„ახლა პირდაპირ ჯარიმა, თუ ციხეში უნდა გამიშვან?“ – რას ამბობენ ბათუმში ფეისბუქის გაკონტროლებაზე

„რაში დასჭირდა და ყველა დაიპყროს… ახლა პირდაპირ ჯარიმა, თუ ციხეში უნდა გამიშვან?“ „თავისუფლება თუა და დემოკრატია, გაკონტროლება რად უნდა ფეისბუქს?“ – ნახეთ კიდევ რა გვიპასუხეს ბათუმის ქუჩებში მოქალაქეებმა, რომლებსაც ფეისბუქის გაკონტროლებაზე ვესაუბრეთ.

რატომ დასჭირდა ივანიშვილს ფეისბუქის გაკონტროლება? – ნახეთ „ბათუმელების“ გამოკითხვა

რატომ დასჭირდა ივანიშვილს ფეისბუქის გაკონტროლება - ქუჩის გამოკითხვა ბათუმში

ბათუმში ერთი კვარტლის ჩანაცვლებას გეგმავენ – რატომ დამალა საკრებულომ პროექტი დამტკიცებამდე

შპს „ოპუს ცენტრი“ ბათუმში ერთი კვარტლის ჩანაცვლებას გეგმავს – გრიბოედოვის ქუჩიდან კომახიძის ქუჩამდე 1,4 განაშენიანებული ჰექტრის ჩანაცვლების პროექტი, [განაშენიანების დეტალური გეგმა – გდგ] ბათუმის საკრებულომ უკვე დაამტკიცა. პროექტის ჯამური ინვესტიცია 130 მილიონი აშშ დოლარია.

პროექტი იმდენად მასშტაბურია, რომ მისი დასრულების შემდეგ ის უბანს მნიშვნელოვნად შეცვლის. მიუხედავად ამისა, დოკუმენტი ისე დაამტკიცეს, რომ ის საჯარო გაცნობისთვის არ გამოუქვეყნებიათ.

რენდერი

უფრო მეტიც, ის არც დღის წესრიგში ჩასვეს, როცა სხდომის მოწვევა დააანონსა საკრებულომ და მხოლოდ სხდომის წინა დღეს, 28 მაისს, დაამატეს ჩამონათვალს – თან განაშენიანების დეტალური გეგმის გარეშე, რომლის საჯაროდ გამოქვეყნების ვალდებულებაც აქვს, როგორც მერიას, ისე საკრებულოს.

ეს დოკუმენტი მერიამ სხდომის დღეს, სხდომის მიმდინარეობის დროს, 29 მაისს გამოაქვეყნა.

განაშენიანების დეტალური გეგმა არ შეუსწავლია საკრებულოს ოპოზიციონერ წევრ ვაჟა დარჩიას, რადგან მერიის შესაბამისი სამსახური 21-ე საუკუნეში დოკუმენტის გადაგზავნას ვერ ახერხებს – „დიდია და არ იტვირთებაო“ – ვაჟა დარჩიას თქმით, მას ასე განუმარტეს მიზეზი.

საინტერესოა, რატომ ვერ ახერხებს ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის ახალი უფროსი არჩილ გირკელიძე ამას, რადგან მის წინამორბედს ამასთან დაკავშირებით პრობლემა არ ჰქონია.

შესაძლოა, არჩილ გირკელიძეს კარგად არ აქვს გაცნობიერებული საჯაროობის მნიშვნელობა და აუცილებლობა, რასაც თვითმმართველობის კოდექსი ითხოვს. სხვაგვარად უნდა მოეხერხებინა და აუცილებლად მოახერხებდა კიდეც, „ნება რომ იყოს“ – ამას პრაქტიკაც აჩვენებს.

„ოპუს ცენტრი“ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის მეგობრის, ედნარ პაპუნაიშვილის კომპანიაა, თუმცა ვერც იმას ვიტყვით დადასტურებით, რომ ამ გარემოების გამო პროექტის განხილვა მაქსიმალურად კომფორტულ გარემოში, უხმაუროდ უნდოდათ, რადგან არც სხვა პროექტების გამოქვეყნებით შეუწუხებიათ თავი, რომლებიც იმავე დღეს, 29 მაისის სხდომაზე დაამტკიცეს.

ყველა პროექტი დღის წესრიგში სხდომის წინა დღეს „გაჩნდა“ და არა სხდომამდე 7 დღით ადრე, როგორც ამას კანონი ითხოვს.

საპროექტო ტერიტორია -განაშენიანების დეტალური გეგმის მიხედვით მრავალფუნქციური კომპლექსი სარეკრეაციო-დასასვენებელ სივრცეებს და მიწისქვეშა პარკინგს აერთიანებს.

შპს „ოპუს ცენტრი“ მშენებლობას 1.4 ჰექტარზე გეგმავს. კომპანია განაშენიანების დეტალურ გეგმაში წერს, რომ სამშენებლო მიწის ნაკვეთებს მუნიციპალიტეტის ტერიტორია ესაზღვრება და თუ ამ ადგილების ათვისებასაც შეძლებს, ახალი განაშენიანების ადგილი 1.6 ჰექტარს მიაღწევს. როგორც ჩანს, კომპანიამ ამ საკითხზე მერიასთან მოლაპარაკებას მიაღწია კიდეც, რადგან საჯარო რეესტრის მონაცემებით, ამ ადგილების მომავალ მესაკუთრედ „ოპუს ცენტრი“ ფიქსირდება.

შპს „ოპუს ცენტრი“ იგივე „გთემ კონსტრაქშენი“ [კომპანიამ სახელი შეიცვალა] 2022 წელს დააფუძნა ედნარ პაპუნაიშვილმა. პაპუნაიშვილს სხვა კომპანიებიც აქვს, მათ შორის „ხიდი-2006“, რომელსაც პლაჟზე იჯარით აქვს აღებული რესტორან „სან-რემოს“ შენობა და მიმდებარე ტერიტორია. ედნარ პაპუნაიშვილს ეკუთვნის G17-ის მფლობელი კომპანია შპს „გთემ ჰოსფითალითი გრუპი“. ამ პროექტებისთვის საკრებულომ განაშენიანების დეტალურ გეგმაში ცვლილება ორჯერ შეიტანა.

მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანების დეტალური გეგმის ინიციირების თაობაზე ბრძანება ბათუმის მერმა, გიორგი ცინცაძემ, 2026 წლის 24 თებერვალს გამოსცა. საკრებულოს კონცეფციაზე არ უმსჯელია, ეს ნაბიჯი გამოტოვეს და პირდაპირ დეტალურ გეგმაზე გადავიდნენ.

დეტალური გეგმის დამტკიცებამდე კომპანიამ ტერიტორიის შემოღობვა და არაერთი შენობის დემონტაჟი დაასრულა, მათ შორის არის ადრე დაწყებული და დაუსრულებელი სამი სართული, რომელსაც სამშენებლო ნებართვის მიხედვით შპს „ლუდი ბათუმური“ და სააქციო საზოგადოება „ბათუმის რძის ქარხანა“ აშენებდნენ, თუმცა ვერ დაასრულეს.

სამშენებლო ტერიტორია ბათუმში, გრიბოედოვის ქუჩის მხრიდან
სამშენებლო ტერიტორიაზე დემონტაჟის პროცესი თითქმის დასრულებულია

კომპანიის ინფორმაციით, დაუსრულებელი შენობის ახალი ობიექტით ჩანაცვლების მიზნით მერიამ ამ ადგილზე კოეფიციენტი 16,0-მდე გაზარდა. აქ არსებული შენობების დემონტაჟის ნებართვა 2026 წლის თებერვალში გასცეს.

სამშენებლო ტერიტორია, ზღვის სანაპირო ზოლიდან 1200 მეტრში მდებარეობს. ამას კომპანია განიხილავს, როგორც პრიორიტეტულ მახასიათებელს წვდომის თვალსაზრისით, ასევე ხედებისთვის ქალაქზე მაღალი სართულებიდან.

„საპროექტო მოცულობიდან იშლება პანორამული ხედები, როგორც ზღვის, ისე ქალაქის ისტორიული და ახალი დასახლებების მიმართულებებით, ასევე ბათუმის შემოგარენზე და მაღალმთიანი აჭარის ქედებზე“, – ვკითხულობთ განაშენიანების დეტალურ გეგმაში.

მონიშნულია სამშენებლო ტერიტორია

შპს „ოპუს ცენტრს“ პროექტის ეკონომიკური გათვლაც მოუმზადებია.

ეკონომიკურ დასაბუთებაში დოკუმენტის ავტორები წერენ, რომ მრავალფუნქციური პროექტი სავაჭრო ცენტრს, კომერციულ ფართობებს, საცხოვრებელ და სარეკრეაციო სივრცეს აერთიანებს.

პროექტის ჯამური ინვესტიცია 130 მილიონი აშშ დოლარია. მიწის ნაკვეთები შპს „ოპუს ცენტრის“ მესაკუთრეს 8 მილიონ 500 000 დოლარად გამოუსყიდია, კომერციული კომპანიებიდან პირდაპირი შესყიდვის გზით, 2023 წელს.

კომპანიის ინფორმაციით, საცხოვრებლის საერთო სამშენებლო ინვესტიცია 127 მილიონ 500 000 აშშ დოლარია პარკინგის ჩათვლით, სარეალიზაციო მოცულობა კი დაახლოებით 128 000 მ2 იქნება. სარეალიზაციო ფასად ერთ მ2 1200 აშშ დოლარი მიუთითებიათ [მწვანე კარკასი]. ამ ფასიდან გამოუთვლიათ, რომ „სრული რეალიზაციიდან გენერირდება 153 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი“.

1200 დოლარი დიდი ხანია უკვე აღარ ღირს 1.კვ/მეტრის ფასი ბათუმის ამ უბანში. ამიტომაც შემოსავლის სახით, თუ ბაზარი მკაფიოდ ნეგატიურად არ შეიცვალა, კომპანია გაცილებით მეტის ამოღებას შეძლებს. განსაკუთრებით კი მაღალ სართულებზე განთავსებული ე.წ „ხედებიანი“ ბინებიდან, თუმცა ნაკლებად მომგებიანი არც კომერციული ფართობები უნდა იყოს.

უკვე დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, კომერციული არეალის განვითარების საინვესტიციო მოცულობა 1 მილიონ აშშ დოლარია. ჰიპერმარკეტის გასაქირავებელი ფართობი გამოდის დაახლოებით 5730 მ2.

კვლევის შესაბამისად, საშუალო შეწონილმა იჯარამ შეადგინა 9.0 აშშ დოლარი, რომელიც ყოველი სამი წლის შემდეგ ზრდადია. სავაჭრო ობიექტის საოპერაციო მოგება ოპერირებიდან მეორე წელს აღწევს 650 000 აშშ დოლარს და მომდევნო წლებში – დაახლოებით 850 000 აშშ დოლარს.

ასევე გათვალისწინებულია სავაჭრო ცენტრის საბოლოო ნარჩენი ღირებულება ბოლო საპროგნოზო წლისათვის. შესაბამისად, 2033 წლისთვის კაპიტალიზაციის შედეგად ნარჩენი ღირებულება წლიური შემოსავლის დამატებით 21 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

მთლიანობაში, როგორც საცხოვრებელი, ასევე სავაჭრო კომპონენტების ერთობლივი განვითარების ხარჯი [მიწის გარეშე] შეადგენს 119 მილიონ აშშ დოლარს. საერთო შემოსავალი, როგორც რეალიზაციიდან ასევე სავაჭრო ცენტრის ოპერირებიდან და სხვა შემოსვლები, ერთობლივად შეადგენს 153 მილიონ დოლარს.

მოვითხოვთ ირაკლი ჩიხლაძის საქმეზე გრიფის მოხსნას და სასამართლო პროცესზე მედიის დაშვებას – ქარტია

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ჟურნალისტ ირაკლი ჩიხლაძის საქმისთვის გრიფის მოხსნას და მის სასამართლო პროცესზე მედიის დაშვებას მოითხოვს.

ქარტიამ ამასთან დაკავშირებით განცხადება დღეს, 2 ივნისს გაავრცელა.

„30 მაისს სუს-მა უცხო ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა ირაკლი ჩიხლაძე, რომელიც წლებია, ჟურნალისტურ საქმიანობას ეწევა და თავისი პროექტებით ხელს უწყობს დიალოგს ქართველ, აფხაზ და ოს ჟურნალისტებს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის.

1 ივნისს დახურულ სხდომაზე მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ ირაკლი ჩიხლაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ირაკლი ჩიხლაძე 2008 წლის აგვისტოს ომში რუსული ძალების მიერ ცხინვალში მოკლული ჟურნალისტის გიგა ჩიხლაძის ძმაა. ის არის არასამთავრობო ორგანიზაციის „სამოქალაქო მოსმენების კავკასიური ცენტრის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი და ასევე მედიაგამოცემა „კავკაზნიუსის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი.

კოლეგებისა და ოჯახის ინფორმაციით, ირაკლი ჩიხლაძის პროფესიული საქმიანობის ფოკუსი სტერეოტიპების დამსხვრევა, ომითა და ოკუპაციით გახლეჩილი საზოგადოების წევრების დაახლოება იყო.

ჟურნალისტს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 314 მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც ნიშნავს, რომ მას, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 8-დან 12 წლამდე პატიმრობა ელის.

პროკურატურამ, რომელიც ირაკლი ჩიხლაძეს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის დავალებით ინფორმაციის შეგროვებასა და გადაცემას ედავება, საქმეს გრიფი  „საიდუმლო“ დაადო, ხოლო ირაკლი ჩიხლაძის ადვოკატს, გიორგი გელხაურს, „გაუთქმელობაზე“ მოაწერინა ხელი და საქმის მასალებზე საუბარი აუკრძალა. თავად ირაკლი ჩიხლაძე ამ ეტაპზე დუმილის უფლებით სარგებლობს.

შედეგად, მაღალი საჯარო ინტერესის მიუხედავად, საქმის დეტალების შესახებ არც საზოგადოება და არც ჟურნალისტური თემი ინფორმირებული არ არის.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა გააკეთეს მინიშნება, რომ ირაკლი ჩიხლაძე ერთ-ერთი ევროპული ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობდა.

ადვოკატი გადაწყვეტილებას უკანონოდ და დაუსაბუთებლად მიიჩნევს. ის მიანიშნებს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები ირაკლი ჩიხლაძისთვის წარდგენილ ბრალს არ ადასტურებს და რომ მსგავსი მტკიცებულებების საფუძველზე ნებისმიერი იმ ადამიანის დაკავება შეიძლება, ვინც კი ანალიტიკურ საქმიანობას ეწევა ან საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობს.

ისეთი სერიოზული ბრალდების შემთხვევაში, როგორიც ჯაშუშობაა, მტკიცების მაღალი სტანდარტის დაცვაა საჭირო. დახურული და გასაიდუმლოებული პროცესი საზოგადოების ინტერესში ცალსახად არ შედის.

ქარტია უერთდება ოჯახის და თავად ბრალდებულის მოთხოვნას, საქმე გამჭვირვალედ და მაღალი საჯაროობის პირობებში წარიმართოს, რათა საზოგადოებას მიეცეს საშუალება, წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, თავად შეაფასოს, თუ რამდენად ობიექტური და სამართლიანია ირაკლი ჩიხლაძის მიმართ წარდგენილი ბრალი“- ნათქვამია ქარტიის განცხადებაში.

____________

ამავე თემაზე:

მოვითხოვთ გამჭვირვალობას და რეალურ მტკიცებულებებს – ირაკლი ჩიხლაძის შვილი

„უნდათ ერთმანეთს გადაგვკიდონ“- ელექტრომოპედების გამქირავებლების პროტესტი ბათუმში

დღეს, 2 ივნისს, ელექტრომოპედებისა და კვადროციკლების გამქირავებელმა მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია გამართეს ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციასთან.

აღნიშნული პირები ბათუმის ბულვარში წლების განმავლობაში მუშაობდნენ და ტურისტულ სეზონზე ელექტრომოპედებსა და კვადროციკლებს აქირავებდნენ დამსვენებლებზე, თუმცა წელს ბათუმის მერიამ მათ ბულვარში მუშაობის ნებართვა აღარ მისცა

ბათუმში ელექტრომოპედებისა და სკუტერების გამქირავებლები, ასევე, სუვენირებითა და წვენებით მოვაჭრეები, 4 თვეა, რაც მერიის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. ისინი ამ დროის განმავლობაში აქციებს მართავენ როგორც მერიის, ასევე აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან და ითხოვენ გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან შეხვედრას.

როგორც გამქირავებლები ამბობენ „ბათუმელებთან“ საუბრისას, მერია მათ ახალი ბულვარის ტერიტორიაზე სთავაზობს გარკვეულ მონაკვეთზე მუშაობას, თუმცა თვითდასაქმებულებისთვის ეს შემოთავაზება მიუღებელია, რადგან მერია ხშირად ცვლის პირობებს და არც შემოთავაზებული მონაკვეთია ყველა თვითდასაქმებული ჯგუფისთვის საკმარისი.

საპროტესტო აქცია ბულვარის ადმინისტრაციასთან.

„აკვაპარკის ბოლოში განთავსდით 71 ადამიანიო, ამას გვეუბნებიან. საკრებულოს მოგვცა უფლება, რომ როგორც იყავით გასულ წლებში, ისევ ისე იმუშავეთ. ახლა გვაძლევენ 30 ლოკაციას და მანძილს გვიმცირებენ. უნდათ, რომ ერთმანეთში გვაჩხუბონ, ერთმანეთს გადაგვკიდონ. ეს ვისი ინიციატივაა, ვინ გადაწყვიტა, რა უნდა ბულვარის დირექტორს ჩვენგან, ვერ ვხვდებით.

ჩვენ გვინდა ერთადერთი რამ, მოგვცენ იმის უფლება, რომ როგორც ადრე ვიყავით ისე დავდგეთ და ვიმუშაოთ“ – ამბობს პაატა საგინაძე.

მისი თქმით, 2 თვეა გადაწყვეტილებას ელოდებიან ხელისუფლებისგან და ვერ მიაღწიეს საბოლოო შეთანხმებას.

„ამ ხნის განმავლობაში, ვინ მშიერია, ვინ მწყურვალი, ვის აქვს ბანკის ვალი ვინმე გვეკითხება? მათ ხელფასი აქვთ, ჭამს და სვამ, ჩვენ რა ვქნათ, ხალხმა“ – ამბობს პაატა საგინაძე.

თვითდასაქმებულების თქმით, ბულვარის ტერიტორიაზე 300-მდე ელექტრომობილი მუშაობდა.

„პირველ რიგში პრობლემაა ის, რომ დანარჩენი ხალხი, ვინც უმუშევარი რჩება, ეს 40-41 ადამიანი, ცოდვაა. პატარა ლოკაციაზე 30 კაცი 5 ელექტრომობილით, 5 მოპედით რომ დადგება, ძალიან ახლოს იქნებიან ერთმანეთთან და მუშაობა გაგვიჭირდება.

ბულვარის ადმინისტრაციამ უნდა დაგვალაგოს იმ ადგილებზე სადაც ადრე ვიდექით, მაგრამ უარს გვეუბნება“ – ამბობს ნიკა მამულაძე.

კიდევ ერთ თვითდასაქმებული „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ იმ მონაკვეთში, სადაც ბულვარის ადმინისტრაციას უნდა, რომ ელექტრომობილები განთავსდეს, ფიზიკურად ვერ დაეტევა ამდენი ტექნიკა.

„მე მაქვს ინტერესი, რომ პურის ფული მივიტანო ოჯახში. სეზონურად სამი თვე ვმუშაობთ, 9 თვე ვართ უმუშევარი. საკრებულომ მხარი დაგვიჭირა, მაგრამ ბულვარის ადმინისტრაციას არ სურს ისე ვიმუშაოთ, როგორც ადრე.

რეგულაციები რა თქმა უნდა საჭიროა, რაღაცების შეცვლა აუცილებელია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ შეგვავიწროონ“- ამბობს ვაჟა დავითაძე.

ამავე თემაზე:

რას ითხოვდნენ აქციაზე, ივანიშვილის სასტუმროსთან, მოპედების ბათუმელი მეპატრონეები

 

გონიოს ყოფილ პოლიგონს განსაკუთრებული რეგულირების სტატუსი მიენიჭა – კობახიძის დადგენილება

ბათუმში, გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის, ასევე თბილისსა და გარდაბანში „კრწანისის პარკსა“ და მიმდებარე ნაკვეთებს განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიის სტატუსი მიენიჭა. „ოცნების“ მთავრობის განცხადებით, ამ ტერიტორიებზე არაბული ინვესტიცია უნდა განხორციელდეს.

სტატუსის მინიჭების შესაბამის დადგენილებებს ირაკლი კობახიძემ ხელი 2026 წლის 29 მაისს მოაწერა.

უშუალოდ ყოფილი სამხედრო პოლიგონის და მის მიმდებარე მიწის ნაკვეთებს, ჯამში 2 588 888 კვადრატული მეტრი ფართობის ტერიტორიას „ეკონომიკური და საინვესტიციო ფაქტორებიდან გამომდინარე, მიენიჭოს განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიის სტატუსი“, – წერია დადგენილებაში, რომელიც 2 ივნისიდან ამოქმედდა.

გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონი და მიმდებარე მიწის ნაკვეთები [მონიშნულია თეთრი ფერით], რომელთაც განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიის სტატუსი მიენიჭა. / ფოტო მთავრობის დადგენილების დანართიდან
საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის მიხედვით, ამ ტერიტორიის განაშენიანების საკითხები უკვე არა ბათუმის, არამედ საქართველოს მთავრობის პრეროგატივაა.

აღნიშნული კოდექსის მიხედვით:

„დიდი მნიშვნელობის საზოგადოებრივი, ეკონომიკური, ეკოლოგიური, ჰუმანიტარული, თავდაცვითი, საკურორტო, სპორტულ-გამაჯანსაღებელი, სარეკრეაციო, კულტურული ან/და სხვა ფაქტორიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით დასახლებას ან მუნიციპალიტეტს ან მისი ტერიტორიის ნაწილს შეიძლება მიენიჭოს განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიის სტატუსი.

ასეთი ტერიტორიისთვის საქართველოს მთავრობა ამტკიცებს გენერალურ გეგმას, ხოლო სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტო – განაშენიანების გეგმას/განაშენიანების დეტალურ გეგმას.

საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიისთვის დაადგინოს ამავე ტერიტორიაზე მოქმედი სპეციალური მარეგულირებელი ნორმები  −  ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ან/და ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის შემუშავების/დამტკიცების განსხვავებული წესები.

ასეთ ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვა გაიცემა საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით“.

გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორია ამ ეტაპზე სახელმწიფოს საკუთრებაშია. აქ „არაბული ინვესტიციაა“ დააანონსებული.

„ეკონომიკური და საინვესტიციო ფაქტორებიდან გამომდინარე, განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიის სტატუსი“ მიენიჭა ასევე თბილისისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთებს [ჯამში 6 335 813,3 კვადრატული მეტრი], სადაც ასევე „არაბული ინვესტიციაა“ დაანონსებული. ეს ნაკვეთები [კრწანისის პარკი] უკვე უზუფრუქტით შპს „იგლ ჰილს საქართველოზეა“ გადაცემული.

თბილისსა და გარდაბანში მიწის ნაკვეთები [მონიშნულია თეთრი ფერით], რომელთაც განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიის სტატუსი მიენიჭა. / ფოტო მთავრობის დადგენილების დანართიდან
გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორია არაბულ კომპანია „Eagle Hills-სთან თანამშრომლობის ფარგლებში“ აჭარის მთავრობამ 2025 წელს სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა.

ამ თემაზე:

„იგლ ჰილსის“ პროექტი გონიოს ყოფილ პოლიგონზე, სადაც მშენებლობა შეზღუდულია აეროპორტის გამო

 

 

ეთიკის ქარტია ეხმიანება ჟურნალისტების გათავისუფლებას აჭარის ტელევიზიიდან

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაწყვეტილებას რეორგანიზაციის საბაბით ჟურნალისტების გათავისუფლების შესახებ უსამართლოდ და დაუსაბუთებლად მიიჩნევს.

ქარტიის განცხადებაში ვკითხულობთ:

„2 ივნისს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის 14 თანამშრომელს დირექციამ ელექტრონული ფოსტით შეატყობინა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. მათ შორის არიან გადაცემა „სათქმელის“ წამყვანი ირინა ყურუა, რადიოს საინფორმაციო გამოშვების რედაქტორი მაია მერკვილაძე და ჟურნალისტები თეონა ხარაბაძე, ლევან ურიდია და სალომე გეგეშიძე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ახლად დანიშნულმა დირექტორმა ირაკლი კიკვაძემ გამოცემა „ბათუმელებთან“ კომუნიკაციაში გათავისუფლებები მაუწყებელში მიმდინარე რეორგანიზაციას დაუკავშირა. მან განმარტა, რომ მის გუნდს ინფრასტრუქტურული გამოწვევებისა და სხვა მიზეზების გამო ბევრი გადაცემის გაუქმება მოუწია.

ქარტიას ეჭვებს უჩენს ის გარემოება, რომ გათავისუფლებული ჟურნალისტები დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხითა და პროფესიონალიზმით გამოირჩევიან და რომ ისინი ყოველთვის პატივისცემას იჩენენ განსხვავებული აზრის მიმართ და სვამენ კრიტიკულ შეკითხვებს.

გათავისუფლებული ჟურნალისტების ნაწილი, ვისი პოზიციაც ამ დროისთვის ცნობილია, თავადაც ასე მიიჩნევს, რომ კრიტიკული აზრის გამო იდევნება.

ეს ქარტიას აფიქრებინებს, რომ გათავისუფლებები სხვა არაფერია, თუ არა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის კრიტიკული აზრისგან დაცლის მცდელობა და ეს შერჩევითი, მიკერძოებული დამოკიდებულება ჟურნალისტების მიმართ აჭარაში საინფორმაციო ველის საბოლოოდ მოსუფთავებას ემსახურება.

კვლევები აჩვენებს, რომ მას შემდეგ რაც ნათია კაპანაძემ აჭარის მაუწყებელი იმპიჩმენტის შედეგად დატოვა, მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკა რადიკალურად შეიცვალა და პარტიულ დღის წესრიგს დაემორჩილა. ტელევიზია სხვადასხვა ხელმძღვანელობის პირობებში ეტაპობრივად  გათავისუფლდა კრიტიკულად მოაზროვნე ჟურნალისტებისგან. ახლა, სავარაუდოდ, ამ სისტემური პროცესის ბოლო ტალღის მოწმე ვხდებით.

ქარტია სოლიდარობას უცხადებს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გათავისუფლებულ კოლეგებს და მაუწყებლის მენეჯმენტს სამართლიანობისკენ, რეორგანიზაციის პროცესში კი გათავისუფლებებთან დაკავშირებით მეტი გამჭვირვალობისა და სიცხადისკენ მოუწოდებს“.

53 500 ლარი მორიგი ობიექტების დასანგრევად ბათუმში – მუნიციპალურმა ინსპექციამ ტენდერი გამოაცხადა

ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექცია ქალაქის ტერიტორიაზე „უსახური სავაჭრო ჯიხურების დემონტაჟს“ აგრძელებს, თუმცა „უნებართვო და უსახური შენობა ნაგებობების დემონტაჟისთვის“ რესურსი არ გააჩნია. აქედან გამომდინარე, შესაბამისი მომსახურების შესყიდვაზე ინსპექციამ 53 500 ლარით ტენდერი გამოაცხადა.

2026 წლის მაისის დასაწყისში ინსპექცია აცხადებდა, რომ „უნებართვო და უსახური შენობა ნაგებობების დემონტაჟი“ 24 საათის განმავლობაში უნდა გაეგრძელებინა, რისთვისაც 15 ივნისამდე, ჯამში, 50 625 ლარის დახარჯვას ტენდერის გარეშე აპირებდა.

„დღეის მდგომარეობით შემსყიდველი ორგანიზაციის ხელთ არსებული რესურსით შეუძლებელია უკანონო ნაგებობების დემონტაჟის განხორციელება. შესასრულებელი სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე, სავალდებულოა დემონტაჟის უსაფრთხოების წესების დაცვით მოთხოვნილი სამუშაოების სრულყოფილი შესრულება. ინსპექციას არ აქვს ტექნიკა [ამწე მექანიზმი, მძიმე სამშენებლო ტექნიკა, და ა.შ.] და არ ჰყავს შესაბამისი პერსონალი დემონტაჟის ღონისძიებების განსახორციელებლად“ – წერდა მაშინ ინსპექცია შესყიდვების სააგენტოს.

ვრცლად ამ თემაზე: რა დარჩა ბათუმის მერიას დასანგრევი – „უნებართვო კაფე-ბარების“ დემონტაჟისთვის 170 ათასი ლარი იხარჯება

გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობის მიღების ეტაპზე სააგენტომ მუნიციპალურ ინსპექციას გარკვეული დეტალების დაზუსტება-დასაბუთება მოსთხოვა.

„გთხოვთ, ერთი სამუშაო დღის ვადაში დააკონკრეტოთ, თუ როდის დადგა გადაუდებელი აუცილებლობის ვითარება. ამასთან, განმარტეთ, თუ რატომ არის შეუძლებელი გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული პრობლემის აღმოფხვრა ელექტრონული ტენდერის საშუალებით და რატომ უნდა დასრულდეს წინამდებარე მომართვით განსაზღვრული სამუშაოები 2026 წლის 15 ივნისამდე.

ასევე, [კითხვარის სხვადასხვა ველში მითითებული] ინფორმაცია მოიყვანეთ ერთმანეთთან შესაბამისობაში. ასევე განმარტეთ, თუ რის საფუძველზე დადგინდა შესყიდვის ობიექტის ღირებულება…“ – მიწერეს შესყიდვების სააგენტოდან მუნიციპალურ ინსპექციას.

დეტალების დაზუსტების ნაცვლად კი, მუნიციპალურმა ინსპექციამ თავისი განაცხადი სააგენტოდან უკან გაიხმო და მოგვიანებით ტენდერი გამოაცხადა.

აღნიშნულ ტენდერში წინადადებების მიღება 6 ივნისს დაიწყება და 9 ივნისს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ამჯერად 53 500 ლარია.

სადემონტაჟო სამუშაოების მოცულობა ტენდერიდან

„სამუშაოები უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად: ხელშეკრულების გაფორმებიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

მიმწოდებელს წერილობით გადაეცემა სამშენებლო ობიექტის კონკრეტული მისამართი.“ – აღნიშნულია ტენდერის პირობებში.

ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციას, პარალელურად, ჯამში 1 მილიონზე მეტი ლარის ტენდერები აქვს გამოცხადებული საკუთარი კომფორტისთვის.

ინსპექციამ სამი ერთეული მე-III კლასის მსუბუქი ჰიბრიდული ავტომობილის შესაძენად ელექტრონული ტენდერი 223 ათას 200 ლარით გამოაცხადა. შპს „სენა ავტო“ ინსპექციას ავტომობილებს 187 ათას 800 ლარად სთავაზობს. ეს ტენდერი შერჩევა-შეფასების ეტაპზეა.

ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის I სართულის სივრცეში სამსახურის ახალი ოფისის მოსაწყობად კი, მუნიციპალურ ინსპექციას ტენდერი 949 ათას 865 ლარით აქვს გამოცხადებული.

ამ თემაზე ვრცლად:

„ოცნებამ“ 175 მილიონი ლარის ავტომანქანები იყიდა – წელს 36 მილიონზე მეტს დახარჯავს

 

მთავარი ფოტო: ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია

 

 

აჭარის ტელევიზიიდან 5 ჟურნალისტი გაათავისუფლეს – „მიზეზი კრიტიკული აზრის ჩახშობაა“

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ჟურნალისტები გაათავისუფლეს.

დღეს, 2 ივნისს, ტელევიზიისა და რადიოს 5-მა თანამშრომელმა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაიგო, რომ სამსახურიდან გაათავისუფლეს. მოტივი, ტელევიზიაში გამოცხადებული რეორგანიზაციაა.

სამსახურიდან დაითხოვეს გადაცემა „სათქმელის“ წამყვანი ირინა ყურუა, რადიოს საინფორმაციო გამოშვების რედაქტორი მაია მერკვილაძე, ასევე სხვა ჟურნალისტები – თეონა ხარაბაძე, ლევან ურიდი და სალომე გეგეშიძე.

„ბათუმელები“ ესაუბრა ირინა ყურუას და მაია მერკვილაძეს.

„რეორგანიზაცია სამი თვეა უკვე მიმდინარეობს და ამის შესახებ გვქონდა ინფორმაცია, თუმცა დღეს მივიღე მეილი, სადაც მადლობას მიხდიან ჟურნალისტიკაში შეტანილი წვლილისთვის და მატყობინებენ, რომ შრომითი ხელშეკრულება შემიწყვიტეს.

„მოხარული ვიქნებით, თუ მიიღებთ მონაწილეობას კონკურსში“, – ესეც მომწერეს. სექტემბერში ყოფილა კონკურსი დაგეგმილი“, – ამბობს ირინა ყურუა „ბათუმელებთან“.

ირინა ყურუა მიიჩნევს, რომ მისი სამსახურიდან გათავისუფლება, ტელევიზიაში კრიტიკული აზრის ჩახშობას უკავშირდება.

„ოფიციალურად რაც გამოგვიცხადეს, არის ის, რომ სტრუქტურა უნდა შეცვალონ და რომ ტელევიზიაში ყველაფერი გასამართია. მოგვთხოვეს თითო გადაცემის გადაგზავნა შესაფასებლად და მეც გადავუგზავნე ჩემი ერთი გადაცემა.

არ ვიცი ამ ერთი გადაცემიდან რა დასკვნა გამოიტანეს და რა კომპეტენციით შეფასდა ეს ცალკე მსჯელობის საგანია. თუმცა ვფიქრობ, რომ ეს ერთი გადაცემაც ძალიან ღირსეული იყო და არ მგონია, რომ ჟურნალისტურ სტანდარტებთან ან რაიმე კანონთან შეუსაბამო იყო.

არანაირი არგუმენტი არ მომისმენია, თუ რატომ შემიწყვიტეს გადაცემა. უბრალოდ, მეილში ეწერა, რომ ოპტიმიზაციის შედეგად შემუშავებულ ახალ ბადეში გადაცემა – „სათქმელის“ ადგილი ვერ მოიძებნა.

მე ასე ვფიქრობ, რომ არ უნდათ კრიტიკული აზრი ისმოდეს ტელევიზიიდან, რადგან ამ გადაცემიდან მაყურებელი ისმენდა განსხვავებულ და კრიტიკულ აზრებს. ისმოდა კრიტიკული კითხვები, რაც აუდიტორიისთვის საინტერესო იყო.

ჟურნალისტიკა მე ასეთი მგონია და ჩემს სტუდენტებსაც ასე ვასწავლი, რომ უპირველესია კრიტიკული კითხვის დასმა. თუ შენ მრავალფეროვნებას და განსხვავებულ აზრებს ვერ სთავაზობ მაყურებელს, მაშინ არ მგონია ღირებული იყოს მსგავსი გადაცემა.

ვფიქრობ, ამიტომ უშლიდა ნერვებს ზოგიერთს, რომ სწორედაც კრიტიკული აზრი, კრიტიკული მოსაზრებები და განსხვავებული აზრი ისმოდა ამ გადაცემაში“, – ამბობს ირინა ყურუა.

ის ამბობს, რომ აპირებს სამართლებრივ ბრძოლას მისი უფლებების დასაცავად.

„არა მგონია კონკურსამდე ასე გავჩერდე, მაინც ვიბრძოლებ საკუთარი უფლებებისთვის, იმიტომ, რომ არ არის ეს სამართლიანი გადაწყვეტილება“, – ამბობს ირინა ყურუა.

მაია მერკვილაძეც მიიჩნევს, რომ ტელევიზიის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება სამართლიანი არ არის.

„სადღაც სამი თვის წინ მოგვივიდა ბრძანება რეორგანიზაციის შესახებ და ყველას მოგვაწერინეს ხელი. იმ დღეებში შევხვდით დირექტორს, რადგან მაინტერესებდა, რას გულისხმობდა ეს რეორგანიზაცია.

მითხრა, რომ ეს ძირითადად ეხებოდა შემოქმედებით გადაცემებს და ასევე ისეთ საკითხებს, სადაც ერთი ადამიანი იკავებდა რამდენი პოზიციას.

მე ვარ რადიოს საინფორმაციოს რედაქტორი, პოზიციების დუბლირება ჩემთან არ იყო და არც შემოქმედებით გადაცემებს წარმოადგენდა ჩემი სამსახური. ამიტომ რაღაც მაინც დარჩა აუხსნელი. ელემენტარულ ლოგიკაშიც არ ჯდება ეს გადაწყვეტილება, ამიტომ მაინტერესებს რატომ გადაწყვიტეს ასე.

ახალი დირექტორი სამი თვეა დაინიშნა. როგორ გაერკვა ყველა თანამშრომლის კომპეტენციაში და ფუნქციებში ასე სწრაფად არ ვიცი“, – ამბობს მაია მერკვილაძე.

მისი თქმით, მიღებულ მეილში არც იმაზე იყო საუბარი, რომ შეეძლო კონკურსში მონაწილეობა.

„მსგავსი არაფერი წერია მეილში. მოკლედ, ასე პირდაპირ წერია, რომ შეწყდა ჩემთან ხელშეკრულება.

მე დირექტორის არგუმენტები მაინტერესებს თორემ, მე მაქვს ჩემი არგუმენტები და ვიცი, რატომ შეიძლება შეეწყვიტათ ჩემთან თანამშრომლობა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ბოლო დროს არ ვიყავი საკმარისად აქტიური, მაინც ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი უკავშირდება ჩემს კრიტიკულ დამოკიდებულებას ხელისუფლების მიმართ“, – ამბობს მაია მერკვილაძე.

„ბათუმელები“ ასევე დაუკავშირდა ტელევიზიის დირექტორს ირაკლი კიკვაძეს, რომელმაც სატელეფონო ზარებს არ უპასუხა, თუმცა მოგვიანებით მოგვწერა, რომ ჟურნალისტები სამართლებრივი ნორმების დაცვით გაათავისუფლეს.

„მაუწყებელში რეორგანიზაცია იყო დაგეგმილი და დაანონსებული, ჩვენმა გუნდმა მოსვლისთანავე დაიწყო ტელევიზიისა და რადიოს შიგნით არსებული გამოწვევების შესწავლა.

პროცესი მიმდინარეობს ყველა სამართლებრივი პროცედურის დაცვით. გვაქვს კიდევ არაერთი გამოწვევა და ამ გამოწვევებთან გამკლავების გეგმებიც. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე მოგვიწია რამდენიმე თანამშრომელთან დამშვიდობება.

ამ ეტაპზე  ინფრასტრუქტურული და არამხოლოდ მიზეზების გამო, ბევრი გადაცემის გაუქმება მოგვიწია. ამ მიმართულებითაც გვაქვს სამომავლო გეგმები და ადამიანებს მიეცემათ საშუალება საეთერო დროის გამოყენების, როცა ამის პირობები იქნება“, – მოგვწერა ირაკლი კიკვაძემ.

თუმცა არ დაგვიზუსტა, 5 პირის გარდა, კიდევ რამდენმა დასაქმებულმა მიიღო გათავისუფლების შესახებ შეტყობინება და რამდენი დასაქმებულის გათავისუფლება იგეგმება მთლიანობაში.

ამერიკაში თავშესაფრის მისაღებად „ქეისებს“ ქმნიდნენ – პროკურატურამ 3 პირი დააკავა

„საქართველოს ოთხმა მოქალაქემ დანაშაულებრივი ორგანიზებული ჯგუფი ჩამოაყალიბა. წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად ისინი ამერიკაში თავშესაფრის მსურველ საქართველოს მოქალაქეებს მოიძიებდნენ და მათ თავშესაფრის მისაღებად საჭირო ისტორიის, ე.წ. „ქეისის“ შექმნას, მტკიცებულებების შეგროვებასა და სასამართლოში მხარდაჭერას ჰპირდებოდნენ.

საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია საქართველოს 366 მოქალაქის ვინაობა, რომლებმაც ამერიკის შეერთებულ შტატებში თავშესაფრის მისაღებად ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს მიმართეს,“ – აღნიშნულია საქართველოს პროკურატურის მიერ დღეს, 2 ივნისს გავრცელებულ ინფორმაციაში.

პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების, საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენისთვის ხელშეწყობის, საქართველოს მოქალაქისთვის უცხო ქვეყანაში თავშესაფრის მისაღებად მცდარი ინფორმაციის წარდგენის ხელშეწყობის და ორგანიზების, ასევე ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტებზე 3 პირი დააკავა და 6 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

თბილისის პროკურორი გიორგი მიქაია აღნიშნავს, რომ საქართველოს პროკურატურის და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად გამოვლენილია ორი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი.

„ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, ე.წ. ქეისებში არარსებულ ისტორიებს წერდნენ, თუ როგორ დევნიდნენ საქართველოს მოქალაქეებს საქართველოს ტერიტორიაზე სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის, პოლიტიკური შეხედულების თუ სექსუალური ორიენტაციის გამო.

აღნიშნული ისტორიების გამყარების მიზნით ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ამზადებდნენ ყალბ დოკუმენტებს და სანაცვლოდ დიდი ოდენობით თანხებს ითხოვდნენ. კერძოდ: ყალბი ე.წ. „ქეისის“ შედგენის სანაცვლოდ 1 000 – 1 500 აშშ დოლარამდე თანხას, ხოლო ყალბი დოკუმენტების დამზადებისთვის 3 000 აშშ დოლარს.

გარდა მითითებული თანხებისა, თავშესაფრის მაძიებლის საქმის წარმოებისა და წარმატებით დასრულებისთვის, თითოეული მოქალაქისგან ითხოვდნენ და იღებდნენ დამატებით 6 000-8 000 აშშ დოლარამდე თანხას.

ასევე, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ორი წევრი ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩასულ და საემიგრაციო პატიმრობაში მყოფ ქართველებს დახმარებას ჰპირდებოდა, სანაცვლოდ კი, დიდი ოდენობით თანხას ითხოვდნენ. ბრალდებულები 4 მოქალაქის კუთვნილ 10 000 აშშ დოლარს დაეუფლნენ, თუმცა მათ საქართველოს მოქალაქეებს დახმარება არ გაუწიეს.

გარდა ამისა, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები საქართველოს მოქალაქეებს კანადის ვიზის მიღებაში დახმარებასაც ჰპირდებოდნენ. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ფარგლებში, ერთ-ერთმა ბრალდებულმა, კანადის ვიზის მიღებაში დახმარების მიზნით, 800 აშშ დოლარის სანაცვლოდ, პროკურატურის ოპერატიულ თანამშრომელს დაუმზადა ყალბი საბანკო ამონაწერი, ცნობა სამსახურის თაობაზე, თითქოსდა, ეს უკანასკნელი დასაქმებული იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში და სხვა ყალბი დოკუმენტაცია.

საქართველოს პროკურატურის და აშშ-ს საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, ასევე გამოვლენილია კიდევ ერთი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელიც ყალბი დოკუმენტების გამოყენებით მოქალაქეებს ამერიკის ვიზის მიღებაში ეხმარებოდა. ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა სოციალური ქსელის სხვადასხვა პლატფორმაზე განათავსეს განცხადებები, რომლითაც ამერიკის შეერთებულ შტატებში გამგზავრების მსურველ პირებს ვიზის მიღებაში დახმარებას სთავაზობდნენ. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები მოქალაქეებს ეუბნებოდნენ, რომ აპლიკაციის შევსებისთვის საჭირო თანხის გარდა, ვიზის მიღებამდე თანხის გადახდა არ მოუწევდათ. ვიზის მიღების შემთხვევაში კი 10 000-დან 15 000 აშშ დოლარამდე უნდა გადაეხადათ.

ჯგუფის წევრებმა საქართველოს 65 მოქალაქეს ამერიკის საელჩოში წარსადგენად, დაუმზადეს და გადასცეს ყალბი ოფიციალური დოკუმენტები, რომელთა გამოყენებითაც მოქალაქეთა ნაწილმა შეძლო ვიზის მიღება. ვიზის მიღების შემდეგ მათ 112 000 აშშ დოლარი ხელზე გადასცეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს.

მას შემდეგ, რაც წარმოშობილი ეჭვების საფუძველზე საელჩომ დოკუმენტების ნაწილი გადაამოწმა, გამოვლინდა დანაშაულებრივი ჯგუფის სიყალბე, რის გამოც ყველა მოქალაქეს, ვისაც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ეხმარებოდნენ, ვიზა გაუუქმდა. მიუხედავად აღნიშნულისა, 2025 წლის იანვრიდან 2026 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, ფინანსური სარგებლის სახით მოქალაქეებისგან მიიღეს 142 786.43 აშშ დოლარი, 15 095 ლარი და 1 560 ევრო,“ – აღნიშნა თბილისის პროკურორმა, გიორგი მიქაიამ დღეს, 2 ივნისს მოწყობილ ბრიფინგზე.

______________________

მთავარ ფოტოზე: თბილისის პროკურორი გიორგი მიქაია

საიამ სტრასბურგში გაგზავნა საჩივარი ტროტუარზე დგომის საქმეზე

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2026 წლის 27 მაისს მოქალაქე დიმიტრი ჯამბურიას სახელით საჩივარი გაგზავნა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

საქმე ეხება 2025 წლის 17 დეკემბერს, პარლამენტის წინ, ტროტუარზე მშვიდობიანი პროტესტის გამო პირის ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობას და მისთვის 4-დღიანი პატიმრობის შეფარდებას.

„აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით საია დავობს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შემდეგი მუხლების დარღვევაზე: 6 (1) (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება); 11 (შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება); 14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მე-6(1) და მე-11 მუხლებთან ერთობლიობაში; 17 (უფლებათა ბოროტად გამოყენების აკრძალვა)“ – წერს საია და დეტალურად განმარტავს თითოეულ მუხლთან დაკავშირებით:

„შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება – არ არსებობს არანაირი მითითება, რომ აქციის ორგანიზატორებს ან თავად მომჩივანს რაიმე ძალადობრივი განზრახვა ჰქონდათ.

ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად უგულებელყვეს ის ფაქტი, რომ კანონში მითითებული ტერმინის – „ხელის შეშლის“, უკიდურესად ბუნდოვანი და ფართო ფორმულირება სამართალდამცავებს კანონმდებლობის ბოროტად გამოყენების საშუალებას აძლევს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ განუხილველად თავისთავშივე დამტკიცებულად მიიჩნია შსს-ის ის მტკიცება ფაქტად, რომ მათი თქმით, ამ აქციასთან მიმართებით გაკეთებული გაფრთხილებები არ იყო სათანადო ფორმით წარმოდგენილი, რის საფუძველზეც აქცია შსს-მ ჩათვალა არაკანონიერად.

აქედან გამომდინარე, სასამართლომ მომჩივანი დამნაშავედ ცნო მხოლოდ იმიტომ, რომ, მისი მტკიცებით, მცირერიცხოვანმა აქციამ ფეხით მოსიარულეთა ნაწილი დროებით შეაფერხა.

თუმცა მოსამართლეს საერთოდ არ შეუფასებია არც ის ფაქტი, რომ მომჩივანს რეალურად ჰქონდა გაგონილი შსს-ის გაფრთხილების შესახებ, რომ აქცია დაშლილიყო, არც დაბრკოლების სიმძიმე, არც ალტერნატიული ადგილმდებარეობების შეთავაზების გაკეთების არსებობა და, რაც მთავარია, არც მომიტინგეთა მხრიდან გადაადგილების შეზღუდვის წინასწარი განზრახვა.

იმის გათვალისწინებით, რომ პროტესტი, თავისი ბუნებით, გარკვეულ ფიზიკურ სივრცეს იკავებს და ყოველთვის იწვევს ჩვეული ცხოვრების რიტმის გარკვეულ, გარდაუვალ შეფერხებას, კანონის ამგვარი უკიდურესად ფართო და თვითნებური განმარტება პრაქტიკულად კრძალავს ნებისმიერი სახის მშვიდობიან შეკრებას და სრულად აქრობს კონვენციით გარანტირებული უფლების არსს.

საქმის სამართლიანი განხილვის უფლება – ეროვნულმა სასამართლოებმა არ შეაფასეს მტკიცებულებები ობიექტურად, მხედველობაში არ მიიღეს დაცვის მხარის მნიშვნელოვანი შუამდგომლობები, მიიღეს შაბლონური გადაწყვეტილებები, არასწორად გამოიყენეს საერთაშორისო სამართლებრივი სტანდარტები და პრეცედენტები, რითაც დაარღვიეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების პრინციპი.

ამასთანავე, სასამართლოებმა უგულებელყვეს ის ფაქტი, რომ შსს-მ ვერ დაამტკიცა მომჩივნის მიერ ტროტუარის განზრახ ბლოკირება და „საზოგადოებრივი საჭიროების“ არსებობა.

უფლებათა ბოროტად გამოყენების აკრძალვა – მომჩივნის საქმე არ არის ერთადერთი ინციდენტი, არამედ წარმოადგენს სახელმწიფოს მხრიდან ძალაუფლების სისტემური, წინასწარ დაგეგმილი ბოროტად გამოყენების ნათელ მაგალითს, რაც ქვეყანაში 2024 წლიდან მიმდინარე დემოკრატიული უკუსვლისა და მზარდი ავტორიტარიზმის პირდაპირი შედეგია.

ხელისუფლებამ პროევროპული აქციების ჩასახშობად მიზანმიმართულად მიიღო რეპრესიული კანონები, ტროტუარზე დგომა ტრანსპორტის სავალ ნაწილზე შეკრებას გაუთანაბრა და ამ ქმედებისთვის ერთადერთ სასჯელად პატიმრობა დააწესა, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტრო და სასამართლო თავისუფალი პროტესტის წინააღმდეგ მიმართულ სადამსჯელო ინსტრუმენტებად აქცია.

ამასთანავე, აღნიშნული ქმედების ხელახლა ჩადენა („ტროტუარზე დგომა“) გამოიწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.

აქციის მონაწილეების იდენტიფიცირების მიზნით სახის ამომცნობი ტექნოლოგიების გამოყენება, ეროვნული სასამართლოების დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებები, დაცვის მხარის არგუმენტების სრული უგულებელყოფა, აქციის მონაწილეებისა და ჟურნალისტების წამება/არასათანადო მოპყრობა, დემონსტრანტებისა და აქტივისტების მიმართ სისხლის სამართლის საქმეების აღძრვრა, ათასობით მშვიდობიანი აქციის მონაწილის დასჯა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე ემსახურება არა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას, არამედ საზოგადოებაში „მსუსხავი ეფექტის“ (chilling effect) შექმნას, რათა სრულიად განადგურდეს ევროპული კონვენციით დაცული შეკრების თავისუფლება, ჩაიხშოს განსხვავებული აზრი და მოისპოს დემოკრატიული საზოგადოების საფუძვლები.

დისკრიმინაციის აკრძალვა საქმის სამართლიანი განხილვის უფლებასთან და შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებასთან ერთად – მომჩივნის უფლებების დარღვევა დაკავშირებულია მის პოლიტიკურ შეხედულებებთან, რადგანაც მომჩივანი არის პროევროპული აქციების მონაწილე.

2024 წლის დეკემბრიდან დღემდე, ხელისუფლებამ მიზანმიმართულად მიიღო კანონები, რომლებსაც შსს და სასამართლო ექსკლუზიურად პროევროპული აქციების მონაწილეების დასასჯელად იყენებს.

ის ფაქტი, რომ უბრალოდ ტროტუარზე დგომისთვის მოქალაქეებს ფაქტობრივად ყოველდღიურად უფარდებენ ადმინისტრაციულ პატიმრობას, ნათლად ადასტურებს, რომ მომჩივნის საქმე რიგითი სამართალწარმოება კი არა, პროევროპული აქციების მონაწილეების წინააღმდეგ მიმართული ფართომასშტაბიანი და სისტემური დისკრიმინაციის ნაწილია“ – ნათქვამია საიას განცხადებაში.

დიმიტრი ჯამბურია და სანდრო მეგრელიშვილი პირველები იყვნენ, რომლებსაც პატიმრობა შეუფარდეს ტროტუარზე დგომის გამო, გზის გადაკეტვის საბაბით. მეგრელიშვილი და ჯამბურია მონაწილეობდნენ 2025 წლის დეკემბერში, თბილისში, პარლამენტის მიმდებარედ გამართულ საპროტესტო აქციაში, რომელიც ტროტუარზე გაიმართა.

______________________

ფოტოზე: დიმიტრი ჯამბურია

დაკავება ნარკოტიკებზე ბათუმის აეროპორტში – ბრალდებულებს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ

შსს-ს ცნობით, პოლიციამ და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოაქტიური ნივთიერების შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააკავეს.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, ბრალდებულების პირადი ჩხრეკის შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების შემცველი – 94 აბი ამოიღეს. ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ასევე ამოღებულია ფსიქოტროპული ნივთიერება.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე, 262-ე და 263-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

____________

ფოტო: შს სამინისტრო

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 2 ივნისის 21 საათიდან 3 ივნისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან მუნიციპალიტეტებში:

  • დღისით: 18 – 23 გრადუსი სითბო
    ღამით: 10 – 15 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში:

  • დღისით: 15 – 20 გრადუსი სითბო
    ღამით: 3 – 8 გრადუსი ყინვა

ზღვის ღელვა 2-3 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა +18 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 4-5 ივნისს აჭარაში მოსალოდნელია უნალექო ამინდი.

_______________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 2 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 2 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 366 910 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 440. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 969 ერთეული [+3]
  • ჯავშანტექნიკა – 24 666 ერთეული [+7]
  • საარტილერიო სისტემა – 43 112 ერთეული [+75]
  • MLRS – 1 821 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 400 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 436 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 353 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 323 762 ერთეული [+1 583]
  • სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 1 542 ერთეული [+14]
  • გემი/ნავი – 33 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 102 138 ერთეული [+517]
  • სპეცტექნიკა – 4 241 ერთეული [+2]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 693 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამ თემაზე:

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„ბარემ პირდაპირ მიუერთონ განათლების სამინისტრო შსს-ს“- რევაზ აფხაზავა

პირველ ივნისს „112-ის“ ყოფილ ხელმძღვანელს, გიორგი არსოშვილს, განათლების სამინისტროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სსიპ-ი, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ჩააბარეს.

გიორგი არსოშვილი მესამე ძალოვანია, რომელიც ამ უწყებაში დაინიშნა ბოლო ერთ წელში.

„ქართული ოცნების“ განათლების მინისტრი პოლიციის პოლკოვნიკია, მისი პირველი მოადგილე, გიორგი ღირსიაშვილი კი განათლების სისტემაში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოდან მოვიდა. 

რაზე მეტყველებს, როცა მაღალჩინოსანი ძალოვნები განათლების სისტემაში გადადიან? – ამ თემაზე „ბათუმელები“ განათლების სპეციალისტს, „თავისუფლების მოედნის“ წევრს, რევაზ აფხაზავას ესაუბრა.

მისი შეფასებით, განათლების სისტემაში ამდენი ძალოვნის მოყვანით, „ოცნება“ ცდილობს მოათვინიეროს სკოლა და უმაღლესი განათლების სისტემა.

„ცდილობენ განათლების სისტემა ამუშაონ არა ჩვენი ახალგაზრდების, ჩვენი მოსწავლეების თუ სტუდენტების უკეთესი მომავლისათვის და ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის, არამედ რაღაც ელექტორალური მოსავლის ასაღებად.

ეს არის მათი ამოცანა, რომ განათლების სისტემა იყოს ნახევრად მილიტარიზებული, რაღაც პოლიციური ორგანო. განსაკუთრებით სკოლებზე აქვთ აქცენტი და უმაღლეს სასწავლებლებზე, სადაც, წესით, უნდა იყოს აკადემიური თავისუფლება და ინსტიტუციური ავტონომია.

უნდათ, რომ სკოლები გადააქციონ რეგიონულ ოფისებად და ფაქტობრივად, ამ მიმართულებით უკვე ძალიან წინ არიან წასულები. ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ პოლიციის და უშიშროების ყოფილი მაღალჩინოსნები ინიშნებიან აქ. ეს არ ხდება შემთხვევით იმიტომ, რომ მათ აქვთ ძალიან კონკრეტული მიზნები და ეს მიზანია განათლების სისტემის მორჩილება და პარტიის დაქვემდებარებაში მოქცევა“ – ამბობს რევაზ აფხაზავა.

მისი შეფასებით, ამას ახერხებენ კიდეც გარკვეულწილად და რაც უფრო იზრდება წნეხი მასწავლებლებზე, მით უფრო იზრდება უკმაყოფილებაც.

„ჩვენ ვისმენთ პირად საუბრებში ამ უკმაყოფილებას და პოლიციური კონტროლი არ ნიშნავს, რომ ეს ადამიანები მართლა გულწრფელად მათი მხარდამჭერები არიან. ეს არის წნეხი, რომელსაც ერთხელაც ბზარი გაუჩნდება და გაარღვევს ამ რაღაც პოლიციური სისტემის დამბას და მართლა წარღვნასავით, ღვარცოფივით მიაწყდება მთელ სისტემას“- ამბობს რევაზ აფხაზავა.

რა გიჩენთ ამის განცდას? – ვკითხეთ მას. რევაზ აფხაზავას აზრით, პოლიტიკურ წნეხში განათლების სისტემის მოქცევას წინა ხელისუფლებაც ცდილობდა, თუმცა ამან ვერ გამოიღო სათანადო შედეგი.

„მათ მაინც ვერ მოიგეს არჩევნები. დღეს კი, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს, ბევრად რეპრესიულია, იქნება ეს ტოტალური მოსმენები, რაც ჩვენ ვნახეთ ეს სუს-ის კრებსებშიც, სადაც გამოჩნდა, რომ უსმენდნენ არა მხოლოდ სასულიერო პირებს და პოლიტიკოსებს, არამედ სკოლის დირექტორებსაც და ამის მიხედვით იღებდნენ გადაწყვეტილებებს ვინ უნდა დაეტოვებინათ ან გაეშვათ სამსახურებიდან.

ფაქტობრივად დაცალეს მთელი სისტემა პროფესიონალებისგან, იმიტომ, რომ ამათ არ აინტერესებთ არც ზოგადი და არც უმაღლესი განათლება. აინტერესებთ მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნება და მათი კეთილდღეობის შენარჩუნებას უნდათ, რომ გადააყოლონ ჩვენი შვილების მომავალი“ – ამბობს რევაზ აფხაზავა.

რას გაგონებთ ეს? – ვკითხეთ რევაზ აფხაზავას. მისი შეფასებით, „ეს ყველაფერი, თუნდაც საპოლიციო ძალების გადმოსროლა ამ სისტემაში, ემსახურება იმ მიზანს, რომ ზეგავლენა მოახდინონ ახალგაზრდების თავისუფალ ნებაზე“.

„ეს ჩანაფიქრი და რეგლამენტიც საბჭოთაა, კრემლში დაწერილი სცენარია, რომლითაც ესენი ხელმძღვანელობენ. მაგრამ საბედნიეროდ, ეს ვერ შეძლეს ვერც საბჭოთა კავშირის დროს, როცა გაცილებით უფრო ძლიერი მექანიზმი მუშაობდა და გაცილებით თანმიმდევრული და ამათზე ჭკვიანი და საქმის გამკეთებელი ხალხი იყო, მაგრამ მაინც ჩამოიშალნენ.

იმიტომ, რომ ასეთი ტიპის იდეოლოგიური წნეხი ვერ მუშაობს.

„ოცნება“ დიდი ხანია ებრძვის სამოქალაქო განათლებას, კრიტიკული აზროვნების განვითარებას, დამოუკიდებელი მსჯელობის უნარს, პროპაგანდის და ნამდვილი ამბის ერთმანეთისგან გარჩევას. აქამდე ებრძოდნენ ვითომ ფუნდამენტალისტური, ვითომ ეროვნული, რეალურად ფსევდოეროვნული ორგანიზაციების საშუალებით, მაგრამ ახლა თვითონ გადაიბარეს ეს ფუნქცია და ფაქტობრივად, საბჭოთა მიდგომებს გვიბრუნებენ, რომ სკოლა არის პარტიის დანაყოფი, პატარა უჯრედი, სადაც ხდება სისტემისთვის მორჩილი ხალხის გამოზრდა.

საბედნიეროდ, დღეს 21-ე საუკუნეა და ეს ასეთი ტიპის არქაული რეგლამენტებით და გზამკვლევებით მოქმედება შედეგს ვერ გამოიღებს. გახსოვთ ალბათ, საბჭოთა კავშირის დროსაც კი როგორი აგდებული დამოკიდებულება იყო ამ ყველაფრის მიმართ და არც პავლიკ მოროზოვი ყოფილა ქართველი.

ჩვენ სხვა ღირებულებების, სხვა ტრადიციების და სხვა იდენტობის ხალხი ვართ, ამათ კი უნდათ ამ რუსული გეგმით გავიდნენ, მაგრამ კისერს წაიტეხავენ“- ამბობს რევაზ აფხაზავა.

მის აზრით, დღეს თანამედროვე მსოფლიო გაცილებით დინამიკურია და წესით, „ქართული ოცნების“ არსებობა აქამდეც არ უნდა გაგრძელებულიყო.

„მაგრამ ესენი მანიპულირებენ ეკონომიკური მდგომარეობით და აი, ამ ფაქტობრივად სოციო-ეკონომიკურ ტყვეობაში ჰყავთ მასწავლებლებიც, ეკონომიკური შანტაჟით არიან დაკავებულები, რადგან დღეს მასწავლებლებისთვის სამსახურის დაკარგვა ფაქტობრივად შიმშილით სიკვდილის ტოლფასი.

ამით აშანტაჟებენ ადამიანებს, თორემ მზე და მთვარე არ ამოსდით „ქართულ ოცნებაზე“. უბრალოდ, მძევლად ჰყავთ აყვანილი ეს ხალხი ამ ეკონომიკური მდგომარეობით. თუმცა არის რაღაც მიჯნა, რომლის იქეთ ეს ეკონომიკური კეთილდღეობაც აღარ არის მნიშვნელოვანი, როცა ბავშვების მომავალს ემუქრება ძალიან დიდი საფრთხე და ფაქტობრივად, ხელისგულზეა ეს ყველაფერი“ – ამბობს რევაზ აფხაზავა.

15 სექტემბრისთვის „ქართული ოცნება“ სკოლებში ახალ სახელმძღვანელოებს შეიტანს. რა ეწერება წიგნებში? რა საფრთხეები არსებობს? – ვკითხეთ მას.

„მაგალითად, 40-იან, 60-იან თუ 70-იან წლებში როცა რკინის ფარდა იყო ჩამოფარებული და სამყაროსთან შეხების ერთადერთი ფანჯარა სახელმძღვანელო იყო, მაშინაც კი არ ჭრიდა ასეთი იდეოლოგია. დღეს კი ახალგაზრდებმა გაცილებით მეტი იციან და მათი მოტყუება არ იქნება ადვილი.

ამიტომ, რასაც ესენი აკეთებენ ეს არის ანაქრონიზმი. დაკარგული აქვთ ადეკვატურობა. ფორმები რომ ჩააცვან ბავშვებს, ამასაც კი ვერ მოაბეს თავი, რადგან არც დაგეგმვა იციან და არც ანგარიში. ან რატომ უნდა ეცვას ყველა მოსწავლეს ერთ თარგზე მოჭრილი ფორმა, რა საჭიროა ეს ყველაფერი, რა განათლების საქმეა ეს.

გამოტენეს სამინისტრო ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებით, რომლებმაც არაფერი იციან განათლების, რომელიც ურთულესი სისტემაა და ყველა რგოლი ერთმანეთზე ახდენს გავლენას. ამათ კი საერთოდ განათლების სპეციალისტი აღარ ჰყავთ, რომელსაც შეუძლია ეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირები დაადგინოს.

112-ის ყოფილი უფროსი კი ვერაფერს დაადგენს. საუკეთესო შემთხვევაში ის შეიძლება იყოს უფრო ტექნოკრატი ადამიანი, რომელიც რაღაც ადმინისტრაციულ საკითხებს აგვარებს.

ის უწყება, რომელიც მას ჩააბარეს, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლია, რადგან აქ ხდება ინფორმაციის თავმოყრა, დახარისხება, რომ შემდეგ მნიშვნელოვანი აქცენტები გაკეთდეს და მათ ამის კომპეტენცია არ აქვთ. ესენი ალბათ შსს-ს ბაზებს მიაბამენ სკოლის ბაზებს და ექნებათ კონტროლის რაღაც ერთიანი სისტემა, რომელიც ასევე ჩაუფლავდებათ.

ან რად უნდათ ასეთი სისტემა – სკოლაში ბავშვები აღარ დარჩათ, საზღვარგარეთ გარბიან ოჯახები ბავშვებით, მასწავლებლობის მსურველი აღარ ჰყავთ, მომზადების პროგრამები დაკეტეს და გაუბედურეს განათლების სისტემა.

მოიყვანონ ბარემ ჯარისკაცები, პოლიციელები, უშიშროების თანამშრომლები და დანიშნონ ან პირდაპირ მიუერთონ შინაგან საქმეთა სამინისტროს განათლების სისტემა თუ ნახევრად გასამხედროებული დაწესებულება უნდათ.

მაგრამ ვერ ხვდებიან, რომ ცუდად მოუბრუნდებათ ეს ყველაფერი, რადგან ამას გვაჩვენებს ისტორიის ყველა ეტაპი“- ამბობს რევაზ აფხაზავა.

„შიში“ – რატომ გადავიდა ივანიშვილი ფეისბუქის კონტროლზე

„რეალურად ეს არის რუსული ხელწერა. კონტროლის მექანიზმი ჩართეს და მოქალაქეებს ეუბნებიან: ყველგან გაკონტროლებთ. დარწმუნებული ვარ, „ოცნების“ ეს მიდგომა განწირულია მარცხისთვის,“ – მიიჩნევს სამართალმცოდნე და პოლიტიკოსი, პარლამენტის ყოფილი წევრი, ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ეკა ბესელია. 

ეკა ბესელია დარწმუნებულია, რომ „სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო“, რომელიც დღეს, პირველ ივნისს ამოქმედდა შსს-ში, „ოცნება“ გამოიყენებს, როგორც ახალ რეპრესიულ ინსტიტუტს.

რატომ დასჭირდა ივანიშვილს ეს ნაბიჯი? – ვკითხეთ ინტერვიუს დროს ივანიშვილის ყოფილ თანამებრძოლს.

„ეს მიუთითებს შიშზე. შიშია ამის განმაპირობებელი. როგორც ჩანს, შიშს მოაქვს ასეთი უგუნური გადაწყვეტილებები. ვისაც არ ეშინია, მას არ სჭირდება მსგავსი მეთოდები,“ – ამბობს ეკა ბესელია.

„ბათუმელებმა“ ეკა ბესელიასთან ინტერვიუ ჩაწერა. იგი „მართლმსაჯულების სახლის“ ხელმძღვანელია.

  • ქალბატონო ეკა, თქვენი დაკვირვებით, რა განზრახვით შეუდგა მუშაობას დღეს, პირველ ივნისს „სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო“? 

დღეს არსებულ კონტექსტს თუ გავიაზრებთ, რა მდგომარეობა გვაქვს ადამიანის უფლებების კუთხით, ამ საფრთხეს კიდევ უფრო კარგად გავიაზრებთ: ადამიანები იდევნებიან შეკრებისა და გამოხატვის უფლების გამო, ადამიანებს აჯარიმებენ ტროტუარზე დგომის გამო, კრიტიკული მოსაზრებების გამო, პოზიციების გამოხატვის გამო, დღეს ადამიანებს არ იცავს კონსტიტუცია, არ არსებობს სასამართლო დამოუკიდებლობის მინიმალური სტანდარტი, რომელიც დაიცავს მოქალაქეებს ამ უკანონო ჩარევისგან.

ასეთ ვითარებაში ეს ინიციატივა სახიფათოა საქართველოში, ვიდრე ეს იქნებოდა ნებისმიერ სხვა ქვეყანაში.

რომ გვქონდეს დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემა, სასამართლო, რომელიც აკონტროლებს მოქალაქეების უფლებებში უკანონო ჩარევას და შეაჩერებს უკანონო ჩარევის შემთხვევაში საჯარო მოხელეებს, სახელმწიფოს წარმომადგენლებს და მოქალაქეს დაიცავს, როცა ის მართლაც უნდა დაიცვას, ასეთ შემთხვევაში არ იქნებოდა ეს ინიციატივა ასეთი საფრთხის შემცველი.

  • ხედავთ საფრთხეს, რომ ამ სამმართველოსაც „ოცნება“ გამოიყენებს მის მიმართ კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეების დასასჯელად? 

რა თქმა უნდა, უდავოდ ასე იქნება. ამიტომაც არის ეს შექმნილი.

რეალურად საჯარო სივრცეებში, ქუჩაში უკვე არიან გადასული აგრესიულ ქმედებებზე. გორში მომხდარმა ამბავმა, როცა პოლიციელები თავს დაესხნენ მოქალაქეებს, აჩვენა ეს სიმპტომი. ეს სიმპტომი აჩვენა სხვადასხვა აქციის დარბევის დროს დაშავებული ადამიანების მიმართ ქცევამ, რასაც დღემდე არ მოჰყოლია სამართლებრივი რეაგირება.

ქუჩაში, გარეთ, ამ რეპრესიული და აგრესიული ქმედებებით „ქართული ოცნება“ იცავს თავის უსაფრთხოებას, მაგრამ არ იცავს მოქალაქეს.

ეკა ბესელია

დარჩა ახლა სოციალური მედია, რომლის კონტროლი შეუძლებელია. ამიტომაც, გადაწყვიტეს, რომ შეაშინონ მოქალაქეები. ამის რამდენიმე პრეცედენტი უკვე შექმნეს კიდეც. 

  • დემონსტრაციულად უნდათ დასაჯონ რამდენიმე ადამიანი, რომ ამით დაშინდეს ხალხი და, შესაბამისად, სოციალურ ქსელში მოქალაქეებმა დისკომფორტი ვეღარ შეუქმნას ივანიშვილის დაჯგუფებას? 

დიახ, ზუსტად ასეა.

ეს ინიციატივა რეალურად არის ახალი ჟანდარმერიის ფუნქციის მატარებელი არადემოკრატიული ორგანო. როდესაც არ გაქვს დამცავი მექანიზმები ქვეყანაში და გაქვს რეპრესიული სისტემა, როცა სასამართლო არ გაქვს თავისუფალი, ასეთი ინიციატივა ყოველთვის საფრთხის შემცველია და იგი ხდება დამატებითი რეპრესიული ინსტრუმენტი.

ახლა, რადგანაც შსს-ში ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის ეს სტრუქტურა უკვე შექმნეს, ჩვენ შეგვიძლია მოვიქცეთ შემდეგნაირად: სიძულვილის ენას უფრო მეტად იყენებს „ქართული ოცნება“ – მას ჰყავს დაქირავებული ასეულობით ადამიანი, რომელსაც უხდის თანხას, ქმნის ყალბ გვერდებს და ადამიანების საშინელ დემონიზაციას ახდენს.

მოდით, ასე მოვიქცეთ: ჩვენ თვითონ გადავუღოთ ფოტოები ასეთი სიძულვილის ენის მატარებელ შეტევებს, რაც, მაგალითად, პირადად ჩემზე არაერთხელ მინახავს. ვაპირებ, რომ გადავიღო ყველა ეს კომენტარი და გავუგზავნო ამ სამმართველოს, ვუთხრა, რომ მოადინონ რეაგირება. 

  • ჩვენი მხარდამჭერებიც დაისჯებიან, თუ ვინმე სიძულვილის ენას იყენებსო, დღეს მამუკა მდინარაძე ამბობდა ბრიფინგზე.

რადგანაც სიძულვილის ენის გამოყენებას აქვს ჩემ წინააღმდეგ ინსტიტუციური და ორგანიზებული შეტევის სახე, ასევე, ვხედავ ამის უკან „ქართული ოცნების“ ხელს, ასეთ ქცევებზე ვაპირებ, რომ გავაკეთო რეაგირება. არ მეზარება საჩივრების წერა. ჩემს ოფისში ძალიან კვალიფიციური იურისტები მუშაობენ და ამით ნამდვილად დავკავდებით. მაინტერესებს, როგორ მოიქცევიან. 

  • ბოლო პერიოდში, შეცვალეს კანონი იმ კუთხითაც, რომ, მაგალითად, თანამდებობის პირის შეურაცხყოფა განსაკუთრებულად დასჯადი გახდა: გათვალისწინებულია ჯარიმა 4 ათას ლარამდე, ან ადმინისტრაციული პატიმრობა 45 დღემდე. მოქალაქის, მათ შორის, თქვენი შეურაცხყოფის შემთხვევაში, როგორ უნდა იმოქმედოს ახალმა სამმართველომ „ოცნებისვე“ მიღებული კანონებით? 

ჩვენ ჯერ არ ვიცით, რა პრაქტიკას დაადგენს შსს.

აქამდე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმებს ისე ადგენდნენ და პირდაპირ აჯარიმებენ ადამიანებს, შემთხვევით გებულობენ ეს ადამიანები, რომ თურმე დააჯარიმეს ადმინისტრაციული წესით, ან სასამართლოში დაიბარეს.

სინამდვილეში, კოდექსი კი არ შეიცვალა, არამედ მიდგომები – ადამიანი გამოხატვის თავისუფლების გამო შეიძლება დასაჯანონ. ეს, ცხადია, ეწინააღმდეგება კონსტიტუციას.

  • სიძულვილის ენას ვებრძვითო, ასეთია „ოცნების“ რიტორიკა.

მიზანი თუ არის სიძულვილის ენასთან ბრძოლა, ეს ითარგმნება იურიდიულად – გამოხატვის თავისუფლების ფარგლების დარღვევა. გამოხატვის თავისუფლების ფარგლების დარღვევა კი უნდა განიხილოს თითოეულ შემთხვევაში სასამართლომ. ამას ვერ გადაწყვეტს შსს. 

ამიტომაც, ვთქვი თქვენთან საუბრის დასაწყისში: როდესაც დამოუკიდებელი სასამართლო არ გაქვს ქვეყანაში, რა სტანდარტი უნდა დაადგინოს სასამართლომ?

გამოდის, რომ იქნება რაღაც ქაოსური პროცესი და ვიღაცები შეიძლება შეაშინონ ამ ადმინისტრაციული ჯარიმებით, მერე ჩვენ მოგვიწევს იქით შევუტრიალოთ უამრავი, ვაჩვენოთ ოფიციალური პირების, თუ ყალბი გვერდების მიერ გავრცელებული ცილისმწამებლური, სიძულვილის შემცველი განცხადებები და ვთქვათ: მოხდეს ამაზე რეაგირება. თუ ისევ გვექნება არასწორი დასჯის პრეცედენტები, მივმართავთ სტრასბურგის სასამართლოს.

ჯერ არ ვიცით, რა პრაქტიკას შექმნიან. ქვეტექსტი კი ჩანს ის, რომ უნდათ, მოქალაქეები შეაშინონ. რეალურად ეს არის რუსული ხელწერა. ასე მგონია, აი, კონტროლის მექანიზმი ჩართეს და მოქალაქეებს ეუბნებიან: ყველგან გაკონტროლებთ. დარწმუნებული ვარ, „ოცნების“ ეს მიდგომა განწირულია მარცხისთვის. მათ მოუწევთ საკუთარი მომხრეების, მათ მიერ დაფინანსებული ყალბი გვერდების ავტორების გამოვლენა. თუ ამას არ გააკეთებენ, მაშინ ჩვენ გვექნება ძალიან ბევრი არგუმენტი.

რეალურად ეს გამოუვათ, ასე მგონია.

  • როცა ფეისბუქის კონტროლს იწყებს ივანიშვილი, ეს რაზე მიუთითებს: რა ეტაპზეა ახლა ივანიშვილი დემოკრატიის წინააღმდეგ? 

ეს მიუთითებს შიშზე. შიშია ამის განმაპირობებელი. როგორც ჩანს, შიშს მოაქვს ასეთი უგუნური გადაწყვეტილებები. ვისაც არ ეშინია, მას არ სჭირდება მსგავსი მეთოდები.

„ეს აღიქმება პოლიტიკურ მუქარად“, ანუ რა ჩანს „ჯაშუშების დაკავების ბრიფინგებში“ – ინტერვიუ

სუს-მა, ე.წ. ჯაშუშობის ბრალდებით ერთ დღეში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა. მანამდე იყო კიდევ ორი პირის დაკავების შემთხვევა იმავე ბრალდებით. ვის იჭერს და ვის ემუქრება „ოცნების“ ხელისუფლება? – ამ თემაზე ვესაუბრეთ საქართველოს პარლამენტის ყოფილ წევრსა და უშიშროების საბჭოს ყოფილ მრჩეველს, თეონა აქუბარდიას.

  • ქალბატონო თეონა, დღეს მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ „რეალური ჯაშუშები“ დავაკავეთ ჩვენ, მანამდე მსგავსი შემთხვევა არ ყოფილაო. თქვენი შეფასებით, რაზე მეტყველებს ჯაშუშობის ბრალდებით ადამიანების დაკავება ასე მოკლე დროში?

დავიწყებ იმით, რომ ჯაშუშების დაკავება აბსოლუტურად პოლიტიკური პროცესია. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო, რა თქმა უნდა, არის უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების პოლიგონი, განსაკუთრებით კი ოკუპანტი რუსეთის. რუსეთს ქსელიც ექნება, სავარაუდოდ, პრორუსული ნარატივებისთვის – ესეც არ არის ახალი.

ის, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში მხოლოდ და მხოლოდ ერთი-ორი საქმე ვიცით, ასე ვთქვათ, ჯაშუშობის გამოვლენის და გაძევების, ამაზე თავად გრიგოლ ლილუაშვილი საუბრობდა, როდესაც საპარლამენტო ანგარიში წარმოადგინა და თქვა, რომ მხოლოდ ერთი შემთხვევა გამოავლინეს და გააძევეს. სხვა დანარჩენზე არაფერი ვიცოდით.

თუმცა, პოლიტიკური ხასიათის ჭრილში „პანდორას ყუთი“ გახსნა მამუკა მდინარაძემ, როცა ის კოორდინატორად გადაიყვანეს [სუს-ის უფროსობის მიუხედავად] და გვითხრეს, რომ დააკავეს ახალგორელი მოქალაქე ჯაშუშობის ბრალდებით და ორი გაექცათ.

შემდეგ, სპეციალური ბრიფინგი მიუძღვნა თანაგუნდელი უძილაურის დაკავებას, როდესაც თითი უქნიეს დასავლეთის სპეცსამსახურებს და თქვეს, რომ იცოდნენ რას აკეთებს აქ დასავლეთი და რომ გაიყვანონ თავიანთი ჯაშუშები. ეს მაშინ, როცა კანონში გვიწერია, რომ რუსეთია ოკუპანტი და არა დასავლეთი. ოკუპაციის და ფაქტობრივი ანექსიის პირობებშია საქართველო რუსეთის მხრიდან და ამაზე დუმილს არჩევენ.

  • ბრიფინგზე, პროპაგანდისტულმა მედიამ დაასახელა ქვეყნები – რუსეთი, ირანი, საფრანგეთი და პოლონეთი, რომ თითქოს ამ ქვეყნების ჯაშუშები დააკავა სუსმა, თუმცა მდინარაძემ პოლონეთი გამორიცხა. გამოდის, საფრანგეთი ჰყავდა მხედველობაში? 

დავიწყოთ იქიდან, საერთოდ რა ხელწერაა ეს, როდესაც სუს-ი აკავებს საქართველოს მოქალაქეებს და რუსეთის არცერთი მოქალაქე არ დაუკავებიათ, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მოქალაქეები, დარწმუნებული ვარ, გვარიანად მუშაობენ აქ, საქართველოს წინააღმდეგ.

მაგრამ ისინი აკავებენ საქართველოს მოქალაქეებს და შემდეგ ჟონავს ხოლმე ინფორმაცია, თუ რომელი ქვეყნის „ჯაშუშია“ დაკავებული. გავიხსენოთ პირველი შემთხვევა, როცა „რუსთავი 2“-ს გააჟღერებინეს, რომ დაკავებული იყო რუსეთის ჯაშუში, შემდეგ დასავლეთის ჯაშუში [უძილაურზე თქვეს]. შესაბამისად, ინფორმაციის გაცემის ქსელი აწყობილი აქვთ ასე, რომ ჯერ სუს-მა უნდა თქვას, რომ რომელიღაც ქვეყნის ჯაშუში დააკავეს, შემდეგ მათი ტელევიზიები ასახელებენ, რომელი ქვეყნის ჯაშუში იყო.

შესაბამისად, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს პოლიტიკურ პროცესს და არა სპეცსამსახურების კლასიკურ მუშაობას სახელმწიფო ინტერესების დასაცავად.

მე რასაც ვუყურებ, ეს არის პარტიული ინტერესების დაცვა და არა რეალური ჯაშუშების გამოვლენა. მით უფრო მაშინ, როდესაც დასავლეთზეა განსაკუთრებული აქცენტი და მამუკა მდინარაძის დღევანდელი მუქარა, რომ იცის ვინ რას აკეთებს და მათაც მიწვდებიან. ეს აღიქმება უფრო პოლიტიკურ მუქარად და არა ის, რომ ისეთი ძლიერია ჩვენი სპეცსამსახური, რომ უკან ჩამოვიტოვებთ ბრიტანეთს და ისრაელს.

  • „უამრავ ადამიანზე გვაქვს ინფორმაცია“ – თქვა მდინარაძემ. რას ნიშნავს ეს „უამრავი“?

მაშინ, როდესაც მთელ ამ საქმეებს ადევს გრიფით საიდუმლო, ადვოკატი შეზღუდულია გაუთქმელობის გამო და არ შეუძლია საქმესთან დაკავშირებით რაიმე თქვას, ასე შეუძლიათ ყველა ის ადამიანი დააკავონ, ვინც ინგლისურად ლაპარაკობს, ვინც უცხოელს ელაპარაკება, ან დადის უცხოეთში. ასი წელი ვერაფერს გაიგებ, რატომ არის ეს თუ ის ადამიანი დაკავებული თუ არა პოლიტიკური სარჩული.

როდესაც მთელი დასავლეთი რუსეთის ჯაშუშებს აძევებს ქვეყნიდან და რუსეთს აღიარებენ მთავარ საფრთხედ, ამ ვითარებაში ოკუპირებული ქვეყნის კოორდინატორი და ყოფილი სუს-ის უფროსი, რომელიც სუს-ის ანგარიშში ღიად წერდა, რომ (ჯერ კიდევ პარლამენტშია შესული და არაფრით განიხილა პარლამენტმა) რუსეთს ყველაფერი აქვს მზად საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ანექსიისთვის, ახლა „დასავლეთის ჯაშუშებს“ ადებს ხელს.

  • ძალიან მტრული განცხადება გააკეთა საფრანგეთმაო – ასე თქვა მდინარაძემ. რა იგულისხმა „მტრულში“?

სიმართლე გითხრათ, ცოტა არეულად ლაპარაკობდა და დიდი შინაარსი ვერც გამოვიტანე მისი ლაპარაკიდან, მიუხედავად იმისა, რომ სერიოზულად უნდოდა წარმოჩენილიყო კოორდინატორის პოზიციიდან.

მაგრამ რუსეთის, ირანის და საფრანგეთის გათანაბრება აჩვენებს, რომ პოლიტიკური შინაარსი, პოლიტიკური მდგენელი აქვს ამ დაკავებებს და არაფერ კავშირში არ უნდა იყოს სახელმწიფო ინტერესებთან. მით უფრო მაშინ, როცა ფარცხალაძე ჰყავს აშშ-ს დასანქცირებული და მხილებული რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში – ესენი ამბრაზურასავით გადაეფარნენ და გაატანეს ქვეყნიდან სანქცირებული ფული და ქონება.

თეონა აქუბარდია

მოქალაქეობაც კი დაგვიანებით ჩამოართვეს და დადიოდა ეს რომანოვ-ფარცხალაძე საქართველოში ისე, რომ პრობლემა არ შეჰქმნია, სანამ ჯანგველაძის მკვლელობის საქმე არ წამოვიდა. ესეც ისევ და ისევ პარტიის ინტერესით და არა სამართლით.

შესაბამისად, მე ვერ ვხედავ რეალურ საფუძველს, რომ „ქართული ოცნება“ რუსეთის ჯაშუშებს დასდევს – არა. ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული პროცესი.

  • იმ პირებზე რას ფიქრობთ, ვინც დააკავეს ჯაშუშობის ბრალდებით?

გულბაათ რცხილაძეს – ყველამ იცოდა, რომ ეს კაცი რუსეთის ინტერესებს ატარებდა საქართველოში და პრორუსულ საქმიანობას ახორციელებდა. არც ის იქნებოდა საიდუმლო, რომ, სავარაუდოდ, ჩემოდნით დაჰქონდა ფული, მაგრამ რატომ ჩასვეს ის დღეს და არა ორი წლის წინ ვთქვათ – რცხილაძემ გააკეთა განცხადება, რომ აპირებდა რუსოფობიის შესწავლას საქართველოში და მერე მოსთხოვდა მდინარაძეს რეაგირება მოეხდინა ამაზე.

არ უნდა დაგვავიწყდეს, პუტინს აქვს შესაბამისი აქტი მიღებული, რომ რუსოფობიული გამოთქმების გამო მათ შეუძლიათ ჯარიც კი გამოიყვანონ ოპონენტი ქვეყნის წინააღმდეგ. აქ ძალიან გაიჭედა ალბათ „ქართული ოცნება“, რადგან ის არ არის იმ დონეზე ძლიერი, რომ ასეთი ნაბიჯი გადადგას თუნდაც იმ ათასობით მოქალაქის წინააღმდეგ, რომლებიც ამბობენ, რომ რუსეთი ოკუპანტია.

  • სხვა ადამიანებიც ვიცით, რომლებიც პირდაპირ აცხადებენ, რომ პრორუსები არიან, კრემლის წინ იღებენ ფოტოებს და პუტინს გულშემატკივრობენ. პრიმაკოვის რუსულ ფონდთან დაკავშირებით არაერთი კითხვა დაგვისვამს, თუმცა არ გაუციათ პასუხი ამ კითხვებისთვის. რას აჩვენებს ეს?

მათი ინტერესი არ არის აქ რუსეთის გავლენის ინფრასტრუქტურის ამოძირკვა, მათი ინტერესია რეჟიმის დაცვა. შესაბამისად, რასაც ვუყურებთ, მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის დროსაც პოლიტიზებულად იყო ხოლმე ეს ინსტრუმენტი გამოყენებული, ეს მასშტაბი და ხარისხი ნამდვილად არ ყოფილა.

რაც მთავარია, მდინარაძემ თითი დაუქნია დასავლეთს და უთხრა, რომ შენი სპეცსამსახურების მუშაობა საქართველოში შეაჩერე, თორემ ნახე რას გიზამთ. იგივე არ გააკეთა რუსეთზე მაშინ, როდესაც მან შეგნებულად, თავისი სახელისუფლებო არხების მეშვეობით თქვა, რომ რუსეთი, ირანი და საფრანგეთი თურმე ერთად გვებრძვიან.

ბოლო რეზოლუცია, რომელიც იყო საფრანგეთის ივანიშვილის სანქცირებასთან დაკავშირებით, სავარაუდოდ ესეც უნდა იყოს პოლიტიკური მოტივი. ეს მუქარაც, რომელიც დღეს მოვისმინეთ მდინარაძისგან, მიტოვებს ეჭვებს, რომ ალბათ დაიჭერენ ყველა იმ ადამიანს, ვინც შესაძლოა საფრთხე იყოს რეჟიმისთვის და დააბრალებენ დასავლეთის ჯაშუშობას.

კომპეტენცია და სახელმწიფო ინტერესები ნამდვილად არ ჩანს ამ ბრიფინგების სერიაში, რაც ჯაშუშობას უკავშირდება. თუმცა ვხედავთ, რომ ერთგვარი გათანაბრება ხდება დასავლეთის და რუსეთის, თუმცა თითის ქნევით საუბრობენ დასავლეთზე არა რუსეთზე. ეს, მგონი, ძალიან მკაფიოდ ჩანდა მდინარაძის ამ ბოლო ბრიფინგების სერიაში.

  • მდინარაძე ივანიშვილის გარეშე ვერ დაუქნევს თითს დასავლეთს. ეს ნიშნავს, რომ დასავლეთთან ვერ გამონახა ივანიშვილმა საერთო ენა ვერცერთ საკითხში?

ისინი არ ცდილობენ დასავლეთთან ენის გამონახვას. ისინი ცდილობენ ტრანზაქციულ ურთიერთობას შეერთებულ შტატებთან. ეს, ცხადია, არ გამოსდით. ისინი ცდილობენ დასავლეთს უთხრან, რომ მიიღონ ისეთები, როგორებიც არიან.

დასავლეთისგან არც კრიტიკა წყდება და არც ქართველი ხალხის მხარდაჭერა. შესაბამისად, ორი წელია ისინი ფსონს დებენ მოსკოვზე, მაგრამ იმასაც ვხედავთ, როგორ სუსტდება მოსკოვი რეგიონში. ამასობაში, ამ არასწორი ფსონის გამო, თუ რამე სტრატეგიული პარტნიორობა გვქონდა დასავლეთისგან, ყველაფერი გადავიდა სომხეთსა და აზერბაიჯანში და საქართველო მართლა ბედის ანაბარა დატოვებული.

  • ამ დღეებში ზახაროვა აქებდა „ოცნებას“, მრავალპოლუსიან პოლიტიკას ინარჩუნებენო, ამის ჩვენება უნდათ ამ დაკავებებით, რომ თითქოს არც რუსეთის „აგენტებს“ ინდობენ და არც დასავლეთის – ამის გაგრძელებაა ეს?

ის „სუვერენიტეტი“, რასაც „ქართული ოცნება“ აწვება, რუსული კონცეფციის გაგრძელებაა, სურკოვის „სუვერენული დემოკრატიაა“. როდესაც ისინი ამ გზით იცავენ თავს დასავლეთის კრიტიკისგან, დემოკრატიის უკუსვლასა და ხელყოფასთან დაკავშირებით. რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის და კეთილდღეობის რეალური პერსპექტივა, ამერიკისა და დასავლეთის მტკიცე გარანტიებით, სწორედ დღეს იქმნება, მაგრამ ამ პროცესიდან სრულიად ამოვარდნილია საქართველო ივანიშვილის პოლიტიკის წყალობით.

მაშინ გვითხრას მამუკა მდინარაძემ, როგორ აქვთ „სუვერენული საქართველო“, როცა მის ხელმოწერილ სუს-ის ანგარიშში წერია, რომ რუსეთს ყველაფერი მზად აქვს ანექსიისთვის და უბრალოდ ხელსაყრელ დროს ელოდება. ამაზე არც მაკა ბოჭორიშვილი იღებს ხმას და არც არავინ მათი ხელისუფლებიდან.

ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმ სიყალბეზე, რასაც ისინი სუვერენიტეტის სახელით ფუთავენ იმისთვის, რომ საქართველო დააშორონ ცივილიზაციურ არჩევანს. არავითარი მრავალვექტორულობა აქ არ გვაქვს. ერთი ვექტორია მხოლოდ – ეს არის რუსეთი.

ზახაროვა იმავე ვრცელ ინტერვიუში ცალკე სახელმწიფოებად მოიხსენიებს ოკუპირებულ ცხინვალს და აფხაზეთს, მათ ინტეგრაციაზე საუბრობს. ეს ძალიან კარგად იცის მამუკა მდინარაძემ, მაგრამ ამას უყურებს უჩუმრად და ეს ყველაფერი ნათელს ხდის მთელ ამ საქმეს.

ჩემი აზრით, მთელი ეს ციკლი, გარკვეულწილად მუქარა და გაფრთხილება არა ნამდვილი სპეცსამსახურების წინააღმდეგ, არამედ უბრალო მოქალაქეების წინააღმდეგ იმისთვის, რომ დაიცვან რეჟიმი.

  • „სიძულვილის ენის“ კონტექსტშიც ახსენეს დღეს „გარე ძალები“ – თითქოს იქიდან არის თავსმოხვეული აგრესია.

მით უფრო გაუგებარი იყო მდინარაძის ნათქვამი, რომ გააფრთხილა თურმე გულბაათ რცხილაძე, რომ მოშვებულიყო ამ საქმეს. ანუ იცის, რომ კაცი ჯაშუშია, იცის, რომ ქვეყანას ღალატობს და გააფრთხილა გაჩერდიო. არ გაჩერდა და მერე დაიჭირა.

უბრალოდ, რეჟიმმა დაინახა ის საფრთხე, რომ რცხილაძის საქმიანობიდან გამომდინარე ფეისბუქზე ანტირუსულ გამონათქვამებზე მოუწევდათ რეაგირება და ამას მოჰყვებოდა დაჭერები, რასაც ამას ვეღარ გაუძლებდა „ოცნება“.

სავარაუდოდ, ეს უნდა ყოფილიყო რცხილაძის დაკავების ერთ-ერთი მიზეზი, თორემ რცხილაძეს გუშინ კი არ დაუწყია რუსეთზე მუშაობა – ეს ეწერა კიდეც არაერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშებში.

კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ რუსეთი აქ გვარიანად მუშაობს თავისი ქსელით და „ოცნების“ მოქმედება ნამდვილად არ ჯდება იმ პოლიტიკაში, რომელიც ნამდვილი სუვერენიტეტის დამცველია. ეს გულისხმობს მხოლოდ იმას, რომ რეჟიმი აქ დამკვიდრდეს სამარადჟამოდ.

შშმ პირის დედა: მაჩვენონ „ოცნების“ პროპაგანდისტებმა უფასო ექიმი, უფასო კვლევა ბავშვისთვის

„წამყვეს „ოცნების“ რომელიმე პროპაგანდისტი და მაჩვენოს, სადაა უფასოდ ექიმი, ან უფასო კვლევები შშმ ბავშვებისთვის? დაფინანსებულია კი არა, 2 წელია ვერ მიმიყვანია შვილი ექიმთან,“ – ამბობს ეკა მაისურაძე. იგი მარტოხელა დედაა, ორი შვილი ჰყავს, სოციალურად დაუცველია და თბილისში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს.

ეკა მაისურაძის უფროსი შვილი – 17 წლის სალომე შშმ პირია. ეკა მაისურაძე პროპაგანდისტულ გზავნილებს აპროტესტებს, რომ თითქოს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით, ან ზოგადად შშმ ბავშვებს უფინანსებენ სამედიცინო მომსახურებას.

მარტოხელა დედა გვიყვება, რომ შშმ ბავშვს არც მაშინ უფინანსებენ საჭირო კვლევებს, როცა ის სოციალურად დაუცველია.

„წამიყვანონ „იმედის“ წამყვანებმა უფასო კვლევებზე, მაგალითად, მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია სჭირდება ჩემს შვილს, ენდოკრინოლოგიური კვლევები, რაც ჯამში 947 ლარი ჯდება. მოიხსნან ეს ვარდისფერი სათვალე და დაგვინახავენ…

სინამდვილეში ხდება ის, რომ ფინანსდება, მაგალითად, სისხლის საერთო ანალიზი, შარდის ანალიზი, მუცლის ღრუს ექოსკოპია, რაც ყველაზე დაბალფასიანია და ჯამში ღირს 45 ლარი. ამ დროს გვჭირდება ენცეფალოგრამის გადაღება და ეს ჯდება 150 ლარი, D ვიტამინის ანალიზი ჯდება 70 ლარი… კლინიკური კონსულტაციაც კი არ ფინანსდება. ოჯახის ექიმთან მიხვალ და ბავშვს ენდოკრინოლოგი ჩვენ არა გვყავსო.

ჩემი შემოსავალია შემწეობა 380 ლარი და 470 ლარი პენსია. თუ ვინმე მეტყვის, რომ ამით შესაძლებელია ყველა გადასახადის გადახდა, ქირა, არსებობა და სამედიცინო კვლევების დაფინანსება, ხელები ამიწევია.

თანაც, სალომე არის განსაკუთრებულ კვებაზე, მას სჭირდება უგლუტეინო, ულაქტოზო საკვები. ეს სჭირდება მის ჯანმრთელობას,“ – ამბობს ეკა მაისურაძე.

ეკა მაისურაძე შვილებთან ერთად

მარტოხელა დედა კიდევ ერთ პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას: სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის, თბილისში არსებობს შინმოვლის პროგრამა, რაც გულისხმობს შშმ პირის აქტიურ მხარდაჭერას. ეკა მაისურაძე ამბობს, რომ ამ პროგრამაში ჩასართავად თბილისის მერიას 2023 წელს მიმართა, მაგრამ პროგრამაში ვერ ჩაერთო.

„რიგებიაო. ამ დროს გახდება ბავშვი 18 წლის და მერე ისედაც ვეღარ ჩაერთვება. თითქოს 18 წლის უკვე გამოჯანმრთელდა და აღარაფერი უნდა, ამათი გადასახედიდან.

სალომეს მარტო ვერ ვტოვებ, რომ სადმე გავიდე და ვიმუშაო, მასწავლებელი ვარ. რამდენიმე საათით დალაგებაზე თუ გავალ, ესაა.

გამგეობა მხოლოდ ქირის ფულის გადახდაში მეხმარება – ქირის ნაწილს მიხდიან,“ – ამბობს ეკა მაისურაძე.

ეკა მაისურაძეს განსაკუთრებულად ეამაყება იმ ახალგაზრდების, რომლებმაც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებულ ბავშვებს ფული შეუგროვეს.

„ამ ბავშვების მეამაყება და ესენი არიან ჩემი იმედი. ვიცი, რომ ეს ბავშვები დამიდგებიან გვერდით.

„ოცნების“ პროპაგანდას სჭირდება გადაფარვა რეალური ისტორიებით, ადამიანებით… ისე იტყუებიან და ჰყვებიან, ყველაფერს ვაფინანსებთო, მერე ბევრს სჯერა.

კობახიძე რომ ამბობს, ხალხის ფულია და ხალხმა უნდა გადაწყვიტოსო, მე თანახმა ვარ, როგორც მოქალაქე, ბავშვებს წამალი ჰქონდეთ. არა მგონია, საქართველოში არსებობდეს მოქალაქე, რომელიც ბავშვების დახმარებაზე იტყვის უარს. მე ასეთი მოქალაქე არ მეგულება „ოცნების“ ამომრჩევლებშიც კი,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ეკა მაისურაძემ.

შსს-ში „სიძულვილის ენის წინააღმდეგ“ სამმართველო ამოქმედდა

დღეს, პირველ ივნისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტში ამოქმედდა „სიძულვილის ენის წინააღმდეგ“ სამმართველო.

სამმართველოს თამთა ქიმბარიშვილი უხელმძღვანელებს, რომელიც აქამდე შსს-ს იურისტი იყო. მის მიმართ გაკეთებული ფეისბუქის კომენტარის გამო ერთი მოქალაქე დააჯარიმეს კიდეც.

თამთა ქიმბარიშვილის განცხადებით, ახალი სამმართველოს ფუნქციაა, „სოციალურ ქსელსა თუ მედიაში, საჯაროდ გავრცელებული, შეურაცხმყოფელი, ადამიანის ღირსების შემლახველი სიძულვილის ენის შემცველი განცხადებების მონიტორინგი და პროაქტიული გამოვლენა“.

მისი თქმით, „პროაქტიულად გამოვლენილი“ კომენტარების შემდეგ, შედგება სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც გადაიგზავნება სასამართლოებში.

დღეს, პირველ ივნისს, ამ სამმართველოსთან დაკავშირებით განცხადებები გააკეთა მამუკა მდინარაძემაც. მას ბრიფინგზე ჰკითხეს, ფიქრობს თუ არა, რომ ახალი სამმართველოს შექმნა ემსახურება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას. მდინარაძის თქმით, ახალი სამმართველო „ბევრ კეთილ საქმეებს“ ემსახურება.

მას გაუხსენეს შემთხვევები, როცა „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრები თავს ესხმოდნენ ოპოზიციის ქალ დეპუტატებს, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და აგინებდნენ კიდეც და ჰკითხეს, იქნება თუ არა ასეთ შემთხვევებზე რეაგირება.

მდინარაძე ამბობს, რომ ამაზე მაშინ უნდა ისაუბროს საზოგადოებამ, თუ მხოლოდ ერთი მხარის დასჯის შემთხვევა იქნება და მეორე მხარის – არა.

____________________

ფოტოზე: თამთა ქიმბარიშვილი

სანაპიროზე გამორიყული დელფინები – რა გაარკვია გარემოს ეროვნულმა სააგენტომ

გასულ კვირას კვარიათში ზღვამ კიდევ ერთი მკვდარი დელფინი გამორიყა. სანაპიროზე დელფინების გამორიყვაზე სოციალურ ქსელში დღეს, პირველ ივნისსაც წერენ.

ძირითადი შემთხვევების აღრიცხვას იქთიოლოგი, ბიოლოგიის დოქტორი არჩილ გუჩმანიძე აწარმოებს. მისი ინფორმაციით, პირველი მარტიდან პირველ მაისამდე პერიოდში, მხოლოდ სარფი-ანაკლიის მონაკვეთზე, ზღვამ 40-მდე დელფინი გამორიყა და ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ბოლო ათი წლის განმავლობაში.

არჩილ გუჩმანიძე შავი ზღვის სანაპიროზე დელფინების გამორიყვის მონიტორინგს წლებია აწარმოებს და მას ანალიზისთვის 17 წლის მონაცემები აქვს შეგროვებული.

ამ შემთხვევების შემდეგ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ განაცხადა, რომ შემთხვევების შესწავლა დაიწყო და ინფორმაციას გაგვიზიარებდნენ, როგორც კი მოხერხდებოდა დადგენა, თუ რასთან გვაქვს საქმე.

გასულ კვირას კვარიათში კიდევ ერთი დელფინის გამორიყვის შემდეგ გარემოს ეროვნულ სააგენტოს ვკითხეთ, რა გამოარკვიეს ამ კონკრეტულ შემთხვევაზე და ზოგადად რა დადგინდა დელფინების გამორიყვის სტატისტიკის გაზრდასთან დაკავშირებით.

რამდენიმე დღის შემდეგ გარემოს დაცვის სააგენტოდან მოგვწერეს, რომ შავ ზღვის სანაპიროზე დელფინების გამორიყვის ფაქტთან დაკავშირებით კომპლექსური კვლევა ჩაატარეს და დელფინების დაავადების ფაქტი არ დაფიქსირდა.

„შავი ზღვის წყლის ჰიდრო ბიოლოგიური და ქიმიური სინჯებში განისაზღვრა 27 კომპონენტი. განსაზღვრული კომპონენტების შემცველობა სინჯებში ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა.

ასევე, გარემოს ეროვნული სააგენტო ახორციელებს შავი ზღვის საქართველოს სანაპირო ზოლისა და კონტინენტური შელფის მონიტორინგს, მათ შორის მიკრობიოლოგიურ მონიტორინგს ყოველთვიურად, სარფი–ანაკლიის მონაკვეთის 10 სადგურზე, ხოლო ჰიდრობიოლოგიურ მონიტორინგს სეზონურად, სარფი–ანაკლიის აკვატორიის 20-ზე მეტ სადგურზე.
სააგენტოს მიერ ჩატარებული მიკრობიოლოგიური მონიტორინგის შედეგებით, საქართველოს შავი ზღვის სანაპირო წყლებში ძირითადი მიკრობიოლოგიური პარამეტრები სანიტარიული ნორმების ფარგლებშია.

ამასთანავე, არ დაფიქსირებულა წყალმცენარეების „ყვავილობის“ შემთხვევები. აქვე აღსანიშნავია, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ განახორციელდა გამორიყული ცხოველების ლაბორატორიული კვლევა. ჩატარებული ლაბორატორიული კვლევებით, დელფინების დაავადების ფაქტი არ დაფიქსირდა“ – მოგვწერეს სააგენტოდან.

ამავე დროს, კვლევასთან დაკავშირებული დოკუმენტები ჩვენთვის არ მოუწოდებიათ და არც საჯარო გაცნობისთვის გამოუქვეყნებიათ. „ბათუმელები“ კვლევის შედეგებს სააგენტოდან ოფიციალურად გამოითხოვს.

სააგენტო ასევე გვწერს, რომ გარემოს ეროვნული სააგენტო უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს.

„ჰიდრობიოლოგიური და ქიმიური პარამეტრები ყოველთვიურად 14 წერტილში ისაზღვრება, მათ შორის, 13 მძიმე მეტალი, ნავთობის ჯამური ნახშირწყალბადები, 16 პოლიარომატული ნახშირწყალბადისა და სხვა ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრის კონცენტრაცია“ – აცხადებს სააგენტო.

ამავე თემაზე:

რატომ იღუპებიან დელფნები შავ ზღვაში – სპეციალისტის განმარტება

გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლით გზაზე სამუშაოები წელს დასრულდება – გზების დეპარტამენტი

საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის 3 კილომეტრიან მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები 2026 წელს დასრულდება.

ეს მონაკვეთი ხიდმაღალა-წყალწმინდის ტერიტორიაზე შენდება. მთლიანი მაგისტრალი ხიდმაღალასა და ქობულეთის შემოვლით გზას შორის კი მინიმუმ 2023 წელს მაინც უნდა დასრულებულიყო.

გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის 4-ზოლიანი მონაკვეთი აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის [E60-ის] შემადგენელი ნაწილია. ამ გზის სიგრძე 14.4 კილომეტრია, საიდანაც მხოლოდ 11 კილომეტრია გახსნილი [ჯერ 5-კილომეტრიანი მონაკვეთი გახსნეს, შემდეგ 6 კილომეტრი].

მშენებარე 3-კილომეტრიანი მონაკვეთი კი, რომელიც დეპარტამენტის განცხადებით წელს უნდა დასრულდეს, სუფსის წრიულთან იწყება და წყალწმინდის წრიულის მიმდებარედ მთავრდება.

მშენებარე გზის მონაკვეთი აღნიშნულია წითელი ხაზით

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ „ბათუმელებისთვის“ 2022 წლის აგვისტოში მოწოდებული ინფორმაციით, გრიგოლეთი-ქობულეთის გზის სამშენებლო სამუშაოები ეტაპობრივად 2022-2023 წლებში უნდა დასრულებულიყო. სახელშეკრულებო ღირებულება 228 721 622 ლარია. პროექტი დაფინანსებულია ევროპის საინვესტიციო ბანკის [EIB] მიერ.

გრიგოლეთი-ქობულეთის გზის მშენებლობასთან დაკავშირებით 2025 წლის ივლისში ინფრასტრუქტურის სამინისტროში განაცხადეს, რომ მშენებელ კომპანიასთან ხელშეკრულება შეწყდა.

გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზა, როცა აღნიშნული 3-კილომეტრიანი მონაკვეთიც დასრულდება, ერთმანეთთან უკვე ქობულეთის შემოვლით და სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალს დააკავშირებს.

სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალის ხაჯალია-სუფსის მონაკვეთი კი ამ დროისთვის მთლიანად ჩაკეტილია. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, შეზღუდვა 2026 წლის 30 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. 

ამ თემაზე ვრცლად: ხაჯალია-სუფსის გზა ჩაკეტილია – ავტობანზე, რომელიც 3 წლის წინ გაიხსნა, 8 მილიონამდე ლარი იხარჯება

რაც შეეხება უშუალოდ სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალს, ის 4 მონაკვეთად[ლოტად] შენდებოდა და პრობლემები აქაცაა. ეს მაგისტრალიც მაქსიმუმ 2020 წელს მთლიანად უნდა დასრულებულიყო.

ხიდმაღალა / გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებარე მონაკვეთი [სუფსის წრიულთან], რომლის მშენებლობა გზების დეპარტამენტის განცხადებით 2026 წელს უნდა დასრულდეს / ფოტო: საავტომობილო გზების დეპარტამენტი
________________________

მთავარ ფოტოზე: ავტობანის ხიდმაღალა-წყალწმინდის მშენებარე მონაკვეთი [ხიდი მდინარე სუფსაზე]. გზების დეპარტამენტის ფოტო

 

 

112-ის ყოფილი უფროსი განათლების სამინისტროში დანიშნეს

112-ის ყოფილი უფროსი გიორგი არსოშვილი განათლების სამინისტროში დანიშნეს.

ის დღეს, 1 ივნისს წარადგინეს სამინისტროს ერთ-ერთი სსიპის, „განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის“ უფროსად.

112-ის ხელმძღვანელად მუშაობის გარდა, გიორგი არსოშვილი მუშაობდა იუსტიციის სამინისტროში, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ განათლების მინისტრი გივი მიქანაძე პოლიციის პოლკოვნიკია, მისი პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი კი სახელმწიფო უსაფრთხოების პოლკოვნიკია.

გიორგი არსოშვილის ქონებრივი დეკლარაციის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებმა“ 2025 წელს გამოაქვეყნა.

დეკლარაციის მიხედვით, გიორგი არსოშვილის ქონება საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურება. დეკლარაციის მიხედვით, იგი ფლობს ძვირადღირებულ სახლს თბილისში, რომელიც 771.4 კვმ-ზე განთავსებული და ასევე, სხვა უძრავ ქონებას.

გიორგი არსოშვილის მეუღლეც საჯარო მოხელეა. ის დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ მუშაობს.

საჯარო სამსახურში მუშაობის პარალელურად, მისი მეუღლე ბიზნესსაც ფლობს, კონკრეტულად „ამერიკულ საბავშვო ბაღს“, რომელიც 2016 წელს დააფუძნა.

103 წლის ქალი ბათუმიდან – „არასდროს არ მიყვარდა რუსეთი, დამოუკიდებლობა მომწონს“

„არ მომწონდა კომუნისტები. დამოუკიდებლობა მომწონს. სხვანაირად არ გამიგოთ და არასდროს არ მიყვარდა რუსეთი. 26 მაისი არის საქართველოს დამოუკიდებლობის დღე,“ – ამბობს 103 წლის ქეთევან ლორია.

ქეთევან ლორია ბათუმში ცხოვრობს. 103 წლის 14 მაისს გახდა.

„მშვიდად ვცხოვრობ ჩემს ძვირფას ოჯახთან ერთადო,“ – გვეუბნება და საკუთარი ცხოვრების ისტორიას გვიყვება.

ქეთევან ლორია 1924 წლის 14 მაისს სამტრედიაში, სოფელ მეორე ნიგორზღვაში დაიბადა. მამა ადრეულ ასაკში გარდაეცვალა. ქეთევანი და მისი და დედამ მარტომ გაზარდა.

სკოლა სოფელ საჯავახოში დაამთავრა, შემდეგ კი სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განაგრძო. თუმცა მალევე შეწყვიტა და ბათუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში გადმოიტანა საბუთები.

პროფესიით ფილოლოგია.

„56 წელი ვიმუშავე სოფელ მეჯინისწყლის საჯარო სკოლაში. ქართულს ვასწავლიდი. ძალიან ბევრი ბავშვი მყავს აღზრდილი. თავის ქებაში არ ჩამომართვათ, მაგრამ ძალიან ვუყვარდი ჩემს მოსწავლეებს.

ერთხელ ერთმა ჩემმა მოსწავლემ მითხრა: „ქეთო მასწავლებელო, თქვენი გაკვეთილებისთვის თუ მოვალ სკოლაში, თორემ ისე რა მინდა აქო“.

ყველას ვუყვარდი,“ – იხსენებს 103 წლის მასწავლებელი „ბათუმელებთან“.

ქეთევან ლორიას ერთი შვილი, რძალი და ორი შვილიშვილი ჰყავს. მათთან ერთად ცხოვრობს.

„ჩემი ხანგრძლივი ცხოვრების საიდუმლო რა არის იცით? კაი რძალი მყავს. გადასარევი გოგოა, მივლის. კარგად ვარ, მშვიდად ვცხოვრობ მასთან.

ყოველთვის მშვიდი ცხოვრება მქონდა. ამ ოჯახში „გამიშვი-გაგიშობ“ არ არის. ყველა ტკბილად, თბილად და ერთმანეთის პატივისცემით ვცხოვრობთ. ყველაზე ძვირფასი ჩემთვის ჩემი ოჯახია,“ – ამბობს ქეთევან ლორია.

თავისი ხანგრძლივი ცხოვრების განმავლობაში, მოესწრო ბევრ გარდამტეხ ცვლილებას, რამაც ქვეყნის ბედი შეცვალა.

ამბობს, რომ არ უყვარდა კომუნისტები, განსაკუთრებით უყვარს 26 მაისი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.

„არ მომწონდა კომუნისტები. დამოუკიდებლობა მომწონს. გამოვეყავით რუსეთს. 26 მაისი ეს არის საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. რუსეთს არ ვემორჩილებით, გვაქვს ჩვენი რესურსები და ვცხოვრობთ დამოუკიდებლად.

ჩემს ქვეყანას ვუსურვებ სიკეთეს. ერთმანეთის გატანას.

„კლდემ მხოლოდ ერთხელ სთქვა: გიყვარდეთ კაცნო ერთმანეთი“. ეს არის ჩემი სათქმელი მომავალი თაობისთვის,“ – ამბობს ქეთევან ლორია.

აჭარაში 100 წელს გადაცილებული 25 ადამიანი ცხოვრობს. მათგან ყველაზე უხუცესი 111 წლის ნაქიფე დავითაძეა.

აეროპორტის გზატკეცილი ნაწილობრივ ჩაიკეტება – იცვლება ავტობუსების მარშრუტი

ბათუმის ავტოტრანსპორტის ინფორმაციით, საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით,

1-ლი ივნისის 00:00 საათიდან 5 ივნისამდე, აეროპორტის გზატკეცილის №1-დან ფრიდონ ხალვაშის გამზირამდე მონაკვეთზე [„ვოქსიდან“ ანგისის საავადმყოფომდე] სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდება.

აღნიშნულ პერიოდში მუნიციპალური ავტობუსები იმოძრავებენ შეცვლილი მარშრუტებით, კერძოდ:

№2
ინასარიძის ქ. – კობალაძის ქ. – შ. ხიმშიაშვილის ქ. – კაჩინსკების ქ. – ლორთქიფანიძის ქ. – კოტე აფხაზის ქ. – ადლიის ქ. – შ. ხიმშიაშვილის ქ.

№9
ბაგრატიონის ქ. – დავით აღმაშენებლის ქ. – ხახულის ქ. – ფრიდონ ხალვაშის გამზირი – მაჭავარიანის ქ.

№12
აბუსერიძის ქ. – დავით აღმაშენებლის ქ. – ხახულის ქ. – ფრიდონ ხალვაშის გამზირი.

№16
აბუსერიძის ქ. – კობალაძის ქ. – შ. ხიმშიაშვილის ქ. – კაჩინსკების ქ. – ანწუხელიძის ქ. – აფსაროსის ქ.

დროებით შეიცვლება საქალაქო მიკროავტობუსების მარშრუტიც:

№20 და №33
აბუსერიძის ქ. – კობალაძის ქ. – შ. ხიმშიაშვილის ქ. – კაჩინსკების ქ. – ანწუხელიძის ქ. – აეროპორტის გზატკეცილი – აფსაროსის ქ.

№22, №26 და №26ა
აბუსერიძის ქ. – დავით აღმაშენებლის ქ. – ხახულის ქ. – ფრიდონ ხალვაშის გამზირი.

ბათუმის მერიის ინფორმაციით ქუჩის აღნიშნულ მონაკვეთში მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება.

„შეზღუდვა დაკავშირებულია აეროპორტის გზატკეცილის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან, რომელიც გულისხმობს №1-დან №93-ის ჩათვლით მონაკვეთის განახლებას. ქუჩის ნაწილზე უკვე დასრულდა მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია და ასფალტის საფარის დაგების სამუშაოები იწყება.

პროექტის ფარგლებში განხორციელდება საფეხმავლო ბილიკების მოწყობა, ეზოების შესასვლელების მოწესრიგება, გარეგანათების ქსელის განახლება, ავტოსადგომების მოწყობა, საგზაო ნიშნების განთავსება და გამწვანების სამუშაოები. პროექტი მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება.“ – წერს ბათუმის მერია.

 

მთავარი ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 1 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 1-ელ ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 365 470 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 410. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 966 ერთეული [+4]
  • ჯავშანტექნიკა – 24 659 ერთეული [+2]
  • საარტილერიო სისტემა – 43 037 ერთეული [+50]
  • MLRS – 1 820 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 399 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 436 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 353 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 322 179 ერთეული [+1 852]
  • სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 1 528 ერთეული [+9]
  • გემი/ნავი – 33 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 101 621 ერთეული [+384]
  • სპეცტექნიკა – 4 239 ერთეული [+5]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 693 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამ თემაზე:

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„ამოტუმბვა ძვირი დაჯდება, ვის გადავახდევინო“ – პენსიონერი ბათუმიდან, სადაც კანალიზაცია ისევ არაა

„კი ამოტუმბავენ, მაგრამ შარშან 130 ლარი დამიჯდა, ახლა უფრო ძვირი დამიჯდება… წამალს ვერ ვყიდულობ, პენსიონერი ვარ, სიმსივნით დაავადებული,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ 73 წლის ნაზი თაფაქიძე. ის აეროპორტის გზატკეცილზე ცხოვრობს. მისი სახლის ეზოში მოწყობილი „შამბოდან“ რამდენიმე დღეა კანალიზაცია ეზოში გადმოდის.

ამ დასახლებაში კანალიზაციის სისტემა წლებია არ არსებობს. „ოცნებას“ მოსახლეობასთან არც ეს დაპირება არ შეუსრულებია – პირიქით, „ოცნება“ ევროპელი ქვეყნების მხარდაჭერის გზებს პრაქტიკულად კეტავს, რომ თუნდაც ეს პრობლემა მოაგვაროს. ბათუმის ნაწილში კანალიზაციის სისტემა გერმანიის აქტიური მხარდაჭერით მოეწყო, „ოცნების“ მიერ მიღებული რუსული კანონებით კი, „უცხოური გავლენის“ პროექტი გამოდის დაფინანსება, რომლითაც კანალიზაციის სისტემა ბათუმის დიდ ნაწილში უნდა გამართულიყო.

ბათუმის ამ დასახლებაში, სადაც ათასობით ოჯახს კანალიზაციის ცენტრალური სისტემა არ აქვს, საცხოვრებელი სახლების, თუ ახალი კორპუსების ეზოებში ე.წ. შამბოებია მოწყობილი. მოქალაქეები პერიოდულად იძახებენ ბათუმის მერიის შესაბამის სამსახურს, რომელიც „შამბოებიდან“ კანალიზაციას ტუმბავს. ეს სერვისი ფასიანია. აეროპორტის გზატკეცილის უბანში გვითხრეს, რომ ბევრმა ბოლო დროს დიდი მოცულობის შამბო მოაწყო, ამიტომაც, წელიწადში ერთხელ გამოძახება საკმარისია.

„შამბოდან“ კანალიზაციის ამოტუმბვის საფასური დაახლოებით 150-200 ლარია.

ნაზი თაფაქიძე საკუთარ ეზოს გვაჩვენებს, სადაც კანალიზაცია დგას, ასევე „შამბოს“, საიდანაც წყალი ბოსტანშიც გადადის. პენსიონერი ქალი ამბობს, რომ წინა წლებში პატარა „შამბო“ ჰქონდა და წვალობდა, გასულ წელს კი, ახალი, დიდი „შამბო“ მოაწყო.

„გასულ წელს 130 ლარი დაჯდა იმ პატარა შამბოს ამოტუმბვა, რომელიც ახლა უკვე მოშლილია. ამის ამოტუმბვა მეტი დაჯდება. ვის გადავახდევინო?“ – კითხულობს პენსიონერი, რომელიც ორსართულიან სახლში შვილთან ერთად ცხოვრობს. ნაზი თაფაქიძის შვილსაც ჯანმრთელობის პრობლემა აქვს.

ნაზი თაფაქიძე

„ჩემი შემოსავალი მხოლოდ პენსიაა. წამლები რომ მეყიდა, საპენსიო სესხის აღება დამჭირდა… აღარც დამთავრდა ეს სესხი. რით ვერ ამოიწურა, ვერ მივედი ბანკში, რომ ეს გამეგო, სიარული მიჭირს, ვერსად ვერ დავდივარ.

მთავრობა რას გააკეთებს? არსად არაა ჩვენს ტერიტორიაზე კანალიზაცია… დაპირება კი იყო, მაგრამ დაპირებას ვინ შეასრულებს?  არასდროს დაპირება არ სრულდება. ვისი ბრალია? – ვისი და მთავრობის“, – გვპასუხობს ნაზი თაფაქიძე.

პენსიონერის თქმით, ის საჭირო მედიკამენტებს დღესაც ვერ ყიდულობს:

„ვინ მოგცემს წამალს? წელიწად-ნახევრის წინ გავიკეთე ოპერაცია, სიმსივნე მაქვს, მეორე სტადია. ეს ოპერაცია კი დამიფინანსეს, მაგრამ წამლებს ვერ ვყიდულობ, ვერც ექიმთან მივდივარ.

ახლა უფრო იმას ვდარდობ, მზე რომ გამოვა და აქ კოღო გაჩნდება ამდენ კანალიზაციაში, კოღო შემჭამს,“ – გვითხრა ნაზი თაფაქიძემ.

ამ თემაზე:

„უცხოური გავლენის“ პროექტები აჭარაში – წყალი, კანალიზაცია, ავტობუსი, სახანძრო კიბე

დამაჯარიმეს 2 ათასით, ვერ ვიხდი, ანგარიში დამიყადაღეს – შშმ პირი, რომელიც „რუსული გემის აქციაზე“ დააკავეს

„რუსული გემის წინააღმდეგ რომ აქცია იყო, 2023 წელს, მაშინ დამაკავეს და დამაჯარიმეს – 2140 ლარით, უკვე 3 წელია ვერ გადავიხადე ეს ჯარიმა, ამის გამო ანგარიშიც დამიყადაღეს,“ – ამბობს ბათუმში მცხოვრები გიორგი უკლება.

გიორგი უკლებას თქმით, ყოველდღიურად მუშაობს შაბათ-კვირის ჩათვლით დღეში 9 საათი იმის მიუხედავად, რომ შშმ პირის სტატუსი აქვს. თუმცა მისი შემოსავალი თვეში დაახლოებით 900 ლარია. გიორგი ბათუმში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს მეგობართან ერთად.

„მაინც გამოვდივარ აქციაზე, როცა ვახერხებ. საფრთხე კი არ შემცირებულა, პირიქით – გაიზარდა. ბრძოლის გარეშე არაფერი არ გამოვა,“ – ამბობს გიორგი უკლება.

  • საკრუიზო ლაინერი ASTORIA GRANDE-ს ბათუმში შემოსვლას 2023 წლის ივლისში საპროტესტო აქცია მოჰყვა. ამ აქციაზე 23 პირი დააკავეს ადმინისტრაციული წესით. აქციაზე დაკავებულები 2-2 ათასი ლარით დააჯარიმა მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ. იგივე საკრუიზო გემის მარშრუტში ბათუმი წელსაც გაჩნდა, თუმცა მალევე მარშრუტის მიმართულებებში საქართველო ამოიღეს.

„ისე მომენტალურად დამაკავეს პოლიციელებმა, ვერც კი მივხვდი. ორი ცალი კვერცხი მეჭირა ხელში, ამ დროს რუსული გემი ბათუმში, სანაპიროზე იდგა, მე რუსების შემოსვლას ვაპროტესტებდი, ამიტომაც მივედი აქციაზე…

შუადღისკენ პოლიციელებმა ჩვენი დაკავება დაიწყეს“, – გვიყვება გიორგი უკლება. იგი იხსენებს, როგორ გახდა პოლიციელებისგან არაადამიანური, სასტიკი მოპყრობის მსხვერპლი, როგორც დაკავების დროს, ისე მის შემდეგ:

„დაკავების დროს ისე დავკარგე ფეხსაცმელი, ვერც მივხვდი, სად წავიდა. ოთხმა პოლიციელმა შემომახია ტანსაცმელი და ჩამსვა მანქანაში. იზოლატორში გადამიყვანეს, იქ მისვლამდე კი, გზაში, თავში მირტყამდნენ მუშტებს, თან მაგინებდნენ: ფული გადაგიხადეს და ამიტომ იდექით აქციაზე? კარგად ჩაიჯიბე 1000 ლარიო?

ვუთხარი, რომ მქონდა ჯანმრთელობის პრობლემები კოვიდის შემდეგ და არ დაერტყათ. იმ პერიოდში არ მქონდა შშმ პირის სტატუსი, შემდეგ მომანიჭეს – 2025 წელს, მაგრამ არავის შეუსწავლია, უკავშირდებოდა თუ არა ჩემი ჯანმრთელობის პრობლემები ამ ცემას.

იზოლატორში როცა შემიყვანეს, სახეზეც მეტყობოდა დაზიანებები, მაგრამ ეს არავინ შეიმჩნია. სახალხო დამცველი მოვითხოვე და რად გინდა სახალხო დამცველი, რატომ ითხოვო?

ორი დღის მერე მიმიყვანეს სასამართლოში. ვიღაც კაცი იყო მოსამართლე, სახელიც არ მახსოვს. მე საიას ადვოკატი მოვითხოვე, მაგრამ სახაზინო ადვოკატია აგერ და ეგ დაგიცავსო. პოლიციელებმა უთხრეს მოსამართლეს, რომ თითქოს ვაგინებდი, წინააღმდეგობას ვუწევდი და შეურაცხყოფას ვაყენებდი. მოსამართლეს ვუთხარი, ქუჩაში ვცხოვრობ, ჯარიმას ვერ გადავიხდი-მეთქი.

იმ პერიოდში მართლაც ქუჩაში ვცხოვრობდი – ჭაჭის კოშკთან მქონდა გაშლილი კარავი და 6 თვე იქ ვიყავი.

მოსამართლემ მაინც დამაჯარიმა, მაგრამ რით უნდა გადამეხადა?

პოლიციელების ძალადობაზე არ დამირეკავს 112-ში, ან სადმე. უკვე დაკარგული მქონდა ყველანაირი იმედი. მობილური ტელეფონი, რომელიც დაკავების დროს ჩამომართვეს, დამიბრუნეს, მაგრამ ისე დამტვრეული იყო ვერც დავურეკავდი ვინმეს.

რაღაც პერიოდი მეტაქსას ქუჩაზე ვცხოვრობდი თავშესაფარში, მუშაობა დავიწყე, ჩამერიცხა თუ არა თანხა, ჩამომეჭრა მაშინვე და ჯარიმა ჩამოვიდა 1740 ლარზე. ამ დროს უკვე ჩემი ანგარიში დაყადაღებული იყო.

ახლა ქირის ფულს მეგობართან ერთად ვინაწილებ და ჯამში 600 ლარს ვიხდით“, – ამბობს გიორგი უკლება.

გიორგი უკლება ბათუმის პროევროპულ აქციაზე

გიორგი უკლებას, რომელიც რუსული გემის საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს, 1740 ლარის შეგროვება სჭირდება.

რა არის საჭირო წინააღმდეგობის გასაძლიერებლად? – ვეკითხებით მას საუბრის ბოლოს.

„ერთობა“ – მოკლე პასუხი აქვს შეკითხვაზე გიორგი უკლებას, პაუზის შემდეგ კი, დასძენს: „მე არ მეშინია არაფრის. როდემდე უნდა ვიყოთ ასე, წნეხის ქვეშ?“

________________________________

გიორგი უკლებას დახმარების მსურველებს თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ მითითებულ საბანკო ანგარიშზე:

„ლიბერთი ბანკი“

GE93LB0211140909405000 

მიმღები პირი: გიორგი უკლება 

 

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 31 მაისის 21 საათიდან 1-ელი ივნისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უმალექოდ, ცვალებადი მიმართულების ქარი 10- 15მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიგამთიან რაიონებში ღამით 10-15 გრადუსი, დღისით 20- 25 გრადუსი სითბო, მაღალმთიან ზონაში ღამით 2-7გრ.,დღისით 13-18გრადუსი სითბო

ზღვის წყლის ტემპერატურა + 18 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით,  2 ივნისს მოსალოდნელია ზოგან ელჭექის ხასიათის წვიმა, მომდევნო 2 დღეს კი, უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.

ბათუმში კაცს ესროლეს, ის კლინიკაში მიყვანამდე დაიღუპა

ბათუმში, სევერიანე აჭარელის ქუჩაზე კაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს. გამოცემა „აჭარა თაიმსს“ შემთხვევზე ადგილზე თვითმხილველებმა უთხრეს, რომ გაიგონეს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლის ხმა.

შუახნის კაცი, რომელიც დაჭრეს, სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა წაიყვანა, თუმცა იგი კლინიკაში მიყვანამდე დაიღუპა.

შემთხვევა დღეს, 31 მაისს მოხდა. ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები.

შსს-ს პრესცენტრის ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სსკ-ის 108 [განზრახ მკვლელობა] და 236-ე [ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარება] მუხლებით. ამ დროისთვის უცნობია, დაკავებულია თუ არა ვინმე.

ინფორმაცია განახლდება.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 31 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 31 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 364 060 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 560. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 962 ერთეული [+2]
  • ჯავშანტექნიკა – 24 657 ერთეული [+14]
  • საარტილერიო სისტემა – 42 987 ერთეული [+57]
  • MLRS – 1 819 ერთეული [+6]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 399 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 436 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 353 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 320 327 ერთეული [+1 894]
  • სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 1 519 ერთეული [+19]
  • გემი/ნავი – 33 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 101 237 ერთეული [+524]
  • სპეცტექნიკა – 4 234 ერთეული [+3]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 693 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამ თემაზე:

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

პირველი პატიმარი, რომელიც გზის გადაკეტვისთვის სისხლის სამართლით გაასამართლეს – შეფასება

„ზურაბ მენთეშაშვილი პირველი პოლიტიკური პატიმარია, რომელსაც შეკრების დროს გზის გადაკეტვის კრიმინალიზების გამო მსჯავრი დაედო… მშვიდობიან პროტესტში მონაწილეობისთვის პირის სისხლის სამართლის წესით მსჯავრდება უხეშად არღვევს საქართველოს კონსტიტუციას და წარმოადგენს ადამიანის უფლებების საბაზისო პრინციპების იმგვარ უგულებელყოფას, რომელიც აუცილებლად უნდა გახდეს საქმეში მონაწილე პირების სამომავლო პასუხისმგებლობის საფუძველი,“ – სამართლებრივ შეფასებას „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ დღეს, 30 მაისს აქვეყნებს.

  • 2026 წლის 29 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 61 წლის ზურა მენთეშაშვილს 9 თვით დააპატიმრა. პროტესტის აქტიურ მონაწილეს ედავებოდნენ საპროტესტო აქციის დროს გადაკეტილ გზაზე განმეორებით დგომას, რაც „ოცნების“ მზარდად რეპრესიული რეგულაციებით, უკვე სისხლის სამართლის დანაშაულია. ზურა მენთეშაშვილი შვიდი თვეა, რაც პატიმრობაშია. ის 31 ოქტომბერს ღამით დააკავეს. შესაბამისად, ციხეს 2 თვეში დატოვებს.

„საქართველოს საკონსტიტუციო და ევროპულ სასამართლოების პოზიციით, მოძრაობის შეფერხების გამო ამგვარი შეზღუდვები შეკრების თავისუფლების არსს ეწინააღმდეგება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, თუ შეკრება სხვათა გადაადგილების შეზღუდვის გარეშე შეუძლებელია, მაშინ უპირატესობა მას უნდა მიენიჭოს.

სასამართლო ასაბუთებს ამ სტანდარტის ლოგიკასაც. კერძოდ, თუ შეკრების კონკრეტულ დროსა და ადგილის ჩატარების შეუძლებლობამ მას სრულად შეიძლება დააკარგვინოს მნიშვნელობა, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა დროებითია, და მათ შორის, გადაუდებელი სერვისების შემთხვევაშიც კი, მათი მიწოდება ალტერნატიული სავალი გზის საშუალებითაც არის შესაძლებელი.[1] ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლო შეკრების თავისუფლებით დაცულ სფეროში აქცევს შეკრების მონაწილეების მცდელობას „მიიპყრონ რაც შეიძლება მეტი ადამიანის ყურადღება“, რისთვისაც ირჩევენ ხალხმრავალ ადგილებს, ქალაქის მთავარ ქუჩებსა თუ მოედნებს, კონკრეტული ორგანოებისა თუ დაწესებულებების ახლომდებარე ტერიტორიებს.

რაც მთავარია, ზომები, როგორიცაა დაკავების ან/და პატიმრობის ზომები, მათი მსუსხავი ეფექტიდან გამომდინარე, არ უნდა იქნეს გამოყენებული არაძალადობრივი ქმედების პასუხად, როგორიცაა გზის გადაკეტვით მოძრაობის შეფერხება იმ შემთხვევაშიც თუ ის შეკრების წესებს არღვევს, ასეთი ზომების გამოყენებისას კი აუცილებელია საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის უფრო სერიოზული რისკების დასაბუთება.

ევროპული სასამართლოს სიტყვებით, „სისხლის სამართლებრივი ღონისძიებების [რაც ევროპული კონვენციის მიზნებისთვის მოიცავს ადმინისტრაციულ სამართლებრივ პასუხისმგებლობას, მათ შორის, ჯარიმებსაც] პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ გამოყენება ყოველთვის განსაკუთრებულ დასაბუთებას საჭიროებს და მშვიდობიანი პროტესტი, პრინციპის დონეზე, არ უნდა იწვევდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების რისკებს”.

შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებული ქმედებებისთვის პასუხისმგებლობის დამძიმების რამდენიმე ტალღა მკაცრად გააკრიტიკა ვენეციის კომისიამ და ეუთო-ოდირმა, რომლებმაც ისინი „შეკრების მშვიდობიან მონაწილეებზე“ სისტემური რეპრესიების ჭრილში განიხილა და ადამიანის უფლებების სტანდარტებთან, ისევე, როგორც სამართლის უზენაესობის პრინციპებთან შეუსაბამოდ მიიჩნია.

[4] ეუთო-ოდირის ბოლო დასკვნაში ბუნდოვნად ფორმულირებული სამართალდარღვევებისთვის დამძიმებული სანქციები ბრალის გარეშე პასუხისმგებლობის [strict liability] ფორმად და პრევენციულ შეზღუდვად [prior restraint], უალტერნატივო/ავტომატური თავისუფლების აღკვეთის ზომები კი, განსაკუთრებით სახის ამომცნობ ტექნოლოგიებთან კომბინაციაში რუტინული გამოყენების გამო, სერიოზულ „მსუსხავ ეფექტის“ მატარებლად იქნა შეფასებული.

მეტიც, ეუთო-ოდირმა პირდაპირ მიუთითა სახელმწიფოს მიერ დასახელებული ლეგიტიმური მიზნების არაავთენტურობაზე და რეალური მიზნებისა და აღსრულების პრაქტიკების უფლებრივ სტანდარტებთან შეუსაბამობაზეც.[5]

საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა საფუძველზეც ზურაბ მენთეშაშვილს 9-თვიანი პატიმრობა მიესაჯა, საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა საქართველოს სახალხო დამცველმაც. კერძოდ, კონსტიტუციური სარჩელით, მათ შორის, სადავოდ არის გამხდარი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დაწესებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, რომელიც ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ იმავე ქმედების განმეორებით ჩადენისათვის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილის, მათ შორის, არასრულწლოვანისა და ორგანიზატორის მიმართ დაწესებული თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამდენად, მშვიდობიან შეკრებაში მონაწილეობის გამო ზურა მენთეშაშვილისთვის სისხსისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება ქვეყანაში არსებული ადამიანის უფლებების უმწვავესი კრიზისის და სამართლის უზენაესობის პრინციპის რღვევის გამოვლინებაა.

სისხლისსამართლებრივი ზომების გამოყენება ისეთი ქმედებაზე პასუხად, რომელიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით შეკრების თავისუფლებით დაცულ სფეროში ექცევა, თავისუფლების თვითნებურ აღკვეთად უნდა მივიჩნიოთ,“ – აღნიშნულია სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ გავრცელებულ შეფასებაში.

ამ თემაზე:

„ზურა მენთეშაშვილი სინდისის პატიმარია“ — გადაკეტილ გზაზე დგომისთვის 61 წლის კაცს 9 თვე მიუსაჯეს

რა შანსი აქვს ფაშინიანს რუსეთს თავი დააღწიოს, როცა პუტინი ელექტორალურ სპეცოპერაციას გეგმავს – ინტერვიუ

„პუტინმა აამოქმედა ე.წ. ელექტორალური დესანტი. აპირებენ დაახლოებით 50-დან 100 ათასამდე რუსეთში მცხოვრები სომეხი გააგზავნონ სომხეთში არჩევნებისთვის. რუსეთში მცხოვრები სომხეთის მოქალაქეები არ არიან პოლიტიკურად აქტიურები, ახლა კი, დაუფინანსებენ მგზავრობას, ფრენას და ჩავლენ სომხეთში იმისთვის, რომ ხმა მისცენ. პუტინი ცდილობს, რომ დარაზმოს ეს ადამიანები – ელექტორალურ სპეცოპერაციას გეგმავს…“ – გვიყვება კავკასიოლოგი გიორგი მჭედლიშვილი. მას სომხეთის არჩევნებზე ვესაუბრეთ, რომელიც ზუსტად ერთ კვირაში, 7 ივნისს გაიმართება.

კიდევ რა მეთოდებით ცდილობს პუტინის სომხეთში გავლენის შენარჩუნებას და რა შანსი აქვს ამ დროს პროევროპელ ფაშინიანს? – „ბათუმელებმა“ გიორგი მჭედლიშვილთან ინტერვიუ ჩაწერა. იგი ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია და საერთაშორისო ურთიერთობის სპეციალისტი, მუშაობს სამხრეთ კავკასიის და პოსტსაბჭოთა სივრცის საკითხებზე.

  • ბატონო გიორგი, ზუსტად 1 კვირაში სომხეთში არჩევნებია. მკაფიოდ ჩანს არჩევანი დასავლეთსა და რუსეთს შორის. რას აჩვენებს აქტიური და დაძაბული წინასაარჩევნო კამპანია? 

სომხეთში მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია. ორივე მხარეს მკვეთრი პოლიტიკური შეხედულებები აქვთ – ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული. საერთო წერტილი აქ რთული მოსაძებნია. სხვანაირად ხედავენ სომხეთის მომავალს და სტრატეგიულ გზას დღევანდელი ლიდერი – ფაშინიანი და მისი გუნდი, საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ფაშინიანს მხარს უჭერს.

ესენი არიან ე.წ. რეალური სომხეთის მომხრეები და არა წარმოსახვითი სომხეთის, ანუ ცხოვრობენ აწმყოში და მომავალით. მიხვდნენ, რომ წარსულზე ორიენტირებული, ტერიტორიულ ექსპანსიასა და რაღაც ძველი სიდიდის დაბრუნების ნარატივი არ მუშაობს 21-ე საუკუნეში. საზოგადოების ეს ნაწილი რეალობამ გამოაფხიზლა 2020 წელს, როდესაც აზერბაიჯანმა დაიბრუნა კონტროლი ყარაბაღზე.

ამას მოჰყვა რუსეთის მიმართ ძალიან დიდი იმედგაცრუება. მანამდე ბევრი თვლიდა, რომ რუსეთია მნიშვნელოვანი  და რომ არა რუსეთი, თურქეთი და აზერბაიჯანი გენოციდს მოგვიწყობენ, ჩაგვყლაპავენ. არსებობდა მოლოდინი, რომ რუსეთი მათ დაეხმარებოდა, რადგან სტრატეგიული პარტნიორია, რუსეთის ბაზაა სომხეთში. მაგრამ აღმოჩნდა, რომ რუსეთმა არაფერი გააკეთა. მეტიც, რიტორიკულად შეიძლება აზერბაიჯანსაც კი ემხრობოდა მოლაპარაკებების დროს.

სიმართლე გითხრათ, წმინდა ლეგალურად, ყარაბაღი არ იყო სომხეთის ნაწილი და რუსეთს არც ევალებოდა სომხეთის დახმარება, მაგრამ სომხეთში ეს მოლოდინი არსებობდა რუსეთის მიმართ. ამ იმედგაცრუებამ იმუშავა და ასევე ფაშინიანის მთავრობამ, რომელმაც პრაქტიკულად დაიწყო რეფორმები – შიგნიდან გაწმენდის პროცესი. ეს იყო ზოგჯერ წარმატებული, ზოგჯერ ნაკლებად წარმატებული, როგორც ეს იყო საქართველოში „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ.

გიორგი მჭედლიშვილი

რეალურად პუტინის რუსეთს აწყობს მეზობლები – ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები – თავისი კონტროლქვეშ. ამ ქვეყნებში უნდა იყოს კორუფცია, როგორც რუსეთშია. თუ რუსეთმა დაინახა, რომ რომელიმე ქვეყანა მართლა ცდილობს განწმენდას, გათავისუფლებას, მოპარვასა და კორუფციაზე არ იქნება დაფუძნებული, ესე იგი, ასეთი სახელმწიფო რუსეთისთვის არამეგობრულია.

მეთოდები, რაც ახლა აამოქმედა რუსეთმა სომხეთის მიმართ: ვაჭრობის გზებს უკეტავს, ჩვენ კარგად ვიცით ეს ყველაფერი და გამოვლილი გვაქვს 2005-2006 წლიდან. რუსეთი ემბარგოს უცხადებს სხვადასხვა პროდუქტს…

  • თუმცა ეკონომიკური დასუსტებით დაშინების გარდა, პუტინი სომხეთზე საუბრის დროს პირდაპირ ავლებს პარალელს უკრაინასთან: ასე დაიწყო თავის დროზე კრიზისი უკრაინაშიცო. 

რუსეთის პროპაგანდისტული არსები განსაკუთრებით აგრესიულები არიან: სოლოვიოვი იქნება ეს, თუ მარგარიტა სიმონიანი, რომელიც ეთნიკურად სომეხი.

პუტინის ეს განცხადება იყო მინიშნება იმაზე, თუ როგორ აგვარებს რუსეთი პრობლემას. მან დაიწყო საუბარი იმით, როგორ გაუჭირდება სომხეთს: ეკონომიკა დაიკლებს, სომხეთის მოქალაქეები ვეღარ ჩავლენ რუსეთში, რადგან ცალკე დასჭირდებათ ნებართვა და ასე შემდეგ. მოკლედ, პუტინი სადამსჯელო ოპერაციასავით ატარებს.

თუმცა ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. თუ რამეში შეიძლება პრეტენზია გამოუცხადო სომხეთის დღევანდელ ხელისუფლებას, არის ის, რომ 8 წლის განმავლობაში არ იმუშავეს სათანადოდ და აქტიურად ამ მიმართულებით. სომხეთი რჩება მოწყვლადი ქვეყანა. ცხადია, რუსეთი ამას იყენებს.

თუმცა რუსეთის ეს სტრატეგია ძალიან კონტრპროდუქტიულია. სამხრეთ კავკასიის კვლევებით ვარ დაკავებული და ხშირად მიწევს მოგზაურობა, ურთიერთობა აზერბაიჯანელ და სომეხ კოლეგებთან. რუსეთიდან ეს გზავნილები სომხეთში იწვევს უკურეაქციას. ის ხალხიც კი, რომლებიც არ არიან ფაშინიანის მომხრეები და არ გადაუწყვეტიათ ჯერ კიდევ, ვის დაუჭირონ მხარი, ხედავენ, როგორ უხეშად, ხულიგნური მეთოდებით, არადიპლომატიურად ცდილობს რუსეთი სომხეთი თავის ნებაზე გადაიყვანოს.

  • თქვენი დაკვირვებით, რატომ არჩია ასეთი სტრატეგია პუტინმა სომხეთთან? 

ისეთი სახელმწიფო შეიქმნა რუსეთში, რომელიც დაფუძნებულია პროპაგანდისტულ აღქმებზე. რუსეთის პროპაგანდის მთავარი ამოცანაა დღეს: თუ ფაშინიანი გაიმარჯვებს, ესე იგი, ჩვენ სუსტი ვართ.

ეს ე.წ. მაჩოს სტილია – საზოგადოებას უნდა დაანახო, რომ ძლიერი ხარ.

დაახლოებით იგივე მოხდა წელიწად-ნახევრის წინ აზერბაიჯანში: რუსეთს რომ ჩვეულებრივად, როგორც ნორმალურ სახელმწიფოს, ბოდიში მოეხადა და კომპენსაცია გადაეხადა აზერბაიჯანელი მოქალაქეებისთვის, როცა აზერბაიჯანის ვერტმფრენი ჩამოვარდა და რუსეთის 25 მოქალაქესთან ერთად დაიღუპა აზერბაიჯანის 35 მოქალაქე – ბოდიში აღიქმებოდა რუსეთში, როგორც სისუსტე: როგორ თუ დიადმა რუსეთმა რაღაც მეორეხარისხოვან სახელმწიფოს ბოდიში მოუხადა!

მით უფრო, რომ 2022 წლის ბოლომდე რუსეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობა მეტ-ნაკლებად ნორმალური იყო.

  • რუსეთი აქამდე ამგვარი მეთოდებით ახერხებდა გავლენის შენარჩუნებას, მათ შორის, სამხრეთ კავკასიაზე.  თქვენი დაკვირვებით დღეს იგივე პროპაგანდისტული მიდგომები აღარ მუშაობს? 

აი, რატომ სჯეროდა პუტინს, რომ კიევს და უკრაინას საერთოდ ერთ კვირაში აიღებდა და ერთ კვირაში დაამყარებდა კონტროლს 2022-ში?

პუტინს რეალურად სჯეროდა, რომ როგორც ყირიმშია მოსახლეობა ძირითადად რუსულენოვანი და ეთნიკურად რუსი მოსახლეობა შეხვდა სიხარულით, ასევე იქნებოდა მთელს უკრაინაში. რეალურად პუტინმა დაიჯერა საკუთარი პროპაგანდა, რამაც მის წინააღმდეგ იმუშავა.

გამოდის, ვიღაცას სჯერა ახლა, რომ ასეთი მეთოდები სომხეთში შეაშინებს ხალხს და გამოაფხიზლებს.

  • ფიქრობთ, რომ პრაქტიკულად არ აქვს შანსი ფაშინიანის მთავარ მოწინააღმდეგეს, მოიგოს ეს არჩევნები და ამით რუსეთმა დაიბრუნოს თავისი გავლენა სომხეთში? 

საზოგადოების ნაწილი არის რევანშისტი და, სამწუხაროდ, რუსული პროპაგანდის მსხვერპლი. დარწმუნებით ვერ ვიტყვით, რომ ფაშინიანი გაიმარჯვებს. საზოგადოების ნაწილზე მუშაობს ეს ნარატივი, რომ ყარაბაღი, ჩვენი ძვირფასი კუთხე წაგვართვეს. ვიდრე მოხდებოდა ყარაბაღის მეორე ომი, 2020 წლამდე ფაშინიანიც ამბობდა, რომ ყარაბაღია ჩვენია და მორჩა. საზოგადოების ნაწილისთვის, რა თქმა უნდა, ეს არის მტკივნეული წაგება. ეს არის ე.წ. სუსტი წერტილი, რაზეც რუსული პროპაგანდა აქტიურად მუშაობს.

სამწუხაროდ, სომხეთის აკადემიურ წრეებშიც, ვისთანაც მე მაქვს ურთიერთობა, საკმაოდ ბევრია ისეთი, ვინც თვლის, რომ ფაშინიანის პოლიტიკა სომხეთის ღალატია და განსაკუთრებით ყარაბაღის მოსახლეობის.

  • IRI-ს ბოლო კვლევებით, კარაპეტიანის რეიტინგი 9%-ია, ფაშინიანის რეიტინგი არ არის მთლად მაღალი, მაგრამ ჯამურად 29%-ია. შეიძლება ეს უპირატესობა გადაწონოს პრორუსმა კანდიდატმა? 

ჯერ კიდევ საკმაოდ ბევრია ისეთი ხმა, რომელიც გადაუწყვეტელია. ამ ხმებისგან შეიძლება ველოდეთ რაღაც სიურპრიზებს, მით უმეტეს ვხედავთ, რომ რუსეთი ზრდის სომხეთის მიმართ პროპაგანდისტულ ზეწოლას, ეკონომიკურ ნაბიჯებს.

დიდი ალბათობით ფაშინიანი მოიგებს ნომინალურად ამ არჩევნებს – მეტს აიღებს, ვიდრე კონკურენტი, მაგრამ არ არის გამორიცხული, კარაპეტიანის და ქოჩარიანის პარტიებმა ჯამურად  შეძლონ სერიოზულად შეაფერხონ ფაშინიანის ინიციატივები, ისეთი წილი ჰქონდეთ პარლამენტში, რომ სპოილერებად იმუშაონ.

  • სომხეთში ისევ არის რუსული სამხედრო ბაზა. სამხედრო პროვოკაციის მოწყობა რუსეთის მხრიდან ისევ განიხილება? 

მგონია, რომ ამის ალბათობა საკმაოდ მცირეა, თუმცა გამორიცხული არაფერია. მით უმეტეს, როცა ვხედავთ, როგორ ირაციონალურად მოქმედებს რუსეთის ხელმძღვანელობა. საქმე ისაა, რომ გიუმრის ბაზა ნახევრად დაცლილია – რუსეთს დააკლდა ძალები უკრაინაში და ბაზის საკმაოდ დიდი ნაწილი გადაისროლა იქეთ.

საბედნიეროდ, სომხეთს საზღვარი არ აქვს რუსეთთან.

ამიტომაც, პუტინმა აამოქმედა ე.წ. ელექტორალური დესანტი. რუსეთი აპირებს დაახლოებით 50-100 ათასი რუსეთში მცხოვრები სომეხი გააგზავნოს სომხეთში არჩევნებისთვის. ცნობილია, რომ რუსეთში მცხოვრები სომხეთის მოქალაქეები არ არიან პოლიტიკურად აქტიურები, ახლა კი, დაუფინანსებენ მგზავრობას, ფრენას და ჩავლენ სომხეთში იმისთვის, რომ ხმა მისცენ. პუტინი ცდილობს დარაზმოს ეს ადამიანები – ელექტორალურ სპეცოპერაციას გეგმავს.

  • ტრამპმა დაუჭირა ღიად მხარი ფაშინიანს, ასევე, 26 მაისს ერევანს სტუმრობდა აშშ-ს სახელმწიფო მდივანი. რა ეტაპზე გადადის აშშ-თან და, ზოგადად, დასავლეთთან სომხეთის ურთიერთობები? 

ტრამპის მხარდაჭერაზე ცოტა ფრთხილად ვიქნებოდი – ორბანსაც დაუჭირა მხარი. გარდა ამისა, ზოგიერთმა ეს მხარდაჭერა სომხეთში შეიძლება აღიქვას, როგორც ჩარევის მცდელობა.

ის, რომ სომხეთის ეს ურთიერთობა აშშ-თან ასეთ სტრატეგიულ ნიშნულზე ადის, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ შეერთებულ შტატებს, რომელსაც, გარკვეული სირთულეები აქვს საგარეო პოლიტიკაში, რაღაცები შეიძლება არ მოგვწონდეს, მაგალითად, უკრაინასთან მიმართებაში, ამიტომაც, ამერიკას სჭირდება, წარმატებული ისტორია. მგონია, რომ სამხრეთ კავკასია კარგად ჯდება ამ ნარატივში.

სამწუხაროდ, საქართველო ჯერ კიდევ გარიყულია და იზოლაციაშია მოქცეულია, თუმცა ის ხალხი, რომელიც რუბიოს ახლდა, ჩამოვიდა საქართველოშიც. საქართველო ადრე თუ გვიან უნდა ჩაერთოს რეგიონულ პროცესებში. ეს რეგიონი ევრაზიაში შეიძლება გახდეს საკვანძო იმის გათვალისწინებით, რომ ჩრდილოეთით არის რუსეთი და იგი უფრო და უფრო არასანდო ხდება, სამხრეთით არის ირანი.

იმედია, ეს ომი არ გაგრძელდება დიდხანს, მაგრამ დაძაბულობა იქნება ისევ. ირანი დარჩება, როგორც მკვეთრად ანტიდასავლური სახელმწიფო. ამიტომაც, სამხრეთ კავკასიის რეგიონის როლი ამ მოცემულობაში ძალიან მნიშვნელოვანია.

  • უშვებთ, რომ თუ დასავლეთი გააქტიურდება სამხრეთ კავკასიაში, საქართველო დარჩეს რუსეთის გავლენის სფერო? დღეს, მაგალითად, საქართველოში სუსმა დააკავა ანტიდასავლური ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი ჯაშუშობის ბრალდებით, რამაც ბევრს გაუჩინა განცდა, რომ ივანიშვილი ისევ შესაძლოა ტრამპთან მისასვლელ გზებს ეძებდეს…  

არ არის ეს გამორიცხული, ასე იყოს, რადგან ეს მოხდა რამდენიმე დღის შემდეგ, რაც იყვნენ ჩვენთან აშშ-ს წარმომადგენლები. ძალიან გათამამდნენ საქართველოში ის ძალები, რომლებიც არიან მკვეთრად ანტიდასავლური და პრორუსული. სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლება მათ ისე არ ექცეოდა, როგორც წესით უნდა მოჰქცეოდა. ვარაუდია, რომ შეიძლება „ოცნებამ“ მიიღო გაფრთხილების მაგვარი, როგორ იმოქმედოს იმისთვის, თუ მას რეალურად სურს ურთიერთობების დალაგება შეერთებულ შტატებთან.

ყოველთვის არსებობს იმის შანსი, რომ საქართველო დარჩეს რუსეთის გავლენის სფერო, მაგრამ ფაქტია, რომ იწყება ტრამპის მშვიდობის გზის მშენებლობა, შუა დერეფნის მნიშვნელობა დიდია, საქართველოში კი არსებობს ინფრასტრუქტურა, რაც წლებია შენდებოდა. არ იქნება სწორი ამის არგამოყენება, მაგრამ რაღაც პირობებით უნდა მოხდეს ეს.

შეიძლება ანაკლიის პორტი გაჩნდეს ისევ დღის წესრიგში და გაჩნდეს სხვა პირობებიც. ეკონომიკურად ძალიან მიზანშეწონილია იმ ინფრასტრუქტურის გამოყენება, რაც უკვე არსებობს.

„ისეთი დაუჯერებელი ამბები ხდება „ბათუმელების“ თავს, რომ ეჭვი შეგეპარება, მთლად ასეც არ იქნება საქმეო

შოთა გუჯაბიძე, რეჟისორი

___

„ისეთი დაუჯერებელი ამბები ხდება „ბათუმელების“ თავს, რომ ეჭვი შეგეპარება, მთლად ასეც არ იქნება საქმეო. არადა ყველაფერი ზედაპირზეა და ძალიანაც კარგად ჩანს, რომ თავისუფალი მედიის წინააღმდეგ მიმართულ რეპრესიებში ყველაზე მეტი დარტყმა სწორედ „ბათუმელებმა“ მიიღო. მზია ამაღლობელი კი თავისი ღირსებით და გაუტეხლობით წინააღმდეგობის მოძრაობის სიმბოლო გახდა.

„ბათუმელები“ დაარსების დღიდან ამხელდა ყველა ხელისუფლების მანკიერ საქმიანობას, იყო და არის იმედი ადამიანების, რომლებმაც სამართალი ვერ იპოვეს. შესაბამისად, იდევნებოდა ყველა ხელისუფლების მიერ, მაგრამ მსგავსი ინკვიზიცია, რაც ახლა ხდება, აქამდე არცერთ მდაბიო ხელისუფალს მოსვლია აზრად, რომელიც ამ ხნის განმავლობაში მრავლად მოიცვალა.

გამოცდილება მკარნახობს, რომ მომდევნო და უკეთესი ხელისუფლების დროსაც ბევრი იტრაბახებს, „ბათუმელებს“ მაშინ დავეხმარე, როცა ეს საშიში იყოო. გავიხადოთ სატრაბახოდ საქმე და დავეხმაროთ არა მხოლოდ ამ მედიას, არამედ საკუთარ თავს და საკუთარ ქვეყანას.

ახლა ეს ერთი და იგივეა.

„ბათუმელებმა“ იმაზეც იზრუნა, რომ დახმარება დიდად არ დაეტყოს ჩვენს ჯიბეებს, სამაგიეროდ იმ საქმეს გავაკეთებთ, გერბზე რომ გვიწერია“.

___

გადადი ლინკზე და დაუჭირე მხარი ბათუმელებსა და ნეტაზეთს

გიდების რეგისტრაცია სავალდებულო ხდება – ვის მოსთხოვენ სერთიფიკატს

გიდები ვალდებული არიან დარეგისტრირდნენ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ბაზაში. კანონში „ტურიზმის შესახებ“ ცვლილებები შევიდა, რაც პარლამენტმა 28 მაისს მიიღო და პრეზიდენტისგან უკვე ხელმოწერილია.

„ტურისტული საქმიანობის სუბიექტები − ტურისტული გიდი, ტუროპერატორი, ტურისტული სააგენტო [ტურაგენტი] − ვალდებული არიან ტურისტული საქმიანობის შესახებ მონაცემების აღრიცხვის უზრუნველსაყოფად დარეგისტრირდნენ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ტურისტული საქმიანობის სუბიექტების ბაზაში…

ტურისტული საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია შესაბამისი საქმიანობის დაწყების ან შეწყვეტის ან/და ამ საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი მონაცემის ცვლილების შემთხვევაში წერილობით მიაწოდოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას სათანადო ინფორმაცია.“ – აღნიშნულია კანონში.

  • კანონში „ტურიზმის შესახებ“ ცვლილებები შევიდა ასევე რისკის შემცველ ტურისტულ მომსახურეობებზეც:

„საქართველოს მთავრობა დადგენილებით ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე რისკის შემცველი ტურისტული მომსახურებების ნუსხას და მათი განხორციელების წესს, აგრეთვე განსაზღვრავს რისკის შემცველ ტურისტულ მომსახურებებს, რომელთა მიმწოდებლებს ევალებათ, ჰქონდეთ პროფესიული პასუხისმგებლობის ან/და სამოქალაქო პასუხისმგებლობის სადაზღვევო მოწმობა [პოლისი], ასევე ადგენს დაზღვევის პირობებს და მისი განხორციელების წესს.

საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება რისკის შემცველი ტურისტული მომსახურებები, რომელთა განმახორციელებელ პირთა [პერსონალის] სერტიფიცირებას უზრუნველყოფს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია. საქართველოს მთავრობის დადგენილებით ასევე განისაზღვრება რისკის შემცველი ტურისტული მომსახურებები, რომელთა მიმწოდებლებს მათი განხორციელების უფლებას მიანიჭებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ან საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული შესაბამისი სუბიექტი.

საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აწარმოებს რისკის შემცველი ტურისტული მომსახურების მიმწოდებელთა რეესტრს,“- აღნიშნულია კანონში.

ამავე კანონის მიხედვით, რისკის შემცველის ტურისტული მომსახურების გაწევა შესაბამისი სერთიფიკატის გარეშე დაჯარიმდება 3 ათასი ლარით.

 

რა ნივთები გაიყიდება აუქციონზე ონლაინ მედიის გადასარჩენად

„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – მზექალა შანიძის ხელნაწერი, ნინო რამიშვილის ფინჯანი სუხიშვილების საოჯახო კოლექციიდან, ლანა ღოღობერიძის ნახატი, ბიძინა გუჯაბიძის მიერ პამირის მთებში, იბსინას პიკზე დაკრეფილი ედელვაისები, აკაკი შანიძის ხელმოწერა – ეს არასრული ჩამონათვალია იმ ნივთებისა, რომელიც 31 მაისს, საღამოს 18:00 საათზე ქართული ონლაინ მედიის გადასარჩენად გამართულ აუქციონზე გაიყიდება.

აუქციონი იქნება ერთგვარი დაგვირგვინება ორდღიანი ფლიმარკეტისა, რომელიც 30-31 მაისს, თბილისში, სლინკ კაფეში, ილიას ბაღში გაიმართება.

ფლიმარკეტის მიზანია გაყიდული ნივთები ქართული დამოუკიდებელი ონლაინ მედიის გადასარჩენად შექმნილ ფონდში გადაირიცხოს.

ფლიმარკეტი 30 მაისს 12 საათზე გაიხსნება.

მედიის გადასარჩენად მისულ მარკეტზე იქნება ხატვის მასტერკლასი პატარებისათვის, ასევე საბავშვო სივრცეში გაიმართება კითხვის საათი. საღამოს 6 საათზე კი გუნდი იმღერებს სინათლისთვის.

ფლიმარკეტი 31 მაისსაც 12 საათზე გაიხსნება. ისევ იქნება კითხვის საათი ბავშვებისთვის, საღამოს 6 საათზე კი მოეწყობა უნიკალური და გამორჩეული ნივთების აუქციონი, რომელსაც ანა კორძაია-სამადაშვილი გაუძღვება, რომელიც უნიკალური ნივთების განსაკუთრებულ ისტორიებს აუქციონის მონაწილეებს პირადად მოუყვება.

აუქციონზე გამოტანილი იქნება საზოგადოებისთვის საყვარელი ადამიანების პირადი და უნიკალური ნივთები. მათი გაყიდვიდან მიღებული თანხა კი დამოუკიდებელი ონლაინმედიების გაძლიერებას მოხმარდება.

 

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 30 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 30 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 362 500 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 430. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 960 ერთეული [+2]
  • ჯავშანტექნიკა – 24 643 ერთეული [+7]
  • საარტილერიო სისტემა – 42 930 ერთეული [+70]
  • MLRS – 1 813 ერთეული [+5]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 398 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 436 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 353 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 318 433 ერთეული [+1 781]
  • სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 1 500 ერთეული [+4]
  • გემი/ნავი – 33 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 100 713 ერთეული [+483]
  • სპეცტექნიკა – 4 231 ერთეული [+4]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 693 ერთეული [+6]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამ თემაზე:

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ბსუ-ს პროფესორი სტუდენტების ელექტრონულ სისტემაში შეიპარა – „ხელისუფლების მხარდამჭერი ვარ“

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს – ი.მ.-ს სტუდენტების ელექტრონულ სისტემაში უკანონოდ შეღწევასა და სხვა ლექტორების დისკრედიტაციაში ადანაშაულებენ.

ამბავი ბსუ-ში 2024 წელს მოხდა: რამდენიმე პროფესორის შეფასების პლატფორმაზე სტუდენტების სახელით დაწერილი ნეგატიური და შეურაცხმყოფელი კომენტარები ერთდროულად გაჩნდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ კომენტარები სტუდენტებს კი არ დაუწერიათ, არამედ პროფესორმა ი.მ.-მ დაუწერა კოლეგებს და სტუდენტების სახელი გამოიყენა.

ბსუ-ში სტუდენტების ელექტრონულ სისტემაში უკანონო შეღწევის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის საფუძველზე. ეს ინფორმაცია დაგვიდასტურეს უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში, თუმცა ამ ეტაპზე პასუხი არავის უგია.

უნივერსიტეტში მომხდარი სავარაუდო დანაშაულის შესახებ ბსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელს, მერაბ ხალვაშს [ის დღეს აღარ წარმოადგენს ადმინისტრაციას, პროფესორია] ინფორმაცია 2024 წლის თებერვალში ჰქონდა, თუმცა მან პროკურატურას 10-თვიანი პაუზის შემდეგ – 2024 წლის დეკემბერში მიმართა. 2024 წლის ნოემბერში კი, პროფესორ ი. მ.-ს მერაბ ხალვაშისთვის მიუწერია წერილი, რომ მას დევნიან პოლიტიკური შეხედულებების გამო და ის „მოქმედი ხელისუფლების აქტიური მხარდამჭერია“.

ახლა უკვე ბსუ-ს რექტორი ტიტე აროშიძეა – უმაღლესი საბჭოს ყოფილი დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“. უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში „ბათუმელებს“ 2026 წლის 6 მაისს უთხრეს, რომ გამოძიების შედეგს ელოდებიან, რომელიც უკვე 2 წელია გრძელდება. უნივერსიტეტის პრესცენტრში ასევე განმარტეს, რომ წესდების მიხედვით, პროფესორს სამსახურიდან ვერ გაუშვებენ საგამოძიებო ორგანოს შესაბამისი დასკვნის გარეშე.

  • რა მოხდა? 

ეს ამბავი 2024 წლის 19 იანვარს იწყება – ნათლისღების უქმე დღეს, ბსუ-ს პორტალზე პროფესორ ლაშა ბაჟუნაიშვილს, ასოცირებულ პროფესორს – ლაშა ხოზრევანიძეს და, ასევე, მოწვეულ სპეციალისტებს: გელა ირემაძის და ზეინაბ ასანიძეს სტუდენტებმა შეფასებები დაუწერეს. მაგალითად, ლაშა ბაჟუნაიშვილს დაუკომენტარეს: „ეს ლექციები არის თუ პოლიტიკური პროპაგანდა?“

„უკაცრავად და ლექტორმა თუ იცის ეს საგანი საერთოდ?“ [სტილი დაცულია] – ეს ზეინაბ ასანიძეს დაუწერეს. ლაშა ხოზრევანიძეს დაუკომენტარეს: „ასწავლეთ ამ კაცს ჯერ პოლიტიკა და მერე ჩვენ გვასწავლოს. ელემენტარულ ტერმინებში ვერ ერკვევა“, გელა ირემაძეს კი ასეთი შეფასება დაუწერეს: „ვერ გავიგე ვერაფერი“, „ირემაძემ იცის რამე, დემოგრაფიის აზრზე არაა“.

ლექტორებმა იეჭვეს, რომ ეს ორგანიზებული იყო, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია მიმართეს და დასვეს შეკითხვა: რამდენად არის ეს შეფასებები სტუდენტების მიერ გაკეთებული და ადგილი ხომ არ ჰქონდა ამ შეფასებების გაკეთების მიზნით სტუდენტების პორტალის ავტორიზაციის მონაცემების არამართლზომიერ გამოყენებას?

პროფესორი ლაშა ბაჟუნაიშვილი ამბობს, რომ უშუალოდ მაშინდელი რექტორისგან, მერაბ ხალვაშისგან გაიგეს, რომ შეურაცხმყოფელი კომენტარების ავტორი ამავე უნივერსიტეტის პროფესორი და მათი კოლეგა, ი. მ. იყო. მერაბ ხალვაშმა პროფესორები ი. მ.-ს შეახვედრა, სადაც ი. მ.-ს ბოდიში მოუხდია.

ეს შეხვედრა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2024 წლის 21 თებერვალს შედგა და „ბათუმელებს“ ამ შეხვედრის ამსახველი ტრანსკრიპტი მიაწოდეს, რომლის თანახმადაც შეხვედრაზე პროფესორებს კონკრეტული მოთხოვნები ჰქონდათ – ი. მ. უნდა გათავისუფლდეს ან სხვა დეპარტამენტში განაგრძოს საქმიანობა.

ტრანსკრიპტის თანახმად, საჯარო მმართველობის დეპარტამენტის პროფესორი ი. მ. შეხვედრის დასაწყისში ამბობს:

„…მე ვითხოვ პატიებას მომხდარი ფაქტის გამო, ძალიან ვწუხვართ. პირველ რიგში თქვენთან, როგორც რექტორთან და თქვენი სახით უნივერსიტეტის წინაშე ვიხდი ბოდიშს და ასევე მინდა განსაკუთრებული ბოდიში მოვუხადო ჩემს კოლეგებს ამ ფაქტის გამო, ძალიან ვწუხვართ, არ უნდა მომხდარიყო ვაღიარებ, ვაცნობიერებ და ჩემი მხრიდან გამოვხატავ მზაობას, რა ვიცი, სამომავლო თანამშრომლობისთვის, კოლეგიალური თანამშრომლობისთვის“.

ამ შეხვედრის ამსახველ ტრანსკრიპტში, სადაც ი. მ.-ს ეს სიტყვებია დაფიქსირებული, არ ჩანს, როგორ დადასტურდა მისი კავშირი ელ. სისტემაში შეღწევასთან; ვინ გამოარკვია, რომ სტუდენტების პლატფორმაზე ლექტორების მისამართით კონკრეტული კომენტარები ი. მ.-მ დაწერა? ასევე, არ ირკვევა, რა იყო მისი მოტივაცია.

ეს შეხვედრა რომ რეალურად შედგა, ამას ადასტურებს პროფესორი ლაშა ბაჟუნაიშვილიც.

ჩვენ ამ შეხვედრის დეტალებზე გვინდოდა პროფესორ ი. მ.-სთვისაც გვეკითხა, თუმცა მან „ბათუმელების“ შეკითხვებს არ უპასუხა.

საქმეში ი.მ. რომ არის მთავარი ფიგურანტი, ამას უნივერსიტეტში დაწყებული დისციპლინური საქმისწარმოების მასალებიც ცხადყოფს – საინტერესოა ისიც, რომ საქმისწარმოება უნივერსიტეტში 2024 წლის ნოემბერში დაიწყო, მაშინ, როცა ი. მ.-მ მომხდარის გამო ბოდიში მოიხადა 2024 წლის თებერვალში.

  • რა ჩანს დოკუმენტებით? 

ამ საქმეშია იურიდიული ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის ბსუ-ს რექტორისთვის მიწერილი წერილი. 2024 წლის თებერვლის შეხვედრის შემდეგ – როცა მაშინდელი რექტორი მერაბ ხალვაში ი. მ.-ს და 4 ლექტორს შეხვდა, ბსუ-ს ხარისხის სამსახურს უცდია იმის გარკვევა, ვინ დაუწერა შეურაცხმყოფელი კომენტარები კონკრეტულ ლექტორებს.

„ასოცირებულ პროფესორ ლაშა ბაჟუნაიშვილის მიერ განხორციელებული სასწავლო კურსის ცივი ომი – ბიპოლარული მსოფლიო შეფასებაში მონაწილეობა მიიღო 44-დან 12 სტუდენტმა… საგულისხმოა, რომ სტუდენტებმა ცალსახად აღნიშნეს პედაგოგის მაღალი აკადემიურობა და მასწავლებლით, ასევე, საგნის შინაარსით კმაყოფილება. რაც შეეხება ასოცირებულ პროფესორს, ლაშა ბაჟუნაიშვილს, მას ზეპირი ფორმით ეცნობა დამატებითი ინტერვიუს შედეგი, რამაც გამოკითხვის სანდოობა [პორტალზე დაწერილი უარყოფითი შეფასებები – რედაქციის განმარტება] მისთვის კიდევ უფრო საეჭვო გახადა,“ – წერდა 2024 წლის მარტში ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ირაკლი გორგილაძე რექტორს.

საკითხმა სასწავლო პროცესის დეპარტამენტში გადაინაცვლა – აქ გამოკითხვაში მონაწილე სტუდენტების IP მისამართებით დაინტერესდნენ, სადაც შეუსაბამობები იპოვეს. აღმოჩნდა, რომ ერთი და იმავე IP მისამართი ფიქსირდება ოთხივე [გამოკითხვის თარიღისთვის 4 სტუდენტი, ჯამში კი 13 სტუდენტი] სტუდენტის ავტორიზაციის ლოგში, უფრო მეტიც, გამოკითხვაში კომენტარის დაფიქსირების თარიღი და ზემოხსენებული სტუდენტების ავტორიზაციის თარიღი ემთხვევა ერთმანეთს [ცდომილება 1-6 წუთი]…“ – წერს წერილში უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის დეპარტამენტის უფროსი, ამირან შარაძე.

ამავე წერილში ხაზგასმულია, რომ უნდა დადგინდეს, ვის მიერ მოხდა „სხვისი პერსონალური მონაცემების გამოყენებით სტუდენტურ პორტალში არამართლზომიერი შეღწევა“.

მერაბ ხალვაში, ბსუ-ს მაშინდელი რექტორი, პროფესორებს 2024 წლის 25 ივნისის წერილში უდასტურებს, რომ 2024 წლის 10 იანვრიდან 22 იანვრამდე პერიოდში ადგილი ჰქონდა „ბსუ-ს სტუდენტთა – სულ 4 სტუდენტი – პერსონალური მონაცემების უნებართვო და არამართლზომიერ გამოყენებას“.

„უნივერსიტეტმა მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნული ინციდენტის შედეგად დაირღვა კონფიდენციალურობა [ინციდენტის სახე], რაც ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, გულისხმობს: ა) ელექტრონული ფორმით არსებულ მონაცემებზე უნებართვო წვდომას; ბ) ონლაინ პორტალზე არსებულ მომხმარებლის ანგარიშზე უნებართვო წვდომა/მასში არსებული მონაცემების უკანონო გამჟღავნებას,“ – აღნიშნულია უნივერსიტეტის რექტორის წერილში.

2024 წლის 30 სექტემბერს ბსუ-ს მაშინდელ რექტორს, მერაბ ხალვაშს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის პასუხი მიუღია, IP მისამართის მფლობელის ვინაობის დადგენა სცილდება სამსახურის კომპეტენციასო.

უნივერსიტეტმა დისციპლინური საქმის წარმოება 2024 წლის 28 ნოემბერს დაიწყო, 29 ნოემბერს კი ი.მ.-მ მერაბ ხალვაშს წერილი მისწერა, სადაც აღნიშნულია: „ვარ მოქმედი ხელისუფლების აქტიური მხარდამჭერი“.

  • რა გაარკვია დისციპლინურმა კომისიამ?

„ცხადია, რომ მნიშვნელოვანია დისციპლინური კომისიისათვის პროფესორ ი. მ.-ს განმარტების, მოსაზრების, დასაბუთების წარმოდგენა, ბსუ-ს პორტალზე 19.01.2024 წ. ინციდენტთან დაკავშირებით, ვინაიდან თქვენი [ბსუ-ს ოთხი დასაქმებულის] განმარტებით – არაეთიკური შეფასებების, სტუდენტთა პერსონალური მონაცემების გამოყენებით, სტუდენტთა სახელით განმახორციელებელ პირად დასახელდა.

ერთობლივი შეხვედრის ყველა მონაწილემ დაადასტურა პროფესორ ი.მ.-ს მიერ თქვენს წინაშე ბოდიშის მოხდის ფაქტი.

პროფესორ ი. მ.-ს კომისიამ წერილით განუმარტა, რომ მნიშვნელოვანია მისგან განმარტების მიღება [ახსნის საჭიროება] იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ იმავე IP მისამართით, რომლითაც სტუდენტების უარყოფითი შეფასებებია დაფიქსირებული 2024 წლის 19 იანვარს, ფიქსირდება მისი მომხმარებლის [როგორც ბსუ-ს თანამშრომლის] აქტივობა ბსუ-ს პორტალზე.

მივმართეთ რა ამ კითხვაზე განმარტების მიღების თხოვნით, კიდევ ერთხელ შევთავაზეთ გამოცხადდეს მიმდინარე წლის 26 დეკემბერს გასამართ დისციპლინური კომისიის სხდომაზე 15:00 საათზე, ასევე, ვაცნობებთ, რომ 26 დეკემბერს, დისციპლინური კომისია გეგმავს დაასრულოს მუშაობა და დასკვნა წარუდგინოს ბსუ-ს რექტორს,“ – აღნიშნულია დისციპლინური კომისიის წერილში.

2024 წლის 27 დეკემბერს ბსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, მერაბ ხალვაშმა, პროფესორ ი. მ.-ს საყვედური გამოუცხადა. ამავე ბრძანებაში აღნიშნულია, რომ შესაძლოა უფრო მკაცრი დისციპლინური სახდელი დაუწესდეს პროფესორს, თუ მის ბრალეულობას პროკურატურა დაადასტურებს.

პროფესორ ი. მ.-ს საყვედური სასამართლოში გაუსაჩივრებია, თუმცა არც სასამართლო დავა დასრულებულა ამ ადმინისტრაციულ საქმეზე.

კანონის თანახმად, კომპიუტერულ სისტემაში უკანონო შეღწევა [სსკ-ის 284-ე მუხლი] ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.

Exit mobile version