მთავარი,სიახლეები

თურქეთში ხანძრის გამო 16 603 ადამიანია ევაკუირებული

04.08.2021 • 2014
თურქეთში ხანძრის გამო 16 603 ადამიანია ევაკუირებული

სამხრეთ თურქეთის დასახლებულ ნაწილში გაჩენილი ხანძრის გამო მოსახლეობის ნაწილის ევაკუაცია გახდა საჭირო. ქვეყანა მეორე კვირაა ტყეების მასიურ ხანძარს ებრძვის ქვეყნის ექვს პროვინციაში.

3 აგვისტოს, სამშაბათს, თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ განაცხადა, რომ ქვეყნის სამხრეთით გაჩენილი ხანძრის გამო ევაკუირებულია 16,603 ადამიანი.

მედიის ცნობით, ხანძრის შედეგად სულ მცირე რვა ადამიანი დაიღუპა.

ბოლო მონაცემებით თურქეთში ათეულობით ხანძრის კერიდან სულ 13-ია დარჩენილი, მაგრამ მეხანძრეებს უჭირთ ცეცხლის დამორჩილება გაძლიერებული ქარის გამო. 

ზომითა და სიჩქარით ყველაზე მძლავრი ხანძრის კერები ანტალიის რაიონებში, მანავგატსა და გუნდოღმუშში, ასევე მუღლას რაიონებში – მარმარისსა და მილასშია.

„კლიმატის ცვლილება აჩქარებს ტყეებში ორგანული მასალების გაშრობას და ეს, თავის მხრივ, აუარესებს პოტენციურ ხანძარს. ხანგრძლივი გვალვა და გრძელი ზაფხული, რაც კლიმატის ცვლილებით არის გამოწვეული, ნიშნავს, რომ ჩვენ ვიხილავთ ხანძრის ხანგრძლივ სეზონებს”, – განაცხადა dailysabah-თან საუბრისას ბაჰჩეშეჰირის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა კანან აკარმა.

თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეტინ კოჩამ განაცხადა, რომ ხანძრის შემდეგ ანტალიაში საავადმყოფოში რჩება 11 ადამიანი, გაიწერა 598 ადამიანი.

კოჩამ ტვიტერზე დაწერა, რომ მუღლაში გაჩენილი ხანძრით მიღებული დაზიანებებით 36 ადამიანი კვლავ საავადმყოფოში რჩება, ხოლო 271-ს უკვე აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება და გაეწერნენ.

თურქეთის გარდა, ექსტრემალურმა ამინდმა გააძლიერა ტყის ხანძარი საბერძნეთში, ალბანეთსა და იტალიაში.

____________

ფოტო: ხანძარი თურქეთში. ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/ERDEM SAHIN

გადაბეჭდვის წესი


ასევე: