მთავარი,სიახლეები

ნამახვან ჰესზე დასკვნებს არ ასაჯაროებენ იუსტიციისა და ფინანსთა სამინისტროები – საჩივარი

17.05.2021
ნამახვან ჰესზე დასკვნებს არ ასაჯაროებენ იუსტიციისა და ფინანსთა სამინისტროები – საჩივარი

სოციალური სამართლიანობის ცენტრი საქართველოს ფინანსთა და იუსტიციის სამინისტროებისგან ნამახვანი ჰესის ხელშეკრულების თაობაზე მათი დასკვნების გასაჯაროებაზე უარს ადმინისტრაციული საჩივრითა და სასამართლოს გზით ასაჩივრებს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადებით, ფინანსთა და იუსტიციის სამინისტროების მიერ მომზადებული დასკვნები საჯარო ინფორმაციაა.

„ამ დასკვნების შინაარსთან დაკავშირებით არსებობს უკიდურესად მაღალი საჯარო ინტერესი და მათი ამ დრომდე დახურულობა მიანიშნებს იმაზე, რომ მიუხედავად მოჩვენებითი ღიაობისა და არაერთი დაპირებისა „უკეთესი ნამახვანისთვის“, სახელმწიფო კვლავაც არ არის მზად, ნამახვანი ჰესის პროექტთან დაკავშირებული ყველა საჯარო დოკუმენტი ხელმისაწვდომი გახადოს დარგის ექსპერტებისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ფართო საზოგადოებისთვის.

ამ დოკუმენტების შინაარსის და მათი არსებობა-არარსებობის შესახებ ინფორმაციის დამალვა ასევე ამყარებს საზოგადოებაში არსებული ვარაუდებს იმის შესახებ, რომ პროექტი ამ ორი საჯარო უწყების პოზიციების უგულებელყოფით და, უფრო მეტიც, შესაძლოა, მათ პოზიციის საწინააღმდეგოდაც ხორციელდება“ – აცხადებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი.

ორგანიზაციის ცნობით, ფინანსთა სამინისტროს დასკვნა პროექტის საჯარო სარგებლიანობისა და მისი განხორციელების ეკონომიკურ მიზანშეწონილობის განსაზღვრისას მნიშვნელოვანი ფაქტორია, იუსტიციის სამინისტროს დასკვნა კი აფასებს ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ რისკებს და იმას, თუ რამდენადაა დაცული ხელშეკრულებით სახელმწიფოს ინტერესი.

„აღნიშნული დასკვნები ამ ტიპის პროექტისთვის ცენტრალური დოკუმენტებია და მათი არარსებობა საქართველოს მთავრობის მიერ ნამახვანის ხელშეკრულების გაფორმების უკანონოდ ცნობისთვის სამართლებრივ საფუძველს ქმნის.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საჯარო ინფორმაცია დაუყოვნებლივ, შესაბამისი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში 10 დღის ვადაში უნდა გაიცეს, არცერთი სამინისტროსგან გამოთხოვილი ინფორმაცია არ მიგვიღია.

საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, ჩვენ თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მივმართეთ; ამასთან, საქართველოს ფინანსთა მინისტრისგან საჯარო ინფორმაციის გაცემა ადმინისტრაციული საჩივრითაც მოვითხოვეთ“ – აღნიშნულია სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადებაში.

_____________

„არა ნამახვან ჰესს“ – აქცია ქუთაისში, 14 მარტი, 2021. ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: