მთავარი,სიახლეები

როგორ ჩამოდიან უცხოელი ტურისტები ბათუმში პანდემიის დროს [Video]

18.05.2021 • 2778
როგორ ჩამოდიან უცხოელი ტურისტები ბათუმში პანდემიის დროს [Video]

„აქ სიმშვიდეა და ეს მომწონს,“ „ბათუმში ჩამოსვლა არ იყო რთული,“ – ამბობენ უცხოელები, რომლებიც პანდემიის მიუხედავად, ზღვის სეზონის დაწყებამდე ჩამოვიდნენ ბათუმში.

უცხოელი ტურისტები, რომლებსაც ბათუმის ბულვარში ვესაუბრეთ, ამბობენ, რომ პანდემიის გამო საქართველოსკენ გამომგზავრებამდე 3 დღით ადრე მხოლოდ PCR ტესტი დასჭირდათ.

„ვფიქრობ, რომ საქართველო უსაფრთხოა პანდემიის დროს. ამ ქვეყანაში მალე მოხდა რეაგირება პანდემიაზე და ეს კარგია.

9 საათზე კომენდანტის საათი კი ძალიან ადრეა, მომწონს, რომ გადაწიეს ორი საათით, სულ ბინაში ყოფნა მოსაწყენია. მე გუშინ ჩამოვედი და ეს ჩემი პირველი გასეირნებაა,“ – გვითხრა ალექსანდრე ვავრუშევიჩმა, რომელიც ბათუმში პოლონეთიდან ჩამოვიდა. ის ასევე მოგვიყვა, როგორ ინერვიულა, როცა გვიან გააცნობიერა, რომ ქუთაისის აეროპორტში მისი თვითმფრინავის ჩამოფრენის დრო კომენდანტის საათის დაწყებას ემთხვეოდა.

„ყოფილა ეს საკითხიც ორგანიზებული, სასტუმროში წაგვიყვანეს, ეს ძალიან კარგი იყო… მე ბათუმში პირველად 2017 წელს ჩამოვედი და ორი კვირა ვიმოგზაურე საქართველოში. გამიჩნდა ნდობა ქვეყნის მიმართ და გადავწყვიტე, აქ ბინაც მეყიდა.

ტექნიკურ უნივერსიტეტში ვასწავლი ხიდების კონსტრუქციას. ახლა აქ სიმშვიდეა, ბევრი ხალხი არ დადის და ეს ძალიან მომწონს. ვაპირებ, ერთი კვირა კიდევ გავჩერდე,“ – ამბობს ალექსანდრე ვავრუშევიჩი.

ალექსანდრე ვავრუშევიჩი პოლონეთიდან

საქართველოში პირველად ჩამოვიდა დალალ ბაიანოვა. ის ყაზახეთიდანაა. დალალი სტუდენტია და არდადეგების გატარება მეგობრებთან ერთად საქართველოში გადაწყვიტა. დალალი ხაზს უსვამს ფრენების გაიაფებას და იმას, რომ საქართველომდე „სულ რაღაც ერთი საათის გზაა“.

„წარმოუდგენლად მარტივი ყოფილა აქ ჩამოსვლა, მხოლოდ PCR ტესტი დაგვჭირდა, რაშიც 100 ლარი გადავიხადეთ აქ. ყაზახეთში ეს გაცილებით იაფია.

ძირითადად ვსეირნობთ ქალაქში, საღამოს სახლში ვისვენებთ, გვძინავს, რადგან ბევრი დრო გვაქვს… მე პირველად ვარ საქართველოში. ძალიან მწვანეა აქაურობა, ძალიან ლამაზი მთებია, მდინარეები, ზღვა, მიყვარს ეს ყველაფერი,“ – ამბობს დალილა ბაიანოვა.

დალილა ბაიანოვა ყაზახეთიდან

რუსი ტურისტები კი პანდემიამდე არსებულ პრობლემაზე საუბრობენ – პირდაპირი ავიარეისების არარსებობა საქართველოს და რუსეთს შორის.

„ჩვენ ჯერ წავედით თურქეთში და იქ გავჩერდით 2 კვირა, მერე შემოვედით საქართველოში,“ – გვიყვება აიდა შარაჰიევა რუსეთიდან, – „თურქეთიდან აქ შემოსვლა იოლია რუსი ტურისტებისთვის, ბევრი მწერს, რომ უნდათ აქ, მაგრამ შემოსვლა რთულია, არ გვაქვს ფრენები, უნდა წამოხვიდე ბელორუსიდან ან ყაზახეთიდან, ასევე თურქეთიდან, თურქეთიც ჩაკეტილი იყო…

აქ დავდივართ ბევრს, მიყვარს ფეხით სეირნობა. ბევრი ტურისტი არაა, რაც მომწონს,“ – გვითხრა აიდა შარაჰიევამ.

აიდა შარაჰიევა რუსეთიდან

„საქართველოში ჩამოსვლა მარტივია, რადგან ვიზა არ გჭირდება,“ – ამბობს ტედ ვესმინი შეერთებული შტატებიდან. ის უკვე მესამედ ჩამოვიდა საქართველოში, როგორც ტურისტი.

„აქ ძალიან უსაფრთხოდ ვგრძნობ თავს, არასდროს მიგრძნია საშიშროება. საქართველოში ცხოვრება განსხვავებულია, კულტურა ძალიან საინტერესოა. აქ ძალიან ბევრი საინტერესო რამ შეგიძლია აკეთო,“ – პოზიტიურ შთაბეჭდილებებს გვიზიარებს ტედ ვესმინი.

ტედ ვესმინი, აშშ

კორონავირუსის არ ეშინია, რადგან საქართველოში მოგზაურობის დროს ძირითადად ხულოს პატარა სოფელში რჩება თიბათ შეიქი. ის ბელგიიდანაა.

„ჩემი ძმა უკვე ოთხი წელია საქართველოშია. მე სულ პოზიტიური ამბები მესმოდა ამ ქვეყანაზე და მოდი, მეც წავალ-მეთქი. გავიკეთე მხოლოდ PCR ტესტი და ჩამოვედი. რადგანაც ბელგიიდან ვარ, ერთწლიანი ვიზა მაქვს და არ მქონია სხვა პრობლემა.

პანდემია არ მაშინებს. ბათუმში მხოლოდ დღეს ჩამოვედი, გემით გვინდა გავიდეთ ზღვაში და ისე ვნახოთ მზის ჩასვლა,“ – გვითხრა თიბათ შეიქმა.

თიბათ შეიქი, ბელგია

„ჩემთვის დაბრკოლება მხოლოდ ის იყო, რომ ძაღლის წამოყვანა მინდოდა,“- ამბობს სამვეი ყაზახეთიდან, რომელსაც ასევე ვკითხეთ, რამდენად რთული იყო ჩამოსვლა საქართველოში პანდემიის დროს.

სამვეი ყაზახეთიდან

სამვეიც ამბობს, რომ დამატებით მხოლოდ PCR ტესტი დასჭირდა. ის ასევე მიიჩნევს, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა კორონავირუსის გავრცელების კუთხით.

„მე ზღვის გამო ჩამოვედი, ძირითადად, ზღვაზე დავდივარ და ეს მიყვარს. აქ დასვენება ბედნიერებაა… ვფიქრობ, რომ საქართველო არის ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყანა კორონავირუსის კუთხით,“ – აღნიშნა სამვეიმ.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: