მთავარი,სიახლეები

„ისე ვიკივლე, დანა გადააგდო“ – მოლარე, რომელიც ვერ დააყაჩაღეს

17.05.2021
„ისე ვიკივლე, დანა გადააგდო“ – მოლარე, რომელიც ვერ დააყაჩაღეს

“დილის 11-ის ნახევარი იქნებოდა, როცა ლომბარდში მობილური ჩამაბარეს, მობილურებს კარადაში ვინახავთ, ტელეფონი იქ შევდე და როცა შემოვტრიალდი, უცებ დავინახე სხვა კაცი იდგა ჩემ წინ – ხელში დანა ეჭირა. ფული, ფული მომეციო,” – ამ სიტყვებით მოსამართლე დავით მამისეიშვილს მზია ბ.-მ მიმართა. მზია მოლარეა და მისი დაყაჩაღება ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ლომბარდში სცადეს.

დამყაჩაღებელს ლომბარდიდან ფული არ წაუღია და არც გაქცეულა. ის პოლიციის მისვლას დაელოდა.

ბრალდებული მალხაზ ც. დაახლოებით 50 წლისაა და სოციალურად დაუცველია. ის ბრალს აღიარებს. დაყაჩაღების დროს მას არც ნიღაბი ეკეთა და არც პირბადე.

“შევკივლე ხმამაღლა, ბავშვები პატარები მყავს, არ დამღუპო-მეთქი. დანა უცებ უკან მოისროლა და გაშეშდა,” – განაგრძო დაზარალებულმა 29 იანვარს მომხდარი ამბის თხრობა და ისევ მოსამართლეს შეხედა.

“მერე, მერე რა მოხდა?” – ჩაეკითხა მოლარეს ადვოკატი დავით გოგუაძე.

“ის აღარ ექანებოდა საერთოდ, იდგა და მიყურებდა. თავიდან ვიფიქრე, ალბათ, ეს ცოტა ვერაა-მეთქი… მერე მივხვდი, რომ შეშინდა,” – თქვა მოწმემ და გაიღიმა.

“შემდეგ რა მოხდა?” – პაუზა პროკურორმა დაარღვია.

“ფანჯრიდან ვანიშნე ხალხს შემოსულიყვნენ, დაკივლებამდეც ღილაკს მივაჭირე ხელი და ვიცოდი, დაცვის პოლიცია მოვიდოდა მალე… ლომბარდში ამ დროს 5 ათას ლარამდე გვქონდა, მაგრამ მას ფული აღარ მოუთხოვია…

ეს სადღაც ორ წუთს გაგრძელდა ალბათ, მაგრამ მე წუთი საუკუნედ მეჩვენა.

მერე მოვიდნენ პოლიციელები და გააფორმეს აქტები, დანაც პოლიციელებმა წაიღეს, იქვე იყო ჩავარდნილი, სამზარეულოს კუთხეში,” – დაასრულა მოწმე მზია ბ.-მ.

დაზარალებულმა ასევე თქვა, რომ მას ბრალდებულთან პრეტენზია არ აქვს.

“მისაღები არ არის ასეთი საქციელი, მაგრამ ვითვალისწინებ მის სოციალურ მდგომარეობას, დღევანდელ მდგომარეობას, მე არანაირი პრეტენზია არ მაქვს,” – თქვა დაზარალებულად ცნობილმა ქალმა.

“გისურვებთ, რომ ასეთი ინციდენტი მეტი აღარ გქონოდეთ,” – მიმართა დაზარალებულს მოსამართლემ.

“ღმერთმა დაგვიფაროს”, – მოკლედ უპასუხა მოსამართლეს მზია ბ.-მ და სხდომათა დარბაზი დატოვა.

დღევანდელ პროცესს ბრალდებული და ადვოკატი დისტანციურად დაესწრნენ. ბრალდებულს დაზარალებულისთვის კითხვა არ დაუსვამს.

“მას დაკავების დროს წინააღმდეგობა არ გაუწევია…” – უთხრა მოსამართლეს პოლიციელმა, რომელიც მოწმის სახით დაიკითხა და ასევე თქვა, რომ ბრალდებულს დაკავების დროს ჯიბეში მხოლოდ ხურდა ჰქონდა და სიგარეტის კოლოფი.

“საპროცესო შეთანხმებას ველით,” – მიმართა ადვოკატმა მოსამართლეს სხდომის დასრულებამდე.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: