მთავარი,სიახლეები

ქართველების შრომა გერმანიაში, სატაცურის მინდვრებში

16.05.2021 • 28415
ქართველების შრომა გერმანიაში, სატაცურის მინდვრებში

საქართველოდან სატაცურის საკრეფად გერმანიაში ჩასულ მუშახელზე საკმაოდ ბევრი იწერება გერმანულ მედიაში. გერმანელი ფერმერები მედიასთან აცხადებენ, რომ ისინი კმაყოფილნი არიან ქართველების შრომით. ფერმერების თქმით, შემდეგ წლებში მუშახელს სავარაუდოდ საქართველოსთან ერთად სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდანაც – მაგალითად, უკრაინიდან და მოლდოვოდან – მიიწვევენ.

კმაყოფილები არია ქართველებიც, რომლებიც სატაცურს კრეფენ. ერთ-ერთი ქალი Ost West-ის ჟურნალისტს ქართულად უყვება, რომ ის გერმანიაში გამომუშავებული ფულით ტანსაცმლის მაღაზიის გახსნას აპირებს.

Ost West-ის ჟურნალისტი თავის მაყურებელს მოუყვა იმის შესახებაც, თუ რა უთხრა ერთ-ერთმა ქართველმა კამერის მიღმა: ეს ადამიანი ადრე თურქეთში მუშაობდა – მუშაობდა 12 საათს, გერმანიაში კი ხელშეკრულებაში უწერიათ მხოლოდ 8 საათი ერთსაათიანი შესვენებით. მას სურდა ემუშავა მეტი, ისე როგორც მის სხვა ყველა კოლეგას, მაგრამ ეს შეუძლებელია, რადგან ხელშეკრულებაში წერია 8 სამუშაო საათი.

გერმანელებისთვის საყვარელი ბოსტნეულის – სატაცურის ფასი წელს 30-40 პროცენტით გაიზარდა. ეს იმით არის გამოწვეული, რომ პანდემიის გამო გასულ წელს ვერ მოხერხდა მუშახელის ჩაყვანა რუმინეთიდან: ერთი მხრივ, ძალიან გაძვირდა მგზავრობა, მეორე მხრივ კი, ფერმერებს კოვიდუსაფრთხოებიდან გამომდინარე მუშებისთვის საცხოვრებლის აშენებაც მოუხდათ. ამ ყველაფერმა, რა თქმა უნდა, დიდი გავლენა იქონია სატაცურის ფასზე.

კადრი Ost West-ის სიუჟეტიდან

საზღვრების ჩაკეტვის გამო ფერმერებმა სცადეს თავად გერმანელების დაქირავებაც – მაგრამ, როგორც ერთ-ერთი ფერმერი აცხადებს, ისინი მინდვრებიდან გაიპარნენ.

სატაცურის შეგროვებას ვერ შეძლებ, თუ არ ხარ მარათონელიო, ანუ ფიზიკურად ძლიერი.

საქართველოდან გერმანიაში ჩასული მუშახელი ასკილს და მარწყვსაც მოკრეფს. ქართველი მუშახელისთვის თავდაპირველად განისაზღვრა 500 სამუშაო ადგილი, რაც შემდეგ 5000-მდე გაიზარდა.

გერმანული მედიის ინფორმაციით, ქართველ მუშახელს საათში 9.5 ევროს უხდიან.

გერმანიაში დასაქმების სურვილი 80 ათასზე მეტმა ადამიანმა გამოთქვა. ეს საქართველოს მოსახლეობის 2 პროცენტია.

მთავარი ფოტო: კადრი tagesschau-ს სიუჟეტიდან

გადაბეჭდვის წესი