განათლება,მთავარი,სიახლეები

ქართველი სტუდენტის ცხოვრება იაპონიაში

17.05.2021 • 2635
ქართველი სტუდენტის ცხოვრება იაპონიაში

მე და იაპონია პირველად 2012 წელს გადავიკვეთეთ, როცა თავისუფალ უნივერსიტეტში ჩავაბარე და ექვსი აღმოსავლური ენიდან ერთ-ერთის შესწავლის არჩევანის წინაშე დავდექი – ამბობს „ბათუმელებთან“ მარიამ ბიბილაშვილი, რომელიც ამჟამად იაპონიაში, ცუკუბას უნივერსიტეტში სადოქტორო პროგრამაზე სწავლობს. მარიამი გვიყვება იაპონური განათლების სისტემის, ცხოვრების სტილის და იმ წარმოდგენების შესახებ, რაც ამომავალი მზის ქვეყანაში მცხოვრები ხალხის მიმართ შესაძლოა გაგვაჩნდეს.

„არაბული, იაპონური, თურქული, კორეული, სპარსული, ჩინური – არჩევანი ამ ენებს შორის უნდა გამეკეთებინა. სიმართლე გითხრათ, არც ერთი ენის მიმართ არ მქონია მანამდე განსაკუთრებული ინტერესი. ამიტომ გადაწყვეტილება იმის მიხედვით მივიღე, თუ რომელი ქვეყანა უფრო მაინტერესებდა. ასე დავიწყე იაპონური ენის შესწავლა და ენასთან ერთად, თავისუფალ უნივერსიტეტშივე გავიარე კურსები შორეული აღმოსავლეთის ისტორიის, რელიგიის, ლიტერატურისა და ეკონომიკის შესახებ. მინდოდა ჩემი თვალით მენახა ყველაფერი, რის შესახებაც იაპონური ენის პედაგოგები აღტაცებით გვიყვებოდნენ“, – გვეუბნება მარიამი.

ამის შემდეგ მარიამმა აქტიურად დაიწყო იაპონიაში სწავლის გაგრძელების შესახებ ინფორმაციის მოძიება. ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ კი, როგორც გვეუბნება, იაპონიის განათლების სამინისტროს (MEXT) დაფინანსება მოიპოვა და 2017 წელს ცუკუბას უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამაზე ჩაირიცხა.

2018 წლიდან კი, დაფინანსებით სწავლა გააგრძელა ამავე უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამაზე საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით.

მარიამი იაპონურ კიმონოში

„იაპონიაში სწავლის დაფინანსების მოპოვების სხვადასხვა წყარო არსებობს, თუმცა, როგორც ამბობენ, MEXT-ი ყველაზე პრესტიჟული სტიპენდიაა, რადგან პირდაპირ იაპონიის სახელმწიფო და იაპონელი გადასახადების გადამხდელები გაფინანსებენ.

ამ სტიპენდიის მოპოვების ორი გზა არსებობს: საქართველოში იაპონიის საელჩოს გავლით ან იაპონური უნივერსიტეტის რეკომენდაციით. მე მეორე გზით მივიღე დაფინანსება. გავიარე ცუკუბას უნივერსიტეტის სტანდარტული მიღების პროცედურა, რაც გულისხმობდა აპლიკაციის გაგზავნას, საკვლევი პროექტის წარდგენას და გასაუბრებას. პროგრამაზე ჩარიცხვის შემდეგ კი, უნივერსიტეტმა თავად გამიწია რეკომენდაცია სახელმწიფო სტიპენდიის მისაღებად“, – ამბობს მარიამი.

მარიამის თქმით, იაპონია მკაცრი იერარქიული სტრუქტურით გამოირჩევა და ეს იერარქია გამოიხატება არამხოლოდ სტუდენტებისა და ლექტორების ურთიერთობაში, არამედ ზედა და ქვედა კურსელების ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულებაშიც კი.

„მაგალითად, იერარქია გამოიხატება საუბარშიც. იაპონურ ენაში არსებობს თავაზიანი ფორმა, რომელზეც ესაუბრებიან ასაკით უფროსს, სოციალური სტატუსით უფროსს ან უბრალოდ პატივსაცემ ადამიანს. ამავე ენას იყენებენ ზედა კურსელებთან და რა თქმა უნდა, პროფესორებთან საუბრის დროს, რაც უფრო ზრდის დისტანციას და მეტად ფორმალურ გარემოს ქმნის. თუმცა, ასევე ჩვეული ამბავია, მაგალითად, ლექტორებთან ერთად სავახშმოდ წასვლა“, – გვეუბნება მარიამი.

რაც შეეხება სემესტრების განაწილებას, როგორც მარიამი გვიყვება, იაპონიაში აკადემიური წელი აპრილში იწყება და მთავრდება მარტში. დასვენებისთვის კი აგვისტოს მეორე და სექტემბრის პირველი ნახევარია გათვალისწინებული, ასევე თებერვლის მეორე და მარტის პირველი კვირები.

რუტინული გრაფიკი შეგიძლიათ სხვადასხვა წრეში ჩართულობით შეამსუბუქოთ. „ძალიან ბევრი წრეა უნივერსიტეტში გახსნილი, სპორტული, სახელოვნებო – მუსიკა, ფოტოგრაფია, ასევე შეგიძლიათ გაეცნოთ ჩაის დაყენების იაპონურ ტრადიციას.

„სადო“ – არის ჩაისთან დაკავშირებული ცერემონია, ჩაის მომზადების რიტუალი, რომელში დახელოვნებაც მრავალწლიან სწავლას მოითხოვს.

იაპონური ჩაის დაყენების რიტუალი

მასპინძელს აცვია ტრადიციული სამოსი, კიმონო და ის  სტუმრის თვალწინ ამზადებს ჩაის სპეციალურ ჭურჭელში. ასეთ წრეებში ჩართულობა ძალიან კარგი საშუალებაა სხვა სტუდენტების გასაცნობად და მეგობრების შესაძენად“, – გვეუბნება მარიამი.

კაისეკი ე.წ. იაპონური multi-course ვახშამია, სადაც პატარ-პატარა თეფშებში სხვადასხვა სეზონური პროდუქტისგან დამზადებული საჭმელია მოთავსებული.

იაპონური კერძი

მარიამის თქმით, ზოგადად, იაპონელები ძალიან ბევრს მუშაობენ და სამსახურში გვიანობამდე – 12-დან ღამის პირველ საათამდე რჩებიან. „აქ ჩვეულებრივი ამბავია, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სოციალური პრობლემაა“, – გვეუბნება ის. თუმცა მეორე მხრივ, იაპონელებმა დასვენების ფასიც იციან. „დარბიან, ვარჯიშობენ, სალაშქროდ დადიან. ასევე, უყვართ გემრიელად ჭამა და ბუნებრივ აბანოებში ნებივრობა.

იაპონიაში ძალიან პოპულარულია ბუნებრივი აბანოები

რაც შეეხება უცხოელებთან დამოკიდებულებას, როგორც მარიამი გვიყვება, იაპონელებისთვის პირადი სივრცის და საკუთრების პატივისცემა ძალიან მნიშვნელოვანია. „პატივს სცემენ შენს პირად სივრცესაც. ეს, ერთი მხრივ, იაპონიას აქცევს ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად, რადგან არავინ არაფერს მოკიდებს ხელს, რაც მას არ ეკუთვნის. მეორე მხრივ კი, ქმნის მარტოსულობის განცდას, რაც ასევე ერთ-ერთი სოციალური პრობლემაა.“

მისი თქმით, იაპონელების კულტურაში კომპლიმენტის თქმაც სხვის პირად სივრცეში შეჭრად მიიჩნევა. „მახსოვს, კაფეში ვიჯექი და გვერდით მაგიდაზე ასაკოვანი ქალები ისხდნენ, ერთ-ერთმა კომპლიმენტი მითხრა, რის გამოც მისმა თანმხლებმა პირმა ჯერ მე მომიბოდიშა და შემდეგ შენიშვნა მისცა ქალს. ასეთი რამ ალბათ მხოლოდ იაპონიაში ხდება. ძალიან ბევრს ფიქრობენ, დისკომფორტი არ შეგიქმნან თავისი რეპლიკით თუ ყურადღებით. თუმცა ასაკოვანი იაპონელები ბევრად უფრო მეგობრულები და კომუნიკაბელურები არიან.“

მარიამის თქმით, საქართველოში საკმაოდ ზედაპირული წარმოდგენები აქვთ იაპონიაზე, „უფრო მეტად დადებითი, რადგან მას ვხედავთ როგორც განვითარებული ტექნოლოგიებისა და მეცნიერების ქვეყანას, თუმცა ჩემს ფილიპინელ ლექტორთან საუბრის დროს გავაცნობიერე, რომ მეზობელი ქვეყნები უფრო კომპლექსურად უდგებიან ამ საკითხს. „კომპლექსურ ისტორიაში“ ვგულისხმობ იაპონიის იმპერიალისტურ წარსულს, რის გამოც სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში დღემდე ნეგატიური დამოკიდებულება აქვთ იაპონიის მიმართ. მეორე მხრივ, ისტორია განაპირობებს იაპონელთა ძლიერ ნაციონალისტურ განწყობას, რაც დღემდე იგრძნობა.“

მისი თქმით, სტერეოტიპული წარმოდგენები არსებობს იაპონურ წესრიგზეც. „ფიქრობენ, რომ ძალიან სუფთა, მოწესრიგებული და  უსაფრთხო ქვეყანაა. მართალია, ტექნოლოგიურად საკმაოდ განვითარებულია ყველა სფერო, თუმცა მნიშვნელოვნად განსხვავდება დიდი და პატარა ქალაქების თუ სოფლების  ტექნოლოგიური მოწყობა და ინფრასტრუქტურა. ჩემი აზრით, იაპონიის მთავარი ხიბლი მაინც მისი პარადოქსული ხასიათია, რაც გამოიხატება ტრადიციონალიზმისა და მოდერნიზმის საოცარ თანაარსებობაში“, – ამბობს მარიამი.

იაპონიაში სტუდენტური ვიზით კვირაში 28 საათი შეგიძლიათ იმუშაოთ, თუმცა დოქტორანტურის სტუდენტებს საკმაოდ დატვირთული რეჟიმი აქვთ. ამიტომ მარიამი ამბობს, რომ სამუშაოსთვის დრო ნაკლებად რჩება. „ძირითადად ჩემს საკვლევ თემაზე ვმუშაობ და პარალელურად სხვადასხვა კურსის ლექტორებს ვუწევ ასისტენტობას, რაც კურიკულუმის ნაწილი არ არის და ამაში დამატებით ხელფასს გვიხდიან.

ვცდილობ გართობისთვისაც გამოვყო დრო. სამწუხაროდ, ხშირად არ გამომდის ბალანსის დაცვა. თუმცა, როცა დრო მაქვს, ვმოგზაურობ იაპონიის სხვადასხვა მხარეს და ვეცნობი ადგილობრივ კულტურას. მიყვარს მუზეუმებში სიარული და მეგობრებთან ერთად საინტერესო ადგილების აღმოჩენა“.

ცნობილი ფუძის მთა იაპონიაში

როგორც მარიამი ამბობს, კორონავირუსის პანდემიამ იაპონური ცხოვრების წესსაც დაატყო კვალი, თუმცა არა ისეთი, როგორც სხვა ქვეყნებს, სადაც მკაცრადაა დადგენილი კოვიდუსაფრთხოების წესები და ხშირია ჩაკეტვაც.

„ჩვენი ცხოვრების რიტმი დიდად არ შეცვლილა ამ მხრივ, თუ არ ჩავთვლით ონლაინრეჟიმში გადასვლას. რა თქმა უნდა, სიფრთხილის ზომები დაცულია და გარკვეული შეზღუდვებიც მოქმედებს ხალხმრავალი ყრილობების თავიდან ასაცილებლად, მაგრამ რეგულაციებს დღემდე რეკომენდაციის ფორმა აქვს და სხვა ქვეყნებთან შედარებით, იაპონური მიდგომა ბევრად თავისუფალია.

სამაგიეროდ, საერთაშორისო მოგზაურობაა მკაცრად დარეგულირებული, რაც პირადად ჩემთვის მთავარი სირთულეა პანდემიის პერიოდში“, – გვეუბნება მარიამი.

ამ ეტაპზე საცხოვრებლად იაპონიაში დარჩენა  მარიამის გეგმებში არ შედის, თუმცა გარკვეული პერიოდით სამუშაო პრაქტიკის გაცნობა, ამბობს, რომ მისთვის საინტერესო იქნებოდა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: