თვისებები, რომელიც დამსაქმებლის ყურადღებას იპყრობს – INCOMPASS 2021 სტაჟირების პროგრამა  

პირველ სამუშაო გამოცდილებას სტუდენტთა 75% სტაჟიორის ამპლუაში იღებს, სწორად შერჩეული კომპანია და პოზიცია კი კარიერული წინსვლის მთავარ საფუძველს წარმოადგენს.

სამსახურის დასაწყებად მრავალი რჩევა არსებობს, რომელთა 98%-ის შესახებ, ალბათ, უკვე წაგიკითხავთ ან გსმენიათ. უკვე იცით, რომ საჭიროა თქვენი რეზიუმეს გადახედვა და სასურველი ვაკანსიის შესაბამისად ადაპტირება, სამოტივაციო წერილის გულდასმით შედგენა, ინტერვიუსთვის მომზადება და ჩანიშნულ შეხვედრაზე 15 წუთით ადრე მისვლა – ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯებია.

ადამიანური რესურსების სპეციალისტები და ორგანიზაციული კულტურის მეცნიერები იმ რამდენიმე თვისებას უსვამენ ხაზს, რომელიც დამსაქმებლისთვის სტაჟიორს დასამახსოვრებელს ხდის:

ხართ ცნობისმოყვარე

ჰარვარდის ბიზნეს სკოლის პროფესორ კლეიტონ კრისტენსენის აზრით, კარგ თანამშრომელს მისი კითხვების ხარისხი გამოარჩევს. სწორედ ამიტომ, მენეჯმენტის პროფესორი ახალგაზრდებს ურჩევს, იყვნენ ცნობისმოყვარეები და დრო სწორი, ავთენტური კითხვების ფორმულირებაზე დახარჯონ.

ასეთი მიდგომა აიძულებს ახალგაზრდებს, განივითარონ გამჭრიახობა და საკუთარ თავში ჩამოაყალიბონ ინტელექტუალური ცნობისმოყვარეობის ჩვევები, რაც დამსაქმებელზე დადებით შთაბეჭდილებას მოახდენს.

ხართ შედეგებზე ორიენტირებული

იყავით შედეგებზე ორიენტირებული და შეასრულეთ ყოველი დავალება ბრწყინვალედ”.

საქმით გატაცება ის მთავარი ინდიკატორია, რომელიც დავალების წარმატებით შესრულებას განაპირობებს. მენეჯერები ახალგაზრდებს ურჩევენ, არასოდეს თქვან უარი მცირე შესაძლებლობებზეც კი მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი არ შეესაბამება მათ წარმოდგენას სამუშაოს შესახებ. დაკისრებული ამოცანის სტაბილურად, ენთუზიაზმითა და მაღალი ხარისხით შესრულება წარმოადგენს იმ საფუძველს, რომელიც კარიერული და პროფესიული ზრდის ბაზისი გახდება.

ხართ მონდომებული

თუ თქვენ ხშირად გამოთქვამთ ინიციატივას დამატებითი სამუშაოს შესრულებაზე, ეს დადებითად აისახება დამსაქმებლის მიერ თქვენს შეფასებაზე.  იმის ნაცვლად, რომ დაელოდოთ როდის მოგცემენ ახალ დავალებას, გამოთქვით ინიციატივა, იმუშაოთ ახალ პროექტებზე და მიიღოთ ახალი გამოწვევები – ეს დაგეხმარებათ ისწავლოთ მეტი, განვითარდეთ პროფესიულად და დააგროვოთ ღირებული სამუშაო გამოცდილება. ამ შემთხვევაში თქვენ არა მხოლოდ დაგაფასებენ, არამედ დაგიმახსოვრებენ.

ხართ ახალი იდეების ჩამოყალიბებაზე ორიენტირებული

მანამ, სანამ მენეჯერს ან კოლეგას დახმარებისთვის მიმართავდეთ, დამოუკიდებლად ეცადეთ შეისწავლოთ საკითხი და ჩამოაყალიბოთ პრობლემის გადაჭრის გზები. რადგან ბევრი კითხვის დასმა, რომელზე პასუხის მოძებნაც თავად შეგიძლიათ, უარყოფითად მოქმედებს თქვენს შეფასებაზე. აუცილებელია, თქვენი თანამშრომლებისთვის იყოთ ისეთი ინდივიდი, რომელსაც აქვს საკმარისი უნარები იმისა, დამოუკიდებლად ჩამოაყალიბონ პრობლემის გადაჭრის ახალი გზები და არ შეჩერდნენ ყოველი წინაღობის წინ.

თუ ეს თვისებები თქვენთვის ნაცნობია, გაქვთ სურვილი, მიიღოთ ახალი გამოწვევები და შეიძინოთ უმაღლესი ორგანიზაციული კულტურის მქონე საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება, “ფილიპ მორის საქართველოს” სტაჟირების პროგრამა INCOMPASS 2021 სწორედ თქვენთვისაა!

შეავსეთ აპლიკაციის ფორმა და მიიღეთ ღირებული სამუშაო გამოცდილება, რომელიც მოგცცემთ პროფესიული და პიროვნული განვითარების შესაძლებლობას.

როგორ ჩამოდიან უცხოელი ტურისტები ბათუმში პანდემიის დროს [Video]

„აქ სიმშვიდეა და ეს მომწონს,“ „ბათუმში ჩამოსვლა არ იყო რთული,“ – ამბობენ უცხოელები, რომლებიც პანდემიის მიუხედავად, ზღვის სეზონის დაწყებამდე ჩამოვიდნენ ბათუმში.

უცხოელი ტურისტები, რომლებსაც ბათუმის ბულვარში ვესაუბრეთ, ამბობენ, რომ პანდემიის გამო საქართველოსკენ გამომგზავრებამდე 3 დღით ადრე მხოლოდ PCR ტესტი დასჭირდათ.

„ვფიქრობ, რომ საქართველო უსაფრთხოა პანდემიის დროს. ამ ქვეყანაში მალე მოხდა რეაგირება პანდემიაზე და ეს კარგია.

9 საათზე კომენდანტის საათი კი ძალიან ადრეა, მომწონს, რომ გადაწიეს ორი საათით, სულ ბინაში ყოფნა მოსაწყენია. მე გუშინ ჩამოვედი და ეს ჩემი პირველი გასეირნებაა,“ – გვითხრა ალექსანდრე ვავრუშევიჩმა, რომელიც ბათუმში პოლონეთიდან ჩამოვიდა. ის ასევე მოგვიყვა, როგორ ინერვიულა, როცა გვიან გააცნობიერა, რომ ქუთაისის აეროპორტში მისი თვითმფრინავის ჩამოფრენის დრო კომენდანტის საათის დაწყებას ემთხვეოდა.

„ყოფილა ეს საკითხიც ორგანიზებული, სასტუმროში წაგვიყვანეს, ეს ძალიან კარგი იყო… მე ბათუმში პირველად 2017 წელს ჩამოვედი და ორი კვირა ვიმოგზაურე საქართველოში. გამიჩნდა ნდობა ქვეყნის მიმართ და გადავწყვიტე, აქ ბინაც მეყიდა.

ტექნიკურ უნივერსიტეტში ვასწავლი ხიდების კონსტრუქციას. ახლა აქ სიმშვიდეა, ბევრი ხალხი არ დადის და ეს ძალიან მომწონს. ვაპირებ, ერთი კვირა კიდევ გავჩერდე,“ – ამბობს ალექსანდრე ვავრუშევიჩი.

ალექსანდრე ვავრუშევიჩი პოლონეთიდან

საქართველოში პირველად ჩამოვიდა დალალ ბაიანოვა. ის ყაზახეთიდანაა. დალალი სტუდენტია და არდადეგების გატარება მეგობრებთან ერთად საქართველოში გადაწყვიტა. დალალი ხაზს უსვამს ფრენების გაიაფებას და იმას, რომ საქართველომდე „სულ რაღაც ერთი საათის გზაა“.

„წარმოუდგენლად მარტივი ყოფილა აქ ჩამოსვლა, მხოლოდ PCR ტესტი დაგვჭირდა, რაშიც 100 ლარი გადავიხადეთ აქ. ყაზახეთში ეს გაცილებით იაფია.

ძირითადად ვსეირნობთ ქალაქში, საღამოს სახლში ვისვენებთ, გვძინავს, რადგან ბევრი დრო გვაქვს… მე პირველად ვარ საქართველოში. ძალიან მწვანეა აქაურობა, ძალიან ლამაზი მთებია, მდინარეები, ზღვა, მიყვარს ეს ყველაფერი,“ – ამბობს დალილა ბაიანოვა.

დალილა ბაიანოვა ყაზახეთიდან

რუსი ტურისტები კი პანდემიამდე არსებულ პრობლემაზე საუბრობენ – პირდაპირი ავიარეისების არარსებობა საქართველოს და რუსეთს შორის.

„ჩვენ ჯერ წავედით თურქეთში და იქ გავჩერდით 2 კვირა, მერე შემოვედით საქართველოში,“ – გვიყვება აიდა შარაჰიევა რუსეთიდან, – „თურქეთიდან აქ შემოსვლა იოლია რუსი ტურისტებისთვის, ბევრი მწერს, რომ უნდათ აქ, მაგრამ შემოსვლა რთულია, არ გვაქვს ფრენები, უნდა წამოხვიდე ბელორუსიდან ან ყაზახეთიდან, ასევე თურქეთიდან, თურქეთიც ჩაკეტილი იყო…

აქ დავდივართ ბევრს, მიყვარს ფეხით სეირნობა. ბევრი ტურისტი არაა, რაც მომწონს,“ – გვითხრა აიდა შარაჰიევამ.

აიდა შარაჰიევა რუსეთიდან

„საქართველოში ჩამოსვლა მარტივია, რადგან ვიზა არ გჭირდება,“ – ამბობს ტედ ვესმინი შეერთებული შტატებიდან. ის უკვე მესამედ ჩამოვიდა საქართველოში, როგორც ტურისტი.

„აქ ძალიან უსაფრთხოდ ვგრძნობ თავს, არასდროს მიგრძნია საშიშროება. საქართველოში ცხოვრება განსხვავებულია, კულტურა ძალიან საინტერესოა. აქ ძალიან ბევრი საინტერესო რამ შეგიძლია აკეთო,“ – პოზიტიურ შთაბეჭდილებებს გვიზიარებს ტედ ვესმინი.

ტედ ვესმინი, აშშ

კორონავირუსის არ ეშინია, რადგან საქართველოში მოგზაურობის დროს ძირითადად ხულოს პატარა სოფელში რჩება თიბათ შეიქი. ის ბელგიიდანაა.

„ჩემი ძმა უკვე ოთხი წელია საქართველოშია. მე სულ პოზიტიური ამბები მესმოდა ამ ქვეყანაზე და მოდი, მეც წავალ-მეთქი. გავიკეთე მხოლოდ PCR ტესტი და ჩამოვედი. რადგანაც ბელგიიდან ვარ, ერთწლიანი ვიზა მაქვს და არ მქონია სხვა პრობლემა.

პანდემია არ მაშინებს. ბათუმში მხოლოდ დღეს ჩამოვედი, გემით გვინდა გავიდეთ ზღვაში და ისე ვნახოთ მზის ჩასვლა,“ – გვითხრა თიბათ შეიქმა.

თიბათ შეიქი, ბელგია

„ჩემთვის დაბრკოლება მხოლოდ ის იყო, რომ ძაღლის წამოყვანა მინდოდა,“- ამბობს სამვეი ყაზახეთიდან, რომელსაც ასევე ვკითხეთ, რამდენად რთული იყო ჩამოსვლა საქართველოში პანდემიის დროს.

სამვეი ყაზახეთიდან

სამვეიც ამბობს, რომ დამატებით მხოლოდ PCR ტესტი დასჭირდა. ის ასევე მიიჩნევს, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა კორონავირუსის გავრცელების კუთხით.

„მე ზღვის გამო ჩამოვედი, ძირითადად, ზღვაზე დავდივარ და ეს მიყვარს. აქ დასვენება ბედნიერებაა… ვფიქრობ, რომ საქართველო არის ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყანა კორონავირუსის კუთხით,“ – აღნიშნა სამვეიმ.

 

უმუშევრობის დონე გაიზარდა, მათ შორის აჭარაშიც – საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2020 წლის მონაცემებით, საქართველოში უმუშევრობის დონე საქალაქო დასახლებებში წინა წელთან შედარებით გაზრდილია
2.0 პროცენტული პუნქტით, ხოლო სასოფლო დასახლებებში შემცირებულია 0.9 პროცენტული პუნქტით.

საქსტატის ცნობით, 2019 წელთან შედარებით 2020 წელს უმუშევრობის დონე გაზრდილია თბილისის, ქვემო ქართლის და აჭარის რეგიონებში, შესაბამისად 3.8, 2.8 და 1.1 პროცენტული პუნქტით. აღნიშნული მაჩვენებელი უცვლელია სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ხოლო დანარჩენ რეგიონებში უმუშევრობის დონის კლება ფიქსირდება.

უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2020 წელს 2019 წელთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში გაზრდილია 0.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში – 1.3 პროცენტული პუნქტით.

2020 წელს უმუშევრობის დონე ყველაზე მაღალია 15-19 წლის ასაკობრივ ჯგუფში (43.9 პროცენტი), ხოლო აღნიშნული მაჩვენებელი ტრადიციულად ყველაზე დაბალია 65+ ასაკობრივ
ჯგუფში (7.3 პროცენტი), რომლის მთავარი მიზეზი, საქსტატის ინფორმაციით, შესაბამის ასაკობრივ ჯგუფში სამუშაო ძალის მონაწილეობის დონის დაბალი მაჩვენებელია.

ამავე თემაზე: 

ბოლო ერთ წელში 3 160 ბიზნესი დაიხურა საქართველოში – პანდემიის შედეგი

 

როგორ უნდა ჩატარდეს სკოლებში ბოლო ზარი – სამინისტროს განმარტება

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლებში „ბოლო ზარი“ ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციების სრული დაცვით ჩატარდება.

„სამინისტრომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს შესაბამისი რეკომენდაციები უკვე გადაუგზავნა. რეკომენდაციების თანახმად, შესაძლებელია „ბოლო ზარის“ ღონისძიების ორგანიზება მხოლოდ მე-12 კლასის მოსწავლეებისა და სკოლის მასწავლებლების მონაწილეობით სკოლის ტერიტორიაზე, უცხო პირთა დასწრების გარეშე.

თუ სკოლას შესაძლებლობა ექნება, სასურველია, მოსწავლეებთან გამოსამშვიდობებელი ღონისძიება ღია სივრცეში გაიმართოს. საჯარო სივრცეში თავშეყრისას ყველა პირი ვალდებულია ატაროს პირბადე და დაიცვას საჭირო დისტანცია,“- ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ამავე წყაროს ცნობით, ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, „საკოორდინაციო საბჭომ განიხილა და მიზანშეწონილად არ მიიჩნია მოსწავლეთა ჯგუფური გასვლითი აქტივობების, ექსკურსიებისა და საზეიმო წვეულებების, ბანკეტების გამართვა“.

____________________

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივი

დადასტურდა 1562 ახალი შემთხვევა, 30 პაციენტი გარდაიცვალა – კოვიდი საქართველოში

18 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1562  ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29 685 კვლევა ტესტით.

ბოლო 24 საათში საქართველოში 30 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით.

ახალი შემთხვევების რაოდენობა რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება: თბილისში გამოვლენილია 893 შემთხვევა, აჭარაში – 102, იმერეთში – 136, ქვემო ქართლში – 98, შიდა ქართლში – 52, გურიაში – 31, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 123, კახეთში -75, მცხეთა-მთიანეთში – 35, სამცხე-ჯავახეთში – 10, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 7.

17 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.26%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 4.85%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 3.72%.

ამ ეტაპზე საქართველოში კოვიდის 15 567 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, მათგან 4 343 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.

აჭარაში კოვიდის 102 ახალი შემთხვევაა | 18 მაისი

18 მაისის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 102 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, აჭარის კოვიდკლინიკებში 422 პაციენტს მკურნალობენ კორონავირუსის დიაგნოზით, მათგან 7  ხელოვნურ სუნთქვაზეა.

რეგიონის კოვიდსასტუმროებში 248 ადამიანი იმყოფება.

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, ბათუმში 18 მაისის 21 საათიდან 19 მაისის მაისის 21 საათამდე მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით უმეტესად უნალექოდ, დღისით – დროგამოშვებით წვიმა.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 12-17 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 21 – 26 გრადუსი
  • ღამით: 10 – 15 გრადუსი

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 20-21 მაისს, უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.

ზღვის წყლის ტემპერატურა +16 გრადუსია.

მწვანე კონცხის ჩაბეტონება დაწყებულია – სასტუმროები გამწვანებისა და სახლების ნაცვლად

მწვანე კონცხზე, შპს „ბიზნეს დეველოპმენტის“ მშენებარე პროექტთან ახლოს, ხუთსართულიანი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობის ნებართვას ითხოვენ. შპს „ბიზნეს დეველოპმენტი“ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიაა. საზოგადოებისთვის დიდი ხანია ცნობილია, რომ  მწვანე კონცხზე – იქ, სადაც ყოფილი სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი იყო, ბიძინა ივანიშვილი სასტუმრო კომპლექს „პანორამა ბათუმს“ აშენებს.

კომპლექსი შენდება მომაღლო ადგილზე, საიდანაც დიდი, მწვანე  სივრცე და ზღვის ფართო ჰორიზონტი იშლება. მოქალაქე მზევინარ ბოლქვაძე მშენებლობის ნებართვას სწორედ ამ პროექტის ქვედა ნაწილში ითხოვს.

 

წითლად შემოხაზულია ტერიტორია, სადაც მოქალაქე ხუთსართულიანი სასტუმროს მშენებლობის უფლებას ითხოვს, ამ ნაკვეთის ზემოთ კი შპს „ბიზნეს  დეველოპმენტის“ ჯერ კიდევ მშენებარე პროექტის კარკასი მოჩანს.

 

ამ ფოტომონტაჟის მიხედვით, ახალი პროექტი შპს „ბიზნეს დეველოპმენტის“ შენობიდან თითქოს არ უნდა გამოჩნდეს, თუმცა რეალურად რამდენად შეუცვლის ის ხედს უკვე მიმდინარე პროექტს [შენობას], ჯერ კიდევ რთული აღსაქმელია. ფოტომონტაჟი და რეალობა ხშირად ერთმანეთს არ ემთხვევა – პროექტის მიხედვით შენობის სიმაღლე 15 მეტრი იქნება.
ტერიტორია, სადაც მოქალაქე მზევინარ ბოლქვაძე ორსართულიანი სახლის დანგრევის სანაცვლოდ 5-სართულიანი კორპუსის აშენებას აპირებს, მწვანე სივრცეა. დოკუმენტების მიხედვით, რაც აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს წარუდგინეს, სამშენებლო ტერიტორიაზე ერთი სახლია, მესაკუთრე ამ სახლის დემონტაჟს გეგმავს.

 

სამშენებლო ნაკვეთიდან 130 მეტრში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი – ბარიატინსკის ყოფილი აგარაკი მდებარეობს, სწორედ ამიტომაც განიხილავს პროექტს სააგენტოს ზონალური საბჭო. ძეგლიდან 15 მეტრის რადიუსში მშენებლობას კანონი არ უშვებს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან შეთანხმების გარეშე.

ზონალურმა საბჭომ ეს პროექტი 6 აპრილს განიხილა და განმცხადებლისგან პროექტის გაბარიტების დაზუსტება მოითხოვა.

მინდვრის ყვავილების გამყიდველი აბაშიძის ქუჩიდან

ბათუმის ცენტრში ცხოვრობს თუ მუშაობს თითქმის ყველამ იცის, რომ მინდვრის ყვავილების ყიდვა კარგ ფასად მემედ აბაშიძისა და თავდადებულის ქუჩების კუთხეში შეიძლება.

აქ დაგხვდებათ გვირილები, იასამნები, მაისის ვარდები და სხვადასხვა მინდვრის ყვავილისგან სადად, შესაფუთი ქაღალდის გარეშე შეკრული თაიგულები.

ადგილზე თვითდასაქმებული ამირან მალაყმაძე მოგემსახურებათ. გულწრფელად გირჩევთ, რომელი ყვავილი აირჩიოთ, რომელს უფრო კარგი სუნი აქვს, რომელი უფრო დიდხანს გაძლებს თქვენს ლარნაკში და ასე შემდეგ.

ეს ბიზნესი მეგობრების კაფესთან [ე.წ. სტეკლიაშკასთან] ახლოს მან ექვსი წლის წინ შექმნა – ჯერ ერთჯერად ჭიქებში მოთავსებული კენკრით დაიწყო, შემდეგ კი მინდვრის ყვავილებზე გადავიდა.

„ორი წელი მხოლოდ კენკრას ვყიდდი ერთჯერადი ჭიქებით, ტურისტებს ძალიან მოსწონდათ, განსაკუთრებით მოცვს ეტანებოდნენ. შემდეგ მაღაზიებმაც დაიწყეს ჭიქებით გაყიდვა და უკვე აზრი აღარ ჰქონდა, ამიტომაც გადავედი მინდვრის ყვავილებზე. გაამართლა, ხომ იცით ყვავილი სიყვარულისაა და ყველა ყიდულობს. ეს საქმე სასიამოვნო ურთიერთობაა, აქ წყენინება არ არსებობს“, – გვიყვება ამირან მალაყმაძე.

ამირან მალაყმაძეს განსაკუთრებით მომხმარებელთან ურთიერთობა მოსწონს. ამბობს, რომ ბევრმა გაიცნო და დაიმახსოვრა, ესალმებიან, მისი ამბებით ინტერესდებიან. ახლა უკვე მისი ყვავილებისთვის ქალაქის გარეუბნიდანაც მოდიან: „სხვაგან არ ყიდულობენ, კობალაძის ქუჩიდანაც მომაკითხეს, ახალი ბულვარიდანაც მოვიდნენ“.

მინდვრის ყვავილები

ამირანის დაკვირვებით ყვავილების გაყიდვა განსაკუთრებული საქმეა, რადგან ურთიერთობა სულ კარგ ადამიანებთან უწევს: „კარგად გესაუბრებიან, მადლობას გიხდიან. თუ მთხოვენ დაგვიკელიო, ვუკლებ ფასს.“

გამომუშავებული თანხით ამირანი ოჯახს ამარაგებს, შვილიშვილები ტკბილეულს ელოდებიან, მეუღლე – ფინანსურ მხარდაჭერას.

ყვავილები თავად არ მოჰყავს, სოფლებიდან ჩამოაქვთ და აბარებენ. მისი თქმით, პანდემიაში ყვავილზე მოთხოვნამ იკლო. ამას ისიც დაემატა, რომ კომენდანტის საათიდან გამომდინარე სახლში წასვლა ადრე უწევს.

სიღარიბე და სიძულვილი – როგორ ცხოვრობენ ლგბტქ ადამიანები საქართველოში

„სახლში რაც უნდათ, ის აკეთონ“ – ასე მოუწოდებდნენ ძირითადად ლგბტქ ადამიანებს  მათ მიმართ მტრულად განწყობილი ჯგუფები. ეს იყო პანდემიამდე. პანდემიის დროს ყველას მოუწია სახლში გამოკეტვა და იმის ატანა, რასაც ლგბტქ ადამიანებს სთხოვდნენ. ლგბტქ თემის საჭიროებები და სახელმწიფოს მხრიდან ამ საჭიროებების ვერ დანახვა, ყველაზე მწვავედ სწორედ კოვიდპანდემიის პირობებში გამოჩნდა, როცა ოჯახებისა და ნათესავების მხარდაჭერის გარეშე დარჩენილი თემის წევრები ერთმანეთისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მცირედი დახმარების ანაბარა დარჩნენ.

პანდემია და სახელმწიფოსთვის უხილავი ადამიანები

ყველაზე მეტად გაუჭირდათ ტრანსგენდერ ქალებს, რომელთა უმეტესობაც ქირით ცხოვრობს და თავს სექსსამუშაოთი ირჩენს. 31 წლის სალომე ერთ-ერთი მათგანია. ის ამბობს, რომ სახელმწიფო მათ ვერასოდეს ამჩნევს: “სახელმწიფო ჩვენს არსებობას და ჩვენს საჭიროებებს ვერ ხედავს იმიტომ, რომ არ უნდა დაინახოს. რაიმე რომ მოვითხოვოთ, ისეთი ირონიით და საზიზღარი ტონით მოგმართავენ, მეორედ მიმართვის სურვილი არ გაგიჩნდება”.

“ახლაც პანდემიაა, იგივე ჩაკეტილობა, იგივე პრობლემებია, რაც იყო თავიდან. გაჭირვებით ვართ ისევ თითოეული ტრანსგენდერი ქალი. გვიჭირს ქირის გადახდა, გვიჭირს კომუნალურების დაფარვა და თავის რჩენაც. ზოგჯერ ბინის მეპატრონეებმა გვადროვეს, ზოგჯერ არასამთავრობოები დაგვეხმარნენ, თუმცა დღეს ყველას დიდი პრობლემა გვაქვს ამ მხრივ. სახელმწიფო არ დაგვხმარებია. თემის წევრებმა გავიტანეთ და გაგვყავს დღემდე ერთმანეთი, როცა ხედავ ადამიანს უჭირს, ვერ გაიმეტებ იმისთვის, რომ ქუჩაში დატოვო, ის ერთი ლუკმა შეიძლება გავიყოთ და ერთ საწოლში ორმა და სამმა დავიძინოთ, რადგან ასეთი გაჭირვებაა და გაუსაძლისობა გვაქვს. ერთმანეთს გვერდში ვუდგავართ თემი”, – ამბობს სალომე.

პანდემიის პერიოდში სახელმწიფოს მხრიდან ტრანსგენდერი თემის საჭიროებების უგულებელყოფაზე “ბათუმელები” მარტშიც წერდა – “რა საფრთხეების წინაშე დგას ტრანსგენდერი თემი COVID-19-ის პანდემიისას”.

კიდევ ერთი ტრანსგენდერი სექსმუშაკი ქალი, 23 წლის ეკა ოსოვსკა ამბობს, რომ გარდა სიძულვილისგან დაუცველობისა, სახელმწიფო მას ვერც სოციალურად იცავს, თუნდაც ისეთი საგანგებო მდგომარეობისას, როცა საყოველთაოდ პანდემიაა გამოცხადებული:

“პანდემია რომ დაიწყო, ვერც სექსსამუშაოს ვასრულებდი (რომელიც ასევე არალეგალურია) და საერთოდ ისე  დავრჩი, ამ წამსაც კი ბინის ქირას ვერ ვიხდი. დახმარება სათემო ორგანიზაციებმა და სოცმუშაკებმა გაგვიწიეს, ხალხისგანაც მოაგროვეს თანხა და ძალიან მადლიერი ვარ ამისთვის, მაგრამ სახელმწიფოსგან არანაირი დახმარება არ მიგვიღია. ტრანსგენდერმა ქალმა სახელმწიფოსგან ვერანაირი დახმარება და შველა რომ ვერ მიიღო, ბენზინი გადაისხა და თავის დაწვაც სცადა, ყველამ ეს უნდა გააკეთოს?

ეკა ვასოვსკა

სახელმწიფო საერთოდ არ ფიქრობს ტრანსგენდერ თემზე და, ზოგადად, ლგბტქ ადამიანებზე. ვფიქრობ, რომ მე, როგორც ტრანსგენდერი ქალი, საერთოდ არ ვჩანვარ, როგორც ქვეყნის მოქალაქე. სახელმწიფო უნდა მიხვდეს, რომ ჩვენც ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ, ჩვენც ვარსებობთ და ჩვენც იგივენაირი ადამიანები ვართ, როგორც სხვები და პანდემიამ ჩვენც ისევე ძალიან გაგვიჭირვა, როგორც სხვებს”, – ამბობს ის. – “ერთი ტრანსგენდერი მოკლეს და მკვლელს მხოლოდ რამდენიმე წელი მისცეს, ისიც ქონების დაზიანებაზე (დაწვაზე). ხალხსაც აქვს განცდა, რომ ტრანსგენდერს რომ კლავ, ცხოველის მოკვლასავითაა, არ ისჯება სათანადოდ ეს დანაშაული. ტრანსგენდერს არანაირი კანონი არ იცავს, პოლიციას გამოიძახებ დამცინავად გიყურებენ… არანაირი რეაგირება არ მოჰყვება”.

ეკა ჰყვება, რომ სექსსამუშაოში 16 წლის ასაკიდან ჩაერთო, სახლიდან წამოსულს და ქუჩაში მარტოდმარტო დარჩენილს თავი რომ გაეტანა. “9 კლასი დავამთავრე, სკოლაც ძალიან მიყვარდა, მაგრამ ხო, რახან ეს ცხოვრება (ქალობა) ავირჩიე, ასე ვერც უნივერსიტეტში გავაგრძელებდი სწავლას, რადგან იქ შეიძლება ვიღაცამ რაღაც მესროლოს აგრესიით და დამამციროს… სტილისტის სერტიფიკატი მაქვს, მიმუშავია ბევრგან თუნდაც როგორც გეი, მეტყობა ისეც, რომ ორიენტაციით განსხვავებული ვარ და სხვა დამოკიდებულებით გიყურებენ, იძულებულს გხდიან, რომ დაანებო თავი სამუშაოს.

ბევრჯერ ვცადე სხვა სამუშაოს დაწყება, თუნდაც მეეზოვედ, განაცხადებიც დავტოვე… თუნდაც უმაკიაჟოდ, თმასაც ავიწევ… მაგრამ უშედეგოდ”.

ეკა: „ძალიან პატარა ვიყავი, როცა ავირჩიე, რომ ვყოფილიყავი დამოუკიდებელი, ყველაფერზე უარი ვთქვი იმისთვის, რომ ის ვყოფილიყავი, ვინც მე მინდოდა და როგორც ყველა ადამიანს, მეც მაქვს არჩევანი, რომ ვიყო ქალი. არ შემიძლია შინაგანად, ძალიან დიდ დისკომფორტს მიქმნის. ის კი არ არის, რომ საერთოდ არ შემიძლია, შემიძლია სხვაგვარად ჩაცმა, მაგრამ რატომ? მეც ჩვეულებრივი მოქალაქე ვარ, მეც ადამიანი ვარ, ჩემი უფლებები მაქვს და მაქვს უფლება, ვიყო ისეთი, როგორიც ვარ. ენით გადმოსაცემადაც ძალიან ძნელია, როგორ უნდა ვიყო ის, ვინც არ ვარ”.

17 მაისი – მცდარი ბრძოლის ველი

2013 წლის 17 მაისის შემდეგ, როცა რადიკალურ ძალებს საშუალება მიეცათ თავს დასხმოდნენ ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ მშვიდობიან აქციაზე გამოსულ ადამიანებს, ყველა მომდევნო 17 მაისი იარების გახსნის, სივრცისთვის ჭიდილის  თარიღად გადაიქცა. ამის ყველაზე ცხადი მაგალითია “ოჯახის სიწმინდის დღე”, რომელიც საპატრიარქომ წელიწადის 365 დღიდან მაინც და მაინც 17 მაისს დაადგინა. 

სათემო ორგანიზაცია „იდენტობა იუსის“ ბათუმის სათემო ცენტრის მენეჯერი, აქტივისტი მარიამ ქაჯაია ამბობს, რომ 17 მაისი დღეს ნამდვილად აღარ არის ლგბტ ადამიანების მძიმე ყოფის გაცნობირების და მის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული დღე. უფრო პირიქით, მაისი თემის წევრებისთვის შიშის, საფრთხეების, დაძაბულობის მატების თვეა. “ულტრაკონსერვატორული, მოფაშისტო რელიგიური დაჯგუფებებისა და პოპულისტი პოლიტიკური პარტიებისთვის მაისის თვე და 17 მაისი სიძულვილის ნთხევის და ამით თვითაქტუალიზაციის პერიოდია. ამაში ლომის წილი მიუძღვის სახელმწიფოს, რომელმაც არც ერთ წელს არ აღასრულა საქართველოს კონსტიტუციით ნაკისრი ვალდებულებები და არ უზრუნველყო ლგბტ ადამიანებს ერთხელ მაინც თავისუფლად ესარგებლათ შეკრებისა და მანიფესტაციის გარანტირებული უფლებებით, არამედ თავად უწყობდა ხელს ჩვენ მიმართ სიძულვილის გაღვივებას, სექსუალობასთან და გენდერულ როლებთან დაკავშირებული რწმენა-წარმოდგენების შენარჩუნებას.

პოლიტიკურმა პარტიებმა ლგბტ ადამიანების ბედით პარტიული მიზნებისთვის იმანიპულირეს. წამყვანმა პარტიებმა უფრო ეროვნულად და ხალხის საჭიროებებზე მზრუნველად თავის მოსაჩვენებლად ლგბტ ჯგუფი დასახეს ხალხის და ეროვნული ინტერესების მტრად, ელიტებმა პროგრესულად თავის მოსაჩვენებლად გამოიყენეს ლგბტ უფლებები. განუზომელია ეკლესიის დანაშაულიც, რომელიც მრევლს მუდმივად მტრად უსახავს ლგბტ ადამიანებს და მათ წინააღმდეგ გეშავს”.

მარიამ ქაჯაია: სამწუხაროდ, ლგბტ ორგანიზაციებმაც დაუშვეს შეცდომები ყოველივე ზემოთ ხსენებულთან ერთად და შედეგად 17 მაისი, როგორც ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღე, საჯარო სივრცეში ფიზიკური ადგილის დაკავებისთვის ბრძოლის დღედ იქცა. სრულიად გამოეცალა თემს შესაძლებლობა იმაზე ესაუბრა, თუ რატომ სჭირდებოდა მას ქუჩის დაკავება. ლგბტ და ქვიარ ადამიანებს ბევრი რამ აქვთ სათქმელი ჩაგვრაზე: სიღარიბეზე, გარიყულობაზე, მძიმე სამუშაო პირობებზე, ჯანდაცვის სერვისებისა და ხარისხიან განათლების არახელმისაწვდომობაზე, მარტოობასა და უსახლკარობაზე. თავისთავად საჯარო შეკრება და მანიფესტაცია მძიმე სოციალურ მდგომარეობას ვერაფრით ამსუბუქებს.

“იდენტობა იუსის” ქუთაისის სათემო ცენტრის თანამშრომელი სოფო ბასილაძე ამბობს, რომ სიღარიბე და ბაზისურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის პრობლემა დღეს ქვიარ თემისთვის ყველაზე დიდი გამოწვევაა.

„ის უმძიმესი პრობლემები, რასაც ქვიარ ადამიანები ყოველდღიურად აწყდებიან, საყოველთაო პრობლემებია და გამოწვეულია სახელმწიფოს ანტისოციალური პოლიტიკითა და ეკონომიკური კურსით, რომელიც სამი ათწლეულია ადამიანებს სწირავს სიღატაკისთვის. სხვადასხვა პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტის მხრიდან ქვიარ თემის ინსტრუმენტალიზება კი, ხელს უშლის სახალხო პროტესტის კონსოლიდირებას. მუდმივად გვყოფენ და ხელოვნურად გვაპირისპირებენ ერთმანეთს, რათა ვერ შევძლოთ უსამართლობის იმ განზომილებების გაცნობიერება, რომლებიც საფრთხეს შეუქმნის არსებულ წესრიგს“.

_____

სახელმწიფოს მიერ გატარებული საკანონმდებლო ცვლილებების მიუხედავად, ლგბტქ ადამიანების მიმართ ძალადობის მასშტაბი დღემდე მაღალია. UNFPA-ს მიერ 2020 წელს ჩატარებული რაოდენობრივი კვლევა ცხადყოფს საქართველოში ქალებსა და განსაკუთრებით კაცებს შორის ჰომოფობიური დამოკიდებულებების სიმძაფრეს. გამოკითხული ქალების 54% და კაცების 81% ამბობს, რომ არასოდეს ეყოლება ჰომოსექსუალი მეგობარი. კიდევ უფრო მეტს (კაცების 83% და ქალების 64%) სჯერა, რომ ჰომოსექსუალებს არ უნდა ჰქონდეთ ბავშვებთან მუშაობის უფლება და რომ ჰომოსექსუალი შვილის ყოლა სამარცხვინოა (კაცების 83% და ქალების 74%).

ცხადია, ლგბტქ ადამიანები საქართველოში მხოლოდ ჰომოფობიის ანუ მხოლოდ კულტურული ჩაგვრის ობიექტები არ არიან. თემის წევრები, პირველ რიგში, იმავე გამოწვევების წინაშე დგანან, რის წინაშეც ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი – სიღარიბე, ჯანდაცვასა და განათლებაზე დაბალი ხელმისაწვდომობა, შრომითი უფლებები, გარემოს დაცვა, ცხადია, ამ ყველაფრის პარალელურად ჰომოფობია. სოციალური სამართლიანობის ცენტრის (ყოფილი EMC-ს) მირე “ლგბტქ ჯგუფის სოციალური ექსკლუზიის კვლევაში” წერია, რომ სახელმწიფოებრივი დღის წესრიგი ლგბტქ ჯგუფის იდენტობის აღიარებისა და ხილვადობისკენ ნაბიჯებს ფორმალური და ილოზორული ფორმებით დგამს და არ ისწრაფვის ჩაგვრის შედეგების აღმოფხვრისაკენ, “რასაც საფუძლად უდევს ამ ჯგუფის მხოლოდ კულტურული ჩაგვრის ობიექტებად დანახვა, რომელთა პრობლემებს „ტოლერანტობის მშენებლობა“ თუ სამართლებრივი „აღიარება“ მოაგვარებს”.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი: მხოლოდ კულტურულ ჩაგვრაზე კონცენტრირების დისკურსის ტენდენციაა, იდენტობა წმინდად კულტურულ პირობებში მოათავსოს და გააუფერულოს გეოგრაფიული წარმოშობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, სოციალური კლასისა და გენდერის სხვადასხვა ფუნქცია ლგბტქ ჯგუფის სოციალურ ექსკლუზიაში – “ლგბტქ ჯგუფის სოციალური ექსკლუზიის კვლევა საქართველოში”

მინისტრებმა კოვიდით სიკვდილის მიზეზების განსაზღვრისა და აღრიცხვის წესი დაამტკიცეს  

საქართველოს ჯანდაცვისა და იუსტიციის მინისტრების ერთობლივი ბრძანებით, დაბადების და გარდაცვალების  შესახებ სამედიცინო ცნობის შევსების, გაგზავნისა და შენახვის წესს დაემატა ცალკე მუხლი – COVID19-თან დაკავშირებული სიკვდილის მიზეზების განსაზღვრისა და აღრიცხვის წესი.

ამ წესის მიხედვით, COVID19-ით გამოწვეული სიკვდილის შემთხვევაში პირველადი მიზეზის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მკურნალი ექიმი, ტესტირების კლინიკური სურათისა და დაავადების მიმდინარეობის ანალიზის საფუძველზე.

ამასთან, „გარდაცვალების შესახებ სრულ სამედიცინო ცნობაში სიკვდილის პირველად მიზეზად განისაზღვრება COVID19 ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც სიკვდილის დადგომა გამოიწვია (ან, სავარაუდოდ, გამოიწვია) აღნიშნულმა ინფექციამ, ან ხელი შეუწყო/დააჩქარა სიკვდილის დადგომა. ამ შემთხვევაში სხვა, ადრე არსებული დაავადებები განიხილება COVID19-ის მიმდინარეობის თანმხლებ დაავადებად.

COVID19-ით გარდაცვალების შემთხვევაში, სრული სამედიცინო ცნობის შევსებისას, მიეთითება მაქსიმალურად მეტი დეტალები, ყველა ცნობილი ინფორმაციის საფუძველზე, სამედიცინო ისტორიებიდან და ლაბორატორიული კვლევების შედეგებიდან გამომდინარე“.

 

[toggle title=”ახალი წესი სრულად შეგიძლიათ ნახოთ აქ:“]

„დაბადებისა და გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობის ფორმების, მათი შევსებისა და გაგზავნის, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან დაბადებისა და გარდაცვალების შესახებ ინფორმაციის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 24 აგვისტოს №01-37/ნ–№173 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებულ №3 დანართს (დაბადების და გარდაცვალების  შესახებ სამედიცინო ცნობის შევსების, გაგზავნისა და შენახვის წესი) დაემატოს შემდეგი შინაარსის 4​1 მუხლი:

„მუხლი 4​1. COVID19-თან დაკავშირებული სიკვდილის მიზეზების განსაზღვრისა და აღრიცხვის წესი

1. COVID19-ით გამოწვეული სიკვდილის შემთხვევაში პირველადი მიზეზის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მკურნალი ექიმი, ტესტირების კლინიკური სურათისა და დაავადების მიმდინარეობის ანალიზის საფუძველზე.

2. გარდაცვალების შესახებ სრულ სამედიცინო ცნობაში სიკვდილის პირველად მიზეზად განისაზღვრება COVID19 ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც სიკვდილის დადგომა გამოიწვია (ან, სავარაუდოდ, გამოიწვია) აღნიშნულმა ინფექციამ, ან ხელი შეუწყო/დააჩქარა სიკვდილის დადგომა. ამ შემთხვევაში სხვა, ადრე არსებული დაავადებები განიხილება COVID19-ის მიმდინარეობის თანმხლებ დაავადებად.

3. COVID-19-ით გარდაცვალების შემთხვევაში, სრული სამედიცინო ცნობის შევსებისას, მიეთითება მაქსიმალურად მეტი დეტალები, ყველა ცნობილი ინფორმაციის საფუძველზე, სამედიცინო ისტორიებიდან და ლაბორატორიული კვლევების შედეგებიდან გამომდინარე.

4. COVID-19-თვის განკუთვნილია ავადმყოფობათა საერთაშორისო სტატისტიკური კლასიფიკაციის მე-10 გადახედვის (ICD-10) შემდეგი კოდები:

ა) U07.1 COVID-19 – ვირუსი იდენტიფიცირებულია;

ბ) U07.2 COVID-19 – ვირუსი არ არის იდენტიფიცირებული (კლინიკურად და ეპიდემიოლოგიურად დასმული დიაგნოზი).

5. თუ პათოლოგიური მოვლენების/მდგომარეობების თანმიმდევრობა მკაფიოდ არის განპირობებული COVID-19-ით, გარდაცვალების შესახებ სრული სამედიცინო ცნობის I ნაწილში („სიკვდილის გამომწვევი ავადმყოფობები ან/და მდგომარეობები“), „ა“-„დ“ სტრიქონებში მიეთითება COVID-19-ის ყველა გართულება მიზეზ-შედეგობრივი თანმიმდევრობის მიხედვით, კერძოდ:

ა) პნევმონია – კოდი J12.8 (სხვა ვირუსული პნევმონია);

ბ) მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი – კოდი J80 (მოზრდილთა რესპირაციული დისტრესსინდრომი);

გ) მწვავე ბრონქიტი – კოდები J20.8 (მწვავე ბრონქიტი, გამოწვეული სხვა დაზუსტებული მიკროორგანიზმებით) ან J40 (ბრონქიტი, დაუზუსტებელი როგორც მწვავე ან ქრონიკული);

დ) ქვედა სასუნთქი გზების ინფექცია ან მწვავე რესპირატორული ინფექცია – კოდები J22 (ქვედა სასუნთქი გზების მწვავე ინფექცია, დაუზუსტებელი);

ე) სხვა სახის გართულება (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

6. გარდაცვალების შესახებ სრული სამედიცინო ცნობის შევსებისას დაუშვებელია სიკვდილის მიზეზის მითითება ერთ სტრიქონად, მდგომარეობების ლოგიკური თანმიმდევრობის გარეშე.

7. დაუშვებელია ცნობის I ნაწილში („სიკვდილის გამომწვევი ავადმყოფობები ან/და მდგომარეობები“) ადრე არსებული იმ ქრონიკული დაავადებების მითითება, რომლებიც COVID-19-ის მიმდინარეობისას წარმოადგენენ თანმხლებ დაავადებებს ეს დაავადებები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) უნდა ჩაიწეროს ცნობის II ნაწილში („სხვა მნიშვნელოვანი მდგომარეობები, რომლებიც ხელს უწყობს სიკვდილს, მაგრამ არ არის დაკავშირებული ავადმყოფობასთან ან პათოლოგიურ მდგომარეობასთან, რომელიც იწვევს სიკვდილს“).

8. COVID-19-თან დაკავშირებული სიკვდილის მიზეზების განსაზღვრისა და აღრიცხვის წესის მიმართ ვრცელდება ამ ბრძანებით გათვალისწინებული სხვა დებულებები, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

შენიშვნა:

სიკვდილის მექანიზმის (სუნთქვის უკმარისობა, გულის გაჩერება, შოკი, სხვა) დეტალური აღწერა არ წარმოადგენს განსაკუთრებულ აუცილებლობას.“.

[/toggle]

 

მინისტრების ერთობლივი ბრძანება ძალაში 2021 წლის 17 მაისიდან შევიდა.

ოფიციალური პორტალის, stopcov.ge-ს მონაცემებით, 17 მაისის დილის მდგომარეობით საქართველოში ახალი კორონავირუსით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ჯამში 4 469 პაციენტი გარდაიცვალა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს: დღიური არის – 4,32%, ბოლო 14 დღის – 4,9%, ბოლო 7 დღის – 3,84%

„რამდენი ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსის შედეგად  საქართველოში რეგიონების მიხედვით“, – ეს ინფორმაცია „ბათუმელებმა“ NCDC-დან 2021 წლის 27 იანვარს ოფიციალურად გამოითხოვა.

„ცენტრი კორექტირებულ მონაცემებს წელიწადში ერთხელ გადასცემს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს, რომელიც დადგენილ ვადებში (მონაცემები სიკვდილის მიზეზების მიხედვით ქვეყნდება 30 ივნისს) აქვეყნებს მათ. შესაბამისად, Covid19-ით განპირობებული სიკვდილიანობის სტატისტიკის მოთხოვნა გეოგრაფიულ, სქესობრივ-ასაკობრივ და სიკვდილის მიზეზების ჭრილში, შესაძლებელი გახდება 2021 წლის 30 ივნისის შემდეგ,“ – მოგვწერეს NCDC-დან 22 თებერვალს.

„აქვე გაცნობებთ, რომ საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, Covid19-ით განპირობებული სიკვდილიანობის იდენტიფიცირების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, სამინისტროს ინიციატივით, შექმნილია კლინიცისტთა ჯგუფი, რომელიც მოახდენს ყველა შემთხვევის დეტალურ განხილვას, რის საფუძველზეც მოხდება 2020 წელს Covid19-ით გამოწვეული სიკვდილიანობის ჩაღრმავებული ანალიზი,“ – აღნიშნული იყო NCDC-ისგან მიღებულ პასუხში.

ქართველი სტუდენტის ცხოვრება იაპონიაში

მე და იაპონია პირველად 2012 წელს გადავიკვეთეთ, როცა თავისუფალ უნივერსიტეტში ჩავაბარე და ექვსი აღმოსავლური ენიდან ერთ-ერთის შესწავლის არჩევანის წინაშე დავდექი – ამბობს „ბათუმელებთან“ მარიამ ბიბილაშვილი, რომელიც ამჟამად იაპონიაში, ცუკუბას უნივერსიტეტში სადოქტორო პროგრამაზე სწავლობს. მარიამი გვიყვება იაპონური განათლების სისტემის, ცხოვრების სტილის და იმ წარმოდგენების შესახებ, რაც ამომავალი მზის ქვეყანაში მცხოვრები ხალხის მიმართ შესაძლოა გაგვაჩნდეს.

„არაბული, იაპონური, თურქული, კორეული, სპარსული, ჩინური – არჩევანი ამ ენებს შორის უნდა გამეკეთებინა. სიმართლე გითხრათ, არც ერთი ენის მიმართ არ მქონია მანამდე განსაკუთრებული ინტერესი. ამიტომ გადაწყვეტილება იმის მიხედვით მივიღე, თუ რომელი ქვეყანა უფრო მაინტერესებდა. ასე დავიწყე იაპონური ენის შესწავლა და ენასთან ერთად, თავისუფალ უნივერსიტეტშივე გავიარე კურსები შორეული აღმოსავლეთის ისტორიის, რელიგიის, ლიტერატურისა და ეკონომიკის შესახებ. მინდოდა ჩემი თვალით მენახა ყველაფერი, რის შესახებაც იაპონური ენის პედაგოგები აღტაცებით გვიყვებოდნენ“, – გვეუბნება მარიამი.

ამის შემდეგ მარიამმა აქტიურად დაიწყო იაპონიაში სწავლის გაგრძელების შესახებ ინფორმაციის მოძიება. ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ კი, როგორც გვეუბნება, იაპონიის განათლების სამინისტროს (MEXT) დაფინანსება მოიპოვა და 2017 წელს ცუკუბას უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამაზე ჩაირიცხა.

2018 წლიდან კი, დაფინანსებით სწავლა გააგრძელა ამავე უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამაზე საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით.

მარიამი იაპონურ კიმონოში

„იაპონიაში სწავლის დაფინანსების მოპოვების სხვადასხვა წყარო არსებობს, თუმცა, როგორც ამბობენ, MEXT-ი ყველაზე პრესტიჟული სტიპენდიაა, რადგან პირდაპირ იაპონიის სახელმწიფო და იაპონელი გადასახადების გადამხდელები გაფინანსებენ.

ამ სტიპენდიის მოპოვების ორი გზა არსებობს: საქართველოში იაპონიის საელჩოს გავლით ან იაპონური უნივერსიტეტის რეკომენდაციით. მე მეორე გზით მივიღე დაფინანსება. გავიარე ცუკუბას უნივერსიტეტის სტანდარტული მიღების პროცედურა, რაც გულისხმობდა აპლიკაციის გაგზავნას, საკვლევი პროექტის წარდგენას და გასაუბრებას. პროგრამაზე ჩარიცხვის შემდეგ კი, უნივერსიტეტმა თავად გამიწია რეკომენდაცია სახელმწიფო სტიპენდიის მისაღებად“, – ამბობს მარიამი.

მარიამის თქმით, იაპონია მკაცრი იერარქიული სტრუქტურით გამოირჩევა და ეს იერარქია გამოიხატება არამხოლოდ სტუდენტებისა და ლექტორების ურთიერთობაში, არამედ ზედა და ქვედა კურსელების ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულებაშიც კი.

„მაგალითად, იერარქია გამოიხატება საუბარშიც. იაპონურ ენაში არსებობს თავაზიანი ფორმა, რომელზეც ესაუბრებიან ასაკით უფროსს, სოციალური სტატუსით უფროსს ან უბრალოდ პატივსაცემ ადამიანს. ამავე ენას იყენებენ ზედა კურსელებთან და რა თქმა უნდა, პროფესორებთან საუბრის დროს, რაც უფრო ზრდის დისტანციას და მეტად ფორმალურ გარემოს ქმნის. თუმცა, ასევე ჩვეული ამბავია, მაგალითად, ლექტორებთან ერთად სავახშმოდ წასვლა“, – გვეუბნება მარიამი.

რაც შეეხება სემესტრების განაწილებას, როგორც მარიამი გვიყვება, იაპონიაში აკადემიური წელი აპრილში იწყება და მთავრდება მარტში. დასვენებისთვის კი აგვისტოს მეორე და სექტემბრის პირველი ნახევარია გათვალისწინებული, ასევე თებერვლის მეორე და მარტის პირველი კვირები.

რუტინული გრაფიკი შეგიძლიათ სხვადასხვა წრეში ჩართულობით შეამსუბუქოთ. „ძალიან ბევრი წრეა უნივერსიტეტში გახსნილი, სპორტული, სახელოვნებო – მუსიკა, ფოტოგრაფია, ასევე შეგიძლიათ გაეცნოთ ჩაის დაყენების იაპონურ ტრადიციას.

„სადო“ – არის ჩაისთან დაკავშირებული ცერემონია, ჩაის მომზადების რიტუალი, რომელში დახელოვნებაც მრავალწლიან სწავლას მოითხოვს.

იაპონური ჩაის დაყენების რიტუალი

მასპინძელს აცვია ტრადიციული სამოსი, კიმონო და ის  სტუმრის თვალწინ ამზადებს ჩაის სპეციალურ ჭურჭელში. ასეთ წრეებში ჩართულობა ძალიან კარგი საშუალებაა სხვა სტუდენტების გასაცნობად და მეგობრების შესაძენად“, – გვეუბნება მარიამი.

კაისეკი ე.წ. იაპონური multi-course ვახშამია, სადაც პატარ-პატარა თეფშებში სხვადასხვა სეზონური პროდუქტისგან დამზადებული საჭმელია მოთავსებული.
იაპონური კერძი

მარიამის თქმით, ზოგადად, იაპონელები ძალიან ბევრს მუშაობენ და სამსახურში გვიანობამდე – 12-დან ღამის პირველ საათამდე რჩებიან. „აქ ჩვეულებრივი ამბავია, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სოციალური პრობლემაა“, – გვეუბნება ის. თუმცა მეორე მხრივ, იაპონელებმა დასვენების ფასიც იციან. „დარბიან, ვარჯიშობენ, სალაშქროდ დადიან. ასევე, უყვართ გემრიელად ჭამა და ბუნებრივ აბანოებში ნებივრობა.

იაპონიაში ძალიან პოპულარულია ბუნებრივი აბანოები

რაც შეეხება უცხოელებთან დამოკიდებულებას, როგორც მარიამი გვიყვება, იაპონელებისთვის პირადი სივრცის და საკუთრების პატივისცემა ძალიან მნიშვნელოვანია. „პატივს სცემენ შენს პირად სივრცესაც. ეს, ერთი მხრივ, იაპონიას აქცევს ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად, რადგან არავინ არაფერს მოკიდებს ხელს, რაც მას არ ეკუთვნის. მეორე მხრივ კი, ქმნის მარტოსულობის განცდას, რაც ასევე ერთ-ერთი სოციალური პრობლემაა.“

მისი თქმით, იაპონელების კულტურაში კომპლიმენტის თქმაც სხვის პირად სივრცეში შეჭრად მიიჩნევა. „მახსოვს, კაფეში ვიჯექი და გვერდით მაგიდაზე ასაკოვანი ქალები ისხდნენ, ერთ-ერთმა კომპლიმენტი მითხრა, რის გამოც მისმა თანმხლებმა პირმა ჯერ მე მომიბოდიშა და შემდეგ შენიშვნა მისცა ქალს. ასეთი რამ ალბათ მხოლოდ იაპონიაში ხდება. ძალიან ბევრს ფიქრობენ, დისკომფორტი არ შეგიქმნან თავისი რეპლიკით თუ ყურადღებით. თუმცა ასაკოვანი იაპონელები ბევრად უფრო მეგობრულები და კომუნიკაბელურები არიან.“

მარიამის თქმით, საქართველოში საკმაოდ ზედაპირული წარმოდგენები აქვთ იაპონიაზე, „უფრო მეტად დადებითი, რადგან მას ვხედავთ როგორც განვითარებული ტექნოლოგიებისა და მეცნიერების ქვეყანას, თუმცა ჩემს ფილიპინელ ლექტორთან საუბრის დროს გავაცნობიერე, რომ მეზობელი ქვეყნები უფრო კომპლექსურად უდგებიან ამ საკითხს. „კომპლექსურ ისტორიაში“ ვგულისხმობ იაპონიის იმპერიალისტურ წარსულს, რის გამოც სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში დღემდე ნეგატიური დამოკიდებულება აქვთ იაპონიის მიმართ. მეორე მხრივ, ისტორია განაპირობებს იაპონელთა ძლიერ ნაციონალისტურ განწყობას, რაც დღემდე იგრძნობა.“

მისი თქმით, სტერეოტიპული წარმოდგენები არსებობს იაპონურ წესრიგზეც. „ფიქრობენ, რომ ძალიან სუფთა, მოწესრიგებული და  უსაფრთხო ქვეყანაა. მართალია, ტექნოლოგიურად საკმაოდ განვითარებულია ყველა სფერო, თუმცა მნიშვნელოვნად განსხვავდება დიდი და პატარა ქალაქების თუ სოფლების  ტექნოლოგიური მოწყობა და ინფრასტრუქტურა. ჩემი აზრით, იაპონიის მთავარი ხიბლი მაინც მისი პარადოქსული ხასიათია, რაც გამოიხატება ტრადიციონალიზმისა და მოდერნიზმის საოცარ თანაარსებობაში“, – ამბობს მარიამი.

იაპონიაში სტუდენტური ვიზით კვირაში 28 საათი შეგიძლიათ იმუშაოთ, თუმცა დოქტორანტურის სტუდენტებს საკმაოდ დატვირთული რეჟიმი აქვთ. ამიტომ მარიამი ამბობს, რომ სამუშაოსთვის დრო ნაკლებად რჩება. „ძირითადად ჩემს საკვლევ თემაზე ვმუშაობ და პარალელურად სხვადასხვა კურსის ლექტორებს ვუწევ ასისტენტობას, რაც კურიკულუმის ნაწილი არ არის და ამაში დამატებით ხელფასს გვიხდიან.

ვცდილობ გართობისთვისაც გამოვყო დრო. სამწუხაროდ, ხშირად არ გამომდის ბალანსის დაცვა. თუმცა, როცა დრო მაქვს, ვმოგზაურობ იაპონიის სხვადასხვა მხარეს და ვეცნობი ადგილობრივ კულტურას. მიყვარს მუზეუმებში სიარული და მეგობრებთან ერთად საინტერესო ადგილების აღმოჩენა“.

ცნობილი ფუძის მთა იაპონიაში

როგორც მარიამი ამბობს, კორონავირუსის პანდემიამ იაპონური ცხოვრების წესსაც დაატყო კვალი, თუმცა არა ისეთი, როგორც სხვა ქვეყნებს, სადაც მკაცრადაა დადგენილი კოვიდუსაფრთხოების წესები და ხშირია ჩაკეტვაც.

„ჩვენი ცხოვრების რიტმი დიდად არ შეცვლილა ამ მხრივ, თუ არ ჩავთვლით ონლაინრეჟიმში გადასვლას. რა თქმა უნდა, სიფრთხილის ზომები დაცულია და გარკვეული შეზღუდვებიც მოქმედებს ხალხმრავალი ყრილობების თავიდან ასაცილებლად, მაგრამ რეგულაციებს დღემდე რეკომენდაციის ფორმა აქვს და სხვა ქვეყნებთან შედარებით, იაპონური მიდგომა ბევრად თავისუფალია.

სამაგიეროდ, საერთაშორისო მოგზაურობაა მკაცრად დარეგულირებული, რაც პირადად ჩემთვის მთავარი სირთულეა პანდემიის პერიოდში“, – გვეუბნება მარიამი.

ამ ეტაპზე საცხოვრებლად იაპონიაში დარჩენა  მარიამის გეგმებში არ შედის, თუმცა გარკვეული პერიოდით სამუშაო პრაქტიკის გაცნობა, ამბობს, რომ მისთვის საინტერესო იქნებოდა.

თურქეთში ლოქდაუნი დასრულდა, თუმცა კომენდანტის საათი ძალაშია

დღეს, 17 მაისს, თურქეთში დასრულდა მკაცრი იზოლაციის პერიოდი, რომელიც 18 დღეს გრძელდებოდა და რომლის ფარგლებშიც შეზღუდული იყო ქალაქებს შორის მიმოსვლა გადაუდებელი შემთხვევების გარდა; დახურული იყო ყველა სახის სავაჭრო და საზოგადოებრივი თავშეყრის ობიექტი, სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქების გარდა. კვების ობიექტები კი მუშაობდნენ  მხოლოდ გამოძახების, ადგილზე მიტანის რეჟიმში.

ამასთან, მოქალაქეებს სახლიდან გასვლა და გადაადგილება შეეძლოთ მხოლოდ უახლოეს სასურსათო მაღაზიაში.

დღეს, 17 მაისს, თურქეთში დაიწყო კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების ეტაპი, რომელიც 1-ელ ივნისამდე გაგრძელდება.

თურქეთში ძალაში რჩება კომენდანტის საათი, რომელიც საღამოს 9 საათზე დაიწყება და დილის 5 საათამდე გასტანს, შაბათ-კვირას კი, მოქალაქეებს კვლავ ეკრძალებათ სახლიდან გასვლა.

იმუშავებენ სავაჭრო ცენტრები, დილის 10-დან საღამოს 8 საათამდე, შაბათ-კვირის გარდა.

რესტორნები და კაფე-ბარები მუშაობას გააგრძელებენ კვლავ ადგილზე მიწოდების სერვისით.

დახურული რჩება საქორწინო დარბაზები, სპორტული დარბაზები და გასართობი ცენტრები.

საქალაქთაშორისო მგზავრობა შესაძლებელი იქნება, გარდა კომენდანტის საათით გათვალისწინებული პერიოდისა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე თურქეთში 44 760 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით, ქვეყანაში დადასტურებულია 5 მილიონზე მეტი შემთხვევა.

„ანადოლუს“ ცნობით, ამ დროისთვის ქვეყანაში კოვიდზე სრულად ვაქცინირებულია 11 მილიონამდე ადამიანი.

_________________

თურქეთი. ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/ERDEM SAHIN

ციტრუსის ყვავილობა აჭარაში [ფოტო]

გაზაფხულის მიწურულს აჭარის დაბლობში ციტრუსის ყვავილობა იწყება. ქობულეთისა და ხელვაჩაურის იმ სოფლებში, სადაც ციტრუსის ბაღებია გაშენებული, ახლა მანდარინისა და ლიმონის ყვავილების თავბრუდამხვევი სურნელია.

წელს ქობულეთში ამბობენ, რომ ყვავილების სიმრავლე შეინიშნება, რაც, ხელსაყრელი ამინდის შემთხვევაში, უხვ მოსავალზე მიანიშნებს.

ლიმონის ნაყოფი და ყვავილი ერთდროულად. ფოტო: „ბათუმელები“/ჯაბა ანანიძე
ქობულეთის სოფლებში სახლები ძირითადად ციტრუსის ბაღებშია ჩაფლული. სოფელი აჭყვისთავი. ფოტო: „ბათუმელები“/ჯაბა ანანიძე
აჭყვისთავი. ფოტო: „ბათუმელები“/ჯაბა ანანიძე
მანდარინის ყვავილობა. ფოტო: „ბათუმელები“/ჯაბა ანანიძე
ფოტო: „ბათუმელები“/ჯაბა ანანიძე

 

ბათუმში საქალაქო ტრანსპორტი საღამოს 11 საათამდე იმუშავებს

ბათუმის მერიის ინფორმაციით, 17 მაისიდან სამარშრუტო მიკროავტობუსები ქალაქში საღამოს 11 საათამდე იმუშავებენ. საღამოს 11 საათამდე იმუშავებენ ასევე საქალაქო ავტობუსები.

მერიის განცხადებით, 18 მაისიდან სამარშრუტო მიკროავტობუსები მოსახლეობას საღამოს 10 საათამდე მოემსახურება.

ამასთან, „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, ბარცხანის ხიდის რეკონსტრუქციისა და გოგოლის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ზოგიერთ ხაზზე მოძრავი მუნიციპალური ავტობუსების მარშრუტი დროებით შეცვლილია.

დროებითი მარშრუტი ნახეთ ამ ბმულზე

„ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, შეცვლილი სამარშრუტო სქემა 2021 წლის დეკემბრამდე იმოქმედებს.


დღეიდან, 17 მაისიდან, გადაადგილება  საღამოს 11 საათიდან დილის 5 საათამდე იქნება შეზღუდული. შესაბამისი გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

საბჭოს გადაწყვეტილებით, კაფეებსა და რესტორნებს მუშაობა შეეძლებათ შაბათ-კვირასაც, მხოლოდ ღია სივრცეში.

კვლავ ძალაშია შეზღუდვა ისეთი სოციალური ღონისძიებების გამართვასთან დაკავშირებით, როგორიცაა: ქორწილი, ქელეხი, ბანკეტი და სხვადასხვა სახის იუბილე.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოუწოდებს მოქალაქეებს, ატარონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია.

 

„ისე ვიკივლე, დანა გადააგდო“ – მოლარე, რომელიც ვერ დააყაჩაღეს

“დილის 11-ის ნახევარი იქნებოდა, როცა ლომბარდში მობილური ჩამაბარეს, მობილურებს კარადაში ვინახავთ, ტელეფონი იქ შევდე და როცა შემოვტრიალდი, უცებ დავინახე სხვა კაცი იდგა ჩემ წინ – ხელში დანა ეჭირა. ფული, ფული მომეციო,” – ამ სიტყვებით მოსამართლე დავით მამისეიშვილს მზია ბ.-მ მიმართა. მზია მოლარეა და მისი დაყაჩაღება ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ლომბარდში სცადეს.

დამყაჩაღებელს ლომბარდიდან ფული არ წაუღია და არც გაქცეულა. ის პოლიციის მისვლას დაელოდა.

ბრალდებული მალხაზ ც. დაახლოებით 50 წლისაა და სოციალურად დაუცველია. ის ბრალს აღიარებს. დაყაჩაღების დროს მას არც ნიღაბი ეკეთა და არც პირბადე.

“შევკივლე ხმამაღლა, ბავშვები პატარები მყავს, არ დამღუპო-მეთქი. დანა უცებ უკან მოისროლა და გაშეშდა,” – განაგრძო დაზარალებულმა 29 იანვარს მომხდარი ამბის თხრობა და ისევ მოსამართლეს შეხედა.

“მერე, მერე რა მოხდა?” – ჩაეკითხა მოლარეს ადვოკატი დავით გოგუაძე.

“ის აღარ ექანებოდა საერთოდ, იდგა და მიყურებდა. თავიდან ვიფიქრე, ალბათ, ეს ცოტა ვერაა-მეთქი… მერე მივხვდი, რომ შეშინდა,” – თქვა მოწმემ და გაიღიმა.

“შემდეგ რა მოხდა?” – პაუზა პროკურორმა დაარღვია.

“ფანჯრიდან ვანიშნე ხალხს შემოსულიყვნენ, დაკივლებამდეც ღილაკს მივაჭირე ხელი და ვიცოდი, დაცვის პოლიცია მოვიდოდა მალე… ლომბარდში ამ დროს 5 ათას ლარამდე გვქონდა, მაგრამ მას ფული აღარ მოუთხოვია…

ეს სადღაც ორ წუთს გაგრძელდა ალბათ, მაგრამ მე წუთი საუკუნედ მეჩვენა.

მერე მოვიდნენ პოლიციელები და გააფორმეს აქტები, დანაც პოლიციელებმა წაიღეს, იქვე იყო ჩავარდნილი, სამზარეულოს კუთხეში,” – დაასრულა მოწმე მზია ბ.-მ.

დაზარალებულმა ასევე თქვა, რომ მას ბრალდებულთან პრეტენზია არ აქვს.

“მისაღები არ არის ასეთი საქციელი, მაგრამ ვითვალისწინებ მის სოციალურ მდგომარეობას, დღევანდელ მდგომარეობას, მე არანაირი პრეტენზია არ მაქვს,” – თქვა დაზარალებულად ცნობილმა ქალმა.

“გისურვებთ, რომ ასეთი ინციდენტი მეტი აღარ გქონოდეთ,” – მიმართა დაზარალებულს მოსამართლემ.

“ღმერთმა დაგვიფაროს”, – მოკლედ უპასუხა მოსამართლეს მზია ბ.-მ და სხდომათა დარბაზი დატოვა.

დღევანდელ პროცესს ბრალდებული და ადვოკატი დისტანციურად დაესწრნენ. ბრალდებულს დაზარალებულისთვის კითხვა არ დაუსვამს.

“მას დაკავების დროს წინააღმდეგობა არ გაუწევია…” – უთხრა მოსამართლეს პოლიციელმა, რომელიც მოწმის სახით დაიკითხა და ასევე თქვა, რომ ბრალდებულს დაკავების დროს ჯიბეში მხოლოდ ხურდა ჰქონდა და სიგარეტის კოლოფი.

“საპროცესო შეთანხმებას ველით,” – მიმართა ადვოკატმა მოსამართლეს სხდომის დასრულებამდე.

საჭიროა პოლიციის დამატებით ძალების მობილიზაცია დმანისში – SJC

სოციალური სამართლიანობის ცენტრი [SJC] დმანისში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და სახელმწიფოს მოუწოდებს, მიიღოს მყისიერი და ეფექტიანი ზომები ადგილზე უსაფრთხო და მშვიდობიანი გარემოს შესაქმნელად.

„ამისთვის კი საჭიროა შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოახდინოს პოლიციის დამატებით ძალების მობილიზაცია ადგილზე და მაღალი თანამდებობის პირების ჩართვა სიტუაციის განსამუხტად.

მთავრობამ შეისწავლოს მომხდარი კონფლიქტის სისტემური სოციალური და პოლიტიკური მიზეზები და შეიმუშავოს გრძელვადიანი და ფართე ხედვა სხვადასხვა ეთნიკურ, რელიგიური ჯგუფებს შორის არსებითად მშვიდობიანი, ინკლუზიური და თანასწორი გარემოს შექმნისა და კონფლიქტის გამოცდილების მქონე თემებში მისი ტრანსფორმაციის მიზნით,“ – ნათქვამია სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, ამ დროისათვის დმანისში იმყოფებიან სოციალური სამართლიანობის ცენტრის თანამშრომლები.

„თუმცა მათთვის უსაფრთხოების რისკების გამო რთულია ადგილზე მუშაობა. უსაფრთხოების არარსებობის გამო მუშაობაში ხელი ეშლებათ მედიის წარმომადგენლებსაც. ჩვენი წარმომადგენლების განცხადებით, ადგილზე მობილიზებული საპოლიციო ძალები არასაკმარისია და ქუჩებში რეალურად უკონტროლო ვითარებაა.

ამ ეტაპზე არსებითია ადგილზე მშვიდობიანი გარემოსა და მართლწესრიგის მყისიერი უზრუნველყოფა და მხოლოდ ამის შემდეგ ამ მასშტაბის დაპირისპირების სისტემური მიზეზების კვლევა და მათზე მიმართული პოლიტიკის დაგეგმვა და გატარება,“ – ნათქვამია განცხადებაში.

ტურიზმის სექტორში დასაქმებული პირების ვაქცინაცია ამ კვირაში დაიწყება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ამ კვირაში დაიწყება ტურიზმის სექტორში დასაქმებული პირების ვაქცინაცია. თურნავას თქმით, ტურიზმის ადმინისტრაციაში უკვე  200-მდე რეგისტრირებული მოთხოვნაა დაფიქსირებული, რომელიც გადაეცა ჯანდაცვის სამინისტროს.

„ამ კვირიდან დაიწყება ორგანიზებული ვაქცინაცია სწორედ იმ ადამიანების, ვინც დასაქმებულია ტურისტულ სექტორში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რადგან მთელმა მსოფლიომ უნდა იცოდეს, რომ ჩვენი ტურიზმის ინდუსტრია არის უსაფრთხო.

ვაქცინაცია არის მოთხოვნა, რადგან როცა ტურისტი შემოდის, კითხულობს რამდენად არის დაცული კოვიდუსაფრთხოების წესები იმ ობიექტებში, სადაც მათ მასპინძლობენ. ის ფაქტი, რომ ტურისტს ვაქცინირებული გიდი, მიმტანები და სასტუმროს პერსონალი დახვდება, ერთი ათად ზრდის ჩვენი ტურისტული ბაზრის მიმზიდველობას,“- ამბობს ნათია თურნავა.

 

ქორწილები, ქელეხები და წვეულებები ისევ არ იქნება – შეზღუდვა ძალაში რჩება

დღეს, 17 მაისს, საქართველოს მთავრობამ ორი შეზღუდვის შემსუბუქების შესახებ განაცხადა – კერძოდ, ე.წ. კომენდანტის საათი არა საღამოს 9, არამედ 11 საათზე დაიწყება, ხოლო კაფეებსა და რესტორნებს მუშაობა შეეძლებათ შაბათ-კვირასაც, მხოლოდ ღია სივრცეში.

კვლავ ძალაშია შეზღუდვა ისეთი სოციალური ღონისძიებების გამართვასთან დაკავშირებით, როგორიცაა, ქორწილი, ქელეხი, ბანკეტი და სხვადასხვა სახის იუბილე.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოუწოდებს მოქალაქეებს, ატარონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია.

კაფეები და რესტორნები ღია სივრცეში შაბათ-კვირასაც იმუშავებენ

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კაფე-ბარები და რესტორნები ღია სივრცეებში მუშაობას შაბათ-კვირასაც შეძლებენ. ამის შესახებ განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ.

მისი თქმით, ეპიდემიოლოგიურ ტენდენციებზე დაკვირვება გრძელდება და ვითარების სტაბილიზაციის შემთხვევაში, პირველი ივნისიდან ამ მიმართულებით შესაძლოა შემდგომი შემსუბუქების გადაწყვეტილება იყოს მიღებული.

„როგორც იცით, საქართველოს მასშტაბით, შაბათ-კვირას აკრძალულია კვების ობიექტების ფუნქციონირება, რაც ნიშნავს იმას, რომ მათ ეკრძალებათ სტუმრების მიღება და მუშაობენ მხოლოდ მიტანა-გატანის სერვისზე.

აღნიშნული რეგულაციაც მსუბუქდება. კერძოდ, მიმდინარე კვირიდან კვების ობიექტებს შესაძლებლობა ექნებათ, სტუმრები შაბათ-კვირას მხოლოდ ღია სივრცეში მიიღო,  ცხადია, რეგულაციების სრული დაცვით,“ – განაცხადა ღიბრაძემ.

კვლავ ძალაშია შეზღუდვა ისეთი სოციალური ღონისძიებების გამართვასთან დაკავშირებით, როგორიცაა, ქორწილი, ქელეხი, ბანკეტი და სხვადასხვა სახის იუბილე.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სავალდებულო ტესტირება კვლავინდებურად გაგრძელდება სახელმწიფოს ხარჯზე მომავალი თვეების განმავლობაშიც.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, შეასრულონ არსებული რეგულაციები, ატარონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია.

ღამის 11 საათამდე შეძლებთ გადაადგილებას – კომენდანტის საათის დრო მცირდება

დღეიდან, 17 მაისიდან, გადაადგილება 23:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე იქნება შეზღუდული. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობა ავრცელებს.

საქართველოში ე.წ. კომენდანტის საათი 28 ნოემბრიდან მოქმედებს. ამ პერიოდში საქართველოში კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით არაერთი აქცია გაიმართა.

კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით საქართველოს მთავრობას გასულ კვირას მიმართეს პეტიციითაც, რომელსაც ხელს 31813 მოქალაქე აწერს.

 

თურქეთში 6,2 მილიონი აბი ნარკოტიკი ამოიღეს

თურქული მედიის ცნობით, ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, ისქენდერუნის პორტში, ამოიღეს 1072 კილოგრამი ნარკოტიკი, სულ 6,2 მილიონი აბი.

საუბარია ამფეტამინის ჯგუფის პრეპარატ კაპტაგონზე.

„ანადოლუს“ ცნობით, ნარკოტიკი 11 კონტეინერში იყო მოთავსებული და იგეგმებოდა არაბთა გაერთიანებულ საემიროებში გადატანა.

ნარკოტიკების ღირებულება 38 მილიონს აღემატებოდა.

____________

ფოტო: haberler.com

 

ნუ შეუწყობთ ხელს კონფლიქტის ეთნიკურ დაპირისპირებაში გადაზრდას – შსს დმანისის მოვლენებზე

დმანისში მიმდინარე დაპირისპირებაზე განცხადებას ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

შსს დმანისში შეკრებილ მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან კანონის მოთხოვნები და შეინარჩუნონ სიმშვიდე.

„პოლიცია იმოქმედებს მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში და რეაგირებას მოახდენს კანონდარღვევის ნებისმიერ ფაქტზე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებებით ამ ეტაპზე დადგენილია, რომ მიმდინარე წლის 16 მაისს დმანისში ყოფით ნიადაგზე ადგილობრივები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, რაც გადაიზარდა ჯგუფურ ძალადობაში. პოლიციის მიერ იდენტიფიცირებულია დაპირისპირებაში მონაწილე პირების ვინაობა, გამოძიების ფარგლებში ტარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება,“ – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს დაპირისპირებულ მხარეებს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს და შეინარჩუნონ სიმშვიდე, რათა ხელი არ შეეწყოს ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის ხელოვნურად ეთნიკურ დაპირისპირებაში გადაზრდას.

მთავარი ფოტო: ფარიდ ასკერი

ამავე თემაზე:

დაპირისპირება ეთნიკურ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის დმანისში

დაპირისპირება ეთნიკურ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის დმანისში

დღეს, 17 მაისის დილიდან, ქალაქი დმანისი ადგილობრივ მოსახლეობას შორის დაპირისპირების ადგილად იქცა. ერთმანეთს საქართველოს მოქალაქეები –  ეთნიკური აზერბაიჯანელები და ქართველები უპირისპირდებიან.

კადრებში, რომელიც დმანისიდან ვრცელდება, ჩანს, როგორ სცემენ ერთმანეთს ხელკეტებით და ჯოხებით შეიარაღებული ადამიანები.

დღევანდელი დაპირისპირება გუშინ, 16 მაისს, ყოფით ნიადაგზე მომხდარი კონფლიქტის გაგრძელებაა.

სოფელში მობილიზებულია პოლიცია და სპეცდანიშნულების რაზმი, თუმცა ამ ეტაპზე სიტუაციის განმუხტვა ვერ ხერხდება.

რა მოხდა 16 მაისს

რადიო „მარნეულის“ ინფორმაციით, 16 მაისს დმანისის მუნიციპალიტეტში, 9 აპრილის ქუჩაზე მდებარე სასურსათო მაღაზია “ომარს” უცნობი პირები დაესხნენ თავს.  უცნობმა პირებმა სასურსათო მაღაზიის მეპატრონის შვილს, მამას და მამიდას ქმარს სცემეს.

მაღაზიის მეპატრონე, რაგიმ მამედოვი რადიო “მარნეულისთვის“ მიცემულ ინტერვიუში მოჰყვა, რომ მათ მაღაზიაში ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ორი კაცი მივიდა და პროდუქტების ნისიად წაღება მოითხოვა. მას შემდეგ, რაც მაღაზიაში მყოფმა, რაგიმის 70 წლის მამამ ნისიად პროდუქტის მიცემაზე უარი განაცხადა, დაპირისპირება მოხდა. მამედოვის თქმით, მაღაზიას 50-მდე მოქალაქე დაესხა თავს და იქ მყოფ პირებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მოგვიანებით სოციალურ ქსელში გავრცელდა დაპირისპირების ამსახველი ვიდეოკადრები.

ნამახვან ჰესზე დასკვნებს არ ასაჯაროებენ იუსტიციისა და ფინანსთა სამინისტროები – საჩივარი

სოციალური სამართლიანობის ცენტრი საქართველოს ფინანსთა და იუსტიციის სამინისტროებისგან ნამახვანი ჰესის ხელშეკრულების თაობაზე მათი დასკვნების გასაჯაროებაზე უარს ადმინისტრაციული საჩივრითა და სასამართლოს გზით ასაჩივრებს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადებით, ფინანსთა და იუსტიციის სამინისტროების მიერ მომზადებული დასკვნები საჯარო ინფორმაციაა.

„ამ დასკვნების შინაარსთან დაკავშირებით არსებობს უკიდურესად მაღალი საჯარო ინტერესი და მათი ამ დრომდე დახურულობა მიანიშნებს იმაზე, რომ მიუხედავად მოჩვენებითი ღიაობისა და არაერთი დაპირებისა „უკეთესი ნამახვანისთვის“, სახელმწიფო კვლავაც არ არის მზად, ნამახვანი ჰესის პროექტთან დაკავშირებული ყველა საჯარო დოკუმენტი ხელმისაწვდომი გახადოს დარგის ექსპერტებისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ფართო საზოგადოებისთვის.

ამ დოკუმენტების შინაარსის და მათი არსებობა-არარსებობის შესახებ ინფორმაციის დამალვა ასევე ამყარებს საზოგადოებაში არსებული ვარაუდებს იმის შესახებ, რომ პროექტი ამ ორი საჯარო უწყების პოზიციების უგულებელყოფით და, უფრო მეტიც, შესაძლოა, მათ პოზიციის საწინააღმდეგოდაც ხორციელდება“ – აცხადებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი.

ორგანიზაციის ცნობით, ფინანსთა სამინისტროს დასკვნა პროექტის საჯარო სარგებლიანობისა და მისი განხორციელების ეკონომიკურ მიზანშეწონილობის განსაზღვრისას მნიშვნელოვანი ფაქტორია, იუსტიციის სამინისტროს დასკვნა კი აფასებს ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ რისკებს და იმას, თუ რამდენადაა დაცული ხელშეკრულებით სახელმწიფოს ინტერესი.

„აღნიშნული დასკვნები ამ ტიპის პროექტისთვის ცენტრალური დოკუმენტებია და მათი არარსებობა საქართველოს მთავრობის მიერ ნამახვანის ხელშეკრულების გაფორმების უკანონოდ ცნობისთვის სამართლებრივ საფუძველს ქმნის.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საჯარო ინფორმაცია დაუყოვნებლივ, შესაბამისი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში 10 დღის ვადაში უნდა გაიცეს, არცერთი სამინისტროსგან გამოთხოვილი ინფორმაცია არ მიგვიღია.

საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, ჩვენ თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მივმართეთ; ამასთან, საქართველოს ფინანსთა მინისტრისგან საჯარო ინფორმაციის გაცემა ადმინისტრაციული საჩივრითაც მოვითხოვეთ“ – აღნიშნულია სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადებაში.

_____________

„არა ნამახვან ჰესს“ – აქცია ქუთაისში, 14 მარტი, 2021. ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი

პეტრას ციხე ვიზიტორებისთვის 18 მაისს გაიხსნება

ქობულეთის სოფელ ციხისძირში მდებარე პეტრას ციხე ვიზიტორებისთვის 18 მაისს ოფიციალურად გაიხნება. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, ამ დღეს არქეოლოგიური კომპლექსის დათვალიერება მოქალაქეებისთვის უფასო იქნება. 19 აპრილიდან კი, ბილეთის ფასი 1-5 ლარი ეღირება.

არქეოლოგიური ძეგლის ტერიტორია მნახველებისთვის 2019 წლის 12 აგვისტოდან დაიკეტა. დღემდე ტერიტორიაზე სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაო ჩატარდა.

ადმინისტრაციული შენობა/ვიზიტორთა ცენტრი, არქეოლოგიური მუზეუმი/სამუზეუმო სივრცეები, კინოსაპროექციო ოთახი, კაფე, სავალი ბილიკები, საპირფარეშო, მინის მოაჯირი ზღვის მხარეს, ადაპტირებული ლიფტები, ავტოპარკინგი – ამ ყველაფრის მოწყობაში აჭარის ბიუჯეტიდან 2 მილიონამდე ლარი დაიხარჯა.

ამ თემაზე:

რეაბილიტირებული პეტრას ციხე [ფოტო]

IBDIPC იწყებს ტრენინგების სერიას ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისთვის

ორგანიზაცია „საერთაშორისო ბიზნესის განვითარების და ინვესტიციათა ხელშეწყობის ცენტრი“ (IBDIPC) ახორციელებს საერთაშორისო პროექტს – „Let’s Cycle on Black Sea (BSB998)“, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის შავი ზღვის აუზის საზღვრისპირა თანამშრომლობის (ENPI) ფარგლებში და მიზნად ისახავს ველოტურიზმის განვითარების ხელშეწყობას. ეს არის რეგიონალური პროექტი, რომელიც განხორციელდება (2021-2022 წწ.-ის პერიოდში) 5 ქვეყნის ორგანიზაციების თანამშრომლობით – საქართველო, თურქეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, უკრაინა, მოლდოვეთი. საქართველოს მხრიდან პროექტს ახორციელებს ორგანიზაცია – საერთაშორისო ბიზნესის განვითარების და ინვესტიციების ხელშეწყობის ცენტრი (IBDIPC).

პროექტი მოიცავს რამდენიმე აქტივობას, მათ შორის:

[checklist]

  • ველოტურიზმის განვითარების პოტენციალის შესწავლა და ველოტურების ფორმირება
  • სხვადასხვა რეგიონალური ღონისძიების ორგანიზება
  • ველოტურისტული აპლიკაციის შექმნა
  • ტრენინგების ორგანიზება ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისთვის
  • შერჩეული ბიზნეს-იდეების პროექტების მომზადებაში კონსულტაციები (ტრენინგის მონაწილეებს მიენიჭებათ უპირატესობა)

[/checklist]

ტრენინგების კუთხით დაგეგმილია რამდენიმე ტიპის ტრენინგის ორგანიზება (ზაფხულის და შემოდგომის პერიოდში), მათ შორის:

[checklist]

  • ტურიზმის საფუძვლები (ივნისი, 2021)
  • ველოტურიზმის ინფო-სემინარი (1 დღე – მაისი)
  • „ველოტურიზმი და ველო-მეგობრული (CYCLE-FRIENDLY) სერვისები“ (2 დღე – მაისი)
  • სოციალური მედია მარკეტინგი ტურიზმში (3 დღე – ივნისი)
  • ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენება ტურიზმის სფეროში (com, Airbnb და ა.შ.) – 2 დღე – ივნისი
  • ბიზნეს გეგმის მომზადება და პროექტის მენეჯმენტი (3 დღე – თებერვალი, 2022)
  • მეწარმეობა (5 დღე – თებერვალი, 2022)

[/checklist]

ტრენინგის აუდიტორია – ტურიზმის სექტორი (სასტუმროები, რესტორნები, ტურ-კომპანიები, ტურ-გიდები, ევენთ კომპანიები), არტ/კულტურის სფეროში დასაქმებულები.

ტრენინგის ადგილი / ფორმატი – ტრენინგი ჩატარდება ქ. ბათუმში, ერთ-ერთ კონფერენს დარბაზში (ტრენინგი მონაწილეებს რეგისტრაციის შემდეგ მიეწოდებათ ინფორმაცია თუ რა ლოკაციაზე ჩატარდება ტრენინგი).

ტრენინგზე დასწრების პირობები – ტრენინგზე დასწრება უფასოა, ტრენინგების ბოლოს გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი. მონაწილეებს ინტერესის მიხედვით შეუძლიათ აირჩიონ რამდენიმე ტრენინგზე დასწრება

ტრენინგზე შერჩევის პირობები – უპირატესობა მიენიჭება ვინც სარეგისტრაციო ფორმაში ლოგიკურად დაასაბუთებს ტრენინგში მონაწილეობის საჭიროებას მათი საქმიანობისთვის, ასევე გათვალისწინებული იქნება ისიც თუ ვინ უფრო ადრე დარეგისტრირდება ტრენინგზე.

ტრენინგზე დასწრების მსურველებს შეუძლიათ შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა – https://bit.ly/3y0q6Ix

საკონტაქტო ინფორმაცია – ტელ:  599-482181, ელ.ფოსტა: ibdipc@gmail.com

Web: www.ibdipc.org


ჩანართი მომზადებულია საერთაშორისო ბიზნესის განვითარების და ინვესტიციების ხელშეწყობის ცენტრის (IBDIPC) მიერ. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის ევროპის სამეზობლო და საპარტნიორო პოლიტიკის ინსტრუმენტის (ENPI) ფარგლებში – „შავი ზღვის აუზის პროგრამა – 2014-2020“ (www.blacksea-cbc.net). ჩანართის ტექსტში გამოთქმული  მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ევროკავშირის მოსაზრებებს.

Common borders. Common solutions

www.blacksea-cbc.net

კომენდანტის საათზე მივიღებთ გადაწყვეტილებას – ღარიბაშვილი

„ბევრი ჩივილი გვესმის იმასთან დაკავშირებით, რომ კომენდანტის საათი არის შემაწუხებელი. ჩვენ ამის თაობაზე ვიმსჯელებთ, მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებებს, იმის მიხედვით, თუ როგორი რეკომენდაციები იქნება ჯანდაცვის სამინისტროსგან“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა დღეს, 17 მაისს, მთავრობის სხდომაზე.

მან აღნიშნა, რომ ზაფხულის დადგომასთან ერთად, ტურისტების ნაკადიც იზრდება საქართველოში და მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ ადეკვატურად უპასუხოს ტურისტების შემოდინებას ქვეყანაში.

საქართველოში თითქმის ექვსი თვეა ღამით გადაადგილება შეზღუდულია, რომლის ფარგლებშიც გადაადგილება საღამოს 9 საათიდან დილის 5 საათამდე შეზღუდულია.

27 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით – ბოლო 24 საათის მონაცემები საქართველოში

17 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 504 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 11 665 კვლევა ტესტით.

ბოლო 24 საათში საქართველოში 27 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით.

ახალი შემთხვევების რაოდენობა რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება: თბილისში გამოვლენილია 263 შემთხვევა, აჭარაში – 53, იმერეთში – 50, ქვემო ქართლში – 20, შიდა ქართლში – 13, გურიაში – 4, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 44, კახეთში – 33, მცხეთა-მთიანეთში – 7, სამცხე-ჯავახეთში – 11, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 6.

16 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.32%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 4.90%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 3.84%.

ამ ეტაპზე საქართველოში კოვიდის 15 525 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, მათგან 4 395 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.

აჭარაში დადასტურდა კოვიდის 53 ახალი შემთხვევა | 17 მაისი

17 მაისის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 53 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, აჭარის კოვიდკლინიკებში 443 პაციენტს მკურნალობენ კორონავირუსის დიაგნოზით, მათგან 6  ხელოვნურ სუნთქვაზეა.

რეგიონის კოვიდსასტუმროებში 240 ადამიანი იმყოფება.

17 მაისის მონაცემებით, აჭარაში 8110 ადამიანია აცრილი კოვიდზე.

გორისა და ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურს ბარათით გადაიხდიან

ქუთაისის და გორის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა ბარათით იქნება შესაძლებელი.

ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიის, გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოს და თიბისის თანამშრომლობის შედეგად, სიახლე ქუთაისში 17 მაისიდან, გორში კი – 20 მაისიდან ამოქმედდება.

მგზავრები გადახდას შეძლებენ, როგორც ქალაქის სატრანსპორტო ბარათით, ისე თიბისის ნებისმიერი საკრედიტო/სადებეტო ბარათით.

ქალაქის სატრანსპორტო ბარათის აღება შესაძლებელია გორისა და ქუთაისის თიბისის ფილიალებში, ასევე, გორსა და ქუთაისში მდებარე „სპარის“ და „დეილის“ ქსელურ მარკეტებში. სატრანსპორტო ბარათის ღირებულება შეადგენს 2 ლარს და მისი შევსება შესაძლებელია თიბისი ფეის სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით.

დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე:იმგზავრე თიბისის ბარათით გორსა და ქუთაისში – TBC Bank

4:1 – ბათუმის „დინამომ“ „საბურთალო“ დაამარცხა

დღეს, 16 მაისს, ბათუმის „დინამომ“ საფეხბურთო გუნდი „საბურთალო“ საკუთარ მოედანზე დაამარცხა ანგარიშით 4:1.

გოლი გაიტანეს „დინამოელებმა“: ლაშა შინდაგორიძემ, ვლადიმერ მამუჩაშვილმა, გიორგი ფანცულაიამ და გიული მანჯგალაძემ.

ეს „დინამო ბათუმის“ უკვე ზედიზედ მეოთხე გამარჯვებაა. ამ შედეგებით ბათუმის „დინამო“ ტურნირის ცხრილში ეროვნული ლიგის სიის ლიდერობას ინარჩუნებს.

__________

ფოტოზე: „დინამო ბათუმის“ – „საბურთალოს“ შეხვედრა ბათუმში, 16 მაისი, 2021 წ. ფოტო: Dinamo Batumi – FB

 

 

ქართველების შრომა გერმანიაში, სატაცურის მინდვრებში

საქართველოდან სატაცურის საკრეფად გერმანიაში ჩასულ მუშახელზე საკმაოდ ბევრი იწერება გერმანულ მედიაში. გერმანელი ფერმერები მედიასთან აცხადებენ, რომ ისინი კმაყოფილნი არიან ქართველების შრომით. ფერმერების თქმით, შემდეგ წლებში მუშახელს სავარაუდოდ საქართველოსთან ერთად სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდანაც – მაგალითად, უკრაინიდან და მოლდოვოდან – მიიწვევენ.

კმაყოფილები არია ქართველებიც, რომლებიც სატაცურს კრეფენ. ერთ-ერთი ქალი Ost West-ის ჟურნალისტს ქართულად უყვება, რომ ის გერმანიაში გამომუშავებული ფულით ტანსაცმლის მაღაზიის გახსნას აპირებს.

Ost West-ის ჟურნალისტი თავის მაყურებელს მოუყვა იმის შესახებაც, თუ რა უთხრა ერთ-ერთმა ქართველმა კამერის მიღმა: ეს ადამიანი ადრე თურქეთში მუშაობდა – მუშაობდა 12 საათს, გერმანიაში კი ხელშეკრულებაში უწერიათ მხოლოდ 8 საათი ერთსაათიანი შესვენებით. მას სურდა ემუშავა მეტი, ისე როგორც მის სხვა ყველა კოლეგას, მაგრამ ეს შეუძლებელია, რადგან ხელშეკრულებაში წერია 8 სამუშაო საათი.

გერმანელებისთვის საყვარელი ბოსტნეულის – სატაცურის ფასი წელს 30-40 პროცენტით გაიზარდა. ეს იმით არის გამოწვეული, რომ პანდემიის გამო გასულ წელს ვერ მოხერხდა მუშახელის ჩაყვანა რუმინეთიდან: ერთი მხრივ, ძალიან გაძვირდა მგზავრობა, მეორე მხრივ კი, ფერმერებს კოვიდუსაფრთხოებიდან გამომდინარე მუშებისთვის საცხოვრებლის აშენებაც მოუხდათ. ამ ყველაფერმა, რა თქმა უნდა, დიდი გავლენა იქონია სატაცურის ფასზე.

კადრი Ost West-ის სიუჟეტიდან

საზღვრების ჩაკეტვის გამო ფერმერებმა სცადეს თავად გერმანელების დაქირავებაც – მაგრამ, როგორც ერთ-ერთი ფერმერი აცხადებს, ისინი მინდვრებიდან გაიპარნენ.

სატაცურის შეგროვებას ვერ შეძლებ, თუ არ ხარ მარათონელიო, ანუ ფიზიკურად ძლიერი.

საქართველოდან გერმანიაში ჩასული მუშახელი ასკილს და მარწყვსაც მოკრეფს. ქართველი მუშახელისთვის თავდაპირველად განისაზღვრა 500 სამუშაო ადგილი, რაც შემდეგ 5000-მდე გაიზარდა.

გერმანული მედიის ინფორმაციით, ქართველ მუშახელს საათში 9.5 ევროს უხდიან.

გერმანიაში დასაქმების სურვილი 80 ათასზე მეტმა ადამიანმა გამოთქვა. ეს საქართველოს მოსახლეობის 2 პროცენტია.

მთავარი ფოტო: კადრი tagesschau-ს სიუჟეტიდან

ყაზახეთი, საუდის არაბეთი, პოლონეთი და უკრაინა – ბათუმიდან რეგულარული ფრენები შესრულდება

15 მაისს ყაზახურმა ავიაკომპანია Air Astana-მ  ბათუმის მიმართულებით პირველი რეისი შეასრულა.

ავიაკომპანიამ ბათუმში 115 მგზავრი ჩამოიყვანა.

ავიაკომპანია რეგულარულ რეისებს „ალმათი-ბათუმი-ალმათი“ კვირაში სამჯერ შეასრულებს  – ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათსა და შაბათს.

აჭარის მთავრობის ცნობით, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი ხვალიდან, 17 მაისიდან, მიიღებს პირველ რეისს საუდის არაბეთიდან.  ავიაკომპანია Flynas-ი საქართველოს მიმართულებით რეგულარულ ოპერირებას განაახლებს და საუდის არაბეთიდან ტურისტებს თბილისთან ერთად ბათუმშიც ჩამოიყვანს.

ივნისიდან კი ბათუმში რეგულარულ ფრენებს შეასრულებს ავიაკომპანია LOT Polish Airlines-ი – ვარშავა – ბათუმი – ვარშავა და ავიაკომპანია Ukraine International Airlines – კიევი – ბათუმი – კიევის მიმართულებით.

დღეს ბათუმში ფეხბურთია – „დინამო ბათუმი“ „საბურთალოს“ წინააღმდეგ

დღეს, 16 მაისს, ბათუმის ცენტრალურ სტადიონზე „დინამო ბათუმი“ საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს“ დაუპირისპირდება.

„დინამო ბათუმმა“ ბოლო პერიოდში ზედიზედ სამი თამაში მოიგო.

ბათუმური კლუბი ამ დროისათვის სატურნირო ცხრილში ეროვნული ლიგის სიის სათავეშია „დინამო“ თბილისთან ერთად. ორივე კლუბს 28 ქულა აქვს, თუმცა „დინამო ბათუმის“ უპირატესობა 16 გატანილი გოლია – „დინამო თბილისს“ 13 ბურთი აქვს გატანილი.

„საბურთალო“ სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა. კლუბს ამ სეზონზე 2 ბურთი აქვს გატანილი.

ბილეთები ბათუმის ცენტრალურ სტადიონზე დაგეგმილ მატჩზე ერთ დღეზე ნაკლებ დროში გაიყიდა. ახალი სტადიონი ბათუმში 20 000 მაყურებელს იტევს, თუმცა პანდემიის გამო მატჩებზე დასწრება შეზღუდულია და იყიდება ბილეთების მხოლოდ მესამედი.

„დინამო ბათუმისა“ და „საბურთალოს“ შეხვედრა დღეს, საღამოს 6 საათზე დაიწყება.

__________

ფოტო არქივიდან: ბათუმი არენა, ბათუმისა და თბილისის „დინამოების“ შეხვედრა.

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, ბათუმში 16 მაისის 21 საათიდან 17 მაისის მაისის 21 საათამდე მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა. 17 მაისს, დღის მეორე ნახევრიდან დროგამოშვებით იწვიმებს.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 12-17 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 21 – 26 გრადუსი
  • ღამით: 10 – 15 გრადუსი

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო

სინოპტიკოსების ცნობით, 18 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, მომდევნო 2 დღეს კი, 19-20 მაისს  უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.

ზღვის წყლის ტემპერატურა +16 გრადუსია.

Exit mobile version