი შესწირეს.

„ნოვა“ ბაზარზე სამშენებლო მასალებისა და ავეჯის აქსესუარების ერთ-ერთი მსხვილი მიმწოდებელია.

საერთო ჯამი 2012 წლიდან დღემდე, ჯემალ ანთაძის შენატანი „ოცნების“ ანგარიშზე, 235 000 ლარია, რამაზ ირემაძეს 225 000 ლარი აქვს ჩარიცხული, ზვიად აბულაძეს 252 000, ჯემალ ბოლქვაძის შენატანი 250 000 ლარია, ემზარ ირემაძემ კი 223 000 ლარი ჩარიცხა „ოცნების“ ანგარიშზე – ეს ჯამში 1 მილიონ 185 000 ლარია.

2026 წლის აპრილში „ოცნებას“ 50 000 ლარი შესწირა ბიზნესმენმა ლაშა ბალაძემ. საერთო ჯამში კი, სამშენებლო კომპანია „გუმბათის“ დამფუძნებლის შენატანი მმართველი პარტიის ანგარიშზე 2021 წლიდან დღემდე 290 000 ლარია.

სამშენებლო კომპანია „ალიანსის“ დამფუძნებლის შვილმა „ოცნებას“ 2026 წლის მარტში 60 000 ლარი შესწირა,  ნანა ბიწაძემ კი 15 000 ლარი. საერთო ჯამში თემურ ბიწაძის შენატანი „ოცნების“ ანგარიშზე 205 000 ლარია, ნანა ბიწაძის შენატანი კი 25 000 ლარი.

„ალიანის“ ბიზნესპარტნიორმა  ბესიკ ჟღენტმა „ ოცნებას“ 2026 წლის მარტში 60 000 ლარი შესწირა, სულ მისი შენატანი „ოცნების“ ანგარიშზე 300 000 ლარზე მეტია.

2026 წლის მაისში „ოცნებას“ 25-25 000 ლარი შესწირეს ბექა მანველიძემ და ბექა თვალაძემ, ისინი პარტნიორები არიან სამშენებლო ბიზნესში. გარდა ამისა, ბექა თვალაძე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, გიორგი მანველიძის ოჯახის ბიზნესპარტნიორია.

2026 წლის მარტში „ოცნებას“ 60 000 ლარი შესწირა გია ჭყონიამ – ის ამავე პარტიიდან საქართველოს პარლამენტში შევიდა 2024 წელს. რომ არაფერი ვთქვათ მის პარტნიორებზე, მხოლოდ ჭყონიას ნახევარ მილიონ ლარზე მეტი აქვს შეწირული „ოცნებისთვის“.

2026 წლის მაისში „ოცნებას“ 50 000 ლარი შესწირა ბიზნესმენმა ირაკლი ანანიძემ, ის სამშენებლო კომპანია „ამ დეველოპმენტის“ 50 პროცენტის მფლობელია.

60 000 ლარი შესწირა „ოცნებას“ ბიზნესმენმა აკაკი მგელაძემ, ის საბროკერო კომპანიების თანამფლობელია.

30 000 ლარი ჩარიცხა „ოცნების“ ანგარიშზე ნინო ვარშანიძემ – ისიც რამდენიმე კომპანიის თანამფლობლად ფიქსირდება.

88 წლის კაცის ისტორია საზღვრის პირას ცხოვრებაზე, საბჭოთა რეპრესიებსა და მომავლის იმედზე

„პირველი ქართული სკოლა ამ ხეობაში იმ სოფელში გახსნილა“, – გვეუბნება ზურაბ წითელაძე და მიგვითითებს დასახლებაზე, რომელიც მდინარის გაღმა ნაპირზე მოჩანს.

88 წლის პედაგოგი საკუთარი სახლის ეზოდან გაჰყურებს იმ სოფელს, რომელსაც ადრე ზედა მარადიდი ერქვა, შემდეგ კი მურათლი დაურქმევიათ.

ზედა მარადიდი მურათლი მას შემდეგ გახდა, რაც ერთი სოფლის ორ უბანს შორის სახელმწიფო საზღვარი გავიდა – ზედა ნაწილი თურქეთში, ქვედა კი საბჭოთა საქართველოს შემადგენლობაში მოექცა. საზღვრის საკითხი 1921 წლის ყარსის ხელშეკრულებით განისაზღვრა, თუმცა ზურაბ წითელაძე გვიყვება, რომ დაახლოებით 1928 წლამდე – „სანამ [საბჭოთა] მთავრობა კარგად ეეწყობოდა“ – სოფლებს შორის მიმოსვლა ჯერ კიდევ იყო შესაძლებელი.

კოლექტივიზაციის პროცესში საზღვრის კონტროლი უფრო და უფრო მკაცრდებოდა, თუმცა გამონაკლის შემთხვევებში მისი გადაკვეთა ისევ შესაძლებელი იყო – სახელმწიფო საზღვარმა ხომ არა მხოლოდ სოფელი, არამედ ოჯახები გაყო?!

ზურაბ წითელაძის თქმით, დედამ – როხსეთ ბაგრატიონმა 1920-30-იან წლებში ორჯერ გადაკვეთა საბჭოთა საზღვარი და თურქეთის ქართულ სოფელში, მულების სანახავად ჩავიდა. პედაგოგი გვიყვება, რომ მისი მამიდები, აიშე და ჰაჯერი, რომლებიც ოჯახებთან ერთად მდინარე ჭოროხის გაღმა ნაპირზე ცხოვრობდნენ, საზღვრის გავლების შემდეგ თურქეთის ტერიტორიაზე აღმოჩნდნენ. როსხეთ ბაგრატიონი იქ სწორედ მულების მიწვევით გადავიდა.

„მამიდები მყავდა გათხოვილი, ორივე. დედაჩემი რომ მოსულა – დედაჩემი 1928 წელს მოუყვანიათ – იქ მულებმა დაპატიჟეს და პროპუსკით [რუს. საშვი] გედევდა. ორჯერ ნამყოფი იყო დედაჩემი თურქეთში“, – გვეუბნება ზურაბ წითელაძე.

საბჭოთა რეპრესიული პოლიტიკის გაძლიერების შემდეგ, არა თუ საზღვრის გადაკვეთა, საზღვრისკენ გახედვაც კი აიკრძალა.

„ხელს ვერ გუუთითიებდი. მოსულ სტუმრებს აფრთხილებდნენ, რომ ხელი იმკენ არ გეიშვიროო. უშლიდნენ. ებრძოდნენ კომუნისტები“, – გვიხსნის ზურაბ წითელაძე.

უფრო მეტიც, მისი თქმით, სოფელში ამ თემაზე საუბარსაც კი უფრთხოდნენ – „აკრძალული იყო, ასეთი რამე არდა თქმულიყო“.

სოფელ მურათლის ხედი ზურაბ წითელაძის სახლიდან

ასე განსაჯეთ, თავად ზურაბ წითელაძემ მხოლოდ 15-16 წლის ასაკში გაიგო, რომ იმ საზღვრის მიღმა, რომლისკენ გახედვა და ზედმეტი ინტერესის გამოხატვაც ეკრძალებოდა, ქართველები, უფრო მეტიც, მისი ღვიძლი ნათესავები ცხოვრობდნენ.

„მე-10 კლასში ვიქნებოდი, დაახლოებით, დედაჩემმა რომ მითხრა, ნამყოფი ვარ იქო. პროპუსკით გადამიყვანეს და გადმომიყვანეს [ახალი რძალი] რომ ვიყავიო. მაშინ გავიგე, რომ ეს ტერიტორია საქართველოს ყოფილა. იქამდე ვიცოდი, რომ თურქები იყვნენ მაგენი. ვინ მეტყოდა?! ბაღანა ვიყავ“, – გვეუბნება ის.

  • ცხოვრება საბჭოთა საზღვართან

„კომუნისტური პარტიის წევრებს დიდი პრივილეგიები ჰქონდენ – სამსახურზე, მთავრობაში და ა.შ. როდესაც გავხდი სტუდენტი – მესამე კურსზე ვიყავი თუ მეორეზე ზუსტად არ მახსოვს, ვიფიქრე, პარტიაში შევალ-მეთქი და არ მიმიღეს. განცხადება დავწერე, პასუხი არ მომცეს. მეორეჯერ რომ მოვიკითხე, შენი კომუნისტურ პარტიაში შესვლა არ შეიძლებაო, მიპასუხეს – მამიდები გყავს თურქეთშიო. ესე იგი, უნდო ვიყავი“, – გვიყვება ზურაბ წითელაძე.

  • მთელი სოფლის გადასახლება

მისი თქმით, საბჭოთა ხელისუფლება არასანდოდ მიიჩნევოდა არა მხოლოდ მის ოჯახს, არამედ მთელ სოფელს. ამის მიზეზი კი საზღვრის პირას ცხოვრება იყო. ზურაბ წითელაძე გვიყვება ამბავს მშობლიური სოფლის, კირნათის მაღლა არსებულ დასახლებაზე – ოღლავზე, რომლის მოსახლეობა მთლიანად გადაასახლეს სხვაგან.

„ხალხის მიმართ ნდობა არ ჰქონდა მთავრობას. განსაკუთრებით საზღვარზე მცხოვრებლების მიმართ. რატომ იცი? გეტყვი მაგასაც: სოფელი ოღლავი გაგონილი გაქვს? სოფელში ჩამოდის მდინარე. იმ მდინარეზე წისქვილი იყო. აქედან ჩვენები ჩადიოდნენ, ოღლაველები, აფქვავდენ, იქიდან თურქები ჩამოდიოდნენ, ისინიც აფქვავდენ. ურთიერთკავშირი ჰქონდენ – ლაპარაკი, გაზეთს გადატანა, ასეთები ხდებოდა და მთელი სოფელი აასახლეს კომუნისტებმა 1945-1947 წლებში. კირნათიც შეიძლება ეესახლებიათ. სტალინი მოკვდა თვარა, საშიში იყო“, – ამბობს ზურაბ წითელაძე.

კომუნისტების შიში, რომ თუ საზღვრის პირას მცხოვრები მოსახლეობა „თავისუფალ ქვეყანაში“ გაქცევას შეეცდებოდა და ამას სხვებთან შედარებით მარტივად მოახერხებდა, მთლად უსაფუძვლოც არ იყო. წითელაძის თქმით, საბჭოთა კავშირის შექმნის პირველ წლებში არაერთი ადამიანი გაიქცა თურქეთში.

„აქედან გეიქცენ ცინცაძეები. გაბიტაძეებთან მკვლელობა მოუხდათ და გეიქცენ. ნახევარი მაჭახელი გაქცეულია და დარჩენილია დღემდე. არ უნდოდენ საბჭოთა კავშირი. თავისუფლება იყო იქ მეტი. ჩვენთან შეზღუდული იყვნენ. დამოკიდებული იყავი რუსებზე. თავისუფლად გავლის უფლება არ გქონდა“, – ამბობს ზურაბ ცინცაძე.

სოფელი შუშანეთი (კირნათის თემი)
  • რუსი ოფიცრის „გაქცევა“ თურქეთში

ის იხსენებს შემთხვევას, როცა თურქეთში გაიქცა არა ადგილობრივი, არამედ რუსი ოფიცერი, რომელიც სოფელ კირნათში საზღვრის დასაცავად იყო გამწესებული. ზურაბ წითელაძის თქმით, მოგვიანებით გაირკვა, რომ რუსი ჯარისკაცის თურქეთში გაქცევა კომუნისტური მთავრობს დაგეგმილი სცენარი ყოფილა. ამ გეგმას კირნათელი კაცის, თუფან შოთიძის თავისუფლების 10 წელი შეეწირა.

„კირნათის სკოლაში დირექტორად მუშაობდა თუფან შოთიძე. მიდიოდა სკოლისკენ და შეხვდა ოფიცერი, რუსი. დეილაპარაკის, ხელი ჩამოართვეს. მეორე დღეს დეიჭირეს მაგი – თუფანაი. რატომ? იმიტომ, რომ იმ ლაპარაკის შემდეგ, ეს ოფიცერი მოაჯდა ცხენზე, გავარდა და გედევდა თურქეთში. აქეთიდან დააყარეს ტყვიები რუსებმა, კომუნისტებმა, მაგრამ ვითომ ვერ დაატანესო. სინამდვილეში პირდაპირ არ ისვროდნენ. იქიდანაც დახვდნენ, დეიჭირეს, წეიყვანეს.

მერე და მერე გამომჟღავნდა, რომ გაგზვანილი იყო კომუნისტების მიერ. ავტომატით ტყვიები იმიტომ დააყარეს, რომ იქ ემუშავა [ჯაშუშად]. ეს დაამტკიცა წითელაძე ახმედ ბიძამ – მოსკოვში გამოფენაზე იყო და ის ოფიცერი კაცი იცნა. დაბრუნებულიყო. იცნა, მარა ვერ დაელაპარაკა ამან – შიში ჰქონდა. ვინმეს ვერ დეელაპარაკებოდი. იმანაც მიყურა, მეც ვუყურეო და ისე დავცილდით ერთმანეთსო“, – გვიყვება ის.

თუფან შოთიძე 10 წლით დაუპატიმრებიათ იმის გამო, რომ რუსი ოფიცრის „გაქცევამდე“ მასთან ლაპარაკში შენიშნეს.

„ახალდაქორწინებული იყო მაშინ თუფანაი“ – სინანულით ამბობს ზურაბ წითელაძე.

ციხიდან გათავისუფლების შემდეგ თუფან შოთიძეს განაჩენი გაუსაჩივრებია. ციხეში გატარებულ 10 წელს უკან ვერ დაუბრუნებდნენ, ამიტომ ეს პერიოდი სამუშაო სტაჟში ჩაუთვალეს.

  • გამოქცევა სამშობლოში

ზურაბ წითელაძემ მოგვიყვა ისტორია მამიდაშვილზე, რომელიც თურქეთიდან საბჭოთა საქართველოში გამოიქცა. მისი სურვილი იყო გარდაცვალების შემდეგ საქართველოში, ბიძას მიწაზე დაესაფლავებინათ. წლების შემდეგ, როცა საბჭოთა კავშირი დაინგრა და საზღვრები გაიხსნა, თურქეთიდან მის მოსაძებნად ძმა ჩამოვიდა, თუმცა უკვე გარდაცვლილი დახვდა.

„ერთ-ერთი მამიდაშვილი გამოიქცა იქიდან – თურქეთიდან გამოიქცა საბჭოთა კავშირში. მიზეზი მკვლელობის ამბავი იყო. მამა მუუკლეს თუ ბიძა, არ ვიცი. მანაც შური იძია და გამოიქცა. მამაჩემი ეპატრონა. ჯერ აქ ცხოვრობდა, კირნათში, მერე შოფრობა ისწავლა და მარადიდში, კოლმეურნეობის მანქანაზე დაჯდა. მერე ბათუმში გადაიბარგა.

იმან დამიბარა – მე რომ მოვკვდები, ტაიას [ბიძა დედის მხრიდან] მიწაში დამასაფლავეთო და ჩემი ძმის, მურადის სახლის თავზე დავასაფლავე. მისი ძმა იყო ჩემთან. სასაფლაოზე მივყვანე და ძმის საფლავი ვაჩვენე. სასაფლაოდან მიწა ეიღო, პლატოკში გაახვია და წეიღო. ახლა არაა ცოცხალი, მაშინაც მოხუცებული იყო“, – გვიყვება ზურაბ წითელაძე.

ზურაბ წითელაძე
  • საშვის აღება საკუთარ სახლში მისასვლელად

ზურაბ წითელაძე გვიყვება, რომ საბჭოთა კავშირის დროს, საზღვრისპირა სოფლებში თავისუფლად შესვლა მხოლოდ იქ მცხოვრებთ შეეძლოთ, სხვები კი მხოლოდ სპეციალური საშვებით შედიოდნენ. სოფელ აჭარისწყალთან იყო სასაზღვრო შლაგბაუმი, სადაც ყველა გამვლელ-გამომვლელს ამოწმებდნენ.

ის იხსენებს პერიოდს, როცა ბათუმში ცხოვრობდა და სახლში, სადაც დაიბადა და გაიზარდა, საშვის გარეშე არ უშვებდნენ.

„აჭარისწყალზე შლამბაო იყო [რუს. შლაგბაუმი – სასაზღვრო ბარიერი]. ან პროპუსკი [რუს. საშვი] უნდა გქონოდა, ან აქაურ მცხოვრები უნდა ყოფილიყავი და პასპორტით გამოივლიდი-გეივლიდი. ჩავლაიც გსინჯავდა, ამოვლაიც. ქალაქში თუ ცხოვრობდი, ოფიციალურად, მილიციიდან პროპუსკი გინდოდა. მილიცია გაძლევდა კომენდანტურასთან შეთანხმებით – ვის შეეძლო გასულიყო საზღვარზე?! ყველას არც უშვებდნენ. მაგ მომენტში მეც მოვხვდი: ჯარიდან რომ ჩამოვედი, ქალაქში ჩევეწერე და უპროპუსკოთ დედაჩემთან ვერ მოვდიოდი“, – ამბობს ზურაბ წითელაძე.

  • რეპრესიები

ისედაც შეზღუდვებით სავსე საბჭოთა კავშირში, მისი ოჯახი განსაკუთრებული კონტროლის ქვეშ იყო მამის წარსული საქმიანობის გამო. მამამ, შუქრი წითელაძემ, ჯერ სასულიერო განათლება მიიღო, შემდეგ კი გახდა ყადი – სასულიერო მსაჯული, დაახლოებით იგივე, რაც მოსამართლე. მეფის რუსეთის პერიოდში ის ქედის მაზრის ყადი იყო. გასაბჭოების შემდეგ, როგორც იმპერიის დროინდელი მოხელე, კომუნისტური წყობის მოწინააღმდეგედ შერაცხეს.

შუქრი წითელაძე დახვრეტას გადაურჩა, თუმცა მისი ოჯახი მძიმე რეპრესიების ქვეშ ცხოვრობდა.

„მე ძალიან ცუდი ბავშვობა მქონდა. მამა რეპრესირებული იყო და ჩვენ ყოველგვარი უფლება წართმეული გვქონდა. მახსოვს, მე-5 თუ მე-6 კლასში ვიყავი, შემოწმებაზე მოვიდნენ და დამმალეს – მე არ მქონდა უფლება, მესწავლა; მამაჩემს უფლება არ ჰქონდა დასწრებოდა მშობელთა კრებას.

მიზეზი – ძველი მთავრობის წარმომადგენელი იყო. კირნათი, აჭარისწყალი, მაჭახლის ხეობა შედიოდა ქედის მაზრაში, სადაც მამაჩემი იყო ყადი. ყადი ნიშნავს რაიონის სასამართლოს თავმჯდომარეს. რევოლუცია რომ მოხდა და თანდათანობით კომუნისტური პარტია მიიწევდა აღმა – ქედაში ავიდა, შუახევში ავიდა, ხულოში ავიდე, ორხელისუფლებიანობა რომ შეიქმნა ქედაში, მამაჩემი გამოიქცა. გამოიპარა. მაინც მოაკითხეს და დეიჭირეს“, – ამბობს ზურაბ წითელაძე.

მისი თქმით, დაკავების საფუძვლად პროკლამაციები გამოიყენეს, რომელიც თავადვე „ჩაუდეს“. შედეგ აწამეს, ბოლოს კი დახვრეტა მიუსაჯეს, რისგანაც სიმამრმა იხსნა.

„მამა გადაარჩინა სიმამრმა. შემთხვევით, მეგობარი ჰყავდა ჩეკისტებში – ახლა უსაფრთხოების სამსახურს ეძახიან, მაშინ ერქვა უშიშროება. თბილისში გადაყვანილ მამაჩემს, ჩაუსწრო და ჩამეიყვანა. მიუსწრო დახვრეტამდე. მანამდე აწვალეს – ბოდიში თქვენთან და კბილები დათხარეს, ბოთლზედ დასვეს მამაჩემი. გამოსატეხად, ვითომ. პროკლამაციები დაუდეს მამაჩემს. ბუხარში ჩამოუკიდეს. დასაჭერად რომ მოვიდნენ, სანამ მამას ბორკილებს გაუკეთებდნენ მანამდე ბუხარს ეცნენ და პროკლამაციები ჩამეიღეს. ასე დეიჭირეს მამაჩემი“, – გვიყვება ზურაბ წითელაძე.

შუქრი წითელაძე 1947 წელს გარდაიცვალა, ზურაბი მაშინ 10 წლისაც არ იყო. ოჯახი მამის გარდაცვალების შემდეგაც გრძნობდა წნეხს საბჭოთა ხელისუფლებისგან.

„სიმამრმა გადაარჩინა, სიცოცხლე შეუნარჩუნა, მაგრამ ხმა წაართვეს. კოლექტივში არ ვიყავით. მამა რომ მოკვდა, მერე შევედით კოლექტივში. ისიც წვალებით. არ გღებულობდნენ რაიონში. საოლქო კომიტეტის მდივანი იყო ბეჭვაია, სამეგრელოდან მოვლენილი, იმასთან მივიდა ბიძაჩემი, დედაჩემი წეიყვანა, ელაპარაკენ და ისე მიგვიღეს. მამა გადარჩა დახვრეტას, მაგრამ ცხოვრებისთვის ყოველგვარი უფლებები წართმეული ჰქონდა. მაგალითად, გადასახადს ორმაგს ვიხდიდით“, – იხსენებს ის.

მამის გარდაცვალებიდან დაახლოებით 30 წლის შემდეგ, 1970-იან წლებში ზურაბ წითელაძემ მისი რეაბილიტაცია შეძლო. საბჭოთა ხელისუფლებამ აღიარა, რომ ის უსამართლოდ იყო დასჯილი და შეზღუდული. პედაგოგს გული სწყდება, რომ ვერ მოიპოვა ოფიციალური მტკიცებულებები, რომლითაც დაადასტურებდა, რომ არა მხოლოდ მამა, არამედ მთელი მისი ოჯახი იყო რეპრესიების მსხვერპლი.

YouTube video player

  • საზღვრის გახსნა

საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, როცა დამოუკიდებელ საქართველოსა და თურქეთს შორის მიმოსვლა შესაძლებელი გახდა, ზურაბის ძმები, მურადი და ომერი საზღვარზე გადავიდნენ და მამიდების შთამომავლები მოძებნეს. ზურაბს გული სწყდება, რომ მამიდაშვილებმა მათთან კომუნიკაციისა და ნათესაური ურთიერთობების აღდგენის შესაძლებლობას დიდი ენთუზიაზმით არ შეხვდნენ.

„ჩემს მამიდებს შვილიშვილები და  შვილთაშვილები ჰყავთ. საზღვრები რომ გაიხსნა, ჩემი ძმები იყვნენ გადასულები. ქართული იციან, მარა გათურქებული არიან – ვინმეს არ ცნობენ, არ უნდებიან მიხვიდე-მოხვიდე, არ გვესტუმრნენ, ჩვენ ვესტუმრეთ – დიდი ყურადღება არ მოგვაქციეს. მეც დამაინტერესა, მაგრამ აგენი რომ იყვნენ და ყურადღება არ მიაქციეს, მეც არ ვისურვე გადასვლა. არ აინტერესებს კაცს და ძალით ხომ ვერაფერს იზამ?!”, – ამბობს ზურაბ წითელაძე.

საბჭოთა კავშირის დაშლას დადებით მოვლენად აფასებს. ბრაზობს მათზე, ვინც საბჭოთა წარსულს დადებითად იხსენიებენ.

„300 წელზე მეტი ოსმალებმა იბატონეს. მერე, რუსებმაც ბევრი გავლენა მოახდინეს. ხალხი დაჩაგრეს რუსებმა, მონა-მორჩილი გახადეს. მერე და მერე, ჩვენები კომუნისტურ პარტიაში შევდენ  – ორჯონიკიძე, ფილიპე მახარაძე, მაგენი … ქართველები წუუძღვენ რუსებს წინ და ორჯონიკიძემ და მახარაძემ შამეიყვანეს საქართველოში რუსები. ლენინს მიწერეს, თბილისის თავზე წითელი დროშა ფრიალებს, გაუმარჯოს საბჭოთა საქართველოსო.

ვიღაცები ამბობენ, კაი დრო იყოო. მაგას იმიტომ ფიქრობენ, რომ გაყიდეს საქართველო, გახდენ კომუნისტები და აწვალებდნენ ხალხს. ვისთვის იყო კაი? მათთვის“, – ამბობს 88 წლის კაცი.

  • 45 წელი სკოლაში და პენსიაზე გასვლა

ზურაბ წითელაძე თავისი კლასის გამოშვების ფოტოს გვაჩვენებს. „კირნათის საშუალო სკოლის პირველი გამოშვება“ – აწერია ფოტოს, რომელიც 1959 წელსაა გადაღებული. მასზე 30-მდე ადამიანია გამოსახული – მოსწავლეები, რომლებმაც პირველებმა დაასრულეს სოფელ კირნათის სკოლა და მათი მასწავლებლები.

„აქედან არცერთი აღარაა ცოცხალი ჩემ გარდა. მე ვარ ბოლო“, – გითხრა მას შემდეგ, რაც ყველას სახელი ჩამოგვითვალა და თითოეულ მათგანი გაიხსენა.

გაიხსენა, რომ სკოლაში სწავლისას „ჭვარტლიანი ლამპით ბუხარში შევძვრებოდი და გაკვეთილებს ვამზადებდი. აქეთ რომ გამომეტანა, ჭვარტლი მოედებოდა სახლ-კარს. გაჭირვება იყო”.

სკოლის დასრულების შემდეგ ჯარში წავიდა – 8 თვე აზერბაიჯანში, 2,5 წელი კი ურალში გაატარა. დაბრუნების შემდეგ ბათუმში დასახლდა, სადაც ჯერ სატვირთო მანქანის მძღოლად მუშაობდა, შემდეგ ბავშვთა პოლიკლინიკაში – იქაც მძღოლად. პარალელურად სწავლობდა ე.წ. დაუსწრებელ განყოფილებაში გეოგრაფიის ფაკულტეტზე, შემდეგ კი მშობლიურ სოფელში დაბრუნდა. 1979 წლიდან კირნათის თემში შემავალ, სოფელ შუშანეთის დაწყებით სკოლაში ასწავლიდა. 2019 წელს, 81 წლის ასაკში სწავლებას თავი დაანება და პენსიაზე გავიდა. სკოლაში, სადაც 45 წელი გაატარა, ახლა მისი შვილი ასწავლის.

„ჯერ ვიყავი რიგითი მასწავლებელი, მერე გამგე მასწავლებელი. ბოლოს დირექტორი და მერე პენსიაში გავედი“, – გვიხსნის ის.

პენსიაზე გასვლამდე სოფლის სამი თაობის მასწავლებელი იყო – ასწავლიდა მისი პირველი მოსწავლეების შვილიშვილებსაც. ფაქტობრივად, მთელი სოფელი მისი ყოფილი მოსწავლეა. ამის შესახებ საუბრისას გულისწყვეტა შეეტყო.

„მე სამი თაობა გამოვზარდე, მაგრამ ვინ გიფასებს ახლა?! ჩაბარდა ისტორიას. რამე დაგჭირდეს, მიხვალ – არა. რამე დახმარებას არ გიგიკეთებენ“, – გვითხრა მოკლედ. ამ თემაზე საუბრის გაგრძელება აღარ ისურვა.

გვითხრა, რომ ჰყავს 5 შვილი, 11 შვილიშვილი და 4 შვილთაშვილი. დროს ძირითადად სახლში და მის შემოგარენში ატარებს.

„ხანდახან ბაღჩაში ჩევპარები და მიშლიან“, – გაგვიმხილა სიცილით.

  • იმედი

ზურაბ წითელაძე ამბობს, რომ უკეთესი მომავლის შესაქმნელად ახალგაზრდებმა წარსულის გამოცდილება უნდა იცოდნენ. გვითხრა, რომ ამიტომ მოგვიყვა დეტალურად მისი ოჯახის და სოფლის ისტორია.

„მომავალმა თაობამ უნდა იცოდეს ვინ ვყავით, დღეს ვინ ვართ და ხვალ ვინ ვიქნებით. ამიტომაა საჭირო ისტორიის ცოდნა. ბევრი გარბის სოფლიდან. სულ არ მომწონს ეს. სოფელი საჭიროა. სოფელში უნდა იცხოვრო. სოფელმა გამზარდა მე. აქ დევბადე, აქ გევზარდე. დღეს დაცლილია. სოფელში რომ გაიარო და დეელაპარიკო, ვინმე არ არის. წასულია აქიდან ყველა, – ამბობს ზურაბ წითელაძე.

ზურაბ წითელაძე მხარს უჭერს საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირში და დაბეჯითებით გვეუბნება, რომ ეს აუცილებლად მოხდება.

„ევროპული ქვეყანა ჯობია. ყოველნაირად დაცულები ვიქნებით. დღეს საქართველო საშიშროების ქვეშაა. რუსებისგან, ძირითადად და თურქებისგან კიდევ. ევროპული ცხოვრება თავისუფალი ცხოვრებაა. დღეს ჩვენც თავისუფლება ვართ, დამოუკიდებელი ქვეყანა გვაქვს. მართალია, ჯერ სახელმწიფო არაა აწყობილი იმ დონეზე, რომ ევროპა მიიღოს, მაგრამ შევალთ, ევროპაში შევალთ, აუცილებლად“, – ამბობს 88 წლის ზურაბ წითელაძე.

ბატონი პაპუაშვილი ვახოს ფეისბუქ სტატუსის ეპითეტით გაახსენდებათ – მზია ამაღლობელი სანაიას დაკავებაზე

„როცა ცხოვრობ დიქტატორის განმტკიცების, ფეხის მოკიდების პირობებში, იქ აუცილებლად იქნება თავისუფალ ადამიანებზე ნადირობა და ამას ეროვნული მნიშვნელობის ამოცანადაც გამოგვიცხადებენ. მთავარია, არ შევეგუოთ და სასოწარკვეთას არ მივეცეთ.

ვახო სანაიას პოსტი ჩემთვის შესანიშნავი პროტესტი იყო სიტყვისა და აზროვნების წინააღმდეგ დაწყებული შეზღუდვების გამოხატვისთვის.

რომელ ტრიბუნასთან და რა სტატუსითაც არ უნდა წარსდგეს ბატონი პაპუაშვილი, ვახოს პატიმრობის განაჩენის შემდეგ, მჯერა, ყოველ ჯერზე, ვახოს ფეისბუქის სტატუსის ეპითეტით გაახსენდება ის საზოგადოებას.

თუ რეპრესიული კანონისთვის ვახოს პატიმრობა იყო სამართალი, მაშინ მოისმინეთ და შეირგეთ იმ ხალხის გულწრფელი ხმაც, რომელიც ისმის – დაილოცოს ქართული სიტყვის მადლი.

მადლობა ვახოს. როგორც მაყურებელი ველოდები მის გათავისუფლებას და ტელეეთერს“, – ამბობს მზია ამაღლობელი, რომელიც უკვე თითქმის 19 თვეა უკანონო პატიმრობაშია.

___

22 ივლისს, მოსამართლე ზვიად ცეკვავამ 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა „ფორმულას“ ჟურნალისტს, ვახო სანაიას, შალვა პაპუაშვილისა და ლადო ბოჟაძის სოციალურ ქსელში შეურაცხყოფის საბაბით.

ამბავი ლელაზე, რომელმაც 20 წლის ბიჭი ზღვაში დახრჩობას გადაარჩინა – „კამერა მივაწოდე, არაფერი მეტი“

„კამერა მივაწოდე, არაფერი მეტი, მალე მოვიდნენ ბიჭებიც და გამოვიყვანეთ“, – ასე გვიყვება ლელა ფარტენაძე ამბავს, რომელზეც საზოგადოება სოციალურ ქსელში აქტიურად წერს და გმირობას უწოდებს, ლელას კი – ამ ამბის გმირს.

ლელა ამბობს, რომ „კამერა მიაწოდა და არაფერი მეტი“, მაგრამ თვითმხილველები ფეისბუქზე წერენ, რომ ბიჭის გადარჩენას სხვებიც შეეცადნენ, მაგრამ „ამ გოგომ ყველაზე მეტად გარისკა.“

შემთხვევა საღამო ხანს, ბათუმის სანაპიროზე მოხდა, „სანრემოს“ მიმდებარედ 20 წლის ბიჭი ზღვაში ტივტივაზე ოდნავ შორს იყო გასული, ყვიროდა და შველას ითხოვდა.

ამ დროს სანაპიროზე იყო და სახლში წასასვლელად ემზადებოდა ლელა ფარტენაძე. ის მცირეწლოვან შვილთან, მულთან და მის შვილებთან ერთად იყო, როცა საფრთხეში ჩავარდნილი ბიჭის ხმა გაიგო.

ლელა არც კი დაფიქრებულა, დაუყოვნებლივ გადახტა წყალში, სწრაფად გაცურა და ე.წ. დამცავი კამერა მიუტანა მას, ბიჭი კამერას დაეყრდნო, ამ დროს მიუახლოვდნენ სხვებიც და ახალგაზრდა ნაპირზე უსაფრთხოდ გამოიყვანეს.

„ბავშვს ჩავაცვი, ის იყო წასვლას ვაპირებდით, როცა ხმა გავიგე. ცურვა კარგად ვიცი, ბათუმში გავიზარდე, ახლა თბილისში ვცხოვრობ, როცა დავოჯახდი იქ გადავედი.

მსგავსი შემთხვევა არასდროს მქონია, ერთადერთი, რაც ვიცი, არის ის, რომ პანიკაში მყოფ ადამიანს წყალში უკანა მხრიდან უნდა მოუახლოვდე, მხრებში უნდა მოკიდო ხელი, მე ეს არ დამჭირვებია, კამერა გავუტანე, მალევე კაცები მოვიდნენ და ისინი დაეხმარნენ, ერთად გამოვიყვანეთ.“

ლელას სიმამაცის ამბავი ფეისბუქზე  გავრცელდა. ლელა ამბობს, რომ ძალიან ბედნიერია, როცა ხალხი პოზიტიური კომენტარებით ეხმაურება მის ამბავს:

„იმდენი მეხმიანება და მლოცავს, როცა ამას ვკითხულობ, ძალიან ბედნიერი ვარ, მეც და ჩემს ოჯახიც. მეუღლეც ბედნიერია, ისიც კი არ უთქვამს – გარისკეო და ასე შემდეგ. მითხრა, ამხელაა მადლი რომ გააკეთე, ძალიან ბედნიერი ვარო. ყველას მადლიერი ვარ, ძალიან დიდი მადლობა“.

ლელა ფარტენაძე ოჯახთან ერთად

ლელას გადარჩენილი ბიჭის მამიდამ დაურეკა, უთხრა, რომ ბიჭი კარგად არის.

ლელა პროფესიით ექთანია, თუმცა ამ მიმართულებით არ მუშაობს, ახლა ბაგა-ბაღშია დასაქმებული.

ლელა  გვიყვება, რომ ბავშვობიდან ცურავს, თუმცა შორს გასვლას აღარ რისკავს: „ახლა უკვე პატარა მყავს, არ ვრისკავ“, თუმცა სხვის გადასარჩენად შორს გასვლაზე არ უყოყმანია.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 26 ივლისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 26 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 438 990 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 440. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 12 217 ერთეული [+9]
  • ჯავშანტექნიკა – 25 019 ერთეული [+8]
  • საარტილერიო სისტემა – 46 794 ერთეული [+70]
  • MLRS – 1 969 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 518 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 439 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 354 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 428 286 ერთეული [+1 450]
  • სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 2 031 ერთეული [+8]
  • გემი/ნავი – 34 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 125 811 ერთეული [+453]
  • სპეცტექნიკა – 4 465 ერთეული [+3]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 944 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

თოყაევმა პუტინს შესთავაზა, რომ უკრაინაში ომი გაიყინოს – „ეს უნდა შეჩერდეს.

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

გრიგოლ ბესელია M2-ის დაცვის უფროსად დაასაქმეს – TV „პირველი“

ტელეკომპანია „პირველის“ ინფორმაციით, აჭარის პოლიციის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ბესელია, რომელიც „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი და ცრუმოწმეა, სამსახურიდან წასვლის შემდეგ სამშენებლო კომპანია M2-ის დაცვის უფროსად დანიშნეს.

გრიგოლ ბესელიამ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის პოსტი 4 აპრილს დატოვა. 2025 წლის მაისში იგი ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, თეიმურაზ კუპატაძის მოადგილედ დანიშნეს, მალევე კი ამ თანამდებობიდანაც გაუშვეს.

ბოლო წლებში მის მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით, გრიგოლ ბესელია უძრავ ქონებას არ ფლობს. მას არც სახლი აქვს, არც ბინა და არც მანქანა. სამაგიეროდ, თბილისთან ახლოს მდებარე სოფელ ტაბახმელაში, პრესტიჟულ უბანში, სახლი აიშენა გრიგოლ ბესელიას დედამ, დალი წეროძემ.

სწორედ ამ სახლის აივანზე გადაიღო ის დღეს, 25 ივლისს „ტვ პირველმა“.

დალი წეროძე საკუთრებაში ფლობს მიწის ნაკვეთს ტაბახმელაში. რეესტრის ამონაწერის მიხედვით, დალი წეროძეს ეკუთვნის 530 კვ.მეტრი, გიორგი წეროძეს კი 670 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი. ორივე ნაკვეთზე ახალაშენებული სახლი დგას. თითოეული სახლის ფართობი 260 კვ.მეტრზე მეტია. ეს ნაკვეთი 2012 წელს ეკუთვნოდა კომპანიას, რომელიც კვიპროსშია დარეგისტრირებული.

გრიგოლ ბესელიამ დეკლარაციაში ცოლი არ ჩაწერა. დეკლარაციის მიხედვით, პოლიციის მაღალჩინოსანს „სულ არაფერი არა აქვს“, არც სახლი, არც მანქანა.

2024 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით კი [წინა დეკლარაციები არ იძებნება] ბესელიას თიბისი ბანკის ვალი ჰქონდა, 65 000 დოლარის იპოთეკური სესხი 2021 წელს აუღია და 2036 წლის ჩათვლით უნდა გადაეხადა. 2023 წელს გასავალში 63 212 13 USD მიუთითა.

მამა – ავთანდილ ბესელია ფლობს 3994 კვ.მეტრ მიწის ნაკვეთს სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსირში. ეს ნაკვეთი მან 2023 წელს სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში დაირეგისტრირა. ამ ნაკვეთთან ახლოს ის ფლობს კიდევ ორ ნაკვეთს, ერთი 659 კვ.მეტრია და ამ ნაკვეთზევეა განთავსებული ორსართულიანი სახლი, მეორე ნაკვეთი კი სახლისა და ეზოს მომიჯნავედ 2377 კვ.მეტრია.

ავთანდილ ბესელია ფლობს ასევე ბინას თბილისში, ბუდაპეშტის ქუჩაზე [91 კვ.მეტრი].

გრიგოლ ბესელია შინაგან საქმეთა სამინისტროში 2005 წლიდან მუშაობს. ის თავდაპირველად ფოთის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო, 2009 წლიდან კი, თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს უფროსად გადაიყვანეს.

ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, 2013 წელს, გრიგოლ ბესელია სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსად დანიშნეს, თუმცა ერთ წელში ის ისევ თბილისში დაბრუნდა. 2014 წლიდან გრიგოლ ბესელია თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილედ დანიშნეს. 2022 წლიდან კი აჭარის პოლიციის უფროსი იყო.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, გრიგოლ ბესელია ფლობდა ბინას თბილისში 118 კვ.მ-ს, ჭავჭავაძის გამზირზე, ახლა ეს ბინა მისი ყოფილი ცოლის, თამარ დოლიძის სახელზეა გადაფორმებული, ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე. ეს ბინა ბესელიას 2016 წელს უყიდია.

გრიგოლ ბესელია მზია ამაღლობელის საქმის ერთ-ერთი მთავარი მონაწილეა. გრიგოლ ბესელია და ბათუმის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, ირაკლი დგებუაძე უშუალოდ ხელმძღვანელობდნენ ბათუმში მიმდინარე პროევროპულ საპროტესტო აქციებზე პროტესტის მონაწილეების დაკავებასა და ცემას. სწორედ გრიგოლ ბესელიამ დააკავა მზია ამაღლობელი 2025 წლის 11 იანვარს სტიკერის გაკვრისთვის, თუმცა შსს-მ დაკავების ოქმი გააყალბა, იმის მიუხედავად, რომ არსებობს მზია ამაღლობელის დაკავების ამსახველი, უწყვეტი ვიდეოკადრები.

გრიგოლ ბესელიას ამტკიცებდა, რომ მზია ამაღლობელი მას არ დაუკავებია.

გრიგოლ ბესელიამ 28 აპრილს მისცა ჩვენება მზია ამაღლობელის საქმეზე. „ცრუპენტელა, ცრუ მოწმე, მატყუარა“, – ამ შეძახილებით გააცილეს იგი მოქალაქეებმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს შენობიდან.

___

 

რა მოიტყუა გრიგოლ ბესელიამ მზია ამაღლობელის საქმეში – ნაწყვეტი ადვოკატის დასკვნითი სიტყვიდან

თოყაევმა პუტინს შესთავაზა, რომ უკრაინაში ომი გაიყინოს – „ეს უნდა შეჩერდეს.

რუსული მედიის თანახმად, დღეს, 25 ივლისს, პირადად პუტინის თანდასწრებით ისაუბრა ყაზახეთის პრეზიდენტმა უკრაინასთან ომის შეჩერების აუცილებლობაზე.

ამის შესახებ ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ომსკში ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის დროს განაცხადა, სადაც ყაზახეთის პრეზიდენტი ყაზახეთისა და რუსეთის რეგიონთაშორისი თანამშრომლობის XXII ფორუმში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა.

„ეს ყველაფერი უნდა შეჩერდეს. რადგან, ჩემი მტკიცე რწმენით, რაც ახლა ხდება, მხოლოდ ჩვენი მოწინააღმდეგეების ინტერესებსა ემსახურება – როგორც რუსეთის, ისე უკრაინის სახელმწიფოს მოწინააღმდეგეების გახარებას“, – განაცხადა მან.

თოყაევმა აღნიშნა, რომ რუსეთისა და უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით „ევროპიდან და აშშ-დან უამრავ სიგნალს იღებს“.

„ჩვენ ყოველთვის პატივისცემით ვეკიდებოდით უკრაინელ ხალხს. ამ კონფლიქტის ბუნება ბევრისთვის ბოლომდე გასაგები არ არის, მათ შორის არც ჩვენთვის… ვიცი, რომ თქვენ ალასკაზე მაქსიმალური დიპლომატიური მოქნილობა გამოიჩინეთ. ეს ჩემი მოკრძალებული აზრია. შესაძლოა, უკვე დროა კონფლიქტი გაიყინოს და მხარეები დაუბრუნდნენ სტამბოლის 2.0 შეთანხმებებს. რა თქმა უნდა, ისეთი დიდი სახელმწიფოს გარანტიით, როგორიცაა აშშ-ია. მე კატეგორიულად ვამბობ უარს შუამავლის როლზე“, – დასძინა მან.

___

მეხუთე წელი რუსეთი სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს უკრაინაში.

კოორდინირებული კიბერშეტევის შედეგად ჩვენი YouTube არხი გაითიშა – სტუდია „მონიტორი“

სტუდია „მონიტორის“ ინფორმაციით, დღეს, 25 ივლისს, დილიდან „მონიტორის“ არხი YouTube-ზე გათიშულია. ამის მიზეზი არხზე განხორციელებული კოორდინირებული კიბერშეტევაა.

„1 ივლისს ჩვენ გავავრცელეთ განცხადება, რომ კოორდინირებული კიბერშეტევის შედეგად Meta-მ „მონიტორის“ რამდენიმე მასალა წაშალა, თუმცა პლატფორმასთან კომუნიკაციის შედეგად ეს მასალები რამდენიმე დღეში აღდგა. ამჯერად, YouTube-ზე გაასაჩივრეს (ე.წ. დაარეპორტეს) ჩვენი 3 მასალა:

პირველი ეხება თბილისის მერის, კახა კალაძის მეუღლის, ანა არეშიძის Hermès-ის კოლექციას;

მეორე მასალა შეეხება სანქცირებულ მოსამართლეებს;

მესამე კი არის ჩვენი ვრცელი ჟურნალისტური გამოძიების ნაწილი, რომელიც ეხება სიგარეტზე აქციზის ფასის ცვლილებას — ის ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენის, ვანო ჩხარტიშვილის ბიზნესინტერესებს აკმაყოფილებდა.“ – წერს „მონიტორი“ ფეისბუქის გვერდზე.

„მონიტორის“ გუნდი ამ ფაქს აფასებს როგორც ზეწოლის და გაჩუმების მცდელობას:

„ჩვენ ამ ტიპის შეტევებს განვიხილავთ, როგორც დამოუკიდებელი მედიის გაჩუმებისა და საზოგადოებისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდების შეზღუდვის მორიგ მცდელობას. თუმცა, მსგავსი მეთოდებით ჩვენს საქმიანობას ხელს ვერ შეუშლიან. მადლობა, რომ გვგულშემატკივრობთ! ვიდრე YouTube არხის პრობლემას აღმოვფხვრით, აუცილებლად გამოგვყევით ჩვენს სხვა პლატფორმებზე: Facebook-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე.“

„მონიტორის“ ინფორმაციით, გუნდი აქტიურად მუშაობს კოორდინირებული შეტევით გამოწვეული პრობლემის მოსაგვარებლად და არხის დროულად აღსადგენად.

როგორ გაიზარდა ნარკოდანაშაულის მაჩვენებელი 104 %-ით? – „ეს არის რუსული მოდელი“

„ოცნების“ მთავრობა აქვეყნებს სტატისტიკას, რომლის მიხედვითაც კიდევ უფრო გამკაცრებული ნარკოპოლიტიკის შემდეგ, ნარკოდანაშაულის რაოდენობა ქვეყანაში მკვეთრად გაიზარდა.

მაგალითად, შსს-ს სტატისტიკის მიხედვით, 2026 წლის პირველ კვარტალში 3 553 ნარკოდანაშაულის [სსკ-ის 260 – 274 მუხლები] შემთხვევა დაფიქსირდა. 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში ქვეყანაში 1738 ნარკოდანაშაულის ფაქტის ჩადენა დაფიქსირდა. მხოლოდ ნარკოდანაშაულის მაჩვენებელი 104 %-ით გაიზარდა.

„ეს არის რუსული მოდელი – არ არის ადამიანი, არ არის პრობლემა,“ – მკაფიო შეფასება აქვს ნარკოდანაშაულის გაზრდილ სტატისტიკაზე ექიმ-ნარკოლოგს და “ფედერალისტების” ერთ-ერთ ლიდერს – ზურაბ სიხარულიძეს. – „ციხეებში დაპატიმრებულები ვეღარ მოიხმარენ ნარკოტიკს?… თუ დასჭირდებათ, საარჩევნოდ, გამოუშვებენ. რეალიზატორებს კი, რომლებსაც წესით უვადო ან 20 წელი უნდა ჰქონდეთ, საპროცესოს უფორმებენ… როცა მხოლოდ მიწოდებას ებრძვი და მოთხოვნა ისევ დიდია, ასე პრობლემა არსად არ გვარდება.

ჩვენ უკვე დაბრუნებული ვარ 90-იან წლებში, კიდევ უფრო უარეს მდგომარეობაში ვართ ახლა, ვიდრე 90-იანებში გვქონდა, ისეთი ნარკოტიკული საშუალებები შემოვიდა ბაზარზე, არავინ იცის, რა არის, კიდევ უფრო მეტად გაზრდილია საფრთხე,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ექიმი-ნარკოლოგი, ფედრალისტი ზურაბ სიხარულიძე.

რა იცვლება ნარკოდანაშაულის მიმართ სისხლის სამართლის პოლიტიკის გამკაცრებით? – „ბათუმელები“ ამ საკითხზე ექიმს, ფედერალისტს, ზურაბ სიხარულიძეს და ადვოკატ ირაკლი ჩომახაშვილს ესაუბრა.

  • კიდევ რა ჩანს სტატისტიკიდან? 

ნარკოდანაშაულის მაჩვენებელი საქართველოში 2025 წლიდან მკვეთრად იზრდება, მას შემდეგ, როცა ქვეყანაში ნარკოდანაშაულის მიმართ სისხლის სამართლის პოლიტიკა კიდევ უფრო გამკაცრდა.

შსს-ს სტატისტიკით, 2025 წელს ქვეყნის მასშტაბით 10 4475 ნარკოდანაშაულის ფაქტი დაფიქსირდა. აქედან 5322 პირი გახდა მსჯავრდებული [უცნობია, მათ შორის, რამდენია პატიმრობაში]. 2024 წელს კი ნარკოდანაშაულის 5 598 ფაქტი დაფიქსირდა, შესაბამისად, წინა წელთან შედარებით 87 %-ით გაიზარდა.

სხვადასხვა დანაშაულის მიხედვით მსჯავრდებულთა რაოდენობას პერიოდულად აქვეყნებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური.

  • 2025 წელს ნარკოდანაშაულისთვის მსჯავრდებული 5322 პირი
  • 2024 წელს 2814 პირი
  • 2023 წელს – 2636
  • 2022 წელს – 2063
  • 2021 – 1254
  • 2020 – 1216.

ნარკოდანაშაულის 2025 წლის მაჩვენებელი – 5322, არც წინა მთავრობის წლებში არ დაფიქსირებულა, მაგალითად, 2012 წელს ნარკოდანაშაულისთვის 1 100 პირი იყო მსჯავრდებული, 2010 წელს – 2374.

  • რა უთხრა მოსამართლეს ნარკოდანაშაულში ბრალდებულმა ქალმა? 

დღე არ გავა, მინიმუმ რამდენიმე ნარკოდანაშაულის საქმე არ განიხილონ ბათუმის საქალაქო სასამართლოში. სასამართლო სხდომების ჩამონათვალზე თვალის გადავლებაც საკმარისია იმის დასანახავად, რომ საქმეების თითქმის ნახევარი ყოველ დღე ნარკოდანაშაულს ეხება.

მაგალითად, გუშინ, 24 ივლისს, მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ნარკოტიკების შეძენა-შენახვაში ბრალდებულ ქალს ანასტასია ჩ.-ს მოუსმინა. პროკურატურის ვერსიით, მან დაუდგენელ დროსა და ვითარებაში შეიძინა 0.282 გრამი კოკაინი, რაც ბრალდებულის ბინის ჩხრეკის დროს იპოვეს. მანამდე კი, ბრალდებული ქალი, ციხისძირში, ერთ-ერთი სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩხრიკეს და 44,867 გრამი ტეტრაჰიდროკანაბინოლი ამოუღეს.

ბრალდებული რუსეთის მოქალაქეა. მისი თქმით, იგი მეგობარ კაცთან ერთად, რომელიც IT სპეციალისტია, საქართველოში საცხოვრებლად რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ წამოვიდა. წყვილი მახინჯაურში ცხოვრობდა ნაქირავებ ბინაში.

ანასტასია ჩ.-ს ჩვენების მიხედვით, მას ამ ნარკოტიკულ საშუალებებთან არანაირი შეხება არ ჰქონია და წარსულში პარტნიორმა რამდენჯერმე მხოლოდ მარიხუანა მოაწევინა.

„დანიელთან დაშორება მქონდა გადაწყვეტილი, ვიდრე დამაკავებდნენ… დაკავებამდე 2 კვირით ადრე დანიელი მოვიდა სახლში თავზე ჭრილობით, სხეულზე სხვადასხვა დაზიანება ჰქონდა, მაგრამ არ თქვა, რა მოხდა… მითხრა, არ მსურს პოლიციასთან კავშირი და შენც არ მოგიყვები, რა მოხდა, ასე სჯობია შენივე უსაფრთხოებისთვისო. დანიელმა კერძო ექიმის მოყვანაზეც უარი მითხრა, თავისით სვამდა ტკივილგამაყუჩებლებს.

იმ დღეს, ვიდრე დამაკავებდნენ, მთხოვა, რაღაც ნივთია გამოგზავნილი და სანატორიუმის ტერიტორიაზე უნდა შევხვედროდი მეგობარს… დავთანხმდი, რადგან მას სიარული არ შეეძლო… იქ ღობეზე დამხვდა ჩამოკიდებული ნაჭრის ჩანთა. დანიელს დავურეკე და ვკითხე, ეს უნდა იყოს შენი მეგობრის დანატოვარი ნივთი-მეთქი და კიო.

ტაქსის გამოძახებას ვაპირებდი, ამ დროს მოვიდა ჩემთან ორი პოლიციელი,“ – დაახლოებით ამ სიტყვებით მიმართა მოსამართლეს ბრალდებულმა.

ანასტასია ჩ.-ს თქმით, მას დანიელი, ანუ პარტნიორი დაჰპირდა, რომ სასამართლოში მოვიდოდა და ყველაფერს იტყოდა, თუმცა ჩვენების მიცემამდე დანიელი გაუჩინარდა. დღევანდელ პროცესზე ადვოკატმა შოთა ხორავამ ანასტასიას პარტნიორის – დანიელის გამოკითხვის ოქმი თავად წაიკითხა. ამ ოქმის მიხედვით, დანიელი ამბობს, რომ ქალს ნარკოტიკებთან არანაირი შეხება არ ჰქონია, ხოლო როცა ანასტასიას დაკავების შემდეგ მათი ბინა გაჩხრიკეს და იქიდანაც ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღეს, ის ნარკოტიკული ნივთიერება პოლიციელებმა ჩაუდეს.

„რაც დაფიქსირდა, არ იყო სინამდვილე… პოლიციელები მემუქრებოდნენ გაუპატიურებით, ამიტომაც მოვაწერე ხელი გარკვეულ დოკუმენტებს,“ – უთქვამს დანიელს ადვოკატისთვის.

აქ საინტერესო ერთი გარემოებაა: პოლიციელებმა სახლის ჩხრეკის დროს ამოიღეს ნარკოტიკული საშუალება, სადაც მხოლოდ დანიელი იყო, მაგრამ მათ არათუ არ დააკავეს ეს კაცი, ნარკოლოგიური შემოწმებაც კი არ ჩაუტარეს.

ადვოკატი შოთა ხორავა ამბობს, რომ ეჭვი აქვს, ეს კაცი მართლაც იყო ჩართული ნარკოდანაშაულში და მუშაობდა „დამდებად“, ანუ რეალიზების ხელშემწყობი იყო:

„სავარაუდოდ, იმ დღეს, როცა ის გასისხლიანებული გავიდა, პოლიციელებმა შენიშნეს, ვერაფერი დაუდასტურეს, მაგრამ აიძულებდნენ თანამშრომლობას, შემდეგ კი, შედგა გარიგება…

პროკურატურას არ აქვს პასუხი: რატომ არ დააკავეს ეს კაცი. დღეს ამბობენ, ვერ ვპოულობთო, მაგრამ მანამდე? მას ნარკოლოგიური შემოწმებაც კი არ ჩაუტარეს. გარდა ამისა, ექსპერტიზა არ ჩაუტარეს ტელეფონს, რაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს გამოართვეს, შინაარსობრივად მიმოწერა არავის გამოუკვლევია. გამოძიებას არც ექსპერტიზა დაუნიშნავს, რომ დაედგინა ბრალდებულის კავშირი ამ ნარკოტიკულ ნივთიერებებთან.

სავარაუდოდ, რადგან ეს ქალი მასთან დაშორებას აპირებდა, კაცმა ეს მოიფიქრა,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ადვოკატმა შოთა ხორავამ.

ბრალდებულმა ქალმა მოსამართლეს უთხრა ისიც, რომ ბიპოლარული, აფექტური აშლილობა აქვს და ეს დადასტურებულია შესაბამისი დასკვნებით.

ანასტასია ჩ.-ს თქმით, დარღვეულია ასევე დაკავების პროცედურები: ადვოკატთან დაკავშირების საშუალება არ მისცეს, კაცმა პოლიციელებმა გაჩხრიკეს მისი წინააღმდეგობის მიუხედავად, შემთხვევის ადგილზე ვიდეო გადაიღეს და ოქმებიც შეავსეს ქალი პოლიციელების გამოჩენის შემდეგ.

  • ადვოკატი ირაკლი ჩომახაშვილი: „მოსამართლეებს შეუძლიათ შეაჩერონ საქმის განხილვა და მიმართონ საკონსტიტუციოს… “ 

ადვოკატი ირაკლი ჩომახაშვილი „ბათუმელებთან“ განმარტავს, როგორ აუარეს გვერდი ბოლო პერიოდში „ოცნების“ პარლამენტში, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ნარკოდანაშაულის შესახებ მანამდე მიღებულ გადაწყვეტილებებს, მაგალითად, იმას, რომ მარიხუანას მცირე ოდენობაზე არ შეიძლება ადამიანს თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯონ.

„მოგეხსენებათ, საკონსტიტუციო სასამართლოს მიღებული აქვს გადაწყვეტილება ტეტრაჰიდროკანაბინოლთან მიმართებით, სადაც აღნიშნულია, რომ კონკრეტული რაოდენობის შეძენა-შენახვის შემთხვევაში, არ შეიძლება სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა. აღნიშნული მუხლი არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი, ამიტომ საკანონმდებლო ორგანომ შეიმუშავა ახალი მუხლი, თუ მანამდე ამოიღეს 273-ე მუხლი, ამჯერად კანაფი გადავიდა 260-ე მუხლში, ანუ ზოგად ნარკოტიკულ დანაშაულში და გამკაცრდა პოლიტიკა.

ირაკლი ჩომახაშვილი

რახან 273-ე მუხლი გაუქმდა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, მიიღეს ახალი მუხლები: 260 პრიმა, 260 სეკუნდა, 260 ტერცია –  ახლები მიიღეს. ეს არის საკანონმდებლო რეგულაციის ტექნიკის ამბავი… მცირე ოდენობით მარიხუანას შეძენა-შენახვაზე [5 გრამი მარიხუანა გამომშრალი და 10 გრამი – ნედლი მარიხუანა], ფაქტობრივად, ახალი რეგულაციებით, სასამართლომ შესაძლებელია დანიშნოს ისევ თავისუფლების აღკვეთა.

ასე მოხდა კიდეც: ერთ-ერთ საქმეზე, საპროცესო შეთანხმების დამტკიცებაზე პირველი ინსტანციის სასამართლომ თქვა უარი, რადგან შეთანხმება ითვალისწინებდა ერთწლიან თავისუფლების აღკვეთას პირობით, მაგრამ სააპელაციომ დააკმაყოფილა საპროცესო: ჩვენ დღეს მოქმედ კანონმდებლობას აღვასრულებთო, თუ ვინმე მიმართავს საკონსტიტუციოს, შემდეგ ვიმსჯელოთო.

გამოდის, სიკვდილით დასჯა რომ შემოვიდეს, ვიდრე საკონსტიტუციოს არ მივმართავ და ის არ იტყვის, რომ ეს არაკონსტიტუციურია, სასამართლომ ასეთი კანონით უნდა აღასრულოს სამართალი?

265-ე მუხლი ეხებოდა მცენარე კანაფის კულტივირებას. რადგან საკონსტიტუციომ 265-ე მუხლის ნორმატიული შინაარსიც გააუქმა, ამათ ტექნიკა გამოიყენეს – გააუქმეს 265-ე მუხლი, მაგრამ 265 პრიმა დაამატეს, შინაარსობრივად აბსოლუტურად იგივე ჩაწერეს: ეს ახალი ჩანაწერია და შეგიძლიათ ხელახლა მიმართოთ საკონსტიტუციოსო. სავარაუდოდ, შეიძლება უკვე იციან, რომ საკონსტიტუციომ მიდგომა შეცვალა,“ – გვიყვება ადვოკატი ირაკლი ჩომახაშვილი.

რა შეუძლია ამ დროს მოსამართლეს? – ადვოკატი კითხვის პასუხად თეთრიწყაროს ცნობილ მოსამართლეს გვახსენებს, ვლადიმერ ხუჭუას, რომელმაც მარიხუანას ნაწილშიც მიმართა საკონსტიტუციოს, „ოცნების“ პარლამენტის რეპრესიული კანონებით ვერ გავასამართლებ მე ადამიანებსო. ამ მოსამართლის წარდგინებები საკონსტიტუციომ არც კი განიხილა. მაგრამ რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ერთდროულად რამდენიმე მოსამართლე გააჩერებს საქმის განხილვას და საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს?

თუ რომელიმე მოსამართლე მიიჩნევს, რომ კონკრეტული სამართლებრივი ნორმა ბუნდოვანია, ან უსამართლოა და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, მას შეუძლია საქმის განხილვა შეაჩეროს და საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს. საქმისწარმოების განახლება ამ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.

„სასამართლოს, რა თქმა უნდა, შეუძლია, შეაჩეროს საქმის განხილვა და მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს, როდესაც საუბარია ნარკოტიკული საშუალების პირად მოხმარებაზე და თავისუფლების აღკვეთის სასჯელის სახით განსაზღვრაზე. ეს შეუძლია სასამართლოს და არ აკეთებს,“ – დასძინა ადვოკატმა ირაკლი ჩომახაშვილმა.

  • ექიმი ზურაბ სიხარულიძე: „ეს არის რუსული მოდელი… ამიტომ სჭირდებოდათ კიდევ უფრო გამკაცრება“ 

ნარკოპოლიტიკის გაზრდილ სტატისტიკაზე საუბრისას ექიმი-ნარკოლოგი, ფედერალისტი ზურაბ სიხარულიძე შეკითხვას გვიბრუნებს:

„რამდენჯერ მოგისმენიათ შსს-ს ნიუსებში, ნარკოტიკების რეალიზებისთვის დავაკავეთ ხალხიო? ახლა ის ვიკითხოთ, რამდენი უვადო პატიმარი გვყავს? ნარკოტიკების რეალიზება უვადოს ითვალისწინებს, ან 20 წლით პატიმრობას?

მაგრამ უვადო პატიმრობაში მხოლოდ რამდენიმე ადამიანია საქართველოში. სინამდვილე ისაა, რომ პატიმრობაში არიან მომხმარებლები. სხვებს ძირითადად საპროცესოს უფორმებენ,“ – ამბობს ზურაბ სიხარულიძე, იგი ექიმი-ნარკოლოგია და პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი.

ზურაბ სიხარულიძე

ექიმი ცდილობს, დაგვანახოს სურათი, რომელიც დღითიდღე მძიმდება, რადგან მთავრობა ზიანის შემცირებას კი არ ცდილობს, რაც დასავლური გამოცდილებაა, არამედ ებრძვის მხოლოდ ნარკოტიკების მიწოდებას. ზურაბ სიხარულიძე ხაზს უსვამს, რომ ზიანის შემცირების პროგრამა მხოლოდ რუსეთში არ აქვთ. „ოცნების“ მთავრობა კი, ნარკოპოლიტიკასაც რუსულ მოდელს ამსგავსებს.

„ჩვენ გვაქვს დაახლოებით 60 ათასი ინტრავენური მომხმარებელი, ეს არის პოპულაციის 2.2 %,“ – გვესაუბრება ზურაბ სიხარულიძე. – „ამას ემატება გაურკვეველი რაოდენობა, ვინც მოიხმარს სააფთიაქო ნარკოტიკს. პლუს ადამიანები, რომლებიც არაინტრავენურად, ანუ მოწევით, შესუნთქვით, ან ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს მოიხმარენ… შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოში დაახლოებით 250 000-მდე ადამიანი მოიხმარს დღეს ნარკოტიკს. ეს არის კატასტროფული ციფრი.

ბაზარზე დღეს ტრიალებს ძირითადად ოპიატები, რომელიც იწვევს დამოკიდებულებას. თუ ეს ადამიანი სათანადო დახმარებას არ მიიღებს, ის აუცილებლად მოძებნის ნარკოტიკს. როცა შენ მხოლოდ ებრძვი მიწოდებას, რაც რეალურად ნამდვილად კარგია, მეორეს მხრივ, როცა დეფიციტი აღმოჩნდება ბაზარზე, მაშინ ჯანდაცვა უნდა ჩაერთოს, რომ ეს მოთხოვნა ქუჩის ნარკოტიკით არ იქნას დაკმაყოფილებული… ამას უნდა დაუპირისპირო ზიანის შემცირება, მკურნალობა, რეაბილიტაცია, პრევენცია.

ერთადერთი ქვეყანა, სადაც ზიანის შემცირება არ არის…ეს არის რეპრესიული მიდგომა, ზიანის შემცირების პროგრამების დაიგნორება, რომ ეს ლეგალური ნარკომანიაა, როგორც ამას ჩვენი მთავრობაც ამბობს უკვე. გასაგებია ხომ საითკენაც მივდივართ? ადამიანი, რომელიც უარყოფს ევროპულ ღირებულებებს და ადამიანის უფლებებს, ზოგადად დემოკრატიის პრინციპებს.

კვლევებში მოსახლეობა ნომერ პირველ პრობლემად ასახელებს ნარკომანიის პრობლემად და არსებობს გაცნობიერების პრობლემა, რომ მიწოდების აკრძალვით არ გვარდება პრობლემა. პატიმრობის შემდეგ რამდენი ადამიანი უბრუნდება ნარკოტიკს? ზედოზირების სტატისტიკას რატომ არ აქვეყნებენ? – იმიტომ, რომ ეს იქნება მათი ნარკოპოლიტიკის კრახი.

ციხეებში გამოკეტვით რა იცვლება? დააკვირდით საარჩევნო წლებს – რამდენ მომხმარებელს უშვებენ გარეთ იმიტომ, რომ ასე სჭირდებათ. პოლიტიკურ იარაღად არიან ქცეული ეს ადამიანები, მუდმივად ზეწოლის და შანტაჟის მსხვერპლი… ზეწოლის ქვეშ არიან მათი ოჯახებიც.

ამგვარად, ჩვენ მივალთ უკონტროლობამდე, დაბრუნებული ვართ უკვე 90-იანებში…“ – გვითხრა ექიმმა, „ფედერალისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ სიხარულიძემ.

ერგესთან ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს – დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს

თვითმხილველის ინფორმაციით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგესთან ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს, დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი და პოლიცია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით საავადმყოფოში გადაიყვანეს ორი ახალგაზრდა კაცი, მათგან ერთი მსუბუქად არის დაშავებული, მეორე შედარებით მძიმედ,  მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო. ეს მუხლი ტრანსპორტის მოძრაობისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 25 ივლისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 437 550 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 450. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 12 208 ერთეული [+7]
  • ჯავშანტექნიკა – 25 011 ერთეული [+11]
  • საარტილერიო სისტემა – 46 724 ერთეული [+78]
  • MLRS – 1 968 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 518 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 439 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 354 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 426 836 ერთეული [+1 596]
  • სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 2 023 ერთეული [+17]
  • გემი/ნავი – 34 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 125 358 ერთეული [+571]
  • სპეცტექნიკა – 4 462 ერთეული [+8]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 943 ერთეული [+5]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ბათუმში ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ბათუმში ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ავტოავარია დღეს, 25 ივლისს, გამთენიისას მოხდა ვაჟა-ფშაველასა და ზურაბ გორგილაძის ქუჩების კვეთაში. ერთმანეთს ტურისტებით სავსე სამარშრუტო ტაქსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა.

თვითმხილველთა თქმით, შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, მგზავრები სამარშრუტო ტაქსიდან გადმოცვივდნენ.

კრასნოდარში დააკავეს ქალი, რომელმაც დრონით თავდასხმის ვიდეო გამოაქვეყნა

რუსული მედიის თანახმად, პოლიციამ დააკავა 19 წლის გოგო, რომელმაც დრონების თავდასხმის შედეგები, ანუ ხანძარი გადაიღო და შემდეგ ეს ვიდეო სოციალურ ქსელში გაავრცელა.

მედიის თანახმად, 22 ივლისს, კრასნოდარის მხარეში უკრაინული დრონების თავდასხმის შემდეგ, ადგილობრივ Telegram არხებზე გავრცელდა ვიდეო, სადაც ახალგაზრდა ქალი ხანძრისკენ მიუთითებს და სარკასტულად ამბობს: „მაგარია, დედა უმუშევარი დარჩა“.

პოლიციის ცნობით, ცენტრი E-ის თანამშრომლებმა ერთ-ერთი აპლიკაციის შეტყობინებაში აღმოაჩინეს პოსტი, „რომელშიც ქალი მიუთითებს საწყობზე, სადაც დრონით თავდასხმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა და მის გვერდით არსებულ სხვა ობიექტებზე“.

სამართალდამცავებმა დაადგინეს ამ ვიდეოს ავტორი – ის აღმოჩნდა 19 წლის გოგო, ადგილობრივ მცხოვრები.

ქალმა დაარღვია ყუბანის ტერიტორიაზე არსებული აკრძალვა, რაც არეგულირებს საჰაერო თავდაცვის სისტემების მუშაობის, დრონების გამოყენების შედეგების და სამხედრო ნაწილების ადგილმდებარეობის შესახებ მასალების გადაღებასა და გავრცელებას – აცხადებენ რუსეთის სახელმწიფოს წარმომადგენლები.

პოლიციამ ასევე გამოაქვეყნეს ამ გოგოს ბოდიშის მოხდის ვიდეო.

სად აშენდება ახალი ხიდი მდინარე ჭოროხზე, ბათუმი-სარფის ავტობანის პროექტით

სახელმწიფოს საკუთრებაში ცალკე საკადასტრო კოდად დაარეგისტრირეს ნაკვეთი მდინარე ჭოროხზე, რომელიც ბათუმი-სარფის ახალი ავტომაგისტრალის პროექტის არეალშია და სადაც საავტომობილო ხიდი უნდა აშენდეს.

ახალი ხიდი მდინარე ჭოროხზე მოქმედი [ე.წ. გონიოს] ხიდიდან ზემოთ, დაახლოებით 2,4 კილომეტრით იქნება დაშორებული.

ხიდი ბათუმის შემოვლით გზას ქალაქის სამრეწველო ზონიდან დააკავშირებს გვირაბს, რომლის მშენებლობაც ხელვაჩაურის სოფელ ახალსოფელში დაიწყება.

ახალი ხიდის საპროექტო ტერიტორია [აღნიშნულია წითელი ხაზით] მდინარე ჭოროხზე
ჭოროხის კალაპოტის სიგანე, იმ ადგილზე, სადაც ხიდი უნდა აშენდეს, დაახლოებით 1 კილომეტრია.

ბათუმი-სარფის ახალი ავტომაგისტრალი სწორედ ახალ ხიდზე და გვირაბში გაივლის.

მდინარე ჭოროხი. მარცხნივ, ფოტოზე ადგილი, სადაც ახალი ხიდი უნდა აშენდეს.  23.07.2026

ახალი გვირაბი, რომლის მშენებლობა სოფელ ახალსოფლის ტერიტორიაზე დაიწყება, სარფში, ანდრიას ჩანჩქერის მიმდებარედ გამოვა. ამ გვირაბის სიგრძე პროექტის მიხედვით 7,6 კილომეტრი იქნება

პროექტის გამო კერძო საკუთრების გამოსყიდვა უკვე დაწყებულია, ზოგან კი ექსპროპრიაცია გახდა საჭირო.

ბათუმი-სარფის გზის პროექტის ფარგლებში მომზადებული მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმის თანახმად, გზის განთავსების ზოლში მოქცეულია კერძო საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული 117 მიწის ნაკვეთი, 9 საცხოვრებელი სახლი, 10 ბინა/არასაცხოვრებელი ფართობი, 27 კომერციული/ადმინისტრაციული შენობა და 37 დამხმარე ნაგებობა.

„მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმის თანახმად, ჯამური საკომპენსაციო თანხა მიწის ნაკვეთებისათვის შეადგენს 61 410 384 ლარს, ხოლო შენობა-ნაგებობებისათვის – 44 630 671 ლარს. მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმის განხორციელება დაიწყო 2025 წლის აგვისტოს თვეში“, – აღნიშნულია გზების დეპარტამენტისგან „ბათუმელებისთვის“ 2025 წლის 11 სექტემბერს გამოგზავნილ წერილში. 

ავტობანი, გვირაბიდან თურქეთის საზღვრამდე მონაკვეთში, ბათუმი-სარფის არსებულ გზას დაემთხვევა.

დოკუმენტების მიხედვით ახალ გზას სარფის პლაჟთან შეხება არ ექნება.

ადგილები სადაც ბათუმი-სარფის ახალი გზა გაივლის / 23.07.2026

პროექტით, ზღვის სანაპირო ზოლში დაგეგმილია დარღვეული ნაპირდამცავი კონსტრუქციის შეკეთება. ასევე, ზოგ ადგილებში სანაპიროს დიდი ზომის ლოდებით და ტეტრაპოდებითაც გაამაგრებენ.

ბათუმი-სარფის ავტობანის მშენებლობა 2031 წელს უნდა დასრულდეს, თუმცა მშენებელ კომპანიასთან ხელშეკრულება ჯერ გაფორმებული არ არის.

მიუხედავად ამისა, ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობასთან დაკავშირებით „ოცნების“ მთავრობის ინფრასტრუქტურის მინისტრმა განაცხადა, რომ რამდენიმე კვირაში გვირაბის მშენებლობა დაიწყება.

ამ თემაზე ვრცლად:

„დასრულდება ავტობანის მშენებლობა“ – „ოცნების“ შეუსრულებელი საარჩევნო დაპირება

6 თვეში ჯარიმებიდან 148 მილიონი ლარი შევიდა ბიუჯეტში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის

საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებიდან 2026 წლის ბიუჯეტში, 6 თვეში, 148 მილიონი ლარი შევიდა.

სახელმწიფო ხაზინის ანგარიშის მიხედვით ამ თანხიდან 59.3 მილიონი ცენტრალურ ბიუჯეტში, 89 მილიონი კი – თვითმმართველი ქალაქების ბიუჯეტში შევიდა.

მათ შორის, პარკირების წესების დარღვევის გამო ჯარიმამ 11 მილიონ 193 937 ლარი შეადგინა;

უბილეთოდ მგზავრობის გამო გადახდილი ჯარიმებიდან ბიუჯეტში 1 მილიონ 660 792 ლარი გადაიხადეს, საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის პირობების დარღვევის გამო კი – 82 044 ლარი.

ფინანსთა სამინისტროს ხაზინის ანგარიშის მიხედვით შემოსავალი ავტომობილის გაჩერების წესების დაუცველობისათვის ბიუჯეტში შევიდა 20 მილიონ 099 941 ლარი.

თვითმმართველობის მიერ განსაზღვრულ გზებზე დადგენილი ავტობუსების გაჩერების ადგილების გარდა სხვა ადგილებზე გაჩერება ან ავტობუსების გაჩერების ადგილებზე სხვა სახის სატრანსპორტო საშუალების გაჩერება – დგომისათვის ბიუჯეტში 52 757 ლარი გადაუხდიათ.

ველობილიკზე ან ველოსიპედის მოძრაობის ზოლზე ველოსიპედის გარდა სხვა სახის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის, გაჩერების ან დგომისათვის ან სატრანსპორტო საშუალების გზაზე გაჩერება – დგომისათვის სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის ან ნიშნების), შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრის ან TEST ნომრის გარეშე – 1 მილიონ 173 940 ლარია გადახდილი.

ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების მიზნით სატვირთო ავტომობილის [N1, N2 და N3 კატეგორიების] მოძრაობა ან ეკონომიკური საქმიანობის განსაზღვრული ადგილის ან/და დროის დარღვევისათვის ბიუჯეტში 651 335 ლარი გადაუხდიათ.

“უყოყმანოდ დავთანხმდი” – დედის რძის პირველი ბანკის პირველი დონორი ბათუმიდან

10 ივლისს ბათუმში, იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში ქალის რძის პირველი ბანკი გაიხსნა.

ეს პირველი შემთხვევაა როცა საქართველოში და რეგიონში ქალის რძის ბანკი იხსნება. როგორც ბათუმის ბავშვთა ჰოსპიტლის ადმინისტრაცია განმარტავს, ახალი პროექტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ახალშობილთა ინტენსიური მოვლის ხარისხის გაუმჯობესებას.

დედის რძე განსაკუთრებით აუცილებელია იმ ჩვილებისთვის, რომლებიც სიცოცხლის პირველივე დღეებიდან განსაკუთრებული სამედიცინო მხარდაჭერა სჭირდებათ.

საქართველოში და აჭარის რეგიონში პირველი რძის ბანკის პირველი დონორი 34 წლის ბათუმელი ხათუნა ფაღავაა.

ხათუნა დედა მესამედ 5 ივნისს გახდა. სწორედ მესამე ფეხმძიმობისას აღმოაჩნდა ჭარბი რძე და მიიღო შეთავაზება კლინიკისგან, რომ დედის რძის პირველი დონორი გამხდარიყო.

რა არის საჭირო იმისათვის რომ დონორი გახდე და რა პროცედურას გადის ქალის რძე, სანამ ის საჭიროების მქონე ახალშობილამდე მივა, ამის შესახებ „ბათუმელები“ დედის რძის პირველ დონორ ქალს, ხათუნა ფაღავას ესაუბრა.

  • ქალბატონო ხათუნა, როგორ გაიგეთ, რომ დედის რძის დონორობა იყო შესაძლებელი საქართველოში?

ამჟამად ლაქტაციას გავდივარ ჩემი მესამე შვილის წყალობით, რომელიც შემეძინა ხუთ ივნისს. გამოწერის დღეს როცა უკვე დაწყებული მქონდა ჰიპერლაქტაცია, ექიმმა მითხრა, რომ იგეგმებოდა რძის ბანკის გახსნა და შემეძლო ვყოფილიყავი დონორი.

  • თქვენი პირველი რეაქცია რა იყო, როდესაც შემოგთავაზეს დონორობა, რა დრო დაგჭირდათ დასათანხმებლად?

პირველი ბავშვის გაზრდა მომიწია „ფორმულით“ რაღაც მიზეზების და სირთულეების გამო, ახალბედა და გამოუცდელი დედა ვიყავი. მეორე ბავშვზე ძალიან ბევრი ინფორმაცია მოვიძიე და დავაგროვე. ვიცოდი, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი იყო ჩვილისთვის დედის რძე. როცა გავიგე რძის ბანკის შესახებ, უყოყმანოდ დავთანხმდი, არც კი მიფიქრია, იმიტომ რომ ამით დღენაკლულ პატარებს გამოკვებავენ.

  • რას ნიშნავს თქვენთვის ეს ფაქტი, რომ საქართველოში პირველი რძის ბანკის პირველი დონორი ხართ?

ძალიან მიხარია, რომ ჩემი წვლილი შემაქვს ამ კარგ საქმეში და შესაძლებლობა მომეცა მცირედით დავეხმარო პატარებს. ვფიქრობ, რაც უფრო მეტი მეძუძური დედა გაიგებს რძის ბანკის არსებობის შესახებ და გამოთქვამს სურვილს დონორობაზე, მით უკეთესი იქნება პატარებისათვის.

თან ძალიან მადლიანი საქმეა.

  • თავად პროცესი რომ აღგვიწეროთ დონორობის, რა დროს მოითხოვს ქალისგან?

რძის შეგროვება ხდება შესაბამისი წესების დაცვით. სტერილური რძის საწველით ყოველდღიურად ვაგროვებ, ვასხამ ისევ კლინიკის მიერ მოწოდებულ რძის პაკეტებში და ვყინავ მინუს-მაცივარში. პაკეტებიდან უნდა გამოიტუმბოს ჰაერი მაქსიმალურად, უნდა იყოს შენახული საკვები პროდუქტებისგან იზოლირებით, მაგალითად, თავდახურულ კონტეინერში შეუძლიათ გაყინონ რძის პაკეტები.

სამ-ოთხ დღეში ერთხელ ვუკავშირდები პერსონალს და თერმობოქსით მიაქვთ გაყინული პაკეტები.

დედებს, რომლებსაც სურთ დონორობა და ასევე დედებს, რომლებსაც აინტერესებთ რა პროცესს გადის რძე, სანამ მათი პატარა გამოიკვებება, ვეტყვი შემდეგს:

პირველ რიგში დონორი იტარებს კვლევებს, შემდეგ იღებს თანხმობას რძის დონორობაზე, შემდეგ აბარებს შეგროვებულ რძეს და უკვე ჩაბარებულ რძეს უტარდება ცალკე კვლევა ბაქტერიოლოგიაზე. ამის შემდეგ რძე გაივლის პასტერიზაციას.

ყველა პროცედურა ტარდება ევროპული სტანდარტებით და მკაცრად კონტროლდება.

მე ორივე გამოვცადე, ხელოვნური კვებაც და ლაქტაციაც. პირველი შვილი „ფორმულით“ გამოვკვებე, ხოლო დანარჩენ ორზე გავდივარ ლაქტაციის პროცესს. დედები, რომლებსაც არ მიეცათ საშუალება რომ ბავშვი ბუნებრივი რძით გამოეკვებათ, თავს იდანაშაულებენ ხოლმე… როგორც მე ვიყავი  პირველ ბავშვზე… მაგრამ მთავარია პატარას ჰყავდეს ბედნიერი დედა. ამის ხაზგასმა მინდა პირველ რიგში. ხელოვნურით გამოიკვებება თუ ლაქტაციით, დედებმა თავი არ დაიდანაშაულონ ამაში.

მეორეს მხრივ, მე ვხედავ განსხვავებას. ვინაიდან პირველი შვილი „ფორმულით“ გავზარდე, მომიწია შეჯახება კუჭ-ნაწლავის პრობლემებთან. დანარჩენ ორ ბავშვზე არ მქონია მსგავსი პრობლემა.

ბუნებრივი კვება გავლენას ახდენს ძილის პროცესზეც. ლაქტაციის დროს ჩემთვის უფრო მარტივია ბავშვის დაძინება. გავლენა აქვს ჯანმრთელობაზეც.

აი, ჩვილობაში მქონდა მეორე ბავშვზე რაღაც პრობლემა, ვირუსი და ვფიქრობ, ალბათ ხელოვნურზე რომ ყოფილიყო, გამოჯანმრთელების პროცესი უფრო რთული იქნებოდა.

  • ეს პირველი შემთხვევაა, როცა საქართველოში რძის ბანკი გაიხსნა. თქვენი აზრით, რატომ არის მნიშვნელოვანი მსგავსი ბანკების არსებობა სხვა რეგიონებშიც?

ძალიან კარგი იქნება თუ სხვა რეგიონებშიც ექნებათ დღენაკლულ ჩვილებს დედის რძით გამოკვების საშუალება. როგორც ვიცი, ისეთი დღენაკლული ბავშვები იკვებებიან დონორის რძით, რომლებსაც აქვთ სხვადასხვა ჯანმრთელობის პრობლემა, მაგალითად, კუჭ-ნაწლავის და ასე შემდეგ.

დედებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ სხვისი რძე არ არის სასარგებლო მათი შვილისთვის, ვეტყვი, რომ დონორის რძე ვრცელ გზას და პროცედურას გადის, სანამ მათ პატარასთან მოხვდება. ეს ხდება ევროპული სტანდარტებით და რძე იმდენ პროცედურას გადის სანამ პატარამდე მივა და იმდენ კვლევას გადის თუნდაც დონორი, რომ ნამდვილად არ წარმოადგენს საშიშროებას.

ლაბორატორია

დედის რძის ბანკი ბავშვთა ჰოსპიტალში აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა გახსნა.

„მაღალი რისკის ახალშობილთა დედის რძის ბანკით უზრუნველყოფა“ – ასე ეწოდება პროგრამას, რომლის ფარგლებშიც გაიხსნა დედის რძის ბანკი.

პროგრამით ისარგებლებენ მაღალი რისკის ახალშობილები, რომელთა შერჩევა განსაზღვრული სამედიცინო რისკ-ფაქტორების მიხედვით მოხდება.

ქალის დონორული რძე გაიცემა ნეონატალური სერვისის მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულების მოთხოვნის საფუძველზე, ვაუჩერული სისტემის გამოყენებით.

რატომ ჩაქრა მთელ ქვეყნაში დენი 4 საათით – ინტერვიუ ენერგეტიკოსთან

24 ივლისს, ღამით, მთელ საქართველოში ელექტროენერგია დაახლოებით 5 საათით გაითიშა. დენი არ მიეწოდებოდა არცერთ სტრატეგიულ ობიექტს. გასვლა ვერ შეძლო თბილისი-ბათუმის მატარებელმა. ამ დროის მანძილზე არცერთ ოფიციალურ უწყებას არ გაუკეთებია განმარტება, რამ გამოიწვია მთელი ქვეყნის ჩაბნელება.

რამდენად მოწყვლადია ქვეყნის ენერგოსისტემა და რას შეიძლება გამოეწვია მასობრივი გათიშვა ქვეყანაში? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ენერგეტიკოს მურმან მარგველაშვილს ესაუბრა.

  • ბატონო მურმან, რა არის თქვენი ვერსია, რის გამო გაითიშა ქვეყნის ელექტროსისტემა ამდენი ხნით და რატომ არ გაკეთდა ამაზე განმარტება შესაბამისი უწყებების მხრიდან?

ცხადია, ნორმალური არ არის, თუმცა გამონაკლისი შემთხვევაა. ეს არის სისტემური ავარია, რომელიც უკიდურესად იშვიათად ხდება, მაგრამ ამისგან არ არის დაზღვეული არცერთი ქვეყანა და არცერთი ენერგოსისტემა – ეს არის უამრავი ერთმანეთთან დაკავშირებული, დაძაბულ და ცვალებად რეჟიმში მომუშავე კომპონენტების ერთობლიობა.

ხაზებია, ტრანსფორმატორებია, სარელეო დაცვაა, გენერატორები და ასე შემდეგ. უამრავი ერთმანეთთან დაკავშირებული დინამიკური კომპონენტია. ამ სისტემის მედეგობის უზრუნველყოფა, დიდი საინჟინრო დარგია და ამას ემსახურება სარელეო დაცვა.

მაგრამ შეიძლება იყოს როგორც ბუნებრივი მოვლენა, ასევე ადამიანური შეცდომაც, რაღაც ტექნიკური დაზიანება, რომელიღაც ამ დანადგარიდან, მაგრამ ეს პირველწყარო უნდა ყოფილიყო აღმოფხვრილი სწრაფად.

  • თქვენ ამბობთ, რომ რაღაცამ არ იმუშავა, მაგრამ შეიძლება, რომ არავინ იცოდეს რამ არ იმუშავა?

ამის გამოკვლევა, თუ რატომ მოხდა ეს ავარია, ჩვეულებრივი სტანდარტული პროცედურაა და მიღებული პრაქტიკაა, რომ ასეთი განსაკუთრებული ავარიების შემდეგ შეისწავლონ და გაითვალისწინონ შემდგომ მუშაობაში. ცალსახა პასუხი შეიძლება მაინც არ იყოს, მაგრამ იყოს რაღაც შეფასება, რომ ვთქვათ, აქ სხვანაირად იქნებოდა უკეთესი. ამისგან არ არის დაცული არცერთი ქვეყანა.

  • რომელი ქვეყანა გათიშულა ამდენი ხნით, რა გაქვთ მხედველობაში?

2025 წლის აპრილში ერთად გაითიშა მაგალითად პორტუგალია, ესპანეთი და საფრანგეთის ნაწილი. 10-12 საათი იყო გათიშული ესპანეთი, როგორც მახსოვს.

  • არც იქ გაუკეთებია ხელისუფლებას რაიმე განმარტება ამ 12 საათის განმავლობაში?

ამდენი არ ვიცი, მაგრამ რა თქმა უნდა, ინფორმირება სჯობს. ასეთ დროს უნდა იმუშაოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურებმა და დროულად აცნობონ მოსახლეობას. უთხრან, რომ შეიძლება ისევ განმეორდეს ან არ განმეორდეს. ახსნა-განმარტება ყოველთვის საჭიროა. შეიძლება დივერსია იყოს, რა ვიცი, ყველაფერი ხდება.

  • ითქვა, რომ ენგურჰესზე იყო პრობლემა. რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე. თქვენ თუ გაქვთ ამაზე რაიმე ვერსია?

არაფერი ვიცი ამაზე და ნუ ვიჩქარებთ დასკვნების გაკეთებას. როგორც ვთქვი, ეს არის ერთიანი, დაკავშირებული სისტემა, შეიძლება ერთმა მოვლენამ გამოიწვიოს მეორე, იმას მესამე მოჰყვეს და ასე შემდეგ. ამიტომ ეს არ უნდა იყოს პოლიტიზების საგანი. შეუძლიათ აგვიხსნან, დაგვამშვიდონ, უფრო გასაგები იქნება.

  • მაგალითად, დივერსია რომ მოაწყოს რუსეთმა ენგურჰესზე, პრევენციის რა ზომები არსებობს ქვეყანაში?

ასე პირდაპირ არ არის რუსეთის კონტროლის ქვეშ, მაგრამ გავლენა აქვს. მაინც და მაინც ენგურჰესზე დივერსია არც დასჭირდება რუსეთს, თუკი ამას მოინდომებს. სხვა ადგილებშიც შეძლებს. გადამცემ ხაზთან, 100 მეტრში არიან თუ 400 მეტრში – აგერ ტანკები უყენიათ შიდა ქართლში.

  • ეს ნიშნავს, რომ ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისითაც, როგორც სახელმწიფო მოწყვლადი ვართ?

მოწყვლადი ყველაა, მაგრამ ეს არ არის ენერგოუსაფრთხოების თემა ამ წუთში. ჯერ, სანამ არ ვიცით რა მოხდა. ეს არის უფრო ტექნიკური საკითხი, ამიტომ დაველოდოთ ტექნიკურ  შეფასებას და თუ რაიმე მოსათხოვია, მოვითხოვოთ განმარტება პასუხისმგებელი პირების მხრიდან.

  • თქვენ ამბობთ, რომ არ ვიცით რა ხდება, მაგრამ თან ამბობთ, რომ ეს ტექნიკური საკითხია. თუ არ ვიცით რა მოხდა, მაშინ როგორ ვამბობთ, რომ მხოლოდ ტექნიკური საკითხია და არა პოლიტიკურიც?

გასაგებია, მაგრამ სანამ არ ვიცით, არ შეგვიძლია, რომ პოლიტიკური საკითხი დავარქვათ.

ის, რომ სისტემა ჩაქრა, ეს ჯერჯერობით არანაირ მინიშნებას არ შეიცავს არც ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე, არც პოლიტიკაზე. ეს მინიშნება არის, რომ რაღაცამ არ იმუშავა სისტემაში.

ჯერ გავიგოთ რამ არ იმუშავა და მერე გავაკეთოთ დასკვნები. თუ ეს იყო გამოწვეული დივერსიით, ან ვიღაცის უცოდინარობით, ეს დასკვნა უნდა დაიდოს.

შეიძლება ეს იყოს დაგეგმვის შეცდომა, ათასი რამე შეიძლება იყოს. შეიძლება იყოს ახალი რეჟიმი, რომელიც არ ჰქონდათ გათვალისწინებული საერთოდ.

თვითონ ენერგოსისტემის მესვეურები უყურებენ ხოლმე სხვადასხვა ავარიულ სიტუაციას და გეგმავენ, როგორ უნდა აღმოიფხვრას პრობლემა.

  • მინიმუმ 4 საათის განმავლობაში ელექტროენერგიის გარეშე იყო სტრატეგიული ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, რკინიგზა – რაში ვართ სუსტები, რა აჩვენა ამ ყველაფერმა?

თვითონ ენერგოსისტემაში არის გათვალისწინებული უამრავი დაცვის მექანიზმი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ის, რომ თუ ქსელის ერთ ადგილას დაზიანდა, გენერატორი ამოვარდა ვთქვათ სადღაც, უნდა ჩაირთოს სხვა, სარეზერვო გენერატორი.

სავარაუდოდ, ამის პრობლემა იყო. მეორეა ის, რომ თუ რომელიღაც გადამცემი ხაზი ამოვარდა სისტემიდან, მაშინ სხვა ხაზებმა უნდა აიღოს ის ტვირთი და ასე შემდეგ. ამას ავტომატურად აკეთებს სარელეო შესაბამისი დაცვის სისტემები და ამის გათვლა ხდება წინასწარ.

ავარიები ხშირად არის სისტემაში, უბრალოდ დაცვითი სისტემა მუშაობს, გადართვები ხდება და ჩვენ ვერ ვიგებთ ამას. ბევრი რამ შეიძლება მოხდეს ხაზზე, მეხი დაეცეს და ასე შემდეგ.

ახლაც, რაღაც ასეთმა დაცვამ ვერ იმუშავა და ამიტომ გამოირთო სისტემა. ვაცალოთ, იმუშაონ პროფესიონალებმა და სწორი, პროფესიული დასკვნა დადონ.

ჩვენ მოვთხოვოთ ის, რომ სამინისტრო იქნება თუ სემეკი, თუ თვითონ ელექტროსისტემა, მოახდინონ მოსახლეობის ინფორმირება, რომ ეს აჟიოტაჟი არ იყოს.

პრევენციული ღონისძიება არის ის, რომ მაგალითად იგივე ენგურჰესზე ერთი გენერატორი თუ გამოირთო, მეორე უნდა ჩაირთოს. ენგურჰესი არის ხუთი აგრეგატი და ერთი ყოველთვის შეიძლება იყოს გაჩერებული, თუ სხვა გამოირთო, ეს ჩაირთვება. რაღაც მოხდა ტექნიკურად, რომ ვერ ჩაირთო. არც ის ვიცით, იყო თუ არა ეს ენგურჰესზე.

ნუ გავაკეთებთ ზედაპირულ დასკვნებს. ტექნიკურმა პერსონალმა თავისი საქმე უნდა შეასრულოს, პოლიტიკური პასუხისმგებლობის ხელისუფლებამ მოსახლეობას დროული და სწორი ინფორმაცია უნდა მიაწოდოს.

11-11 წელი მიუსაჯეს „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ბრალდებულებს

თბილისის საქალაქო სასამართლომ უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე ორ პირი დამნაშავედ ცნო.

საუბარია ბათუმში, 2026 წლის მარტში დაკავებულ პირებზე, რომელთაგან ერთი საქართველოს მოქალაქეა, მეორე კი – უცხო ქვეყნის. სპეცოპერაცია ბათუმში სუს-მა ჩაატარა.

„მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ უცხო ქვეყნის ერთი მოქალაქე და საქართველოს ერთი მოქალაქე ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოში“ გაერთიანდნენ, მისი ლიდერის წინაშე ერთგულების ფიცი დადეს და ტერორისტული საქმიანობაში დახმარების მიზნით, მზად იყვნენ შეესრულებინათ ნებისმიერი დავალება. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვა მტკიცებულებებთან ერთად ამოღებულია ნივთები ტერორისტული ორგანიზაციის სიმბოლიკით“ – წერს პროკურატურა.

ბრალდებულებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლით (უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანება და ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარება) ჰქონდათ წარდგენილი.

სასამართლომ ორივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის ზომად 11-11 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ცოლის მკვლელობის მცდელობის და დედაზე ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

პროკურატურამ მეუღლის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის მცდელობის, დედის ჯანმრთელობის დაზიანებისა და ძალადობის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

შემთხვევა 22 ივლისს მოხდა მარნეულში. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა მეუღლეს დანით დაზიანებები მიაყენა, ასევე არასრულწლოვანის თანდასწრებით იძალადა საკუთარი დედის მიმართ, რომელსაც ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახში ძალადობა არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ,), 11 პრიმა 120-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, ოჯახის წევრის მიმართ) და 11 პრიმა 19-109-ე მუხლის „თ“ და „კ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებაში, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა.

აღნიშნული ბრალდება, დამტკიცების შემთხვევაში, სასჯელის სახით 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის მთავრობა ჩაქვში უმაღლესი საბჭოს ყოფილ შენობას, ამ ადგილზე მშენებლობის პირობით ყიდის

აჭარის მთავრობა ყიდის უმაღლესი საბჭოს ყოფილი შენობას ჩაქვში – 13 147 კვ.მეტრ მიწის ნაკვეთს და მასზე განლაგებულ შენობას, რომელიც 2508.53 კვ.მეტრია. პირობიანი აუქციონის საწყისი ფასით 5 მილიონ ლარია.

დაზუსტებული საწყისი ფასი 4 900 000 ლარია, ბიჯი 125 000 ლარი. აუქციონი 10 ივლისს გამოაცხადეს და 30 ივლისს უნდა დასრულდეს.

წითელი ფერით მონიშნულია გასაყიდი მიწის ნაკვეთი
უმაღლესი საბჭოს ყოფილი შენობა

აუქციონის პირობის მიხედვით, მყიდველმა საბოლოო საპრივატიზებო საფასური აუქციონის დასრულებიდან 2 ეტაპად უნდა გადაიხადოს. კერძოდ, 2026 წლის პირველ ოქტომბრამდე საბოლოო საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 30% უნდა გადაიხადოს, 2026 წლის პირველ დეკემბრამდე კი დარჩენილი საპრივატიზებო საფასური.

მყიდველს ასევე დაევალება შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს ორი თვის ვადაში არანაკლებ 200 000 ლარის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარმოდგენა.

შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 თვის ვადაში კი მყიდველმა შესყიდული ქონების ზონისთვის დაშვებული ობიექტის მშენებლობის ნებართვის მიღება უნდა შეძლოს და 8 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელოს.

ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 36 თვეში კი, საკუთრებაში გადაცემულ ქონებაზე შესაბამისი შენობა-ნაგებობ(ებ)ის ექსპლუატაციაში მიღება უნდა უზრუნველყოს.

აჭარის უმაღლესი საბჭოს ჩაქვიდან ბათუმში 2020 წელს გადაიტანეს. საბჭო ბათუმში იმ შენობაში განთავსდა, სადაც მანამდე ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი, მანამდე კი – ქალაქის N1 საავადმყოფო იყო. ეს შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

განიხილება გასხვისებაც და იჯარაც – ჯაბა ფუტკარაძე უმაღლესი საბჭოს შენობაზე ჩაქვში

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 24 ივლისის 21 საათიდან 25 ივლისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა,  ღამით უმეტესად უნალექოდ, დღის ბოლოს ზოგან ხანმოკლე წვიმა.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან მუნიციპალიტეტებში:

  • დღისით: 26 – 31 გრადუსი სითბო
    ღამით: 15 – 20 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში:

  • დღისით: 15  – 20 გრადუსი სითბო
    ღამით: 6 – 11 გრადუსი სითბო

ზღვის ღელვა 2-3 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა +26 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 26-27 ივლისს აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

როგორ დავისვენოთ ტენერიფეზე, მარადიული გაზაფხულის კუნძულზე ესპანეთში 

სანამ საქართველოში ზაფხულის პიკი და პაპანაქება სიცხეა, ატლანტის ოკეანეში მდებარე კუნძულ ტენერიფეზე იდეალური ამინდია – ოკეანის ნიავი და ზომიერი სითბო დასვენებას განსაკუთრებით კომფორტულს ხდის. 

ტენერიფეზე, „მარადიული გაზაფხულის კუნძულზე“, არის გამორჩეული ადგილი – Regency Country Club, სადაც ტროპიკული ეგზოტიკა და ევროპული კომფორტი ერთმანეთს იდეალურად ერწყმის.

რატომ RCC Tenerife?

კუნძული ტენერიფე მსოფლიოში ცნობილია იდეალური კლიმატით – ვულკანური პეიზაჟები, ოკეანის სიგრილე და მზიანი დღეები წლის ნებისმიერ დროს საუკეთესო განწყობას ქმნის.

სწორედ ამ მშვიდ და მწვანე გარემოში, არონას მუნიციპალიტეტში, მდებარეობს Regency Country Club. სასტუმრო ცნობილი სანაპიროებიდან (ლოს კრისტიანოსი და პლაია დე ლას ამერიკასი) სულ რამდენიმე წუთის სავალზეა, თუმცა აქ მოხვედრისას სულ სხვა სამყაროში გადადიხართ:

  • აზიური ეგზოტიკა ევროპაში: ბალის სტილში შექმნილი არქიტექტურა, ხელნაკეთი ქვის ქანდაკებები, მარმარილოს იატაკი და ტროპიკული ბაღები სრულ სიმშვიდესა და იდეალურ განწყობას გიქმნით.
  • დაუვიწყარი ხედები: ჰორიზონტთან შერწყმული აუზიდან პირდაპირ ატლანტის ოკეანესა და მეზობელ კუნძულ ლა გომერას გადაჰყურებთ – ეს ის ხედია, რომელიც საღამოს მზის ჩასვლისას უბრალოდ უნდა ნახოთ.

რა გელით კურორტზე:

  • სრული რელაქსაცია: უსასრულო აუზი, ჯაკუზის ტერასა და ცალკე ზონა ბავშვებისთვის;
  • გასტრონომია: PURA Restaurant Lounge, სადაც ხმელთაშუა ზღვისა და საერთაშორისო სამზარეულოს საუკეთესო კერძებს დააგემოვნებთ;
  • განტვირთვა და ენერგია: სპა, მასაჟის რიტუალები, საუნა და თანამედროვე ფიტნესდარბაზი;
  • აქტიური დასვენება: საოჯახო გასართობი პროგრამები და საველოსიპედო მარშრუტები კუნძულის აღმოსაჩენად.

როგორ და როდის ვესტუმროთ?

ევროპის ძირითადი ჰაბებიდან (მადრიდი, ბარსელონა და ა.შ.) ტენერიფემდე ფრენა სულ რამდენიმე საათს გრძელდება, რაც ამ მიმართულებას ქართველი მოგზაურებისთვისაც ძალიან მოსახერხებელს ხდის.

ტენერიფე უნიკალურია იმითაც, რომ აქ სეზონი არასდროს სრულდება – იქნება ეს ზაფხულის შვებულება თუ ზამთარში მზიან დღეებში დაბრუნების სურვილი, კუნძული წელიწადის 12-ვე თვეს იდეალურ პირობებს გვთავაზობს.

 სასარგებლო ინფორმაცია:

სასტუმრო ნომრების ტიპების, ფასებისა და დაჯავშნის პირობების სანახავად ეწვიეთ სასტუმროს ოფიციალურ ვებგვერდს : www.regencycountryclub.com

Exit mobile version