Batumelebi | მინდვრის ყვავილების გამყიდველი აბაშიძის ქუჩიდან მინდვრის ყვავილების გამყიდველი აბაშიძის ქუჩიდან – Batumelebi
RU | GE  

მინდვრის ყვავილების გამყიდველი აბაშიძის ქუჩიდან

ბათუმის ცენტრში ცხოვრობს თუ მუშაობს თითქმის ყველამ იცის, რომ მინდვრის ყვავილების ყიდვა კარგ ფასად მემედ აბაშიძისა და თავდადებულის ქუჩების კუთხეში შეიძლება.

აქ დაგხვდებათ გვირილები, იასამნები, მაისის ვარდები და სხვადასხვა მინდვრის ყვავილისგან სადად, შესაფუთი ქაღალდის გარეშე შეკრული თაიგულები.

ადგილზე თვითდასაქმებული ამირან მალაყმაძე მოგემსახურებათ. გულწრფელად გირჩევთ, რომელი ყვავილი აირჩიოთ, რომელს უფრო კარგი სუნი აქვს, რომელი უფრო დიდხანს გაძლებს თქვენს ლარნაკში და ასე შემდეგ.

ეს ბიზნესი მეგობრების კაფესთან [ე.წ. სტეკლიაშკასთან] ახლოს მან ექვსი წლის წინ შექმნა – ჯერ ერთჯერად ჭიქებში მოთავსებული კენკრით დაიწყო, შემდეგ კი მინდვრის ყვავილებზე გადავიდა.

„ორი წელი მხოლოდ კენკრას ვყიდდი ერთჯერადი ჭიქებით, ტურისტებს ძალიან მოსწონდათ, განსაკუთრებით მოცვს ეტანებოდნენ. შემდეგ მაღაზიებმაც დაიწყეს ჭიქებით გაყიდვა და უკვე აზრი აღარ ჰქონდა, ამიტომაც გადავედი მინდვრის ყვავილებზე. გაამართლა, ხომ იცით ყვავილი სიყვარულისაა და ყველა ყიდულობს. ეს საქმე სასიამოვნო ურთიერთობაა, აქ წყენინება არ არსებობს“, – გვიყვება ამირან მალაყმაძე.

ამირან მალაყმაძეს განსაკუთრებით მომხმარებელთან ურთიერთობა მოსწონს. ამბობს, რომ ბევრმა გაიცნო და დაიმახსოვრა, ესალმებიან, მისი ამბებით ინტერესდებიან. ახლა უკვე მისი ყვავილებისთვის ქალაქის გარეუბნიდანაც მოდიან: „სხვაგან არ ყიდულობენ, კობალაძის ქუჩიდანაც მომაკითხეს, ახალი ბულვარიდანაც მოვიდნენ“.

მინდვრის ყვავილები

ამირანის დაკვირვებით ყვავილების გაყიდვა განსაკუთრებული საქმეა, რადგან ურთიერთობა სულ კარგ ადამიანებთან უწევს: „კარგად გესაუბრებიან, მადლობას გიხდიან. თუ მთხოვენ დაგვიკელიო, ვუკლებ ფასს.“

გამომუშავებული თანხით ამირანი ოჯახს ამარაგებს, შვილიშვილები ტკბილეულს ელოდებიან, მეუღლე – ფინანსურ მხარდაჭერას.

ყვავილები თავად არ მოჰყავს, სოფლებიდან ჩამოაქვთ და აბარებენ. მისი თქმით, პანდემიაში ყვავილზე მოთხოვნამ იკლო. ამას ისიც დაემატა, რომ კომენდანტის საათიდან გამომდინარე სახლში წასვლა ადრე უწევს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი