სარფის საბაჟოზე ნარკოტიკები მიკროავტობუსით შემოჰქონდათ | შემოსავლების სამსახური

სარფის საბაჟოზე ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების საქართველოს ტერიტორიაზე უკანონო შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს – იუწყება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.

„სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის კონტროლის ზონაში შემოვიდა საქართველოს მოქალაქის გ.ც. -ს მართვის ქვეშ არსებული მიკროავტობუსი, რომელშიც იმყოფებოდა, ასევე საქართველოს მოქალაქე კ.ჩ.

აღნიშნული მოქალაქეების ბარგის ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად 112 კაფსულა და 148 აბი, ასევე სპეციალურ შეფუთვებში დაფასოებული ნარკოტიკული ნივთიერებები აღმოაჩინეს.

საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულებს გადაეცათ“ – წერს შემოსავლების სამსახური.

ბავშვებს უნდა შეეძლოთ საკუთარი გემოვნებით შეარჩიონ წიგნები | ვერონიკა ჭკადუა

ავტორი: ვერონიკა ჭკადუა, პოლიტიკის ექსპერტი/ანალიტიკოსი

___

„კითხვა საუბარია. ყველა წიგნი გვესაუბრება, მაგრამ კარგ წიგნს მოსმენაც შეუძლია.“ მარკ ჰადენი.

ბავშვობის წლების გატარება საქართველოდან შორს, უცხო ქვეყანაში მომიწია, სადაც ვიზრდებოდი სამენოვან გარემოში. სწორედ ამ ადრეული ასაკიდან მახსოვს, როგორი ერთი და იგივე ინტერესით ვეწაფებოდი ქართულ, რუსულ და ინგლისურენოვან საბავშვო წიგნებს.

მახსენდება, ერთსა და იმავე საბავშვო წიგნს განსხვავებულ ენაზე თითქოს ერთი შინაარსი, მაგრამ სრულიად განსხვავებული სამყარო ჰქონდა. ეს კი თავის მხრივ კიდევ უფრო დიდ სურვილს მიჩენდა წამეკითხა რაც შეიძლება მეტი საბავშვო წიგნი სხვადასხვა ენაზე.

ყველა წიგნს თითქოს თავის მიკროსამყარო ჰქონდა, სადაც მე ვმოგზაურობდი. ჩემი წარმოდგენა მრავალი პატარ-პატარა სამყაროებისგან შედგებოდა, რომლებშიც პერიოდულად სიამოვნებით გადავინაცვლებდი ხოლმე. ეს სამყაროები ახლაც ხშირად წარმომიდგება თვალწინ და როგორც პატარაობაში, ისე დამეუფლება სასიამოვნო მღელვარება.

არაერთი კვლევის თანახმად, მოზარდები და ახალგაზრდები დღის უდიდეს ნაწილს ატარებენ ელექტრონულ ხელსაწყოებთან და სოციალურ მედიაში. თანამედროვე ტექნოლოგიური პროგრესის წყალობით შექმნილია მრავალი სახის ელექტრონული მოწყობილობა, რომელიც მარტივად იძლევა წიგნის ჩანაცვლების საშუალებას.

ბევრმა არ იცის, რომ წიგნით ტექნოლოგიის ჩანაცვლება უკეთესი გამოსავალია, თუმცა ტექნოლოგიური მოწყობილობებით წიგნების ჩანაცვლება შეიძლება დაკავშირებული იყოს ჯანმრთელობის პრობლემებთან. გარდა ამისა, ასეთი მოწყობილობები ძვირია და წიგნები სწავლის პროცესს ტექნოლოგიაზე მეტად უწყობს ხელს.

გარდა ჯანმრთელობის პრობლემებისა, ტექნოლოგიური მოწყობილობების ხშირმა გამოყენებამ შესაძლოა პროვოცირება მოახდინოს ისეთი ფსიქიკური აშლილობების, როგორიცაა დეპრესია, ნარცისიზმი და სხვა მენტალური პრობლემები. წიგნს ამ თვალსაზრისით საპირისპირო გავლენა აქვს ადამიანზე. წიგნს შეუძლია დიდი გარდაქმნა მოახდინოს ადამიანის გონებასა და ფსიქიკაზე, განსაკუთრებით კი მოზარდებზე, მათ წარმოდგენაზე სამყაროს შესახებ და ხელი შეუწყოს კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებას ადრეულ ასაკშივე.

წიგნი ოდითგანვე დიდ როლს თამაშობდა კაცობრიობის განვითარებაში. ამერიკელი ავტორის ჯეიმს გლეიკის თქმით, „კაცობრიობა და კულტურა მნიშვნელოვნად დაკნინდება თუ წიგნი დაკარგავს თავის ფუნქციას“.

წიგნის როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოზარდებსა და ახალგაზრდებში სოციალური თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპების ჩამოყალიბების თვალსაზრისითაც. მოზარდს საკითხავი ლიტერატურის რაც უფრო მრავალფეროვანი არჩევანი აქვს, მით უფრო სწრაფად და ნაყოფიერად ხდება მისი გონებრივი და ინტელექტუალური განვითარება.

სამწუხაროდ, საქართველოს მრავალ მაღალმთიან რეგიონში საჯარო ბიბლიოთეკების სიმწირეა და ხშირად მშობლებსა და მოზარდებს რამდენიმე სოფლისა თუ დასახლებული პუნქტის დაშორებით უწევთ მგზავრობა იმისათვის, რომ შეძლონ ამა თუ იმ წიგნზე წვდომა. ზაფხული მნიშვნელოვანი პერიოდია იმისთვის, რომ ბავშვებმა შეძლონ წლის განმავლობაში შეძენილი ცოდნის კაპიტალიზება, მეტიც სათანადოდ მოემზადონ მოახლოებული სასწავლო წლისთვის.

ზაფხულის თვეებში სწავლისა და კითხვის გასაგრძელებლად ბავშვებს უნდა შეეძლოთ საკუთარი გემოვნებით შეარჩიონ წიგნები, რომლებიც ხელს შეუწყობს მათ ინტერესებს და წარმოსახვის უნარის განვითარებას. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია საქართველოს მაღალმთიან სოფლებში მცხოვრები ბავშვებისთვის, სადაც ბევრ მათგანს თითქმის არ აქვს წვდომა წიგნებზე.

ვთვლი, რომ „ბათუმელების“ ეს წამოწყება არა მხოლოდ მაღალმთიანი აჭარის სოფლებისთვის არის წარმატებული ინიციატივა, არამედ  მაგალითი იქნება სხვადასხვა თემური, კერძო თუ არასამთავრობო ორგანიზაციისთვის საქართველოს სხვა მაღალმთიან დასახლებებში. ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანის მონაწილეობა და კონტრიბუცია ამა თუ იმ სახით მსგავს პროექტებში.

დააკლიკე და შეავსე ცარიელი თაროები სოფლის ბიბლიოთეკებში

ან გადმორიცხეთ ჩვენს ანგარიშზე

სს “საქართველოს ბანკი”, ბანკის კოდი:BAGAGE22;
ანგარიშის ნომერი: 
GE88BG0000000103117598
ა(ა)იპ თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი

 

 

 

 

დღეს „დინამო ბათუმი“ „სივასპორს“ შეხვდება

დღეს, 5 აგვისტოს, უეფას კონფერენსლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი გაიმართება. ბათუმში „დინამო ბათუმი“ – „სივასპორს“ შეხვდება.

მატჩი 21:00 საათზე დაიწყება. სტადიონის შესასვლელები გაიღება 19:00 საათიდან. მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია.

იმ შემთხვევაში, თუ „დინამო ბათუმი“ „სივასპორთან“ ბარიერს დასძლევს, „დინამოს“ მეტოქე იქნება პლოვდივის „ლოკომოტივსა“ და დანიურ „კოპენჰაგენს“ შორის გამარჯვებული გუნდი.

__________

ფოტო: „დინამო ბათუმი“ FB

აჭარაში კოვიდის 601 ახალი შემთხვევა დადასტურდა

5 აგვისტოს მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში დადასტურდა კორონავირუსის 601 ახალი შემთხვევა.

მთავრობის ცნობით, ამ დროისათვის აჭარაში 762 პაციენტი იმყოფება კოვიდკლინიკებში, მათგან 17 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა.

820 ადამიანი იმყოფება აჭარაში კოვიდსასტუმროში, თვითიზოლაციაშია 4 433 ადამიანი.

დღეს საქართველოში დადასტურდა კოვიდის 3670 ახალი შემთხვევა.

დადასტურდა კოვიდის 3670 ახალი შემთხვევა, 38 პაციენტი გარდაიცვალა | 5 აგვისტო

5 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 3670 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჩატარდა 41 885 კვლევა ტესტით. 

გასულ დღე-ღამეში საქართველოში 38 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით.

4 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.76%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 7.85% ხოლო 7 დღის მანძილზე – 8.67%.

ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 670 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 652 შემთხვევა, აჭარაში – 601, იმერეთში – 400, ქვემო ქართლში – 197, შიდა ქართლში – 155, გურიაში – 93, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 190, კახეთში – 187, მცხეთა-მთიანეთში -84, სამცხე-ჯავახეთში – 89, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 22.

დღეისათვის ქვეყანაში ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 37 108, საიდანაც 6 219 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.

ხულოში კოვიდზე აიცრნენ „ბერმუხას“ წევრები – მათგან უხუცესი 98 წლისაა

ხულოს მუნიციპალიტეტის ანსამბლ „ბერმუხას“ წევრები კოვიდზე აიცრნენ. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ნინო ნიჟარაძის ცნობით, თორმეტივე ქორეოგრაფი “ფაიზერის“ პირველი დოზით აიცრა.

„ბერმუხას“ ყველაზე ხანდაზმული წევრი 98 წლის მუხამედ ირემაძეა, ხოლო ყველაზე უმცროსი – 69 წლის თემურ აბულაძე.

ვაქცინაცია ევექსის ჰოსპიტლების – “ხულოს სამედიცინო ცენტრში” ჩატარდა. პროცესს აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე ესწრებოდა.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ხულოში ყოველდღიურად 100-მდე  მსურველი ჯავშნის ვაქცინას.

სილქფესტის საუკეთესო შეთავაზება – ისაუბრე უსასრულოდ და აირჩიე ინტერნეტზე სასურველი პირობა

სილქფესტი 5 აგვისტოს ორ პაკეტს სთავაზობს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს.

კომბინაციით *202#  მსურველი შეძლებთს გაიაქტიუროს:

[checklist]

  • ულიმიტო სასაუბრო პაკეტი + 10 GB ინტერნეტი 18 ლარად 
  • ულიმიტო სასაუბრო პაკეტი + ულიმიტო ინტერნეტი 25 ლარად 

[/checklist]

მომხმარებელს შეუძლია ბონუს წუთები შეამოწმოს კომბინაციით*202*1#. 

თუ ინტერნეტ მოცულობა ამოიწურა, მაგრამ აქციის ვადა ჯერ კიდევ ძალაშია, მომხმარებელს ერიცხება 1მბ -ზე  15 თეთრი.

*პაკეტებში შემავალი სასაუბროს/მეგაბაიტების დაჯამება შეზღუდულია
**ბონუს წუთები ვრცელდება საქართველოს ყველა მობილურ და ფიქსირებულ ქსელზე. 

სასაუბრო დრო არ ვრცელდება გლობალსელის და ასანეტის მიმართულებებზე. აგრეთვე, სპეციალური დანიშნულების მოკლე ნომრებზე. 

სილქფესტის აქციები  საშუალებას აძლევს სილქნეტის მობილურ ქსელში ჩართულ მომხმარებელს მინიმალურ ფასად სასურველი პირობა გაიაქტიუროს, ისარგებლოს უსწრაფესი ინტერნეტით მთელი ქვეყნის მასშტაბით.

თვალი ადევნეთ კომპანიის facebook და Instagram  გვერდებს; ასევე, სილქნეტის ოფიციალურ ვებ გვერდს www.silknet.com, სადაც  სილქფესტის აქციის შესახებ ინფორმაცია წინასწარ განთავსდება! 

ვალდებულია თუ არა დენის ახალი მომწოდებელი მომხმარებელს ხელშეკრულება გაუფორმოს

2021 წლის აგვისტოდან „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტები ივლისის თვეში მოხმარებული დენის გადასახადს ახალ კომპანიას – „ეპ ჯორჯია მიწოდებას“ გადაუხდიან. შესაბამისად, დენის მიმწოდებელი უკვე ეს ახალი კომპანიაა.

აუცილებელია თუ არა მომხმარებლებმა „ეპ ჯორჯია მიწოდებასთან“ დენის მიწოდებაზე ხელშეკრულებები გააფორმოს? – საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია [სემეკი] ამბობს, რომ ამისი აუცილებლობა არ არის.

„როცა ბაზარზე გამოჩნდება თავისუფალი მიმწოდებელი და მომხმარებელი გადაწყვეტს, რომ ელექტროენერგია მისგან მიიღოს, ამ შემთხვევაში საჭირო იქნება ამ ახალ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმება.

დღეს არსებული წესების მიხედვით კი, საყოფაცხოვრებო მომხმარებლები და მცირე მეწარმეები ავტომატურად არიან მიერთებულნი ხელშეკრულებით იმ მომსახურების პირობებს, რომლებიც საჯარო მომსახურების უზრუნველყოფის კომპანიებმა [ამ შემთხვევაში „ეპ ჯორჯია მიწოდებამ“ და „თელმიკომ“] უნდა უზრუნველყონ“, – უთხრეს „ბათუმელებს“ სემეკში.

სემეკში ასევე გვითხრეს, რომ არსებობს სტანდარტული ხელშეკრულება [რაც ენერგოკომპანიებს საკუთარ ვებგვერდებზე აქვთ გამოქვეყნებული] და საყოფაცხოვრებო მომხმარებლები ავტომატურად მიიჩნევიან ამ ხელშეკრულების ხელმომწერებად [მიუხედავად იმისა, ოფიციალურად არის თუ არა დადებული ხელშეკრულება კომპანიასა და მომხმარებელს შორის].

რა ხდება კომპანიასა და მომხმარებელს შორის, თუ დენის მიწოდებასთან დაკავშირებით რაიმე დავა წარმოიშვა? – ამ კითხვაზე პასუხად სემეკში გვითხრეს, რომ „თუ რაიმე სხვა პირობები ინდივიდუალურად არ არის კომპანიასთან შეთანხმებული, მაშინ დავის შემთხვევაში, მოქმედებს ეს სტანდარტული ხელშეკრულება“.

ხელშეკრულება, რომელზეც „ეპ ჯორჯია მიწოდების“ აბონენტები ავტომატურად არიან მიერთებული, შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე [ეპჯ – დანართი 1]

მომხმარებლებს, მიუხედავად სტანდარტული ხელშეკრულების არსებობისა, უფლება აქვთ ენერგოკომპანიასთან ინდივიდუალურად გააფორმონ როგორც ეს სტანდარტული, ასევე მისგან განსხვავებული ხელშეკრულებებიც – კომპანიასთან შეთანხმებით.

თუ არასტანდარტული ხელშეკრულების პირობებსა და მის გაფორმებაზე ენერგოკომპანიასთან შეთანხმება არ შედგა, ამ შემთხვევაში მომხმარებელს შეუძლია მიმართოს სემეკს.

წიგნის მკითხველს აქვს უნარი სხვას თანაუგრძნოს | ნინი გოგიბერიძე

ავტორი: ნინი გოგიბერიძე, იურისტი

___

დღემდე ვნანობ − დამოუკიდებლად წიგნის კითხვა გვიან შემიყვარდა.

თავიდან წიგნები სახლის დეკორაცია მეგონა. ბევრი გვქონდა. თაროებზე ტომები ფერების, ავტორების ან გამოცემების მიხედვით იყო დალაგებული.

ძილის წინ დედა ხმამაღლა და გამოთქმით მიკითხავდა დაუჯერებელ ამბებს. ასე გავიცანი მოლაპარაკე ცხოველები, ჯადოსნური სასახლეები, ცოტათი შტერი პრინცესები, ბოროტი დედინაცვლები, მფრინავი ფასკუნჯები, ტალღების ქაფად ქცეული სირინოზები, საძაგელი დევები, პატარა პრინცი და ობლად დარჩენილი შველი.

კითხვას რომ შევუდექი, სულ მქონდა განცდა, რომ დავაგვიანე. ჩემზე ბევრად მეტი ჰქონდათ წაკითხული ჩემს თანატოლებს. ამის ასანაზღაურებლად თავით გადავეშვი დიდი ამბების ქექვაში. ყველაფერს ვკითხულობდი და დღემდე ვკითხულობ, ტელესერიალების ბეჭდურ ვერსიებსაც კი.

მიყვარს იმის წარმოდგენა, რომ კითხვის დროს ვიღაცის ამბავს ვუსმენ. ავტორის რიტმით, ტონით და გმირების ხმით აღვიქვამ ტექსტს.

ჩემი აზრით, მას, ვისაც კითხვა უყვარს, ასევე უყვარს სხვისი მოსმენა, თუ არ უყვარს − შეუძლია მაინც.

წიგნის მკითხველს აქვს უნარი სხვას თანაუგრძნოს, აღიქვას ფერები, გემოები, სუნები… გაიცნოს ადამიანები − სხვადასხვანაირები… თავდავიწყებით შეუყვარდეს ან შეიძულოს, გაუხარდეს ან ეტკინოს და განუწყვეტლივ იმოგზაუროს, როგორც სივრცეში, ასევე დროში.

წარმოსახვის და აღქმის უნარს, რომელსაც წიგნი ავითარებს, ვერაფერი ცვლის.

ძალიან მინდა აჭარის მთის სკოლის მოსწავლეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა იმოგზაურონ იქ, სადაც მათ წიგნებში ამოკითხული სიტყვები და ფიქრები წაიყვანთ.

მძულს ფრაზა „ბავშვები ჩვენი მომავალია“. სინამდვილეში ბავშვები ჩვენი აწმყოა, ისინი ახლა იზრდებიან, ახლა ვითარდებიან, ახლა უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა განიცადონ ცოდნის შეძენის ბედნიერება.

დიდი ენთუზიაზმით ვუერთდები „ბათუმელების“ მნიშვნელოვან წამოწყებას და ზუსტად ვიცი, აჭარის მთის 65 სკოლაში ბიბლიოთეკები სულ მალე გაივსება.

დააკლიკე და შეავსე ცარიელი თაროები სოფლის ბიბლიოთეკებში

ან გადმორიცხეთ ჩვენს ანგარიშზე

სს “საქართველოს ბანკი”, ბანკის კოდი:BAGAGE22;
ანგარიშის ნომერი: 
GE88BG0000000103117598
ა(ა)იპ თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი

თამარ იოსელიანი: საზღვაო სატრანსპორტო ჯაჭვის გაციფრულება შავ ზღვაზე რეგიონულ თანამშრომლობას გააღრმავებს

„საქართველოს პორტებში საპორტო საზოგადოების სისტემების (𝐏𝐂𝐒) დანერგვის მიზანშეწონილობის შესწავლის” პროექტის ინაუგურაცია გაიმართა ონლაინ სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ორგანიზებითა და საქართველოს ინვესტორთა საბჭოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით ჩატარდა.

ონლაინ შეხვედრა ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა და EBRD-ის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში ჰესტერ კოტანჩმა გახსნეს. მინისტრის მოადგილე მიესალმა მხარეებს და გამოხატა მადლიერება პროექტის მხარდაჭერისათვის. მან ხაზი გაუსვა პროექტის მნიშვნელობას ქვეყნის ტრანზიტული პოტენციალის ზრდისათვის.

შეხვედრაზე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა  თამარ იოსელიანმა „საქართველოს პორტებში საპორტო საზოგადოების სისტემების (𝐏𝐂𝐒) დანერგვის მიზანშეწონილობის შესწავლის” პროექტის განხორციელების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, 𝐏𝐂𝐒 – ეს არის ელექტრონული პლატფორმა, რომელიც აკავშირებს ნავსადგურის მართვის სხვადასხვა სისტემას პროფილურ სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებს შორის ინფორმაციის უსაფრთხო და სწრაფი გაცვლის მიზნით.

„საზღვაო სატრანსპორტო ჯაჭვის გაციფროვნება და გლობალურ მიწოდების ჯაჭვში სრულად ინტეგრირებისათვის ქართული ნავსადგურების ე.წ. “ერთი ფანჯრის სისტემა” (𝐌𝐒𝐖) უნდა დაუკავშირდეს ნავსადგურების გაერთიანებულ სისტემას (𝐏𝐂𝐒).

თუ საზღვაო “ერთი ფანჯრის პრინციპის” დანერგვის მიზანია გემის შემოსვლი-გასვლის პროცესის გაციფროვნება და პროცედურების გამარტივება, ნავსადგურის გაერთიანებული სისტემის დანერგვა – ოპტიმიზაციის, მართვისა და ავტომატიზაციის საშუალებით გამოიწვევს ლოგისტიკური ეფექტურობის ზრდას, მონაცემების ერთიანი წარდგენის, ტრანსპორტისა და ლოგისტიკური ჯაჭვების დაკავშირების გზით”, – განაცხადა შეხვედრაზე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა.

“აუცილებელია გვესმოდეს რამდენად მნიშვნელოვანია ერთიანი ძალისხმევა ყველა დაკავშირებული პროცესის ერთ ციფრულ პლატფორმაზე ინტეგრირებისათვის. ეს შეამცირებს ადმინისტრაციულ ტვირთს და არა მხოლოდ სატრანსპორტო ჰაბის, არამედ ურთიერთთანამშრომლობის ციფრული ჰაბის ფორმირებას შეუწყობს ხელს, რაც თავის მხრივ, გააღრმავებს შავ ზღვაზე რეგიონული თანამშრომლობას. ვიმედოვნებ, რომ  კერძო და საჯარო სექტორის მხარდაჭერითა და აქტიური მონაწილეობით შევძლებთ პროექტის წარმატებით განხორციელებას”, – აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

მან განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (𝐄𝐁𝐑𝐃) და საქართველოს ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ ამ პროექტის განხორციელების პროცესში.

აღსანიშნავია, რომ ონლაინ შეხვედრაში მონაწილეობდნენ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული ესტონურ – გერმანული ქართული კონსორციუმის წარმომადგენლებიც. აღნიშნულმა კომპანიამ 10 თვის განმავლობაში უნდა შეისწავლოს ასოცირებულ რეგიონულ სისტემებთან აღნიშნული ელექტრონული პლატფორმის ინტეგრირების შესაძლებლობები, მაგალითად, შავი ზღვისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ქვეყნებთან და ევროკავშირის სისტემებთან კოორდინაცია; ასევე მოამზადოს და საქართველოს მხარეს გადმოსცეს სტრატეგია და სახელმძღვანელო პრინციპები საქართველოში 𝐏𝐂𝐒-ის შემუშავების, განხორციელების და მართვის შესახებ.

სიცხე და ძლიერი ქარი საქართველოში – სინოპტიკოსების გაფრთხილება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ჰაერის ტემპერატურამ დასავლეთ საქართველოში 6-7 აგვისტოს შესაძლებელია 40 გრადუსს, ხოლო 7-9 აგვისტოს აღმოსავლეთ საქართველოში 39 გრადუსს გადააჭარბოს.

„6 – 7 აგვისტოს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობსა და გორი-სურამის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

ჰაერის მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი ხელს შეუწყობს ტყის ხანძრების გაჩენას“ – იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.

დღეს, 4 აგვისტოს, საგანგებო განცხადება გაავრცელა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა:

„იზრდება ტყისა და მინდვრის ხანძრების გაჩენის რისკი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, არ დაანთოთ ცეცხლი სასოფლო სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს და არ დატოვოთ ცეცხლის კერები უყურადღებოდ.

გასათვალისწინებელია, რომ საყოფაცხოვრებო ნარჩენებს თვითაალება შეუძლიათ, შესაბამისად ნუ დაანაგვიანებთ გარემოს“.

რაც შეეხება ტემპერატურას ბათუმში, აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, ხვალ ბათუმში და აჭარის ტერიტორიაზე +32 გრადუსია მოსალოდნელი, გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებგვერდის ცნობით კი ამ კვირაში ყველაზე ცხელი დღე ბათუმში პარასკევი იქნება, როცა ჰაერის ტემპერატურა +36 გრადუსს მიაღწევს.

ამავე თემაზე: 

როგორ დავიცვათ ბავშვები ცხელ ამინდში და სხვა საზაფხულო რეკომენდაციები

თურქეთში ხანძრის გამო 16 603 ადამიანია ევაკუირებული

სამხრეთ თურქეთის დასახლებულ ნაწილში გაჩენილი ხანძრის გამო მოსახლეობის ნაწილის ევაკუაცია გახდა საჭირო. ქვეყანა მეორე კვირაა ტყეების მასიურ ხანძარს ებრძვის ქვეყნის ექვს პროვინციაში.

3 აგვისტოს, სამშაბათს, თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ განაცხადა, რომ ქვეყნის სამხრეთით გაჩენილი ხანძრის გამო ევაკუირებულია 16,603 ადამიანი.

მედიის ცნობით, ხანძრის შედეგად სულ მცირე რვა ადამიანი დაიღუპა.

ბოლო მონაცემებით თურქეთში ათეულობით ხანძრის კერიდან სულ 13-ია დარჩენილი, მაგრამ მეხანძრეებს უჭირთ ცეცხლის დამორჩილება გაძლიერებული ქარის გამო. 

ზომითა და სიჩქარით ყველაზე მძლავრი ხანძრის კერები ანტალიის რაიონებში, მანავგატსა და გუნდოღმუშში, ასევე მუღლას რაიონებში – მარმარისსა და მილასშია.

„კლიმატის ცვლილება აჩქარებს ტყეებში ორგანული მასალების გაშრობას და ეს, თავის მხრივ, აუარესებს პოტენციურ ხანძარს. ხანგრძლივი გვალვა და გრძელი ზაფხული, რაც კლიმატის ცვლილებით არის გამოწვეული, ნიშნავს, რომ ჩვენ ვიხილავთ ხანძრის ხანგრძლივ სეზონებს”, – განაცხადა dailysabah-თან საუბრისას ბაჰჩეშეჰირის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა კანან აკარმა.

თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეტინ კოჩამ განაცხადა, რომ ხანძრის შემდეგ ანტალიაში საავადმყოფოში რჩება 11 ადამიანი, გაიწერა 598 ადამიანი.

კოჩამ ტვიტერზე დაწერა, რომ მუღლაში გაჩენილი ხანძრით მიღებული დაზიანებებით 36 ადამიანი კვლავ საავადმყოფოში რჩება, ხოლო 271-ს უკვე აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება და გაეწერნენ.

თურქეთის გარდა, ექსტრემალურმა ამინდმა გააძლიერა ტყის ხანძარი საბერძნეთში, ალბანეთსა და იტალიაში.

____________

ფოტო: ხანძარი თურქეთში. ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/ERDEM SAHIN

ბათუმში კლინიკებში კოვიდით ინფიცირებულ 70-მდე ბავშვს მკურნალობენ

4 აგვისტოს დილის 10 საათის მდგომარეობით, ბათუმში, იაშვილის სახელობის დედათა და ბავშვთა  ჰოსპიტალში კოვიდით ინფიცირებული ბავშვებისთვის გათვალისწინებული 59-ვე ადგილი შევსებულია. ასევე, 15 ბავშვს მკურნალობენ კორონავირუსზე ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ დღეს დილიდან დაიწყო გამოჯანმრთელებული ბავშვების საავადმყოფოებიდან გაწერის  პროცესიც და „საავადმყოფოებში ადგილების პრობლემა ამ დროისთვის არ არის“.

გარდა ამისა ბათუმში, დედათა და ბავშვთა  ჰოსპიტალში, დილის 10 საათის მდგომარეობით რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდა 9 ბავშვი. სამინისტროს განმარტებით, ამ შემთხვევაშიც დაწყებულია ბავშვების პალატებში გადაყვანის პროცესი.

„დინამიკური პროცესია, ბავშვები შემოდიან და გადიან. ადგილების პრობლემა არ არის,“ – განაცხადეს სამინისტროში.

საბერძნეთში ხანძარს ებრძვიან | ფოტო

ძლიერი ხანძრის შედეგად საბერძნეთში, ჩრდილოეთ ატიკაში, ათეულობით ჰექტარი დაიწვა – მათ შორის ტყეები და ასამდე საცხოვრებელი სახლი. გუშინ, 3 აგვისტოს, ასობით ადამიანის ევაკუირება მოხდა ხანძრის გამო, 500-მდე მეხანძრე ებრძოდა ცეცხლს.

დღეის მონაცემებით ხანძრის ძირითადი ნაწილი ლოკალიზებულია, თუმცა ხანძრის კერები რჩება და მეხანძრე-მაშველები აგრძელებენ მუშაობას.

ბოლო დღეებში საბერძნეთში ხანძრის რამდენიმე კერა გაჩნდა სხვადასხვა ადგილას, რის მთავარ მიზეზადაც ჰაერის მაღალი ტემპერატურა სახელდება.

ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/YIANNIS KOLESIDIS
ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/YIANNIS KOLESIDIS
ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/YIANNIS KOLESIDIS
ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/YIANNIS KOLESIDIS
ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/YIANNIS KOLESIDIS

მათემატიკაში ეროვნული გამოცდების შედეგები გამოქვეყნდა

გამოცდების ეროვნული ცენტრი მათემატიკაში ჩატარებული გამოცდების შედეგებს აქვეყნებს. აბიტურიენტი შედეგის გასაცნობად უნდა შევიდეს აღნიშნულ ვებგვერდზე და შესაბამის ველში მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი.

პირად გვერდზე გამოსაცდელს ექნება საკუთარი ნაშრომის ასლისა და კონკრეტულ საგანში მიღებული პირველადი, „ნედლი“ ქულის ნახვის შესაძლებლობაც.

ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება საპრეტენზიო განაცხადების განხილვის, ქულების გათანაბრებისა და სკალირების შემდეგ.

მათემატიკაში ტესტის მაქსიმალური ქულაა 51. აბიტურიენტს საგამოცდო საგანი ჩაბარებულად ჩაეთვლება, თუ ქულათა გათანაბრების შემდეგ მისი ქულა გახდება ამ საგნისათვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 20%-ზე მეტი (10.20-ზე მეტი).

შედეგების გაცნობა შესაძლებელია მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც, ამისათვის აპლიკანტმა მობილური ტელეფონიდან [მაგთი, ჯეოსელი] საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი (ბარათზე მითითებული ცხრანიშნა კოდი) უნდა გააგზავნოს ნომერზე: 93333 [ამ დროს ანგარიშიდან ჩამოგეჭრებათ მომსახურების საფასური – 50 თეთრი].

მოქმედებს ცხელი ხაზიც: (032) 2473333

__

2021 წლის ეროვნულ გამოცდებზე 38 300 აბიტურიენტი დარეგისტრირდა. რაც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის გასული წლის მონაცემებთან შედარებით, 1000 აბიტურიენტით ნაკლებია.

აჭარის კოვიდკლინიკებში ამ დროისთვის 110 თავისუფალი საწოლია

4 აგვისტოს დილის მონაცემებით აჭარის კოვიდკლინიკებში 110 თავისუფალი საწოლია. ამ დროისთვის კოვიდკლინიკებში 725 პაციენტი მკურნალობს, მათგან 18 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა.

აჭარაში ასევე არის 14 კოვიდსასტუმრო, სადაც ამ დროისთვის 820 ინფიცირებულია მოთავსებული. კოვიდსასტუმროებში 4 აგვისტოს მონაცემებით 55 თავისუფალი ადგილია.

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსი 591 ადამიანს დაუდასტურდა.

ამავე თემაზე:

მსოფლიოში მე-5 ადგილზე კოვიდის გავრცელებით – როგორ ესმის ღარიბაშვილს პანდემიის მართვა

 

 

დოკუმენტების გაყალბებისთვის 1 პირი დააკავეს და 3 პასუხისგებაში მისცეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების ჯგუფურად დამზადება-გამოყენებისა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სახელმწიფოს მოტყუებით დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ბრალდებულის სახით სამი პირი პასუხისგებაში მისცეს.

„გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღებისა და დღგ-ს ყალბი აქტივების შექმნის მიზნით, მათი მართვის ქვეშ მყოფი 10-მდე კომპანიის სახელით, გაწერეს ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, თითქოსდა ურთიერთშორის განახორციელეს სხვადასხვა სახის მომსახურების მიწოდება, რა გზითაც მათსავე კომპანიებს შეუქმნეს ჯამში 318 503 ლარის ოდენობის ყალბი აქტივი, რაც შემდგომში გამოიყენეს კომპანიების საბიუჯეტო ვალდებულებების დასაფარად,“ – აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 185-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.

წიგნებით კარდაკარ | თაკო როდონაია

ავტორი: თაკო როდონაია, საკომუნიკაციო ჯგუფ “ანაგრამას“ თანადამფუძნებელი

___

ბევრი წლის წინ, ერთ საერთაშორისო გამოფენაზე მოვხვდი. მთავარი სივრცის ცენტრალურ ნაწილში წიგნების ფერადი და ლაპლაპა მანქანა იდგა. მაშინ, პირველად, ცხადად დავინახე, როგორი შეიძლება ყოფილიყო ჩემი საოცნებო სამსახური; იმ ლამაზი მანქანით, კარდაკარ მოსიარულე, ადამიანებთან ფიქრის ხელშემწყობი მოწყობილობის მიმტანი. დიახ, ზუსტად ასეთი მისია აქვთ წიგნებს;

მარტივი და თანდაყოლილი უნარით, ფიქრით, მნიშვნელოვანი თავსატეხები ამოგვახსნევინოს, ჩვენ მიღმა სხვა ადამიანებიც დაგვანახოს, ცოტათი სხვანაირები გაგვხადოს. ისიც კარგად მახსოვს, ერთმა ჭკვიანმა ადამიანმა რომ თქვა, ფიქრი დიდი შრომაა და ყველა არ არის თანახმა ეს ძალისხმევა გასწიოსო.

თუმცა, მე მაინც ჯიუტად ვეცდებოდი, იმ ლამაზი მანქანით ადამიანებისთვის ფიქრის მრავალფეროვანი საბაბები, წიგნები მიმეტანა და თუნდაც სულ რამდენიმე დაფიქრებული ადამიანი ჩემს დიდ მიღწევად ჩამეთვალა.

უფრო ნაკლები წლის წინ, ამოძრავებული წიგნები  აქტიურად შემოვიდნენ ჩემს ცხოვრებაში; ეროვნული ბიბლიოთეკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტის, ეკვილიბრიუმის თანამონაწილე მეც გავხდი. სოფელ-სოფელ, კარდაკარ წიგნების მიტანა, ადამიანების სურვილებზე დაკვირვება, წამოსვლა, კვლავ მიბრუნება და წიგნებთან გაშინაურებულ ადამიანებთან ურთიერთობა, განსაკუთრებული ამბავია.

სწორედ ამიტომ, ყველა ახალი ინიციატივა და სურვილი, წიგნებმა ადამიანების ცხოვრებაში თავისი კუთვნილი ადგილი დაიმკვიდრონ, დიდი ნაბიჯის გადადგმა მგონია და იმ მრავალი წლის წინ ნანახი, ახლა კი  ამოძრავებული  მანქანის თაროზე მორიგი საფიქრალი წიგნის დატოვებას, ჩემს ახალ ჩვევად აუცილებლად ვაქცევ.

დააკლიკე და შეავსე ცარიელი თაროები სოფლის ბიბლიოთეკებში

ან გადმორიცხეთ ჩვენს ანგარიშზე

სს “საქართველოს ბანკი”, ბანკის კოდი:BAGAGE22;
ანგარიშის ნომერი: 
GE88BG0000000103117598
ა(ა)იპ თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი

 

 

აჭარაში კოვიდის 591 ახალი შემთხვევა დადასტურდა

4 აგვისტოს მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში დადასტურდა კორონავირუსის 591 ახალი შემთხვევა.

მთავრობის ცნობით, ამ დროისათვის აჭარაში 725 პაციენტი იმყოფება კოვიდკლინიკებში, მათგან 18 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა.

აჭარაში 820 ინფიცირებულია კოვიდსასტუმროში, თვითიზოლაციაში იმყოფება  453 პირი. 

დღეს საქართველოში კორონავირუსის 4233 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

 

დადასტურდა კოვიდის 4233 ახალი შემთხვევა | 4 აგვისტო

4 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 4233 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

გასულ დღე-ღამეში საქართველოში 38 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით.

3 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.36 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 7.65 % ხოლო 7 დღის მანძილზე – 8.35 %.

საავადმყოფოში მეთვალყურეობის ქვეშაა 6045 ინფიცირებული პაციენტი. 

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 233 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 924 შემთხვევა, აჭარაში – 591, იმერეთში – 518, ქვემო ქართლში – 200, შიდა ქართლში – 185, გურიაში – 107, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 222, კახეთი – 270, მცხეთა-მთიანეთში -92, სამცხე-ჯავახეთში – 97, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 27.

 

ბათუმში უახლოეს დღეებში უნალექო ამინდი იქნება | ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, აჭარაში 4 აგვისტოს 21 საათიდან 5 აგვისტოს 21 საათამდე მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 27 – 32 გრადუსი
  • ღამით: 18 – 23 გრადუსი

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 20 – 25 გრადუსი სითბო
  • ღამით: 10 – 15 გრადუსი სითბო

ზღვის წყლის ტემპერატურა +28 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში მომდევნო ორ დღეს,  6-7 აგვისტოს, უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

იზრდება ხანძრის გაჩენის რისკი, მოსალოდნელია ტემპერატურის მკვეთრი მატება – საგანგებო

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ერთი კვირის განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით მოსალოდნელია ტემპერატურის მკვეთრი მომატება.

„იზრდება ტყისა და მინდვრის ხანძრების გაჩენის რისკი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, არ დაანთოთ ცეცხლი სასოფლო სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს და არ დატოვოთ ცეცხლის კერები უყურადღებოდ.

გასათვალისწინებელია, რომ საყოფაცხოვრებო ნარჩენებს თვითაალება შეუძლიათ, შესაბამისად ნუ დაანაგვიანებთ გარემოს.

დაკვამლიანების ან ცეცხლის შემჩნევის შემთხვევაში კი დაუყოვნებლივ აცნობეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ს“ – იუწყება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

ბათუმის მერია „სტრატეგიულ ადგილას“, ჭავჭავაძის ქუჩაზე სერვისცენტრს ყიდის

ბათუმის მერია ყიდის ფართობს, სადაც მერიის სერვისცენტრი ფუნქციონირებს. ქალაქის ცენტრში, როგორც ბათუმის საკრებულოს წევრებმა უწოდეს „სტრატეგიულ ადგილზე“, 107,30 კვ.მეტრ ფართობს პირობიანი აუქციონის წესით ყიდიან.

მერია აცხადებს, რომ ბათუმში, ჭავჭავაძის #75-ში მდებარე შენობა „მოძველებულია, არ შეესაბამება თანამედროვე მოთხოვნებს“ და ახალ შენობას სერვისცენტრის მოსაწყობად სხვაგან ააშენებენ.

მერიაში ასევე განმარტეს, რომ ამ უძრავი ქონების პრივატიზებით ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში  თანხის მობილიზება მოხერხდება: „რაც შექმნის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების ახალი სერვისცენტრების მშენებლობის დაჩქარების დამატებით შესაძლებლობებს“.

მერიის განმარტებით, „მოძველებულ შენობას“ აუქციონის წესით გაასხვისებენ. აუქციონის პირობად ჩაიწერება, რომ ქონების შემძენმა ფართობის დაცლა არ უნდა მოითხოვოს, ვიდრე მერია თავის თანამშრომლებს „მოძველებული შენობიდან“ ახალაშენებულ შენობაში არ გადაიყვანს, ან თუ მოითხოვს, მაშინ მერიას სერვისცენტრისთვის ფართობი უნდა დაუქირავოს, ვიდრე ახალი სერვისცენტრის მშენებლობა არ დასრულდება.

სერვისცენტრისთვის ახალი ოფისის მშენებლობის დასრულების ვადად მერიას 2022 წლის 31 დეკემბერი აქვს მითითებული.

„ნამყოფი ვარ მაქ, შენობა ნამდვილად ავარიულია და რადგან სტრატეგიულ ადგილზეა, კარგი იქნება თუ ძვირად გაიყიდება“ – თქვა დღეს სხდომაზე, საკრებულოს წევრმა ზურაბ ნაკაიძემ. თუმცა მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ შენობა ავარიული არ არის.

ამ საკითხზე კითხვა მხოლოდ ნატალია ძიძიგურს ჰქონდა: „მაქ ალბათ აშენდება და გვერდით მცხოვრებლები ამაზე რას ფიქრობენ?“ – ამ კითხვის პასუხად საკითხის მომხსენებელმა თქვა ის, რაც არც განკარგულების პროექტში და არც განმარტებით ბარათში არ წერია.

„ჩვენი ფართობი მხოლოდ 101 კვადრატული მეტრია და სხვა მესაკუთრეებთან გაერთიანების გარეშე იქ ფიზიკურად ვერ აშენდება“, – განაცხადა მერიის ქონების მართვის სამსახურის უფროსმა.

„მშენებლობა შესაძლებელია მხოლოდ გასაყიდი მიწის მეზობლად არსებული ნაკვეთების მეპატრონეებთან შეთანხმებით“ – მსგავსი პირობით ქონების გაყიდვა დამკვიდრებული პრაქტიკაა.

არსად წერია და არც მერიას განუმარტავს, ვინ არის დაინტერესებული კონკრეტული ადგილის შეძენით.

ჭავჭავაძის #75-ში მდებარე ნაგებობა ჯამში 558 კვ.მეტრია. რეესტრის მონაცემებით, აქ მცირე ზომის ფართობები 20-მდე მესაკუთრეს აქვს გადანაწილებული. ყველაზე დიდი ფართობი კი მერიას ეკუთვნის.

შენობის გაგრძელებაზე 15-სართულიანი კორპუსია აშენებული. თუ აქ იმავე მასშტაბის მშენებლობა დაიგეგმება, ფაქტობრივად გარემო შეეცვლება აქვე მდებარე საბავშვო ბაღის შენობას და მის ეზოს.

ბეჭდური წიგნი შეუცვლელია – მუდმივად ასაზრდოებს ადამიანის სულიერებას | ტარიელ ნაკაიძე

ავტორი: ტარიელ ნაკაიძე, საქართველოს პარლამენტის წევრი
___ 


ჯანსაღი, გონებაგახსნილი, განვითარებული, მაღალი ღირებულებებით გაჯერებული, მომავალსა და ადამიანზე ორიენტირებული, სოლიდარული, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე საზოგადოების მშენებლობა მყარი და მედეგი განათლებით არის შესაძლებელი. ამის ფუნდამენტი კი წიგნია.

ჩემი დაკვირვებით, სოფლებში და განსაკუთრებით მაღალმთიან აჭარაში, წიგნების მიმართ ინტერესი ახალგაზრდა თაობაში უფრო და უფრო იზრდება. მიუხედავად იმისა, რომ ელექტრონული წიგნები მეტ-ნაკლებად ხელმისაწვდომი ხდება, ის ნაბეჭდ წიგნს მაინც ვერ უწევს კონკურენციას. ბეჭდური წიგნი შეუცვლელია – მუდმივად ასაზრდოებს ადამიანის სულიერებას და მას, ჯერჯერობით, ნამდვილად ვერაფერი ანაცვლებს.

რაც შეეხება წიგნების „სახლს“ – ბიბლიოთეკა არის შესაძლებლობა, როდესაც ნებისმიერი დაინტერესებული ადამიანისთვის ხელმისაწვდომი ხდება სასურველი წიგნი, მისთვის საინტერესო სამყაროში სამოგზაუროდ, ახალი ფანტაზიებისა და თავგადასავლების შესაგრძნობად და გასაცნობად. ცნობიერების გახსნასთან ერთად, წიგნიერი ადამიანის აზროვნების თანმდევი ხდება მრავალფეროვანი სამყაროს, როგორც სიმდიდრის, აღმოჩენა/შემჩნევა

პროექტი მოძრავი ბიბლიოთეკა საუკეთესო წამოწყებაა, რომელსაც სჭირდება თანადგომა და გაძლიერება. ის სოფლის ახალგაზრდებს და, ზოგადად, მკითხველს აძლევს შანსს გახდეს წიგნისმიერი სამყაროს განუყოფელი ნაწილი, აღმოჩენების ახალ და ახალ სამყაროში იმოგზაუროს.

ეს პროექტი, ნაცნობი თუ უცნობი წიგნებით, გონებრივი კვების წყაროდ შესაძლოა იქცეს. სწორედ ამიტომ, წარმატებას ვუსურვებ მოძრავ ბიბლიოთეკას და სრულ თანადგომას ვუცხადებ მას. 

დააკლიკე და შეავსე ცარიელი თაროები სოფლის ბიბლიოთეკებში

ან გადმორიცხეთ ჩვენს ანგარიშზე

სს “საქართველოს ბანკი”, ბანკის კოდი:BAGAGE22;
ანგარიშის ნომერი: 
GE88BG0000000103117598
ა(ა)იპ თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი

242 მეტრი სიმაღლე და 72 სართული – ახალი, ყველაზე მაღალი თაუერი ბათუმში

ბათუმის ცენტრში, იუსტიციის სახლთან ახლოს, შპს „მეტრო ჰოლდინგთან“ დაკავშირებული კომპანია 72-სართულიანი სასტუმრო კომპლექსის, West Tower-ის მშენებლობას გეგმავს.

კომპანიის დირექტორის ინფორმაციით, „ეს იქნება ყველაზე მაღალი შენობა არამხოლოდ ბათუმში, არამედ მთელ კავკასიაში“.

კომპანიამ მერიას პროექტის დეტალური განაშენიანების გეგმის პროექტის ინიცირების თაობაზე უკვე მიმართა.

კომპანიის დირექტორის, რაულ კახაძის ინფორმაციით, განხორციელდება 150 მილიონი დოლარის ღირებულების ქართულ-ჩინური ინვესტიცია.

პირველადი პროექტის მიხედვით, შენობა ორი მაღალი კარკასისგან შედგება, ხოლო მისი მოშენების ფართობი 1075 კვ.მეტრია. ექნება რეკრეაციული სივრცე და პარკინგი. კომპლექსი გააერთიანებს სასტუმროს, აპარტამენტებს, ბიზნესცენტრს, სავაჭრო ცენტრს.

„ყველაფერი იქნება რეგულაციების შესაბამისად“, – განმარტა რაულ კახაძემ.

პროექტის რენდერი

კომპანია გეგმავს სასტუმროების საერთაშორისო ბრენდის – Ritz Carlton – ის  შემოყვანას.

შენობის მასშტაბიდან გამომდინარე, კომპანიის დირექტორს ასევე ვკითხეთ უსაფრთხოების წესებზე. დავინტერესდით, შესწავლილია თუ არა გრუნტის მდგრადობა. რაულ კახაძის ინფორმაციით, ზოგადი შესწავლით „პრობლემა არ არის, დეტალური შესწავლა კი ახლაც მიმდინარეობს“.

ჯერ კიდევ არ არის განსაზღვრული, ვინ იმუშავებს პროექტზე. კომპანიის დირექტორი ამბობს, რომ მოლაპარაკებები აქვთ გამოცდილ კომპანიასთან, თუმცა გადაწყვეტილება არ მიუღიათ.

7023 კვ/მეტრი მიწის ნაკვეთი ბათუმში, ფიროსმანის #12-ში სს „დე ჯგუფმა“ 30 მილიონ ლარად და სასტუმროს მშენებლობის პირობით შეისყიდა. „დე ჯგუფი“ „მეტრო ჰოლდინგთან“ დაკავშირებული კომპანიაა. „მეტრო ჰოლდინგს“ გალიფ ოზთურქი ფლობს. ის ბათუმში სასტუმროებისა და აპარტოტელების ქსელის მფლობელია.

შენიშვნა: სათაურში თავდაპირველად ეწერა, რომ შენობის სიმაღლე 142 მეტრი იქნება, თუმცა West Tower-ის პროექტის სიმაღლე 242 მეტრია.

 

მშენებლობის ადგილი

ვინ გადაიხადა 30 მილიონი მიწის ნაკვეთში – კიდევ ერთი თაუერი ბათუმის სანაპიროზე

 

ქორწილში გამოძახებული პატრული, ანუ რატომ არ აჯარიმებს პოლიცია ორგანიზატორს

ქორწილების და სხვა მასშტაბური ღონისძიებების მოწყობა კანონით აკრძალულია, თუმცა პოლიცია ამ დარღვევაზე არ რეაგირებს. სარიტუალო დარბაზებში ყოველდღიურად ასობით ადამიანი უპრობლემოდ ესწრება ქორწილს, პარალელურად კი, კოვიდის გავრცელების მაჩვენებელი კატასტროფულად იზრდება – დღეს, მაგალითად, 100 000 მოსახლეზე კორონავირუსის გავრცელების დინამიკით საქართველო მსოფლიოში მე-5 ადგილზეა.

სარიტუალო დარბაზების მესაკუთრეები მედიასთან არც მალავენ, რომ ქორწილები შეუზღუდავად იმართება.

დააჯარიმა თუ არა პოლიციამ, მაგალითად, სარიტუალო დარბაზის მესაკუთრე, სადაც გუშინ, 2 აგვისტოს ქორწილს პოლიციელებიც შეესწრნენ? – კითხვით შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრს მივმართეთ. მოქალაქემ ერთ-ერთ სარიტუალო დარბაზთან გადაღებული ვიდეო გამოგვიგზავნა და გვითხრა, რომ ქორწილში ატეხილი ხმაურის გამო პოლიცია გამოიძახეს. ვიდეოში ჩანს ხალხმრავლობა და 10-ზე მეტი პოლიციელი სარიტუალო დარბაზთან, ისინი მოქალაქეებს ესაუბრებიან.

კანონით, პოლიცია ვალდებულია 2 ათასი ლარით დააჯარიმოს ადამიანი, რომელიც ქორწილს გამართავს. რაც შეეხება სარიტუალო დარბაზს, რომელიც ქორწილის უზრუნველყოფისთვის კანონით 10 ათასი ლარით უნდა დაჯარიმდეს, ქორწილის ორგანიზატორებმა გამოსავალი იპოვეს – კერძო პირსა და სარიტუალო დარბაზს შორის ფორმდება ქირავნობის ხელშეკრულება. შესაბამისად, მთელი პასუხისმგებლობა ქორწილის ორგანიზატორზე გადადის, რომელიც მხოლოდ 2 ათასი ლარით ჯარიმდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრიდან არ მოგვაწოდეს ინფორმაცია, პირდაპირ ქორწილში აღმოჩენილმა პატრულმა თუ დააჯარიმა ვინმე აკრძალული „სოციალური ღონისძიებისთვის“.

3 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 4827 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გასულ დღე-ღამეში საქართველოში 34 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით.

მსოფლიოში მე-5 ადგილზე კოვიდის გავრცელებით – როგორ ესმის ღარიბაშვილს პანდემიის მართვა

იზოლაციის, კარანტინისა და პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო დაკისრებული ჯარიმებისგან გათავისუფლების შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ივნისის ბოლოს განაცხადა. ასევე გააუქმა მთელი რიგი შეზღუდვები – ჩვენი ეკონომიკა მორიგ ჩაკეტვას ვერ გაუძლებსო. შინაგან საქმეთა სამინისტრო აღარ აქვეყნებს ინფორმაციას, მოქმედი რეგულაციების დარღვევის ფაქტებზე, რამდენი პირი დააჯარიმეს. მანამდე უწყება ამას მთელი წლის განმავლობაში თითქმის ყოველ დღეს აქვეყნებდა.

შერბილდა სახელმწიფოს მხრიდან მუნიციპალურ და საქალაქთაშორისო ტრანსპორტში პირბადის ტარების კონტროლიც. ყოველ შემთხვევაში, ბათუმის მუნიციპალურ ტრანსპორტში – ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში პირბადეს პრაქტიკულად არავინ ატარებს.

ამ ვითარებაში ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები მოქალაქეებს მოუწოდებენ, რომ „ქორწილებში ნუ წავლენ“. არადა, მაგალითად ბათუმში, მინიმუმ ორჯერ იყო ისეთ ფაქტი, როდესაც ქორწილში ჩხუბის გამო გამოიძახეს პოლიცია. ადგილზე მისული სამართალდამცავები არც კი დაინტერესებულან, რატომ ტარდება აკრძალული „სოციალური ღონისძიება“. დაჯარიმებაზე ხომ საუბარიც ზედმეტია.

შესაბამისად, გვაქვს ვითარება, როცა შეზღუდვები გაუქმებულია, რეგულაციებს [მაგალითად, პირბადის ტარება] თითქმის არავინ იცავს, არსებული რეგულაციების დარღვევას არავინ აკონტროლებს, ხოლო დღეს კოვიდით დაინფიცირების 4 827 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

კორონავირუსის გავრცელების ბოლო დინამიკით, 100 000 მოსახლეზე საქართველო მსოფლიოში მე-5 ადგილზეა. რაც შეეხება გარდაცვალების დღიურ მაჩვენებელს 100 000 მოსახლეზე შეწონილი მონაცემებით საქართველო ბოლოდან მე-11 ადგილზეა. გარდაცვალების მაჩვენებლის დინამიკით საქართველოს მხოლოდ კუბა, ინდონეზია, მიანმარი, ეკვადორი, პარაგვაი, ფიჯი, ბოტსვანა, ნამიბია, ტუნისი და ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები უსწრებენ.

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, ვაქცინაციის პარალელურად, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ერთ-ერთ მთავარ საშუალებად პირბადის ტარებას და მოქმედი რეგულაციების დაცვას ასახელებს.

ჯანდაცვის სექტორი დღეს, 3 აგვისტოს, აცხადებს, რომ ვირუსის გავრცელების პიკში ვართ და არსებული რეგულაციები მკაცრად უნდა იქნას დაცული.

კითხვაზე, რატომ არ აკონტროლებენ რეგულაციების დაცვას მკაცრად, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე ჟურნალისტებს პასუხობს, რომ ის აღმასრულებელი არ არის.

ბათუმის მაგალითზე, აღმასრულებელი, რომელსაც საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარების კონტროლი ევალება, ძირითადად, მერიის მუნიციპალური ინსპექციაა.

„ბათუმელებმა“ შესაბამის უწყებებში გადაამოწმა და აღმოჩნდა, რომ ბათუმში ყოველდღიურად 122 მუნიციპალური ავტობუსი და 250-მდე სამარშრუტო მიკროავტობუსი მოძრაობს. დღეს, 3 აგვისტოს კი, ამ 370 მუნიციპალურ ტრანსპორტში პირბადის ტარებას ინსპექციის მხოლოდ 8 ჯგუფი, ანუ 16 ადამიანი ამოწმებს.

„ვაკონტროლებთ მაქსიმალურად, რაც შეგვიძლია. ამჟამად ოთხ ლოკაციაზე გვყავს ორ-ორი კაცი, დღის განმავლობაში იცვლება ლოკაციებიც და ცვლებში მუშაობენ, ვინაიდან დიდია ტრანსპორტის მუშაობის გრაფიკი და შესაბამისად მორიგეობენ. არის ისეთი დღეებიც, როცა გაცილებით მეტიც მუშაობს ამ კუთხით, ანუ ჯგუფები ემატება, მაგალითად, როცა 12 ჯგუფი მუშაობს“, – გვითხრეს ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციაში.

მუნიციპალურ ტრანსპორტში პირბადის ტარების კონტროლის გამკაცრება დღეს, 3 აგვისტოს, ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელს და მერობის კანდიდატს „ქართული ოცნებიდან“, არჩილ ჩიქოვანსაც მოსთხოვეს საკრებულოში.

„ეს სამედიცინო პერსონალის მოთხოვნაც არის, ასევე რეპლიკის სახით დავამატებ, რომ ავტობუსებში პირბადე არავის უკეთია“, – განაცხადა სხდომაზე საკრებულოს წევრმა ნატალია ძიძიგურმა.

ამ საკითხს საკრებულოს სხვა წევრებიც გამოეხმაურნენ. მათ მერის მოვალეობის შემსრულებელს რეგულაციების კონტროლის გამკაცრება მოსთხოვეს.

თავის მხრივ, არჩილ ჩიქოვანმა განაცხადა, რომ მერია ყველაფერს აკეთებს კორონავირუსის პრევენციის მიზნით: „ჩვენ რეგულაციების დაცვის წასახალისებლად პირბადეების დარიგებაც დავიწყეთო“ .

ხომ არ აპირებს მუნიციპალური ინსპექცია ტრანსპორტში პირბადის ტარების წესის კონტროლის გამკაცრებას? – ეს შეკითხვა ინსპექციას დავუსვით.

„გამკაცრებული გვაქვს ნამდვილად… ჩვენ სხვა მიმართულებებიც გვაქვს – პარკირება და და ა.შ. ამიტომ მაქსიმალურად ვაკონტროლებთ შესაძლებლობების ფარგლებში. ვარიგებთ კიდეც პირბადეებს, გუშინაც დავარიგეთ, დღესაც დავარიგეთ იმათზე, ვისაც არ უკეთია. თუ არ იკეთებს პირბადეს, ვაჯარიმებთ, ან ვატოვებინებთ ტრანსპორტს, სიტუაციას გააჩნია“, – გვითხრეს ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის პრესსამსახურში.

რამდენი პირი დააჯარიმეს ბათუმში ბოლო პერიოდში, ამ დროისთვის ინსპექციაში დათვლილი არ აქვთ. „მიმდინარე წელს, იანვრიდან ივნისის დასაწყისის ჩათვლით, 315 პირი დავაჯარიმეთო“, – გვითხრეს ინსპექციაში.

რაც შეეხება ღია სივრცეში პირბადის ტარებას, 22 ივნისიდან აღარ არის სავალდებულო. თუმცა, ძალაშია იზოლაციისა და კარანტინის წესები, რომლის დარღვევაც ასევე დაჯარიმებას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს კი, „კოვიდ 19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის ფაქტებზე“ ინფორმაცია 14 ივნისის შემდეგ საერთოდ აღარ გამოუქვეყნებია.

შსს თავისი ყოველდღიური განცხადებებით მოქალაქეებს მოუწოდებდა კიდევაც, რომ „დაეცვათ დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნებოდა კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები“.

სამინისტროს 14 ივნისიდან არც ამ შინაარსის განცხადება გაუვრცელებია.

იზოლაციაში მყოფ პირებს ადრე პოლიციაც აკონტროლებდა და ჯანდაცვაც. დღეს რა მექანიზმებს იყენებს სახელმწიფო, მაგალითად, იზოლაციის ან თვითიზოლაციის წესების დამრღვევების წინააღმდეგ? ამ კითხვაზე შს სამინისტროსგან პასუხს მიღების შემთხვევაში, აქვე შემოგთავაზებთ.

რაც შეეხება სამედიცინო სფეროს – იზოლაციაში მყოფი პირების შესახებ 112-დან შედის შეტყობინება ონლაინკლინიკაში [სპეციალურ პროგრამაში ფიქსირდება პირის მონაცემები, მისამართი და სხვა] და იზოლაციაში მყოფ პირს, უბნის მიხედვით, ონლაინკლინიკის ექიმი უკავშირდება ტელეფონით, ისიც ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე.

შესაბამისად, პირი იმყოფება თუ არა კონკრეტულ დროს იზოლაციის ადგილზე, ფაქტობრივად არ კონტროლდება.

3 აგვისტოს მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე 25 623 პირი გადის [აქედან აჭარაში – 1 998] თვითიზოლაციაში იმყოფება 24 246 ადამიანი [მათ შორის აჭარაში – 4 362].

სულ აცრილია – 523 466 ადამიანი.

საქართველოს კანონმდებლობით:

  • პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ჯარიმას 20 ლარის ოდენობით, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევა ითვალისწინებს 40 ლარით დაჯარიმებას.
  • იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა კი იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

3 აგვისტოს მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 634 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, აჭარის კოვიდკლინიკებში კი 691 ადამიანი იმყოფება [მათგან 114-ის მდგომარეობა მძიმეა]. აჭარაში კოვიდკლინიკებში სულ 706 საწოლია მობილიზებული

ამირან გამყრელიძემ დღეს განაცხადა, რომ ექიმები მკაცრი რეგულაციებს ემხრობიან, თუმცა, საკოორდინაციო საბჭო გადაწყვეტილებას კონსესუსით იღებს.

მისივე თქმით, თუ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების ზრდა გაგრძელდება, მაშინ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს მკაცრი შეზღუდვების შემოღების წინადადებით მიმართავენ.

____

მთავარი ფოტო: პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს კოვიდზე არ აცრილა. მან კოვიდი აპრილის დასაწყისში გადაიტანა

ბათუმში „ფაიზერის“ მეორე პარტიაც ამოიწურა – სად შეგიძლია აიცრა აჭარაში?

ბათუმში დღეს, 3 აგვისტოს, „ფაიზერის“ მეორე პარტიაც ამოიწურა.

აჭარაში „ფაიზერის“ ვაქცინის დაჯავშნა ამ ეტაპზე მხოლოდ შუახევში, ხულოსა და ქედაშია შესაძლებელი. შუახევში „ფაიზერზე“ ადგილები იწურება.

booking.moh.gov.ge-ს მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით „ფაიზერის“ სულ 2935 დოზაა დარჩენილი ამ დროისთვის [17:00 სთ].

ვაქცინაციის პროცესი გრძელდება „სინოფარმის“, „სინოვაკის“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინებით.

ბოლო მონაცემებით აჭარის რეგიონში სულ 59180 ადამიანია აცრილი.

დღეს, 3 აგვისტოს, საქართველოში კორონავირუსის 4827 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გასულ დღე-ღამეში საქართველოში 34 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით.

 

„ბათუმი მოლსა“ და „მეტრო სითიში“ 350-ზე მეტი მოქალაქე აიცრა

ბათუმის სავაჭრო ცენტრებში – “ბათუმი მოლსა” და “მეტრო სითიში” 350-ზე მეტი მოქალაქე აიცრა „სინოფარმით“ – ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ამცრელმა ჯგუფებმა ბათუმის სავაჭრო ცენტრებში ერთი კვირის წინ დაიწყეს მუშაობა.

ბათუმში „სინოფარმით“ ვაქცინაცია ასევე მიმდინარეობს „მედცენტრში“, N1 პოლიკლინიკაში, საოჯახო მედიცინის რეგიონულ ცენტრსა და თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის ცენტრში. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დღეიდან ვაქცინაციის პროცესს („სინოფარმითა“ და „სინოვაკით“) ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების ხუთი ამბულატორია შეუერთდა.

ხვალიდან „სინოფარმით“ ვაქცინაცია დაიწყება მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრში, ბათუმის N4-პოლიკლინიკასა და რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში.

დღეისათვის აჭარაში ვაქცინაცია ტარდება 24 სამედიცინო დაწესებულებასა და ორ სავაჭრო ცენტრში. მუშაობს 47 ამცრელი ჯგუფი.

უცხო ენებში ეროვნული გამოცდების შედეგები გამოქვეყნდა

გამოცდების ეროვნული ცენტრი უცხო ენებში ჩატარებული გამოცდების შედეგებს აქვეყნებს. აბიტურიენტი შედეგის გასაცნობად უნდა შევიდეს აღნიშნულ ვებგვერდზე და შესაბამის ველში მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი.

პირად გვერდზე გამოსაცდელს ექნება საკუთარი ნაშრომის ასლისა და კონკრეტულ საგანში მიღებული პირველადი, „ნედლი“ ქულის ნახვის შესაძლებლობაც.

ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება საპრეტენზიო განაცხადების განხილვის, ქულების გათანაბრებისა და სკალირების შემდეგ.

უცხოური ენების ტესტის მაქსიმალური ქულაა 80. აბიტურიენტს საგამოცდო საგანი ჩაბარებულად ჩაეთვლება, თუ ქულათა გათანაბრების შემდეგ მისი ქულა გახდება ამ საგნისათვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 20%-ზე მეტი (16 ქულაზე მეტი).

__

2021 წლის ეროვნულ გამოცდებზე 38 300 აბიტურიენტი დარეგისტრირდა. რაც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის გასული წლის მონაცემებთან შედარებით, 1000 აბიტურიენტით ნაკლებია.

რამაზ ზოიძე ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს

ქართველი მოჭიდავე ბერძნულ-რომაულ სტილში, რამაზ ზოიძე ტოკიოს ოლიმპიური თამაშებზე ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.

ზოიძემ დღეს დაიწყო ოლიმპიადაზე ასპარეზობა. მან მერვედფინალში კუბელი სპორტსმენი, 2016 წლის ოლიმპიური ოქროს მფლობელი ისმაილ ბორერო მოლინა დაამარცხა, მეორე დაპირისპირებაში სპორტსმენ ალ აბოიდთან მოიგო, ხოლო ნახევარფინალში ირანელ მუჰამედრეზა გერაის შეხვდა და დამარცხდა.

ზოიძე ხვალ ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.

რამაზ ზოიძე ოლიმპიური თამაშების დებიუტანტია, არის 5-გზის ევროპის და 3-გზის მსოფლიოს ჩემპიონი ჭაბუკებს, ახალგაზრდებსა და U23-ბს შორის, უფროსებს შორის საქართველოს ჩემპიონი.

______________

რამაზ ზოიძისა და ირანის სპორტსმენის ორთაბრძოლა. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/RITCHIE B. TONGO

მცენარეული ცხიმი სულგუნსა და იმერულში, ბიზნესოპერატორი დააჯარიმეს ბათუმშიც

მცენარეული ცხიმის შემადგენლობა რძის პროდუქტების 96 ნიმუშიდან 8 შემთხვევაში დაფიქსირდა. ლაბორატორიული კვლევის შედეგებს სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მცენარეული ცხიმის შემცველობა დაფიქსირდა სულგუნში, იმერულ ყველში, ქარხნულ ყველში, არაჟანში, ხაჭოსა და მაწონშიც.

ეს იმ რვა ობიექტის ჩამონათვალია, სადაც დარღვევა დაფიქსირდა:

  • ი.მ (ბოლნისი, სოფ. რატევანი) – სულგუნი (დამზადების თარიღი: 14/07/2021; ვარგისიანობის ვადა – 15 დღე);
  • ი.მ (ბოლნისი, სოფ. რატევანი) – სულგუნი (დამზადების თარიღი: 13/07/2021; ვარგისიანობის ვადა – 7 დღე);
  • შპს „წიფორა“ (ახალციხის მუნიციპალიტეტი, სოფ. ურაველი), ს/კ 424066003 – ყველი ქარხნული (დამზადების თარიღი: 02/06/2021; ვარგისიანობის ვადა – 31/07/2021წ);
  • რკ ქალთა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „დისველი“, ს/კ 425359444 – ყველი „იმერული“ (დამზადების თარიღი: 13/07/2021; ვარგისიანობის  ვადა – 14 დღე);
  • დისტრიბუტორი შპს “დავითი” (ქ.ბათუმი, ტაბიძის ქ. N 56) – კარაქი უმაღლესი ხარისხის, ცხიმის მასური წილი 82 % (დამზადების თარიღი 25/11/2020; ვარგისიანობის ვადა 12 თვე);
  • შპს.„რესპუბლიკა“ (თბილისი, ახვლედიანის ქ.;#26ა), ს/კ 406205592 – ხაჭო 9% (დამზადების თარიღი 17/05/2021; ვარგისიანობის ვადა – 29.05.2021);
  • შპს.„რესპუბლიკა“ (თბილისი, ახვლედიანის ქ. #26ა), ს/კ 406205592 – არაჟანი „რანინა“ 20% (დამზადების თარიღი:16/05/2021; ვარგისიანობის ვადა – 30.05.2021);
  • შპს ,,ფუდ ლაინ +“ (თბილისი, ქსნის ქუჩა №35) ს/კ 400255870 – „ბებოს მაწონი“, დამზადების თარიღი: 05/06/2021; ვარგისიანობის ვადა 9 დღე).

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ბიზნესოპერატორები დააჯარიმეს და მათ კონკრეტული პროდუქტების სურსათის რეალიზაციიდან ამოღება დაევალათ.

რძის და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით, რძის ნაწარმი მცენარეულ ცხიმს ან სხვა ნარევ ცხიმებს არ უნდა შეიცავდეს.

23 წლის ქალის გატაცებისთვის 4 პირს პატიმრობა ემუქრება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 1981 წელს დაბადებული თ.ნ., 1982 წელს დაბადებული ზ.ს., 1999 წელს დაბადებული გ.თ. და 1998 წელს დაბადებული შ.შ. თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თ.ნ.-მ, სამ თანამზრახველთან ერთად, მიმდინარე წლის 2 აგვისტოს, მცხეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებ, 1998 წელს დაბადებულ ა.კ.-ს, ცოლად მოყვანის მიზნით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა.

სამართალდამცველებმა ოთხივე პირი ცხელ კვალზე დააკავეს“ – წერს შსს.

გამოძიება 143-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კოვიდით გარდაცვლილთა 99,7 პროცენტი აუცრელი იყო – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ დღეს, 3 აგვისტოს განაცხადა, რომ გაანალიზეს საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა მაჩვენებლები.

„მინდა ერთი მთავარი გზავნილი გავაკეთო. გუშინ გაანალიზდა მთლიანად გარდაცვლილთა რაოდენობა და 99,7 პროცენტი, სამწუხაროდ, აუცრელი იყო.

მეორე მხრივ, გაანალიზდა ასევე, აცრილ მოსახლეობაში დაინფიცირების მაჩვენებელი. ეს არის 0,3 ორჯერ აცრილებს შორის და 0,9 – ერთხელ აცრილებში.

სრულად აცრილებში დაახლოებით 15-ჯერადი განსხვავებაა, ანუ აცრა 15 ჯერადობით იცავს.

1000 ადამიანში, ვინც აცრილია და დაემართება კოვიდი, შეიძლება დაიღუპოს ერთი, მაშინ როცა 1000 აუცრელ ადამიანში, რომელსაც დაემართება კოვიდი, დაღუპვის ალბათობა არის 15. 

ამიტომ აცრა არის ძალიან მნიშვნელოვანი“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

3 აგვისტოს მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის დიაგნოზით გარდაიცვალა 5910 ადამიანი.

ამ დროისათვის საქართველოში ვაქცინაცია მიმდინარეობს „სინოფარმის“, „სინოვაკის“, „ფაიზერის“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინებით.

3 აგვისტოს მდგომარეობით საქართველოში სრულად ვაქცინირებულია 165 084 ადამიანი, ჯამურად ჩატარდა 523 466 აცრა.

 

 

კოვიდის რეკორდული მაჩვენებლის მიუხედავად, გაბუნია ამბობს, რომ რეგულაციები არ გამკაცრდება

დღეს საქართველოში კორონავირუსის 4827 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც ბოლო პერიოდში რეკორდული მაჩვენებელია. დღეს, 3 აგვისტოს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო გაბუნიამ განაცხადა, რომ რეგულაციების გამკაცრება სტატისტიკის ზრდის მიუხედავად არ იგეგმება.

მისი თქმით, ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია აღსრულდეს არსებული შეზღუდვები.

„პირბადის გამოყენება როგორც გარე, ისე დახურულ სივრცეში, არის მკაცრად რეკომენდებული,“ – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ჟურნალისტებმა მას კითხვა დაუსვეს ბოლო ხანში გამართულ ქორწილებთან დაკავშირებით, რაც სავარაუდოდ არის ეპიდაფეთქების ერთ-ერთი მთავარი წყარო.

მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ქორწილები ისედაც არ არის დაშვებული და რეგულაციების დარღვევით იმართება.

მან ასევე აღნიშნა, რომ ეპიდაფეთქება შედის პიკის ფაზაში და ეს პროცესი სავარაუდოდ 10 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

3 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 4827 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გასულ დღე-ღამეში საქართველოში 34 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით.

 

 

რატომ გადამალა საკონსტიტუციომ „ფარული მოსმენების“ საქმე – განხილვიდან გასულია 28 თვე 

2 წელი და 4 თვე საკონსტიტუციო სასამართლოს არ მიუღია გადაწყვეტილება „უკანონო, ფარული მოსმენების საქმეზე“. ამ საქმის განხილვის დასრულებიდან ზუსტად 28 თვე გავიდა. სარჩელი კამპანიის „ეს შენ გეხება“ ფარგლებში საკონსტიტუციოში 4 წლის წინ – 2017 წელს შევიდა.

ეს საქმე უპრეცედენტო იყო იმ თვალსაზრისით, რომ სარჩელს ერთდროულად ხელს აწერდა საქართველოს 326 მოქალაქე. ისინი მიიჩნევდნენ, რომ ფარულ მოსმენებზე არსებული რეგულაციები არაკონსტიტუციური იყო. მოსარჩეელები ითხოვდნენ იმ წესის შეცვლას, რითაც სისტემას შეუძლია ნებისმიერ ადამიანს უთვალთვალოს/მოუსმინოს სასამართლოს გვერდის ავლით.

საკონსტიტუციო სასამართლოს ამ საქმეზე ჩვენება სუს-ის ხელმძღვანელმაც მისცა.

რატომ არ გამოაქვს საქმეზე გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს? – სასამართლოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, რომ კითხვას კონკრეტულად მოსამართლეებმა უნდა უპასუხონ. აქვე განმარტეს, რომ სასამართლოს შემადგენლობა ამ დროის განმავლობაში შეიცვალა და თუ რომელიმე ახალი მოსამართლე ისურვებს, შესაძლოა, საქმის არსებითი განხილვა ხელახლა დაიწყოს.

„თუმცა ამ დრომდე რომელიმე მოსამართლეს ამ მოთხოვნით არ მოუმართავს,“ – უთხრეს „ბათუმელებს“ საკონსტიტუციო სასამართლოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

ამ თემაზე:

https://netgazeti.ge/news/557316/

პირველ აგვისტოს „მთავარი არხის“ დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ხელთ აქვს დოკუმენტები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, რომლებიც აღწერს სხვადასხვა პირზე, – მათ შორის მაღალი თანამდებობის პირებზე, ჟურნალისტებზე, საელჩოების თანამშრომლებზე, ბიზნესმენებზე, სასულიერო პირებზე და ა.შ. – თვალთვალის შესახებ ინფორმაციას.

https://netgazeti.ge/news/557316/

ჟურნალისტებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ იმ შინაარსის საუბარი, რაც გვარამიამ წაიკითხა, ნამდვილად შედგა.

სლოგანი – „ეს შენ გეხება“ ჯერ კიდევ აქტუალურია
Exit mobile version