მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

მინისტრებმა კოვიდით სიკვდილის მიზეზების განსაზღვრისა და აღრიცხვის წესი დაამტკიცეს  

17.05.2021
მინისტრებმა კოვიდით სიკვდილის მიზეზების განსაზღვრისა და აღრიცხვის წესი დაამტკიცეს  

საქართველოს ჯანდაცვისა და იუსტიციის მინისტრების ერთობლივი ბრძანებით, დაბადების და გარდაცვალების  შესახებ სამედიცინო ცნობის შევსების, გაგზავნისა და შენახვის წესს დაემატა ცალკე მუხლი – COVID19-თან დაკავშირებული სიკვდილის მიზეზების განსაზღვრისა და აღრიცხვის წესი.

ამ წესის მიხედვით, COVID19-ით გამოწვეული სიკვდილის შემთხვევაში პირველადი მიზეზის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მკურნალი ექიმი, ტესტირების კლინიკური სურათისა და დაავადების მიმდინარეობის ანალიზის საფუძველზე.

ამასთან, „გარდაცვალების შესახებ სრულ სამედიცინო ცნობაში სიკვდილის პირველად მიზეზად განისაზღვრება COVID19 ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც სიკვდილის დადგომა გამოიწვია (ან, სავარაუდოდ, გამოიწვია) აღნიშნულმა ინფექციამ, ან ხელი შეუწყო/დააჩქარა სიკვდილის დადგომა. ამ შემთხვევაში სხვა, ადრე არსებული დაავადებები განიხილება COVID19-ის მიმდინარეობის თანმხლებ დაავადებად.

COVID19-ით გარდაცვალების შემთხვევაში, სრული სამედიცინო ცნობის შევსებისას, მიეთითება მაქსიმალურად მეტი დეტალები, ყველა ცნობილი ინფორმაციის საფუძველზე, სამედიცინო ისტორიებიდან და ლაბორატორიული კვლევების შედეგებიდან გამომდინარე“.

 

 

მინისტრების ერთობლივი ბრძანება ძალაში 2021 წლის 17 მაისიდან შევიდა.

ოფიციალური პორტალის, stopcov.ge-ს მონაცემებით, 17 მაისის დილის მდგომარეობით საქართველოში ახალი კორონავირუსით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ჯამში 4 469 პაციენტი გარდაიცვალა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს: დღიური არის – 4,32%, ბოლო 14 დღის – 4,9%, ბოლო 7 დღის – 3,84%

„რამდენი ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსის შედეგად  საქართველოში რეგიონების მიხედვით“, – ეს ინფორმაცია „ბათუმელებმა“ NCDC-დან 2021 წლის 27 იანვარს ოფიციალურად გამოითხოვა.

„ცენტრი კორექტირებულ მონაცემებს წელიწადში ერთხელ გადასცემს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს, რომელიც დადგენილ ვადებში (მონაცემები სიკვდილის მიზეზების მიხედვით ქვეყნდება 30 ივნისს) აქვეყნებს მათ. შესაბამისად, Covid19-ით განპირობებული სიკვდილიანობის სტატისტიკის მოთხოვნა გეოგრაფიულ, სქესობრივ-ასაკობრივ და სიკვდილის მიზეზების ჭრილში, შესაძლებელი გახდება 2021 წლის 30 ივნისის შემდეგ,“ – მოგვწერეს NCDC-დან 22 თებერვალს.

„აქვე გაცნობებთ, რომ საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, Covid19-ით განპირობებული სიკვდილიანობის იდენტიფიცირების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, სამინისტროს ინიციატივით, შექმნილია კლინიცისტთა ჯგუფი, რომელიც მოახდენს ყველა შემთხვევის დეტალურ განხილვას, რის საფუძველზეც მოხდება 2020 წელს Covid19-ით გამოწვეული სიკვდილიანობის ჩაღრმავებული ანალიზი,“ – აღნიშნული იყო NCDC-ისგან მიღებულ პასუხში.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: