მთავარი,სიახლეები

საჭიროა პოლიციის დამატებით ძალების მობილიზაცია დმანისში – SJC

17.05.2021
საჭიროა პოლიციის დამატებით ძალების მობილიზაცია დმანისში – SJC

სოციალური სამართლიანობის ცენტრი [SJC] დმანისში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და სახელმწიფოს მოუწოდებს, მიიღოს მყისიერი და ეფექტიანი ზომები ადგილზე უსაფრთხო და მშვიდობიანი გარემოს შესაქმნელად.

„ამისთვის კი საჭიროა შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოახდინოს პოლიციის დამატებით ძალების მობილიზაცია ადგილზე და მაღალი თანამდებობის პირების ჩართვა სიტუაციის განსამუხტად.

მთავრობამ შეისწავლოს მომხდარი კონფლიქტის სისტემური სოციალური და პოლიტიკური მიზეზები და შეიმუშავოს გრძელვადიანი და ფართე ხედვა სხვადასხვა ეთნიკურ, რელიგიური ჯგუფებს შორის არსებითად მშვიდობიანი, ინკლუზიური და თანასწორი გარემოს შექმნისა და კონფლიქტის გამოცდილების მქონე თემებში მისი ტრანსფორმაციის მიზნით,“ – ნათქვამია სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, ამ დროისათვის დმანისში იმყოფებიან სოციალური სამართლიანობის ცენტრის თანამშრომლები.

„თუმცა მათთვის უსაფრთხოების რისკების გამო რთულია ადგილზე მუშაობა. უსაფრთხოების არარსებობის გამო მუშაობაში ხელი ეშლებათ მედიის წარმომადგენლებსაც. ჩვენი წარმომადგენლების განცხადებით, ადგილზე მობილიზებული საპოლიციო ძალები არასაკმარისია და ქუჩებში რეალურად უკონტროლო ვითარებაა.

ამ ეტაპზე არსებითია ადგილზე მშვიდობიანი გარემოსა და მართლწესრიგის მყისიერი უზრუნველყოფა და მხოლოდ ამის შემდეგ ამ მასშტაბის დაპირისპირების სისტემური მიზეზების კვლევა და მათზე მიმართული პოლიტიკის დაგეგმვა და გატარება,“ – ნათქვამია განცხადებაში.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.