ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ვალდებულია თუ არა დენის ახალი მომწოდებელი მომხმარებელს ხელშეკრულება გაუფორმოს

04.08.2021
ვალდებულია თუ არა დენის ახალი მომწოდებელი მომხმარებელს ხელშეკრულება გაუფორმოს

2021 წლის აგვისტოდან „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტები ივლისის თვეში მოხმარებული დენის გადასახადს ახალ კომპანიას – „ეპ ჯორჯია მიწოდებას“ გადაუხდიან. შესაბამისად, დენის მიმწოდებელი უკვე ეს ახალი კომპანიაა.

აუცილებელია თუ არა მომხმარებლებმა „ეპ ჯორჯია მიწოდებასთან“ დენის მიწოდებაზე ხელშეკრულებები გააფორმოს? – საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია [სემეკი] ამბობს, რომ ამისი აუცილებლობა არ არის.

„როცა ბაზარზე გამოჩნდება თავისუფალი მიმწოდებელი და მომხმარებელი გადაწყვეტს, რომ ელექტროენერგია მისგან მიიღოს, ამ შემთხვევაში საჭირო იქნება ამ ახალ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმება.

დღეს არსებული წესების მიხედვით კი, საყოფაცხოვრებო მომხმარებლები და მცირე მეწარმეები ავტომატურად არიან მიერთებულნი ხელშეკრულებით იმ მომსახურების პირობებს, რომლებიც საჯარო მომსახურების უზრუნველყოფის კომპანიებმა [ამ შემთხვევაში „ეპ ჯორჯია მიწოდებამ“ და „თელმიკომ“] უნდა უზრუნველყონ“, – უთხრეს „ბათუმელებს“ სემეკში.

სემეკში ასევე გვითხრეს, რომ არსებობს სტანდარტული ხელშეკრულება [რაც ენერგოკომპანიებს საკუთარ ვებგვერდებზე აქვთ გამოქვეყნებული] და საყოფაცხოვრებო მომხმარებლები ავტომატურად მიიჩნევიან ამ ხელშეკრულების ხელმომწერებად [მიუხედავად იმისა, ოფიციალურად არის თუ არა დადებული ხელშეკრულება კომპანიასა და მომხმარებელს შორის].

რა ხდება კომპანიასა და მომხმარებელს შორის, თუ დენის მიწოდებასთან დაკავშირებით რაიმე დავა წარმოიშვა? – ამ კითხვაზე პასუხად სემეკში გვითხრეს, რომ „თუ რაიმე სხვა პირობები ინდივიდუალურად არ არის კომპანიასთან შეთანხმებული, მაშინ დავის შემთხვევაში, მოქმედებს ეს სტანდარტული ხელშეკრულება“.

ხელშეკრულება, რომელზეც „ეპ ჯორჯია მიწოდების“ აბონენტები ავტომატურად არიან მიერთებული, შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე [ეპჯ – დანართი 1]

მომხმარებლებს, მიუხედავად სტანდარტული ხელშეკრულების არსებობისა, უფლება აქვთ ენერგოკომპანიასთან ინდივიდუალურად გააფორმონ როგორც ეს სტანდარტული, ასევე მისგან განსხვავებული ხელშეკრულებებიც – კომპანიასთან შეთანხმებით.

თუ არასტანდარტული ხელშეკრულების პირობებსა და მის გაფორმებაზე ენერგოკომპანიასთან შეთანხმება არ შედგა, ამ შემთხვევაში მომხმარებელს შეუძლია მიმართოს სემეკს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: